აგერ უკვე 1961 წლიდან გადაწყდა, რომ 27 მარტს მსოფლიო თეატრის დღე ყოფილიყო.
იმ დღის მერე სხვა ხიბლი შეიძინა მარტის ბოლომ.
მთელ მსოფლიოში ემზადებიან თეატრალები.
რაღაც ახალს ეძებენ და ელიან.
პირველყოფილი ამფითეატრებიდან XXI საუკუნის ცოტა მშრალსა და ეპოქასავით ტექნოკრატიულ თეატრებამდე გზა და კვალი კარგა ხანია აირია თუ წაიშალა;
წაიშალა თუ „გადაიყვლიფა.“
„გადაიყვლიფა“, მაგრამ თეატრი მაინც განუყოფელი ნაწილია ყოველდღიურობის.
თუ ორი ლაპარაკობს და მესამე უსმენს, ეს უკვე თეატრიაო – ერთი მივიწყებული პოლონელი რეჟისორი – გუსტავ ჰოლოუბეკი წერდა დიდი ხნის წინ.
არაფერი შეცვლილა დღემდე.
ისევ ორი ლაპარაკობს და მესამე უსმენს.
ახლა მით უფრო უსმენს, რადგან XXI საუკუნე მოსმენების საუკუნეცაა და „მესამეც“ მუდამ ახლოსაა ან სცენაზე, ან პარტერში, ან ფოიეში;
სადღაც აუცილებლად შემოგეფეთებათ.
ვერ გვექნება ილუზია, რომ თეატრი სხვაა და პოლიტიკა – სხვა; რომ „შუა უზის დიდი ზღვარი“.
აგერ, ჰანს გეორგ გადამერს დავუჯეროთ – ჭკვიან კაცს, ნამდვილ, დიდ ფილოსოფოსს – „სცენა გამორჩეული ხასიათის პოლიტიკური ინსტიტუტია.“
თან გამორჩეული ხასიათის!
გაუგებარი!
დაუდგრომელი!
მასშტაბური!
ბრუტალურიც!
ხმაურიანიც!
ამიტომ ისმის თეატრის ხმა მუდამ ქუჩაში და ქუჩის ხმა – „თეატრში“.
ამიტომ დგას „მესამე“ მუდამ „სმენის“ სადარაჯოზე.
უპირველესი ჭეშმარიტებაა, რომ მოსაწყენია ის თეატრი, სადაც სცენაზე დგანან მსახიობები და არა – ადამიანები.
მსოფლიოსა და მსოფლიო თეატრს დღეს, ზოგადად, „ადამიანების“ დეფიციტი აქვს.
მსახიობები – „რამდენიც გინდა“.
მაგრამ ამ ტალღებში, ამ მძვინვარე XXI საუკუნეში მაინც გამოკრთებიან ადამიან-მსახიობები და ადამიან-რეჟისორები; „ადამიან-მესამეები“ მუდამ სჭარბობენ მათ რიცხვს.
თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ თეატრის ხმა ქუჩაშიც და შენობაშიც ისევ ისმის!
ისევ ბრუნავს მზის გარშემო სცენა!
ისევ ხმაურობს ადამიანი-არტისტი!
ისევ მზად არის სმენისთვის „მესამე“!
და ისევ იგრძნობა სცენიდან „მძიმე სუნი“…
ძალიან მძიმე… აგერ, ევროპის ყველაზე დიდი სცენა რუსეთშია – რუსეთის არმიის მოსკოვის თეატრი – ბედის ირონიით, დავითის ხუთქიმიანი ვარსკვლავის ფორმა რომ აქვს და ლამის 2000 კაცს იტევს…
არც ის დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრიც აღნიშნავს მსოფლიო თეატრის დღეს ყოველი წლის მარტის ბოლოს, როცა მოსკოვში ჯერ კიდევ ცივა და ნესტშეპარული ყინვა ძვლებში ატანს!
The third
World Theatre Day has been celebrated since 1961. The magazine opens with a letter dedicated to this day, which broadly highlights the current topos of modern theatre and presents the special role of theatrical art in today’s reality with ironic accents.