ბაქოში გასტროლების დროს დაწყებული კონფლიქტი
წერილი მეექვსე
(დასაწყისი 2022 №4; 2023 №2 და №3; 2025 №1, №2)
12 ივნისს ბაქოში დაწყებული გასტროლები პომპეზურად გაიხსნა. საინტერესოა ამ დღესთან დაკავშირებით წარმოდგენის დღიურის ჩანაწერი, რომელიც პირველად იბეჭდება (დაცულია რუსთაველის თეატრის მუზეუმში)
„საგასტროლო სეზონის გახსნა
„ლამარა“
მესამე მოქმედების დასასრულს მოეწყო საზეიმო შეხვედრა თეატრის კოლექტივთან. სცენაზე სიტყვებით გამოვიდნენ მთავრობისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენელნი. ზეიმი გაგრძელდა ნახევარ საათს. მორთმეულ იქნა აუარებელი ყვავილი და მოლოცვის მრავალი დეპეშა.
ისტორიული ნაწილი
„მესამე მოქმედების შემდეგ თაიგულებით გამართულ სცენაზე თეატრის კოლექტივის ხელმძღვანელის მეთაურობით მიესალმა ბაქოს ხელოვნების მეცნიერების მუშაკთა და მუშათა ორგანიზაციების დელეგაცია ორმოცი კაცის შემადგენლობით. დელეგაციის სახელით რუსთაველის თეატრის კოლექტივს და მის ხელმძღვანელს სანდრო ახმეტელს სიტყვით მიმართა ამხ. ქერიმოვმა, რომელმაც ვრცელ სიტყვაში თათრულ და რუსულ ენაზე აღნიშნა რუსთაველის თეატრის განვლილი სახელოვანი ეტაპები და ის პერსპექტიული მწვერვალები, რომლისკენაც მიისწრაფვის რუსთაველელთა ჯანსაღი კოლექტივი. ამხ. ქერიმოვმა ხაზგასმით აღნიშნა უდიდესი აღმზრდელობითი როლი, რომელიც შეუძლია ითამაშოს რუსთაველის თეატრმა აზერბაიჯანის ნაციონალური ხელოვნების მუშაკთათვის იმ გამოცდილებათა გაზიარებით, რაც ასე ჭარბად და მტკიცედ აქვს დამუშავებული რუსთაველის თეატრს.
საპასუხო სიტყვაში თეატრის ხელმძღვანელმა სიტყვაში აღნიშნა რუსთაველის თეატრის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამიერკავკასიის ხელოვნების მუშაკთა შემოქმედებითი ფედერაციის საჭიროება, რაც დღემდე არ ყოფილა.
დარბაზი აღტაცებით შეხვდა დროულ და უდიდესი მნიშვნელობის განცხადებას. დასასრულ რუსთაველის თეატრის სამკუთხედის წარმომადგენელმა ამხ. კოპალეიშვილმა წაიკითხა თეატრის სამკუთხედის დადგენილება გასტროლების ინიციატორთა და უშუალო ორგანიზატორთა მიმართ მადლობის გამოცხადების შესახებ.
სალ. ნაწილის გამგე – ია ქანთარია“.
წარმოდგენის დღიურის 22 ივნისის ოქმი №10-ში აღნიშნულია: „P.S. ამხ. აკ. ხორავა გამოცხადდა ნასვამი. წარმოდგენის მორიგე: კ. პატარიძე.
ბრძანების განყოფილებაში ვკითხულობთ: 1. აკ. ხორავა თამაშობს მთვრალი. საშინელებაა თეატრისათვის – ხორავა, რომელსაც პირზედ აკერია ყველაფერი, რითაც შეიძლება იამაყოს ადამიანმა, თეატრს შიგ სულში აფურთხებს, ისიც გასტროლების დროს. ხორავას საკითხი დაისვას გასტროლების გათავებისას მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე სირცხვილია, როგორც თეატრის გასტროლების დროს, აგრეთვე ახალ მაყურებლის წინაშე. 2. თ. წულუკიძე დაჯარიმდეს სამას მანეთში (300) და გამოეცხადოს საყვედური.
ს. ახმეტელი
გვერდით არის აკ. ხორავას მინაწერი – „Врет Ахметели“.
ვისაც სურს, გაიგოს მიზეზი ახმეტელის რეზოლუციისა ხორავას შესახებ უნდა შეისწავლოს 1935 წლის რეორგანიზაცია რუსთაველის თეატრისა და მაშინ ქვემოთ მოყვანილი რეზოლუციაც გასაგები იქნება.
