გუბაზ მეგრელიძე სტატია

უხილავი ისტორიის კვალდაკვალ

, , ,

ბაქოში გასტროლების დროს დაწყებული კონფლიქტი

წერილი მეშვიდე

(დასაწყისი 2022 №4; 2023 №2,№3; 2025 №1, №2, №4,№6)

მსახიობთა დევნა რუსთაველის თეატრში

სანდრო ახმეტელის მოხსნის შემდეგ პოლიტიკური სამმართველო მის მეთვალყურეობას აგრძელებდა. ამ მხრივ საინტერესოა 1936 წლის 20 სექტემბერს შედგენილი ანგარიში, სადაც ვკითხულობთ: „როგორ მიიღო გადაწყვეტილება ახმეტელმა და მისმა დაჯგუფებამ? პირადად ახმეტელი, ჩანს, არ თვლის გადაწყვეტილებას საბოლოოდ და იმედოვნებს რევანშზე მოსკოვში. ჯიუტობა, პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნათა იგნორირება გარკვეულ წილად აიხსნება მოსკოვში გასტროლებისას ამხ. სტალინის გასაგები დამოკიდებულებით თეატრისადმი; მას დაავიწყდა, რომ ბელადის დადებითი შეფასებასა და ყურადღებას განაპირობებდა საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის წარმატება. ახმეტელი კი მისთვის დამახასიათებელი განდიდების მანიით ბელადის ყურადღებას პირადად მისდამი აღიქვამდა. ახლა, როგორც ამბობენ, ის აპირებს მოსკოვში ჩივილს (არ შეიძლება ითქვას, რომ ეს ჭკვიანური იქნება, აქ თავს იჩენს ამ გაბერილი ფიგურის პოლიტიკური შეზღუდულობა). გასათვალისწინებელია, რომ ეს ნაბიჯი მიმართულია ამხ. ბერიას წინააღმდეგ (მას თვლიან გადამწყვეტი დარტყმის ინიციატორად), ყველაფერი ძალიან კონსპირატიულად კეთდება, მაგრამ, ალბათ, ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა წერილი გადაეცეს ამხ. სტალინს ან, უკიდურეს შემთხვევაში, ხელსაყრელ მომენტში რამდენიმე ფრაზა ითქვას „უდანაშაულო მსხვერპლზე“.  უკანასკნელ შემთხვევაში ახმეტელი, როგორც ამბობენ,  იმედოვნებს ზოგიერთ ქართველ ბოლშევიკზე, რომლებიც ამჟამად მოსკოვში მუშაობენ და ამხ. ბერიას წინააღმდეგ მტრულად არიან განწყობილნი და გამოაშკარავებულნი იყვნენ პარტაქტივზე ამხ. ბერიას მოხსენებაში. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ამ ამხანაგებს შორის მოიძებნება ის, ვინც შეეცდება კეთილი სიტყვა შეაწიოს „დაზარალებულს“.

 შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ლ. ბერიას არ უნდოდა ს. ახმეტელის მოხსნის ამბავი სტალინამდე მისულიყო. ამიტომაც ცდილობს მის იზოლირებას და თვალყურს ადევნებს. როგორც ჩანს, პოლიტიკური სამმართველო ს. ახმეტელისა და მისი ჯგუფისგან მოსკოვში გასაგზავნი წერილის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. ასეთ წერილს ჩვენ სუკ-ის არქივში ვერ მივაკვლიეთ; შესაძლოა, როგორც ლ. ბერიას წინააღმდეგ მიმართული საბუთი, გაანადგურეს, მაგრამ თვით წერილის დაწერის ფაქტს რეჟისორი შ. აღსაბაძე ადასტურებს თავის 1955 წლის ჩვენებაში: „მსახიობმა სარჩიმელიძემ მითხრა, რომ 1936 წელს საახალწლო შეხვედრისას თუ რომელიღაც სხვა ზეიმზე, ის იყო პლატონ კორიშელის ბინაში. იქ იყვნენ ყველა ის პირები, რომლებიც ახმეტელის კვალდაკვალ დააპატიმრეს. ვახშმობისას შეადგინეს წერილი სტალინის სახელზე, რომ ბერია დევნის ახმეტელს და ის დაუმსახურებლად გააძევეს თეატრიდან. ითხოვდნენ ახმეტელის დაბრუნებას“. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს წერილი გახდა ს. ახმეტელის მომხრეთა უშუალო დაპატიმრების მიზეზი, რადგანაც დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდნენ მხოლოდ წერილზე ხელისმომწერნი.

