გიორგი ჯაბაური ტოტოლას როლში სპექტაკლიდან ავაზაკები

„იმ განაპირა უბნებში“

, ,

გასულ წელს 130 წელი შესრულდა სახალხო თეატრის დაარსებიდან; 1909 წელს სპეციალურად აშენდა ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლი, დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრი.

ამ ისტორიული პროცესის ერთ-ერთი მოთავე გახლდათ სცენისმოყვარე მუშა, მსახიობი, პოეტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს დამსახურებული არტისტი – გიორგი ნინიას ძე ჯაბაური (1874-1962).

გთავაზობთ ამონარიდს გიორგი ჯაბაურის მოგონებების წიგნიდან და პირადი არქივიდან, რომელიც დაცულია ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში. მოგონებები ასახავს ქართული თეატრალური კულტურისა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების მთელ ეპოქას.    

ლევან მიზანდარი

„ძველად, იმ განაპირა უბნებში, სადაც გიორგი ჯაბაური მოღვაწეობდა, არ იყო არავითარი გართობა, არც კლუბი, არც კინო-თეატრი, ხალხი მისდევდა ყომარბაზობას, ლოთობას. მახსოვს, პირველ წარმოდგენებზე მაყურებელი თეატრში ჯერ კიდევ სველი ხელადით მოდიოდა და ანტრაქტების დროს პატარა ქეიფს ჰმართავდა. და აი, გიორგი ჯაბაური ერთი იმ მუშაკთაგანი იყო, რომელმაც საძირკველი ჩაუყარა მუშათა რაიონის სპექტაკლებს და ხალხში თვითგანვითარების სხივი შეიტანა“.

იოსებ გრიშაშვილი

80 წელს გადაცილებული ვარ, კარგა ხანია სცენას ჩამოვშორდი, სიარული მიმძიმს, მაგრამ საკმარისია მითხრან, ა. ცაგარლის კომედიის – „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ ალალ-მართალი, გამბედავი, მეგობრისათვის თავდადებული გიჟუა ითამაშეო, მე მგონია, წელში გავსწორდები, ხელს გავშლი და ბაღდადურს ჩამოვუვლი. 1893 წელს, ავჭალის აუდიტორიის გახსნისას, გიჟუას როლი შევასრულე და ჩემი სცენიური მოღვაწეობაც გიჟუათი დავასრულე.

დავიბადე ქალაქ თბილისში 1874 წელს. მამაჩემი ქართლის სოფელ ლამისყანიდან იყო ჩამოსული ქალაქში სამუშაოდ. პირველდაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ დედამ სახელოსნო სასწავლებელში მიმაბარა. ღარიბებისათვის პირდაპირ სულზე მისწრება იყო ეს სასწავლებელი. რაც მთავარია, სადილსაც იქვე გვაჭმევდნენ. ნახევარი დღე დათმობილი ჰქონდა ხელობის სწავლებას. მე სადურგლო ხელობა ავირჩიე. ეს სასწავლებელი იყო ჩემი აღმზრდელი, ჭკუის მასწავლებელი, სწორ გზაზე დამყენებელი.

ერთ დღეს სახელოსნო სასწავლებელში ხმა გავრცელდა, უფროსი კლასის მოწაფეები წარმოდგენის დადგმას აპირებენო. სადურგლო განყოფილების უფროს მოსწავლეს – დიმიტრი იორდანიშვილს ეჭირა ხელში რვეული და რაღაცას იზეპირებდა. სიტყვები ისე მომეწონა, რომ მალე მეც დავისწავლე ზეპირად და ყარაჩოღულად ლაპარაკში მას ვბაძავდი. არც პიესის შინაარსი ვიცოდი და არც მისი ავტორის ვინაობა. ეს კი შევიტყვე, რომ მოქმედ პირს გიჟუა ერქვა. დადგა სანატრელი დღეც. სამშაურიანი ბილეთი მომცეს და წყნეთის ქუჩაზე წავედით მოწაფეები. სპექტაკლი ჩვენივე მოსწავლის – გიორგი კვიჟინაძის ბინაში გაიმართა. აივანზე ხალიჩებით მოეწყოთ სცენა და ეზოში კი სკამები დაედგათ. სპექტაკლში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ სახელოსნოს სასწავლებლის მოსწავლეები. როგორც შემდეგში შევიტყვე, დგამდნენ ავქსენტი ცაგარლის პიესას – „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. ამ სპექტაკლმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით შემიყვარდა გიჟუას როლის შემსრულებელი. მთელი კვირის განმავლობაში იმის სიტყვებს ვიმეორებდი. სახლში, გარეთ, სკოლაში სულ გიჟუა მედგა თვალწინ და მინდოდა, ჩემთვის მაინც მეთამაშნა ეს როლი. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემმა სკოლის ამხანაგმა ი. ძნელაძემ მიყიდა 25-კაპიკიანი ბილეთი და ქართულ თეატრში წამიყვანა. ვნახეთ გ. ერისთავის „სამშობლო“ და აღტაცებული დავბრუნდი შინ. გამიტკბა თეატრი და მეორე კვირას ვალერიან გუნიას „და-ძმა“ ვნახეთ. თეატრის სიყვარულის „სენით“ დავავადმყოფდი და უამისოდ ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა. ერთი აზრი ამეკვიატა, რაც უნდა დამმართოდა, შინაური წარმოდგენა უნდა მომეწყო.

