ვერიკოს პროფილი და ანფასი აკაკი გაწერელიას აბრისებში
აკაკი გაწერელიამ ვერიკო ანჯაფარიძეს ორი ესე მიუძღვნა.
პირველი გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა (10 აპრილი, 1940 წ.), მეორე – გაზეთ „თბილისში“ (31 მარტი, 1984 წ.).
ორმოცდაოთხი წელი აშორებს ამ ორ ესეს.
ანუ „საუკუნე – მეფისტოფელის“(გალაკტიონი ) თითქმის ნახევარი; ისევ – ხანი უნდობარი, კვლავაც უხვად მოტანილი სისხლით და ცხედრებით…
პირველ ესეს ახალგაზრდა კრიტიკოსი წერს, მეორეს – უკვე საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერი.
ამიტომაც საინტერესოა მათი შედარება:
მსახიობის შემოქმედებით ევოლუციასაც გვიჩვენებს და კრიტიკოსის პროფესიულ აღმასვლასაც.
ინტერესს თავისთავად აძლიერებს ის, რომ მსახიობის ხელოვნებას თეატრმცოდნე კი არა, ლიტერატორი აფასებს.
კი, ჯერ ახალგაზრდაა, ოცდაათიოდე წლისა, მაგრამ უკვე ბევრი მოუსწრია: მწერალთა კაშირის დამფუძნებელთა შორისაც ირიცხება და მთავარი მომხსენებელიც ყოფილა გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურული მოღვაწეობის 30 წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე.
საიუბილეო საღამოში ვერიკო ანჯაფარიძეც მონაწილეობს, მაგრამ ამაზე – მოგვიანებით, რადგან ეპიზოდს უკვე ხანდაზმული ლიტერატურათმცოდნე გაიხსენებს და იშვიათი ესეისტური ოსტატობით გაგვიცოცხლებს.
***
დიახ, ლიტერატორია და არა თეატრმცოდნე, მაგრამ ეს აკაკი გაწერელიაა – „ყველაზე არტისტული პიროვნება მეოცე საუკუნის ქართულ კრიტიკაში, ვისი ცოდნა და ინტუიცია რამდენიმე მეცნიერს ეყოფოდა, ნიჭი და გემოვნება – ლიტერატურის რამდენსამე შემფასებელს“(გურამ ასათიანი).
არა მხოლოდ ლიტერატურის შემფასებელს.
ხსენებული ორი ესეს გაცნობითაც დავრწმუნდებით, თუ რა უნივერსალურია აკაკი გაწერელიას ცოდნა და ერუდიცია, ნიჭი და გემოვნება.
იქნებ იმასაც კი მივხვდეთ, რომ ეს ორი ესე მომავალ თეატრმცოდნეთა სახელმძღვანელოებსა და სილაბუსებშია შესატანი.
***
პირველი ესეს სათაური სტანდარტულია: მსახიობის სახელი და გვარი.
სამაგიეროდ, ორიგინალურია დასაწყისი – ვერიკო ანჯაფარიძის არტისტული ბუნების ყველაზე დამახასიათებელი შტრიხების წარმომჩენი:
„იგი თავისებური მსახიობია. მთელს რიგ როლებში, ოფელიადან მოყოლებული, ვიდრე ივდითამდე, ქართულ სცენაზე მომხიბლავად ირხეოდა და მეტყველებდა იშვიათი ლირიზმით აღსავსე სახე“…
ამგვარი შესავლით, შეუძლებელია, მკითხველიც არ მოიხიბლოს და ესეს გაცნობა დიდი ინტერესით არ გააგრძელოს, მით უფრო, რომ უმალვე იწყება მიგნებათა ფოიერვერკი, ანუ ის, რასაც მხოლოდ აკაკი გაწერელიას ცოდნა და ინტუიცია, ნიჭი და გემოვნება თუ ეყოფოდა.
მიგნებანი რომ გამოვკვეთოთ, აჯობებს, „საკვანძო სიტყვებით“ დავა(ქვე)სათაუროთ.