აკ. ხორავა
დაგვიანებისთვის თამარ წულუკიძე 300 მანეთით დააჯარიმა თეატრის ხელმძღვანელმა; არადა, დისციპლინარული დარღვევები არც თუ იშვიათად ხდებოდა ბაქოს გასტროლების დროსაც კი. 22 ივნისს „7-მა კაცმა წარმოდგენაზე გამოცხადება დააგვიანა. მათ შორის თ. წულუკიძემ – 1 სთ. და 40 წუთი“ – წერდა წარმოდგენის მორიგე რეჟისორი კუკური პატარიძე. „30 ივნისის (ოქმი №17) სპექტაკლ „ინ ტირანნოსზე“ 11-მა მსახიობმა 30 წუთით დაიგვიანა, ვინაიდან „ზემოხსენებული პირნი იყვნენ ფეხბურთის თამაშზე თბილისი-ბაქო, რის გამოც დააგვიანეს“. წარმოდგენის მორიგე: კ. პატარიძე.“ ამ დარღვევებზე რეაგირება ს. ახმეტელს არ ჰქონია.
თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ბრძანება დაწერა:
ვითარება უფრო რთულად იყო. ს. ახმეტელმა იცოდა, რომ პოლიტსამმართველო თეატრს უთვალთვალებდა. მსახიობებზე შექმნილი საქმეები პოლიტიკურად არასაიმედოდ ცნეს. თეატრში ნათქვამი ყველა სიტყვა სათანადოდ ფიქსირდებოდა. ცხადია, ს. ახმეტელს ინფორმატორთა შესახებ გარკვეული ეჭვებიც ჰქონდა. ალბათ, უფრო წამყვან მსახიობებზე ეჭვობდა, რადგან რიგითებს ლ. ბერიასა და პოლიტსამმართველოსთან ხელი არ მიუწვდებოდათ. ს. ახმეტელი შემოქმედებით პროცესში ჩარევას არავის პატიობდა.
აკაკი ხორავა წერდა: „შექმნილი ვითარების გამო თეატრში მთვრალი მისვლა ჩემსა და ახმეტელს შორის დიდ სკანდალს გამოიწვევდა“. ამ სიტყვებში აკ. ხორავა უკვე დაძაბულ პირად ურთიერთობებს გულისხმობდა. შესაძლოა, მას სხვა მოტივიც ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ უდავოა, რომ ვითარების გამწვავებამ პირველი შესაძლებლობისთანავე შეუქცევადი ხასიათი მიიღო.
თბილისში დაბრუნებისთანავე, 7 ივლისს ს. ახმეტელის №41 ბრძანებით: „ბაქოში გასტროლების დროს 22 ივნისს წარმოდგენაზე ნასვამი სახით გამოცხადების და ამ მდგომარეობაში იჩოს როლის შესრულების (,,ლამარა“) გამო, რომელიც ყოვლად დაუშვებელია ასეთი საშინელი დანაშაული ამხ. აკაკი ხორავას მიერ – მოიხსნას სრულიად თეატრიდან 5 ივლისიდან ამხ. ხორავა.“ ს. ახმეტელის 9 ივლისის №42 ბრძანებით: „განთავისუფლებულ იქნას რეჟისორის თანამდებობიდან აკ. ვასაძე 9 ივლისიდან. დატვირთვა 250 მან. მოეხსნას, განთავისუფლებულ იქნას აგრეთვე სტუდიის ხელმძღვანელის მოვალეობისაგან“; ვასაძე დასში მხოლოდ მსახიობად დატოვეს. 8 ივლისს მან თეატრი საკუთარი განცხადებით დატოვა და ს. ახმეტელს დაუტოვა წერილი, რომელშიც იგრძნობოდა რეჟისორისადმი უდიდესი პატივისცემა. წერილიდან ჩანდა, რომ საბედისწერო დაპირისპირება რამდენიმე წლით ადრე იყო დაწყებული, რაც ემთხვევა ს. ახმეტელისა და თ. წულუკიძის ქორწინებას. მაშასადამე, თეატრში ვითარება დაახლოებით 1933 წლიდან დაიძაბა. ვასაძე წერდა: „ძვირფასო საშა! თხუთმეტი წელიწადი, რაც ჩემს ძალას და ღონეს შეეძლო რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი პატიოსნად, სიყვარულითა და შეურცხვენლად. 