უხილავი ისტორიის კვალდაკვალ

უხილავი ისტორიის კვალდაკვალ

, , ,

წერილი მეორე

სანდრო ახმეტელისა და კოტე მარჯანიშვილის კონფლიქტი სათავეს იღებს ჯერ კიდევ კორპორაცია „დურუჯიდან“. მისი ჩამოყალიბება სანდრო ახმეტელს ეკუთვნის, რომელსაც თავიდანვე კ. მარჯანიშვილიც უჭერდა მხარს. ორივეს ინტერესს წარმოადგენდა თეატრის ძველი ტრადიციებიდან გათავისუფლება, სათანადო დისციპლინის დამყარება და ევროპული, თანამედროვე ფორმების ძიება. გარკვეული პერიოდის შემდეგ კორპორაციამ დაიწყო კოტე მარჯანიშვილის მხატვრულ მუშაობაზე კონტროლის მცდელობა. ამ ტენდენციის შემჩნევის შემდეგ მარჯანიშვილმა მიმართა კორპორაციას მისი შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ. ეს საკითხი „დურუჯის“ მე-5 სხდომაზე იხილებოდა, თუმცა მას მარჯანიშვილი განაწყენების გამო არ დასწრებია. ბოლო კრების წინ კორპორანტებმა ულტიმატუმით მიმართეს მარჯანიშვილს – გამოუცხადებლობის შემთხვევაში მასთან მუშაობას შეწყვეტდნენ. მარჯანიშვილს არ შეშინებია და არ გამოცხადებულა; მას სოლიდარობა ვერიკო ანჯაფარიძემ გამოუცხადა ამ კონფლიქტური სიტუაციის გამო. საკითხი განუხილველად დარჩა; ასეთ ვითარებას ფსიქოლოგიური დაძაბულობა შეჰქონდა თეატრის მუშაობაში. ამიტომ კორპორაციამ ბოდიში მოუხადა მარჯანიშვილს „უნებლიე შეცდომისთვის“. მიუხედავად ამისა, მარჯანიშვილი პრინციპულ პოზიციას არ თმობდა და კორპორაცია 1924 წლის 10 ნოემბერს კვლავ დაუბრუნდა ამ საკითხს. ამჯერად ვითარება უფრო დაიძაბა, ვინაიდან მარჯანიშვილსა და ვერიკო ანჯაფარიძეს თანადგომა გამოუცხადეს კორპორანტებმა: უშ. ჩხეიძემ, დ. ჩხეიძემ, ალ. გველესიანმა და ელ. დონაურმა. სხდომის დადგენილებით მარჯანიშვილი გაათავისუფლეს კორპორაციის მოვალეობიდან და საპატიო წევრად დატოვეს. ერთი თვის შემდეგ ვ. ანჯაფარიძემაც დატოვა კორპორაციის რიგები და თავის წერილში აღნიშნა – კორპორაციის იდეის რწმენა დავკარგეო.

მეორე მნიშვნელოვანი უთანხმოება მოხდა 1925-1926 წწ. სეზონის დასასრულს, როდესაც კ. მარჯანიშვილმა კორპორანტთა გარკვეული ნაწილის (თეატრისთვის არასაჭირო) გათავისუფლება მოითხოვა. ხელოვნების საქმეთა მთავარი საბჭოს 1926 წლის 17 ივლისის N666 ბრძანებით რეორგანიზაციისა და ხარჯების შემცირების მიზნით მოხდა შტატების შემცირება. შეამცირეს 25 მსახიობი, მხატვარი ირ. გამრეკელი, მორიგე რეჟისორები – ალ. გველესიანი და კ. პატარიძე. ფაქტობრივად, მთელი დასი. დატოვეს 12 მსახიობი. ეს კი კორპორაციის დაშლას ნიშნავდა. ამიტომ იმავე დღეს სასწრაფო კრება მოიწვიეს – ქართული თეატრის კულტურის დარაჯი „დურუჯი“ ამ ბრძანებას პროტესტს უცხადებდა. კორპორაციის წესდება კი ერთმანეთის თანადგომას ითვალისწინებდა – „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის“. ამიტომ მარჯანიშვილს ჩანაფიქრზე ხელის აღება მოსთხოვეს. ამიტომ მან მეორედ დატოვა თავისი თეატრი. 1926 წლის 6 ივლისს კორპორანტები მარჯანიშვილს სახლში ეწვივნენ ინციდენტის მოსაგვარებლად. სხდომის ოქმის მიხედვით, მარჯანიშვილი გაბრაზებულია, რომ ისინი საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენისანი არიან და სხვებს ანგარიშს არ უწევენო. კორპორანტებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს თავიანთი პატივისცემა და დაბრუნება შესთავაზეს. მარჯანიშვილმა მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა. 7 ივლისს კი თეატრში მსახიობებს განცხადება დახვდათ მისი წასვლის შესახებ.

