ძალადობა ის მუდმივად აქტუალური და პრობლემური საკითხია კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც ყოველთვის ეხმაურებოდა ხელოვნება, მათ შორის, თეატრი, როგორც ხელოვნების სინთეზური დარგი. თეატრზე, როგორც ცოცხალ ხელოვნებაზე, ძალადობს ტექნიკური პროგრესი. განსაკუთრებით ეს პროცესი თვალშისაცემი გახდა პანდემიის პერიოდში, როცა თეატრმა გარკვეული დროის მონაკვეთში დაკარგა ცოცხალი კომუნიკაცია მაყურებელთან და ის ტექნოლოგიური საშუალებებით გახდა ხელმისაწვდომი. ერთი მხრივ, თეატრმა შეიძინა მაყურებლის შეუზღუდავი, დიდი აუდიტორია, ხოლო მეორე მხრივ – დაკარგა უშუალო კონტაქტი მასთან. მხატვრული პროდუქტი, რომელიც პანდემიის დროს იქმნებოდა ციფრული ტექნოლოგიებით ვირტუალურ სამყაროში, არ იყო თეატრი. ცოცხალი ხელოვნება გახდა ტექნოლოგიური პროგრესის ძალადობის მსხვერპლი.
„როცა კარანტინი დასრულდება, სამყარო სხვაგვარი იქნება…“- განაცხადა Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა.
აისახება, თუ არა პანდემიით განპირობებული გამოწვევები და ცვლილებები ხელოვნების, კერძოდ, სათეატრო ხელოვნების შემდგომ განვითარებაზე, პანდემიის ოფიციალურად დასრულების შემდეგ უფრო ნათელი გახდება, თუმცა ჩვენ უკვე ვართ ახალი ჰიბრიდული ხელოვნების გაჩენის მომსწრე.
პანდემიამ, რომელიც სამყაროს თავს მოულოდნელად დაატყდა, საგრძნობლად შეცვალა მსოფლიოს დღის წესრიგი. დაწესდა ახალი რეგულაციები, დაირღვა ჩვეული ცხოვრების წესი, სამყარო უამრავი სირთულეების პირისპირ მოუმზადებელი აღმოჩნდა. სანამ მეცნიერები და მკვლევრები კორონავირუსთან (რომელსაც უფრო ზუსტად, COVID 19 უწოდეს) ბრძოლის ხერხებსა და მეთოდებს გამოიმუშავებდნენ, კაცობრიობა ურთიერთობის ნაცნობ, მაგრამ არა ძირითად, დისტანციურ ფორმატზე გადავიდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მსოფლიო თეატრები თეატრის საერთაშორისო დღეს – 27 მარტს დახურულ, ჩაბნელებულ დარბაზებსა და სიჩუმეში შეხვდნენ. თეატრებს მუშაობა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროსაც კი არ შეუწყვიტავთ, პანდემიამ კი გაჩერება აიძულა. თეატრი – ხელოვნების სინთეზური და ცოცხალი დარგი, ჩიხში შევიდა, სიკვდილ-სიცოცხლის პირას აღმოჩნდა. სათეატრო ხელოვნების ინდუსტრიაში კი, გარკვეული დროით, კრიზისის მორიგი პერიოდი დადგა.
პანდემიით შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, ხელოვნებაც, ისევე, როგორც მრეწველობა-წარმოების თითქმის ყველა სფერო, იძულებული აღმოჩნდა თამაშის ახალ წესებს შეჰგუებოდა და ჯერ გადარჩენის, ხოლო შემდეგ განვითარების გზები ეპოვა. ხელოვნების ახალსა თუ ძველ დარგებს შორის საშემსრულებლო ხელოვნება ერთადერთია, რომელიც მაყურებელთან ცოცხალ კომუნიკაციაზეა დაფუძნებული. სწორედ ცოცხალი ურთიერთობაა მისი ერთ-ერთი მთავარი ძალა. ცოცხალი ურთიერთობის პლატფორმა თეატრს პანდემიამ ჩამოართვა.
