(აღმოსავლური ზღაპრიდან)
ალექსანდრე პოტიომკინის თანამედროვე იგავი გრიბოედოვის თეატრის სცენაზე –
პარალელები ლიტერატურულ პრიზმაში
ნაწილი I
ლიტერატურული ვიზუალიზაციის უნარი შესაძლებელია, თანამედროვე მწერლობის მხოლოდ იმ ნაწილში აღმოჩნდეს, რომელმაც ყოფიერების ნამდვილი, თავისთავადი სახე შეიმეცნა. ხელოვნებაში – სამყაროში, რომელსაც ნებისმიერი პირობითობის გამოყენება შეუძლია, მწერლობის ხშირად შეუმჩნეველი როლი, ვფიქრობ, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე კაცობრიობის ისტორიის ნაკლებად კონფლიქტურ ხანაში. ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც გააჩნია. თუმცა, მიზეზთა შორის უმთავრესი საგანთა ჭეშმარიტი ბუნების შეცნობის გზით სიარულის უნარია, რაც ალექსანდრე პოტიომკინის, თანამედროვეობის დიდ მასშტაბში ხედვის ნიჭით გამორჩეული მწერლისა და პუბლიცისტის შემოქმედებას არა უბრალოდ მნიშვნელოვანს, არამედ აუცილებელს ხდის თანამედროვეობის სცენისა და ასევე კინემატოგრაფისთვის. ამგვარი მწერლობა იშვიათია, ვინაიდან თანამედროვე პროზისა და დრამატურგიის დიდ ნაწილს (ეს ზოგადად თანამედროვე სამყაროს პრობლემაა და არა მხოლოდ რომელიმე მენტალური ან ტერიტორიული კულტურის ნაწილი) არ გააჩნია ვიზუალიზაციის მდიდარი რესურსი.
დღევანდელმა სამყარომ სხვადასხვა კულტურული თვითმყოფადობის ნიშნები გარკვეულ დონზე მიიღო, მაგრამ ხშირად ჩვენი თანამედროვეები ადამიანური არსის გარდაქმნას მხოლოდ ზედაპირულ პროცესად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ალექსანდრე პოტიომკინის ჟანრული ეკლექტიკის ოსტატის პროზა თანამედროვე თეატრალური სივრცისთვის ახლის მომტანია და წარმოსახვის რეალურთან სინთეზის ის გზაა, რომელსაც თანამედროვე კინო და თეატრი საჭიროებს.
ალექსანდრე პოტიომკინის მკვეთრად გამოხატული, რამდენიმე პირობით მიმართულებად დაყოფილი ფსიქო-სოციალური და ფილოსოფიური შინაარსის მატარებელი პროზა დღეს ჩამოყალიბებული პირობითი ფსიქოდრამის მიმართულებით ვითარდება, თუმცა მის ადრეულსა და გვიანდელ ნამუშევრებში არც ერთი ამ მახასიათებლის ერთმანეთისგან გამიჯვნა არ ხდება ისე, რომ მხატვრული მთლიანობა დაირღვეს.
2023 წელს თბილისის გრიობოედოვის სახელობის თეატრის სცენაზე, რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ალექსანდრე პოტიომკინის პიესა „ბუკმეიკერ-ექსპრესი“ განახორციელა. მწერლის პირობითობის მხატვრულმა შესატყვისმა, მისი ავტორისეული აზრის, დრამატურგიულ წრეში მოქცეული, განზოგადებული მხატვრული სახეების შეცნობის და საგანთა ბუნების ამოცნობის საშუალება მოგვცა. პიესა დაფუძნებულია მწერლის ავანგარდულ ფანტასმაგორიაზე, სახელწოდებით „მოთამაშე“.