კორპორაციამ კონფლიქტის გარკვევას კიდევ 3 სხდომა მოანდომა, მაგრამ მარჯანიშვილმა ურთიერთობა არ ისურვა და კინოფილმ „სამანიშვილის დედინაცვლის“ გადაღებაზე გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მარჯანიშვილი კინემატოგრაფიითაა გატაცებული (1925 წ. გადაიღო „ქარიშხლის წინ“) და ეს მისი მეორე ფილმი იყო. ამიტომ თეატრის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლდათ.

მომავალ სეზონს სერიოზული საფრთხე შეექმნა. თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი არ ჰყავდა და სარეპერტუარო პოლიტიკა გაურკვევლად რჩებოდა. საინტერესოა ისიც, რომ მთავარ როლებზე მიწვეულნი იყვნენ კორპორანტები – პლატონის როლზე აკ. ვასაძე და ბეკინას როლზე – შ. ღამბაშიძე.

მეორე მიზეზი შემოქმედებითი ხასიათის იყო – ეს გახლდათ ორი დიდი ხელოვანის სხვადასხვა მხატვრული ხედვა, რაც გამოვლინდა გრ. რობაქიძის „ლამარას“ დადგმისას. საქმე იმაშია, რომ პირველი და მეორე მოქმედება მარჯანიშვილმა დადგა. შემდგომ, აპენდიციტის ოპერაციის გამო საავადმყოფოში დაწვა და მესამე და მეოთხე მოქმედების დამთავრება ახმეტელს მიანდო.

მათ შორის რა პრინციპული განსხვავება იყო? მარჯანიშვილის გადაწყვეტა ლირიკულ-რომანტიკული იყო, ხოლო ახმეტელის გადაწყვეტა კი ეროვნული ფორმის, ტემპერამენტის ჰეროიკული განწყობის. მარჯანიშვილმა როდესაც სპექტაკლი ნახა, მესამე მოქმედებიდან გამოვიდა – გამიფუჭეს სპექტაკლიო, ხოლო ახმეტელს უთხრა: თავისუფლად შეგიძლია, ჩემი გვარი აფიშიდან მოშალოო. პრესამ კი სპექტაკლი ასე შეაფასა: „დადგმისა და სცენური განსახიერების მხრივ  „ლამარა“ იშვიათ წარმოდგენად უნდა ჩაითვალოს“, ან „ლამარაში“ გამარჯვებულია ქართული თეატრი და ქართველი არტისტი“… ფაქტობრივად, ახმეტელმა უგულებელყო მარჯანიშვილისეული გადაწყვეტა და თავის ჩანაფიქრს მისცა გასაქანი. 

ერთი უთანხმოება მათ შორის შექსპირის „მეფე ლირის“ გადაწყვეტის დროს მოხდა… აი, ამ მიზეზითა გამო მოხდა მათ შორის განხეთქილება. ს. ახმეტელი 1933 წლის 25 ივნისს მოსკოვში გასტროლების განხილვისას ამბობდა, რომ თეატრის ხელმძღვანელობის მიერ ნაჩვენები გზა ის აღარ იყო, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა. ჩვენ ვამბობდით, რომ დრო მოითხოვს შეიცვალოს ეს გზაო. საბჭოთა ეროვნული თეატრის შესაქმნელად სხვა გზა, სხვა მეთოდები იყო საჭიროო. „ჩვენ ერთმანეთს დავცილდით. ამით დამთავრდა ერთად მუშაობა. გულწრფელად ვაცხადებ, რომ გარდა პრინციპული თეატრალური ბრძოლისა, ჩემსა და მარჯანიშვილს შორის არაფერი ყოფილა“.

