გუბაზ მეგრელიძის რეცენზია

ახალი ფესტივალი

, , ,

წელს ამბროლაურში პირველად ჩატარდა თეატრალური ფესტივალი – ,,რაჭა – 2025“. მისი დამაარსებელი, ამბროლაურის კულტურის სახლის დირექტორი, ქორეოგრაფი და თეატრის დიდი გულშემატკივარი, ბატონი თამაზ დაუშვილი, დიდი ენთუზიაზმითაა განწყობილი, რომ მშობლიურ მხარეში მივიწყებულ თეატრალურ ტრადიციებს აღადგენს და მაყურებელსაც ცნობილი მსახიობების ხილვის საშუალება ექნებათ. თავად ის ფაქტი, რომ ორი კვირის განმავლობაში დარბაზი გადაჭედილი იყო, თეატრისადმი ადგილობრივი მოსახლეობის დიდი სიყვარულის ნათელი მაგალითია. თავად ბატონი თამაზი ამბობს, რომ ფესტივალის ჩატარება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინება და სხვადასხვა თეატრების მასპინძლობაა. აქ თავიანთ ხელოვნებას  წარმოადგენენ როგორც სახელმწიფო პროფესიული, ისე  სახალხო თეატრალური დასები. რა თქმა უნდა, ფესტივალის ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ ხელისუფლებასა და რწმუნებულს, რომლებმაც სათანადო ფინანსური რესურსი გამოყვეს.

ამბროლაურში კულტურის სახლი 1946 წელს გაიხსნა და იქვე შეიქმნა დრამატული ჯგუფიც. დასაწყისში ერთმოქმედებიანი პიესები და ფელეტონები იდგმებოდა, 1959 წელს კი ამაგდარი რეჟისორის – გიგა ჯაფარიძის ინიციატივით დაიდგა ალ. ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა“, რომელმაც სახალხო თეატრების ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა და დასს საქართველოში პირველი სახალხო თეატრის წოდება მიენიჭა, 1987 წელს კი თეატრმა ლიეტუვაში გამართულ ფესტივალზე ,,გრან-პრი“ დაიმსახურა.

ზოგადად, დიდი ისტორიული წარსულის მქონე მუნიციპალიტეტში შესაფერისი თეატრალური გარემოც უნდა იყოს. ამჯერად ფესტივალში 8 დასმა მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალი გაიხსნა მესხეთის თეატრის სპექტაკლით  – ,,გაუგებრობა” (იასმინა რეზას ,,ომის ღმერთის“ მიხედვით), რეჟისორი: მალხაზ ასლამაზაშვილი, მონაწილეობენ: მანანა ბერიძე, ნიკოლოზ გოგიძე, კონსტანტინე კახიშვილი, ქრისტი ჩხიკვაძე. სცენოგრაფი ლელა ფერაძე.

სპექტაკლი ი. რეზას პიესის გადმოქართულებულ ვარიანტს წარმოადგენს, სადაც ორი მოზარდის მშობლები თავიანთი შვილების ჩხუბს განიხილავენ. თავად მსახიობების დამოკიდებულება გმირებისადმი ირონიულია, წარმოჩენილია მათი პატივმოყვარეობა და ამბიციურობა. მანანა ბერიძისა და კოტე კახიშვილის წყვილი უბრალო ოჯახს წარმოადგენს, თუმცა ტოლს არ უდებს სტუმრად მოსული ნიკოლოზ გოგიძისა და  ქრისტი ჩხიკვაძის ამბიციებს. ორივე წყვილი ცდილობს, ერთმანეთს გადააბრალოს  შვილების საქციელი და არსად ჩანს, რომ  თვითონ თანამონაწილენი არიან შვილების პრობლემებისა. მსახიობთა ზუსტი შეფასებები, განწყობა-ემოციების ჩვენება კარგად წარმოსახავს მათ სამყაროსა და პიროვნულ მისწრაფებებს. თუ მანანა ბერიძის გმირი შეურაცხყოფილია სტუმართა მოურიდებელი  ქცევით, კოტე კახიშვილის პერსონაჟი იუმორით ცდილობს ვითარების შემსუბუქებას, ხოლო ნიკოლოზ გოგიძის საქმიანი იერის კაცში მისი კრიმინალური საქმიანობა და ვითარებიდან გამოძრომის სურვილი ჩანს. ქრისტი ჩხიკვაძის ეფექტურ პერსონაჟში ჩანს საოცრად ამპარტავანი, ქმრის ფინანსებით თავგასული ქალი, რომელიც შეჩვეულია საკუთარი აზრის გატანას და უკვირს მასპინძელთა წინააღმდეგობა. ყოველივე ეს კი აიხსნება მათ შორის არსებული სოციალური სხვაობით. მთელი ეს აყალმაყალი კი უეცრად მთავრდება, მათი შვილების შერიგების ცნობით და შექმნილი სიტუაციის აბსურდულობით. ალბათ, ფინალს რეჟისორულად მეტი სიმკვეთრე სჭირდებოდა, რაც სპექტაკლის აქტუალობას უფრო თვალხილულს გახდიდა.