პიესის „მოთამაშე“ და სპექტაკლის „ბუკმეიკერ-ექსპრესის“ მთავარი გმირი, იური ალტინოვი („homo ludes“, „მოთამაშე“) უსაზღვრო შესაძლებლობების ავანტიურისტია, რომლის მოხვედრაც როსტოვ-მოსკოვის მუდმივად „კონტროლირებად“ პირობით მატარებელზე ამ ადამიანების „არსად მოგზაურობას“ ნიშნავს.
ნებისმიერი მოქმედი პერსონაჟის ფსიქოტიპში ზოგადი მახასიათებლების ასეთი ზომიერებით თავმოყრა ინგმარ ბერგმანის დრამატურგიულ, მისივე განმარტებით „ქირურგიულ“ თანმიმდევრულ აზროვნებას შეიძლება შევადაროთ, თუმცა ალექსანდრე პოტიომკინი, როგორც ვიზუალიზაციის სისტემის მცოდნე მწერალი, ფსიქოდრამას რეალისტურ ჭრილში ხედავს, რაც თუნდაც იური ალტინოვის გმირის ხასიათში არა ორი და სამი, არამედ ერთდროულად ექვსი, შვიდი სოციალური ნიშნისა და ფატალური საწყისის აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს. მკითხველი და მაყურებელი ყოველთვის თანამონაწილეა ამ მწერლის წარმოსახვით წრეში. ეს განცდა სპექტაკლისა და ლიტერატურული პირველწყაროს გაცნობის შემდეგ პოტიომკინის სხვა შინაარსობრივ შრეში ჩახედვისა და სათქმელის ამოცნობის სურვილს ბადებს. სპექტაკლით „ბუკმეიკერ-ექსპრესი“ გრიბოედოვის სახელობის თეატრმა თანამედროვე ფსიქოდრამის ვერსია წარმოადგინა.
მწერლის შემოქმედების ერთი ნაწილი რეჟისურის მხატვრულ ასპექტებს მოგვაგონებს. ხშირად დრამატურგიის ერთმანეთისაგან განსხვავებული მახასიათებლები მისი მსოფლმხედველობის იმგვარ მკვეთრ ფორმებს განაპირობებს, როგორიც მისი ნაწარმოების – „რუსი პაციენტის“ შინაარსში შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დიდი დრამატურგიის წინაპირობაა. განსაზღვრა თუ არა ალექსანდრე პოტიომკინის მკვეთრად ინდივიდუალურმა ხედვამ მისი ნაწარმოებების, თუნდაც „მოთამაშისა“ და „რუსი პაციენტის“ თემატიკის ხასიათი? – კითხვაზე პასუხის გასაცემად, რთულად კონსტრუირებულ მიკროსამყაროსთან ერთად, გმირის ხასიათში ღრმად ფესვგამდგარი, ფატალისტური მოტივების აღმოჩენაც საკმარისია. ზოგიერთი ასპექტის კვლევამ კი საშუალება მოგვცა, მისი დრამატურგიული იდეის შინაარსობრივი ანალიზი უშუალოდ სპექტაკლის გმირებთან მიმართებაში მოგვეხდინა,.
მისი პროზა და, კერძოდ, „მოთამაშის“ და ,,რუსი პაციენტის“ თხრობითი მახასიათებლების სტრუქტურა ინტელექტუალური, სააზროვნოდ მრავალშრიანი პროზის ნაწილია. ამაზე მეტყველებს პერსონაჟთა პერსონიფიცირებული სახეთა სისტემა: ანდრეი და ანტონ პუზირკოვები, ექიმი-ფსიქიატრი რაისკი (რაც სიტყვათა არა მარტივი თამაშის, არამედ ასოციაციების მთელ რიგს ქმნის „სამოთხე“, „სამოთხიდან“, „სამოთხისეული“ პუზირკოვები – ამ შემთხვევაში, სიმყიფის ალეგორიული მოტივი და ასე დაუსრულებლად). ასეთივე მოცემულობას ქმნის იური ალტინოვის ავანტიურისტი სცენაზე პიესიდან „ბუკმეიკერ ექსპრესი“ (პროზაული ნაწარმოების „მოთამაშე“ საფუძველზე).