დავუბრუნდეთ 1926 წლის 6 აგვისტოს, როდესაც ს. ახმეტელი სოფ. რიონში კ. მარჯანიშვილთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. ეს იყო თეატრალური კომისიის თავმჯდომარის – ლევან ღოღობერიძის აზრი, რომ 1926-1927 წწ. სეზონისთვის მზადება ერთად ჩაეტარებინათ, ვინაიდან მდგომარეობა კრიტიკული იყო. მათი შეხვედრის ოქმის გაფორმებას ესწრებოდნენ ზაქრო ბერიშვილი და პლატონ კორიშელი. საუბარი საკმაოდ მკაცრი და პრინციპული გამოვიდა. მარჯანიშვილი უთმობდა 4 კორპორანტს, მაგრამ პავლე კანდელაკისა და ვანიკო აბაშიძის დაბრუნებაზე უარზე იყო. ახმეტელს ხსნიდა მთავარი რეჟისორობიდან და რიგითად ტოვებდა, რეპერტუარს თვითონ შეადგენდა, როლებს ერთად გაანაწილებდნენ, რაზეც ახმეტელი დასთანხმდა. ამას გარდა, მარჯანიშვილს თეატრში მოჰყავდა უფროსი თაობის მსახიობები – ალ. იმედაშვილი, ი. ზარდალიშვილი, მ. გელოვანი და მ. ჭიაურელი. ორივეს შეეძლოთ შეხედულებისამებრ დაეკავებინათ მსახიობები. ყველაფერი ახმეტელის შეკითხვამ გადაწყვიტა – თუ ერთმანეთს არ ვენდობით, რა სეზონი გვექნებაო? მარჯანიშვილმა უპასუხა – არ გენდობი არც შენ და არც იმათ იმიტომ, რომ თქვენი დამოკიდებულებით ჩემ გარშემო ასეთი ატმოსფერო შექმენითო. ახმეტელმა დააკონკრეტა –  კოტე, ამით შენ ამბობ, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავშორდეთ იმიტომ, რომ რა საქმე შეიძლება იყოს იქ, სადაც არ არის ნდობა?! კოტე – სწორია, მართალი არის, რაც გაბზარულია, ძნელია მისი გამთელებაო.

ამის შემდეგ დაიწერა ოქმი 3 ეგზემპლარად – ლ. ღოღობერიძისთვის, ახმეტელისა და მარჯანიშვილისთვის. თეატრის ხელმძღვანელად დაინიშნა ახმეტელი, რომელიც სეზონის მზადებას შეუდგა. მოგვიანებით კ. მარჯანიშვილმა ქუთაის-ბათუმის თეატრს ჩაუყარა საფუძველი.

კოტე მარჯანიშვილსა და სანდრო ახმეტელს შორის შემოქმედებითი გზის გაყრის მერე, რაც სოფელ მარანში შედგენილი ოქმით დადასტურდა, რუსთაველის თეატრის მსახიობებმა – კორპორაცია „დურუჯის“ წევრებმა კრება მოიწვიეს და გადაწყვეტილება მიიღეს – მარჯანიშვილის გარეშე  რუსთაველის თეატრზე პასუხისმგებლობა არ აეღოთ. მაგრამ განათლების კომისარიატმა და თეატრალურმა კომისიამ, რომლის სათავეშიც ლევან ღოღობერიძე იდგა, რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობა სანდრო ახმეტელს ჩააბარეს. აკაკი ვასაძე იხსენებდა: კოტე მარჯანიშვილი მომესალმა და მითხრა: მომილოცავს, თეატრი კორპორაციასა და ახმეტელს გადასცესო. მარჯანიშვილი ემოციებს არ იმჩნევდა, თორემ, რა თქმა უნდა, ეს იყო მისთვის დიდი დარტყმა. ეს მოხდა 1926 წლის ზაფხულში.

რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის წასვლითა და ახმეტელის დანიშვნით ბევრი მსახიობი იყო უკმაყოფილო, მარჯანიშვილის მიმართ გარკვეული პროტესტი კი ჰქონდათ, მაგრამ მას ყველა პატივს სცემდა. ახმეტელის დანიშვნის გამო თეატრიდან მხოლოდ ელენე დონაური და ვერიკო ანჯაფარიძე წავიდნენ. ელენე მარჯანიშვილის მეუღლე იყო, ხოლო ვერიკო ელენესთან მეგობრობდა. 1926-1927 წლის თეატრალური სეზონი მარჯანიშვილის გარეშე გაიხსნა. ახმეტელმა მარჯანიშვილს წერილიც მისწერა, სადაც სპექტაკლის – „ზაგმუკი“ გენერალურ რეპეტიციაზე იწვევდა – ძვირფასო კოტე, მობრძანდით, თქვენი მოწაფის ნამუშევარი შეაფასეთო. რა თქმა უნდა, მარჯანიშვილი არ მივიდა. „ზაგმუკი“ პრესამ კრიტიკულად შეაფასა, მაგრამ ახმეტელი რომ დამოუკიდებელ რეჟისორად ჩამოყალიბდა და ახალ გზას იწყებდა, ეს აშკარა იყო.