კოსტიუმი
„შეიძლება, არც ერთმა ქართველმა მსახიობმა არ იცოდეს კოსტიუმის ისე კარგად შერჩევა, როგორც ვერიკო ანჯაფარიძემ…
„ის იშვერს ხელებს წინ, მიეშურება აკოსტასაკენ, თითქოს მთლიანად გამოყოფილი არა მარტო მხდალი თანამოძმეებისაგან, არამედ საკუთარი სამოსელისგანაც: მისი მსუბუქი, მოფრიალე კაბის ბოლო და სამკლავეები თითქოს რჩებიან უკან, აკოსტასაკენ კი მიემართება ყველა ზნეობრივი და მატერიალური ტვირთისაგან განთავისუფლებული მხევალი. ტანსაცმელი შესანიშნავად ეხმარება მსახიობს ამ მომენტში, ის ეთანხმება გაქცევის რიტმს“…
„ოფელიას როლში ვერიკო ანჯაფარიძეს ეცვა გამჭვირვალე, მსუბუქი კაბა, ისეთი მსუბუქი, როგორიც ოფელიას ბავშვურად მეოცნებე გონებას შეეფერებოდა; ყვავილებით ხელში მღეროდა ის – „ხვალ ვალენტინას დღე არის…“ – და მისი გამხდარი ხელები და სამოსელის სიმსუბუქე რაღაც ცოცხალი ზღაპრის შთაბეჭდილებას სტოვებდნენ.“
რეკვიზიტი
„სინაგოგისაკენ აკოსტას გაქცევის შემდეგ… სცენაზე მარტო დარჩენილი ივდითი შეფრინდება სკამზე … და როცა ივდითი ვერაფერს გააწყობს კივილით (სურს, უკან დააბრუნოს აკოსტა), დაემხობა სკამის კიდეს, თავს რგავს ხელებში და მაშინ სკამი და მსახიობი ერთს მთლიანს რელიეფს ქმნიან.“
აქ მკითხველი ადვილად ამოიცნობს იმ მიზანსცენას, არა მხოლოდ მარჯანიშვილის, საერთოდ, ქართული თეატრის ერთ-ერთ სიმბოლოდ რომ ქცეულა და ქანდაკებაშიც გამოსახულა.
გიორგი შხვაცაბაიასეული ქანდაკება ვერიკოს სამარესაც ამშვენებს და მარჯანიშვილის თეატრის შესასვლელსაც.
პროფილი
„თავის საუკეთესო როლებში ვერიკო ანჯაფარიძე, უმთავრესად, პროფილით არის მიქცეული მაყურებლისაკენ… იმდენად დიდი ინტიმობით არის ის დაკავშირებული თავისი ცხოვრების ერთადერთ მეგობართან სცენაზე, რომ თითქოს არც სურს, მაყურებლის ფხიზელი თვალი ჩარიოს ამ ინტიმობაში. აქედან გამომდინარეობს ვერიკო ანჯაფარიძის თამაშის პლასტიური სტილი.“
ღიმილი
„ვერიკო ანჯაფარიძემ იცის წამიერი განათება ამ ლირიული სახის. აკოსტას შეჩვენების შემდეგ, როცა ყველანი სტოვებენ სცენას, ივდითი ადის კიბეზე, მას უკან მიჰყვება აკოსტა და ზემოთ, კიბის უკანასკნელ საფეხურზე, მსახიობი ნელა იბრუნებს პირს აკოსტასაკენ და ასევე ნელა, თანდათანობით იღიმება. ეს ღიმილი დაუვიწყარია: არაჩვეულებრივი ნათელი ეფინება არა მარტო მსახიობის სახეს, არამედ სცენის მოედანს მთლიანად, – ეს ღიმილი თითქოს აძლიერებს ელექტრონის შუქსაც!..“
თითქოს, ელექტრონის შუქსაც აძლიერებსო?!
განსაცვიფრებელი შეფასებაა.
ლოდინი
„სცენაზე პირველი გამოჩენის დროს, ვერიკო ანჯაფარიძე იშვიათად უშვებს ისეთს მიზანსცენას, რომელიც ერთბაშად გახსნიდა როლის ხასიათს. არტისტი დიდხანს სტოვებს მაყურებელს მომლოდინედ და სწორედ ამის გამოა, რომ სცენიდან გასულს მას კულისებშიაც მიჰყვება მაყურებლის ინტერესი, – ეს მაყურებელი მოუთმენლად ელის მის ხელახლა გამოჩენას. აუდიტორიის ასეთი ლოდინი ვერიკო ანჯაფარიძის დიდი მონაპოვარია და მოწმობს მსახიობის შესანიშნავ თეატრალურ სკოლას.
ვერიკო ანჯაფარიძე მეორე ან მესამე მოქმედებიდან იწყებს დარბაზის ლოდინის გამართლებას და ამთავრებს მას ურთულესი სცენიური ამოცანის ბრწყინვალე გადაწყვეტით“…
სიკვდილი
„არავინ არ კვდება ქართულ სცენაზე ისე კარგად, როგორც ვერიკო ანჯაფარიძე.
