დიდებსა და ბავშვებს შორის განსხვავება მათი სათამაშოების ღირებულებაშიაო – რობერტ ფროსტი წერდა.
ბავშვობიდან დიდობამდე სათამაშოები გვზრდის და გვცვლის.
მედეა კუჭუხიძეს სათამაშოები არ ჰქონია ბავშვობაში, თურმე.
ამიტომაც ისწრაფოდა მთელი სიცოცხლე, ალბათ, სათამაშოებისაკენ და იქნებ, ამიტომაც მივიდა თამაშამდეც – თეატრამდე; რეჟისორობამდე, სცენამდე, პარტერამდე.
ასეა – სათამაშოა ჩვენი პირველი არტისტიცა და რეჟისორიც…
მედეა კუჭუხიძეს ომმა წაართვა ეს განცდა.
გული მაინც იქ და იქით მიუწევდა – მედალოსანმა თეატრალური ინსტიტუტისკენ გასწია;
ისევ წააგო – არც ინსტიტუტში მიიღეს.
მერე ჭედა თავისი ბედი; ჭედა და მაინც გამოჭედა.
სანკულტურის თეატრიდან სოხუმის თეატრამდე, სოხუმიდან ისევ თბილისამდე, ვერიკო ანჯაფარიძემდე, პირველ დიდ სარეჟისორო წარმატებებამდე, მარჯანიშვილის თეატრამდე… მარჯანიშვილის პრემიამდე;
თეატრიდან და თეატრალური უნივერსიტეტიდან გამოშვებამდე (თუ გამოგდებამდე)…
და ისევ გამოჭედა მაინც!
გამოჭედა თავისი კლდესავით ხასიათიც! გონიც! ინტელექტიც! სიამაყეც! თვითკმარობაც! მაგრამ სათამაშო მთელი ცხოვრება ენატრებოდა, თურმე. სათამაშო იმ დროში, როცა ომი იყო და პატარა გოგო სიზმარში ხედავდა მხოლოდ ფაიფურის ფიგურებს.
თამაშზეც დარდობდა – შოუდ გადაქცეულ თეატრალურ თამაშზე – ეს სევდაც წაჰყვა თან –
10 თებერვალს მედეა კუჭუხიძე 87 წლისა გარდაიცვალა.
არავინ იცის, ვინღა მოგვიყვება დღეის ამას იქით იმ განუმეორებელ „პროვინციულ ამბებს“?
ვინ ჩაგვახედებს აბსურდამდე მისულ ადამიანთა „შიშებში“? ვისთან ერთად გავივლით ყოველდღიურობის „ჟამთა სიავეს“? ვისღა ვეცეკვებით „ძველ ვალსს“? სადღა მოვისმენთ ძილის წინ ამბავს „სამ ასულსა“ და „ტყის ქალებზე?“ ვინღა გვადარდებს „შეყვარებულთა თვითმკვლელობაზე“?
ვერავინ!
რადგან დასრულდა!
დასრულდა ამბავი დიდ თამაშსა და დაბადებიდანვე დიდად დაბადებულ პატარა გოგოზე!
The little girl who was born great – In Memory of the Famous Georgian Director and Pedagogue – Medea Kuchukhidze