(თეატრალური კალეიდოსკოპიდან)
გასული საუკუნის 20-იანი წლები ქართული თეატრის ისტორიისთვის ურთულესი აღმოჩნდა; კონფლიქტი სათავეს იღებდა კორპორაცია „დურუჯიდან“, რომელიც სანდრო ახმეტელმა ჩამოაყალიბა და მხარს კოტე მარჯანიშვილი უჭერდა. ორივეს ინტერესს წარმოადგენდა თეატრის ძველი ტრადიციებისაგან გათავისუფლება და ევროპული, თანამედროვე ფორმების ძიება; გარკვეული დროის შემდეგ კორპორაციამ კოტე მარჯანიშვილის „კონტროლი“ სცადა. ამ უკანასკნელმა კორპორაციას მიმართა და გამოსვლა მოითხოვა. 5 სხდომაზე იხილებოდა საკითხი. განაწყენებული მარჯანიშვილი არც ერთ სხდომას არ დასწრებია; კორპორაციამ ულტიმატუმი წაუყენა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში მასთან მუშაობას შეწყვეტდნენ.
მარჯანიშვილს ვერიკო ანჯაფარიძემ გამოუცხადა სოლიდარობა. კორპორაცია იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა რეჟისორისთვის „უნებლიე შეცდომისათვის“, თუმცა პრობლემა ამით არ დასრულებულა; 1924 წლის 10 ნოემბერს ისევ განახლდა წინააღმდეგობა. ამჯერად მარჯანიშვილს, ვერიკოსთან ერთად, მხარს უჭერდნენ უშანგი ჩხეიძე, დავით ჩხეიძე, ალექსანდრე გველესიანი, ელენე დონაური. სხდომის დადგენილებით, კოტე მარჯანიშვილი გაათავისუფლეს კორპორაციიდან და მის საპატიო წევრად დატოვეს. ერთი თვის შემდეგ ვერიკო ანჯაფარიძემაც დატოვა ის და წერდა – კორპორაციის იდეის რწმენა დავკარგეო.
1925-1926 წლებში უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა – მარჯანიშვილმა სეზონის დასასრულს კორპორატორთა გარკვეული ნაწილის გათავისუფლება მოითხოვა. ხელოვნების საქმეთა მთავარი საბჭოს 1926 წლის 17 ივლისის N666 ბრძანებით რეორგანიზაციისა და ხარჯების შემცირების მიზნით შეამცირეს 25 მსახიობი, მხატვარი ირაკლი გამრეკელი, მორიგე რეჟისორები – ალექსანდრე გველესიანი და კუკური პატარიძე. ფაქტობრივად, მთელი დასი. დატოვეს მხოლოდ 12 მსახიობი. ეს კი კორპორაციის დაშლას ნიშნავდა. იმავე დღეს მოიწვიეს კრება; „დურუჯიც“ პროტესტს უცხადებდა ამ ბრძანებას.
კორპორაციის წესდება ერთმანეთის თანადგომას ითვალისწინებდა – ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის! ამიტომ მარჯანიშვილს ჩანაფიქრზე ხელის აღება მოსთხოვეს. მან კი მეორედ დატოვა თეატრი. 1926 წლის 6 ივლისს კორპორანტები რეჟისორს სახლში ეწვივნენ ინციდენტის მოსაგვარებლად. სხდომის ოქმის მიხედვით, მარჯანიშვილი გაბრაზებული იყო; საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისანი არიან და სხვებს ანგარიშს არ უწევენო.
კორპორანტებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს პატივისცემა რეჟისორს და თეატრში დაბრუნება შესთავაზეს. მარჯანიშვილმა რამდენიმე დღე მოითხოვა მოფიქრებისთვის, მაგრამ მეორე დღეს – 7 ივლისს მსახიობებს თეატრიდან მისი წასვლის განცხადება დახვდათ. კორპორაციამ კიდევ სამი სხდომა დაუთმო კონფლიქტის მოგვარებას, თუმცა რეჟისორმა კოლეგებთან ურთიერთობა არ ისურვა და თავისი მეორე კინოფილმის – „სამანიშვილის დედინაცვალი“ გადაღებაზე გაემგზავრა (პირველი ფილმი – „ქარიშხლის წინ“ 1925 წელს გადაიღო). ამბობენ, რომ კინემატოგრაფიით გატაცებაც გახდა მისი თეატრიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი (თეატრს კი ახალ სეზონზე სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ ჰყავდა და სარეპერტუარო პოლიტიკაც გაურკვეველი რჩებოდა; საინტერესოა, რომ მარჯანიშვილს გადაღებებზე მთავარ როლებზე მიწვეული ჰყავდა კორპორანტები – პლატონის როლზე – აკაკი ვასაძე და ბეკინას როლზე – შალვა ღამბაშიძე).
