XX საუკუნე რეჟისურის საუკუნეა. ახალმა და დამოუკიდებელმა პროფესიამ თეატრის მართვის სადავეები ადვილად იგდო ხელთ და სწორედ რეჟისურამ განსაზღვრა სათეატრო ხელოვნების მომავალი. ამ პროცესში გერმანიისა და საფრანგეთის გვერდით, ავანგარდში რუსეთიც მოექცა. რეჟისორული თეატრის ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული წარმომადგენელი კი რუსეთში ქართველი კოტე მარჯანიშვილია, რომელსაც ჯერ რუსული და უკრაინული თეატრის განვითარებაში შეჰქონდა მნიშვნელოვანი წვლილი, ხოლო შემდეგ, ქმნიდა/აყალიბებდა თანამედროვე ქართული თეატრის სახესა და სისტემას; ამიტომაც (და სავსებით სამართლიანად) მიიჩნევენ მას თანამედროვე, მოდერნისტული, ავანგარდული ქართული თეატრის ფუძემდებლად.
კოტე მარჯანიშვილი მსოფლიო სათეატრო ხელოვნების უნიკალური და თვითმყოფადი მოვლენაა, ყველაზე მასშტაბური შემოქმედი, რომელიც ნერგავდა ნოვატორულ იდეებსა და ფორმებს სათეატრო ხელოვნებაში. აარსებდა თეატრებს, აფუძნებდა შემოქმედებით ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, აყალიბებდა სისტემებს, ეძებდა, პოულობდა და თავის გარშემო იკრებდა ყველა სფეროს ნიჭიერ ხელოვანებს, თავის თეატრში ახდენდა ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანთა რესურსის აკუმულირებას, ეხმარებოდა მათ შესაძლებლობების გამოვლენაში და ზრდიდა, ასწავლიდა… ნერგავდა ნოვატორულ იდეებს და ვერ იტანდა ერთფეროვნებას; მალე ჰბეზრდებოდა, ამიტომაც გაურბოდა და მყისიერად ეცლებოდა რუტინას, რომელიც შორდებოდა შემოქმედებით ძიებას, ექსპერიმენტების სურვილს. შესაბამისად, მოგზაურობდა ბევრს, თხზავდა, ქმნიდა, ტოვებდა და ისევ თავიდან – ქმნიდა სრულიად ახალს სხვა სივრცეში, სხვა რესურსითა და სულ სხვანაირს.
კოტე მარჯანიშვილი იყო ყველაზე თავისუფალი ხელოვანი ხელოვანთა შორის, არ ცნობდა კონიუნქტურას, ვერ ეგუებოდა წესებს, არ ექცეოდა ჩარჩოებში, ანგრევდა ბარიერებს, სადაც ვერ გრძნობდა თავისუფლებას, იქაურობას ეცლებოდა და ახალ თავისუფალ სივრცეს პოულობდა. ვერ იტანდა წინააღმდეგობას, ბარიერებს ცნობდა მხოლოდ შემოქმედებაში, რომელთა დაძლევაც მას დიდ მოტივაციას უქმნიდა და რაც უფრო დიდ გამოწვევას ეჯახებოდა, უფრო აზარტული ხდებოდა, უფრო ინტერესითა და ჟინით მუშაობდა.
კოტე მარჯანიშვილში, როგორც პერსონასა და არტისტში, გაერთიანებული იყო ლიდერობის უნარი, პიროვნული ხიბლი, მტკიცე ნებისყოფა, ადამიანებზე ემოციური ზემოქმედების უნარი, მასშტაბური აზროვნება, სამყაროს შეცნობის დაუოკებელი წყურვილი, ტექნიკური პროგრესის გაცნობა-ათვისებისა და თავის შემოქმედებაში დანერგვა-გამოყენების, თანამოაზრეობის პრინციპით ახალი დასის შედუღაბების უნარი. კოტე მარჯანიშვილი ბოჰემური ცხოვრების მოტრფიალე არტისტი იყო; ამის გამო კიცხავდნენ კიდეც მას; გული წყდებოდა, მაგრამ თავისუფლების შეგრძნების ბედნიერება მაინც ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად რჩებოდა მის ცხოვრებაში. ადვილად სწყინდა, იყო ბუტია და სენსიტიური, მაგრამ ჰქონდა მიტევების უნარი…
კოტე მარჯანიშვილმა თავი თეატრს ბავშვობიდან დაუკავშირა. მისი მოღვაწეობა თეატრში მსახიობობით იწყება; მერე ჩამოყალიბდა როგორც რეჟისორი; შესაბამისად, განსაკუთრებით კარგად იცოდა არტისტთა ბუნება; ამიტომაც იყო მასთან მუშაობა კომფორტული, მუდამ სიახლის შემცველი და სასარგებლო. ის საკუთარ შემოქმედებაში არასდროს იდგა ცალკე, განყენებულად, ქმნიდა გუნდურობის პრინციპით და მისი რეჟისურა ჩანდა მსახიობში, მხატვარში, კომპოზიტორში, ქორეოგრაფში… ამიტომაც იყო ის უნივერსალური რეჟისურის გამორჩეული წარმომადგენელი, პირველი და თუ არ ვცდები, დღემდე ერთადერთი.
