ლაშა ჩხარტიშვილი რეცენზია

თეატრი გმართავს, თეატრი გაიძულებს

, , ,

გამაფრთხილებელი შეტყობინება:

სპექტაკლზე არ დაიშვებიან 18 წლამდე პირები!!!
სპექტაკლში გამოყენებულია:
ხმამაღალი შეძახილები/ თამამი ლექსიკა/ „ბიოლოგიური სქესისთვის შეუფერებელი ქმედებები“/მოულოდნელი ძლიერი სინათლე/ სიგარეტის კვამლი/სასცენო კვამლი მოულოდნელი ძლიერი ხმაური/მსახიობები/ სასცენო განათება/ თანამედროვე მუსიკა/

გაფრთხილება სპექტაკლის აფიშიდან

Liberté – ასე ჰქვია დათა თავაძის ახალ სპექტაკლს, უფრო სწორად, მანიფესტს, წარმოდგენილს სამეფო უბნის თეატრში, რომელიც ერთდროულად ყველაფერზეა: მოქალაქეებსა და სახელმწიფოზე, გლობალურ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე, ხელოვნებისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე, თანამედროვე ხელოვნებასა და ხელოვანებზე და, ალბათ, კიდევ ბევრ რამეზე, მაგრამ მსახიობებისგან ისეთი ინტენსიური ინფორმაციული ნაკადი მოედინება, რომ ყველაფრის ერთდროულად აღქმა და დაფიქსირება მაყურებლისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მე რომ მკითხოთ, რა გამომყვა სპექტაკლიდან, გეტყვით: რამდენიმე დასამახსოვრებელი ფრაზა, რამდენიმე კარგად დაწერილი და გათამაშებული ეპიზოდი, რამდენიმე თამამი და სახალისო სცენა (თუმცა – ვისთვის როგორ), რაზეც ახლაც ვფიქრობ (შემოქმედებითი ჯგუფი – სცენოგრაფი: ქეთი ნადიბაიძე, კოსტიუმები: სიმონ მაჩაბელი, გრიმი: ანუკა მურვანიძე, მარიკო მაისურაძე, კომპოზიტორი: ნიკა ფასური, გრაფიკა: ივა ქიმერიძე).

სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ზოგიერთს, შესაძლოა, გაუჭირდეს სპექტაკლის აღქმა, გაგება. თანამედროვე და ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის, მათ შორის, თეატრისთვის, დამახასიათებელია, რომ ის ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ არის. მით უმეტეს, თუ წარმოდგენა მწყობრ, კლასიკურ სიუჟეტურ ქარგას არ ექვემდებარება.

ზოგადად, სათეატრო ხელოვნება სუბიექტურია და თითოეული ადამიანის გამოცდილება – განსხვავებული. დათა თავაძის სპექტაკლი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სათეატრო ექსპერიმენტები იზიდავს და არ აფრთხობს.

Liberté – ეს უცნაური პერფორმანსის ტიპის წარმოდგენა ფორმისა და სტრუქტურის, თხრობის კონსტრუქციის თვალსაზრისით, დათა თავაძის მორიგი ექსპერიმენტია, ერთგვარი სინჯები – ახლის აღმოსაჩენად, ცდები – ძველისგან თავის დასაღწევად. მაგრამ როგორც ანტიკური ტრაგედიის გმირი ვერ გაურბის ბედისწერას, ისე დათა თავაძე – წარსულ მიგნებებს.

ამიტომაც ჩნდება წინა პერიოდის სპექტაკლების მისეული მიზანსცენების ასოციაციები, თუმცა ვხვდებით ბევრ ტრივიალურად ამოუხსნელ, ბუნდოვან მეტაფორასაც, რომელთაც თითოეული მაყურებელი ინდივიდუალურად, სუბიექტურად აღიქვამს და შესაძლოა ისეც, რაც/როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა წარმოდგენის ავტორს.

Liberté-ში მეორდება ფრაზები, სცენები, წინადადებები, რომლებიც დათა თავაძის სტილისა და სარეჟისორო ტექნიკის ნაწილია და რაც ემსახურება ემოციური ეფექტის გაძლიერებას, სიმბოლიზმისა და მეტაფორის ენის შექმნას.