ამავე პოლიტსამმართველოს შეტყობინებაში ნახსენებ ქართველ ბოლშევიკებში, პირველ რიგში, სერგო ორჯონიკიძე იგულისხმება, ვინაიდან ს. ახმეტელს მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამას ადასტურებს ს. ახმეტელის ვაჟი – შალვაც: „ს. ორჯონიკიძის მზრუნველობითი დამოკიდებულება გახდა ერთი მიზეზთაგანი ბერიას გაბრაზების. ს. ორჯონიკიძის საქართველოსა და ამიერკავკასიაში მუშაობის პერიოდში ახმეტელი არაერთხელ აირჩიეს ამიერკავკასიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და მის დროს დაინიშნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. ს. ორჯონიკიძის დახმარებით მან დაიწყო მუშაობა მოსკოვსა და ლენინგრადში“. ლ. ბერიამ მოახერხა ს. ახმეტელის სრული პოლიტიკური იზოლაცია.

ასეთ დაძაბულ გარემოში აგრძელებდა სანდრო ახმეტელი შემოქმედებით ცხოვრებას. უნდოდა,  ლენინგრადის ოპერის თეატრში დაედგა ალ. ბოროდინის ოპერა – „თავადი იგორი“ და ბ. ასაფიევის ბალეტი – „პარტიზანები“. აგრეთვე ბილ-ბელოცერკოვსკის პიესა –  „საზღვარზე“ და მოსკოვის საბჭოს სახელობის თეატრში ვ. სარდუს „ფლანდრია“. მაგრამ ყველაფერი განუხორციელებელი დარჩა…

რუსთაველის თეატრიდან წასვლის შემდეგ ივანე ლაღიძე და ბუჟუჟა შავიშვილი ს. ახმეტელთან მოსკოვში ჩავიდნენ და გადაწყვიტეს, მთავრობის წინაშე ეთხოვათ შუამდგომლობა საქართველოს კულტურის სახლში ქართული დრამატული სტუდიის გახსნასთან დაკავშირებით. მაგრამ სამი თვის ბრძოლის შემდეგ ამ ჩანაფიქრის განხორციელებაზე უარი უთხრეს (შემდგომში ეს ფაქტი გამოყენებულ იქნა, თითქოსდა, კონტრრევოლუციური ჯგუფის შექმნის საბაბად).

 სანდრო ახმეტელის დაპატიმრება და დახვრეტა

სანდრო ახმეტელი პოზიციებს არ თმობდა და ამიტომაც 1936 წლის შემოდგომიდან დაიწყო მისი მომხრე მსახიობების დაპატიმრება შემდეგი თანმიმდევრობით: 22 სექტემბერს – ივანე ლაღიძე და ია ქანთარია, ელგუჯა ლორთქიფანიძე; 21 ნოემბერს – ბუჟუჟა შავიშვილი, ნინა ღვინიაშვილი; 22 ნოემბერს – პლატონ კორიშელი; თვით სანდრო ახმეტელი დააპატიმრეს მოსკოვში, 19 ნოემბერს, ნოვინსკის ბულვარზე №15, ბ. 7, საქართველოს შინსახკომის კომისრის –  გოგლიძის ბრძანებით, პროკურორის სანქციის გარეშე. 5 დეკემბერს ჩამოიყვანეს თბილისში, ხოლო 7 დეკემბერს დაიწყო დაკითხვები. მისი მეუღლე, თამარ წულუკიძე მოგვიანებით – 1937 წლის 27 იანვარს დააპატიმრეს.