ასეთს მომენტებში მსახიობის თამაში არ იწვევს ჩვეულებრივი სიბრალულის გრძნობას; ის სავსებით ბუნებრივად იწყებს ფარულ ბრძოლას შინაგან, ფიზიკურ ტკივილებთან. მან იცის, რომ ადამიანი უაღრესად სერიოზული ხდება სიკვდილის წუთებში და ყალბი, ოპერული ჟესტებისათვის მას არ სცალია. ამასვე ავალებს მსახიობს სცენიური სახის მთლიანობაც.“
აქაც უნდა გავიაზროთ, რომ ეს აკაკი გაწერელიაა, მსოფლიო ლიტერატურაში აღწერილ სიკვდილთა უბადლო მცოდნე და შემფასებელი. გავიხსენოთ ერთი პასაჟი მისი ესე – შედევრიდან:
„აი, როგორ კვდება ივან ილიჩი(„ივან ილიჩის სიკვდილი“):
„მან ცოლს თვალით ანიშნა შვილზე და თქვა – გაიყვანე… ცოდვაა…შენც… – მას კიდევ უნდოდა , ეთქვა прости, მაგრამ თქვა пропусти და, რადგან ძალა აღარ შესწევდა, ხელი ჩაიქნია.
მომაკვდავის ცნობიერებაში ამოტივტივდა სიკვდილთან უკანასკნელი ჭიდილისთვის შესაფერი სიტყვა „გამიშვი“, ნაცვლად საღი ცნობიერებისათვის სავალდებულო და გამოსათხოვარი სიტყვისა „მაპატიე!“ საგულისხმოა, რომ სწორედ ტოლსტოის ამ მოთხრობის შემდეგ გი დე მოპასანმა წამოიძახა, ჩემი ათი ტომი არ ღირს ამ ერთ მოთხრობადო.“
ვინ იცის, რამდენი თუნდაც კარგად ნათამაშევი როლი არ ღირს ვერიკო ანჯაფარიძის ერთ სიკვდილად?!
***
პირველ ესეს კრიტიკოსი ამთავრებს თავისებური წინათგრძნობით, ნატვრა-ვარაუდით, რომელიც საკმაოდ გვიან გაუმართლდება:
„თუ ვერიკო ანჯაფარიძე ოდესმე ითამაშებს იბსენის ჰედდა გაბლერს, იგი ერთხელ კიდევ გაიმეორებს თავისი სცენიური ორეულის თავგადასავალს, – უკვე ხანდაზმულობის პერიოდში და არისტოკრატიული ზიზღით – გონებაშეზღუდული ქმრისადმი, ნამდვილი სიყვარულის მიმართ ყრუ ადამიანებისადმი.“
მეორე ესეში კრიტიკოსი სიამაყით აღნიშნავს, რომ ვერიკო ანჯაფარიძემ ბრწყინვალედ გაუმართლა ვარაუდი, ოღონდ, იბსენის სხვა პერსონაჟის თავგადასავლის ჩვენებით.
იგულისხმება „მოჩვენებანი“ , თემურ ჩხეიძის არაჩვეულებრივი დადგმით, სადაც მართლაც ბრწყინავდა ვერიკო ანჯაფარიძისა და აკაკი ვასაძის განუმეორებელი დუეტი.
რა უცნაურია: აკაკი გაწერელიას თქმით, მისმა წერილმა(ანუ პირველმა ესემ – ავტ.) „მისცა ბიძგი ლადო ასათიანს, დაეწერა შესანიშნავი ლექსი ვერიკოზე“.
გავიხსენოთ იმ ლექსის სტრიქონები:
„მინდოდა, ერთი ნატვრა მენატრა
და სანატრელი ისევ შენა ხარ:
მოვმკდარიყავ და ამ ჩვენს სცენაზე
შენი ქართველი ქალი მენახა“…
ლადოს ეს ნატვრაც ახდა, მაგრამ, სამწუხაროდ, თვითონ ვერ მოესწრო.
და კიდევ როგორი სტრიქონებია ამ ლექსში!
თუნდაც ეს რად ღირს:
„საქართველოს მზით სახედამწვარო,
ანჯაფარიძის ზვიადო ქალო“…
ბერძენმა ტრაგიკოსმა მსახიობმა ასპასია პაპატანასიუმაც რა ზუსტად შეაფასა:
„შენ ხარ ძალა საქართველოს მიწისა“.