გამეორება ქმნის რიტმს, ინტენსივობას, რაც მაყურებელში გარკვეულ ემოციებს იწვევს; ფრაზების გამეორება შეიძლება, ხაზს უსვამდეს მსახიობების (რადგან სპექტაკლში პერსონაჟები არ არიან) შინაგან კონფლიქტს, შიშს ან აკვიატებას.

გარდა ამისა, რეჟისორი გამეორებებით ხაზს უსვამს წარმოდგენის მთავარ თემასა და იდეას, ამავე დროს, სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. ამ ხერხით დათა თავაძე ქმნის სტრუქტურას, რომელიც მთლიანად არღვევს ტრადიციული, კლასიკური თეატრის ფორმას. ამ მიდგომით ავტორი ქმნის რიტუალისა და მანტრის ეფექტს, განსხვავებულ, ჰიპნოტიკურ, რიტუალურ ატმოსფეროს.

Liberté-ს ავტორი, ამავე დროს, გვერდს არ უვლის ბრეხტისეულ გაუცხოების ეფექტს და პოსტდრამატული თეატრისთვის დამახასიათებელ ხერხს, როდესაც ტექსტს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და აქცენტი კეთდება ვიზუალურ და აუდიო ელემენტებზე.

მსახიობები – ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სანდრო სამხარაძე და გაგა შიშინაშვილი ტექსტებს ინტენსიურად, რიტმულად და აქცენტირებულად კითხულობენ, თან  მოძრაობენ და ფიზიკური მოქმედება ხშირად უპირისპირდება ტექსტის შინაარსს.

ჩვენ არ ვიცით, ვისთვის დადგა Liberté დათა თავაძემ, ვინ არის მისი აუდიტორია, გზავნილები, რომლებიც ხან პირდაპირია და ხანაც – შეფარული; საჭიროებს ფიქრს, ანალიზს. როდესაც მაყურებელს ესმის ხშირად გაგონილი ფრაზები თუ მოსაზრებები, შვებით ამოისუნთქავს, მსახიობის თანასწორად გრძნობს თავს, რადგან ყველაფერი გასაგებია და ნათელია, ბუნდოვანებისას კი წყდება კომუნიკაცია და იწყება გაუცხოება.

დათა თავაძეს ბევრ რამეში გაუმართლა: მათ შორის, სამსახიობო გუნდში, რომლებთანაც წლებია მუშაობს და რომელთა უმრავლესობა მისი ჯგუფელია, სიყრმის მეგობრები, რომლებიც თითქმის 20 წელია, მისი შემოქმედებითი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ჩამოყალიბდნენ.

მის სპექტაკლებში მსახიობების შემადგენლობა იცვლება, ახლდება თანამოაზრე ახალგაზრდებით. სწორედ მათ ანდო თავისი ვრცელი მონოლოგი წასაკითხად, რომლებსაც ზედმიწევნით ზუსტად შეუძლიათ რეჟისორისგან დაკისრებული ამოცანის, ჩანაფიქრის აუდიტორიამდე მიტანა. Liberté-ს ყველაზე დიდი ღირსება მაინც სამსახიობო შემადგენლობა მგონია. ისინი 140 წუთის განმავლობაში შეუსვენებლად და თავდაუზოგავად მუშაობენ, კავშირს ამყარებენ თითოეულ მაყურებელთან, გიყურებენ თვალებში, მოგმართავენ, გეხებიან, გესაუბრებიან, მოდუნების საშუალებას არ გაძლევენ, ჯვარედინ მონოლოგებს მართავენ.

ყოველივე ეს მსახიობისგან დიდ ყურადღებასა და კონცენტრაციას მოითხოვს. ისინი აჩვენებენ სცენური პარტნიორობის მაღალ დონეს. სხვა უამრავ ამოცანასთანერთად, მათ უწევთ საკმაოდ რთული წყობის პოეტური ტექსტის თეატრის ენაზე გაცოცხლება, სიტყვებისთვის ქმედითობის მინიჭება. მიუხედავად ამისა, სცენიდან ნათქვამი ზოგიერთი ფრაზა თუ წინადადება აზრობრივი სიცხადით არ ჟღერს. მათ შორის, მიზანმიმართულად ყალბი, არაბუნებრივი და ხელოვნური სიცილი, რომელიც ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში ნორმად დამკვიდრდა. ისევე როგორც, აქცენტირებული, მკვეთრად ინტონაციური საუბარი.