სასიამოვნოა, რომ ორმა თეატრმა მიმოდრამის ჟანრის სპექტაკლი წარმოადგინა. ამ ტიპის თეატრი საქართველოში ცოტაა. შეიძლება დასახელდეს პანტომიმისა და მოძრაობის თეატრები. ამიტომ ამ ჟანრის რეგიონული განვითარება მნიშვნელოვანია. მოძრაობითა და ჟესტით, სათანადო მუსიკალური გაფორმებით სპექტაკლის არსის წარმოჩენა საკმაოდ რთული პროცესია, მით უმეტეს მაყურებლამდე სათქმელის სწორად და გასაგებად მიტანა. პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრმა ,,შერეკილები“ წარმოადგინა; იგი ელდარ შენგელაიას ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვითაა დადგმული. ოღონდ დამატებული აქვს რ. გაბრიაძის სცენარის ის ეპიზოდები, რომლებიც ფილმში არ შევიდა. რეჟისორი – გიორგი მეტონიძე, მუსიკალური გაფორმება – ლიკა დარბაიძის, კომპოზიტორი – გოჩა ჩოგოვაძე. მონაწილეობენ: ერთაოზი – გიორგი ჩხეიძე, ხუტა – ბუბა სავანელი, მარგალიტა – მარიამ პანაიოდი, ტრიფონი – ბადრი ბერიძე, ქრისტეფორე – გიორგი მეტონიძე, ნოშრევანი – გურამ შუკაკიძე, ჩიტოლია – დარეჯან ჯოხაძე, მიზანა – ცოტნე ჭუმბურიძე. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლმა შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადი ხასიათი და არ მოხდა ფილმის კოპირება. თითოეული გმირი გამოირჩევა იუმორითა და პლასტიკით, მათ აქვთ დამახასიათებელი მიმიკა და ჟესტიკულაცია, რაც გადმოსცემს მათ განწყობასა და მისწრაფებებს. ამ განწყობას ხელს უწყობს მუსიკაც, რომელიც სახიერს ხდის მათ ქმედებას.  

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დასმა წარმოადგინა ,,ბეთქილი“, რომელიც დალისა და მონადირის ცნობილი ლეგენდის  სიუჟეტზეა აგებული. სპექტაკლი დადგა მოწვეულმა რეჟისორმა, მოძრაობის თეატრის ხელმძღვანელმა – კახა ბაკურაძემ. ეს სვანური მითოსი ევა მარგიანის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა. დალის როლს განასახიერებს  ქორეოგრაფიული ანსამბლის – “ბანგურიანის” სოლისტი, სალი ჯაფარიძე. კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე, ქორეოგრაფი: გიორგი მერლანი, ლოტბარი: დავით შუკვანი. დადგმა გამდიდრებულია ანსამბლ ,,რიჰოს“ ხალხური სიმღერებით, ოჯახური თუ ყოფითი ტრადიციების ჩვენებით, რაც ერთობლიობაში საინტერესო ფოლკლორულ სანახაობას ქმნის.

სვანურ ფოლკლორში უამრავი ლეგენდაა შემორჩენილი, მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ დალის მითის შესახებ. სპექტაკლში სწორედ ეს ლეგენდა ცოცხლდება თანამედროვე ხედვით, სხვადასხვა თეატრალური ხერხით.

