ბეატრიჩე

ბეატრიჩე

, , ,

„ბეატრიჩე“ შეხვედრების ბალეტია. დანტე ალიგიერისა და ბეატრიჩე პორტინარის, დარიო მარიანელისა და დავით მაზიაშვილის, მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის, ის ბალეტის მთელი შემოქმედებითი ჯგუფის წევრების შეხვედრების ნაყოფია. „ბეატრიჩეს“ დამდგმელი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის  თქმით, „ერთმანეთით შთაგონებულებმა“ ერთსაათიანი წარმოდგენით დანტეს თითქმის ხუთასგვერდიანი ნაწარმოების საავტორო ქორეოგრაფიული ბალეტიხილვა შექმნეს.

2021 წლის 19 მაისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ და გიორგი ალექსიძის ფონდმა მსოფლიო პრემიერა წარმოადგინეს – ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“ და შეუერთდნენ ამ ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა.

ბალეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორი დავით მაზიაშვილი გახლავთ. 2019 წელს მან შესთავაზა მარიამ ალექსიძეს დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით ბალეტი დაედგათ, მუსიკის შექმნისთვის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე იტალიელი კომპოზიტორის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი („საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის“, 2008 წელს, ჯო რაიტის ფილმისთვის „მონანიება“) დარიო მარიანელისთვის, ხოლო მუსიკის სცენაზე ცოცხლად შესასრულებლად თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტასთვის“ მიემართათ.

დარიო მარიანელის არაერთი გამორჩეული ფილმის მუსიკა აქვს დაწერილი. „მონანიებასთან“ ერთად რამდენიმე მათგანი ხელახლა ვნახე. მათ შორის ისევ „საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის“ ოსკარსა და ოქროს გლობუსზე ნომინირებული „ანა კარენინაც“ (2012) და ჩვენში პოპულარული რომანის – „ალი და ნინოს“ (2016) მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმიც. ამ ფილმების ერთმანეთისგან განსხვავებული ქალი პერსონაჟები გამოირჩევიან მომეტებული  მგრძნობიარობით. მათი სამყაროს მარიანისეული მუსიკა არის ვალსივით მელოდიური. ეს არის მუსიკა მოულოდნელი სიყვარულის გაცნობიერებისგან მთრთოლვარე, თავდავიწყებამდე საცეკვაო, გარდაუვალი მოვლენების სევდისა და სიხარულის, განცდების ლაბირინთებში ჩაკარგვის. ის არასდროს არ არის ჩაკეტილი, არამედ გახსნილი, საზღვრების უარმყოფელი მუსიკაა.

 „ბეატრიჩეს“ მუსიკა კი, ვფიქრობ, დარიო მარიანელის მანამდე დაწერილ ნაწარმოებებს არ ჰგავს. იგი არის ერთდროულად ჭვრეტითი და ქმედებითი. გამჭოლი. სულისშემძვრელი. მძიმე როგორც უნაყოფო ჯოჯოხეთი. დემონური. რუხი ფერის. მძაფრი. მწარე როგორც ზღვარგადასული ვნება. პირქუში როგორც უღირსი სულების მოთქმა-გმინვა. მედიტაციის. ფიქრებში ჩაძირვის. მუსიკა ფაქტების და კითხვების: ყოველ ადამიანში თავისი ჯოჯოხეთია. ადამიანი ეძებს პასუხებს მარადიულ კითხვებზე: სად არის ღმერთი? ჩემში? ჩემ გარეთ? ვიხილავ მას? რა არის სიყვარული? რა არის სიკვდილი? „ბეატრიჩეს“ მუსიკა არის გზა ნეტარი უსასრულობისკენ. ღამის გადალახვის ქმნილება. პირმშვენიერი ანგელოზებივით ნათელი სასოების გასაღები.