წარმოდგენის ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი დახვეწილი, გამართული და ჟღერადია, თუმცა არის ეპიზოდები, სადაც წინადადებები სტილისტურად ისეა აგებული, რომ შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა ან google translate-მ თარგმნა, რომელიმე ნაკლებად უცნობი ენიდან.

უკვე ვთქვი, რომ მსახიობები უწყვეტად დატვირთულები არიან; მაყურებელიც ასეა – სავარძელშია კომფორტულად მოკალათებული და ერთ რომელიმე მსახიობზე არ არის კონცენტრირებული მაშინაც კი, როცა ის არ საუბრობს, ვინაიდან  დუმილშიც, ერთგვარ პაუზაში ისინი მოქმედებენ და ცნობისმოყვარე მაყურებელს მათკენ გაურბის თვალი.

ეს ის შემთხვევაა, როცა ტექსტის მოსმენაზე მეტად მსახიობის მდუმარე ქმედებაა საინტერესო, ინტრიგის შემცველი. პირადად მე, ზოგიერთი მონოლოგი გაწელილი და მოსაწყენიც კი მომეჩვენა, თუმცა მას სწრაფად ანაცვლებს ხალასი, ლაღი იუმორით წაკითხული მონოლოგი, მოთხრობილი ამბავი შეთხზული თუ ისტორიულ ფაქტზე დაფუძნებული. ყველაფერი სუბიექტურია და სპეციფიკური ისე, როგორც იუმორის აღქმა.

წარმოდგენის საბოლოო ეპიზოდში მსახიობები, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით, მაყურებელს აწყვილებენ და ჩახუტებას აიძულებენ.  რამდენიმე წუთის განმავლობაში უცნობი ან ნაცნობი ადამიანები, გადახვეულები, მსახიობების მონოლოგს ვუსმენთ. ამ აქტით სპექტაკლის ავტორს სურს, დაგვიმტკიცოს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანებს გვიყვარს ერთმანეთი. ნუთუ?! მე ამის არ მჯერა!

თუმცა თეატრი გმართავს, თეატრი გაიძულებს, დაიჯერო, თუნდაც, რამდენიმე წუთით, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

სად ვ/ცხოვრობთ?!

„თეატრი ათონელზე“ საინტერესო უახლესი სათეატრო პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო, ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ სივრცედ იქცა.

ეს პატარა თეატრი, კამერული სცენითა და მინიატიურული დარბაზით, არსობრივად მნიშვნელოვან პროექტებს სთავაზობს მაყურებელს, რომელიც არა მხოლოდ თავისი მსოფლმხედველობით იძენს მასშტაბურობას, არამედ წარმოდგენილი მხატვრული პროდუქტის ხარისხითაც. ამ მხრივ გამორჩეულია გეგა გაგნიძის მორიგი საავტორო ნამუშევარი „იოსები“, რომელიც ორიგინალური თხრობის სტილით, დახვეწილი სასცენო კულტურითა და უკიდურესი სარკაზმით გვიამბობს/გვიჩვენებს ამბავს ჩვენზე, იმ მოცემულობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ, იმ ყოველდღიურ რუტინაზე, რომელიც რიტუალად გვექცა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, რადგან ამბავი, რომელსაც გეგა გაგნიძე გამორჩეულ მსახიობებთან ერთად მოგვითხრობს, ეხება ყველას, პირადად და ირიბადაც, ზოგს ფიზიკურად კლავს, ზოგს კი ფსიქოლოგიურ-მენტალურად ანადგურებს.

გეგა გაგნიძე, დამდგმელ გუნდთან ერთად, გვიჩვენებს სასტიკ რეალობას იუმორითა და ირონიით, ამ ჟანრის სპექტაკლებისთვის უჩვეულო სიმსუბუქითა და სილაღით.