სანდრო ახმეტელის პირველ დაკითხვაზე ძირითადად ლაპარაკია ნაცნობებთან მის მიმოწერაზე. გამოძიება ცდილობს, დაამოწმოს ბარათების დაშიფრულობა, ვითომდა საიდუმლო შინაარსის გამო. ამასთან, გამოძიებამ ს. ახმეტელის შემოქმედებითი შინაარსის წერილები ანტისაბჭოთა განწყობის დასამტკიცებლად გამოიყენა. ასე მაგალითად, ს. ახმეტელს ბრალად წაუყენეს, თითქოსდა იგი წერდა, რომ მისი გათავისუფლება თეატრის კრახს გამოიწვევდა. ამაზე ს. ახმეტელი პასუხობს, რომ შემოქმედებითი პოზიციის შეცვლას შეიძლება, გამოეწვია თეატრის მხატვრული დონის დაქვეითება. ასევე უარყოფითად შეფასდა 1935 წ. 9 სექტემბრის კრებაზე ს. ახმეტელის მიერ თავის დაცვაც. ასევე ანტისაბჭოთა მოქმედებად გამოცხადდა სპექტაკლების: „ლამარას“, „უდეგას“, „ლატავრას“, „თეთნულდის“ განხორციელება; ხოლო პიესა „მესაათისა და ქათმის“ გადარქმევა „მაისტერად“ ბოროტმოქმედებად მონათლეს.

გამოძიება ცდილობდა, ს. ახმეტელის შეხედულებები რიტმზე თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ამიტომაც დაუსვეს ასეთი აბსურდული შეკითხვები:

კითხვა – აღიარებდით თუ არა თქვენ თეორიას, რომელითაც განსაკუთრებული ქართული ნაციის მისაღებად აუცილებელია მთიელი რაიონების მოსახლეობის (ხევსურები, სვანები) შეჯვარება საქართველოს ბარის მოსახლეობასთან (კახელები, ქართლელები) და ასე შემდეგ?

პასუხი – ასეთი ხასიათის გამონათქვამების არსებობის შემთხვევაში ისინი უბრალო ხუმრობად უნდა განვიხილოთ.

კითხვა – თქვენ უჩვენეთ, რომ რითმს განსაზღვრავდით მხოლოდ გეოგრაფიული პრინციპით; მოგვეცით მართებული ჩვენება, თქვენ ხომ არ განგიცხადებიათ, ამ „რითმის“ დასაცავად, იმის შესახებ, რომ ყოველ ნაციონალობას ახასიათებს თავისი სპეციფიკური რითმი, ამ შემთხვევაში უკვე არ ხელმძღვანელობდით გეოგრაფიული პრინციპით?

პასუხი – ვიმეორებ, რომ რითმის თეორიის პრაქტიკულ მუშაობაში გამოყენებისას მე ყოველთვის გამოვდიოდი რითმის გეოგრაფიული განსაზღვრის პრინციპიდან.

ასეთი საშუალებებით ცდილობდნენ გამომძიებლები – მხეიძე და შჩეკოტიხინი „ბრალდებების“ შეთითხნას. ს. ახმეტელის კონტრრევოლუციური მოღვაწეობის ძირითად სამხილად გამოიყენეს თეატრის შემოქმედებითი კონტაქტებიც.  

ს. ახმეტელი ამბობდა: „გერმანია ძლიერი სახელმწიფოა და ჰიტლერიც ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანია. გერმანიის მთელი მიზანსწრაფვა მიმართულია საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგოდ. ჩემი შეხედულებით, საბჭოთა კავშირი არ არის მზად გერმანიასთან ომისთვის და ყოველნაირად შეეცდება გააჭიანუროს ომის დაწყება. ვფიქრობ, გერმანიასთან ბრძოლა გამოიწვევს ერთდროულ კონფლიქტს მთელ რიგ კაპიტალისტურ ქვეყნებთან, კერძოდ, იაპონიასთან და სხვ. ჰიტლერს, როგორც ორგანიზატორსა და სტრატეგს, ბევრი ორგანიზაციული მხარე გადმოაქვს ბოლშევიკური პარტიიდან. პირადად ჰიტლერზე ვამბობდი, რომ იგი პროფესიით მუშა-მხატვარია, მღებავი. კარგი ორატორია, მაგრამ რამდენადმე ისტერიული. მე ვამბობდი, რომ ტექნიკის დასაუფლებლად საჭიროა კულტურა, რომელიც საბჭოთა კავშირში შედარებით სუსტია. ამიტომ ვეჭვობდი ჩვენი სამეთაურო კადრების მომზადებას, ვინაიდან ამ საკითხში გერმანიას ძველი ბაზა გააჩნდა და საბჭოთა კავშირი ასეთი მცირე დროის მონაკვეთში მუშათა წრიდან ვერ შესძლებდა ძლიერ მეთაურთა მომზადებას, რომელიც გერმანიასთან ომს გაუძლებდა.“

როგორც ვხედავთ, საოცრად ზუსტად ახასიათებს ს. ახმეტელი რთულ საერთაშორისო მდგომარეობას და კარგად ხედავს საბჭოთა კავშირის სუსტ მხარეებს, რაც ანტისაბჭოთა აზროვნებად ჩაეთვალა. გამოძიების მწამებლურმა პროცესმა ს. ახმეტელი იმ ზომამდე მიიყვანა, რომ იძულებული გახდა, ლ. ბერიასთვის მიეწერა:

                                          ძვირფას, საყვარელ ლავრენტი პავლოვიჩს!