1927    წლის 27 იანვრიდან ახმეტელის მიერ შექმნილი კორპორაცია „დურუჯი“ დაშლილად გამოცხადდა, ხოლო ამავე წლის გაზაფხულიდან ახმეტელსა და მსახიობებს შორის გაჩენილი ბზარი აშკარა გახდა. უკმაყოფილებას იწვევდა რეპერტუარიც, კონფლიქტი ღვივდებოდა როლების განაწილებისას. მაგალითად, სპექტაკლში „კარმენსიტა“ ახმეტელმა კარმენსიტას როლზე ლადო მესხიშვილის ქალიშვილი – ნინო ალექსი-მესხიშვილი დააკავა, რამაც მთელი დასის უკმაყოფილება გამოიწვია, ნინას აქცენტიც რუსული ჰქონდა და როლს არც გარეგნობით შეეფერებოდა, თანაც ამ როლს თამარ ჭავჭავაძე ელოდა. ამას გარდა, მსახიობებს არ მოეწონათ მოწვეული მხატვრის – გიორგი იაკულოვის მიერ ამ სპექტაკლის მხატვრული გაფორმება. ჰქონდათ შენიშვნები სხვა სპექტაკლებთან დაკავშირებითაც. თეატრს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორი – სერგო ამაღლობელიც.

ამ დროს კოტე მარჯანიშვილი კინოში გადაერთო, მაგრამ იქ შესაფერისი წარმატება ვერ მოიპოვა. იმ დროს ის არც ფიზიკურად გრძნობდა თავს კარგად და არც – სულიერად. თან მაშინ მუნჯ კინოს იღებდნენ, სიტყვის წარმოთქმის გარეშე კი მარჯანიშვილი მუშაობას გულს ვერ უდებდა. მართალია, თეატრიდან ის მსახიობების გარეშე წავიდა, მაგრამ სულ მალე შეძლო თანამოაზრეების შეკრება და ყველაფრის ახლიდან დაწყება. თეატრისთვის  თბილისში რომ შენობა ვერ მონახა, ქუთაისში გადავიდა. ამ ქალაქში კი ცხოვრება იმან გაუადვილა, რომ იმხანად მასთან ერთად იყო ლენინგრადიდან ჩამოსული მისი ვაჟი, უმცროსი კოტე მარჯანიშვილი. 

წამყვანი მსახიობები თავიდანვე ახმეტელთან დარჩნენ…

სიმბოლურად, ძირითადი დასის რღვევა ახმეტელის მიერ ბ. ლავრენიოვის პიესის – „რღვევა“ – წარმოდგენის მერე დაიწყო. მართალია, ამ სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ახმეტელის მოწინააღმდეგე მსახიობებმა კრიტიკა დაუწყეს ამ სპექტაკლის წამყვან მსახიობებს –  უშანგი ჩხეიძესა და თამარ ჭავჭავაძეს. თამარს გული ჰქონდა ნატკენი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ახმეტელმა კარმენსიტაში არ დააკავა, ხოლო უშანგის უთხრეს, გოდუნი ჰამლეტივით ითამაშე, ახმეტელმა სახე ვერ შეგაქმნევინაო. უშანგიმ აიტაცა ეს განწყობა და განაცხადა: გოდუნის როლში ჩავფლავდიო. ახმეტელისათვის ეს სილის გარტყმის ტოლფასი იყო. რადგან მსახიობების უკმაყოფილების შესახებ განათლების კომისარიატსა და თეატრალურ კომისიას ეცნობა, ცალ-ცალკე დაიწყეს დასის წევრების გამოძახება. კერძოდ, 1928 წლის თებერვალში მსახიობებმა: უშ. ჩხეიზემ. თ. ჭავჭავაძემ, შ. ღამბაშიძემ და ალ. ჟორჟოლიანმა განცხადებით მიმართეს განსახომის სამხატვრო-სამეცნიერო მთავარ სამმართველოს, რომ თუ კ. მარჯანიშვილი არ დაბრუნდებოდა, ისინი სეზონის დამთავრების შემდეგ თეატრს დატოვებდნენ: „ჩვენ მივდივართ იმიტომ, რომ ამით გვსურს მივაქციოთ მთავრობის ყურადღება თეატრის საქმეს“.