გეგა გაგნიძის სპექტაკლში არაფერია შემთხვევითი, თითოეული სიტყვა, მოქმედება, მუსიკალური აქცენტი, სცენოგრაფიისა თუ კოსტიუმის დეტალი, მხატვრული განათება გარკვეულ დატვირთვას ატარებს და ზუსტია; ამ სპექტაკლში არაფერია უტრირებული, შელამაზებული, მოგონილი, ყველაფერი ნამდვილია და ცხადი (და არა ყოფითი და ნატურალისტური), ოღონდ რეჟისორის მიერ მხატვრულ პრიზმაში მოქცეული, ესთეტიკურად შეფუთული, რუდუნებით და პროფესიონალიზმით შექმნილი.

სპექტაკლი „იოსები“ ეყრდნობა ფრანც კაფკას მისტიკურ და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს – „პროცესი“, თუმცა რეჟისორი რომანიდან მხოლოდ ფაბულას და მთავარ თემას ტოვებს და ამ ჩონჩხზე აგებს სრულიად ორიგინალურ, თვისობრივად ახალ მხატვრულ თხზულებას, რომელიც მორგებულია და ასახავს დღევანდელ (უახლეს, მიმდინარე) ქართულ რეალობას; თუმცა, ვიზუალი და მსახიობთა ინტონაცია აშორებს კიდეც დღევანდელობას, ყოფითობას და გადატყორცნის შორეულ მომავალში; შესაძლოა, კოსმოსშიც კი, ყოველ შემთხვევაში, სადღაც შორს ჩვენგან, დროშიც და სივრცეშიც. 

სპექტაკლი თავიდანვე ორიგინალურად იწყება. სცენა და მსახიობთა სამოქმედო სივრცე სამი მხრიდან მაყურებლით არის შემოსაზღვრული. სპექტაკლის დაწყებამდე მონიტორიდან გაისმის ნატალია გაბისონიას ორიგინალური, არასტანდარტული, უჩვეულო და ამავდროულად გაგონილ-მოსმენილი (ხმოვანი ჩატბოტების მსგავსი) ხმა და ინტონაცია:

„მოგესალმებით „თეატრში ათონელზე“.

მადლობას გიხდით მობრძანებისთვის.

გთხოვთ, გამორთოთ მობილური ტელეფონები.

ფოტო-ვიდეო გადაღება სასტიკად აკრძალულია.  ფოტო-ვიდეო გადაღება სასტიკად აკრძალულია.

„თეატრი ათონელზე“ და ორგანიზაცია „472“ წარმოგიდგენთ გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლს – „იოსები“.

მხატვარი – მარიამ ძმანაშვილი,

კომპოზიტორი – ნოე კვირკველია,

იმპრესარიო – თინათინ სალუქვაძე,

ტექნიკური რეჟისორი – მარიამ ქართველიშვილი,

განათება – დიმიტრი ჯიქია,

ხმის ოპერატორი – ნინი, ნინი ნინი გვარი შემახსენე ძვირფასო როდონაია,

სცენის მემანქანე – უბრალოდ იოსები,

თეატრის დამლაგებელი ნანა წვერიაშვილი,

თეატრის მეორე სართულზე მცხოვრები მეზობელი ქალბატონი მარინა, თეატრის საწყობი დაანგრია და ახლა დეკორაციას გარეთ ვინახავთ – სასტუმრო „სვისოტელი“.

მონაწილეობენ: გიორგი შარვაშიძე, გიორგი გაგიკვირდებათ და გიორგანაშვილი, ნიკო ფიფია და თქვენი უდიდებულესობა – ნატალია გაბისონია“.

ამ ტექსტის მოსმენის შემდეგ იწყება ამბავი, რომელსაც, ფაქტობრივად, ყოველ დღე ვუყურებთ და ვხედავთ ტელევიზორებში, სმარტფონებში, გვესმის ქუჩაში, ახლო გარემოცვაში.

