გოგი დოლიძის სტატია

გიორგი ერისთავის თეატრის მივიწყებული პრემიერი

, , ,

                                                                           ,,მწერლობა გმირობის გამოსარჩლებაა მხოლოდ,
მიჩქმალული გმირობის ქომაგია მწერალი და სხვა არაფერი“.
კ.  გამსახურდია

არანაირი პროფესიული სამსახიობო განათლება, მითუმეტეს – უმაღლესი, ბარბარე თუმანიშვილს (1819–1893) არ მიუღია. რაც მთავარია, არც არასდროს უფიქრია ამაზე…

ნებიერად იზრდებოდა უწარჩინებულესი ქართველი თავადის ოჯახში: მამა – გიორგი ეგნატეს ძე თუმანიშვილი (1774-1837), ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, 1790 წლიდან ერეკლე II-ის, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, გიორგი XII-ის მდივან-მწიგნობარი, პოეზიაში კი  ბესიკისა და საიათნოვას პოეტური სკოლის მიმდევარი;  დედა – სილამაზით განთქმული მაია თუმანიშვილი, ალ. ჭავჭავაძის, გრ. ორბელიანისა და სხვათა პოეტური მუზა, 1837 წ. მისი მშვენიერებით მ. ლერმონტოვიც ფრიად მოიხიბლა…

ერთი საგულისხმო პასაჟიც სპეციალური ლიტერატურიდან:

„გიორგი თუმანიშვილის ოჯახს ყოველგვარი პირობა ჰქონდა განცხრომითა და ბედნიერად ეტარებინა დრო. მათი ოჯახი… ქალაქში „დროშკით“ დაქრიალობდა. ქეთევან ორბელიანის გადმოცემით, „ერმოლოვის დროს „დროშკა“… სულ ოთხი იყო მთელ ქალაქში“.

ისიც ეპოქის ნიშანია, რომ ადრე გათხოვდა – 20 წლის ასაკში, როცა ლეგენდარულმა გ. ერისთავმა მასში თავისი საავტორო თეატრის პრემიერი დაინახა, უკვე ორი შვილის დედა გახლდათ, მაგრამ ისეთი შთაგონება მიიღო პირველი და, სამწუხაროდ, უკანასკნელი მაესტროსგან, რომ გარისკა და გამოვიდა კიდეც სცენაზე, რაც იმ დროისთვის მისი წრის ქართველი ქალისგან ნამდვილი გმირობის ტოლფასი იყო.

ასე გაჩნდა გ. ერისთავის პირველი, ისტორიული სპექტაკლის („გაყრა“, 1850 წ.) პროგრამაში მისი მეუღლის გვარი („ანდრეევსკისა“), რომლითაც ჩვენი დიდებული ქალბატონი შევიდა კიდეც ისტორიაში და იოსებ იმედაშვილის უზუსტესი შეფასებაც დაიმსახურა: ,,მან… ქართულ სცენაზე ქალის გამოსვლას გზა გაუკაფა და ამით მშობლიური თეატრის საძირკვლის ჩაყრას ხელი შეუწყო“.

აი, დედნისეული ფრაგმენტი „გაყრის“ პირველი პროგრამიდან:  

შემდგომ ეს ტიტრი უფრო ლაკონიურიც გახდა და დაზუსტდა კიდეც: I ნაწილიდან საერთოდ ამოვარდა ფრაზა – ,,ცოლი პავლესი“ თავისი, ყოვლად უვარგისი, წერტილიანად, II ნაწილში კი ჩასწორდა პირველივე ინიციალი ,,ვ.“,  ანუ საწყისი ასო რუსული სახელისა  (,,ვარვარა”) და მის ნაცვლად, ქართულ წყაროებში, დამკვიდრდა ,,ვარვარას“ ქართული ეკვივალენტის  (,,ბარბარე“) პირველი ასო – ,,ბ“.