არ გაუვლია დიდხანს, რომ ჩემი აზრის განხორციელებას შევუდექი. მე ვცხოვრობდი წმინდა ნინოს სასაფლაოს ახლო. სცენა მოვაწყეთ ისაკა ძნელაძის სახლის აივანზე. მოვრთეთ ხალიჩებითა და ფარდაგებით. შევაგროვეთ მეზობლებში სკამები და მოვიწვიეთ უფასო წარმოდგენაზე. შუა წარმოდგენა გვაქვს, ისაკას დედა დაბრუნდა და დაუწყო ისაკას ლანძღვა – ეს რა გიქნია, შე ჩემი ცოდვით სავსეო. ხალხმა დაამშვიდა აღელვებული დედაკაცი და უდროოდ შეწყვეტილი წარმოდგენა გაგრძელდა. ეს იყო ჩვენი პირველი საჯარო გამოსვლა, 1891 წლის ზაფხულის ერთ-ერთ კვირა დღეს.

რაკი პირველი სპექტაკლის სიტკბოება ვიგემეთ და სცენისადმი სიყვარული ძვალსა და რბილში გაგვიჯდა, რაკი ტაშის ძლევამოსილი ძალა გამოვცადეთ, უკან დახევა აღარ შეგვეძლო.

ჩვენს უბნის წარმოდგენებს მაყურებელი არ აკლდა, გავთამამდით და ზოგჯერ კვირაში ერთ წარმოდგენას ვმართავდით. ბევრი თუ დაგვცინოდა – ბერიკებსა და პამპულებს გვეძახდა, ბევრი პატივისცემით გვეპყრობოდა. რეპეტიციებს უფრო ხშირად ვასო თევდორაშვილის სახლში ვმართავდით. მისი დედა თანაგრძნობით უყურებდა ჩვენს საქმეს და ხშირად თონიდან ახლადამოყრილი ლავაშებით გვიმასპინძლდებოდა.

საუბნო წარმოდგენების ინიციატორებმა ჩვენი სამოქმედო გეგმაც შევადგინეთ და წესდებაც შევიმუშავეთ. ვინაიდან სპექტაკლების მოწყობას მცირეოდენი ხარჯი სჭირდებოდა, დავადგინეთ ამხანაგობის თითოეულ წევრს თვეში ათი შაური შეეტანა სალაროში. წესდება ითვალისწინებდა რეპეტიციაზე დაუგვიანებლივ გამოცხადებას, რეჟისორის განკარგულების უსიტყვოდ შესრულებას და სხვ. ვისაც როლი არ ეცოდინებოდა, ათ შაურამდე ჯარიმა უნდა გადაეხადა. საყურადღებოა, რომ ისეთი მტკიცე დისციპლინა დამყარდა, გეგონებოდათ, წრის წევრებს ხელფასი აქვთ დანიშნულიო. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ დღე ყველანი ვსწავლობდით, ზოგი უკვე მუშაობდა და ყოველ საღამოს დაღლილ-დაქანცულნი დაუგვიანებლივ ვცხადდებოდით რეპეტიციაზე. ამხანაგობის თავმჯდომარედ ავირჩიეთ ხნოვანებით ყველაზე უფროსი ვასო თევდორაშვილი. როცა საწევრომ ერთ თუმანს მიაღწია, თავი როტშილდად დავისახეთ და მომავლისათვის ოცნების კოშკების აგება დავიწყეთ. ჯერ-ჯერობით კი ათშაურიანი გრიმის ყუთით და უბრალო ზიზილ-პიპილებით ვკმაყოფილდებოდით. შევიძინეთ სათამაშო რევოლვერები (პუგაჩები). ჩვენს რეპერტუარში შედიოდა ავქსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ბაიყუში“, ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“, გიორგი ერისთავის „ძუნწი“, ივანე მაჩაბლის „ადვოკატი მელაძე“ და სხვ.

ერთხელ კუკიაში ვ. გუნიას „და-ძმა“ დავდგით. მახსოვს ამ სპექტაკლისათვის ტანსაცმელი შევაკერინეთ ჩვენ მიერ კაპიკობით მოგროვებული თანხიდან და ჩვენი სალაროც დაიცალა. უფასოდ გამართულ წარმოდგენებს ბევრი მაყურებელი ჰყავდა. ვინაიდან ადგილები დანომრილი არ იყო და დამსწრეთ არც ბილეთები ეძლეოდათ ხელზე, წესრიგის დამყარება არც ისე იოლი იყო. ვინც ღონიერი იყო და მკლავი ერჩოდა, პირველ რიგს იკავებდა ან სცენის წინ მოიკალათებდა ხოლმე. ჩემი დეიდაშვილი, მოკრივე და უბნის თვალი, ყარაჩოღელი ღორუა დიდ დახმარებას გვიწევდა და წესრიგს ამყარებდა. ეჭირა ხელში წკეპლა და ვისაც კი შეამჩნევდა წესრიგის დამრღვევს, ერთს ისე გადახედავდა ხოლმე, რომ ძლიერ გამბედავი და თავზეხელაღებული უნდა ყოფილიყო, რომ ურჩობა გაებედნა.  