მხატვარი მარიამ ძმანაშვილი ქმნის მომავლის ბინას; ისეთს, რომელიც მხოლოდ ფანტასტიკურ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებში გვინახავს. ამ სამყაროში ყველაფერი გამჭვირვალეა, ნებისმიერი მძიმე თუ მსუბუქი რეკვიზიტი, საწოლიდან დაწყებული უბრალო ჭიქით დამთავრებული… სცენის შუაში სარკე-კარია, რომელიც ლიფტის ფუნქციასაც ასრულებს, რომელიც საჭიროებებისამებრ ზემოთ ადის და ვხედავთ ფოლგის ეფექტით შეფუთულ ვაკუუმს. სარკე-კარში კი მაყურებელი უყურებს საკუთარ თავს, რომელიც ირეკლავს ყველაფერს, რაც სცენაზე ხდება. პერსონაჟებს აცვიათ უცნაური კოსტიუმები, რომელიც ვირტუალურ, კიბერ სამყაროსთან ასოციაციას იწვევს. სცენაზე შექმნილ ატმოსფეროსთან და გარემოსთან სრულ თანხვედრაშია ნოე კვირკველიას მუსიკა, როგორც სტილისტური თვალსაზრისით, ისე ემოციურად. ის სპექტაკლის მნიშვნელოვანი კომპონენტია და აქცენტს სვამს მოვლენებზე, მოქმედებებზე; ატმოსფეროს შექმნასთან ერთად, ამძაფრებს შეგრძნებას, წარმოდგენილის მძაფრად აღქმას უწყობს ხელს. ნოე კვირკველიას მუსიკა ხან ლირიკულია, ხანაც მისტიკური ატმოსფეროს შემქმნელი. ამ გარემოში ორგანულად ეწერება ის ინტონაციები და მანერა, რომლითაც მსახიობები საუბრობენ და მოძრაობენ.

გეგა გაგნიძე გვიყვება, ერთი მხრივ, აბსურდულ ამბავს, რომელიც ფაქტის კონსტატაციასაც ჰგავს, ხოლო, მეორე მხრივ, გვიჩვენებს დამოკიდებულებას ამ აბსურდული ფაქტის მიმართ. მისი დამოკიდებულება კი მწვავედ სარკასტულია, ცალსახად ირონიული და ცხადად ცინიკური. 

ამბის თხრობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მსახიობები, რომლებიც გარკვეულ ეპიზოდებში უცხოპლანეტელებს ჰგვანან, ხანაც კი – ჩვენს ახლობელ-მეგობრებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლში სწორედ კონტრასტული საუბრის სტილის, სასცენო კოსტიუმის, სცენოგრაფიის და რეკვიზიტის სტილისტიკისა და დროის თანაარსებობაა, რომელიც ისეა ერთმანეთში შერწყმული და გადაჯაჭვული, რომ ქმნის ორგანულობის შეგრძნებას. მსახიობები უკიდურესი ირონიითა და სარკაზმით მოგვითხრობენ მწარე, აბსურდულ, გამაოგნებელ რეალობაზე; ამ ყველაფერს, პოლიტიკურ-სოციალური კონტექსტის დრამატულობის მიუხედავად, მაყურებელი იუმორით აღიქვამს და გულიანად აცინებს.

სტრუქტურულად სპექტაკლი კლასიკურ წესებზეა აგებული, მაგრამ თხრობისას ვხვდებით ჰიბრიდულ ფორმას და გამომსახველობით საშუალებებს. ერთი და იგივე მოვლენა წარმოდგენაში არა მარტო სხვადასხვა განწყობითა და დამოკიდებულებით თამაშდება, არამედ საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში – ოპერიდან როკამდე. ეს ეპიზოდები სპექტაკლის მნიშვნელოვანი და გამორჩეული მომენტებია, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად, ორგანულად და თანმიმდევრულად ასრულებენ მსახიობები. ამ ეპიზოდებში თავს იყრის არტ თეორიის (დანიშნულების, არსისა და მნიშვნელობის, ჟანრობრივი გენეზისის) და თანამედროვე ხელოვნების მისიის იდეურ-პოლიტიკური საკითხები.

სპექტაკლს აქვს სათქმელი, რომელიც მაყურებლისთვის ნათელია და ცხადი. რეჟისორი მსახიობების საშუალებით პრობლემაზე საუბრობს თითქოს უმნიშვნელო დეტალებით, ჟესტებით, ფრაზებით, რომელიც იქცევა განსაკუთრებულად, მნიშვნელოვნად, იმდენად, რომ იკვეთება გლობალური პრობლემა, რომელსაც აქვს სისტემური ხასიათი და ის არ არის კონკრეტული მოვლენა.