თეატრიდან მარჯანიშვილის წასვლის მეორე მიზეზი ახმეტელთან უთანხმოება იყო; ორ დიდ ხელოვანს სხვადასხვა მხატვრული ხედვა ჰქონდა; ეს კარგად გამოჩნდა გრ. რობაქიძის „ლამარას“ დადგმისას. სპექტაკლის პირველი და მეორე მოქმედება მარჯანიშვილმა დადგა, მაგრამ მუშაობა ვეღარ გააგრძელა აპენდიციტის მოულოდნელი ოპერაციის გამო; ამიტომ მესამე და მეოთხე მოქმედება ახმეტელს მიანდო.
მარჯანიშვილს სპექტაკლი არ მოეწონა – გამიფუჭეს ნამუშევარიო; ახმეტელს კი მოსთხოვა – შეგიძლია, ჩემი გვარი აფიშიდან ამოშალოო. არადა, პრესამ ასე შეაფასა „ლამარა“ – „დადგმისა და სცენური განსახიერების მხრივ „ლამარა“ იშვიათ წარმოდგენად უნდა ჩაითვალოს“; წერდნენ იმასაც, რომ „ლამარაში“ გამარჯვებულია ქართული თეატრი და ქართველი არტისტი“.
მაგრამ ფაქტია, ახმეტელმა მარჯანიშვილისეული გზიდან მთლიანად გადაუხვია.
1926 წლის 6 აგვისტოს ახმეტელმა, თეატრალური კომისიის თავმჯდომარის – ლევან ღოღობერიძის თხოვნით, მარჯანიშვილს სოფელ რიონში ჩააკითხა გადაღებებზე. 1926-1927 წლების სეზონისთვის მზადება უნდა დაეწყოთ. მათი შეხვედრის ოქმის გაფორმებას ესწრებოდნენ ზაქრო ბერიშვილი და პლატონ კორიშელი. საუბარი მკაცრი და პრინციპული იყო; მარჯანიშვილი თმობდა 4 კორპორანტს, მაგრამ პავლე კანდელაკისა და ვანიკო აბაშიძის დაბრუნებაზე უარს ამბობდა; ახმეტელს ხსნიდა მთავარი რეჟისორობიდან და რიგითად ტოვებდა; რეპერტუარსაც თავად შეადგენდა; მთავარ როლებს ერთად გადაანაწილებდნენ; ახმეტელი ყველაფერზე დასთანხმდა; ამასთან, მარჯანიშვილს თეატრში მოჰყავდა უფროსი თაობის მსახიობებიც – ალექსანდრე იმედაშვილი, იუზა ზარდალიშვილი, მიხეილ გელოვანი, მიხეილ ჭიაურელი.
გადაწყდა, რომ ორივე რეჟისორი შეხედულებისამებრ დააკავებდა მსახიობებს;
საბოლოოდ ყველაფერი გადაწყვიტა ახმეტელის შეკითხვამ – თუ ერთმანეთს არ ვენდობით, რა სეზონი გვექნებაო?
მარჯანიშვილმა უპასუხა – არ გენდობი არც შენ და არც იმათ იმიტომ, რომ თქვენი დამოკიდებულებით ჩემ გარშემო ასეთი ატმოსფერო შექმენითო.
ახმეტელი ჩაეძია – კოტე, ამით შენ ამბობ, რომ ჩვენ სამუდამოდ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, რადგან რა საქმე შეიძლება გაკეთდეს იქ, სადაც არ არის ნდობაო.
მარჯანიშვილის პასუხი სასტიკი იყო – მართალია! რაც გაბზარულია, ძნელად გამთელდებაო.
ოქმი სამ ეგზემპლარად დაიწერა ლევან ღოღობერიძისთვის, სანდრო ახმეტელისა და კოტე მარჯანიშვილისათვის.
