ალუბლების ქუჩა 17

ალუბლების ქუჩის 17

, ,

ყოფილხართ ოდესმე ალუბლების ქუჩის 17 ნომერში?

აი, იმ სახლთან, საიდანაც იასამნების სურნელიც მოჰყვება ალუბლების მომწკლარტო გემოს და ჩვენი ბავშვობის მიტოვებული ზღაპარი ჰქვია.

იქ, იმ ქუჩაზე, იმ 17 ნომერთან ჩნდებოდა მუდამ მერი პოპინსი – ჩვენი ბერტა ხაფავა!

გამორჩეული, საინტერესო, სევდიანი, იმედიანი, გულწრფელი, ნიჭიერი, შარმიანი, საიმედო ბერტა…

ჯულიუ ენდრიუსსაც კი შეშურდებოდაო მისი მერი პოპინსის – წერდა ამას წინ ერთი ნიჭიერი კაცი;

შეშურდებოდა; აუცილებლად დათრგუნავდა „ჩვენი მერი“ – კოლხური მზერითა და ევროპული მანერებით.

12 სეზონი არ მოჰკლებია ტაში და ოვაცია ბერტა-მერის მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენიდან.

12 სეზონი შემოქროდა თავისი ოდნავ გახუნებული ქოლგით პარტერში და ალუბლების ქუჩის 17 ნომერში „მიგვაქანებდა“…

რა აღარ უთამაშია მას შემდეგ ბერტა ხაფავას.

როგორ არ დაუმახსოვრებია თავი ჩვენთვის თეატრსა და კინოში, მაგრამ პირველი მაინც მერი პოპინსი „მოდის“; „მოდის“, რადგან ჩვენი ნაწილიცაა და ჩვენი მონატრებული, იმ ქუჩაში ჩარჩენილი ბავშვობაც.

17 თებერვალს, ძალიან რომ ციოდა თბილისში, ბერტა ხაფავა 83 წლისა გარდაიცვალა.

ისევ 17!

ალუბლის ქუჩის 17 ნომერშიც სამუდამოდ 17 რიცხვში გადასახლდა.

ვერც ის დავიჯერეთ, 83 წლისა რომ იყო და ვერც ის, რომ გარდაიცვალა.

როგორ შეიძლება, მერი პოპინსი აღარ იყოს?

აკი ჯადოქარიაო?

არადა, ცოტა ხნის წინ გაგვაფრთხილა – მალე მეც წავალო.

წავიდა; წავიდა, რადგან თავისი ალუბლების ქუჩა ენატრებოდა და ის ოდნავ გახუნებული ქოლგაც თან გაიყოლა, ალბათ!

17 Alublebi Street – In Memory of the Theater and Film Actress – Berta Khapava

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…