მე მივხვდი, რომ იმ მდგომარეობაში, რომელშიც თავი ჩავიყენე, ჩემი თავშეუკავებელი ხასიათის შედეგია; ძნელი იყო საკუთარი თავის გარდატეხა, მაგრამ მე გარდავიქმენი. სიმსუბუქის გრძნობით ჩამოვიფერთხავ ყველა დანაშაულსა და ცოდვას ყოველგვარი დამალვისა და ტანჯვის გარეშე, რაც არ უნდა იყოს. მე ერთი გზა მრჩება – ეს არის გზა  საბჭოთა შემოქმედისა. თქვენი საქმეა როგორ მომექცევით, არ ვიძლევი მჭევრმეტყველურ დაპირებებს, მაგრამ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩემში კიდევ ბევრი ენერგიაა და მას ბოლო წვეთამდე გავიღებ ჩემი დანაშაულის მოსანანიებლად.

                                                                                                        სანდრო ახმეტელი

                                                                                                              20.02. 1937 წ.

ალბათ, წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია, ვინაიდან ორიგინალი საქმეშია ჩაკრული. ეს ლ. ბერიას უკვე აღარც აინტერესებდა, ვინაიდან მთავარი საქმე მოთავებული ჰქონდა.  დაკითხვის ოქმებში დიდი ადგილი ეთმობა ს. ახმეტელის „საქართველოს ნაციონალურ ცენტრში“ მონაწილეობას და მის სხვა წევრებთან ურთიერთობას. სინამდვილეში კი ეს ორგანიზაცია 20-ან წლებში არსებობდა და ის დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენას ცდილობდა (რისი გამოვლინებაც იყო ჯერ 1923 წლის აჯანყების მოსამზადებელი „სამხედრო ცენტრი“, ხოლო 1924 წელს კი აჯანყების წარუმატებელი მცდელობა). 30-ან წლებში კი იგივე დასახელების ორგანიზაციის ხელოვნური შექმნით, შინსახკომს საშუალება მიეცა, ფართო მასშტაბით „ემხილებინა“ ეს „ტერორისტული“ ორგანიზაცია, რომლის საბაბითაც ბევრი პოლიტიკური ფიგურა დაიხვრიტა.

სანდრო ახმეტელმა 7 თვიანი პატიმრობის მანძილზე, პირველ 24 დაკითხვაზე, სამი თვის განმავლობაში, თავი დამნაშავედ არ ცნო, მაგრამ შემდგომ, დაკითხვების ოქმების თანახმად, დაიწყო „დანაშაულის“ აღიარება. ამასთანავე, მან 1937 წლის 26 მაისს უარი განაცხადა და ხელი არ მოაწერა დამატებითი ბრალდებების წარდგენაზე გათვალისწინებულ სისხლის სამართლის 58-6 და 58-8 მუხლებით. 1955 წლის დამატებითი გამოძიებით დადგინდა, რომ ს. ახმეტელის საქმე ფალსიფიცირებულ იქნა ლ. ბერიას დავალებით. გაირკვა, რომ ს. ახმეტელი ანტისაბჭოთა მოღვაწეობას არ ეწეოდა, არავითარ  კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში არ ირიცხებოდა. არ დადასტურდა მისი კონტრრევოლუციური ურთიერთობებიც სხვადასხვა რესპუბლიკების თეატრალურ მოღვაწეებთან, ვინაიდან ამ რესპუბლიკებში რეპრესირებულთა საქმეებში ს. ახმეტელის გვარი არ იხსენიება.