ვაი, რომ ამ ტრაფარეტული, ჩვეულებრივი სათეატრო ტიტრის გარდა, ვერაფერი გავიმეტეთ მისთვის თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში. სად გავექცევით იმ შემაძრწუნებელ   სტატისტიკას, რომ სულ სამჯერ მოვიხსენიეთ იგი ქართულ თეატრმცოდნეობაში და ისიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ტიტრის სახით. ერთი სტატიაც კი არ ვაღირსეთ, თუნდაც რაღაც მსგავსი ბიოგრაფიული ცნობარისა. ამასთან, იმ სამად  სამი შემთხვევიდან, ერთხელ გვარი დავუმახინჯეთ („ანრევსკისა“), მეორეჯერ კი არასწორად გადმოვეცით („ანდრეევსკაია“), რაც აზრობრივად კი იყო გამართული, მაგრამ რაკი პირველივე სპექტაკლის პროგრამაში „ანდრეევსკისა“ დაფიქსირდა, ასეც უნდა შემორჩეს, მითუმეტეს, რომ, გათხოვების შემდეგ, მთელი სიცოცხლე ამ გვარს ატარებდა. გავიხსენოთ ფრიად საინტერესო შეხვედრა აკაკი წერეთელთან („ჩემი თავგადასავალი“), თუმცა ამ საკითხს საგანგებოდ შეგახსენებთ მოგვიანებით…

თხრობის რიტმი, ბუნებრივია, თავისას მოითხოვს თეზის ჩამოსაყალიბებლად და რაკი უკვე გაღებულ იქნა ეს მსხვერპლი, ახლა უფრო საფუძვლიანად შეგვიძლია მივხედოთ მთავარ საკითხს, უპირველეს ყოვლისა, რა რისკზე, რა გმირობაზეა საუბარი?

უფროსი თაობის თეატრმცოდნეთა (ს. გერსამია, ვ. კიკნაძე, დ. მუმლაძე) შრომებში საკმაოდაა ნათქვამი, თუ რა თავგანწირული ბრძოლა გადაიტანა გ. ერისთავმა თავისი ოცნების აღსასრულებლად, როგორ აღუდგა მას იმდროინდელი ე.წ. მაღალი საზოგადოების წარმომადგენლების ერთობ ძლიერი ნაწილი ერეკლე II-ის შვილიშვილის – მარიამ ბატონიშვილის ხელმძღვანელობითა და ისეთი გავლენიანი და განათლებული პირების მხარდაჭერით, როგორიც იყვნენ, ვთქვათ, ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი პირადად მონაწილეობდა გ. ერისთავის მეორე სპექტაკლში („დავა“), თავადი რევაზ ერისთავი და სხვ.

სწორედ ამ წინააღმდეგობის გამო, გ. ერისთავს დასის შეკრება ძალიან გაუჭირდა არამარტო ე.წ. საჩვენებელი სპექტაკლებისათვის („გაყრა“ და „დავა“), რომელთა გამართვა თვით მეფისნაცვალმა მ. ვორონცოვმა (1782_1856) დაავალა, არამედ მაშინაც, როცა უკვე სახელმწიფო დონეზეც გადაწყდა ქართული თეატრის დაარსება და მ. ვორონცოვმა საამისოდ 4000 მანეთის წლიური სუბსიდია გამოუყო (4. IX. 1850). გაუჭირდა კი იმიტომ, რომ გ. ერისთავის მოწინააღმდეგეები, საერთოდ, თეატრის დაარსების იდეას ებრძოდნენ, აქაოდა, იგი გარყვნის ხალხს და „მეძავ-კუროობას“ შეაჩვევსო. გ. ერისთავის პირველი ბიოგრაფის, იონა მეუნარგიას თქმით, „სად… უნდა ეშოვნა მომავალი თეატრის დირექტორს ქართული სცენისათვის საჭირო აქტიორები და ნამეტნავად აქტრისები (ხაზი ჩემია – გ. დ.), მაშინ ჯერ კიდევ დაკეტილებში ისხდნენ ჩვენი ქალები და ვინ იქნებოდა ისეთი გულადი, რომელიც თავის ქალის მიცემას გაბედავდა თეატრში და მამაპაპეულ ლეჩაქს აქტრისის სახელწოდებაზე გასცვლიდა. ქალაქში მეტადრე აქტიორობა და უნამუსობა სინონიმები იყო (ხაზი ჩემია – გ. დ.) და მოციქულობრივი თავგანწირულობა ძნელად-ღა იყო მოსალოდნელი…“