ახმეტელი 1933 წლის 25 ივნისის მოსკოვის გასტროლების განხილვისასაც ამბობდა – გულწრფელად ვაცხადებ, რომ გარდა პრინციპული თეატრალური ბრძოლისა, ჩემსა და მარჯანიშვილს შორის არაფერი ყოფილაო.
რუსთაველის თეატრში შექმნილი იყო სამთა სამსჯავრო ვერიკო ანჯაფარიძის, შალვა ღამბაშიძისა და ალექსანდრე გველესიანის შემადგენლობით. სამსჯავრომ ერთხელ სანდრო ახმეტელი გადასცა ამხანაგურ სასამართლოს კორპორაციული დისციპლინის დარღვევისათვის, მეორედ კი – მარჯანიშვილი. ეს უკანასკნელი შვილს სწერდა: ჭრილობა, რომელიც ჩემმა გულმა ჩემს სამშობლოში მიიღო, არასოდეს განიკურნება. წვრილმანი კაცუნების ინტრიგების გამო, თითქმის შეუძლებელი გახდა ჩემი მუშაობა თეატრში, ყველაფერს მივაფურთხე და თეატრი მივატოვეო.
მარჯანიშვილი საქართველოში 1922 წელს ჩამოვიდა; აკაკი ხორავა მასზე ამბობდა, აქ ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ბათუმიდან უცხოეთში რომ გამგზავრებულიყოო. თეატრში არსებული სიტუაცია გასცდა თეატრის კედლებს და ამაზე მსჯელობდა საზოგადოებაც – მსახიობთა ერთმა ჯგუფმა მარჯანიშვილი რუსთაველის თეატრს მოაშორა, ხოლო ახმეტელი კომუნისტებს მიეყიდაო.
***
კოტე მარჯანიშვილსა და სანდრო ახმეტელს შორის შემოქმედებითი გზების გაყრის მერე რუსთაველის თეატრის მსახიობებმა – კორპორაცია „დურუჯის“ წევრებმა – კრება მოიწვიეს და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მარჯანიშვილის გარეშე რუსთაველის თეატრზე პასუხისმგებლობა არ აეღოთ. მაგრამ განათლების კომისარიატმა და თეატრალურმა კომისიამ, რომლის სათავეშიც ლევან ღოღობერიძე იდგა, რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობა სანდრო ახმეტელს ჩააბარეს. აკაკი ვასაძე იხსენებდა: კოტე მარჯანიშვილი მომესალმა და მითხრა: მომილოცავს, თეატრი კორპორაციასა და ახმეტელს გადასცესო. მარჯანიშვილი ემოციებს არ იმჩნევდა, თორემ, რა თქმა უნდა, დიდი დარტყმა იყო. ეს მოხდა 1926 წლის ზაფხულში.
რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის წასვლითა და ახმეტელის დანიშვნით ბევრი მსახიობი იყო უკმაყოფილო; კოტეს მიმართ გარკვეული პროტესტი კი ჰქონდათ, მაგრამ ყველა პატივს სცემდა. ახმეტელის დანიშვნის გამო თეატრიდან მხოლოდ ელენე დონაური და ვერიკო ანჯაფარიძე წავიდნენ. ელენე მარჯანიშვილის მეუღლე იყო, ვერიკო კი ელენესთან მეგობრობდა. 1926-1927 წლის თეატრალური სეზონი მარჯანიშვილის გარეშე გაიხსნა.
ახმეტელმა წერილიც მისწერა; სპექტაკლის – „ზაგმუკი“ გენერალურ რეპეტიციაზე იწვევდა – ძვირფასო კოტე, მობრძანდით, თქვენი მოწაფის ნამუშევარი შეაფასეთო.
რა თქმა უნდა, მარჯანიშვილი არ მივიდა. „ზაგმუკი“ პრესამ კრიტიკულად შეაფასა, მაგრამ ახმეტელი რომ დამოუკიდებელ რეჟისორად ჩამოყალიბდა და ახალ გზას იწყებდა, ეს აშკარა იყო.
