გუბაზ მეგრელიძის სტატია

უხილავი ისტორიის კვალდაკვალ

, , ,

წერილი მეოთხე

1930 წლის ივნისში მოსკოვში საბჭოთა კავშირის ხალხთა ხელოვნების პირველ ოლიმპიადაზე ტრიუმფალური წარმატების შემდეგ დადგა თეატრის საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხი. ცნობილმა ამერიკელმა ხელოვნებათმცოდნემ – ოლივერ სოილერმა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისარიატს გადასცა ოფიციალური თხოვნა თეატრის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწვევის თაობაზე. ამ მიზნით ნიუ-ორკში კიდევაც შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი და მოლაპარაკებაც დაიწყო. საზღვარგარეთელ კრიტიკოსთა ინტერესი დიდი იყო, რადგან მათი უმრავლესობა ოლიმპიადაზე გაეცნო ქართულ სპექტაკლებს. ამის დასტურია ნიუ-ორკის ექსპერიმენტული თეატრ „ვასარის“ დირექტორის – ჰელი ფლანაგანის წერილი სანდრო ახმეტელისადმი: „ამერიკაში დაბრუნებისას, რაც სექტემბერში მაქვს განზრახული, მოვახსენებ თეატრალურ ასოციაციას და ნიუ-ორკის სხვა თეატრებთან ერთად განვიხილავ თქვენი თეატრის ნიუ-ორკში მიწვევის შესაძლებლობის საკითხს. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა ღრმად დაინტერესდება და მოისურვებს ქართული კულტურის ნიმუშის ხილვას“.9  

დღეს უკვე საყოველთაოდაა ცნობილი იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ, როცა ქვეყნის ფარგლებიდან გასვლა იზღუდებოდა. თუმცა ზოგიერთი შემოქმედებითი კოლექტივი საგასტროლოდ მიემგზავრებოდა. რუსთაველის თეატრისადმი კი განსაკუთრებული „ყურადღება“ იქნა გამოჩენილი. უკვე მზად იყო გასამგზავრებელ მსახიობთა სიები, რის შესახებაც ს. ახმეტელი მოსკოვიდან აგზავნის დეპეშას: „ტიფლისი. რუსთაველის თეატრი. სახალხო კომისარიატთა და პოლიტსამმართველოს ყველა წარმომადგენლის შემადგენლობით, მოგზაურობას ვიზირება მისცეს, დაავალა „ვოსკს“ და „ცენტრრაბისს“ სასწრაფოდ მოამზადონ რუსთაველელთა გასტროლები. სასწრაფოდ გამოგზავნეთ მხატვრული და ტექნიკური პერსონალის სიები ძველი ხელფასებით, რუსულად დაწერილი ჩვენს უწყისებში. აღძრულია შუამდგომლობა მაჩაბლის დაუყოვნებლივ მივლინების შესახებ.“

ამ დეპეშის საპასუხოდ ამიერკავკასიის პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე რედენსი მოსკოვში აგზავნის პასუხს: „ამიერკავკასიის პოლიტსამმართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებართვის გაცემას დასახელებული თეატრის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად შემდეგი მოსაზრებებით: თეატრის ხელმძღვანელობის ძირითადი ჯგუფი, მათ რიცხვში თეატრის დირექტორი ახმეტელი ანტისაბჭოთა ელემენტები არიან – ანტისაბჭოთა პარტიებიდან გამოსულები. ეს ჯგუფი მრავალი წლის განმავლობაში ეწევა ანტისაბჭოთა მუშაობას. ამ ჯგუფის საზღვარგარეთ ქმედებაზე და მის დაბრუნებაზე საბჭოთა კავშირში პასუხისმგებლობის აღება არ შეიძლება. ა.წ. 4 სექტემბერს „დურუჯის“ არალეგალურ შეკრებაზე ახმეტელის მონაწილეობით საზღვარგარეთული გასტროლების მომზადებასთან დაკავშირებით გამოთქმულია მოსაზრება, რომ მსახიობთა ნაწილი შესაფერისი პირობების არსებობისას საბჭოთა კავშირში არ დაბრუნდება“.

აქედან ნათელია, რომ გასტროლების ჩაშლა, მიუხედავად საკავშირო ხელმძღვანელი ორგანოების თანხმობისა, ხელოვნურად მოხდა. კორპორაცია „დურუჯი“ საქართველოს პოლიტიკურმა სამმართველომ ჯერ კიდევ 1927 წელს დაშალა. მაგრამ ამჟამად ეს ფაქტი თავის სასარგებლოდ კვლავ გამოიყენა და თეატრში არსებული დაჯგუფება მოქმედ ანტისაბჭოთა ორგანიზაციად გამოაცხადა. ამ ღონისძიებათა შემდეგ, 1930 წლის 28 ოქტომბერს, პოლიტიკურმა სამმართველომ მოაწყო უკმაყოფილო ადმინისტრაციულ კომუნისტ-მუშაკთა დაკითხვა. ესენია: რეჟისორის თანაშემწე დიმიტრი ჭანტურია, დირექტორის მოადგილე ალექსანდრე მაჭავარიანი, ინსპექტორები – ნიკოლოზ ხუტულაშვილი და კარლ ცემსი. თითოეული მათგანი აღნიშნავს, რომ ს. ახმეტელი იგნორირებას უკეთებს პარტიულსა და პროფესიულ ორგანიზაციებს და გამოდის მათი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. მთელ ძალაუფლებას ფლობდა ახმეტელის ჯგუფი, რომელიც სხვებს მუშაობაში ზღუდავდა, ხოლო ხელსაყრელ მომენტში კომუნისტებს ათავისუფლებდა და მათ მაგივრად უპარტიოებს ნიშნავდა. ს. ახმეტელი იგნორირებას უკეთებდა ცენტრალურ კომიტეტს, ხელოვნების სამმართველოსა და სხვა ოფიციალურ ზემდგომ ორგანოებს, ცალკეულ ხელმძღვანელებს. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მოსკოვის გასტროლების შემდეგ ს. ახმეტელი საზღვარგარეთ გასტროლებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა და სეზონის დაწყებას საგანგებოდ შლიდა.