ოცდაექვსი საუკუნის წინ საბერძნეთში ჩამოყალიბებულმა ევროპული მოდელის პროფესიულმა, ვერბალურმა, არისტოტელესეულმა თეატრმა განვითარების მრავალსაუკუნოვან პერიოდში აჩვენა, რომ თვითგანახლების, თვითგადარჩენის უნიკალური რესურსი და თვისება აქვს. ისტორიის განმავლობაში არაერთხელ გაჩნდა ჩიხში შესული, უკიდურეს კრიზისში მყოფი სათეატრო ხელოვნების გაუჩინარების ეჭვი.
ომი თეატრს ჯერ ქრისტიანულმა ეკლესიამ გამოუცხადა; არსებობა-განვითარების მორიგი დილემის წინაშე თეატრი სინემატოგრაფის გაჩენის შემდეგ აღმოჩნდა; XX-XXI საუკუნეებში კი სერიოზული კონკურენცია ჯერ ტელევიზიამ, ხოლო შემდეგ ინტერნეტმაც გაუწიეს, მაგრამ პანდემიის ეპოქაშიც კი, როგორც ყველა ვხედავთ, თეატრი, როგორც ცოცხალი ხელოვნება, არსებობს და ვითარდება. თეატრზე სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ინსტიტუცია ძალადობდა, რომლის მიუხედავად ფაქტია, რომ ის გადარჩა და განვითარდა.
„ხანმოკლე თუ ხანგრძლივი, გლობალური თუ ლოკალური რყევების მომენტებში თეატრი ყოველთვის ხელახლა იბადებოდა… ჩნდებოდა მოულოდნელ დროსა და მოულოდნელ ადგილებში ზუსტად იქ, სადაც, ერთი შეხედვით, არავინ ელოდა შემოქმედებითი იმპულსის დაბადებას (ან, სულაც, სიცოცხლის დაბადებას!); სამხედრო ყაზარმებში ომის დროს, დევნილთა თავშესაფრებში კოცონის გარშემო და ხანძრებს შორის ქალაქის მთავარ მოედნებზე. თეატრი ყვიროდა ბაზრებსა და ქარხნებში და ჩურჩულებდა საკნებში, საკონცენტრაციო ბანაკებსა და მომაკვდავთა პალატებში. ნამდვილი თეატრი, ნამდვილი ხელოვნება, ყოველთვის ექსტრემალური სიტუაციისთვის თვალის გასწორების შედეგად იბადებოდა და გახლეჩილ სამყაროებს აერთიანებდა, იბადებოდა ნანგრევებში და თავად იყო ნანგრევი…“ – წერდა ლოქდაუნის დროს ქართველი სათეატრო რეჟისორი დათა თავაძე ჟურნალ „hammockmagazine“-თან ინტერვიუში.