შეუძლებელია, არ დავეთანხმო მარიამ ალექსიძეს: „დარიო მარიანელის მუსიკას, თემიდან გამომდინარე, დაჰყვება შუა საუკუნეების არომატი, მაგრამ ამავე დროს ის საოცრად თანამედროვეა. თანამედროვე და უნივერსალური“. გიორგი ქერელაშვილმა, „საქართველოს სინფონიეტას“ ხელმძღვანელმა კი დარიო მარიანელი შეაფასა როგორც უმაღლესი კლასის კომპოზიტორი, რაშიც დარწმუნდა როგორც პარტიტურით, ისე მის მუსიკასთან ყოველდღიური შეხებით. 

ერთი მხრივ,  „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ ძალიან უფრთხილდება მისთვის სპეციალურად დაწერილი  მუსიკის ტრადიციას. მეორე მხრივ, ასეთი სახელოვანი კომპოზიტორის თანხმობის მოპოვება ადვილი არ არის. თუმცა დავით მაზიაშვილმა ეს შეძლო. აღსანიშნავია, რომ მისი და დარიო მარიანელის ურთიერთობა ათ წელზე მეტ ხანს ითვლის. ისინი ქართულმა ხალხურმა სიმღერამ და საეკლესიო გალობამ (დავითი იყო სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდის წევრი და არის ფოლკლორული ანსამბლ „შავნაბადას“ მომღერალ-მგალობელი) დააკავშირა და დამეგობრებულებმა პირობა დადეს, რომ ერთ დღესაც ითანამშრომლებდნენ. როგორც „კურთხეული გაზაფხულის“ (1913) დადგმისას, მისი ქორეოგრაფი ვაცლავ ნიჟინსკი და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მუდმივ კონტაქტზე იყვნენ ამ ბალეტის მუსიკის ავტორთან, კომპოზიტორ იგორ სტრავინსკისთან, რათა მუსიკას შეჰყვარებოდა მოძრაობები და მოძრაობები კი მუსიკას გამიჯნურებოდნენ… ასე იმუშავეს „ბეატრიჩეს“ დამდგმელმა ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ, „საქართველოს სინფონიეტას“ მუსიკოსებმა და მათმა ხელმძღვანელმა გიორგი ქერელაშვილმა დისტანციურ რეჟიმში დარიო მარიანელისთან. ამ უკანასკნელის სიტყვებით, ბალეტის ლიბრეტო და ქორეოგრაფის ჩანაფიქრი მას საოცარ თავისუფლებას ანიჭებდა და მუსიკა რამდენიმე თვეში დაწერა. 2021 წლის 25 ოქტომბერს კი ინგლისში დამკვიდრებული იტალიელი კომპოზიტორი თბილისში ჩამოვიდა, „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ თავისი ნაწარმოების შესრულებას ძალიან მაღალი შეფასება მისცა და თბილისსა და ბათუმში „ბეატრიჩე“ საკუთარი თვალით იხილა.

მარიამ ალექსიძე და დავით მაზიაშვილი – ლიტერატურათმცოდნე და შექსპიროლოგი – ერთმანეთს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დააკავშირა. რეჟისორმა რობერტ სტურუამ მარიამ ალექსიძეს შესთავაზა, რომ მას თეატრის მსახიობების მონაწილეობით შექსპირის პიესებისა და სიყვარულის ირგვლივ ქორეოგრაფიული ფანტაზია დაედგა. სპექტაკლის მოსამზადებელ პერიოდში, შექსპირზე და, ზოგადად, სპექტაკლის ირგვლივ სასაუბროდ მარიამი რეგულარულად ხვდებოდა როგორც რობერტ სტურუას, ისე დავით მაზიაშვილს, რომელიც ამ წლებში რეჟისორის მრჩეველი იყო. მუშაობის პროცესში გაჩნდა იდეა, რომ მუდმივი საბალეტო დასი შექმნილიყო; 2016 წლის აპრილში „შექსპირი. სიყვარულის“ პრემიერაზე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი ოფიციალურად დაარსდა.  