ამგვარად პოლიტიკურმა სამმართველომ კიდევ ერთი ოფიციალური დოკუმენტი შექმნა რუსთაველის თეატრის  ანტისაბჭოთა განწყობაზე, რის შესახებაც ლ. ბერიამ 30 ოქტომბერს წერილობით აცნობა ცკ-ის მდივანს – ლევან ღოღობერიძეს: „იმასთან დაკავშირებით, რომ შესატყვის ორგანოებში დასმულია საკითხი რუსთაველის სახელობის პირველი სახელმწიფო თეატრის საზღვარგარეთ მივლინებისა, საქართველოს პოლიტსამმართველო აუცილებლად თვლის საქმის კურსში ჩაგაყენოთ ქვემოთ მოყვანილ გარემოებებთან დაკავშირებით:

ჩვენს წინა მოხსენებებში ვიტყობინებოდით  თეატრის შიგნით არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაციის – კორპორაცია „დურუჯის“ არსებობის შესახებ, რომელმაც თავის გარშემო თავისი თანამშრომლებიდან  შემოიკრიბა უფრო აქტიური ანტისაბჭოთა ელემენტები, ასევე ისინი, ვისაც შეხება ჰქონდა თეატრალურ ცხოვრებასთან.

ორგანიზაცია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო და დიდ წინააღმდეგობებს ქმნიდა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანთა შეღწევისგან. ამ ორგანიზაციამ ხელთ იგდო თეატრის ხელმძღვანელობა, აკონტროლებდა მთელ თეატრალურ, პროფესიულ და ეკონომიკურ საკითხებს და ყოველნაირად ცდილობდა, შესწინააღმდეგებოდა პარტიული ბირთვის ზრდას და მის გავლენას თეატრის მუშაობაში.

მიღებული ზომების შედეგად, ეს ორგანიზაცია იქნა დაშლილი. შემდგომში იგი კვლავ წარმოიშვა „ცეხის“ სახელწოდებით და განაგრძობდა „დურუჯის“ ხაზის გატარებას. გარეგნულად თეატრი ცდილობდა, საკუთარი თავი წარმოეჩინა საბჭოთა თეატრად, დგამდა რა საბჭოთა სცენისთვის შესაფერის პიესებს; სინამდვილეში კი  თეატრი კვლავ მოცულია ანტისაბჭოთა ატმოსფეროთი და მისი ხელმძღვანელები ფარულად განაგრძობენ აშკარად ანტისაბჭოთა ხაზს.

ჯგუფის პოლიტიკური განწყობის ილუსტრაციისთვის მოვიყვანთ რამდენიმე ფაქტს:

მსახიობი ხორავა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკას სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციისა და კულაკობის ლიკვიდაციას ასე აფასებს: „ცკ სტალინის ხელმძღვანელობით, კულაკობის, როგორც კლასის ლიკვიდაციის ლოზუნგითა და კოლმეურნეობების შექმნით, შეეჯახა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგობას, რომელმაც ამაზე აჯანყებებით უპასუხა, ცენტრალური კომიტეტი სტალინის სახით უკან იხევს, რომელიც დაშვებულ შეცდომებში ბრალს პატარა პაიკებს დებს“.

მსახიობ ვასაძის აზრით: „საბჭოთა ხელისუფლება ვერ შეძლებს ხუთწლედის გეგმის შესრულებას, ვინაიდან ამ ხნის განმავლობაში თვითონ შეწყვეტს არსებობას“.

მსახიობ ქანთარიას სიტყვებით: „1924 წელს საქართველოში საჭირო არ იყო აჯანყების მოწყობა, მაშინ ცხოვრება შედარებით კარგი იყო, აჯანყება ახლა უნდა მოეწყოს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ მოსახლეობა მათხოვრობისთვისა და შიმშილისთვის გასწირა, მაგრამ ახლა უკვე აღარავის შეუძლია მოაწყოს, რადგან ქართველი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლები დახვრეტილია ან გადასახლებულია ცივ ადგილებში“.

მაიაკოვსკის თვითმკვლელობის შესახებ მსახიობმა ვასაძემ განაცხადა: „საბჭოთა ხელისუფლება დევნის საბჭოთა ინტელიგენციის გამოჩენილ წარმომადგენლებს, რომლის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მაიაკოვსკის თვითმკვლელობა, რომელიც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ მან, გამოსავალი ვერ იპოვნა და თვითმკვლელობა გადაწყვიტა“.

კორპორაციის მიერ თეატრში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომუნისტები მოკლებულნი არიან ნაყოფიერი მუშაობის წარმართვის შესაძლებლობას, მათ ხელოვნურად ექმნებათ თეატრის იძულებით დატოვების პირობები, რომელშიც მათ ერთი სეზონიც არ უმუშავიათ.

ამასთან ერთად, ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ანტისაბჭოთა განწყობის გამოვლენაზეც. თეატრის მუშაკები, ახმეტელის მეთაურობით, სისტემატურად ძირს უთხრიან პარტიული ხელმძღვანელობის ავტორიტეტს.