დიახ, ეს ყველაფერი, ასე თუ ისე, ცნობილია თანამედროვე მკითხველისთვის, თუნდაც, ს. გერსამიას შესანიშნავი მონოგრაფიით, მაგრამ ახლახან, რაღაც ბედად,  თვით მე-19 ს. პრესაშიც კი წავაწყდი მასალას, რომელიც სწორედ რომ კინემატოგრაფიული ,,ახლო ხედით” წარმოგვიდგენს არამხოლოდ ვრცელსა და თითქოს დაუჯერებელ პანორამას, თუ რა საზოგადოებრივ ჭიდილში აღორძინდა ქართული თეატრი, არამედ სრულიად ახალი რაკურსით გვთავაზობს ცნობილ მოღვაწეთა პორტრეტებს, აშკარად რომ უპირისპირდებოდნენ გ. ერისთავისა და მისი ,,შეურყეველი ბურჯების” თავგანწირულ ბრძოლას. რაც მთავარია, ამ მგზნებარე პუბლიკაციის (,,ორმოცდასამი წელი ქართული თეატრისა”, ჟურ. ,,კვალი” 1893, №3) ავტორია ცნობილი ქართველი მწერალი – გიორგი წერეთელი (1842-1900), რომელიც ამ დროს არსებითად რედაქტორობდა კიდეც ,,კვალს”.  თანამედროვე თეატრმცოდნეობისა და, საერთოდ, პრესისათვის სრულიად უცნობი (ცხადია, ჩემი აზრით) ეს სტატია იმდენად მნიშვნელოვანია გ. ერისთავის შემოქმედებითი ბიოგრაფიისათვის, რომ, სასურველია, მას მიეძღვნას საგანგებო კვლევა, გადმოიბეჭდოს მთლიანად და გაუკეთდეს შესაბამისი კომენტარები. ამჟამად მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ რაც შეიძლება მეტ ციტატას შევთავაზებ მკითხველს.

გ. წერეთელი იმთავითვე განმარტავს, რომ მისი სტატიის მიზანი იყო – ,,თვალი გადაგვევლო იმ დროისთვის, როცა ჩვენს ქართულს საზოგადოებაში მზადდებოდა ნიადაგი ევროპიულის სწავლა-მეცნიერების მისაღებად და როდესაც ევროპიული მეცნიერებით გონებაგანვითარებული ქართველი თანასწორად უმზადებდა მათრახებს, როგორც ძველს უვარგს (ასეა დედანში – გ. დ.) ცხოვრებას, ისე ახალს განათლებას, რომელიც მაშინ შემოდიოდა მხოლოდ გარეგანი სახის მიბაძვით (ხაზი ჩემია – გ. დ.) და ეს მიბაძვა ბევრის მომავალი უბედურების მომასწავლებელი კი იყო. იმ დროს… აქცევდნენ ყურადღებას უფრო გარეგან სამოსელს განათლებისას. ქალები გატაცებული იყვენ ფრანცუზულ შლაპებით, გულღია მკერდის გამოჩენით და უცხო ენაზე ლაპარაკით. ოჯახებს სტოვებდნენ ბალებში ტანცაობის გულისთვის, მოსწონდათ ულვაშ-გაწკიპინებული გვარდიის აფიცრები და მათთან კეკლუცობა. კაცები კი… ეძებდნენ შემთხვევას… დიდ-ჩინიანებთან თავი გამოეჩინათ და უცხო ენაზე მათთან ლაპარაკით თავისი ევროპიელობა დაემტკიცებინათ, თუმცა მათს გონებას და ჭკუას ევროპის სწავლა-მეცნიერების ნაპერწკალი ჯერ არც კი მოხვედროდა. განათლების ნიშნად იმათ ეცვათ ფრაკი და მუნდირი, თუმცა გული და გონება სწავლა-მეცნიერებით არ ჰქონდათ გაპოხიერებული. მათი ქალები თუმცა განგებ თმებს იხუჭუჭებდნენ იმ გვარად, მარკიზ დე პომპადურების დროს რომ იცოდნენ, და გულ-გაღიაღებულნი დაჰქროდნენ ვარანცოვის ბრწყინვალე ბალებზე…

აი, ასეთს დროს გამოუჩნდა მამხილებლად ქართველ საზოგადოებას გ. ერისთავი, რომელმაც სცენის საშუალებით სარკეში ჩაახედა და დაანახვა უკუღმართი ცხოვრების სურათი. ერისთავს გვერდით უდგნენ მისი თანამგრძნობელნი, რომელთა დახმარებით ის ემზადებოდა კომედიის ,,გაყრის“ პირველად წარმოდგენას სცენაზე.