1930 წლიდან ვგრძნობ და ვხედავდი არასასურველ მოპყრობას ადამიანისადმი, რასაც უბრალო, მსახიობურ, ავადმყოფურ თავმოყვარეობას ვაწერდი, მაგრამ ამ ორი უკანასკნელი წლის განმავლობაში ჭორმა, ერთმანეთის დამუშავებამ, ისეთი სისტემატური ხასიათი მიიღო და ამასთან ისეთი აღვირახსნილი, რომ შემოქმედებით მუშაობაზე ფიქრი შეუძლებელია. პირადად მე, თქვენ, ისეთ პირობებში ჩამაყენეთ, სხვადასხვა პირების შემწეობით, რომ იძულებული ვარ, დავტოვო რუსთაველის თეატრი, რომელსაც მე კუბოს ფიცრამდე გულში ვატარებდი და ვატარებ. პატივისცემით, აკ. ვასაძე. დედაქალაქი. 8 ივლისი. 1935 წ.“
ამ კონფლიქტში საინტერესოა, დაზუსტდეს ის „ექვსეულიც“, რომელიც სანდრო ახმეტელის წინააღმდეგ გამოდიოდა. მურად ხინიკაძე იხსენებდა: „ის ექვსეული, რომელმაც თავი გამოიჩინა ახმეტელის წინააღმდეგ ბრძოლაში, დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით“. თამარ წულუკიძე კი წერდა: „ვიღაც დაინტერესებულმა შეარჩია და გააერთიანა ეს წვრილმანი უკმაყოფილებები და ჯგუფი შექმნა – ექვსი ადამიანისგან შემდგარი „პროტესტანტი“. სამწუხაროდ, ავტორი არ ხსნიდა ჯგუფის უკმაყოფილების მიზეზებს და არც მათი ინტერესების გაერთიანების სავარაუდო ორგანიზატორს არ (ან ვერ) ასახელებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური კომიტეტის თათბირის 13 სექტემბრის სტენოგრამაში შვიდი კაცი იხსენიება. საქართველოს სუკ-ის არქივის მასალების გაცნობისას დადგინდა ჯგუფის შემადგენლობა: აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, კუკური პატარიძე, შოთა აღსაბაძე, ირაკლი გამრეკელი, ემანუელ აფხაიძე, დიმიტრი მჟავია. მაგრამ ეს ჯგუფი არ იყო „წვრილმანი უკმაყოფილების“ გამო შექმნილი, როგორც ამას თ. წულუკიძე წერდა. იგი წარმოიქმნა თეატრში არსებული უფრო სერიოზული უთანხმოების გამო, რომელიც ბაქოში უკიდურესად გამწვავდა. ამის გამო ს. ახმეტელს მთელი სარეჟისორო კოლეგია გადაუდგა. შოთა აღსაბაძე 1955 წლის ჩვენებაში აღნიშნავდა: „ბევრი ამხანაგი, მათ შორის მეც, ახმეტელს ვურჩევდით, დაეთმო თავისი სიჯიუტე და აღედგინა ხორავა და ვასაძე, მაგრამ ის არ დაგვთანხმდა. მაშინ თეატრიდან წავედით მე, კუკური პატარიძე და ირ. გამრეკელი, რომლებიც ვიყავით თეატრის ძირითადი ხელმძღვანელი რგოლი – კოლეგიის წევრები. ჩაერია ცეკა და ახმეტელი გააფრთხილეს, მაგრამ ის მაინც არ დათანხმდა“. ნათელია, რომ უთანხმოება მხოლოდ ს. ახმეტელსა და აკ. ვასაძეს, აკ. ხორავას შორის არ მიმდინარეობდა. ეს იყო სხვადასხვა შეხედულებათა დაპირისპირება.
დღემდე ცალსახად აღიარებულია სანდრო ახმეტელის უკომპრომისო ხასიათი, მკაცრი დისციპლინა, რაც დიდი რეჟისორის მუშაობის სტილს განსაზღვრავდა. თეატრში დისციპლინის დაცვა, ცხადია, აუცილებელი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს კოლექტივისთვის აუტანელი გახდა. მაგალითად, ს. ახმეტელი მსახიობებს უკრძალავდა ზემდგომ ხელმძღვანელ მუშაკებთან პირადი ურთიერთობების დამყარებას; ეს მხოლოდ მისი ნებართვით უნდა მომხდარიყო. აკ. ხორავას მოგონებით, ბინების საკითხთან დაკავშირებით ლ. ბერიასთან წამყვანი მსახიობების ვიზიტმა რეჟისორი და დასის ნაწილი საშინლად გააღიზიანა; ეს ფაქტი ახმეტელის უგულებელყოფად და ღალატად შეფასდა.