პოლიტიკური კატაკლიზმები და ტექნიკური პროგრესი მუდმივად ძალადობდა თეატრზე, არყევდა მას და უჩენდა კონკურენტებს აუდიტორიის მისატაცებლად. თუმცა თეატრი ტექნიკურ ძალადობას, ისე როგორც ცენზურას, თავის სასარგებლოდ განვითარებისთვის იყენებდა. თეატრში მოღვაწე ბევრი ხელოვანი უსწრებდა კიდეც დროს და ტექნიკურ პროგრესს თეატრის პროგრესისთვის იყენებდა. ადრესატებთან, მაყურებელთან ვიდეო მესიჯებით „ურთიერთობა“ XX ს. 70-იან წლებში რობერტ ვილსონმა დაიწყო. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ინტერნეტზე საერთოდ არ იყო საუბარი. დღეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი მისი „Voom პორტრეტები“, რომელიც მან 2007 წელს განახორციელა. მის შემოქმედებაში კარგად გათვლილ მარკეტინგულ პროექტს წინ უძღოდა 1970-იან წლებში 20 წამიანი ვიდეოპორტრეტების შექმნა. იმ პერიოდში ინტერნეტი კი არა, ვიდეოგადაღება იყო სიახლე. პარფიუმერული ფირმის „ივ როშის“ წარმომადგენლის, ელენე რუბენშტეინის, ლუი არაგონის პორტრეტები გადაიღო კიდეც. პროექტი ტელევიზიისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ არ განხორციელდა. ვილსონმა ამ ტიპის რგოლების გაშვება მსხვილ ავიაკომპანიებს შესთავაზა კიდეც, მაგრამ მაშინ მათ უარი უთხრეს ვილსონს. ის ჯერ კიდევ არ იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელოვანი. ამ მხრივ, კიდევ უფრო საინტერესოა რობერ ლეპაჟის კვლევები და ძიებები, რომელმაც თავის სპექტაკლებში ყველაზე მეტად მსახიობის შემდეგ ტექნიკა დაიმეგობრა, რამაც მისი სპექტაკლები ნამდვილ მხატვრულ მოვლენებად აქცია.
რა არის კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩენილი სათეატრო ხელოვნების განვითარების საიდუმლოება? თანაც ისე, რომ არ დაკარგოს პირველყოფილი ფორმა და სტრატეგიული მიზანი – მხატვრულად ასახოს ცხოვრება („მთელი სამყაროა თეატრია და ჩვენ ყველანი მის სცენაზე ვმსახიობობთ – ქალიც და კაციც“), სარკისებურად არეკლოს ცხოვრება. თეატრის მისიას თეატრის რეფორმატორი, მოდერნისტი და ავანგარდისტი კოტე მარჯანიშვილი ასე გამოხატავდა: „ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა – მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა“.
სხვადასხვა ეპოქის სწავლულთა, ფილოსოფოსთა, მწერალთა თუ დრამატურგთა აზრით, თეატრი საზოგადოების სარკეა. თეატრში ადამიანები მიდიან ცხოვრების, სხვების, საკუთარი თავის სანახავად. ადამიანები ცოცხალ წარმოდგენაში ხედავენ საკუთარ ანარეკლს, გრძნობენ სირცხვილს, სიხარულს, უსუსურობას, უბედურებას. თეატრი ეხმარება ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სირთულეების დაძლევაში, გამოსავლის ძიებაში, პრობლემების უკეთ გაანალიზებაში, არარეალიზებული სურვილების – წარმოსახვით რეალიზაციაში. თეატრი ცოდნის შეძენის, შენახვისა და გადაცემის ერთგვარი საშუალებაა. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში და ამ როლს ასრულებს დღესაც.
იცლება დრო, პრობლემების სპექტრი, საზოგადოებრივი ფორმაციები, იცვლება თავად თეატრის ენა, მაგრამ არ იცვლება (არც ერთი ტიპის) თეატრის მიზნები და მაყურებელთან ურთიერთობის ხერხი, რომელიც ცოცხალ და უშუალო კომუნიკაციას ემყარება.
შეძლებს თუ არა თეატრი ზემოთ გაცხადებული მიზნების (როლის, მისიის) შესრულებას დისტანციურად და იქნება თუ არა ის კვლავაც თეატრი, როგორც ხელოვნება, ცოცხალი კომუნიკაციის გარეშე?
სწორედ ესაა, ჩვენი აზრით, მთავარი კითხვა პანდემიისა და პოსტპანდემიური პერიოდის თეატრზე საუბრისას.
სათეატრო პროდუქტი ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როცა მას ჰყავს თუნდაც ერთი ცოცხალი მაყურებელი. პანდემიის პირობებში კი სათეატრო ხელოვნებას შეექმნა ავთენტური ფორმით არსებობის საფრთხე. პანდემიამ წარმოშვა ახალი ტიპის ხელოვნება, რომელიც გამოიხატა თეატრისა და კინოხელოვნებების სინთეზურ, ჰიბრიდულ პროდუქტში, რომელსაც პირობითად შეგვიძლია ონლაინ თეატრი ვუწოდოთ.