რაც შეეხება თეატრის  ამჟამინდელ მუშაობას, იგი ხასიათდება სეზონის გახსნის შეგნებული შეფერხებით. თეატრის საგასტროლო მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ დასს ერთთვიანი შვებულება მიეცა. ამ დროის განმავლობაში სამხატვრო ადმინისტრაციას უნდა შეედგინა რეპერტუარი და დაეწყო შენობის აუცილებელი რემონტი, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. ამის პარალელურად, სეზონის შეფერხებას სხვა მიზანიც ჰქონდა: სწრაფად მიეღწია საზღვარგარეთ საგასტროლო მოგზაურობაში გასამგზავრებლად. მოიაზრებოდა, რომ ხელისუფლება მხედველობაში მიიღებდა დათქმულ ვადებში სეზონის გახსნის შეუძლებლობას, დააჩქარებდა თეატრის საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხის გადაწყვეტას. იგივე მიზანი ჰქონდა თეატრის  კაპიტალური რემონტის შენელებულ ტემპს, რომლის პროექტი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა და აქამდე არც გეგმაა და არც სარემონტო სამუშაოებია დაწყებული.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ხაზს ატარებდა არა მარტო თეატრის ხელმძღვანელი ახმეტელი, არამედ მთელი კორპორაცია, რომელმაც ამასთან დაკავშირებით, ა.წ. 4 სექტემბერს მსახიობ კორიშელის ბინაში სპეციალური არალეგალური თათბირი გამართა. ამ თათბირს ესწრებოდნენ კორპორაცია „დურუჯის“ წევრები: ახმეტელი, კორიშელი, ვასაძე, ხორავა, მიხეილ ლორთქიფანიძე, კანდელაკი, ლაღიძე, აბაშიძე, ადამიძე და მჟავია. ამასთან,  ამ თათბირისთვის ახმეტელმა სპეციალურად, საიდუმლო წესით გამოიძახა ადგილზე არ მყოფი აკაკი ვასაძე და ივანე აბაშიძე. ძირითადი საკითხი იყო თეატრის საზღვარგარეთ გამგზავრება და კორპორანტთა პოლიტიკა მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში. რამოდენიმემ გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა მსახიობთა ნაწილი საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდებოდა და საზღვარგარეთ დარჩებოდა. მხედველობაშია მისაღები, რომ ეს არის ძალიან რეალური საშიშროება, გამოტანილია გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე მსახიობის მიერ დაბრუნებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თეატრს მთლიანად მოუწევდა იქ დარჩენა. გამგზავრებაზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გადაწყდა მავნებლური პოლიტიკის გატარება: სეზონის გაჭიანურება 1931 წლის 1 თებერვლამდე, შესაბამისი ხელფასის გადახდა თეატრის ყველა ხარჯის დაფარვა.

ამჟამად სეზონის გაჭიანურებისგან მიღებული ზარალი ყოველთვიურად 20.000 მანეთს შეადგენს. ამჟამად თეატრის ხელმძღვანელი – ალექსანდრე ახმეტელი მოსკოვშია, რომელიც ცდილობს თეატრის დასის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მიღებას. ახმეტელს მიღებული ჰქონდა მოსკოვში ყოფნის ორკვირიანი  ნებართვა იმ პირობით, რომ თეატრი სეზონისთვის მომზადებულიყო. თეატრის მთელი მუშაობა გამოიხატება წასული მსახიობების ნაცვლად ახალი პერსონაჟების მომზადებაში. თეატრი ცდილობს, მხოლოდ გარეგნულად უჩვენოს, რომ ის სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს, სინამდვილეში კი შეგნებულად შლის სეზონს, რისი დამადასტურებელია „დურუჯის“ ერთი აქტიური წევრის – რეჟისორ ვასაძის განცხადება: „ახმეტელის ჩამოსვლამდე ჩვენ როგორმე უნდა გავაჭიანუროთ დრო სხვადასხვა მოხსენებებით, ლექციებით და სხვა სისულელეებით, რომ ხელისუფლებას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ.“

როგორც ზემოთ აღინიშნებოდა, დასის გამგზავრების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში „დურუჯის“ რიგ აქტიურ წევრებს შეუძლიათ საბჭოთა კავშირში არ დაბრუნდნენ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ უმრავლეს შემთხვევაში დასის წევრები წარმოშობით თავადთა წრიდან არიან, გამოირჩევიან ანტისაბჭოთა განწყობით და ყოველგვარი საშუალებებით დაკავშირებულნი არიან ქართულ ემიგრაციასთან. ამასთან დაკავშირებით მსახიობმა აბაშიძემ განაცხადა: „თუ ჩვენ შევძლებთ საზღვარგარეთ გამგზავრებას, პირველ რიგში, ჩვენ ემიგრაციასთან უნდა დავამყაროთ ურთიერთობა, შევეცდებით, კარგი ურთიერთდამოკიდებულება გვქონდეს. ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ემიგრაციის საწინააღმდეგო პიესებს იმიტომ კი არ ვდგამთ, რომ კომუნისტები გავხდით, იმიტომ ,რომ იძულებულნი ვართ, საბჭოთა ხელისუფლებას ვემსახუროთ“.

მსახიობმა ელგუჯა ლორთქიფანიძემ თავის უახლოეს წრეში განაცხადა: „ჩვენ საგასტროლოდ საზღვარგარეთ მივემგზავრებით, მე და ჩემი სამი ამხანაგი აღარ დავბრუნდებით და ვინც კომუნისტებს მხარს დაუჭერს, მათ იქ გავუსწორდებით.“

მითითებული ფაქტები მთელი სიცხადით ადასტურებენ, რომ საზღვარგარეთ წამსვლელი რუსთაველის თეატრის მუშაკებს სურთ, თავიანთი საზღვარგარეთის მივლინება ანტისაბჭოთა მიზნებით გამოიყენონ, დაამყარონ კავშირი ემიგრაციასთან, წყობის საწინააღმდეგო აგიტაცია გაწიონ, საბჭოთა კავშირში არ დაბრუნდნენ და სხვ. რუსთაველის თეატრში არსებული არანორმალური ვითარება ახლაც გრძელდება. ამის შესახებ ჩვენ მოხსენებებითა და წერილებით არაერთხელ ჩავაყენეთ საქმის კურსში საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტი. ამჯერად შექმნილმა ვითარებამ გამწვავებული ხასიათი მიიღო და მისაღებია სასწრაფო ზომები.