აქ ტერენტი გრანელიც გაგვახსენდება:
„გალაკტიონში მიწა ანათებს, ჩემში კი უფრო ზეცის სხივია“…
განა არ იცოდა გრანელმა, რომ გალაკტიონში ზეცის სხივიც კაშკაშებდა?!
თუმცა, ვინ იცის, იქნებ მიწის ნათება კიდევ უფრო დიდი უპირატესობაა.
ზეცის სხივი ვერიკოსაც მუდამ ანათებდა.
ამიტომაც აძლიერებდა მისი ღიმილი ელექტრონის შუქს.
აკაკი გაწერელიას კალამსაც ზეცის სხივი დასთამაშებდა.
***
ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას:
მეორე ესეში კრიტიკოსი მსახიობს მხოლოდ სახელითაც მოიხსენიებს.
ის უკვე „მხოლოდ ვერიკოა!“
აკაკი წერეთელი რომ არა, თვითონაც „მხოლოდ აკაკი“ იქნებოდა – კლასიკურად ფუნდამენტური „ქართული კლასიკური ლექსის“, დიდებული მონოგრაფიების(„გრიგოლ ორბელიანი“, „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, „ვაჟა-ფშაველა“…) ავტორი; უკვე დაწერილი აქვს „ტოლსტოის მხატვრული მეთოდის შესავალი“, რომელიც თამაზ ჩხენკელს აღაფრთოვანებდა და ზემოთ ესე-შედევრად მოვიხსენიეთ.
აქ აკაკი გაწერელია უკვე პოლ ვალერის ლანდს ეთამაშება.
გენიალური ფრანგის ქალიშვილი მამის წიგნებს პერსონალურად უგზავნის.
უკვე აღიარებულია ევროპული რანგის მოაზროვნედ.
თუმცა, არაოფიციალურად.
ამით განსხვავდება ვერიკოსაგან:
ვერიკო – ყველა ოფიციალური წოდებითა თუ ჯილდოთი დახუნძლული.
აკაკი გაწერელია – ოფიციოზისგან სრულიად უგულებელყოფილი; კოლეგებისგანაც თითქმის გარიყული; მისთვის ჩარაზულია მეცნიერებათა აკადემიის კარი, იმ აკადემიისა, რომელიც, აკაკი ბაქრაძის თქმით, „ჩიტირეკიებით გაივსო“.
ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კარიც, ფაქტობრივად, ჩარაზული აქვს, სამაგიეროდ, უნივერიტეტის სტუდენტები, მისი ლექციების მოსასმენად, პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში დადიან.
არც უნდა გვიკვირდეს: როგორ აღიარებდა ოფიციოზი მეცნიერს, რომელსაც 1940 წელს გამოქვეყნებულ ესეში, საბჭოთა ხელისუფლების საამებლად, ერთი სიტყვაც არ წამოსცდება.
არადა, რა დროა?!
აკაკი გაწერელიას ყოვლად არასაბჭოური სტატიის გვერდით, ასეთი ინფორმაციაა დაბეჭდილი:
„2 აპრილს შესდგა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირთან არსებული პირველადი პარტორგანიზაციის ღია კრება.
მოსმენილ იქნა ამხ. ი. აბაშიძის მოხსენება საქართველოს კ. პ.(ბ)მე-13 ყრილობის შედეგების შესახებ.
ამხ. ი. აბაშიძემ ვრცლად ილაპარაკა საქართველოს კ. პ. (ბ)მე-13 ყრილობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ამხ. კ. ჩარკვიანის მოხსენებაში და ამ მოხსენების გარშემო გამოსული ამხანაგების სიტყვებში მოცემული იყო ნათელი სურათი იმ გრანდიოზული მიღწევებისა, რომლებიც მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ ლენინ-სტალინის პარტიის ხელმძღვანელობით სოციალისტური მშენებლობის ყველა ფრონტზე.“
რა საოცარი კონტრასტია?!
და გვინდა, ასეთ დროში, აკაკი გაწერელია დაფასებული იყოს?!
***
მეორე ესე გვიდასტურებს, თუ რა სრულყოფილებას მიაღწია აკაკი გაწერელიას ესეისტურმა ოსტატობამ.