საუბნო წარმოდგენები და ეზო-ეზო ხეტიალი 1893 წლამდე გაგრძელდა, ვიდრე „ავჭალის აუდიტორიაში“ გადავიდოდით. წარმოდგენებს ვმართავდით წმინდა ნინოს სასაფლაოს უბანში – სხვადასხვა  სახლებში. ერთი სპექტაკლი გავმართეთ ხარფუხის უბანში, აბანოების თავზე. რადგან სპექტაკლებს უნებართვოდ ვდგამდით, პოლიცია რომ არ დაგვსხმოდა თავს, ყარაულებს ვაყენებდით ახლომახლო. უცბად გაისმა ხმა, პოლიცია მოდისო. ჩვენ სასწრაფოდ ფარდა ჩამოვუშვით და გრიმების მოხსნას შევუდექით. თურმე მახლობელ სახლში ცოლ-ქმარს ჩხუბი მოსვლოდა. ქმარს ეცემა ცოლისათვის და მეზობელს პოლიციელი მოეყვანა. როცა აყალმაყალი შეწყდა და პოლიციელი წავიდა, ფარდა ავწიეთ და სპექტაკლი განვაგრძეთ.

1892 წლის გაზაფხულზე თბილისში დიდი ხოლერა გაჩნდა. ეპიდემია ხალხს მუსრს ავლებდა, განსაკუთრებით ღარიბ მოსახლეობას. ქუჩაზე ისე ვერ გაივლიდი, რომ სადმე კუთხეში ძონძებში გახვეულ, ხოლერისაგან დაკრუნჩხულსა და გაშავებულ ადამიანს არ წასწყდომოდი. ქალაქის თვითმმართველობამ უბნებში „ბარაკები“ და საჩაიეები გახსნა. ყველა მოქალაქეს უფლება ჰქონდა, შესულიყო საჩაიეში, ჩაი დაელია უფასოდ, პური შეეტანებინა და მაძღარი კუჭით ხოლერის ბაცილას შებრძოლებოდა. ერთი ასეთი საჩაიე ქალაქის თვითმმართველობამ ავჭალის ქუჩაზე გახსნა. საბჭოს ქუჩას მაშინ ავჭალის ქუჩა ერქვა და საჩაიეც შუა მოედანში ახლანდელი ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში მდებარეობდა საკოლმეურნეო ბაზრის გასწვრივ. გათავდა ხოლერობა და საჩაიეც დაიკეტა.

ამ დროს ქალაქში არსებობდა ეგრეთწოდებული „სიფხიზლის საზოგადოება“, რომლის თავმჯდომარე იყო რკინიგზის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ნიკო ხუდადოვი. აი, ამ სიფხიზლის საზოგადოებამ ისარგებლა დაკეტილი საჩაიეთი და შიგ ლექციები მოაწყო ბუნდოვანი სურათების ჩვენებით. ლექციები რუსულ ენაზე იმართებოდა. ჩვენი ყურადღება ამ საჩაიემ მიიპყრო, მით უმეტეს, რომ ჩვენ, ყველა სცენისმოყვარე, იმ უბანში ვცხოვრობდით. ბევრჯერ ვნატრობდით შიგ წარმოდგენის გამართვას. ბოლოს გადავწყვიტეთ გვეცადა ბედი და მივსულიყავით ხუდადოვთან. ექიმი ხუდადოვი შინ ავადმყოფებს იღებდა, ჩვენც დრო შევურჩიეთ და მიღების საათებში მივედით. ავუხსენით მისვლის მიზანი, ვუთხარით, ჩვენ თბილისის სახელოსნო სკოლის მოწაფენი ვართ, ორი წელიწადია შინაურულ წარმოდგენებს ვმართავთ უბანში. ჩვენი მიზანია იაფფასიანი წარმოდგენები გავუმართოთ ღარიბ ხალხს. ამისათვის შენობა არა გვაქვს და თუ მოგვიხერხებთ და ნებას დაგვრთავთ თქვენს აუდიტორიაში, სადაც ლექციებს კითხულობთ, ჩვენც გავმართავთ წარმოდგენებს-თქო. ხუდადოვს ძალიან მოეწონა ჩვენი ასეთი თავაზიანი ლაპარაკი და გაუკვირდა კიდეც, რომ ასეთი ახალგაზრდები ამ აზრისანი ვიყავით (თურმე ხუდადოვი ხალხოსანი ყოფილა, ჩვენ მაშინ არც კი ვიცოდით, რა იყო ხალხოსანი). ხუდადოვმა მიგვიწერა წერილი მარიამ ალექსანდრეს ასულ არღუთინსკისთან (ისიც ხუდადოვის თანამოაზრე ყოფილიყო), რომელმაც დიდის სიხარულით მიგვიღო და გაგვგზავნა სკოლის მასწავლებელ ვერა ქართველიშვილთან. ამ ქალმა რომ დაგვინახა, ორივე ხელი გაშალა და მოგვმართა, სადა ხართ, ჩვენ თქვენისთანა ყმაწვილებს ვეძებთო. ასეთმა თანაგრძნობამ ენერგია ერთი-ორად შეგვმატა. აი, ამათ აგვიღეს პირველად წარმოდგენის გამართვის ნებართვა მაშინდელი პოლიცმეისტრისაგან, მიგვიწერეს არშაკუნის თეატრთან. იქიდან მოგვცეს წინა ფარდა და რამდენიმე დეკორაცია. შევუდექით სცენის გაკეთებას. ხელოსნის დაქირავება არ გვჭირდებოდა, რადგან ხელოსნები ჩვენ თვითონ ვიყავით, მე – დურგალი, დანარჩენები ზეინკლები. გავანგრიეთ გატიხრული კედელი, დავშალეთ ჩაის ასადუღებელი კუბი, გადავყარეთ იმის ღორღი. იქვე მახლობლად ხე-ტყის მასალა ქარხნიდან გადმოვიტანეთ შეგროვილი ფულით და შევუდექით სცენის გაკეთებას.