გატყობინებთ რა აღნიშნულ ფაქტებს, საქართველოს პოლიტიკური სამმართველო გთხოვთ, რადიკალური ზომების მისაღებად რუსთაველის თეატრის საკითხი დასვათ საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) სამდივნოზე – არსებული სამარცხვინო ფაქტების ლიკვიდაცია და აფეთქებული რეჟისორის წესრიგისკენ მოწოდება“.

ამ მოხსენების ვრცლად მოყვანა იმიტომ დაგვჭირდა, რომ მკითხველმა ნათლად წარმოიდგინოს ლ. ბერიას დამოკიდებულება ყოველგვარი ეროვნული თეატრალური გამოვლინებისადმი. თურმე, თეატრის დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ „დურუჯმა“ მკაცრ კონტროლს დაუქვემდებარა შემოქმედებით-ადმინისტრაციული საკითხები, რაც პარტუჯრედის გავლენის ზრდის საშუალებას არ იძლეოდა. ლ. ბერიასთვის სწორედ ეს იყო მთავარი – იგი ცდილობდა პარტიულ-პოლიტიკური ზეგავლენის გაძლიერებას. ალბათ, ყველაფერი რიგზე აღმოჩნდებოდა, თუკი „დურუჯის“ უფლებები პარტუჯრედს ექნებოდა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ თეატრი გარეგნულად საბჭოურად წარმოგვიდგებაო, ვინაიდან რეპერტუარი მეტწილად რევოლუციურ პიესებზე იყო აგებული და ანტისაბჭოურობის დასამტკიცებლად მსახიობთა ცალკეული გამონათქვამებია მოყვანილი. ძნელი სათქმელია, რამდენად შეესატყვისებიან ისინი სიმართლეს. ლ. ბერია ასევე ყურადღებას ამახვილებს ს. ახმეტელისა და კომუნისტ-ტექნიკურ პერსონალთა მცირე ჯგუფს შორის წარმოქმნილ კონფლიქტზე, რაც პარტიული ხელმძღვანელობის ავტორიტეტის შელახვის შეგნებულ დისკრედიტაციადაა მიჩნეული.  არასწორადაა შეფასებული სეზონის გახსნის საკითხიც. თეატრი საგასტროლოდ ემზადებოდა, ამიტომაც ორგანიზაციულად გადასაწყვეტი საკითხები გარკვეულ დროს მოითხოვდა; ამას დაემატა ოფიციალური ორგანოების მიერ გამგზავრების ხელოვნური გაჭიანურება, რაც თეატრს პოლიტიკურ ბრალდებად შემოუბრუნდა.

მოყვანილი ფაქტების განსამტკიცებლად მოხსენებას თან ერთვის თეატრის 20 მუშაკზე შექმნილი პირადი დახასიათებები. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ზოგი მათგანის გაცნობა;

„ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელი დაბადებული 1886 წ. რუსთაველის სახელობის პირველი სახელმწიფო ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ნაწილის გამგე. ამ თანამდებობას იკავებს 1927 წლიდან. ე.ი. თეატრიდან მარჯანიშვილის წასვლის შემდეგ. აქამდე იკავებდა რეჟისორისა და მარჯანიშვილის მოადგილის თანამდებობას. მენშევიკების მთავრობის დროს იყო დამფუძნებელი კრების წევრი. 1917 წლამდე იყო ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ამ ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის წევრი. ამ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე 1917 წ.  მოხდა გახლეჩა. გამოიყო ჯგუფი ახმეტელის ხელმძღვანელობით და დააარსა რადიკალ-დემოკრატიული პარტია. ამ პარტიის ლიდერი ახმეტელი იყო. 2-3 წლის შემდეგ რადიკალ-დემოკრატიულმა და ნაციონალურ-დემოკრატიულმა პარტიებმა შეერთების საკითხი დასვეს და შექმნეს გაერთიანებული ცენტრალური კომიტეტი. 1921 წლის იანვარში ეს პარტიები ერთ პარტიად – „საქართველოს დემოკრატიულ პარტიად“ გაერთიანდნენ. აირჩიეს გაერთიანებული ცენტრალური კომიტეტი, რომელშიც ახმეტელიც შევიდა. გასაბჭოების შემდეგ ახმეტელი კვლავ გადავიდა „ნაციონალ-დემოკრატიულ“ პარტიაში და დაიწყო არალეგალური მუშაობა. იყო თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე ორგანიზაციის წევრი. 1923 წელს პასუხისმგებლობაში მისცეს „სამხედრო ცენტრის“ საქმეზე… არის იდეური არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაციის – „დურუჯის“ სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი. აწარმოებს ფარულ ბრძოლას თეატრში კომუნისტური ზეგავლენის წინააღმდეგ. საზღვარგარეთ გამგზავრების სურვილის გამო, შეგნებულად აგდებს სეზონს.

აკაკი ალექსის ძე ხორავა დაბადებული 1895 წელს, რუსთაველის თეატრის მსახიობი, მენშევიკური გვარდიის შტაბის ყოფილი უფროსი; გასაბჭოების შემდეგ, 1923 წელს, აწარმოებდა არალეგალურ ანტისაბჭოთა მუშაობას, რისთვისაც პოლიტსამმართველომ დააპატიმრა; არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „დურუჯის“ აქტიური წევრი; მის ბინაში ხდებოდა ამ ორგანიზაციის შეკრებები. კულაკთა ოჯახიდან (მამას ჩამორთმეული ჰქონდა საარჩევნო უფლება). საბჭოთა ხელისუფლების მიმართ განწყობილია მკვეთრად მტრულად.