მარიამ ალექსიძე ხაზს უსვამს, რომ „დავით მაზიაშვილის სახით ერთგვარი გარღვევა მოხდა ქართულ კულტურულ სივრცეში, თუ როგორი უნდა იყოს შემოქმედებით-საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორი. რასაკვირველია –  საუკეთესო ორგანიზატორი, სტრატეგი, მაგრამ ამავე დროს იდეების გენერატორი, ერუდიტი ადამიანი, რომელსაც ასევე აქვს უნარი სწორად მიმართოს და გამოიყენოს როგორც საკუთარი ნიჭი, ისე დაინახოს, დააფასოს და წარმოაჩინოს სხვების, ამ შემთხვევაში, „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მთელი შემოქმედებითი გუნდის ნიჭი“.

ბეატრიჩეს პერსონაჟის მსგავსად მარიამ ალექსიძეც არაერთხელ გარდასახულა. ბალეტის სფეროში ამბობენ, რომ სხეულს თავისი მეხსიერება აქვს. მარიამის სხეულს უთუოდ ახსოვს იმ რვა წლის ბავშვის მოძრაობები, რომელიც სერგო ფარაჯანოვის ფილმ „აშიქ-ქერიბში“ გადაიღეს, იმ ბალერინას მოძრაობები, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი და ციურიხის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე  გახლდათ. მარიამის სხეულს ახსოვს  დადგმები – „დოვინ-დოვენ-დოვლი“ (2009) და „მარიჯანის ოთახი“ (2020), რომლებშიც გალაკტიონისა და მარიჯანის ლექსები „ცეკვავენ“ თავად ქორეოგრაფის შესრულებით. იქნებ, ყოველი ახალი ბალეტის წინ მარიამ ალექსიძეც ივიწყებს მის მიერ ადრე „დახატულ ვარდებს“, განსახიერებულ პერსონაჟებსა თუ დადგმულ ბალეტებს? ეს კითხვა გამიჩნდა და პასუხი კი მის ერთ-ერთ ინტერვიუში ვიპოვე: „ბეატრიჩე დამუხტულია ბევრი სხვა ქალით, ჩემი სხვა ბალეტების ქალებით, ყველა ქალით“.

მარიამ ალექსიძის ჩანაფიქრით, კვალდაკვალ მივყვებით ბეატრიჩეს, რომელიც ჩვენი წინამძღოლია და ჯოჯოხეთის (ამ გმინვისა და ტირილის სამყაროს), განსაწმენდლისა (აქ ისევ ანათებენ ვარსკვლავები) და სამოთხის (მხარის, სადაც „საწადელს სისპეტაკე ემატება“) გავლისას გარდაისახება. თავდაპირველად ქალი მაცდურია როგორც რბილი ხავსი. ვისთვის ცეკვავს დემონური ბეატრიჩე? საკუთარი თავისთვის თუ წარმოსახვითი დანტესთვის? სირბილეს ცვლის მოძრაობების სიმკვეთრე და სიბასრე. უმზეო ჯოჯოხეთში მზიან ბეატრიჩეს თითქოს რა უნდა, მაგრამ მან თვალი უნდა გაუსწოროს ჯოჯოხეთს, რომელსაც ყველა ადამიანი საკუთარ თავში ატარებს (ქორეოგრაფმა ყველაზე მეტი დრო სწორედ ამ ნაწილის დადგმას მოანდომა), თვალი გაუსწოროს და მასზე ამაღლდეს.  ქალს თან სდევს შვიდი სული თუ ლანდი, რომლებიც ხან წელში მოხრილები, ხან მოძუნძულენი, ხან მხოხავები, ხან ტრიალ-ტრიალით, ცხოველი პლასტიკით დაუვიწყარ სახეებს ქმნიან. განსაწმენდელში ქალური პლასტიკა დომინირებს ჯერ ნაზი, მოჩურჩულე, ქარიანი, მერე კი დიდი ენერგიის მატარებელი ჟესტებით (აქ მოცეკვავეები თავისუფალი მოძრაობებით აისედორა დანკანს ჰგვანან). სამოთხეში მისტიკურ-ღვთაებრივ ბეატრიჩეს ვხედავთ, რომელიც სინატიფით გამოირჩევა.