სვანურ ტრადიციულ მონადირის ოჯახში იბადება ვაჟი – ბეთქილი. მამაცა (გ. ფალიანი) და დედაც (მ. ნავერიანი) ცდილობენ, იგი ტრადიციების მიხედვით აღზარდონ. მათ ურთიერთობაში ჩანს პატივისცემისა და ცხოვრებისეული საკითხების ერთად გადაჭრის სურვილი. დრო თვალსა და ხელშუა გარბის… ბეთქილი (დ. ფალიანი) წყაროსთან  თამარს (ს. ჯაფარიძე) გაიცნობს, უყვარდება და ნიშნობის ტრადიციული რიტუალიც ტარდება. თავიდანვე ბეთქილი დიდ სიყვარულს ამჟღავნებს, უხარია ოჯახის შექმნა. მამა მშვილდ-ისარს აჩუქებს და ბეთქილი სანადიროდ მიდის. იგი გატაცებულია მთებში ნადირობით, სადაც უამრავი ხიფათია მოსალოდნელი, მაგრამ ბეთქილი ვაჟკაცურად განაგრძობს ჯიხვების ძებნას.

სწორედ ნადირობის დროს გადააწყდება დალის მიერ ნიშანდასმულ ჯიხვებს, რომლებიც მასავით ყოფილი მონადირეები (ბ. ფალიანი, ს. ფალიანი, ლ. რატიანი) იყვნენ. მათი მოვალეობა მონადირის ნადირთ ღვთაების, დალის სამფლობელოში მიტყუებაა. ნადირობის დროს ქარაფებში ჩახერგილი მონადირეები სწორედ ამ ნიშანდასმულ ჯიხვებად გვევლინებიან. საინტერესო ქორეოგრაფიული მონახაზითაა გაკეთებული ბეთქილისა და დალის სცენები, რომლებიც აღსავსეა მოულოდნელობებით, მძაფრი გრძნობებითა და შურისძიებით. დ. ფილფანი კარგად გადმოსცემს საკუთარ თავში გაორებას – ახალმოყვანილ ცოლსა და დალისთან სიყვარულის გაყოფას. იგი ეწინააღმდეგება საკუთარ გრძნობებს. სწორედ ეს არის რეჟისორული ჩანაფიქრი: საუკუნეებს გაუძლო დალისა და ბეთქილის მითმა. საბოლოოდ ბეთქილიც ერთ-ერთ ნიშანდასმულ ჯიხვად გადაიქცევა და ქარაფებში რჩება, როგორც სიმბოლო დალისა და ბეთქილის სიყვარულისა.

ცაგერის სახალხო თეატრის სპექტაკლი გოდერძი ჩოხელის მოთხრობის – ,,ადამიანთა სევდის“ მიხედვითაა განხორციელებული. რეჟისორმა დარეჯან საღინაძემ თავი მოუყარა თეატრალ ახალგაზრდობას. მან  ეთნოგრაფიული მასალით, მოქმედებაში სიმღერებითა და ცეკვების ჩართვით, მასობრივი სცენებით მწერლისა და მისი გმირების ცხოვრებისეული სევდის ამბავი წარმოსახა. ახალგაზრდა სცენისმოყვარეები გულწრფელად ასახავენ გუდამაყრელთა დამოკიდებულებასა და ფიქრს სიცოცხლის, სულისა და უფალთან  ურთიერთდამოკიდებულებაზე,  სიცოცხლის არსსა და სიკვდილის პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის პროფესიული ნამუშევარი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ჩამოსაყალიბებლად.

ონის სახალხო თეატრმა წარმოადგინა ,,ვოდევილები“, რომელშიც წარმოდგენილია გიორგი ერისთავის ,,უჩინმაჩინის ქუდი“ და გიორგი ორბელიანის ,,სიყვარულის სასმელი“. აქაც დაკავებულნი არიან ახალგაზრდა სცენისმოყვარეები. მათთან საინტერესოდ იმუშავა რეჟისორმა ნინო ბერელიძემ და პერსონაჟები დაუახლოვა ავტორისეულ სახეებს. მოქმედება სცენოგრაფ ნათია შარაბიძის ძველი თბილისის პანოს ფონზე ვითარდება. მთავარია, რომ შეიქმნა გმირთა ტიპაჟები და გმირთა ურთიერთობების კომედიური საფუძვლები. ,,უჩინმაჩინის ქუდში“ მარტირუზას ეჭვიანობა გადმოსცა თორნიკე ლობჟანიძემ, კნეინობის პრეტენზიის მქონე სუსანა განასახიერა მარიამ მარკოზაშვილმა, ოფიცრების- სვიმონისა (ვატო წერეთელი) და ივანეს (სალომე ჯაფარიძე) სახეებში ჩანს მარტირუზას გამასხარავების სურვილი,  კიკოლასა (ლიზი ლობჯანიძე) და ვარდუას (ანნა მემანიშვილი) სიყვარულისა და ეჭვიანობის სცენებს  კი მაყურებელი თანაუგრძნობს.   