დღეს თეატრი ისევ დადგა გლობალურიპრობლემების, სირთულეების წინაშე, რომლის მსგავსიც არსებობის 26 საუკუნის განმავლობაში არ ჰქონია.
პანდემიის პირველ ეტაპზე თეატრი მაყურებელთან ურთიერთობის დისტანციურ, ონლაინ ფორმატზე გადავიდა. მსოფლიო თეატრმა გახსნა უნიკალური არქივი და ის ხელმისაწვდომი გახდა დედამიწის ყველა კონტინენტზე. შეიცვალა მოცემულობა: ადრე თუ სცენაზე ერთ მხარეს ცოცხალი მსახიობი იდგა, ხოლო მეორე მხარეს – მაყურებელი, რომელიც ემოციებს დაუფარავად, საჯაროდ გამოხატავდა, გარშემომყოფთა თანდასწრებით, ახლა ერთ მხარეს სპექტაკლის ჩანაწერი (ან ციფრული ფორმატისთვის სპეციალურად დადგმული წარმოდგენა) აღმოჩნდა, ხოლო მეორე მხარეს – საზოგადოება, რომელიც წარმოდგენას ონლაინ ან პაუზებით, ან ეპიზოდების მიხედვით ადევნებს თვალს თავისთვის მოხერხებულ სივრცეში – ქუჩაში, სახლში, სამსახურში, ტრანსპორტში…
არსებობის ასეთი ფორმა ძირეულად, კონცეპტუალურად და რადიკალურად ეწინააღმდეგება თეატრის არსს. თეატრი ყოველთვის უმკლავდებოდა წინააღმდეგობებს, გამოწვევებს,ითვისებდა ტექნოლოგიურ პროგრესს, ნერგავდა მას და თავის სასარგებლოდ, განვითარებისთვის იყენებდა, მაგრამ „დისტანციურად“ არასდროს უარსებია, მაყურებელთან უშუალო კომუნიკაციის, ირიბი ან პირდაპირი ინტერაქციის გარეშე. მაგრამ შეუძლია თეატრს მაყურებელთან ცოცხალ ურთიერთობაზე უარის თქმა? თუ არა, მაშინ როგორ უნდა შეინარჩუნოს ცოცხალი კომუნიკაცია „მესამე განზომილებაში“, ვირტუალურ სივრცეში გადანაცვლებულმა ხელოვნებამ, რომელიც ეტაპობრივად, ჩვენ თვალწინ ყალიბდება, როგორც თეატრისა და კინოს ჰიბრიდული მხატვრული პროდუქტი – ონლაინ თეატრი, სადაც თეატრსა და კინოში მუშაობის ხერხები, ფორმები, საშუალებები, მეთოდოლოგია ერწყმის ერთმანეთს ისე, როგორც აქამდე არასდროს.
ონლაინ პრემიერისთვის მომზადებული თეატრალიზებულ კითხვები თუ პავილიონებში დადგმული სატელევიზიო ფილმ-სპექტაკლები აერთიანებდნენ აქამდე ნაცნობ, გამოყენებულ საშუალებებს, რომლებსაც სატელევიზიო დადგმებში ვხვდებოდით (პირველ სატელევიზიო დადგმებს საფუძველი ჩაუყარა „სავარძლის თეატრმა“ (Armchair Theatre), რომელიც ბრიტანეთის ეროვნული ტელევიზიის ეთერში გადიოდა ანთოლოგიური სერიების სახით, 1956-1972 წლებში). სწორედ სატელევიზიო თეატრის ახალი, გადამუშავებული ვერსიაა ონლაინ თეატრი, რომელიც სათეატრო პროდუქტის კომპიუტერისა და ინტერნეტის საშუალებით გავრცელებას ნიშნავს.