დადგინდა ისიც, რომ ს. ახმეტელის უშუალო გამომძიებელი შჩეკოტიხინი დაკითხვებზე ფიზიკურადაც სასტიკად ძალადობდა. შინსახკომის ყოფილმა თანამშრომელმა – ატაშიანმა თავის ჩვენებებში დაადასტურა, რომ რუსთაველის თეატრის მუშაკთა მიმართ განსაკუთრებულ ფიზიკურ სასჯელს იყენებდნენ. მოწმე გ. ქვლივიძის ჩვენებით, რომელიც რეჟისორთან ერთად იმყოფებოდა ერთ საკანში, ს. ახმეტელი იხილა ნაცემი, ნაწამები, დაფლეთილი ტანისამოსით: „ახმეტელმა, როცა გაიგო ჩემი ვინაობა და ის, რომ ჯერ კიდევ ნაცემი არ ვიყავი, მითხრა, მასთან მოთავსებული ვიყავი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის: როცა ვნახავდი ასე უწყალოდ ნაცემ ადამიანს, ყველაფრის აღიარებას დავიწყებდი, რასაც გამომძიებლები შემომთავაზებდნენ. ახმეტელმა თქვა, რომ ციხეში ჩასვეს ბერიასთან უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობისთვის. მას აიძულებდნენ, თავი დამნაშავედ ეცნო, მაგრამ საბოლოოდ გამართლების იმედი ჰქონდა“.

სანდრო ახმეტელის გამომძიებლები – მხეიძე და შჩეკოტიხინი – 1937 წელსვე ჯაშუშობის ბრალდებით  დახვრიტეს; საქმის მწარმოებელი – პოდოლსკაია კი გადაასახლეს.

                                                                             ხელწერილი

                                                                          27 ივნისი 1937 წ.

მე, ქვემორეხელისმომწერმა ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელმა, მივიღე საბრალდებო დასკვნის კოპიო ჩემი გადაცემის შესახებ საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიისთვის.

                                                                                                    ბრალდებული: ს. ახმეტელი

ჩააბარა: საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მდივანი პირველი რანგის სამხედრო იურისტი (ბატნერი).

                                                                                    ოქმი

საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის დახურული სასამართლო სხდომისა

1937 წლის 28 ივნისი                                                                             ქ. თბილისი

                                       თავმჯდომარე: კორპუსის სამხედრო იურისტი მატულევიჩი

                                       წევრები: დივიზიის სამხედრო  იურისტი – ორლოვი

                                                        ბრიგადის სამხედრო იურისტი – ჟდანი

                                       მდივანი: პირველი რანგის სამხედრო იურისტი-  ბატნერი

თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ  იხილება საქმე დანაშაულისა ბრალდებულის ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელის, გათვალისწინებულის სისხლის სამართლის 58-6, 58-8 და 58-11 მუხლებით.

მდივანმა მოახსენა, რომ ბრალდებული სასამართლოზე მოყვანილია და მოწმეები გამოძახებულნი არ ყოფილან.

თავმჯდომარე დარწმუნდა ბრალდებულის პიროვნებაში და ჰკითხა, ჩაბარდა თუ არა მას საბრალდებო დასკვნის ასლი, რაზეც ბრალდებულმა დადებითად უპასუხა. ბრალდებულს განემარტა მისი უფლებები და გამოცხადდა სასამართლოს შემადგენლობა.

ბრალდებულს არავითარი შუამდგომლობა, ასევე სასამართლოს შემადგენლობის აცილება არ მიუცია. თავმჯდომარის წინადადებით, მდივანმა წაიკითხა საბრალდებო დასკვნა. თავმჯდომარემ ბრალდებულს განუმარტა წაყენებული ბრალდების არსი და ჰკითხა, სცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. მის მიერ წინასაგამოძიებო ძიებებზე მიცემულ ჩვენებებს ამტკიცებს და მათი დამატებაც არაფრით არ შეუძლია.

სასამართლო გამოძიება დამთავრებულად გამოცხადდა და ბრალდებულს მიეცა საბოლოო სიტყვა, რომელშიც მან სიცოცხლის ჩუქება ითხოვა, რომ შესძლებოდა თავისი უმძიმესი დანაშაულის გამოსყიდვა.

სასამართლო გავიდა სათათბიროდ, დაბრუნებისას თავმჯდომარემ წაიკითხა განაჩენი.