დასადგმელად ავირჩიეთ ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. კატინას როლის მოთამაშე ქალი არა გვყავდა, თუ უბნებში ბიჭი თამაშობდა ქალის როლს, ახლა ეს აღარ შეიძლებოდა, რადგან ოფიციალური წარმოდგენა იყო. ვიშოვნეთ ერთი მოსარეცხე დედაკაცი, გვარად იმედოვი, ვკითხეთ, რა უნდა მიგვეცა გასამრჯელო, იმან გვითხრა: – აი, შვილო, მე დღეში თოთხმეტ შაურად ვმუშაობ, მომეცით ეს საფასურიო. წერა-კითხვა არ იცოდა და როლი ზეპირად შევასწავლეთ. ამ საუბნო წარმოდგენებში რეჟისორობას მე ვეწეოდი და ახლა, რაკი ოფიციალურად უნდა გაგვემართა წარმოდგენა, ავირჩიეთ რეჟისორად იოსებ იმედაშვილი, როგორც ჩვენზე უფრო გამოცდილი და შევუდექით რეპეტიციას. მე ვთამაშობდი ჩემს საყვარელ როლს – გიჟუას. მოვამზადეთ პიესა, მოვაწყეთ სცენა და პირველი სახალხო თეატრის სცენის ფარდა აიხადა. ეს იყო 1893 წ. სექტემბერში. შესვლა უფასო იყო. აუარებელი ხალხი მოგვაწყდა. დაესწრო თვით ექიმი ხუდადოვიც და გვისურვა წარმატება. ხუდადოვის რჩევით ფანჯრები გავაღეთ, ჰაერი შემოვიდესო. გაღებისთანავე ჰაერთან ერთად ხალხიც შემოცვივდა და რამდენიმე მინა გაგვიტეხეს.

ამ პირველი წარმოდგენის შემდეგ ექიმ ხუდადოვს ვთხოვეთ, ნება მოეცა, ბილეთების ფასი თითო შაური დაგვეწესებინა ხარჯების დასაფარავად. ხუდადოვმა ნება დაგვრთო. სულ იყო 20 რიგი. იტევდა 287 კაცს, შემოსავალი იყო 14 მანეთი და შვიდი შაური.

მეორე წარმოდგენა იყო „და-ძმა“ ვ. გუნიასი. ამ წარმოდგენის დროს ამხანაგობას შემოგვიერთდა მოწაფე ქალი ეკატერინე იოსელიანი (შემდეგ ჩემი მეუღლე – ეკ. ჯაბაური) და მარინეს როლი ითამაშა. ეს იყო პირველი სცენისმოყვარე ქალი, რომელმაც გაბედა სახალხო თეატრის სცენაზე გამოსვლა. მაშინ ქალებს სირცხვილად მიაჩნდათ ეს, რაც ძალიან გვაფერხებდა. მესამე წარმოდგენა იყო „არსენა“ ალ. ყაზბეგისა. ეკატერინე იოსელიანი ნინოს როლს თამაშობდა, მე არსენა ვიყავი. ასე, თანდათანობით დავიწყეთ წარმოდგენების მართვა, მალე საზოგადოების ყურადღება დავიმსახურეთ და ბევრი ინტელიგენტი ქალი და კაცი შემოგვიერთდა. ზოგი გამგეობის წევრად იყო, ზოგი სცენაზე მონაწილეობდა.

ჩვენს წარმოდგენებს ხალხი მუდამ აუარებელი ესწრებოდა. მაყურებლებიდან ისეთებიც იყვნენ, რომლებიც წინასწარ ყიდულობდნენ რამდენიმე ბილეთს და საღამოს ძვირად ჰყიდდნენ. ჩვენი მიზანი იყო წარმოდგენებს ქარხნის მუშების უმრავლესობა დასწრებოდა, ამისათვის ისე მოვაწყეთ, რომ ბილეთები ქარხნებში მიჰქონდათ და ჯამაგირის მიღებამდე მუშებს ნისიად ურიგებდნენ.