საქმეში საქართველოს პოლიტიკური სამმართველოც ჩაერია. მისმა თავმჯდომარემ – ლავრენტი ბერიამ საიდუმლო წერილით მიმართა საქართველოს ცეკას პირველ მდივანს – შალვა ელიავას, რომ კორპორაცია „დურუჯი“ ნაციონალ-შოვინისტური განწყობის ინტელიგენციასთან ახლო კავშირს ამყარებს (იგულისხმებოდა „ცისფერყანწელები“) და მუშაობას ანტისაბჭოთა გზით განაგრძობსო. ამიტომ ბერია ითხოვდა თეატრში კ. მარჯანიშვილის დაბრუნებასა და დასის ახლად ჩამოყალიბებას; პარტორგანიზაციის როლის გაძლიერებას.
ბერიას „ჩარევის“ შედეგად 1926 წლის 27 იანვრიდან ს. ახმეტელის მიერ შექმნილი კორპორაცია „დურუჯი“ დაშლილად გამოცხადდა; ამავე წლის გაზაფხულიდან ბზარი გაჩნდა ახმეტელსა და მსახიობებს შორისაც. უკმაყოფილებას იწვევდა რეპერტუარიცა და კონფლიქტი ღვივდებოდა როლების განაწილებისასაც. მაგალითად, სპექტაკლში „კარმენსიტა“ ახმეტელმა მთავარ როლზე ლადო მესხიშვილის ქალიშვილი – ნინო ალექსი-მესხიშვილი დააკავა, რის გამოც დასი გაუნაწყენდა; ნინას აქცენტიც რუსული ჰქონდა და პერსონაჟს არც გარეგნობით შეეფერებოდა, თანაც ამ როლს თამარ ჭავჭავაძე ელოდა. მსახიობებს არ მოეწონათ არც მოწვეული მხატვრის – გიორგი იაკულოვის მიერ სპექტაკლის მხატვრული გაფორმება. შენიშვნები ჰქონდათ სხვა სპექტაკლებთან დაკავშირებითაც. თეატრს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორი სერგო ამაღლობელიც.
ამ პერიოდში კოტე მარჯანიშვილი კინოში გადაერთო, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ამასთან, არც ფიზიკურად გრძნობდა თავს კარგად და არც – სულიერად. მუნჯი კინო არ აღმოჩნდა მისი საქმე, რადგან სიტყვა იყო მარჯანიშვილისთვის უმთავრესი. თეატრი ენატრებოდა; ერთ-ერთ კომისიაზე წარმოთქმულ სიტყვაში იმასაც ამბობდა – „ობიექტური მიზეზები იმისა, რომ დადგმები უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვერ იყო სათანადო, გახლავთ ის, რომ ხელმძღვანელი ვერ არის სათანადოდ მომზადებული. მას აქვს ერთი დიდი ნაკლი – ახმეტელი არასდროს არ ყოფილა მსახიობი. ეს რეჟისორისთვის ისეა საჭირო, როგორც ინჟინრისთვის პრაქტიკა. ახმეტელს ჩემს გარდა სერიოზული მუშაობა არსად არ უნახავს. ტექნიკურად სუსტია. ყოველივე ამის გარდა, ის ძლიერ გამედიდურდა.
„დურუჯი“ ჩემს გარეშე დაარსდა. მე რომ შევეკითხე, თუ რა მიზანს ისახავს ეს ორგანიზაცია, მათ მიპასუხეს, რომ მიზანი მხატვრული ძალების გაერთიანებაა. ამიტომ შევედი ამ ორგანიზაციაში. ხოლო როცა დაიწყეს ჩემს პირად ცხოვრებაში ხელის ფათური, მათგან წამოვედი. ამ ორგანიზაციაში იყვნენ ისეთები, რომლებიც რაიმეს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ ადგილები დაიჭირეს (კანდელაკი, გამრეკელი, დ. ჩხეიძე, სარჩიმელიძე, მჟავია, ლორთქიფანიძე). მათ დათხოვნას დავთანხმდი, მაგრამ ამას წინათ აღუდგნენ და ეს იყო მეორე მიზეზი ჩემი წამოსვლისა… დასისთვის საჭიროა მტკიცე კადრი დაახლოვებით 25-28 კაცია. დანარჩენი უნდა იყვნენ სეზონში მოწვეულნი. მე თეატრის ზრდა მაინტერესებს, პასუხისმგებლობას ვიღებ, ორი-სამი წლის განმავლობაში ოთხ მსახიობსა და სამ რეჟისორს მოვამზადებ… ახმეტელს ვთვლი ძლიერ ნიჭიერ კაცად, მაგრამ სრულიად მოუმზადებლად. მისი ჩემთან მუშაობა გამოიწვევს კვლავ იმას, რაც იყო.“
თეატრის მონატრება მარჯანიშვილმა მალე საქმედ აქცია; თანამოაზრეები შემოიკრიბა და ქუთაისში გადავიდა; იქ დააარსა ქუთაისი-ბათუმის თეატრი; ახალ ქალაქში ცხოვრება პეტერბურგიდან დროებით ჩამოსულმა შვილმა – უმცროსმა კონსტანტინე მარჯანიშვილმა გაუადვილა.