ამასთან, ახმეტელი საკუთარი მოთხოვნების უსიტყვო შესრულებას მოითხოვდა და სხვების აზრს ანგარიშს არ უწევდა. არადა, მსახიობები, რომლებიც 20-ან წლებში ემორჩილებოდნენ მას, უკვე მოწიფული და ცნობილი პიროვნებები იყვნენ. ისინი ს. ახმეტელის ზოგიერთ მოთხოვნას პირად შეურაცხყოფად აღიქვამდნენ, რაც ურთიერთობებს კიდევ უფრო ძაბავდა. სავარაუდოა, რომ ბაქოს ინციდენტის წინა კონფლიქტური სიტუაციის შექმნაში გარკვეული წვლილი თვით თამარ წულუკიძეს მიუძღვის. 1955 წელს ახმეტელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არაერთმა თეატრალურმა მოღვაწემ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება (სარეაბილიტაციო დაკითხვებს ახალგაზრდა იურისტი ვახტანგ ჟვანია აწარმოებდა) და თამარ წულუკიძის სახელმაც არაერთხელ გაიჟღერა; რეპრესიების ტალღა უკვე ჩავლილი იყო და მათი მოსაზრებები შეიძლება, ობიექტურად მივიჩნიოთ:
ემანუელ აფხაიძე: „ახმეტელს ძალიან უცნაური ხასიათი ჰქონდა, იყო თავისებური ადამიანი – არ უყვარდა ვინმეს მოსმენა, მაღლა აყენებდა თავის ღირსებებს და მთელი კოლექტივის წარმატებებს მხოლოდ საკუთარ პიროვნულ დამსახურებას აწერდა. მასზე ძალიან დიდ გავლენას მეუღლე ახდენდა, თამარ წულუკიძე, ნიჭიერი მსახიობი, მაგრამ მბრძანებლობის მოყვარული ადამიანი და ჰქონდა განსაკუთრებული კარიერისტული მიდრეკილებები“.
სანდრო შანშიაშვილი: „ის იყო განსაკუთრებულად ჯიუტი ხასიათის ადამიანი, ვინმესთვის ანგარიშის გაწევა არ უყვარდა და როდესაც ვინმე კანონიერად გამოდიოდა მისი ქმედების წინააღმდეგ, საკუთარ შეურაცხყოფად იღებდა და ასეთ პირებს ყოველმხრივ ავიწროებდა. ახმეტელის ხასიათი განსაკუთრებით მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც მსახიობ თამარ წულუკიძეზე დაქორწინდა. ეს ქალი, მედიდურ-თავადური ჩვევებით და კარიერისტული მიდრეკილებებით, ახმეტელს უბიძგებდა თეატრში წვრილმანი ჩხუბისა და ინტრიგების გასაჩაღებლად, რის შედეგადაც მათ დაიწყეს თეატრიდან საუკეთესო ძალების განდევნა…“
გუგული ბუხნიკაშვილი: „თეატრში არაჯანსაღი ატმოსფეროს შექმნას ხელს უწყობდა, აგრეთვე. ახმეტელის მეუღლე – თამარ წულუკიძე, რომელიც თავად აჩაღებდა ჩხუბს და ქმარსაც ყველაფერ ამისთვის განაწყობდა…“
გიორგი ლეონიძე: „ახმეტელი იყო ძალიან ამაყი ადამიანი, უყვარდა მბრძანებლობა და თეატრში, როგორც ამბობდნენ, დიქტატორობდა“.