                                                                                                   თავმჯდომარე – მატულევიჩი

                                                                                                    მდივანი – ა. ბატნერი

განაჩენი

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სახელით, საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ  თავმჯდომარის: კორპუსის სამხედრო იურისტის ი.ს. მატულევიჩის

                                    წევრების: დივიზიის სამხედრო  იურისტის ა. მ. ორლოვის

                                                        ბრიგადის სამხედრო იურისტის ს. ნ. ჟდანის

                                       მდივნის: პირველი რანგის სამხედრო იურისტის ა. ა.  ბატნერის

                                                                        შემადგენლობით

1937 წლის 28 ივნისს ქ. თბილისში დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე ბრალდებულის ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელის, დაბ. 1887 წ. მოსამსახურე, გათვალისწინებულს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის 58-6, 58-8 და 58-11 მუხლებით.

წინასაგამომძიებლო და სასამართლო ძიებამ დაადგინა: ბრალდებული ახმეტელი არის აქტიური წევრი კონტრრევოლუციური ტროცკისტულ-ზინოვიევური ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 1934 წლის 1 დეკემბერს განახორციელა ს.მ. კიროვის ავაზაკური მკვლელობა და შემდგომ წლებში ტერორისტულ აქტებს ამზადებდა სკპ (ბ) ხელმძღვანელთა და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ. 1932 წელს გადაბირებულ იქნა რა კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ ტერორისტულ ორგანიზაციაში, ბრალდებული ახმეტელი კულტურულ ფრონტზე ახორციელებდა მავნებლურ კონტრრევოლუციურ მუშაობას. იღებდა რა შეფობას სხვა რესპუბლიკების ნაციონალურ თეატრებზე, ბრალდებულმა ახმეტელმა ამ შირმით შექმნა კონსპირაციული საბრძოლო მეამბოხური ჯგუფები  ბაქოში, სოხუმში, გროზნოში, სტალინირში და საქართველოს სხვა რაიონებში. ამ საბრძოლო მეამბოხურ ჯგუფთა ორგანიზაციისთვის ბრალდებულ ახმეტელის მიერ გადმობირებულ იქნა 35 კაცი, კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ ტერორისტული ორგანიზაციის დავალებით, ბრალდებულმა ახმეტელმა ქ. თბილისში რუსთაველის სახელობის თეატრში შექმნა  ტერორისტული ჯგუფი, საქართველოს ცკ-ის კპ (ბ) მდივნის ამხ. ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ჩასატარებლად. 1935 წლის ნოემბერში ახმეტელი მოსკოვში ჩავიდა, მოსკოვის თეატრებში ტერორისტული ჯგუფების ორგანიზაციისთვის სპექტაკლის მსვლელობისას ტერორისტული აქტის ჩასატარებლად ამხ. სტალინის წინააღმდეგ. თავისი კონტრრევოლუციური მოღვაწეობის მანძილზე, ბრალდებული ორგანიზაციულად დაკავშირებული იყო საქართველოს კონტრრევოლუციურ-ტერორისტული ცენტრის აქტიურ წევრთან ლიდა გასვიანთან, რომელსაც ახმეტელმა 1935 წ. მოსკოვში გამგზავრების წინ გადასცა რუსთაველის სახელობის თეატრში შექმნილი ტერორისტული ჯგუფი. ამას გარდა, ბრალდებული ახმეტელი 1935 წ. ჩათრეულ იქნა ჯაშუშურ საქმიანობაში ერთ-ერთ საზღვარგარეთული სახელმწიფოს მზვერავის რადამსკის მიერ. ამგვარად, ბრალდებულ ახმეტელის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ბრალდება დამტკიცებულია, გათვალისწინებული საქართველოს სსრ სისხლის სამართლის 58-6, 58-8 და 58-11 მუხლებით.

აღნიშნულის საფუძველზე და საქართველოს სსრ სისხლის სამართლის 319 და 320 მუხლების ხელმძღვანელობით, საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიუსაჯა: ალექსანდრე ვასილის ძე  ახმეტელს სისხლის სამართლის უმაღლესი ზომა – დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. განაჩენი საბოლოოა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1934 წლის 1 დეკემბრის საფუძველზე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

                                         თავმჯდომარე: კორპუსის სამხედრო იურისტი  ი. მატულევიჩი

                                          წევრები: დივიზიის სამხედრო  იურისტი  ა. ორლოვი

                                                        ბრიგადის სამხედრო იურისტი ს. ჟდანი

                                                                               ც ნ ო ბ ა

განაჩენი ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელის მიმართ მოყვანილია სისრულეში ქ. თბილისში 29. VI. 1937 წ. განაჩენის სისრულეში მოყვანის აქტი ინახება სსრკ შინსახკომის პირველი სპეცგანყოფილების განსაკუთრებულ არქივში ტ. №8, ფურცელი № 310.