სცენისმოყვარეებს გვევალებოდა შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ თვითონ გვეშოვნა ტანსაცმელი. ტანსაცმელს იმ შემთხვევაში ვქირაობდით, როცა კლასიკურ ან ისტორიულ პიესებს ვდგამდით. მომაგონდა ერთი კურიოზი: მე ვთამაშობდი არსენას როლს და მჭირდებოდა გლეხური ჩოხა-ახალუხი. სწორედ იმ დღეს, როცა სპექტაკლი უნდა დაგვედგა, ჩვენი აუდიტორიის მახლობლად ჩვენებურ, ლამისყანელ გლეხს შევხვდი. მოვიკითხეთ ერთმანეთი. რაკი შევიტყვე, რომ იმ ღამეს თბილისში რჩებოდა, ვუთხარი: ამაღამ, მოდი წარმოდგენას განახვებ და შენი ჩოხა-ახალუხი და ქალამნები გვათხოვე-მეთქი. ხელი მოვკიდე და აუდიტორიისაკენ მინდოდა წამეყვანა. გლეხმა უკან დაიხია და ეჭვის თვალით შემომხედა. იფიქრა, უეჭველია გიორგი ჯაბაური ქურდების ჯგუფში მოხვედრილა და ჩემი გაძარცვა უნდაო. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ დავარწმუნე ჩემს სიმართლეში. ამ ლაპარაკის დროს გამოიარა ჩვენმა გამგეობის თავმჯდომარემ მარიამ დემურიამ, მან ხელი მოჰკიდა გლეხს და უთხრა: ჯაბაური მართალს გეუბნება, შვილო. გლეხმა რომ დაინახა დარბაისელი ქალი, ენდო და წამოგვყვა. ჩოხა-ახალუხი და ქალამნები გავხადეთ, ჩვენი ტანსაცმელი ჩავაცვით, პირველ რიგში დავსვით და სპექტაკლი ვანახვეთ.  

ერთხელ გაბრიელ სუნდუკიანცის „პეპოს“ სპექტაკლზე ჩემი მეზობლები დავპატიჟე. პეპო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი როლი იყო და მინდოდა, მეზობლებს ვენახე ამ პიესაში. მადლობის ნაცვლად დიდი საყვედური დავიმსახურე, გიორგიმ გაგვამასხარავა და ჩვენი ოჯახის ამბავი „თეატრში“ წარმოადგინაო. საქმე შემდეგში იყო: როგორც ვიცით, პეპოს დას კეკეს სიძე თავს ანებებს ქრთამის მიუცემლობის გამო. პეპოს ოჯახის ტრაგედია აქედან იწყება. დანიშნულზე ხელის აღება მაშინ დიდ სირცხვილად ითვლებოდა. თურმე ჩემს მეზობლებსაც ანალოგიური შემთხვევა დაემართათ. სიძეს შეპირებული ქრთამი ვერ მისცეს თურმე და თავისი მოტანილი ბელგა უკან მოითხოვა. ჩემს მეზობლებს ეგონათ, ეს ამბავი მე ვიცოდი და სცენაზე გავაბიაბრუე. ბევრი ვუმტკიცე, რომ ეს პიესა გაბრიელ სუნდუკიანცმა დაწერა და აზრადაც არა მქონია მათი ოჯახისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. დიდხანს უმძრახად იყო ეს ოჯახი ჩემთან.

სახალხო თეატრმა დიდი როლი შეასრულა მუშათა გათვითცნობიერების საქმეში. ჩვენსა და მაყურებელს შორის მჭიდრო კავშირი იყო დამყარებული. თუ სცენაზე გმირი იტანჯებოდა, მაყურებელიც მასთან ერთად ცრემლს აფრქვევდა; გმირის სიხარული მაყურებლის სიხარული იყო. მაყურებელსა და სცენას შუა ზღუდე თითქოს ქრებოდა და ყველანი ერთი აზრით იმსჭვალებოდნენ.

ჩემი მუშაობა მარტო ავჭალის აუდიტორიით არ განისაზღვრებოდა. ხშირად ვიღებდი მონაწილეობას ავლაბრის, ხარფუხის, საბურთალოს, ნაძალადევის და სხვა უბნების დრამატული წრეების წარმოდგენებში. ხშირად მიწვევდნენ ამა თუ იმ უბნის სცენისმოყვარეები დასახმარებლად, რჩევა-დარიგებისათვის.

ჩვენ, ავჭალის აუდიტორიის სცენისმოყვარე მუშები, ქართველი ინტელიგენციისათვის გავხდით ცნობილი. გაზეთ „კვალის“ ერთი თანამშრომელი – სოფიო ციციშვილი ჩვენს სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას. მისი წყალობით გავიცანი ანასტასია წერეთლისა (გაზეთ „კვალის“ რედაქტორი) და მისი მეუღლე – ცნობილი მწერალი და თეატრალი გიორგი წერეთელი. გიორგი წერეთელმა დიდი ყურადღება მოგვაქცია და ყოველმხრივ გვეხმარებოდა, რომ უკეთ წარგვემართა საქმე. სისტემატურად გვიმართავდა საუბრებს, გვაცნობდა საქართველოს ისტორიას და გვინერგავდა სამშობლოს სიყვარულს. გიორგი წერეთლის ღვაწლი ფასდაუდებელია ჩვენთვის. რამდენ მუშას აუხილა მან თვალი და შთაუნერგა ხალხის სიყვარული. იგი მუშების მეგობარი, მათი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი იყო.