აკაკი ალექსის ძე ვასაძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი და რეჟისორი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრი, არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაციის – „დურუჯის“ ერთ-ერთი აქტიური წევრი და ორგანიზატორი. სისტემატურად ეწევა აგიტაციას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, რისთვისაც დროებით სიძნელეებს იყენებს და სხვ. ახმეტელის „მარჯვენა ხელი“. აყვანილია ფორმულარულ აღრიცხვაზე.“

ასეა დახასიათებული დანარჩენი მსახიობებიც. როგორც ვხედავთ, ლ. ბერია რუსთაველის თეატრს მიიჩნევდა ანტისაბჭოთა მოძრაობის ბუდედ, სადაც თავი მოეყარათ საზღვარგარეთ გაქცევის მოსურნე ნაციონალისტებს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ არც ერთი მსახიობი დადებითად არ არის დახასიათებული და ძირითადი ბრალდებაც კორპორაცია  „დურუჯის“ წევრობაა. ამ დოკუმენტს ხელს აწერენ: მეორე განყოფილების უფროსი  – ლინეცკი  და უფროსი რწმუნებული – გუგუნავა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე უარი უთხრეს უკვე გასამგზავრებლად მზადმყოფ თეატრს, თუმცა ახმეტელის შემოქმედება როგორც საბჭოთა, ისე საზღვარგარეთელი სპეციალისტების მიერ ერთხმად იყო აღიარებული.

ვითარება დაიძაბა. ერთი მხრივ, უდიდესი წარმატება, საკავშირო და საერთაშორისო აღიარება, სპექტაკლ „ანზორზე“ პოლიტბიუროს წევრთა დასწრება და მათთან ერთად სურათის გადაღება, მეორე მხრივ კი, სრულიად საწინააღმდეგო საბუთის შედგენა საქართველოს პოლიტიკური სამმართველოს მიერ, რის შედეგადაც მოსალოდნელი იმედები არ გამართლდა და თეატრი საზღვარგარეთ (მაშინ ყველასთვის გაურკვეველი მიზეზით) არ გაუშვეს. ეს გაურკვეველი ვითარება თვეების მანძილზე გრძელდებოდა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ა. მაშაშვილის პიესის – „განგაშის“ რეპეტიციები 1931 წლის 22 მარტს დაიწყო, პრემიერა კი 22 მაისს შედგა. შემდგომში ეს ფაქტიც იმისთვის გამოიყენეს, რომ დაემტკიცებინათ ს. ახმეტელის მიერ სეზონის განზრახ  ჩაშლის მცდელობა.

თითქმის იგივე განმეორდა 1933 წელსაც. მოსკოვსა და ლენინგრადში კვლავ ტრიუმფალური წარმატების შემდეგ დაიგეგმა საგასტროლო ტურნე ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასეთ დაძაბულ ვითარებაში 1932-1933 წლის სეზონში ს. ახმეტელი ერთადერთ სპექტაკლს – შილერის ,,ყაჩაღებს“ პიესის მეორე სახელწოდებით ,,In Tirannos” დგამს. ეს შემთხვევითი მოვლენა არ იყო. ს. ახმეტელი ხედავდა, როგორ კრავდა რკალს ლ. ბერია რუსთაველის თეატრის გარშემო და ცდილობდა მისთვის სრული იდეოლოგიური კონტროლის გაწევას. ამასთანავე საერთაშორისო ვითარებაც დაიძაბა. გერმანიაში ფაშისტურმა პარტიამ გაიმარჯვა და ევროპა ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა.  მძაფრი შიდაპოლიტიკური ბრძოლები ბოლშევიკურ პარტიაშიც იყო. ამ ფონზე მიმდინარეობდა ბრძოლა „კლასობრივი მტრებისა“ და პარტიული ოპოზიციის წინააღმდეგ. ყველაფერი  ბოლშევიკთა მიერ ძალაუფლების უზურპაციისკენ მიდიოდა. დასი კი გამგზავრების მოლოდინში იყო და ამიტომაც სეზონი არ იხსნებოდა. ამ გაურკვევლობამ კარგა ხანს გასტანა. ამიტომ 1933-1934 წწ. სეზონი 31 დეკემბერს გაიხსნა გ. შატბერაშვილის „დუშმანით“. მხოლოდ 1934 წლის 5 მარტს ს. ახმეტელი უგზავნის საქართველოს კპ/ბ, ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანს პ. აღნიაშვილს შემდეგი შინაარსის წერილს: „გთხოვთ, თქვენს დასკვნას ამერიკაში რუსთაველის თეატრის რწმუნებულობის მინიჭების შესახებ ცნობილ სათეატრო კრიტიკოსს ოლივერ სოილერისათვის. ხსენებული პიროვნება დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის მეგობართა საზოგადოებასთან, როგორც აქტიური წევრი და საბჭოთა სათეატრო კულტურის დიდი მცოდნე. ოლივერ სოილერისაგან მიღებულია ხელშეკრულების ტექსტი, რომელიც განსაზღვრავს რწმუნებულის ფუნქციებს. სოილერი კისრულობს უცხოეთის პრესაში გააშუქოს როგორც რუსთაველის თეატრის მიღწევები, აგრეთვე საბჭოთა საქართველოს კულტურის სხვა დარგები საუწყებათაშორისო კომისიის და „ვოქსის“ გეგმებთან დაკავშირებით“. გასტროლების ჩაშლასთან ერთად, არც ეს თხოვნა დაკმაყოფილდა. 