ვინ წარმოიდგენს იმ გაჭირვებას და დაბრკოლებას, რაც გ. ერისთავს აუტანია იმ დროებაში ქართულის სცენის დაარსებისათვის. ეს ის დრო იყო, როცა ჯერ კიდევ ძველი ჩვეულობისა და დარბაისლობის სული ტრიალებდა საქართველოში. თუმცა ის ქანც-გამოლეული იყო; მაგრამ მრისხანე აჩრდილი წარსულისა, ბატონიშვილის მარიამის შუღლიანის სახით წარმომდგარი, მაინც არ აძლევდა მოსვენებას ახალ თავ-მოხდილს და შლაპებ დახურულს კნეინებსა და კნიაჟნებს: ერთი ბატონიშვილის მარიამის სიტყვა მათთვის შიშის ძგერის ამტეხი იყო; მაგრამ ახალ ფუქსავატ ცხოვრებას შეჩვეულნი მანდილოსანნი მაინც ჩუმ-ჩუმად ისევ იმ განცხრომისკენ მიისწრაფებოდენ…

ქართველ საზოგადოებას სცენა ძაღლებისა და ჯამბაზების სათამაშო ასპარეზად ჰქონდა იმ დროს წარმოდგენილი, ხოლო კომედია და დრამა – ჯამბაზობად. მაღალი წოდების და გვარის კაცი, ანუ ქალი იმდენად როგორ დაიმცირებდა თავს, რომ სცენაზე გამოსულიყო და ჯამბაზის ანუ მროკველის სახელი ეტვირთა. ამას ისიც უნდა დავსძინოთ, რომ თითოოროლა კაცი, რომელიც იმ დროს მეცნიერის სახელს ატარებდა და თავის თავს ფილოსოფოსს უწოდებდა, ზურგს უკან და პირშიაც ძრახავდა ჩვენს დრამატურგსა, ამხილებდა მას მოუმზადებლობას, საკმაო განათლების უქონლობას, რომ ამით მაშინდელი საზოგადოება კიდევ უფრო აეყაყანებია გ. ერისთვის წინააღმდეგ.

აი, ასეთ მოწინააღმდეგეთაგან და სხვა-და-სხვა წრის წარმომადგენლებისაგან შეადგინა გ. ერისთავმა პირველი თავისი სათეატრო დასი და, რასაკვირველია, ყველასთან უნდა გაეწია ბრძოლა და ეტვირთა ბრძოლის შედეგი, უსიამოვნება და მწუხარება. მაგალითად პ. ი-ნი, რომელსაც იმ დროს დიდი ფილოსოფოსობის სახელი ჰქონდა გავარდნილი, გამხნევების მაგიერად გ. ერისთავს პირში ლანძღავდა უშვერი შენიშვნებით: დიდი თავხედობა არისო თეატრის გამართვა… თეატრის საშუალებით ,,მეძავ-კუროობა“ გაგვიჩნდებაო. გონიერება მოითხოვს ქართული თეატრის განხორციელებას თავი დავანებოთო და სხვა.

რომელ ერთისთვის უნდა გაეძლო თ. გ. ერისთავს?…  გიორგი ერისთავი ამ საქმეს თავს ვერ მოაბამდა, გონება-განათლებული და ჭკუა-დამჯდარი კნეინა ქეთევან ორბელიანისა, დიდი გ. ერისთავის ასული რომ არ გასჩენოდა მფარველ ანგელოზად.

კნ. ქეთევანმა მტკიცე ხასიათი გამოიჩინა. ის არ შეუშინდა არც… ბატონიშვილის მუქარას, თანაუგრძნობდა თავის ნათესავის ნიჭს, წინ-და-წინვე გულში იხატავდა, რა დიდი საქმეც იქნებოდა მომავალში ქართული თეატრის დაარსება (ხაზი ჩემია – გ. დ.) და, აი, ამ ქალმა მიიხმო სხვა წარჩინებული გვარის ქალებიცა, როგორც, მაგალითად, ბაბალე ანდრეევსკისა,  ან. ოკლობჟიოსი და კნ. ან. გაგარინისა. მეორე მხრით, მისი თანამედროვე ამხანაგებიც შეურყეველი ბურჯები გახდენ გ. ერისთავის საქმის დასამთავრებლად. თვითონ გიორგიც იბრძოდა მედგრად და ხმარობდა შესაფერს იარაღს, ვისთანაც როგორი სჯობდა. მარიამ ბატონიშვილთან და წარჩინებულ პირებთან იყო დარბაისელი, ზრდილობიანი… პ–ნისთანა კაცებთან კი შეუპოვარი და ენა-მახვილი. მართლაც რომ დიდი მხნეობა სჭირდებოდა მას, რომ ცალკე თავის ნება სათეატრო დასი შეემაგრებინა და ცალკე ქვეყნის უთავბოლო კიცხვისათვის გაეძლო. მაგრამ გიორგის და იმის ამხანაგების აღტაცებულმა თანაგრძნობამ იმდენი მხნეობა და ძალა აღმოაჩინა, რომ 1850 წელს 2 იანვარს ქართველმა საზოგადოებამ პირველად დაინახა სცენაზე თავისი უმგზავსო ცხოვრება: ანდუყაფარების უსაქმურობა, მათი ამაოება ქორ-მეძებრების დევნაში, ძველი თავადიშვილების დავალიანება უზომო ხარჯვის გამო, განათლებული მებატონის ფუქსავატობა, ჩვენებური ვაჭრების გაიძვერაობა და იმათ ხელში გადასვლა ქართველების ადგილ-მამულებისა… თ. გ. ერისთავი მით უფრო ძვირფასი მოსაგონებელია ჩვენთვის, მით უფრო დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველების წინაშე, რომ ის იმ დროსვე ჰხედავდა ჩვენის საზოგადოების სამწუხარო მომავალს მდგომარეობას და თავის დრამატული თხზულებით სდევნიდა იმდროის ცხოვრების ცუდს მიმართულებას. გ. ერისთავთან ერთად ძვირფასნი და ნეტარ სახსენებელნი არიან აგრეთვე ის პირები, რომელნიც იმ დროს გ. ერისთავის გულის წადილს ხელს უწყობდნენ და მხარს აძლევდნენ საბრძოლველად (ხაზი ჩემია – გ. დ.). იმათი მეოხებით ორმოც და სამის წლის წინად დაარსებულმა ქართულმა სცენამ დღეს უკვე მტკიცე ნიადაგზე დადგა ფეხი და სანუგეშო ნიშნებსაც გვაძლევს მომავალის აღორძინებისას“.