„ყველა ხანდაზმული მოგონებათა ტყვეა…
დროებით განზე ვდებ სათვალეს, თვალებს ვხუჭავ და, შეძლებისამებრ, ჩემთვის ვაცოცხლებ ზოგიერთ მომენტს, რომელიც ტრაგიკულ ნიღაბთა ჩინებული ოსტატის წარსულსა და აწმყოს შეეხება. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ შთაბეჭდილებათა ფიქსაციას, თუმცა, კარგად ვიცით, რომ გარდასულ მოგონებათა აღწერა, მეტწილად, სუსტი ასლია განცდილისა და ნანახის(ძველი ბერძნების შეხედულებით, აზრის ფიქსაცია თვითონ აზრის სიკვდილია)“…
აი, როგორ წერს ვერიკო ანჯაფარიძის ფრუ ალვინგზე:
„საჭიროა იბსენის შემოქმედების ცოდნა, ნორვეგიის ფიორდებიდან მონაქროლი სუსხის მიახლოებითი შეგრძნება, რომ ჯეროვნად შეაფასო ვერიკო ანჯაფარიძის მაღალი მხატვრული ოსტატობა და ის სულიერი დრამა, რომელსაც განიცდის მსახიობის ორეული გარყვნილი ქმრის ბიოლოგიური დაკნინების შედეგად.“
გავიხსენოთ, რას ამბობდა კრიტიკოსი, პირველ ესეში, ვერიკოს პროფილზე.
ახლა კი:
„ამჟამად კი მისი ჟესტი განთავისუფლებულია გორელიეფური სტატიურობისაგან, პროფილის ნაცვლად, მსახიობი მთელი სახით არის მიქცეული აუდიტორიისაკენ, მის პლასტიკურ სიძუნწეს შენაცვლებია უმწეო ბორგვა ან ხმამაღალი მძვინვარება – სულის, ამ საშინელი უფსკრულის, სარქველი მთლიანად ახდილია!“
***
პირველ ესეში ახალგაზრდა კრიტიკოსი ბევრს ფიქრობს საკუთარ შეფასებათა დასაბუთებაზე.
ამჯერად ეს არც სჭირდება.
მისი მოსაზრება უკვე საბუთია.
ოღონდ დაწეროს. ოღონდ გაიხსენოს.
აი, როგორ გაიხსენებს გალაკტიონის საიუბილეო საღამოს შემდეგ გამართულ ბანკეტს:
„მიპატიჟებულთა შორის არამწერლებიც იყვნენ. შუა ნადიმის დროს ყველა მოხიბლა სამი პირის ცეკვამ: ღვთისმშობლისთვალებიანი ნატო ვაჩნაძის გოგმანმა, ლადო გუდიაშვილის მიერ ყარაჩოღელის დარდიმანდული რხევის შეუდარებელმა იმიტაციამ და, ბოლოს, ვერიკო ანჯაფარიძის ექსტატიურმა და ცეცხლოვანმა როკვამ.
ალბათ, ასე ვნებიანად როკავდნენ ქალწულები ღამით, ელევსინის მისტერიების დროს.“
***
მეორე ესეს არც თუ ფარული სევდაც ახლავს.
და ეს ადვილად ასახსნელია, რადგან:
„ახლა არც იუბილარი პოეტია ცოცხალი, არც „ცოდვილიანი ოჯახის“ ავტორი-მხატვარი, არც მაყვლისფერთვალება კახელი ტურფა. არც გალაკტიონ ტაბიძის შესახებ წაკითხული მოხსენების ავტორს შეუძლია ამჟამად ვეება ყანწების გამოცლა. მაგრამ დასანანანი კი მგონი ის არის, რომ აღარც ვერიკო ანჯაფარიძეს ძალუძს ისე იცეკვოს, როგორც პოეტის პატივსაცემად მოწყობილი მისტერიის დროს, ორმოცდაექვსი წლის წინათ და „ბაქხელი ქალწულის“ იმ რიტმით, რომელიც გენიალურმა სკოპასმა დაიჭირა ქვაში“…
აქ სევდა, მართლაც, თვალნათელია, თუმცა, აკაკი გაწერელია თავს, იქვე, თვითონვე ინუგეშებს:
„მაგრამ წარსული ხომ მუდამ ჩვენთან რჩება!“
ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ნუგეშია.
***
აკაკი გაწერელიას მეორე ესეს „სამადლობელი“ ჰქვია.
ეს მართლაც სამადლობელია დიდი მსახიობის მიმართ, სცენაზე სამოცდაათი წელი რომ უბობოქრია.
ამ ესესაც სიამოვნებით დავარქმევდით „სამადლობელს“.
და ადრესატად ორივეს ვიგულისხმებდით.