მეორე ვოდევილში – ,,სიყვარულის სასმელი“ ახალ მონაწილეებსაც ვხვდებით, რაც თეატრის მიერ ახალი თაობის აღზრდაზე მეტყველებს. მთავარია, ჩანს თეატრალური ხელოვნებით გატაცება და პერსონაჟთა სახეების შექმნის წარმატებული მცდელობა. სცენაზე ვხედავთ შეძლებისამებრ  ამეტყველებულ პერსონაჟებს: ლიზი მარკოზაშვილის მჭამელიძეს, ნია ჯანელიძის ტვინთხელაძეს, ბარბარე მაღალდაძის ლიზას, გიორგი წერეთლის დავითს, ანა დვალიძის ვახტანგს, ტასო ჯაფარიძის მაქრიტას, ანდრია ჯელაძის ივანეს. აღსანიშნავია, რომ კაცის როლებსაც უმეტესად გოგონები თამაშობენ, რითაც დადგმას მრავალფეროვნებას მატებენ.

მაყურებლისთვის სახალისო აღმოჩნდა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის – ,,უჩინმაჩინის ქუდის“ ხილვა. ჯერ ერთი, ცნობილ მსახიობებთან შეხვედრის სიხარული და, მეორე მხრივ, პროფესიულ დონეზე განხორციელებული დადგმის თანამონაწილეობა. რეჟისორ ციცინო კობიაშვილისთვის მთავარი აღმოჩნდა გმირთა კომედიური ბუნების ჩვენება და არა მისი სოციალური არსის წინ წამოწევა, რაც დამახასიათებელია ქართული დრამატურგიის კლასიკოსის, გიორგი ერისთავის, პიესებისთვის. ამიტომაც მოხდა ტექსტის ადაპტაცია გმირთა კომედიური არსის გასახსნელად. სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები, მათი სიძუნწე, მომხვეჭელობა  იქცა მხოლოდ გმირთა პიროვნულ თვისებებად და მსახიობთა მიერ მათი გროტესკულად განსახიერებით  შეძლეს თითოეული პერსონაჟის ინდივიდუალური თვისებების წარმოჩენა. მარტირუზა, ონისე ონიანის შესრულებით, არის ფულზე შეყვარებული, ძუნწი ადამიანი, რომელსაც არ უნდა თავისი თვისებების აღიარება და ცდილობს სიკეთის ნიღაბს ამოეფაროს და მზრუნველ მეუღლედ აჩვენოს თავი. თითოეული ჟესტი და ინტონაცია მსახიობის მიერ გმირის სამხელად არის გამიზნული, რასაც სახიერად წარმოაჩენს მსახიობი. შუშუნი, მსახიობ ქეთი ცხაკაიას გააზრებით, არის პროვინციელი ქალი, რომელიც ცდილობს, საზოგადოებას თავი განათლებულ ქალად წარმოუდგინოს სულ ,,ვეფხისტყაოსნის“ კითხვაშია და მოყვანილი ციტატებით უნდა მეუღლეზე ინტელიგენტ პიროვნებად ჩანდეს.  მათი დიალოგებიც აღსავსეა იმპროვიზაციითა და იუმორით, რაც გმირებს მეტ სიხალისეს მატებს და მაყურებელსაც ამხიარულებს.