როგორც ვხედავთ, ბედმა ერთობ მწვავე სიტუაციაში გამოაჩინაა საზოგადოებრივ-შემოქმედებით ასპარეზზე პოეტ გიორგი თუმანიშვილის ქალიშვილი, 20 წლის ბარბარე  და, ღვთის წყალობით, მანაც ღირსეულადაც მოირგო ახლად აღორძინებული ქართული თეატრის უცილობელი პრემიერის მანტია, თუმცა ისტორიაში იგი მაინც შევიდა, როგორც ბ. გ. ანდრეევსკისა, რადგან უკვე ამ დროისათვისაც კი გახლდათ ერთობ ცნობილი პიროვნების, მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის უახლესი ფავორიტის – ე. ს. ანდრეევსკის (1809-72) მეუღლე.

ცხადია, მისი აღმომჩენი და გამწვრთნელი იყო გ. ერისთავი, რომელმაც, როგორც არაერთხელ მიეთითა ქართულ თეატრმცოდნეობაში (ვ. კიკნაძე, დ. მუმლაძე და სხვ.), საქართველოში შექმნა ნამდვილი საავტორო თეატრი, რაკი არათუ წერდა პიესებს, არამედ თავადვე დგამდა და მთავარ როლებსაც ასრულებდა ბრწყინვალედ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ორივე სპექტაკლისთვის ცნობილი მხატვრის – გრ. გაგარინის (1810-93) ხელმძღვანელობით, საგანგებოდ დამზადდა დეკორაციები, რაც დიდად წაადგა სპექტაკლის საერთო წარმატებას და ამაშიც, ცხადია,  გ. ერისთავის ხელი ურევია.

დღეისათვის ქართულსა და ინგლისურ ენაზეც გამოქვეყნებულია გ. ერისთავის სპექტაკლის პროგრამები და აფიშაც. შემორჩენილია იმდროინდელი პრესის (ცხადია, რუსულის, რადგან ქართული პერიოდიკა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არსებობდა) გამოხმაურებანიც. სტატიები მეტად საინტერესოა, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული თვალსაზრისით, თუმცა ეს არ არის ტრადიციული რეცენზიები, ვთქვათ, ცალკეული მსახიობების, თუნდაც მთ. როლების შემსრულებელთა, ოსტატობის პროფესიული ანალიზი და ა. შ. ამიტომაც არ ჩანს აქ ქ-ნი ბ. ანდრეევსკისა თუ სხვა მონაწილენი. მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესოა მკითხველსაც გავაცნოთ იმდროინდლი თბილისური (ვიმეორებ – რუსული) პრესის ამონარიდები (ს. გერსამიას მონოგრაფიის მიხედვით), რაც, უსათუოდ, იძლევა სათანადო დასკვნების გაკეთების საშუალებას:

„1850 წლის 2 იანვარი საქართველოს განათლების ისტორიაში ჩაიწერა როგორც ღირსშესანიშნავი დღე… პირველად გათამაშდა ქართულ ენაზე ქართული ნაციონალური კომედია „გაყრა“. პიესა ისე კარგია, მან ისე გააკვირვა ყველა თავისი უბრალებით, ორიგინალობითა და ღრმა იუმორით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ უბრალო შექებით დავკმაყოფილდეთ, არამედ მოვალენი ვართ, ჩვენს მკითხველებს, რამდენადაც შესაძლებელია, შევთავაზოთ ამ პოეტური ქმნილების დაწვრილებითი გარჩევა… კომედიის შესრულება ყოველნაირ შექებაზე მაღლა იდგა (ხაზი ჩემია – გ. დ.). როლების საუკეთესო ცოდნა, კოსტიუმები, თამაში _ ყველაფერს აღტაცებაში მოჰყავდა მრავალრიცხოვანი მაყურებელი. ერთი სიტყვით, ისეთი იყო, პიესა რომ გაგეგოთ და ქართველების თანაბრად მოხიბლულიყავით, ამისათვის საჭირო არ იყო ქართული ენის ცოდნა…“ (გაზ. „ზაკავკაზსკი ვესტნიკ“, 1850, №1).

ამ საერთო აღტაცებას მეორე რუსული გაზეთიც (ოფიციოზად მიჩნეული) „კავკაზიც“ (18. I. 1850) გამოეხმაურა:

„ქართული ენის არ მცოდნეს გაუჭირდებოდა ამ ნაწარმოების ლიტერატურული ღირსების განსჯა, მაგრამ თუ დაუსრულებელი აპლოდისმენტებისა და საერთო სიცილის მიხედვით ვიმსჯელებთ (ხაზი ჩემია – გ. დ.),  პიესა სავსეა იუმორითა და სარკაზმით, პიესის შინაარსი და საქმის ვითარების წვრილმანები მათთვისაც გასაგები ხდება, ვინც ქართულის ერთი სიტყვაც არ იცის. ამას მაყურებელი ხვდება განსაცვიფრებელი მიმიკის, ბუნებრივი თამაშისა და დიქციის საშუალებით (ხაზი ჩემია – გ. დ.). ერთი სიტვით, ,,გაყრა“ ისე იყო გათამაშებული, როგორც შეეძლოთ შეესრულებინათ მხოლოდ ყველაზე უფრო ნიჭიერ მსახიობებს… ოსტატურად შერჩეულმა შემსრულებლებმა წარმოადგინეს მათთვის ნაცნობი და შეჩვეული ტიპები. მხოლოდ ამით თუ შეიძლება აიხსნას იმ ადამიანთა განსაცვიფრებელი თამაში (ხაზი ჩემია – გ. დ.) რომლებიც სცენაზე არასდროს ყოფილან…“

როგორც ვხედავთ, ამ ზოგად შეფასებებშიც კი აშკარად იგრძნობა, რა დიდი, მძიმე და პროფესიული მუშაობა აქვს ჩატარებული გ. ერისთავს სრულიად გამოუცდელ სცენისმოყვარეებთან. ყველაზე მეტად ეს ითქმის ქ-ნ ბარბარეზე, რადგან სწორედ მისი გმირია (კნეინა მაკრინე) ყოველგვარი ინტრიგის თავი და თავი პირველსავე სპექტაკლში (,,გაყრა“), რაკი იგი ყველას, განსაკუთრებით თავის ქარაფშუტა მეუღლეს (პავლეს) და თვით სასამართლოს მოხელეებს, დიდსაც და პატარასაც, ატყუებს და თავის მხარეზე გადმოიბირებს. ამ მიზნით არაფერს ერიდება, ერთადერთი ქალიშვილის ბედითაც კი ,,ვაჭრობს“! აკი ტრაბახობს კიდეც მისი ქმარი (პავლე), ჩემს მაკრინეს სატანაც ვერას დასტყუებს… ჩემი ცოლი თამარ მეფის დროს რომ ყოფილიყო, ვეზირობასაც მისცემდნენ, რაც არ უნდა ჭკვიანი კაცი იყოს, გააპამპულებსო და ა.შ. და ა.შ.