1927-1928 წლის სეზონის ბოლოს წამყვან მსახიობთა წასვლა მკვეთრად დაეტყო მომავალი სეზონის მზადებას; ეს გარემოება რეპერტუარის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა და შესუსტებულ სამსახიობო ანსამბლს მიესადაგა. წასულ მსახიობთა როლებზე ახალგაზრდა მსახიობები დაინიშნნენ. ზემოხსენებულ მსახიობთა განცხადების საფუძველზე განსახკომმა გამოყო თეატრის მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელმაც 1928 წლის 25-26 აპრილს მოაწყო მსახიობთა დაკითხვა. საერთო აზრი ორად გაიყო, ვინაიდან მარჯანიშვილსაც და ახმეტელსაც თავიანთი მომხრეები ჰყავდათ. თეატრმცოდნეობით ლიტერატურაში არსებობს დამკვიდრებული აზრი, თითქოს კ. მარჯანიშვილმა თეატრი უმტკივნეულოდ დატოვა. ეს მოსაზრება სწორი არ არის, ვინაიდან იგი თავისი უფლებებისთვის იბრძოდა და ახმეტელთანაც ურთიერთობა საკმაოდ დაეძაბა. ამის დამადასტურებელია თვით კ. მარჯანიშვილის მიერ კომისიაზე წარმოთქმული სიტყვაც, სადაც იგი ამბობს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელობისთვის ახმეტელი მზად არ იყო; კორპორაცია „დურუჯი“ მასთან შეუთანხმებლად დაარსდა და შემდგომში მის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. იგი პირობას დებდა: „მე თეატრის ზრდა მაინტერესებს. პასუხისმგებლობას ვიღებ, ორი-სამი წლის განმავლობაში ოთხ მსახიობსა და სამ რეჟისორს მოვამზადებ… ახმეტელს ვთვლი ძლიერ ნიჭიერ კაცად, მაგრამ სრულიად მოუმზადებლად. მისი ჩემთან მუშაობა გამოიწვევს კვლავ იმას, რაც იყო.“

კომისიის დადგენილებით, ს. ახმეტელი 2-3 წლით მოსკოვში სტაჟირებაზე უნდა გაგზავნილიყო და მის მაგივრად მარჯანიშვილი დაბრუნებულიყო. თუმცა დაბრუნების შემდეგ  თეატრი კვლავ გადაეცემოდა. ეს დადგენილება არ შესრულდა და ცკ-ს მხარდაჭერით ახმეტელი თეატრის ხელმძღვანელად დარჩა. სამაგიეროდ, კოლექტივი პოლიტსამმართველოს ზედამხედველობის ქვეს აღმოჩნდა. არსებობს ლ. ბერიას მოხსენება „თეატრალური საქმე საქართველოში“, სადაც გაანალიზებულია რუსთაველისა და ქუთაის-ბათუმის თეატრების 1928-1929 წლის სეზონის მხატვრულ-ფინანსური მდგომარეობა, კულისებს მიღმა არსებული კონფლიქტები.

ახმეტელის  რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად დატოვების შემდეგ მარჯანიშვილთან წავიდნენ უშანგი ჩხეიძე, თამარ ჭავჭავაძე, ბაბო გამრეკელი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, შალვა ღამბაშიძე, ხათუნა ჭიჭინაძე, დავით ჩხეიძე, ალექსანდრე გველესიანი, ცეცილია წუწუნავა. მარჯანიშვილთან იყვნენ დოდო ანთაძე, ვერიკო ანჯაფარიძე და ელენე დონაური.

ამბობდნენ, რუსთაველის თეატრიდან კოტე მარჯანიშვილი  იმის გამო წავიდა, რომ ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და ერთ თეატრში 4 წელზე დიდხანს არ მუშაობდაო.