გიორგი დავითაშვილი: „ახმეტელი იყო უხეში, რაც იწვევდა უკმაყოფილებას ზოგიერთ მსახიობში.“
ვასო გოძიაშვილი: „ბოლო მომენტამდე ახმეტელი დარწმუნებული იყო, რომ მას თეატრიდან არ გაანთავისუფლებდნენ, რომ ის შეუცვლელია. ამაში ის ყველა ახლობელს არწმუნებდა და ძალიან ხშირად მის ბინაში ჩემი გამოძახებისას (თეატრში ცხოვრობდა), ყოველთვის საუბრობდა, რომ უნდა დადგე საკუთარ პოზიციაზე და ვერაფრის გაკეთებას ის (მთავრობა) ვერ შეძლებს. მას ამის იმდენად სჯეროდა, რომ თავის მეუღლეს, წულუკიძეს აბედინებდა ეთქვა: „კომუნისტებმა თავი დაგვანებონ, ეს არ არის თეატრისადმი პოლიტიკა, ჩვენ თვითონ გავერკვევით“. ეს ითქმებოდა ყველას გასაგონად და ახმეტელიც უსმენდა…“
იონა ტუსკია: „1930 წელს, მოსკოვში რუსთაველის სახელობის თეატრის გასტროლების დროს, მაყურებელმა ახმეტელის დადგმები კარგად მიიღო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძალიან გამედიდურდა, თუმცა კულმინაცია – გადასული თვითქებასა და საკუთარი პერსონის დაპირისპირება სხვა გამოჩენილ მსახიობებთან – იგრძნობოდა 1933 წელს მოსკოვში გამართული გასტროლების შემდეგ. ამჯერად მას ძალიან აღელვებდა ის გარემოება, რომ მისი სახელის გვერდით მაყურებელი იძახებდა და წარმოთქვამდა წამყვანი მსახიობების გვარებს და ეს ჩვევად იქცა. ახმეტელი თვლიდა, რომ მთელი წარმატება მისი დამსახურებაა და „დაფნის გვირგვინს“ სხვები იმკიდნენ.
ყველაფერი ეს იქამდე მივიდა, რომ 1935 წელს მან სამსახურიდან მოხსნა აკაკი ხორავა, შემდგომ აკაკი ვასაძეც. ამით მას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მას შეუძლია მსახიობთა შექმნა, ხოლო ნიჭი განსაკუთრებულ როლს არ თამაშობდა. ეს უხეში შეცდომა გამოწვეული იყო იმით, რომ თავისი ავტორიტეტის კიდევ უფრო გაეზარდა. ახმეტელის ამ ნაბიჯმა დასის უკმაყოფილება გამოიწვია“.
ამ მოგონებებიდან ნათლად ჩანს, რამ შეუწყო ხელი ბაქოს კონფლიქტის გაღვივებას. ბაქოდან თბილისში დაბრუნების შემდეგ მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საქმეში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი ჩაერია. მოწვეულ იქნა სამი (ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში) ფრიად მნიშვნელოვანი თათბირი, რომელსაც მოჰყვა გადაწყვეტილება რუსთაველის თეატრის რეორგანიზაციის შესახებ.
საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის 1935 წლის 25 ივლისის თათბირის სტენოგრამა რუსთაველის თეატრის მუშაობის შესახებ მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აკ. ხორავასა და თ. წულუკიძის მოგონებებში იგი არ არის მოხსენიებული. არადა, ამ დოკუმენტით ვეცნობით კონფლიქტის ძირითად არსს, კამათში მონაწილეთა და პარტიის ცენტრალური კომიტეტის სპეციალური კომისიის განწყობილებებს. ლ. ბერია, ე. ბედია, აკ. თათრიშვილი, გ. მგალობლიშვილი აღნიშნავდნენ ს. ახმეტელის მიერ ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბებას; რომ იგი ანგარიშს არ უწევდა სარეჟისორო კოლეგიის მოსაზრებებს, კრიტიკულ შენიშვნებსა და სხვ.
სტენოგრამა რუსულ ენაზეა დაწერილი და არ არის სრულყოფილი. არ ჩაიწერეს ქართულ ენაზე გამოსულთა სიტყვები, არ არის, აგრეთვე, ლ. ბერიას გამოსვლაზე ს. ახმეტელის საპასუხო სიტყვა. სამაგიეროდ, პარტმუშაკების სიტყვები შემონახულია; ისინი დაუშვებლად მიიჩნევდნენ მსახიობების – აკ. ხორავასა და აკ. ვასაძის გათავისუფლებას.
ს. ახმეტელი პრინციპულად არ ეთანხმებოდა ზემდგომი ორგანოების აზრს. მიაჩნდა, რომ თეატრის შიდა შემოქმედებით საკითხებში არავინ უნდა ჩარეულიყო. ამიტომაც გაისტუმრა დარბაზიდან მან რეპეტიციაზე შემოსული ლ. ბერიას წარმომადგენელი. საბჭოთა ხელისუფლებისადმი ასეთ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, არავის აპატიებდნენ, მით უფრო, 30-ანი წლების მეორე ნახევარში.