უკრაინელი მკვლევარი ანნა კურინნაია (Анна Куринная) ამ საკითხზე წერს: „ჩნდება კითხვა: არის თუ არა „ონლაინ თეატრი“ ახალი ფენომენი თეატრისთვის? ან სავსებით სავარაუდოა, რომ საუბარია სატელევიზიო სპექტაკლების მივიწყებული ჟანრისა და ტრადიციის აღორძინებაზე, რომელიც დროთა განმავლობაში განდევნილ იქნა სატელევიზიო ეთერებიდან მხატვრული დონის მკვეთრი ვარდნისა და დაბალი (არამომგებიანი) რეიტინგის გამო“ (ონლაინ თეატრი, 2020).
ონლაინ თეატრს, ცხადია, ბევრი აქვს საერთო სატელევიზიო თეატრთან, მაგრამ ის მაინც თვისებრივად განსხვავებული მოვლენაა. ონლაინ თეატრი აჩენს სხვა პერსპექტივას სათეატრო ხელოვნებაში.
2007 წელს მკვლევარმა და რეჟისორმა ნადია მასურამ (Nadja Masura) მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ, ვაშინგტონი) დაიცვა დისერტაცია თემაზე „ციფრული თეატრი“. ნაშრომში ავტორი განიხილავდა გზებს, რომლებითაც ციფრულ ტექნოლოგიებს – როგორიცაა ანიმაცია, ვიდეო, მოძრაობის გადაღება/სენსინგი და ინტერნეტ მაუწყებლობა -გამოიყენებდნენ ცოცხალ დადგმაში ცოცხალ მსახიობებთან ერთად.
„ციფრული თეატრი არის თეატრის სახეობა, რომელიც იყენებს როგორც „ცოცხალ“ მსახიობებს, ასევე მაყურებელს ციფრულ მედიასთან ერთად, რათა შექმნას ხელოვნების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც აცოცხლებს თეატრს თანამედროვე მაყურებლისთვის“ – წერს მასური (ციფრული თეატრი, მერილენდის უნივერსიტეტი, ტექნოლოგიების ინსტიტუტი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ვებგვერდი, 2007). მის სპექტაკლებში გამოყენებული ტექნოლოგიები მოიცავდა: ვიდეო კონფერენციას, მედია პროექციას, MIDI კონტროლს, მოძრაობის გადაღებას, VR ანიმაციასა და AI-ს (ხელოვნურ ინტელექტს).
ციფრული ტექნიკის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას სცენაზე დიდი ტრადიცია აქვს. ამ მხრივ აღსანიშნავია ერვინ პისკატორის, იოსებ სვობოდას, გორდონ კრეგის, კოტე მარჯანიშვილის, ფუტურისტი არტისტების ძიებები და მიღწევები. ციფრულმა თეატრმა კი ახალი შესაძლებლობები და ექსპერიმენტების მოტივაცია გააჩინა თანამედროვე თეატრის არტისტებში, რადგან მას შეუძლია როლებისა და მათი შემსრულებლების შერწყმა, მოქმედების ადგილის დეფინიცია, წარმოდგენის განსხვავებული ვიზუალიზაცია…
სწორედ სატელევიზიო და ციფრული თეატრის ჰიბრიდია ონლაინ თეატრი, რომელიც ძნელია მიაკუთვნო როგორც თეატრს, ისევე კინოხელოვნებას, რადგან ონლაინ თეატრში კონცეპტუალურად ირღვევა ხელოვნების ორივე დარგის კანონები.
ამ პროცესს მექსიკელმა მეცნიერმა, კულტურის ექსპერტმა მონიკა ბაიონერო დიასმა (Monica Bajonero Diaz) სათეატრო დიფუზია უწოდა. იგი წერს: „ახლა ყალიბდება ახალი სასცენო ენა, რომელიც საშუალებას მისცემს თეატრს, იპოვოს ახალი არხები, გზები. სათეატრო დიფუზიის პერიოდში თეატრი ეძებს ახალ პლატფორმებს მაყურებელთან შესახვედრად…“
თუმცა ეს არ იქნება მარტივი პროცესი. იმდენად დიდია ცოცხალი კომუნიკაციის ვნება და სურვილი, რომ თეატრი აუცილებლად დაუბრუნდება ტრადიციულ ხერხს მაყურებელთან შესახვედრად.