საზოგადოების რამდენიმე მოდელის სააზროვნო არეალის ღრმა ცოდნა ალექსანდრე პოტიომკინს, ფსიქოდრამის ოსტატს, ნამდვილად აძლევს ჰიპერ-რეალისტური მხატვრული სურათის შექმნის საშუალებას. მისი გმირები ვერ განივრცობიან შეზღუდული მახასიათებლებით, მიუხედავად იმისა, რომ მათში ყოველთვის ჩნდება ორი ფსიქოტიპი – შემგუებელი და დაუმორჩილებელი; ხოლო იმ ადამიანურ სისუსტეთა ჩამონათვალში, როგორიცაა, მაგალითად, ახალი და ძველი ღირებულებებისადმი დამოკიდებულება, მენტალური ორიენტირის არქონა და ასე შემდეგ, მწერალს მხოლოდ მთავარი აინტერესებს – ის, რაც უკვე პიროვნული მახასიათებელია და არ, ან ვერ იცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტორი განსაკუთრებული ინტუიციითაა დაჯილდოებული და ყოველთვის კარგად გრძნობს მეტაფორის საჭიროებას, ჰიპერ-რეალიზმის შეგრძნება მაინც პოტიომკინისეული სამყაროს პირვანდელი და, ალბათ, დომინანტური საწყისია, რომელიც მის ყველა ქმნილებაში იგრძნობა; მაგალითად, „რუსი პაციენტის“ სიუჟეტში მეგალოვას განგებ დაშლილი და ერთ მთლიან ლაბირინთად აღქმული ქალი პერსონაჟიდან დაწყებული, დამთავრებული უზრუნველყოფილი სოციუმის პორტრეტით, ყოველივე ორგანულად მიდის ფინალამდე, რომელსაც არ გააჩნია იდეური კონტური და ეს გზა ახალ, თავისუფალ თხრობით ფორმას ქმნის. გამოკვეთილი სიუჟეტური გარდატეხები თანამედროვე სამყაროს მოცემულობაში ამგვარ ერთიან სურათში არ იქნებოდა საინტერესო. აქედან გამომდინარე, „რუსი პაციენტის“ ფინალი, ისევე როგორც მისი კრიმინალური სინამდვილის სკრუპულოზურად მოძებნილი აქცენტები, სამყაროს მტკივნეული თემების უნიკალური მხატვრული ვერსიაა.
ალექსანდრე პოტიომკინის შემოქმედებასა და დრამატურგიაში ფსიქოდრამის დეტალებისადმი ინტერესმა მისი შემოქმედების კომპლექსური შესწავლის სურვილიც წარმოშვა. ეგზისტენციალური კრიზისის მიერ მოტანილ ცვლილებებთან ერთად დღეს ფსიქოდრამის მნიშვნელობა, თავისი ქვეტექსტური ბუნებით, კიდევ უფრო მეტად ზრდის დრამატურგიის მნიშვნელობას. ძალზე სახიერი ინტერპრეტაციითაა წარმოჩენილი ადამიანის უარყოფით ცნობიერთან თანაცხოვრების, სასჯელისა და საზღაურის მოტივები სცენაზე. ამ მოტივებს ალექსანდრე პოტიომკინი აწყობილ ესკიზებად ქმნის. ავტორს მინიმალიზმისადმი სწრაფვაც ახასიათებს და ორგანული ბუნებრიობის განცდაც. ამ მოცემულობას კი დღეს დრამატურგიული პრობლემების თუნდაც ერთი ნაწილის გარდატეხა შეუძლია ისე, როგორც ალექსანდრე პოტიომკინის სრული შემოქმედებისთვის დამახასიათებელ, ზუსტ მხატვრულ ეკლექტიკას. მისეული მისტიფიკაციები და მოვლენათა ინტერპრეტაცია ქმნის ე.წ. „ნახტომს ცნობიერებაში“, რომელშიც თავს იჩენს სამყაროს მატერიალიზაციის პროცესი, სახეები, ეგზისტენციალიზმის დეპრესიული გავლენა, ზნეობრივი კატეგორიებისა და ფასეულობების ცვლილებები.