ს. ახმეტელი ჯიუტად არ ასრულებდა მთავრობის მითითებებს. არც ხორავა და ვასაძე აღადგინა თეატრში. არადა, შემაჯამებელ სიტყვაში ბერია დაუყოვნებლივ მოითხოვდა მათ აღდგენას. იმასაც აღნიშნავდა – „არ შევუდგები თეატრის ქებას, ჩვენ ვიცით, თქვენ ჩინებული მსახიობები ხართ. კარგი მემკვიდრეობა გერგოთ“. თუმცა, აქცენტი გააკეთა მსახიობებზე და არა – რეჟისორზე. იქვე აღნიშნა, რომ თეატრი კ. მარჯანიშვილის მიერ შექმნილი ტრადიციების გამგრძელებელი იყო. გამოდიოდა, რომ ს. ახმეტელს თეატრისთვის განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა გაკეთებული. ისიც დაამატა: „1934 წელს გაუთანაბრდით 1927-28 წლებს“. საინტერესოა, რომ 1928 წელს დაიდგა სპექტაკლები – „რღვევა“ და „ანზორი“. ამ წარმატების გაიგივება 1934 წლის სუსტ სეზონთან უმართებულო იყო. საკმაოდ ორაზროვნად გაისმოდა პირველი მდივნის სიტყვები: „ახმეტელს არ სჭირდება თქვენი დახმარება, დაცვა ჩვენს წინაშე. გთხოვდით სიმართლის თქმას, გაიძულებდით ყველაფრის მოყოლას, რათა ჩვენთვის გაადვილებულიყო ამ სიტუაციაში ორიენტირება და არა იმისთვის, რომ დაგვეხვრიტა ახმეტელი“.
ნათელია, რომ ლ. ბერიამ მეგობრული კეთილგანწყობის ნიღაბქვეშ მომავალი განაჩენი გამოიტანა. სიტყვა „დახვრეტის“ ხსენებით მიანიშნა, რომ ახმეტელს ვეღარავინ დაიცავდა.
შემთხვევითი არ იყო ბერიას კიდევ ერთი ფრაზა – „თუკი საჭირო გახდა, ხორავას გარეშეც გავძლებთ.“ ეს ლ. ბერიას მორიგი მანევრი გახლდათ; თითქოს მისთვის სულერთი იყო, ვინ წავიდოდა თეატრიდან, კოლექტივი წინსვლას მაინც გააგრძელებსო. არადა, აკ. ვასაძისა და აკ. ხორავას თეატრში აღდგენას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.
თავად ხორავა მიიჩნევდა, რომ „ალექსანდრე ვასილის ძე დიდი ოსტატია და მის გარეშე თეატრი 80%-ით ძირს დაეშვება“. ბერია ამ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა: „თქვენ ამბობთ, რომ თვითონ შექმენით სტილი, მიმართულება და აქვე ამბობთ, რომ ახმეტელის გარეშე თეატრი არ იარსებებს.“
ბერია ახმეტელს „ფაშისტსაც“ უწოდებდა. იგი ცდილობდა, ყველა დაერწმუნებინა, რომ თეატრი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო. ამიტომაც უწოდებდა მას „საბჭოთა ორგანოს“; დამსწრეთაგან ვერავინ ბედავდა რეპლიკის თქმასაც კი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ლ. ბერია სიტუაციას მთლიანად აკონტროლებდა; არაერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ თეატრში ნათქვამი ყოველი სიტყვა მისთვის ცნობილი იყო და კოლექტივიც სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
თათბირზე გამომსვლელთა პოზიციები წინასწარ იყო შეთანხმებული და ს. ახმეტელის საწინააღმდეგოდ მიმართული.
კონფლიქტის მონაწილეები რამდენჯერმე იყვნენ გამოძახებულნი ცენტრალურ კომიტეტში და სიტყვიერი წინადადება მიეცათ, საკითხი მოეგვარებინათ მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელით. ცხადია, ამ შეხვედრებმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო და არც უნდა გამოეღო. მომდევნო შეხვედრა იყო ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის 25 ივლისის თათბირი, რომლის საფუძველზე 3 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება აკ. ვასაძისა და აკ. ხორავას აღდგენის თაობაზე; აქვე გადაწყვიტეს თეატრის შინაგანი მდგომარეობის მოწესრიგება და პარტიული კონტროლის გაძლიერება.