პარალელურად, რუსთაველის თეატრში უკმაყოფილება იზრდებოდა; მსახიობებმა – უშანგი ჩხეიძემ, თამარ ჭავჭავაძემ, შალვა ღამბაშიძემ და ალექსანდრე ჟორჟოლიანმა განცხადებით მიმართეს განათლების სახალხო კომისარიატის სამხატვრო-სამეცნიერო მთავარ სამმართველოს, რომ თუ მარჯანიშვილი არ დაბრუნდებოდა, სეზონის დასრულებისთანავე თავადაც დატოვებდნენ თეატრს. ამბობდნენ, „ჩვენ მივდივართ იმიტომ, რომ ამით გვსურს მივაქციოთ მთავრობის ყურადღება თეატრის საქმეს“.
განცხადების საფუძველზე განსახკომმა გამოყო თეატრის მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელმაც 1928 წლის 25-26 აპრილს მოაწყო მსახიობთა დაკითხვა. საერთო აზრი ორად გაიყო, რადგან კ. მარჯანიშვილსა და ს. ახმეტელს თავიანთი მომხრეები ჰყავდათ.
კომისიამ დაადგინა: „ახმეტელი თეატრიდან განთავისუფლდეს; ორი-სამი წლით მოსკოვში გაიგზავნოს; მის მაგივრად თეატრში მოწვეულ იქნას მარჯანიშვილი. დასი დაიშალოს და ახლად შეიკრიბოს. ახმეტელი შემონახულ იქნას თეატრისთვის, როცა მოსკოვიდან დაბრუნდება მომზადებული და შეეძლება რეჟისორისა და მსახიობის აღზრდა-მომზადება, თეატრი კვლავ გადაეცეს“.
დადგენილება არ შესრულდა და ცენტრალური კომიტეტის მხარდაჭერით ს. ახმეტელი თეატრის ხელმძღვანელად დატოვეს.
რუსთაველის თეატრში დარჩნენ აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე, პლატონ კორიშელი, ნიკო გოცირიძე, გიორგი დავითაშვილი, ვასო გოძიაშვილი, მიხეილ და ელგუჯა ლორთქიფანიძეები, ვანიკო აბაშიძე, ემანუილ აფხაიძე, დიმიტრი მჟავია, ნატალია ჯავახიშვილი, თამარ წულუკიძე, ორი ნინო ალექსი-მესხიშვილი (პირველი – ლადო ალექსი მესხიშვილის ასული, მეორე სარდიონის ასული – აკაკი ხორავას მეუღლე), სესილია თაყაიშვილი და სხვები.
ხოლო მარჯანიშვილს გაჰყვნენ უშანგი ჩხეიძე, თამარ ჭავჭავაძე, ბაბო გამრეკელი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, შალვა ღამბაშიძე, ხათუნა ჭიჭინაძე, დავით ჩხეიძე, ალექსანდრე გველესიანი, ცეცილია წუწუნავა, დოდო ანთაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ელენე დონაური. მოგვიანებით ვასო გოძიაშვილი და სესილია თაყაიშვილიც მათ შეუერთდნენ.
მალე მარჯანიშვილის დასის წევრები გახდნენ ასევე გრიგოლ კოსტავა, აკაკი კვანტალიანი, გიორგი შავგულიძე, სერგო ზაქარიაძე.
მარჯანიშვილს უნიჭიერესი მხატვრები (პეტრე ოცხელი და ელენე ახვლედიანი) და კომპოზიტორები (თამარ ვახვახიშვილი და ალექსანდრე გველესიანი) ჰყავდა.
1928 წელს უკვე ნიადაგი მომზადდა ახალი – ქუთაის-ბათუმის თეატრის გახსნისათვის და ამ ამბავს პარტიის ცეკამაც დაუჭირა მხარი.