ალექსანდრე პოტიომკინის დრამატურგია განყენებულ, დროით მოცემულობაში გამორჩეულ საფეხურებს ქმნის, რომელმაც შესაძლებელია წინასწარ ახსნას კრიზისის მიზეზი სოციუმში. ამასთანავე, მწერალი მოვლენათა პირობითი აღქმის ოსტატია და მისი დრამატურგიის საავტორო კონცეფციაც სწორედ ამ გაწონასწორებულ, თვისებრივ ხედვას ეყრდნობა. ამის მაგალითია „სოლო მონო“, „მაგიდა“, „ადამიანი უქმდება“ – სამივე ნამუშევარი სხვადასხვა რეალისტურ ჭრილში შექმნილი, ახალი მხატვრული სივრცეა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ „სოლო მონოს“ ირეალურ ლაბირინთებში ავტორი სურათებად, ერთგვარ ტიხრებად ყოფს ახალსა და არსებულს. ეს მას საშუალებას აძლევს, კვლავ დრამატურგიული თანმიმდევრობით მიუდგეს სათქმელს და დაშვებული შეცდომების საზღაურად არაცნობიერში არსებული ცალკე სამყარო შექმნას, სადაც ვნებებისა და ფიქრის წარმოსახვითი ზღვარი მაღალია. თუ „ბუკმეიკერ-ექსპრესი“ მიწიერ რეალიებში მოქმედი ხასიათების და მოვლენების ნაკრებად გამოიყურება, მაშინ „სოლო მონო“ ხაზს უსვამს იმას, რომ მატერიალიზებული სინდისის მხატვრული იდეა ალექსანდრე პოტიომკინის ნაწარმოებების დრამატურგიული მახასიათებელია. ამ თვისების მატარებელი შესაძლებელია, არც ერთი პერსონაჟი არ იყოს არც პიესაში, არც მოთხრობაში, მაგრამ „ბუკმეიკერ -ექსპრესის“ გმირებთან ერთად, მატარებლის ფანტომ-სამყაროში, ეს აჩრდილი მაინც ჩნდება ხან რეჟისორ ანდრო ენუქიძის მიერ, მანიაკურად შეპყრობილი მოთამაშის, იური ალტინოვის (არჩილ ბარათაშვილი) პერსონაჟის ქმედით არეალში, ხან ლიუბოვ პოგონიას (მატარებლის ექსტრავაგანტური გამცილებელი – ინა ვორობიოვა) აჟიტირებულ, მაგრამ სევდიან კითხვებში. ინტერპრეტირებულმა სახეთა გალერეამ სცენაზე, სადაც მაყურებელი თანამონაწილეობის ილუზორულ რკალშია მოქცეული, მატერიალიზებული შიშის, განცდის, სინდისის, ასევე მომავლისა და წარსულის ერთიანობის ანალოგია შექმნა.
ბანქოს თაღლითის (ვლადიმერ ნოვოსარდოვი) და იანა ვრუბელსკაიას ახალგაზრდა ქალბატონის (მარიამ კიტია) დაბალანსებულ რეპლიკაში, ხანდახან პაუზა სჭარბობს. ანდრო ენუქიძემ როგორც ჩანს, სწორად აღიქვა განცდების ორგვარობა და ამ ორგვარობის ინტერპრეტაცია მოახდინა სცენაზე. მატარებლის უფროსი (სლავა ნათენაძე), წარსულისა და მომავლისადმი ინფანტილური დამოკიდებულებით შეპყრობილი პერსონაჟი, დროდადრო სიმბოლურ წრეს დაარტყამს სცენას თავისი თვითგორიათი და ძალზე მშვიდად განაგრძობს შესაძლებელი მარშრუტის განხილვას პერსონაჟებთან, რომელთა მომავალი ეს გზაც კი არ არის. არავინ იცის, არსებობს კი ეს იდუმალი, ან კრებითი „მოკარნახე“ სადღაც, რომელიც დროდადრო გვატყობინებს, თუ რა გზით წავა მატარებელი. მწერლის ალეგორიულ მოტივებთან ერთად რეჟისორის კონცეპტუალური სქემაც იხვეწება.