მოგვიანებით ამ დადგენილების შეუსრულებლობა და არარსებული შემოქმედებითი შეცდომები დაედო საფუძვლად ს. ახმეტელის გათავისუფლებას.
ამ დადგენილების საფუძველზე თეატრის პირველადი პარტიული კომიტეტის მდივნად კლიმენტი კოპალეიშვილის ნაცვლად დაინიშნა მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის თანამშრომელი შალვა ცაგარეიშვილი, ხოლო დირექტორის მოადგილის – ვარლამ ხაჯალიას მაგივრად კი პოლიტიკური სამმართველოს ყოფილი უფროსი რწმუნებული გიორგი გუგუნავა. ამ ორგანიზაციული ცვლილებებით შეეცადა ცენტრალური კომიტეტი, ზეგავლენა მოეხდინა თეატრში შექმნილ მდგომარეობაზე.
3 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე განათლების სახალხო კომისარიატმა გამოსცა ბრძანება აკ. ვასაძისა და აკ. ხორავას აღდგენის შესახებ. ამის საფუძველზე თეატრში გ. გუგუნავამ დაწერა ბრძანება: „თანახმად განსახკომის ბრძანების №575 სახალხო მსახიობი აკ. ხორავა და რეჟისორი აკ. ვასაძე აღდგენილ იქნან თავიანთ თანამდებობებზე და მიეცეთ მითითება შრომის დისციპლინის დარღვევისათვის“. მაგრამ ს. ახმეტელი ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და ისინი რეპეტიციაზე არ შეუშვა. ამას საქართველოს ცენტრალური კომიტეტის დადგენილების იგნორირების კვალიფიკაცია მიეცა. ამიტომ, 9 სექტემბერს თეატრში ჩატარდა კიდევ ერთი კრება, სადაც ცკ-ის წარმომადგენლები ს. ახმეტელის მომხრეთა ძლიერ და მოულოდნელ შემოტევას შეეჯახნენ.
მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა და 13 სექტემბერს ცენტრალური კომიტეტის ბიუროს გადაწყვეტილებით ს. ახმეტელი გაათავისუფლეს. იმ დღის სტენოგრამიდან კარგად ჩანს, რომ ბიუროს წევრები გაღიზიანებულნი იყვნენ ს. ახმეტელის წინააღმდეგობით. თუ 25 ივლისის თათბირზე ლაპარაკი მიდიოდა ს. ახმეტელის დატოვებასა და მდგომარეობის გამოსწორებაზე, ამჯერად მსჯელობის მთავარი საკითხი მისი გათავისუფლება და თეატრის შემდგომი განვითარების პერსპექტივები იყო. რეჟისორის მიმართ გაისმა პიროვნული ღირსების შეურაცხმყოფელი და დამცინავი სიტყვებიც. ამ საერთო განწყობილებიდან იგრძნობოდა, რომ ს. ახმეტელის ბედი გადაწყვეტილი იყო და გამომსვლელები მისი სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების მოტივებს ასაბუთებდნენ. სხდომის მსვლელობას აშკარად ეტყობოდა ლ. ბერიას ზეგავლენა. თითოეული გამომსვლელი ცდილობდა, არა მარტო ესიამოვნებინა პირველ მდივნისთვის, არამედ მისივე შეხედულებები გაემეორებინა.
ბიუროს სხდომა მიმართული იყო თეატრის ხელმძღვანელობის ისეთი სტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც ცკ-ის მითითებებს უსიტყვოდ დაემორჩილებოდა. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა სამხატვრო ხელმძღვანელი. მთავარი იყო, შერჩეულ პირს არ გაემეორებინა ს. ახმეტელის „შეცდომები“.
საინტერესოა, რომ თუ 25 ივლისის თათბირზე ლ. ბერია შენიღბულად ლაპარაკობდა, ახლა იგი კონკრეტული ღონისძიებების შესახებ პირდაპირ მიუთითებდა. თუმცა, ის წინააღმდეგობაშიც ვარდებოდა – ლოგიკურად ვერ ხსნიდა, როგორ მოახერხა „კონტრრევოლუციონერმა“ ახმეტელმა საბჭოთა პიესების მაღალმხატვრულად დადგმა და აგდებით შენიშნა: „ეგღა გვაკლია, რომ სცენაზე კონტრრევოლუციური ამბები გვიჩვენოს“.