გიორგი გიორგანაშვილი და ნიკო ფიფია პოლიციელებს განასახიერებენ. ისინი წარმოადგენენ სახეს არა მხოლოდ უწყების, არამედ სისტემის, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც პროფესიონალი, განათლებული, ისე არაპროფესიონალი და სრულიად გაუნათლებელი კადრებით. მათ მიერ შექმნილი პერსონაჟები მრავალწახნაგოვანია. პერიოდულად ისინი ცვლიან დამოკიდებულებებს, განწყობებს, მაგრამ არ იცვლება მათში მსოფლმხედველობითად არაფერი. ისინი ბერდებიან უწყებაში და ბერდებიან ერთსა და იმავე შეცდომებში, „წარმატებასა“ თუ წარუმატებლობაში. იცვლიან პოზიციებსაც, გავლენებსაც, მაგრამ რჩებიან იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც მოვიდნენ პოლიციაში და ერთ-ერთი მათგანი რწმუნდება იმაში, რომ წერა-კითხვის ცოდნა მაინც საჭიროა. მსახიობები დამაჯერებლად და ოსტატობით (იმდენად, რომ მაყურებელსაც კი უხვევენ თვალს) ქმნიან პოლიციის სისტემურ სახეს. გვევლინებიან პოზიტიურ და ჰუმანურ ადამიანებად, რაც, ცხადია, მოჩვენებითია, თვალთმაქცური, რომელიც დროთა განმავლობაში ცვდება და აღარ მუშაობს.

სპექტაკლის მოვლენათა ეპიცენტრში იოსები დგას, რომელსაც ოსტატურად, სასცენო კულტურის ღრმა ფლობითა და გამომსახველობით საშუალებათა ცოდნის განსაკუთრებული უნარით ასრულებს გიორგი შარვაშიძე. იქ ქმნის პატიოსანი და წესიერი, კულტურული და ინტელექტუალი მოქალაქის გლობალურ მხატვრულს სახეს, რომელიც თავის მიკროსამყაროში ცხოვრობს, რომელიც გაურბის ქაოსს და სამოქალაქო აქტივობას და რომელსაც გულწრფელად ვერ გაურკვევია, რა დანაშაული აქვს ჩადენილი; ან რას გაიგებს, რაც არ ჩაუდენია.

გიორგი შარვაშიძის იოსები, მიუხედავად იმისა, რომ კრებითი ტიპაჟია, აერთიანებს კონკრეტულ შემთხვევებსა და ტიპაჟთა ხასიათებს, იცვლება; იცვლება მისი დამოკიდებულება და ურთიერთობები სისტემასთან ურთიერთობაში, მაგრამ არ იცვლება მისი ზნეობრივი კოდექსი და შინაგანი სამყარო. მსახიობი წარმოაჩენს სისტემის მსხვერპლს, რომელიც რადიკალურად დაშორებულია მისი მოწინააღმდეგის ღირებულებებთან, სამყაროს აღქმასთან, გვიჩვენებს პერსონაჟის პასუხისმგებლობას, როგორც მოქალაქისა და პიროვნების. მსახიობი არ კარგავს წონასწორობასა და ზომიერებას მაშინაც კი, როცა იოსები გაოგნებულია და უკიდურესად აღელვებული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მის მიერ შესრულებული „არიები“ როკისა და ოპერის სტილისტიკაში; მას პარტნიორობას უწევს ნატალია გაბისონია.