სსრკ შინსახკომის პირველი სპეცგანყოფილების 12 განყოფილების უფროსი, სახელმწიფო უშიშროების ლეიტენანტი:      (შეველიოვი).

P.S.   სანდრო ახმეტელის დაპატიმრების შესახებ დღესაც არსებობს საფუძველმოკლებული ლეგენდები. სერიოზულად წერენ, თითქოს იგი სპეციალურად ჩაატარეს მარჯანიშვილის თეატრთან, სხვა ვერსიით კი რუსთაველის თეატრთანაც. სინამდვილეში ასეთი რა არ შეიძლებოდა მომხდარიყო, ვინაიდან ბადრაგს მკაცრად გაწერილი მარშრუტი ჰქონდა და იგი ხალხმრავალი ადგილების გავლას არ ითვალისწინებდა. ამ ლეგენდის საფუძველი ერთმა შემთხვევამ განაპირობა. ერთ-ერთ საღამოზე ცნობილმა რეჟისორმა – გიგა ლორთქიფანიძემ თქვა, რომ ერთმა მსახიობმა (გვარი არ მახსოვს, შესაძლოა გრიგოლ კოსტავამ) მას უთხრა, რომ ერთ საღამოს თეატრის წინ რამდენიმე მსახიობი იდგა. ამ დროს, საღამოს 10 საათზე ბრეზენტით გადახურულმა საბარგო მანქანებმა ჩაიარეს და მან თითქოს ბადრაგის გვერდით სანდრო ახმეტელს მოჰკრა თვალი. ეს გახლდათ მხოლოდ ვარაუდი და არა რეალური სურათი.

სხვა ლეგენდებიც არსებობს. თითქოს, ს. ახმეტელის დახვრეტაზე გაყვანის დროს სხვა პატიმრები ამბობდნენ – „მე ვარ ახმეტელიო“ და 10 დღის მანძილზე სხვებს ხვრეტდნენო. არის კიდევ ერთი ლეგენდაც – თითქოს ს. ახმეტელს უთხოვია, ქართველმა არ დამხვრიტოსო და ეს „თხოვნა“ შეუსრულებიათ… არადა, ს. ახმეტელი მეორე დღესვე დახვრიტეს და ნაცემ-ნაწამებს არც ჯალათის არჩევის გუნება-განწყობა ექნებოდა…

ასეთი ლეგენდა არაერთია, თუმცა, ფაქტები და დოკუმენტები სხვას ამბობს. მეტიც, ხელოვნების სასახლეში არსებობს ს. ახმეტელის გარდაცვალების მოწმობის ასლი (ხ-15117), გაცემული  თბილისის კალინინის რაიონის მმაჩის მიერ, სადაც გარდაცვალების თარიღად მითითებულია 1938 წლის 11 აგვისტო. ასე, აყალბებდნენ დოკუმენტებს კომუნისტების დროს…

არის კიდევ ერთი ამბავიც  –

ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩას რეჟისორისა და სცენარისტის – დევი აბაშიძის სახელი უწოდეს. გლდანში კი აკაკი ვასაძის ქუჩას მიანიჭეს სანდრო ახმეტელის სახელი; თავად აკაკი ვასაძის ქუჩა  ვარკეთილში „აღმოჩნდა“.

Gubaz MegrelidzeIn the Footsteps of Invisible History
Letter 7 (Beginning in 2022 No. 4; continued in 2023 No. 2 and No. 3; 2025 No. 1 and No. 2, No. 4, No. 6)

The author examines the extremely difficult situation in Georgia in the 1930s, particularly in the Rustaveli Theatre. Based on documents, he reveals the web of intrigues the Soviet authorities wove there against director Sandro Akhmeteli.

He describes the interrogation and execution records of Akhmeteli and recounts the truths and fabricated legends that accumulated around the great director. The letter depicts the tragic circumstances under which Akhmeteli was forced to “confess” to attempting terrorist acts against Beria and Stalin.

Despite the years that have passed, the harsh Soviet verdict still resounds:
“The Military Collegium of the Supreme Court of the USSR sentenced Alexander Vasilievich Akhmeteli to the highest measure of criminal punishment—execution with confiscation of personal property. The verdict is final, not subject to appeal, and in accordance with the decree of December 1, 1934, is to be carried out immediately.”

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…