ყოველი სპექტაკლი, რომელსაც კი ვდგამდით ავჭალის აუდიტორიაში, პარალელურად მეორდებოდა რკინიგზის თეატრში. ეს თეატრი მდებარეობდა რკინიგზის მთავარი სახელოსნოს წინ გასავალ კართან, ამ თეატრში მისასვლელი გზა სადგურიდან იყო. ტანისამოსის ბოხჩით ხელში რამდენიმე ვაგონის ქვეშ უნდა გავმძვრალიყავით, რომ თეატრში მივსულიყავით. ძნელი იყო თეატრში მისვლა, როცა ავდარი ან ზამთრის ყინვები იყო. ავჭალის აუდიტორიის და რკინიგზის პატარა სცენაზე იდგმებოდა სააგიტაციო პიესები, ამ ჩვენს პატარა სცენაზე რეჟისორობდნენ იოსებ იმედაშვილი, იერემია გულისაშვილი, ნიკო ავალიშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, ილია აგლაძე, გედეონ გედევანოვი (მირაღიანი), ვიქტორ გამყრელიძე, კოტე ყიფიანი, სვიმონ სვიმონიძე, შალვა დადიანი, ალექსანდრე ბადრიძე და სხვ.

როცა რეჟისორი არა გვყავდა, ჩვენ თვითონ, წრის წევრები, მორიგეობით ვდგამდით პიესებს. რა აიძულებდათ ამ წარჩინებულ ჩვენს მოღვაწეებს რკინიგზის ვაგონებ ქვეშ გამძვრალიყვნენ და რეპეტიციებზე ან სპექტაკლებზე მოსულიყვნენ? ისინი ხომ არავითარ გასამრჯელოს არ იღებდნენ? ხალხის სიყვარული – აი, პასუხი ამ კითხვაზე. სახალხო თეატრის ისტორია არასოდეს არ დაივიწყებს ამ თვალსაჩინო მოღვაწეებს და მუდამ მადლობით მოიხსენიებს მათს ამაგს.

ჩვენი მაყურებლები ნაკლებად იცნობდნენ ქართული თეატრის დიდ მსახიობებს. ბევრს ამ თეატრის შენობაც კი არ ენახა. აბა, მუშა როგორ შეძლებდა მანეთი გადაეხადა და წარმოდგენას დასწრებოდა. ბილეთების სიძვირესთან ერთად ეს თეატრი ქალაქის ცენტრში იყო, მუშათა უბნებს ძლიერ დაშორებული. ტრანსპორტი თითქმის არ დადიოდა და ქუჩებიც სიბნელით იყო მოცული. ცენტრშიც კი არ იყო ხეირიანი ქვაფენილები და ღამის წყვდიადში ლაფში სიარული ვის ეამებოდა.

ჩვენი ბუმბერაზი მსახიობების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თუ მუშები მოკლებულნი იყვნენ საშუალებას, ენახათ ისინი დიდ თეატრში, ეს სახელოვანი მსახიობები სრულიად უანგაროდ სისტემატურად იღებდნენ მონაწილეობას ჩვენს სპექტაკლებში. ნატო გაბუნია, კოტე ყიფიანი და მრავალი სხვა ჩვენი მუდმივი პარტნიორები იყვნენ. მათმა მონაწილეობამ ერთი კურიოზი გამახსენა. რკინიგზის პატარა თეატრში იბსენის „ექიმი შტოკმანი“ დავდგით. მთავარი როლის შესრულება ქართველი ერის საამაყო მსახიობმა – ლადო მესხიშვილმა იკისრა. გულისფანცქალით მოველოდით ყველანი დიდი ლადოს გამოსვლას. ყველას გვეშინოდა ხელი არ შეგვეშალა მისთვის, დროზე გვინდოდა მიგვეწოდებინა ჩვენი რეპლიკები ამ იშვიათი ხელოვანისათვის. ეს ნეტარი დღეც დადგა. მოწინავე მუშები სცენაზე ლადო მესხიშვილის გამოჩენას მქუხარე ოვაციებით შეხვდნენ. სცენის ჯადოქარმა თავისი დიდი ოსტატობით მოხიბლა ყველა. ჩვენ, მისი პარტნიორები, საბრალოდ მოვჩანდით მასთან. დაეშვა ფარდა და მსახიობის გამოძახებას დასასრული არ ჰქონდა. მაგრამ დარბაზში აღმოჩნდა ორიოდე ჩემი „ბოლელშჩიკი“ და საერთო შეძახილში დისონანსად გაისმოდა: „ჯაბაური, ჯაბაური“. მე შემრცხვა, არ იფიქროს დიდმა ხელოვანმა, რომ ძალად მაცხონე „კლაკიორები“ დავიხმარე-მეთქი. ვუხმე წესრიგის დამცველს და მოვუწოდე შეეწყვიტათ ჩემი გვარის დაძახება.. ყველა მოქმედების დამთავრების შემდეგ მუშები არ ეშვებოდნენ მსახიობს და დაუსრულებლივ იძახებდნენ. ლადო მესხიშვილი კი უჩვენოდ არ გადიოდა, წინა პლანზე ჩვენ გვაყენებდა და თვითონ გვიკრავდა ტაშს. რა ნეტარი წუთები იყო, როცა ეს ბუმბერაზი თავის ამხანაგად გვთვლიდა და ტაშს გვიკრავდა, რამდენადაც დიდი მსახიობი იყო ლადო მესხიშვილი, იმდენად უბრალო იყო, მუშების ნამდვილი მეგობარი. ჩვენ, მუშებს, მასზე მახლობელი მეგობარი არა გვყავდა. ლადო მესხიშვილი გაურბოდა მაღალი წოდების ხალხთან მეგობრობას, რამდენადაც ვიცი, მათს წრეში არ ტრიალებდა. ჩვენთან, მუშებთან კი ხშირად იყო.