წერილიდან ჩანს, რომ გამგზავრება ახლოვდებოდა. პარალელურად მიმდინარეობდა თეატრის იუბილესთვის მზადება. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით თეატრის წარმომადგენლები ცენტრალურ კომიტეტში მიიწვიეს. სწორედ აქ გაირკვა გასტროლების დაგვიანების მიზეზიც. საუბრისას ლ. ბერიამ განაცხადა, რომ ს. ახმეტელი აპირებდა საზღვარგარეთ დარჩენას, ხოლო დასს გაურკვეველი ბედი ეწერა. ამიტომ, თეატრის გადარჩენის მიზნით, გასტროლები ჩაშალა. ს. ახმეტელი ხედავდა, რომ მთავრობასთან ურთიერთობის დაძაბვასთან ერთად თეატრის რკინისებური დისციპლინაც ირღვეოდა, რასაც მომავალში დასზე მისი ზეგავლენის შესუსტებაც  მოჰყვებოდა.  ამის შესახებ 1934 წლის 25 სექტემბრის დასის შეკრებაზე იგი ამბობდა: „ჩვენი შინაგანი მხატვრული დისციპლინა და დასის მთლიანობა თუ არ გამოსწორდა, თუ არ წავა წინ, როგორც ჩვენი შემოქმედება, მაშინ სჯობს, თეატრი დაიშალოს. ჩვენი ახალგაზრდები ერთმანეთთან არ არიან კარგ დამოკიდებულებაში… ასეთი შეგნებით ჩვენ ვერ შევქმნით ხელოვნურ ნაწარმოებს… საჭიროა, ჩვენი მეგობრობის და ამხანაგური სიყვარულის უფრო გავრცელება და განმტკიცება“. მაგრამ სულ უფრო იკვეთებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები და  პოზიციები. შეიქმნა ახალგაზრდების ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ ელ. ლორთქიფანიძე, ივ. აბაშიძე, ივ. ლაღიძე, ი. ქანთარია, ბ. შავიშვილი, რ. ბერიძე. ისინი დაუპირისპირდნენ შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს: აკ. ვასაძეს, აკ. ხორავას, კ. პატარიძეს, ი. ტუსკიას, ს. აღსაბაძეს, ირ. გამრეკელს. გავრცელდა ხმები, რომ ს. ახმეტელმა მუშაობისას მთელი ყურადღება ახალგაზრდებზე გადაიტანა, ხოლო უფროს თაობას იშორებდა. ამგვარი ამბები თავის დანიშნულებას ასრულებდა და ყველას აფორიაქებდა. ამიტომ კოლექტივში განხეთქილებამ იმატა. ამასთანავე ს. ახმეტელის დაძაბული ურთიერთობები მწერლებთან მეტისმეტად გამწვავდა. ეს კონფლიქტი კარგად გამოჩნდა 1933 წლის 19 აპრილს გამართულ საქართველოს მწერალთა კავშირის რესპუბლიკურ თათბირზე, სადაც მესამე სხდომაზე განიხილეს „საბჭოთა დრამატურგიის ამოცანები“. აქ დრამატურგიისა და თეატრის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ კამათისას ს. ახმეტელს დაუპირისპირდნენ შ. დადიანი, ს. შანშიაშვილი, ნ. მიწიშვილი, ს. ჩიქოვანი და სხვები. თავის გამოსვლაში ს. ახმეტელი აღნიშნავდა: „ჩვენ გვიდგას არა მარტო ახალი ფორმის, არამედ ეროვნული ფორმის გამოხატვის საკითხი. ოქტომბრის რევოლუციამდე ჩვენ ძალიან კარგად ვცხოვრობდით რუსული კულტურის გავლების ქვეშ. ახლა კი ეროვნული კულტურის შექმნის საკითხი დაისვა. მე გეკითხებით, რა გააკეთა ჩვენმა დრამატურგიამ: ვიაროთ ძველი რუსული დრამატურგიის ფორმით, თუ საჭიროა ახალი ფორმის მონახვა ჩვენს დრამატურგიაში? ესაა მთავარი და არა ის, თუ ვინ არის წამყვანი: თეატრი თუ რეჟისორი“. ამ შემთხვევაში  ს. ახმეტელი ეხება საერთოდ ქართული თეატრის წარსულსა და აწმყოს. მიზეზად იმისა, რომ მთელი რიგი თეატრები ვერ აკმაყოფილებდნენ მაღალმხატვრულ მოთხოვნებს, მას ქართული დრამატურგიის სისუსტე მიაჩნდა. ამასთანავე კონკრეტულად გაურკვეველია, რას გულისხმობს  ს. ახმეტელი „ძველი რუსული დრამატურგიის ფორმაში“. ამ გზით რუსთაველის თეატრს არ უვლია, იგი ყურადღებას ამახვილებდა საბჭოთა სინამდვილის ამსახველ და საზღვარგარეთულ დრამატურგიაზე და მნიშვნელოვან წარმატებებსაც აღწევდა. 30-ანი წლებიდან კი ს. ახმეტელი ეროვნულ დრამატურგიას მიმართავს, ვინაიდან ცენტრალური კომიტეტი საბჭოთა იდეოლოგიის დადგმებს ითხოვდა, მაგრამ მაღალმხატვრული პიესები – შალვა დადიანის „თეთნულდის“ გარდა არ აღმოჩნდა. ამიტომ დაიდგა ა. მაშაშვილის „განგაში“, ს. შანშიაშვილის „სამნი“, პ. სამსონაძის „სალტე“, რომლებსაც თეატრისთვის წარმატება არ მოუტანიათ და ს. ახმეტელმაც გააძლიერა კრიტიკა ქართველი დრამატურგების მიმართ. ამან კი ურთიერთობები დაძაბა. თავდაცვის მიზნით დრამატურგები აყენებდნენ დებულებას, რომ თეატრში წამყვანი ლიტერატურული ნაწარმოები უნდა იყოსო და არ  ცნობდნენ რეჟისორის თვითნებურ ჩარევას ავტორისეულ ტექსტში. თავის გამოსვლაში ს. ახმეტელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მწერლებს: „რასაც ზოგიერთი დრამატურგი მოითხოვს, ეს არის ძველი, დრომოჭმული კონსერვატიული ამბავი. ამ გზით წასვლა თეატრის დაქვეითება იქნებოდა… ჩვენ ყველა დრამატურგს თეატრში ვერ მივიღებთ. შეიძლება იდეოლოგიურად მისაღები პიესა მოიტანოთ, მაგრამ რუსთაველის თეატრის კარებს ვერ ნახავს, თუ თქვენს მიერ მოტანილი ფორმა ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. ჯერ-ჯერობით კონტაქტი არ არის. ვერ მივიღეთ ავტორი, რომელიც სავსებით გაიზიარებს იმ იდეას და იმ გზაზე დადგება, რომ იდეოლოგიური პიესა ახალი ფორმის ძიებით დაწეროს. მწამს ასეთ კაცს ვიპოვნით“. ს. ახმეტელს მხედველობაში აქვს პიესის წერის ის ტრადიციული ფორმა, რომელიც მას ახალი სტილის ძიების დროს არ აკმაყოფილებდა და დრამატურგებისგან მოითხოვდა მისი ესთეტიკიდან გამომდინარე შესაფერის გამომსახველობით საშუალებებს. ასეთი კატეგორიულობა იმითაც იყო გამოწვეული, რომ ს. ახმეტელი ამ ძიებისას ექსპერიმენტულ მუშაობას ვერ გასცდა. ეს ექსპერიმენტები შესაძლოა, წარმატებით დამთავრებულიყო, რაც თეატრში ახალი შემოქმედებითი ეტაპის მომასწავებელი იქნებოდა, მაგრამ შექმნილი ვითარების – ს. ახმეტელის განთავისუფლების გამო, ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. „ბერიკაობის“ რეპეტიციები ხალხური ნიღბების გამოყენებით სასურველ შედეგს არ იძლეოდა. ამავე პერიოდში იგი მუშაობს პიესებზე: „კაცია-ადამიანი?!“, „იულიუს კეისარი“, „ხოგაი“; წაკითხულ და დაწუნებულ იქნა „შაჰ-ნამე“. აი, რას ამბობს იგი რეპეტიციებზე: „თეატრი უნდა განთავისუფლდეს ძველი რეპერტუარისაგან, რომ შეიქმნას სრულიად ახალი სტილი“ და იქვე ასახელებს „არსენას“, „შემოდგომის აზნაურებს“, „თემშარას“. შემდეგ ამავე აზრს სხვა რეპეტიციაზეც აგრძელებს: „ჩვენ ერთი გამოსავალი დაგვრჩა, რომ გადავწყვიტეთ მივმართოთ ძველ კლასიკოსებს… სისტემა ჩვენი მუშაობისა იქნება ძალიან ფრთხილი“. ასევე ახალი ქართული კომედიის სტილს ეძებდა ვ. შკვარკინის „ნაბიჭვრის“ (გ. ბუხნიკაშვილის მიერ გადმოქართულებული „სხვისი ბავშვიდან’) განხორციელებისას; თუმცა სასურველი შედეგი მაინც  ვერ იქნა მიღწეული. ს. ახმეტელი დაძაბულ, რთულ შემოქმედებითსა და საზოგადოებრივ ვითარებაში აღმოჩნდა. კონფლიქტები კი გრძელდებოდა…