სპექტაკლის თხრობით დინებაში ვხედავთ ყოველი დრამატურგიული დეტალის საფუძველს ლიტერატურულიდან კინოსარეჟისორო ინტერპრეტაციამდე, რაც რეფლექსიის განსხვავებულ ფორმას ქმნის. მხატვრულ სახეთა შესაბამის იდეასა და მათ ინტერპრეტაციას შორის მოქცეული მხატვრული მახასიათებლები, ამ სპექტაკლში გამორჩეულ, თავისუფალ მოვლენად ყალიბდება. მოვლენების ჯაჭვი ერთიანია, თუმცა მოქმედების ხასიათი ყოველ პერსონაჟში განსხვავებულია. პირობით წრეში მოქცეული სოციალური ალეგორია იმდენად საინტერესოა, რომ უნებლიედ ჩნდება კითხვა, თუ როგორი იქნებოდა მწერლის მიერ შექმნილი ეს სამყარო, უფრო მეტად რომ გაგვეფართოებინა წრე და რამდენად მოქნილია ის ფსიქოტიპების არეალის მიმართულებით. მხატვარმა (თეო კუხიანიძე) სეპიას ეფექტის მსგავსი ტონალობით წარმოაჩინა წრის უსასრულობაში მოქცეული, ილუსტრაციის გმირებივით ექსტრავაგანტურად გამოწყობილი პერსონაჟები. მათ ქცევაში თვისებების გადანაწილება-გადატანა ერთდროულად მიმდინარეობს, რაც ყველაფერს ცვლის – დამოკიდებულებებს, მოტივაციას, ხანდახან დროის შეგრძნებასაც კი. ალექსეი პიროჟკოვი, პროვინციული თეატრის მსახიობი (ოლეგ მჭედლიშვილი) და მამაკაცი ძეხვით (ლუკა ჯიშკარიანი) – კონკრეტიკისა და სიურრეალისტური ჩარჩოს მსგავს სინთეზს ქმნიან. ალექსანდრე პოტიომკინს შეუძლია, ამ ორი პერსონაჟის მიხედვით სოციალური სინამდვილიდან სიურრეალისტური მარცვალი გამოაცალკეოს. პროვინციული თეატრის მსახიობის, ალექსეი პიროჟკოვის ფარული „მე“ ისეთივე მყიფეა, როგორც, მაგალითად, მწერლის პერსონაჟების ერთი ნაწილი, მოთხრობიდან „მაგიდა“. ამ მოთხრობის გმირები კი ავტორის კიდევ რამდენიმე ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი („სოლო მონო“, „რუსი პაციენტი“) იგავური ალეგორიისა და განზოგადების ნიშნებით გამოირჩევიან. ფიოდორ ნესლოვის რეაქციული ხასიათის მსგავსად, „ბუკმეიკერ-ექსპრესის“ გმირებიც იმავე პრინციპით იწყებენ და აგრძელებენ ერთი ხანგრძლივი ცხოვრებიდან მონაკვეთად ამოღებული ამბის თხრობას.