განა ასეთივე ჩვენი მეგობარი არ იყო ნატო გაბუნია. ის თითქმის სულ ჩვენთან იყო, ჩვენი დამრიგებელი, ჩვენი დედა და და. ნატო სისტემატურად იღებდა მონაწილეობას ჩვენს სპექტაკლებში. სხვა მსახიობებიც მოჰყავდა და სრულიად უანგაროდ ემსახურებოდა მუშათა გათვითცნობიერების საქმეს. ჩვენთან ხშირად იყვნენ ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, კოტე ყიფიანი, კოტე მესხი, ვალერიან გუნია, სოსო ივანიძე და მრავალი სხვა.

ავჭალის აუდიტორიას თავისი მუდმივი მაყურებელი გაუჩნდა. ჩვენს სპექტაკლებზე ცარიელ სკამს ვერ ნახავდი. პირიქით, პატარა დარბაზი მსურველთ ვერ იტევდა და დღის წესრიგში დაისვა სხვა შენობის გამონახვის საკითხი. პრესაში იწერებოდა წერილები სახალხო სახლის აშენების საჭიროებაზე. კამათიც კი გაიმართა, სად იქნებოდა უმჯობესი აშენებულიყო მუშათა თეატრი.  

სახალხო სახლის მშენებლობის საკითხი 1900 წლიდან წამოიჭრა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სახლის მშენებლობისათვის საჭირო თანხა იყო გაღებული ზუბალაშვილების მიერ, მთელი 9 წელიწადი მოგვიხდა ცდა, ვიდრე სახალხო სახლში შევიდოდით. ამ ხნის განმავლობაში ჩვენს საყვარელ ავჭალის აუდიტორიას არ მოვშორებივართ და იქ განვაგრძობდით მუშაობას.

სახალხო სახლის მშენებლობა 1907 წელს დამთავრდა. მშენებლობის ხარჯი მრეწველებმა ძმ. ზუბალაშვილებმა გაიღეს. ამიტომ ამ სახლს მათი სახელი ეწოდა. შენობის საექსპლუატაციოდ გადაცემა დაყოვნდა, რადგან გათბობა და ელექტროგაყვანილობა ძლიერ შეფერხდა. ამიტომ დილაობით ამ შენობაში იმართებოდა ლექციები, საუბრები და ხშირად საკონცერტო განყოფილებებიც, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც მომღერლები და მუსიკოსები, ისე პოეტებიც. ასრულებდნენ როგორც რუსულ, უკრაინულ, ქართულ, ისე სხვა ეროვნებათა სახალხო სიმღერებს. მაგონდება ერთი საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დიდმა მგოსანმა აკაკიმ.

1909 წელს სახალხო სახლში გადავბარგდით. ახალი ძალებით გაძლიერებულნი, ახალი რეჟისორით შევუდექით ჩვენს საყვარელს საქმეს. ქართული წარმოდგენების მომწყობ წრეს კვირაში ორი დღე დაგვითმეს. ამ სახლში სხვა ეროვნებათა დრამატული წრეებიც მუშაობდნენ. თეატრი 620 კაცს იტევდა. სცენა ფართო და მაშინდელი ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით იყო მოწყობილი.

პრესამ ჩვენს პრემიერას მაღალი შეფასება მისცა. გაზეთი „დროება“ წერდა: „ეს წარმოდგენა იყო ნამდვილი სახალხო წარმოდგენა. მაყურებლები აღტაცებულნი იყვნენ სცენისმოყვარეთა კარგი თამაშით“.

