იქნებ, დასასრული მუდამ სევდიანია, მაგრამ კიდევ უფრო სევდიანია, თუ ამით „ძველი წიგნებით სწავლის“ ერაც სრულდება!
4 აგვისტოს დასრულდა „წიგნი“, რომლის მაგვარი არც არაფერი წაუკითხავს მანამდე არასდროს ქართულ კულტურას!
ელდარ შენგელაიას ეპოქა დასრულდა –
ეპოქისთვის პარადოქსულად ლაღი!
აბსოლუტური სინჯის გემოვნებით!
ღიმილიანი!
მიმტევებელი!
დელიკატური!
არისტოკრატული!
სავსე კაცი!
წავიდა და დაასრულა შენგელაიების დიდი დინასტიური ეპოქაც!
ოთარ იოსელიანს უთქვამს –
„ელდარ შენგელაის ფილმები მეგობრული შარჟებია საბჭოთა წყობაზეო“.
თუმცა, ხშირად მეგობრობასაც „ცილდებოდა“ მისი ირონია – გამჭოლი და სნაიპერული სიზუსტის!
ყველაფერი დასრულდა!
წავიდა ტრაგიკომიკური იგავის დიდოსტატი!
წავიდა, მაგრამ დაგვიტოვა სევდანარევი კითხვა – „გამაგებინეთ, მე აქ ვარ თუ იქ“?
გაგვაფრთხილა, რომ „ბზარები“ ჩვენს თავს ზემოთაც და თავშიც მუდამ იზრდება!
გამყრელიძის დასკვნას რომ ხანდახან ბრმად უნდა დავეთანხმოთ, აქაც „ჩაგვეძია“!
პირდაპირ, ფეხებში სროლის ტექნოლოგიასაც დაგვაუფლა!
ალფა რომ ჭიაყელასავით დაკლაკნილია, ისიც გაგვიმხილა!
„ბნელი რომ იყო ხალხი“, იმ დროშიც მოგვისროლა!
დავით კლდიაშვილსაც თამამად გაუსწორდა!
ქალი რომ არის მეომრის პირველი მტერი, არც ეს დაივიწყა!
გრენლანდიაც რომ ყოველ დროში „გასატანია“, ესეც გაგვანდო!
ისიც გვასწავლა, სიყვარული რომ არის მხოლოდ ვერტიკალური და თან მბრუნავი;
ფრენაშიც მოგვეშველა, ოღონდ დედალოსადაც მოგვევლინა და ისე აგვიყვანა მაღლა-მაღლა, ფრთები, რომ არ დაგვწვოდა…
დაგვაუფლა გრავიტაციის ძალას და თავად გაფრინდა.
ასეც უნდა ყოფილიყო.
დასასრული მუდამ სევდიანია, მაგრამ დიდი დედალოსი ხომ ქვეშეცნეულად ყოველთვის დარდობდა – „რატომ არა ვართ ჩვენ ჩიტუნები, რომ ცაში გვეფრინა ერთად, ლაღად“?..
ელდარ შენგელაიას ცის ერა დადგა!