კოტე მარჯანიშვილმა თავისი სპექტაკლებით გაუსწრო დროს; ზოგს შეეძლო ამის აღიარება, ზოგს – არა. დაუნახაობა სწყინდა, მაგრამ საკუთარ თავში ეჭვი თითქმის არასდროს ეპარებოდა. ხასიათის სიმტკიცე მხოლოდ თავდაჯერებულობაში ვლინდებოდა. იყო უაღრესად ესთეტი და არ ეგუებოდა ზედაპირულობას, დილეტანტიზმს, თუმცა ბევრი დილეტანტი აქცია პროფესიონალად. არავის იმდენი სიკეთე არ მოუტანია ქართული თეატრისთვის, რამდენიც კოტე მარჯანიშვილმა მოუტანა, რადგან მას ჰქონდა შეუმცდარი ინტუიცია და ნიჭიერი ადამიანების შეკრების უნარი. კოტე მარჯანიშვილმა შეძლო, თეატრით დაეინტერესებინა მწერლები და ისინი დრამატურგებად ექცია, მხატვრები ექცია სცენოგრაფებად… კოტე მარჯანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი სათეატრო რეჟისორი, რომელიც კინო ხერხებსა და ტექნიკურ პროგრესს ნერგავდა თეატრალურ ხელოვნებაში… ის ქმნიდა სინთეზურ, ერთ იდეასა და კონცეპტს დაქვემდებარებულ თეატრს, სადაც ყველა კომპონენტი – დაწყებული მსახიობით, დამთავრებული მხატვრული განათებით – თანაბარ მხატვრულ დონეზე ემსახურებოდა ძირითად სათქმელსა და ფორმას.
კოტე მარჯანიშვილი ქმნიდა სანახაობას, რომელიც ანიჭებდა სიხარულს და მხნეობას მატებდა მაყურებელს. ქმნიდა სადად და გენიალურს, რომელიც უძლებდა ათწლეულებში გამოხატულ დროს…
კოტე მარჯანიშვილმა ქართულ თეატრში დანერგა სადადგმო კულტურა; დააწესა თამასა, რომელიც აიძულებდა სხვა რეჟისორებს, სწორება გაეკეთებინათ მასზე, მასთან მუშაობასა და თანამშრომლობაზე. მან თეატრი აქცია პრესტიჟულსა და მიმზიდველ ინსტიტუციად.
კოტე მარჯანიშვილის რეჟისურა არ იყო მხოლოდ დრამატული თეატრით შემოფარგლული… დგამდა ოპერებს, იღებდა ფილმებს… მიღებულ გამოცდილებას კი იყენებდა დრამატული სპექტაკლების დადგმისას. ამიტომაც იყო მისი დადგმები უნიკალური, ყველასგან გამორჩეული, მრავალფეროვანი, დახვეწილი და ფეიერვერკული.
კოტე მარჯანიშვილის ყოველი ახალი დადგმა ზეიმად იქცეოდა ხოლმე, იწვევდა ცხოველ ინტერესს საზოგადოებაში და აზრთა სხვადასხვაობას, ქმნიდა სადისკუსიო სივრცეს. მისი სპექტაკლები იყო განხილვის საგანი პრემიერიდან პრემიერამდე. მისმა პირველმა დადგმამ რუსთაველის თეატრში – ლოპე დე ვეგას „ფუენტე ოვეხუნამ“ (იგივე „ცხვრის წყარო“) გააჩინა იმედი ახალი ქართული თეატრის დაბადებისა, შექმნა პერსპექტივა მოდერნისტული ძიებებისა… კოტე მარჯანიშვილს არასდროს გაუცრუებია მაყურებლის იმედები, არც მათი თანამოაზრეების; პირიქით კი – რამდენჯერაც გინდათ. იმედგაცრუებულმა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა დიდმა რეჟისორმა დატოვა თავის მიერ შექმნილ-ჩამოყალიბებული, უსაყვარლესი თეატრები, ხოლო შემდეგ – ქვეყანაც. მან საიქიოში გაასწრო საბჭოთა რეპრესიებს…
კოტე მარჯანიშვილმა უხვად დატოვა თავისი შემოქმედებითი მემკვიდრეები, რომლებიც აგრძელებდნენ რეჟისორის დამკვიდრებულ ტრადიციებს, მაგრამ ყოველი მორიგი მცდელობა იყო უშედეგო, ფერისა და სულის გარეშე. კოტე მარჯანიშვილმა თან გაიყოლა თავისი უნივერსალური, მოდერნისტული, თვითმყოფადი, გლობალური, ავანგარდული და რაც მთავარია, უაღრესად თანამედროვე თეატრი.