მსახიობთა შორის ნამდვილ არტისტულ ფეიერვერკს აწყობს ნატალია გაბისონია, რომლის ნამუშევარი, პროკურორის როლი, სპექტაკლის ნამდვილი მარგალიტია. მსახიობი ქმნის ერთგვარ კარიკატურულ მხატვრულ სახეს პროკურორისა, რომელიც ამავდროულად მოსამართლეცაა (ედემის სახელმწიფოში და ეს სახელწოდებაც არაა შემთხვევითი). ისიც მთავარი გმირის – იოსების მსგავსად გამოწყობილია თეთრ კოსტიუმში (პოლიციელები – შავში); არც ეს არის შემთხვევითი. პროკურორ-მოსამართლე ნატალია გაბისონიას შემოსვლას დიდხანს ელოდება როგორც მაყურებელი, ასევე თავად პერსონაჟები; მისი შემოსვლა, ერთი მხრივ, აჩქარებს სიუჟეტის განვითარებას, უფრო ინტენსიურსა და აღმატებითს ხდის, მეორე მხრივ, განსხვავებული ტონალობა და კომიზმი შემოაქვს სპექტაკლში. მსახიობი დეტალებით, ნიუანსებით ხატავს უსამართლო, მოჩვენებითი სახელმწიფოს სასამართლოს სახეს, რომელიც დედასთან წამიერ საუბარში ღვთისმოსავი და მოკრძალებულია, სასამართლო პროცესზე კი – მონსტრი და ცინიკური.

ნატალია გაბისონია ავლენს მაყურებელთან ინტერაქტივის და იმპროვიზაციის განსაკუთრებულ უნარსაც, ის სხარტად და ეფექტურად უღებს ალღოს მოცემულ სიტუაციას და ზუსტად არტყამს მიზანში, როცა გადანათებულ დარბაზში მიმართავს კონკრეტულ მაყურებელს, როგორც პროცესის მონაწილეს და თვითმხილველს. სასიხარულოა, რომ მსახიობი ინარჩუნებს სტაბილურობას და სპექტაკლებში: „მზის ხაზი“ , „პათეტიკური მონოლოგები“ შექმნილი მხატვრული სახეების შემდეგ ქმნის კიდევ ერთ დასამახსოვრებელ და რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟს.

„იოსები“ ეს არის სპექტაკლი, რომელშიც მაყურებელი ბოლომდე ჩართულია ყველაფერში, რაც სცენაზე ხდება. რეჟისორი მაყურებელს პერსონაჟებადაც აქცევს (განსაკუთრებით, სასამართლოს ეპიზოდებში) და უყვება იმაზე, რაც გარეთ ხდება, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ, მაგრამ მისი მოყოლილი ამბავი შორსაა პლაკატურობისგან, პუბლიცისტიკისგან და მაყურებელიც ისეთივე ჭრელია, როგორც საზოგადოება. და მაინც, სად ვ/ცხოვრობთ?! თუ ამ კითხვაზე გაინტერესებთ პასუხი, გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლი უნდა ნახოთ „თეატრში ათონელზე“. და თუ არც პოლიტიკა და არც საზოგადოებრივი პრობლემები გაწუხებთ, მაინც ნახეთ „იოსები“,  დატკბით და ისიამოვნეთ მსახიობების პროფესიონალიზმითა და ოსტატობით.

Lasha Chkhartishvili – The Theatre Controls You, The Theatre Compels You

The author presents a kind of critical diptych analyzing two productions: Liberté, a scandalously acclaimed performance by Data Tavadze at the Royal District Theatre, and Joseph, directed by Gega Gagnidze at Theatre on Atoneli.

Regarding Liberté, the author notes:

“In the performance, phrases, scenes, and sentences are repeated – elements typical of Data Tavadze’s directorial style and technique – serving to heighten emotional impact and to construct a language of symbolism and metaphor. Repetition creates rhythm and intensity, evoking specific emotions in the audience; the recurrence of phrases may underscore the actors’ (since there are no characters in the performance) inner conflicts, fears, or obsessions.

…At the same time, the author does not overlook Brecht’s ‘alienation effect’ and the techniques characteristic of postdramatic theatre, where text is of lesser importance and the emphasis shifts to visual and auditory elements.”

About Gega Gagnidze’s work, the critic writes:

“Theatre on Atoneli has become one of the most important and engaging spaces in the recent Georgian theatrical process, particularly attractive to young audiences.

Gagnidze’s latest auteur work, Josephs, through an original narrative style, refined stage culture, and biting sarcasm, tells and shows a story about us – about the condition in which we live, about the daily routine that has turned into ritual, regardless of political beliefs. The story Gagnidze and his remarkable actors tell concerns everyone – directly or indirectly – killing some physically, and destroying others psychologically and mentally.”

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…