მარიამ ალექსიძეს უყვარს ტეხილი და დატალღული მოძრაობები, მაგრამ მათ შორის ყოველთვის გაიელვებს ხოლმე მის მიერ თითქოს კალმით ნახატი კლასიკური ბალეტის უმშვენიერესი პა, რაც ხან ჟიზელს მაგონებს და ხანაც ფერმკრთალ სილფიდებს.

ბალეტი-ხილვა სიჩუმეში სრულდება. მუსიკა წყდება, თუმცა ცეკვა გრძელდება და ცივ ზამთარში თბილი თოვლის ცვენას ჰგავს. ბეატრიჩე იმავე პოზაშია, რომელშიც წარმოდგენის დასაწყისში იყო. მოცეკვავეები მაღლა აწვდილი ხელებით თითქოს უხილავ ცაზე წერენ სიტყვებს, რომლებიც სამოთხის კარიბჭის გაღებისას წარმოითქმება. თუ მაყურებელი შეძლებს წაიკითხოს ეს სიტყვები, ის არასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორიც „ბეატრიჩემდე“ იყო.

უნდა ითქვას, რომ „ბეატრიჩეს“ მოცეკვავეებს რთული მოძრაობების შესრულება უწევთ, რაც მოითხოვს არა მხოლოდ თანამედროვე ცეკვის ტექნიკის სრულყოფილ ფლობას, არამედ ყოველ მოძრაობასა და ამ მოძრაობით სათქმელზე ფიქრს. როგორც მარიამ ალექსიძემ აღნიშნა, ის და დავით მაზიაშვილიც ყველაზე მეტ დროს ფიქრს უთმობენ, რომელმაც მერე ადგილი უნდა დაიმკვიდროს მათ მხატვრულ სამყაროში. ბუნებრივია, ეს დასის წევრებზეც აისახება და მათი ცეკვა გააზრებულ-ნაფიქრია, თუმცა არც ემოციურობა აკლია.

„ბეატრიჩე“ არ არის დანტეს ნაწარმოების პირდაპირი გადმოტანა სცენაზე. მარიამ ალექსიძემ ის დადგა როგორც ასოციაციების, შეგრძნებების, ემოციების, ხილვების ბალეტი. თუმცა დავით მაზიაშვილთან ერთად ლიბრეტოზე მუშაობის პერიოდში (რაც ერთი წელი გაგრძელდა) გამოიკვეთა ფრანჩესკა და-რიმინის სახე, რომელიც ქორეოგრაფმა ბალეტში გააცოცხლა.  ფრანჩესკას, კოჭლი თავადის ლანკიოტო და-რიმინის მეუღლეს ქმრის უმცროსი ძმა შეუყვარდა, უმამაცესი რაინდი იტალიაში. ქმარმა მათ შეუსწრო იმ დროს, როცა შეყვარებულები ლანსელოტოს გამიჯნურების ამბავს კითხულობდნენ და ერთმანეთს პირველად აკოცეს. თავადმა ორივე ადგილზე მოკლა. ხორციელი ცოდვისგან დამძიმებული ქალ-ვაჟი სასჯელს ჯოჯოხეთში იხდიან, სადაც მათ კეთილშობილი დანტე შეხვდება. ამ ეპიზოდს მიუძღვნა თავისი ცნობილი სკულპტურა – „კოცნა“ მოქანდაკე ოგიუსტ როდენმა. მარიამ ალექსიძის ბალეტში ფრანჩესკა და პაოლო – მრუშები, მაგრამ საბრალონი თანაგრძნობას იწვევენ. წყვილის ცეკვა დამცხრალი ვნების ცეკვაა, მრგვალი ფორმების სილამაზეში გადასული. 