თეატრში არსებულმა დაჯგუფებებმა, ერთმანეთთან დაპირისპირებამ, რასაც თან ერთოდა ამბების გატანა პარტიულ ხელმძღვანელებთან, მარჯანიშვილი დაღალა; ამას ერთოდა მისი ავადმყოფობაც. კოტე მარჯანიშვილი თეატრში მსახიობებისაგან ითხოვდა თამაშს და არა – კორპორატიულ-ადმინისტრაციულ ჩარჩოში ჩაკეტვას. თეატრში შექმნილი იყო „სამთა სამსჯავრო“ – ვერიკო ანჯაფარიძის, შალვა ღამბაშიძისა და ალექსანდრე გველესიანის შემადგენლობით. მათ ერთხელ სანდრო ახმეტელი გადასცეს ამხანაგურ სასამართლოს კორპორატიული დისციპლინის დარღვევისათვის, მეორედ – მარჯანიშვილი.  ეს უკანასკნელი შვილს სწერდა: „ჭრილობა, რომელიც ჩემმა გულმა ჩემს სამშობლოში მიიღო, არასოდეს განიკურნება. წვრილმანი კაცუნების ინტრიგების გამო თითქმის შეუძლებელი გახდა ჩემი მუშაობა თეატრში, ყველაფერს მივაფურთხე და თეატრი მივატოვე“. მარჯანიშვილი საქართველოში 1922 წელს ჩამოვიდა; ერთგან ჩაწერა: „ჩრდილოეთში ტყვეობის შემდეგ დაბრუნება მზესთან“; თუმცა, აკაკი ხორავა მარჯანიშვილზე ამბობდა,  საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა – ბათუმიდან უცხოეთში რომ გამგზავრებულიყოო.  ამასთან, თეატრში არსებული სიტუაცია გასცდა თეატრის კედლებს და ამაზე მსჯელობდა საზოგადოებაც – მსახიობთა ერთმა ჯგუფმა მარჯანიშვილი რუსთაველის თეატრს მოაშორა, ხოლო ახმეტელი კომუნისტებს მიეყიდაო.

ბოლოს  ახმეტელთან დარჩნენ აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე, პლატონ კორიშელი, ნიკო გოცირიძე, გიორგი დავითაშვილი, ვასო გოძიაშვილი, მიხეილ და ელგუჯა ლორთქიფანიძეები, ვანიკო აბაშიძე, ემანუილ აფხაიძე, დიმიტრი მჟავია, ნატალია ჯავახიშვილი, თამარ წულუკიძე, ორი ნინო ალექსი-მესხიშვილი (პირველი – ლადო ალექსი მესხიშვილის ასული, მეორე – სარდიონის ასული – აკაკი ხორავას მეუღლე), სესილია თაყაიშვილი და სხვები. მოგვიანებით ვასო გოძიაშვილი და სესილია მარჯანიშვილთან გადავიდნენ. მარჯანიშვილის დასის წევრები გახდნენ ასევე გრიგოლ კოსტავა, აკაკი კვანტალიანი, გიორგი შავგულიძე, სერგო ზაქარიაძე. მარჯანიშვილს უნიჭიერესი მხატვრები ჰყავდა – პეტრე ოცხელი და ელენე ახვლედიანი, კომპოზიტორები – თამარ ვახვახიშვილი და ალექსანდრე გველესიანი. 1928 წელს უკვე ნიადაგი მომზადდა ახალი – ქუთაის-ბათუმის თეატრის გახსნისათვის და ამ ამბავს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმაც მხარი დაუჭირა.

მარჯანიშვილი მთავრობას ისე არ დაუპირისპირდებოდა, როგორც ახმეტელი. 1931 წელს დაიჭირეს მისი და – იღუმენია თამარი, რომლის გასათავისუფლებლადაც რეჟისორი ყოველ ღონეს მიმართა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამ მიზნით მოსკოვში სპექტაკლების დადგმა დაიწყო, რასაც დასის გულისწყრომა და კონფლიქტი მოჰყვა. თამარის გათავისუფლება მოგვიანებით – 1934 წელს შეძლეს მწერალმა მაქსიმ გორკიმ და მხატვარმა პავლე კორინმა.  მარჯანიშვილი უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო. ამას გარდა, რეჟისორი ბიძად ეკუთვნოდა ცნობილ მიკრობიოლოგსა და საზოგადო მოღვაწეს – გოგი ელიავას, რომელიც ლავრენტი ბერიამ 1937 წელს დახვრიტა. გოგის დედა – ნინო მარჯანიშვილი გახლდათ კოტე მარჯანიშვილის და, რომელიც ექიმ გრიგოლ ელიავაზე იყო დაქორწინებული. ამდენად, მდგომარეობა საკმაოდ გამწვავებული იყო.

(დასაწყისი – ჟურნალი „თეატრი“; 2022; N4)

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…