მდგმური ოფიცრები – სვიმონი (ზაზა გოგუაძე) და ივანე (ნოდარ დოღონაძე) აქტიურად ჩაებმებიან მარტირუზას გამასხარავებაში უჩინმაჩინის ქუდის საშოვნელად, თუმცა შუშანისადმი არშიყობის მცდელობასაც არ ერიდებიან. მათთვის ეს მხოლოდ თამაში და გართობაა, რითაც თავს იხალისებენ არსებულ მოსაწყენ გარემოში. კიკოლი (ნოდარ ძოწენიძე) თავისი ბატონივით ეჭვიანობითაა შეპყრობილი და მასაც უნდა უჩინარი გახდეს და ვარდოს მისდამი (გვანცა კორშია) სიყვარული შეამოწმოს. სახალისოა მათი ეჭვიანი ურთიერთდამოკიდებულება, იმპროვიზაცია, კომიკური სიტუაციების ცვალებადობა და, საბოლოოდ, საკუთარ გრძნობებში გარკვევა.  

სპექტაკლს კარგ გარემოს უქმნის ლევან წულაძის სცენოგრაფიაც. უკანა პლანზე არსებული ყოფითი გარემო შენობის სილუეტით იფარება ავანსცენაზე დადგმული ყვავილების ფანჩატურში ჩამოკიდებული ჰამაკით, სადაც ვითარდება ძირითადი მოქმედება და იქმნება ვოდევილისთვის დამახასიათებელი რომანტიკული გარემო.

ოზურგეთის თეატრის დოკუმენტური მონოსპექტაკლი – ,,ილია – თანმდევი სული“ (ინსცენირების ავტორი ნინია სადღობელაშვილი, რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი ვასილ ჩიგოგიძე) წარმოადგენს ილიას შემოქმედებისა და მოღვაწეობის წარმოჩენის ახლებურ ვერსიას. მე დეტალურად შევჩერდები ამ სპექტაკლის არსზე.სცენაზე ვხედავთ ეკრანს, რომელზედაც ჩნდება ილიას პორტრეტი და იმ ეპოქის დამახასიათებელი სურათები, რომლებიც ილიასეულ გარემოს ქმნის. სცენის იატაკზე ვხედავთ დამსხვრეულ სარკეს, რომლის გამთლიანებასაც ბელა კიკვაძე ფინალისკენ საქართველოს ხსენებისას ცდილობს. სცენაზე, აგრეთვე, ვხედავთ ნერგს, როგორც სიცოცხლისა და ილიას იდეების გამგრძელებლის სიმბოლოს. ეკრანიდან ისმის ილიასეული ტექსტი, რომელსაც სახიერად კითხულობს კოტე მალანია და იმართება მსახიობისა და დიდი მწერლის უხილავი დიალოგი, ანუ მყარდება კავშირი ილიას მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას შორის, რაც ყოველთვის აქტუალურად აღიქმება. ასეთია სცენოგრაფ ლომგულ მურუსიძის მხატვრული ჩანაფიქრი, რაც მსახიობს ხელს უწყობს ეპოქის ჩვენებასა თუ ილიას ნააზრევის გლობალურად წარმოჩენაში.

ეკრანზე ჩნდება ილიას საწინააღმდეგო ციტატები… და აი, წიწამურიც… მსახიობი თავზე ეკლის გვირგვინს იდგამს, რაც ილიას მოწამებრივ სიკვდილზე მეტყველებს. ეროვნული ტკივილის განცდით გვამცნობს 179 გვირგვინის, მათ შორის 9 ვერცხლისა და 100 ათასიანი სამგლოვიარო პროცესიის მსვლელობას. მსახიობი მძიმედ ეშვება სკამზე, რადგან უფრო ამძიმებს ბერბიჭაშვილის დაჭერა-გაშვებისა და მ. ჯავახიშვილის მოგონება ილიას მკვლელზე. ამას კი უპირისპირდება გაზეთ ,,დროებაში“ ოლღას წერილი მკვლელთა შენდობის შესახებ. მსახიობი ფინალში მაინც იმედიანად ამბობს, რომ ,,მომავალი ჩვენია…“ ასე ამაღლებული ტონით მთავრდება სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს დიდ საფიქრალს უტოვებს…                                                                                                                     

ფესტივალის დახურვის დღეს ამბროლაურის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრალურმა დასმა ,,ბამბაზიის სამოთხე“ წარმოადგინა.