სცენაზე ამ მატარებლის პირობითი წრის თანამონაწილედ მსხდომ მაყურებელს შეუძლებელია, არ გაუჩნდეს იმის განცდა, რომ სიზმარში თანამედროვე სამყაროს ნამდვილ სახეს ხედავს და ხვდება, რომ სიურრეალისტური პირობითობის თანახმად, მათ იგივე მატარებლის გამცილებლის ხმა გამოაღვიძებს. რეისზე აღმოჩენილი სოციალური სიჭრელე ერთგვარი მოცემულობაა, რომელიც, თავის მხრივ, ცვლის ჩვენ დამოკიდებულებას რეალობისადმი. ყოველ ახალ სცენაში დრამატურგიის ეს თავისებურება საშუალებას გვაძლევს, სოციალური სინამდვილის თემა გავაანალიზოთ. ორი სრულიად უნიკალური პერსონაჟი, ზომიერად გამოყენებული ეთნიკური მახასიათებლებით, სამველი (ბიზნესმენი, მატარებლის მგზავრი – ზურაბ ჭიპაშვილი) და სპარტაკი (ბიზნესმენი, მატარებლის მგზავრი – გიგა კაკუბავა), ამ სოციალურ -მენტალურ პორტრეტში არა უბრალოდ ორი სახე, არამედ ჩამოყალიბებული და სავსე ხასიათია. თემატური ინტერპრეტაცია ნებისმიერი ავტორის ნამუშევარში განსხვავებულია, მაგრამ გზა პირობითი სივრციდან რეალიზმამდე, ამ დრამატურგიის დიალექტიკური შემეცნების საშუალებას გვაძლევს. ეს კი ზუსტად მიგვითითებს იმაზე, თუ სიუჟეტის განვითარების რა მარტივ სტანდარტებზე თქვა უარი ავტორმა. როგორც ჩანს, ალექსანდრე პოტიომკინი არასდროს ეძებს იოლ გზას პერსონაჟთა მახასიათებლების თავმოყრისას.
სპექტაკლის ფორმის ინტერპრეტაცია, რა თქმა უნდა, სათქმელის და ამ სათქმელის მხატვრული ჩარჩოს მოძებნის პროცესს ეფუძნება, რაც მთლიანობაში დრამატურგიულ სტრუქტურას ქმნის. პოტიომკინის შემოქმედების ძირეული მოტივების უნარი კი არ ექვემდებარება მხოლოდ დროის ინტერესებს. ის ქმნის მხატვრულ მოტივთა განზოგადების უნიკალურ სისტემას, რომელიც ყოველთვის განსხვავებულია მის ნაწარმოებებში. არც ერთი მოტივი მწერლისთვის უკვე ნაცნობი სიუჟეტების ინტერპრეტაციად არ მოიაზრება, ვინაიდან ყოველ ჯერზე ახლიდან აღმოჩენილ თხრობით მოდელს გვთავაზობს.
„ბუკმეიკერ-ექსპრესის“ დრამატურგიული მიკროსამყარო პირობითობის, თანამედროვე იგავის ჟანრული ფორმების ცვლილებებს უკავშირდება. ჩანს, რომ ამ ხასიათების ინტერპრეტაცია ერთ მთავარ პრინციპს – ხილულ განზოგადებას ეყრდნობა. ნებისმიერი წამიერი კონფლიქტი, რომელიც ვაგონში ვითარდება, ამბის დრამატურგიული წინაპირობაა და, შესაბამისად, სათქმელის შესატყვისს გულისხმობს. მატარებლის გამცილებელი და უფლებააყრილი ბედისწერის მოტივი უეცრად, ბუნებრივად ერთიანდებიან ამ ავანტიურულ წრეში. სევდიანი ასოციაციები ჩნდება – შუქ-ჩრდილის მონაცვლეობა მოქმედ გმირთა გამომეტყველებაში, წამიერად ნიღბებს მოგვაგონებს და თითქმის მაშინვე, როგორც კი მატარებლის მგზავრებს ნაცნობ მიმართულებას „შეახსენებენ“, ყოველ მათგანს, გამცილებლის და მატარებლის უფროსის ჩათვლით, უბრუნდება იგავისთვის დამახასიათებელი გროტესკული განწყობა. ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც სცენაზე ვხედავთ, ყველა ხმოვან-ხედვითი დეტალი, ერთიანი ალეგორიაა.