1912 წელს ჩვენი წრის გამგეობამ რეჟისორად მოიწვია ალექსანდრე წუწუნავა. მისი ხელი მალე დაეტყო სახალხო თეატრს. განსაკუთრებით მოსწონდა ხალხს მასობრივი სცენები, რაც თითქმის უცხო ხილი იყო არათუ ჩვენს თეატრში, არამედ დიდ თეატრშიც. ჩვენ, რასაკვირველია, მასობრივი სცენებისათვის თანამშრომლებს ვერ დავიქირავებდით. დავტრიალდით რკინიგზის დეპოს მუშებში და ერთი თხუთმეტი კაცი ვიშოვნეთ. ისინი ყველა რეპეტიციაზე ცხადდებოდნენ და რეჟისორის დავალებას დიდი მონდომებით ასრულებდნენ. ყველანი აღტაცებული ვიყავით წუწუნავას რეჟისორობით და ყოველ მის დავალებას უყოყმანოდ ვასრულებდით.  

ერთხელ წუწუნავამ რეპეტიციაზე განაცხადა, მე რომ თბილისში პირველად ჩამოვედი და ავჭალის აუდიტორიაში გამართულ წარმოდგენას დავესწარი, იქ სცენაზე ვნახე გიორგი ჯაბაური, ისე მომეწონა, რომ იმ დღიდან შემიყვარდა თეატრიო.

1923 წლის 9 დეკემბერს გაიმართა სახალხო თეატრის იუბილე. მაგონდებოდა ჩვენი წარსული, პირველი წარმოდგენები ამ 30 წლის მანძილზე. სახალხო თეატრი ხომ თბილისის უბნების ცალ-ცალკე მუშაობის ერთი მთლიანი შედეგია. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ მუშებმა დააარსეს სახალხო სახლიო, მაგრამ არც ერთს არავისი გვარი არ დაუსახელებია. ვინც არ გვიცნობდა, ალბათ, ინიციატორები დახოცილნი ეგონა.   

იუბილემ საკმაო თანხა მისცა გამგეობას და ამ უკანასკნელმაც გადაწყვიტა მსახიობების დაქირავება. გაიგეს ხელფასს აძლევენო და ბევრს გაეხსნა მუშაობის მადა. შეადგინეს დასი. მე მარქაფში მომაქციეს და ფაქტიურად განმდევნეს. დგამენ წარმოდგენებს, როლს არ მაძლევენ. შევეკითხე რეჟისორს, რატომ არ მაძლევთ როლს-მეთქი. მიპასუხა, კადრში არა ხართ, როლს იმას ვაძლევთ, ვინც დასში ირიცხებაო. გული ჩამეფუფქა, მეწყინა ეს ამბავი. როცა ფული არ იყო, მე ვიყავი, ახლა კი აღარა ვარ საჭირო, დასში არ მიმიღეს, აღარც როლს მაძლევენ. გული მაინც არ გავიტეხე და სულ მათთან ვიყავი. აბა, როგორ მოვშორდებოდი ჩემს საყვარელ კერას. ფული შემოაკლდა გამგეობას, მსახიობები შემოეფანტნენ და ისევე ჩვენ, სცენისმოყვარენი დავრჩით და განვაგრძეთ მუშაობა.

საჭირო იყო თეატრს პროფესიონალიზმის ხასიათი მისცემოდა. შეუძლებელი იყო ადამიანს დღე ქარხანაში ემუშავნა, საღამოს კი სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა.  ცხადია, სცენისმოყვარეობამ თავისი დიდი მისია შეასრულა და პროფესიონალ მსახიობს დაუთმო გზა. ჩვენ, ძველი სცენისმოყვარეები, დავბერდით. ძნელი იყო ჩვენთვის პროფესიულ დასში მუშაობა და თანდათანობით ამ საქმეს ჩამოვშორდით. მეც ჩემს ქარხანას მივაშურე, მაგრამ სცენის სიყვარული იმდენად ძლიერი იყო ჩემში, რომ ამ დარგში მუშაობასაც განვაგრძობდი. შემოვიარე მთელი ქართლ-კახეთის სოფლები. წარმოდგენების გარდა ხშირად ვმართავდი საუბრებს სწავლის მნიშვნელობის შესახებ. იმ პერიოდში ბევრს იარაღი ჰქონდა ასხმული,  ყოყლოჩინობდა და თავი ამირანად მიაჩნდა. მე კი სწავლის სიტკბოებაზე ველაპარაკებოდი, ჩვენებური დიდი პოეტის – დავით გურამიშვილის ლექსებს ვუკითხავდი და, ცოდვა გამოტეხილი ჯობია, ზედ ჩემს ლექსებსაც ვაყოლებდი.

რამდენი ნიჭიერი გლეხი მინახავს, რამდენ ტალანტს წავწყდომივარ, კარგი ხმის პატრონს და მიფიქრია, მას რომ სწავლა ჰქონოდა, ვინ იცის, როგორი სახელოვანი ადამიანი შეიქმნებოდა თავისი ქვეყნისათვის.

 თბილისი, 1956 წ.

მასალა მოამზადა ლევან მიზანდარმა

Giorgi Jabauri – “In Those Outlying Neighborhoods” (Material prepared by Levan Mizandari)

The Journal offers you theatrical chronicles of the last century and the stories of the creation and development of public theaters, restoring unknown images of the stage life of Tbilisi in the twentieth century.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…