სპექტაკლი განახორციელა რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ. დასთან ეს მისი პირველი ნამუშევარი არ არის და თითოეული მსახიობის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. ამიტომ როლებიც ზუსტად გაანაწილა და ანსამბლურობით წარმატების საწინდარი გახდა. მსახიობებთან მუშაობამ მაქსიმალურად გამოავლინა გმირთა რთული, ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქოლოგიური სახეები, რამაც ისეთი ემოციური გარემო შექმნა, რომ მაყურებელიც გულგრილი არ დატოვა. რეჟისორისთვის მთავარი იყო ეჩვენებინა ადამიანთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, რომ ომთან მათ არავითარი კავშირი არა აქვთ და ამ განზრახ თავსმოხვეული სისხლის ღვრის მიუხედავად გულწრფელი ურთიერთობები ენატრებათ. ამიტომაც გმირთა მოქმედების პარალელურად, მათ ჩაესმით ომიდან გამოყოლილი კოშმარული მოგონებები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია და რამაც მათ ფსიქიკას გარკვეული დაღი დაასვა. სწორედ ეს განწყობა გაჰყვებათ გმირებსაც. 

სპექტაკლის მთავარი გმირი მასწავლებელი ელენეა, რომელსაც ერთადერთი შვილი აფხაზეთის ომში დაეღუპა და მისი ჩამოსვენების იმედით ცოცხლობს. მსახიობი ლილიანა მხეიძე ცდილობს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს განცდა შეფარვით ატაროს, მაგრამ გარშემომყოფნი მის წუხილს ამჩნევენ და თანაგრძნობით ეკიდებიან. ელენესთვის ერთადერთ შვებად შვილის ბავშვობის დროინდელი ტანსაცმლის მოფერებაღა დარჩენილა, ამიტომაც სათუთად და დედობრივი მზრუნველობით ალაგებს თითოეულ ნივთს. იგი გულმოდგინედ მალავს თავის განზრახვას და აფხაზ ბათუსთან შეხვედრას შვილის გადმოსვენების თაობაზე. ლ. მხეიძე კარგად გადმოსცემს ელენეს გაორებულ განცდას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. 

თავიდანვე დრამატული და დაძაბულია აფხაზ დედასთან მისი შეხვედრა. მსახიობი თამარ ობოლაშვილის გმირი მას ჯერ მტრულად ხვდება და ბოდიშის მოხდას მოითხოვს, რომ საკუთარი პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს და დარდი შეიმსუბუქოს. თუმცა ელენეს ლმობიერება, კეთილგანწყობა და დედობრივი განცდა მას გულს მოულბობს – ორივენი ხომ შვილმკვდარი დედები არიან… ელენე ბოდიშს იხდის ამ ძმათამკვლელი ომისთვის, რამაც მათი შვილები შეიწირა და ორივე გააუბედურა. შვილის საფლავსაც ინტუიციურად ამოიცნობს და ეალერსება, როგორც დიდი ხნის უნახავს. საფლავზე ნამღერი ,,იავნანაც“ ამ ფსიქოლოგიური სტრესის გამომხატველია. თუმცა, მოვლილი საფლავის ნახვისას მის შეგნებაში გარდატეხა ხდება და შვილის წაყვანას გადაიფიქრებს.  ეს ხომ მისი რატის ის მიწაა, სადაც თვითონაც  აპირებს დაბრუნებას, ოღონდაც იმიერ სამყაროში… ორივე დედის დაძაბული განცდა გულწრფელად და ემოციურად მოდის მაყურებლამდე…

საინტერესოა მკვდრებით მოვაჭრე აფხაზი ბათუს სახე მსახიობ ზაალ მეტრეველის შესრულებით. თავიდანვე იგი ემოციებს მოკლებული ყოფილი მებრძოლია, რომელსაც მკვდრებით ვაჭრობა, სინდისის ქენჯნის გარეშე, პროფესიად გაუხდია; ელენესადმი ირონიული დამოკიდებულებაც აქვს და კმაყოფილებითაც აცხადებს: ,,ძალიან კარგად იყიდება თქვენი მკვდრები“. თუმცა მისი შვილის, რატის საბუთებისა და სურათების ნახვისას მასში რაღაც გაუთვითცნობიერებელი გრძნობა იღვიძებს და წარსულიც თანდათან აგონდება. მსახიობი კარგად ახერხებს ბათუში იმ ადამიანური გრძნობების გაღვიძებას, რითაც ომამდე ცხოვრობდა და ამიტომაც ელენესგან თანხის აღებაზე უარს ამბობს. ცივსისხლიან მოვაჭრეში ჰუმანურობა იღვიძებს, მორალურ ღირებულებებს პატივს სცემს და კაცურ თავმოყვარეობას არ ღალატობს.