ამ სიტყვებით შესანიშნავადაა გამოძერწილი კნეინა მაკრინეს სახე, რომლის შესრულება, ბუნებრივია, დიდ ნიჭიერებას მოითხოვს მსახიობისაგან. როგორც ჩანს, გ. ერისთავს ნამდვილად გაუმართლა ამ სცენისმოყვარის პოვნით, მაგრამ, მეორე მხრივ, ბუნებრივ ნიჭიერებასთან ერთად ქ-ნი ბარბარე თავად იყო დიდი შრომისმოყვარეობით გამორჩეული და იმის უნარიც გააჩნდა, რომ ერწმუნა რეჟისორისა და თავის თავშიც მოეძებნა ძალები დასახული ამოცანის შესასრულებლად. როცა პრესა საუბრობს, მაყურებელი, რომელმაც ენა არ იცოდა, ყველაფერს ხვდება განსაცვიფრებული მიმიკის, ბუნებრივი თამაშისა და დიქციის წყალობითო, თანაც დარბაზში გაისმოდა დაუსრულებელი აპლოდისმენტები და სიცილიო, ეს უკვე ნიშნავს, რომ გ. ერისთავმა, როგორც ქართული საავტორო თეატრის ფუძემდებელმა, შეძლო ნამდვილი ანსამბლური სპექტაკლი შეექმნა, თუმცა მაშინ ეს ტერმინი საერთოდ არ არსებობდა და ყველაფერი ბუნებრივი ნიჭიერებითა და მონდომებით იყო გაცისკროვნებული. ვიმეორებ, ამ თავისებური რეცენზიებიდან ასეთი დასკვნის გამოტანაც შეიძლება და, ცხადია, თუ მართლაც ეკუთვნოდა ვინმეს ტაში და მოწონების შეძახილები, უპირველეს ყოვლისა, ალბათ (ამ ვარაუდს ვერ გავცდებით), კნეინა მაკრინეს შემსრულებელს.

რაც შეეხება მეორე სპექტაკლს (,,დავა“), აქ გაცილებით იოლი იყო მთავარი გმირის (ნინოს) შესრულება – ნინო და მისი სატრფო ბეგლარი ქალაქში აღზრდილი და განათლებამიღებული ახალგაზრდები არიან და დაქორწინება სურთ, მაგრამ მათი მშობლები ერთმანეთს მტრობენ, რაკი მამული ვერ გაუყვიათ. ნინო ნაწარმოების მთ. ლირიკული გმირია, მას არავითარი განსაკუთრებული დრამატურგიული დატვირთვა არ აქვს – მხოლოდ სიყვარული და დაქორწინება სურს. ასე რომ, ქ-ნი ბარბარე თავის ახალ გმირს ასაკობრივადაც შეეფერებოდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, პიროვნული ხასიათითაც. ღვთის წყალობით, ჩვენამდე მოაღწია ერთადერთმა შეფასებამ, როგორც მას გვიხატავს ქ-ნი ბაბო შერვაშიძე – აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის – მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ქალიშვილი: ,,იგი იყო ერთობ სასიამოვნო ქართველი ქალი, არცთუ ისე მაღალი, მაგრამ ძალიან შავი თვალებით, რბილი ხმითა და მიმზიდველი მანერებით. ისეთი მოღუღუნე ხმა ჰქონდა, ნელი და მშვიდი საუბარი, რომ უმალ გატყვევებდათ და გხიბლავდათ“.

ცხადია, ამ შესანიშნავი თვისებებით შემკულ 20 წლის ქალს, აქტიორული ნიჭიერებით სავსეს (როგორ არ ვენდოთ გ. ერისთავს!), სულაც არ გაუჭირდებოდა ნინოს როლის შესრულება და მართლაც დაიმსახურებდა იმ დაუსრულებელ აპლოდისმენტებს, ზემოთ რომ ითქვა.

ბუნებრივია ის კითხვაც, რომელსაც ვერ გავექცევით – ასეთი წარმატებული დებიუტის შემთხვევაში, როგორც მოხდა, ამ სამი წარმოდგენის  შემდეგ (,,გაყრა“ ორჯერ გაითამაშეს)  ქ-ნი ბარბარე ფაქტობრივად ქრება ქართული სცენიდან. რა მოხდა? სამწუხაროდ, დღეისათვის არსებული მონაცემებით, ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანს, თუმცა ვარაუდები – რამდენიც გნებავთ, მათ შორის ისეთიც, რომელსაც აქვს არსებობის უფლება. 