1933 წლის 20 ნოემბერს მწერალთა კავშირმა, ს. ჩიქოვანის განცხადების საფუძველზე, განიხილა მასა და ს. ახმეტელს შორის მომხდარი კონფლიქტი. მათ შორის უთანხმოება ჯერ კიდევ 1928 წელს დაიწყო, როდესაც ს. ჩიქოვანმა ტენდენციურად გააკრიტიკა სეზონის საუკეთესო სპექტაკლები – „რღვევა“ და „ანზორი“. ამ სხდომაზე ს. შანშიაშვილი აღნიშნავდა, რომ „საერთოდ მოქალაქე ახმეტელი მწერლების მიმართ არ არის კეთილსინდისიერად განწყობილი, მან შექმნა დრამატურგებს შორის ისეთი აუტანელი ატმოსფერო, რაც არავის არ უნდა ეპატიოს“. იმისთვის, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა შეიქმნას ამ სხდომის შესახებ, მოვიყვან კრების თავმჯდომარის – მ. ტოროშელიძის გამონათქვამს ოქმიდან: ,“ცკ-მა გამოიტანა საკმაოდ მკაცრი დადგენილება ამ საკითხის გარშემო გამოწვეული არანორმალური ურთიერთობის შესახებ. იმ მიზნით, რომ გამონახულ იქნეს საერთო ენა მწერლებსა და რუსთაველის თეატრში მომუშავე ზოგიერთ ამხანაგს შორის, არ მოხდეს ჯგუფობრიობა, როგორც მაგალითად ამხ. პ. ქიქოძის მიერ ახმეტელის წინააღმდეგ განცხადებაზე ხელის მოწერის ჩატარება. ცენტრალური კომიტეტი აღნიშნავს, რომ რუსთაველის თეატრი არის საბჭოთა თეატრი და მწერლებმა კავშირი უნდა იქონიონ ამ თეატრთან და არ მოხდეს ისეთი გამოსვლები, როგორსაც, მაგალითად ადგილი ჰქონდა ამხ. ამაღლობელის ხელმძღვანელობით მოსკოვში თეატრის ყოფნის დროს. ცენტრალური კომიტეტი ასეთ საქციელს არ დაუშვებს, როგორც პარტიულ, ასევე უპარტიო ამხანაგების მიერ, ვინაიდან რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელს, ამხ. ახმეტელს მწერლების ერთი ჯგუფი ისეთ პირობებს უქმნის, რომ იგი მიჰყავთ ისეთ უხეშ და ვულგარულ მოქმედებამდე, რომ მწერლებს ფიზიკურადაც კი ეხება“.    

 მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა 1934 წელს, როდესაც აღინიშნა თეატრის 10 წლის იუბილე. მსახიობთა მცირე ჯგუფმა წოდებები მიიღო, ხოლო უფროსი თაობის მსახიობი – ალ. იმედაშვილი წოდების გარეშე დარჩა, რის გამოც განაწყენებულმა თეატრი დატოვა. უყურადღებოდ დარჩნენ საქართველოს სახალხო არტისტები – ნ. დავითაშვილი და ნ. ჯავახიშვილი.

ახლა განვიხილოთ ის გარემოება, რომ ლ. ბერიამ იმ ორგანიზაციის („დურუჯის“) საიუბილეო თარიღის აღნიშვნის დასტური მისცა, რომელსაც ადრე ანტისაბჭოთად აცხადებდა და მისი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაიხურა კიდევაც.

იუბილეს წინა პერიოდში, თეატრის დიდი შემოქმედებითი წარმატებების მიუხედავად, ხელისუფლებამ დასი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვა. შიდა არეულობის, მსახიობთა დისციპლინისა და მათი განწყობის რღვევის, გარკვეული უიმედობის ფონზე თეატრი რთული შემოქმედებითი ძიებების წინ იდგა. ამ ახალი პერიოდის დაწყებას კი ს. ახმეტელს ხელისუფლება და პოლიტსამმართველო თავზე დგომით არ აცდიდა, რის გამოც რეფორმატორული აზროვნება შეუძლებელი ხდებოდა. დიდი რეჟისორი, ალბათ, გრძნობდა, რომ მისი შემოქმედებაც და პიროვნებაც ახალ დროსთან მიმართებაში შეუთავსებელი აღმოჩნდებოდა. ამ გარემოებებმა  კი თეატრში კრიზისი გამოიწვია. ამიტომაც ს. ახმეტელს იუბილეს ჩატარება ყოველგვარი ეჭვის გასაფანტად, მსახიობთა მორალური კომპენსაციისა და საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად სჭირდებოდა.

ცხადია, ლ. ბერია ამ რთულ სიტუაციაში კარგად ლავირებდა. იგი თეატრის წინააღმდეგ აშკარად ვერ გაილაშქრებდა, რადგან პარტიულ ხელმძღვანელს საბჭოთა კულტურის აყვავების ხელშეწყობა ევალებოდა. თანაც ლ. ბერია ამ ბრძოლისთვის მზად არ იყო. ამასთან, მას ხელს უშლიდა ს. ახმეტელის დიდი ავტორიტეტი და  მხარდამჭერები საკავშირო ხელისუფლებაში.

საიუბილეო თარიღის განსაზღვრა ს. ახმეტელის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან „დურუჯს“ თავად ხელმძღვანელობდა და თეატრის ყველა წარმატებაც კორპორაციას მიეწერა. ამიტომ საიუბილეო კრებულში კოტე მარჯანიშვილის ღვაწლი არსად იხსენიება. შესაბამისად, მართებულად არ მიგვაჩნია თამარ წულუკიძის მოსაზრება: „ალექსანდრე ვასილის ძეს ეს იუბილე არ უნდოდა. უფროსი მსახიობების დაჟინებული მოთხოვნით ის დაითანხმეს, სთხოვეს. ბუნებრივია, ყველას უნდოდა რაღაცნაირად  ათწლიანი შეუწყვეტელი, თავდადებული, დაძაბული მუშაობის თარიღის აღნიშვნა, უნდოდათ ეზეიმათ,  საკუთარი თავი იუბილარად წარმოედგინათ“.

თეატრში უფროსი თაობის მხოლოდ ზემოხსენებული მსახიობები იყვნენ, რომლებსაც ამ საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღიათ და საიუბილეო დღეებში საერთოდ მივიწყებულნი აღმოჩნდნენ. ამას გარდა, „შეუწყვეტელი მუშაობა“ სინამდვილეში 1920-21 წწ. სეზონიდან დაიწყო და არა 1924 წლიდან, ხოლო „თავდადებული და დაძაბული მუშაობა“ კი – 1922 წლიდან, როდესაც თეატრს სათავეში კოტე მარჯანიშვილი ჩაუდგა. ამ თარიღის გარშემო მაშინდელ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. სრულიად მართებულად ჩანს აკაკი ვასაძის ნათქვამი – „სანდრო ახმეტელის კატეგორიული მოთხოვნით რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი ცხოვრება 1924 წლიდან დავიწყეთ“.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ იუბილეს აღნიშვნის თარიღი გაიზიარეს მთავრობამ და ქართული მწერლობისა და ინტელიგენციის ავტორიტეტულმა წარმომადგენლებმა. ამ ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით საჭიროა, განვიხილოთ საიუბილეო კრებულის ზოგიერთი წერილი.

Gubaz Megrelidze – In the footsteps of invisible history – part IV

The journal continues the cycle of publications by Gubaz Megrelidze. The author introduces us to the most difficult vicissitudes of the 1930s and the relentless pressure of the Soviet government on the artistic director of the Rustaveli Theater, Sandro Akhmeteli, and his team.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…