დავით დაუშვილის მათხოვარი ომის დაღდასმული ადამიანია. იგი მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობს და ზღვის კენჭების სურნელს გრძნობს. ენატრება თავისი დაკარგული სახლ-კარი და მეგობრები. სხვებს მათხოვარი და გიჟი ჰგონიათ, მაგრამ მას პროტესტის გრძნობა ამოძრავებს და ომის საშინელების გამოვლა აღარ უნდა. იგი ის ტრაგიკული პიროვნებაა, რომელსაც ომმა ცხოვრება აურია, პიროვნულად გაანადგურა და გარემოსადმი გაუცხოებული აღმოჩნდა, მაგრამ სიკეთისკენ სწრაფვა მაინც შეინარჩუნა.

ელენეს გარშემო ის ადამიანები ტრიალებენ, რომლებიც თავიანთი კეთილგანწყობითა და ყურადღებით ტკივილს უმსუბუქებენ. ასეთებია: ყოფილი მოსწავლე – ლაურა (ნანა ლებანიძე) და მისი შეყვარებული გიო (გიორგი ბერიკაშვილი), ელენეს შვილის, რატის მეგობარი – ლექსო (ივა ცაგურიშვილი); ისინი ცდილობენ, ელენეს განცდები შეუმსუბუქონ, დაეხმარონ ყოფით გარემოში და მორალურად დაუდგნენ გვერდით. მათი გულწრფელობა ელენეს დაღუპული შვილის მონატრებას უვსებს.

ფესტივალმა აჩვენა, რამდენად აუცილებელია ასეთი ფორუმის არსებობა. მსგავსი შემოქმედებითი გარემო დიდ გავლენას ახდენს მაყურებელსა და თეატრის მოყვარულ ახალგაზრდობაზე. ვფიქრობ, სამომავლოდ კიდევ უფრო ჩამოყალიბდება ფესტივალის სახე და მიზნები – რა მიმართულებით უნდა განვითარდეს იგი და როგორი კოლექტივები უნდა მოიწვიონ.

მთავარია, რომ ფესტივალმა ადამიანები დიდი სიყვარულით გააერთიანა და საზეიმო განწყობა შექმნა.

ფესტივალი „რაჭა 2025“ 1-14 მაისს მიმდინარეობდა. 

ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი – ონისე ონიანი სპექტაკლში ,,უჩინმაჩინის ქუდი“;

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობი – ბელა კიკვაძე სპექტაკლში ,,ილია – თანმდევი სული“;

ჟიურის სპეციალური პრიზი – მესხეთის (ახალციხე) სახელმწიფო პროფესიული თეატრი სპექტაკლისთვის ,,გაუგებრობა“;

საუკეთესო რეჟისურის პრიზი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრის სპექტაკლისთვის – ,,ბამბაზიის სამოთხე“; რეჟისორი-  მამუკა ცერცვაძე.

ორიგინალური მუსიკალური გაფორმებისთვის – საჩხერის პ. იაშვილის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლი – ,,შერეკილები“;

საუკეთესო ქორეოგრაფიისთვის – ცაგერის გრ. მდივნის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლი – ,,ადამიანთა სევდა“;

ონის გ. ჯაფარიძის სახელობის სახალხო თეატრი ახალგაზრდობის წარმოჩენისთვის სპექტაკლში ,,ვოდევილები“.

პატრიოტული თემის წარმოჩენისთვის – მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის სპექტაკლი –  ,,ბეთქილი“.

Gubaz MegrelidzeNew Festival

The letter is dedicated to the first theater festival held this year in Ambrolauri Municipality. The author reviews the performances staged by theater troupes from different regions on the stage of the the festival. He summarizes and evaluates them.

The festival was held from May 1 to 14; it opened with the play called “Misunderstanding” by Meskheti State Theater, and closed with the performance of “Bambazia’s Paradise” by the theater troupe of the Ambrolauri Cultural Center.

The article analyzes festival performances, their strengths and weaknesses, and the role of regional festivals in the modern Georgian theater.

The article also notes the winners of the festival

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…