თუმცა, არსებობს ასევე მისტიფიკაციასთან ახლოს მდგომი და სიურრეალისტური, შერეული მოტივებიც პოტიომკინის თხრობაში. ალტინოვის თანამგზავრი იულია ბოიაროვა, ესთერ დეკრიუ, იანა ვრუბელსკაია – ამ სამივე პერსონაჟში ავტორი სინამდვილიდან შეთხზულის მეტაფორას ეძებს და მაყურებლის ასოციაცია სწორედ სახე-სიმბოლოებთან კავშირში ჩნდება.
ნებისმიერი ნაწარმოების იდეის განსაზღვრის შემდეგ თხრობის ყველაზე რთული გზა იწყება და ის იდეის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფორმების შემთხვევაშიც კი დამოუკიდებლად იწყებს არსებობას. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ გრძელდება მწერლურ, პირობით ფორმებზე მუშაობის პროცესი დიდი ხნის განმავლობაში და იგავიც, როგორც ალეგორიის რთული გზა, სხვადასხვა ჟანრში იკიდებს ფეხს. ალექსანდრე პოტიომკინის დრამატურგიულ ნაწარმოებებში, მოთხრობებში, იგავის პირობითობა იმდენად ტევადია, რომ მეტ განზოგადებას არ საჭიროებს.
ავტორები, რომლებიც XX საუკუნის 20-ან წლებში თვლიდნენ, რომ ფორმა განსაზღვრავს სათქმელს, საბოლოოდ მაინც სათქმელთან მიდიოდნენ – ის ფაქტი, რომ ვიზუალური ქმედება არსებობს, ნიშნავს შემდეგს – არსებობს თავად ამბავიც. თუ როგორ, რა გზით ხდება მისი ინტერპრეტაცია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ სიურრეალიზმის გამოცდილებით თუ ვიხელმძღვანელებთ, დავინახავთ, რამდენად თავისუფალ და ამავე დროს, მოულოდნელ აზრობრივ რკალში შეიძლება მოექცეს ასოციაციების ფორმაც დრამატურგიაში.
დრამატურგიის მკაცრი საზღვრების უარყოფით, ავანგარდული იდეა ისტორიულად ხშირად ცვლიდა ტრადიციული თხრობის ყველა ნიშანს, გარდაქმნიდა სტილის საკითხებს, უარყოფდა ნებისმიერ რადიკალიზმს და რაც მთავარია, მაყურებლის ან მკითხველის წარმოდგენაში სათქმელის უჩვეულო ფორმებს ამკვიდრებდა. ისტორიამ ეს უნარი გამორჩეულ დრამატურგიაში შემოინახა, სადაც ყოველი ნაწარმოები განსხვავდება სტილით, აზროვნების ორიენტირით, თავისუფალი იდეის ხარისხით. ალეგორიის ძიებაში, მსოფლიო დრამატურგიის უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად, რეალური, ყოფითი, ახალი დეტალების გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე რთული გზაა და საბოლოოდ, ამ გზასაც გააჩნია თავისი ინდივიდუალური სახე. ასეთი მკვეთრი ინდივიდუალიზმის მატარებელია ალექსანდრე პოტიომკინის თხრობა. ის უჩვეულოდ მრავალფეროვანი შესაძლებლობების მქონე მწერალია, რომელიც ყოველთვის „შორი მანძილიდან ხედავს მორევს“.
Section – Parallel
Ketevan Trapaidze – „Calmly follow this stream, it will show you whirlpool from afar…” Part I
The author reviews the play “Bookmaker-Express” staged by director A. Enukidze in Alexander Griboedov’s Russian Drama Theater; It draws a parallel with the literary works of the play’s author – Alexander Potemkin and their stage interpretation versions. He notes that “one part of the writer’s creativity reminds us of the artistic aspects of directing. Often, the different characteristics of dramaturgy lead to such sharp forms of his worldview, as we can see in the content of his work – “The Russian Patient”. In any case, this is a prerequisite for great drama.”