მაშინ რა მოხდება პანდემიის დასრულების შემდეგ? „ონლაინ თეატრი“ დავიწყებას მიეცემა თუ იარსებებს, მაგრამ მცირე აუდიტორიით? მზად ვართ თუ არა მივიღოთ თეატრის ახალი სახეობა? ამ საკითხზე მყარი მოსაზრებები უახლესი თეატრის მკვლევრებსა და თეორეტიკოსებს ჯერ არ აქვთ.
დისტანციურ რეჟიმში მომზადებულ სპექტაკლებში მსახიობები კამერების წინ სათეატრო ხერხებით თამაშობენ. როლის შესრულება არ არის უწყვეტი პროცესი. როგორც თეატრში, სპექტაკლის მომზადებაში ერთვებიან პროფესიონალი ოპერატორები და თეატრის რეჟისორები, რომლებიც იქცევიან არაპროფესიონალ კინორეჟისორებად. შესაბამისად, კომპიუტერების, სმარტფონების ეკრანებზე ჩვენ თვალს ვადევნებდით კინოსპექტაკლებს, ცოცხალი კომუნიკაციის გარეშე. მსახიობებსა და მაყურებელს შორის კომუნიკაციამ გადაინაცვლა ვირტუალურ სივრცეში, სადაც მაყურებელი ოვაციას გამოხატავს არა ცოცხლად, როგორც თეატრში, არამედ, ვირტუალურად გრაფიკული ემოციების საშუალებით. მსახიობები და დამდგმელი ჯგუფი მაყურებლისგან უკუკავშირს იღებენ.
ამასთან დაკავშირებით თეატრის მკვლევარი ემილია დემენცოვა წერს: „თეატრებმა და თეატრის პრაქტიკოსებმა უნდა აირჩიონ საუკეთესო ინსტრუმენტები სთრიმინგისა და სხვა ონლაინ პროექტებისთვის. თითოეულ პლატფორმას აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები როგორც მხატვრული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. ხელმისაწვდომობა და კონტაქტი აუდიტორიასთან დღეს, როგორც არასდროს, ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა გაჩნდა შანსი, ახალი გამოწვევის წყალობით, რომ თეატრებმა მიიპყრონ მაყურებლის ყურადღება, რომელიც ადრე სხვა თეატრებს ამჯობინებდა“ (ონლაინ თეატრი, 2020).
ონლაინ თეატრში იკარგება მთავარი – ენერგიის გაცვლის პროცესი. ეს უნიკალური მომენტი თეატრისა, თუ კინოს ამ ახალ სახეობაში დაკარგულია. შეუძლებელია რაკურსის შერჩევა, რადგან რეჟისორი და ოპერატორი გთავაზობენ რაკურსს, მაყურებელი კი იძულებულია, შეთავაზებული მიიღოს. ვერ გამოხატავს ემოციასა და უკუკავშირს ცოცხლად, რადგან მანაც ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.
ფაქტია, რომ თეატრი შეიცვალა, ის ითვისებს ყველაფერ ახალს, უპასუხებს ეპოქის გამოწვევებს, ამავდროულად მასზე ძალადობს ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც იქცა თანმდევ, ლოგიკურ და ორგანულ კომპონენტად თანამედროვე, უახლესი თეატრის.
რა იქნება ხვალ? ძნელი სათქმელია. ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა გვაქვს თეატრისა და კინო-ტელე ხელოვნების გამომსახველობითი ხერხების შერწყმის მორიგი სახეობა, რომელსაც ონლაინ თეატრად მოიხსენიებენ.