ასე ჩამოაყალიბა ბერიამ ს. ახმეტელის „პოლიტიკური სახე“.
მიღებული დადგენილება პრესაში 15 სექტემბერს გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, თეატრში დაძაბული ურთიერთობები გრძელდებოდა. ს. ახმეტელის მომხრეთა ჯგუფი პოზიციებს არ თმობდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სათანადო ზომებიც მიიღეს. 20 სექტემბრის №70 ბრძანებით, ივანე ლაღიძე თეატრის სამხატვრო-ადმინისტრაციული ნაწილის გამგეობიდან გათავისუფლდა და მსახიობად დარჩა. საკუთარი განცხადებით (ალბათ, პროტესტის ნიშნად) თეატრის სტუდიის ადმინისტრაციული გამგის თანამდებობიდან ვლადიმერ ადამიძე გათავისუფლდა. რეპეტიციებზე გამოუცხადებლობისა და კოლექტივში დეზორგანიზაციის შექმნისთვის თამარ წულუკიძის მიმართ თეატრის დირექტორმა განსახკომის სანქცია ითხოვა, რაც 2 ოქტომბრის №76 ბრძანებით განხორციელდა კიდეც.
ამავე ბრძანებით სარეჟისორო კოლეგიის დავალების შეუსრულებლობისა და თეატრიდან დაუკითხავად წასვლისთვის ივანე ლაღიძეს გაფრთხილება გამოეცხადა. 13 ოქტომბრის №82 ბრძანებით კი იგი საკუთარი განცხადებით თეატრიდან წავიდა. 27 ოქტომბრის №88 ბრძანებით მსახიობი ბუჟუჟა შავიშვილი გაათავისუფლეს, ხოლო 1 დეკემბერს №101 ბრძანებით დეზორგანიზაციის შეტანისა და დაჯგუფებათა ცდებისთვის მოიხსნენ: სალიტერატურო ნაწილის გამგე – ია ქანთარია, მსახიობები – ვლადიმერ ადამიძე, თინა ღვინიაშვილი. თეატრის მუზეუმში შემონახულია ია ქანთარიას ემოციური ჩანაწერი: „3 დეკემბერს ჩავაბარე მუზეუმი. მშვიდობით, მშობლიურო რუსთაველის თეატრო! 14 წელიწადი შენთვის ერთგული ვიყავი“.
ყურადსაღებია, რომ ამ ბრძანებებში არ ფიგურირებს ელგუჯა ლორთქიფანიძე; ვანიკო აბაშიძე კი ს. ახმეტელის მომხრეთა ჯგუფთან ერთად რეპრესიებში არც მოყოლილა. იგი დეზორგანიზაციული მუშაობის საბაბით, ერთი წლის შემდეგ, მხოლოდ 1936 წლის 9 ოქტომბრის №73 ბრძანებით გაათავისუფლეს; ამის შემდეგ ლანჩხუთის თეატრს ხელმძღვანელობდა; ადგილობრივ ორგანოთა და პიროვნებათა დასმენით ვანიკო აბაშიძე 1937 წლის 1 სექტემბერს სრულიად სხვა ბრალდებით დააპატიმრეს და 21 ნოემბერს დახვრიტეს.
რუსთაველის თეატრში კი თუ სანდრო ახმეტელის დისციპლინას „ფაშისტურს“ უწოდებდნენ, ახალმა დირექტორმა – ერ. გორდელაძემ მომთხოვნელობა გააორკეცა და დისციპლინის დარღვევა პოლიტიკურ დანაშაულამდე იქნა აყვანილი.
Gubaz Megrelidze – In the Footsteps of Invisible History.
Letter Six (Beginning in 2022 No. 4; continued in 2023 No. 2 and No. 3; 2025 No. 1 and No. 2)
The author examines the extremely difficult situation in Georgia in the 1930s, particularly in the Rustaveli Theatre. Based on documents, he shows the web of intrigues the Soviet authorities wove in the Rustaveli Theatre against director Sandro Akhmeteli.
It is noted that the First Secretary of the Central Committee of the Georgian Communist Party, Lavrentiy Beria, would even call Akhmeteli a “fascist.” He tried to convince everyone that theatre should be subordinated to the state, calling it “a Soviet organ.” No one in the audience dared to respond. This meant that Beria had total control over the situation; he repeatedly emphasized that every word spoken in the theatre was known to him, and that the entire troupe was under proper surveillance.