ვიცით მხოლოდ ის, რომ მას შემდეგ, რაც მ. ვორონცოვი ოდესაში გადაიყვანეს, რაღა თქმა უნდა, ანდრეევსკების ოჯახიც იქ გადავიდა საცხოვრებლად. და აი, მოსკოვში სასწავლებლად მიმავალი აკაკი სწორედ აქ, ოდესაში შეხვდა ქ-ნ ბარბარეს და იგონებს კიდეც მას თავის ცნობილ ნაწარმოებში – ,,ჩემი თავგადასავალი”. ამ შეხვედრაზე ოდნავ ქვემოთ,  ახლა კი როგორ განვითარდა ქ-ნ ბარბარეს შემდეგი ბედი: 1876 თბილისში ჩამოვიდა უმცროსი ქალიშვილ – ნინოსთან ერთად. 22 ივლისს ნინომ მტკვარზე ბანაობა მოისურვა, მაგრამ საღამოს შინ არ დაბრუნებულა… მეორე დილით მისი გვამი მდინარემ გამორიყა, ტანსაცმელი კი ნაპირზე იპოვეს… ახლა ორივენი, დედა და შვილი გვერდიგვერდ განისვენებენ მთაწმინდაზე, მამადავითის ეკლესიაში…

რაც შეეხება აკაკის შეპირებულ მოგონებას – დიახ, რუსეთში სასწავლებლად მიმავალი 18-19 წლის აკაკი წერეთელი ოდესაში ყოფნისას მიიწვიეს სახელგანთქმული ექიმის – ე. ანდრეევსკის ოჯახში, სადაც გაიცნო კიდეც მისი მეუღლე – ქ-ნი ბარბალე… ეს ისე საინტერესოდ აქვს აღწერილი აკაკის (,,ჩემი თავგადასავალი“), რომ მკითხველი ნამდვილად არ ინანებს, თუ ამ ფრაგმენტს საგანგებოდ გაეცნობა… ახლა კი ნება მიბოძეთ, იმაზეც მოგახსენოთ, რაზეც თქვენმა მონა-მორჩილმა ინანა… ცხადია, მხოლოდ იმაზე, რომ აკაკიმ, რომელმაც ამ შეხვედრიდან 40 წლის შემდეგ (საკუთარი აღიარებით) დაწერა ,,ჩემი თავგადასავალი“, ოდესელი მასპინძლის მეუღლე ქართველად კი მოიხსენია, თანაც თავადის ასულად, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, არა როგორც გ. ერისთავის მიერ აღდგენილი ქართული თეატრის პრემიერად… ქართული კულტურის მკვლევარისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭებოდა, მაგრამ ვაი, რომ, გაწბილებული დავრჩი…

ისღა დამრჩენია, ერთგვარი შვების სახით, კიდევ შეგახსენოთ გ. წერეთლის მშვენიერი ფრაზა: ,,გ. ერისთავთან ერთად ძვირფასნი და ნეტარ სახსენებელი არიან აგრეთვე ის პირები, რომელნიც იმ დროს გ. ერისთავის გულის წადილს ხელს უწყობდნენ და მხარს აძლევდნენ საბრძოლველად.

ჭეშმარიტად ნეტარ სახსენებელიც!   

ლიტერატურა:

წ ე რ ე თ ე ლ ი  გ., ორმოცდასამი წელი ქართული თეატრისა, ჟურნალი ,,კვალი“, 1893, №3;             

გ ე რ ს ა მ ი ა  ს., გიორგი ერისთავის თეატრი, თბ., 1950;

წ ე რ ე თ ე ლ ი  ა., ჩემი თავგადასავალი, ტ. III, თბ., 1989;

ქართული დრამატურგიის ისტორია, ტ. 1, თბ., 2014;

О б о л е н с к и й   Й., Мемуары  фрейлины  императрицы, М., 2015;

ი მ ე დ ა შ ვ ი ლ ი  ი., ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, თბ., 2018, ტ. 1;

შ ა რ ვ ა შ ი ძ ე  ბ., მემუარები, თბ., 2019. 

Gogi Dolidze

Forgotten Premier of George Eristavi Theater

The first Georgian actress Barbare Tumanishvli didn’t have any professional acting education. She portrayed kneina Makrine in George Eristavi’s “The Family Settlement”. Her brilliant performance was positively received. Back then, in Georgia reputation of an actress was under a question mark. Therefore Barbare’s step was a huge risk and a great example of bravery. Press constantly wrote that: “20 years old Barbare unquestionably seized the cloak of the Premier of revived Georgian theater”. However, Barbare Tumanishvili soon left the stage and became ever more well known by marrying E. S Andrefsky (1809-72), the closest favorite of the deputy M. Vorontsov. 

The essay discusses the problems of the first Georgian theater; the obstacles caused by the prejudices of the society. A large part of Georgian nobles considered acting and impudence as synonyms. And such conditions seriously troubled and hindered George Eristavi. 

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…