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანმა სოლისტმა, ბეატრიჩეს როლის შემსრულებელმა მარიამ დარჩიამ XX საუკუნის დასაწყისის ხელოვანთა მუზა (მათ შორის ლადო გუდიაშვილისა), მოცეკვავე და მსახიობი იდა რუბინშტეინი მომაგონა. ისინი ფიზიკურად არ ჰგვანან ერთმანეთს.  იდა რუბინშტეინზე წერდნენ, რომ ის არ იყო ცეკვისთვის შექმნილი. თუმცა რუსეთში ცნობილი ქორეოგრაფის, მიხაილ ფოკინისგან იღებდა კერძო გაკვეთილებს და პარიზშიც არ შეუწყვეტია თავის თავზე მუშაობა, მაგრამ როგორც კი გამოჩნდებოდა, მთელ სცენას იპყრობდა, ყველა თვალი მხოლოდ მისკენ იყო მიპყრობილი. მარიამ დარჩია პროფესიონალი მოცეკვავეა. ის სამ სასწავლებელში – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ და მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო სასწავლებლებში, შემდეგ კი მიუნხენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის საბალეტო აკადემიაში სწავლობდა. მისი ტექნიკური მონაცემებიც შთამბეჭდავია. თუ მისმა ბეატრიჩემ იდა რუბინშტეინი გამახსენა, ეს იმიტომ, რომ მარიამიც გამოჩენისთანავე სცენას იპყრობს და მაყურებელს აჯადოებს. იგი ცეკვავს ყოველი ძარღვით, მთელი არსებით. როცა სამივე სივრცეს  – ჯოჯოხეთს, განსაწმენდელსა და სამოთხეს გაივლის და წითელი კაბით შემოსილი, ალვის ხესავით აშოლტილი გაირინდება, თითქოს დანტეს სიტყვები ჩამესმის: „ჰოი, მადონავ, ყვავილნარო სასოებისავ/ვინც სულის ჩემის წამებისგან გამოსასყიდად ჯოჯოხეთის კარს ნატერფალნი დასტოვე შენნი“.

ბეატრიჩეს როლის შემსრულებელი იხსენებს, რომ რეპეტიციებს შორის შესვენების დროსაც კი ყველანი „ღვთაებრივ კომედიას“ კითხულობდნენ და დანტეს პოემით შეპყრობილები იყვნენ. მის შესრულებაში იგრძნობა, რომ ის ბეატრიჩეს პიროვნებით მოცულია.  ქებას იმსახურებს „ბეატრიჩეს“ ყოველი მოცეკვავე (სოლისტის გარდა – ხუთი ქალი და ორი ვაჟი).

 „ბეატრიჩეს“ დეკორაცია მულტიმედია არტისტის – კონსტანტინე მინდაძის ნახატებია მისი ცნობილი ციკლის – „პორტალების“ სერიიდან, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილმა კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით სცენის სიღრმეში აამოძრავა. თუმცა ამ სერიას უკვე ედო საფუძვლად „ფერწერის, სკულპტურისა და მოძრაობის სინთეზი“ და  „ერთგვარი კარიბჭისა თუ გვირაბის შეგრძნება“, რომელიც უსასრულობაში იკარგება. ჩვენ თვალწინ გარდაისახებიან არა მხოლოდ ბეატრიჩე და მისი თანმხლები სულები, არამედ რეალური და ზუსტი პორტალებიც, რომლებიც ხან თვალისმომჭრელი და თავბრუდამხვევი, ხან – მშვიდი და მომნუსხველია. ბალეტის კოსტიუმების ავტორია მოდის დიზაინერი თამუნა ინგოროყვა. მან გამოიყენა ხორცისფერი, თეთრი, შავი და წითელი ფერები და დრეკადი ქსოვილები, რომელთა სისადავე მოძრაობების ჭარბ ემოციურობას უფრო მეტად წარმოაჩენს.

დრო გავა. ბევრი რამ შეიცვლება, ცხადია, ირგვლივ, მაგრამ ბეატრიჩე ისევ გააგრძელებს მოგზაურობას ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეში…

(ფოტომასალა – თინა ყაზახიშვილი)

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…