გიორგი ცქიტიშვილის სტატია

ქაოსი

, , ,

ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილება, არსებული სინამდვილის კატეგორიული, უპირობო არ მიღება, მარადიულად უკიდურესი ნერვული აშლილობისა თუ ყოვლის წამლეკავი გაღიზიანების მდგომარეობაში ყოფნა – ეს საყმაწვილო სენია, ერთგვარი სახადია, რომელიც ადამიანმა სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად უნდა გაიარო?.. თუ ამის გარეშეც შესაძლებელია ცხოვრება?.. რეჟისორ ანდრო ენუქიძის მიერ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დადგმულ (2021) ანტონ ჩეხოვის „თოლიაში“, ერთი შეხედვით, სწორედ ასეთი იყო კონსტანტინ ტრეპლევი, მსახიობ მამუკა მანჯგალაძის შესრულებით. იგი ხელაღებით უარყოფდა, დასცინოდა ძველ თეატრს (რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელიც მისი დედა გახლდათ); არ მოსწონდა და დაუფარავად აკრიტიკებდა უფროსი თაობის ცხოვრების წესს, მათ ამქვეყნიურ პოზიციას და ამას აკეთებდა ერთგვარი მოჭარბებული ემოციურობით, გახელებული ეგზალტაციით…

ეს სპექტაკლი ბათუმში ამ ორი წლის წინ ვნახე. მაშინ როგორღაც ვერ მოვახერხე რეცენზიის დაწერა. ამას ახლა ვხვდები; ეტყობა, სათქმელს სათანადო ფორმა ვერ მოვუძებნე. თუმცა, როგორც მჩვევია ხოლმე, გარკვეული ჩანაწერები გამიკეთებია. ძირითადად ასე ვიქცევი მაშინ, როცა წარმოდგენაზე დაწერას ვაპირებ. ამას წინათ რაღაცას ვეძებდი და შემთხვევით სწორედ ამ სპექტაკლის პროგრამასა და ნაჩქარევი ხელით, რვეულის რამდენიმე ფურცელზე გაფანტულ ჩემს შთაბეჭდილებებს წავაწყდი. ანგარიშმიუცემლად (თვითონაც არ ვიცი, რატომ) გადავათვალიერე ჩემივე ორი წლის წინანდელი ჩანაწერები. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სრულყოფილი, დამთავრებული რეცენზია; უფრო ფრაგმენტები, რომლებმაც ცალკეული სცენების, ეპიზოდების ვიზუალური რეჟისორული გადაწყვეტა თვალწინ აღმიდგინა… და რაც ყველაზე მთავარია, იმ წარმოდგენის ატმოსფერო, განწყობა (დღეს უკვე ასე არაპოპულარული, გრძნობათა ბუნება) ხელახლა შემაგრძნობინა…

სცენის მარცხენა მხარეს სახელდახელოდ მოწყობილი მომცრო სცენა მოჩანდა. რაღაცით იმ საესტრადო ფიცარნაგს ჩამოჰგავდა, ჩემს ბავშვობაში თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში, კულტურისა და დასვენების პარკებში, ღია ცის ქვეშ რომ იყო ხოლმე აღმართული. საბჭოთა სინამდვილეში ეს აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. რატომღაც ე.წ. „მუშტაიდის“ ბაღის ფიცარნაგი ამომიტივტივდა მეხსიერებაში… თავად ბათუმის თეატრის დიდი სცენა ორი მხრიდან ამფითეატრს მოემწყვდია რკალში. დრო და დრო იქ ადგილებს სპექტაკლის მოქმედი პირნი იკავებდნენ. მათ გარდა მაყურებლის ფუნქციას უსიცოცხლო, ხელოვნური მანეკენები ითავსებდნენ. თითქოს ყველაფრის მიმართ გულგრილ, ინდიფერენტულ ადამიანთა ჯგუფს მოეყარა თავი. ზუსტად ისე, რეალურ ცხოვრებაში, სეირის მოლოდინში, უგულოდ (საღეჭი რეზინის ღეჭვით ან მზესუმზირას კნატუნით) რომ შესცქერიან სანახაობას… თეატრი თეატრში, სცენა სცენაზე – ეს ხერხი მართლაც არ არის ახალი, მაგრამ თავად ჩეხოვის პიესაშია ერთი საწყისი ეპიზოდი და რეჟისორი (ა. ენუქიძე), მხატვართან (გოგლა გოგიბერიძე) ერთად, სწორედ ამ მოცემულობიდან ამოდიოდა. უბრალოდ, ჩვენი ცხოვრება რომ თეატრია, ამ მოსაზრებას აზოგადებდნენ. ამიტომ ჩეხოვის პიესის პერსონაჟები ბათუმის თეატრის სპექტაკლში ხან მოქმედი პირები იყვნენ, ხან კი – მაყურებლები – ვითარების მიხედვით. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეჟისორისა და მხატვრის შემოქმედებითმა ტანდემმა, წლების განმავლობაში, ბათუმის თეატრის სცენაზე, არაერთი საინტერესო ნამუშევარი წარმოგვიდგინა. მახსენდება: უილიამ შექსპირის „მაკბეტი“ (2014 წ.) და ავქსენტი ცაგარლის „ხანუმა“ (2019 წ.).

ისიც უდავო ჭეშმარიტებაა, არაფერი მარადიული არ არის ცისქვეშეთში. რაღაც იბადება, ვითარდება და შემდეგ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არსებობას წყვეტს. ასეა ცხოვრებაშიც, ასეა ხელოვნებაშიც. მოდური მიმდინარეობები ერთმანეთის მიყოლებით იბადება და ქრება, მივიწყებას ეძლევა. რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ოდნავ სახეშეცვლილი კვლავ გვიბრუნდება. XXI საუკუნის ქართული თეატრიც უდავოდ ძიების გზაზეა. რეჟისორებს სურთ, ვიზუალურ, გამომსახველობით, არავერბალურ ახალ ენას მიაგნონ. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ყოველ ეპოქაში ჰქონდა ადგილი.

ანდრო ენუქიძეს, ჩეხოვის ამ პიესაში, საგულდაგულოდ ამოსახსნელ-გასაშიფრ სხვადასხვა სიღრმისეულ შრეებსა თუ მრავალფეროვან სათქმელს შორის, უდავოდ აინტერესებდა ორი უმთავრესი. ესაა ადამიანებს შორის არსებული სრული გაუცხოება და არანაკლებ მნიშვნელოვანი, თეატრალურ ხელოვნებაში განვითარების ახალი გზის მიგნების მცდელობა. ჩემი აზრით, ამ უკანასკნელს რეჟისორი უფრო დიდ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე – პირველს. თან დასახულ მიზანს პიესაზე ყოველგვარი „ძალადობის“ გარეშე აღწევდა. თითქმის არ მიმართავდა ავტორისეული ტექსტის შეკვეცას, დამონტაჟებას, სათანადო კუპიურებს, შემცირებას, გადაადგილებას და ამის ხარჯზე სასურველი აქცენტების გაძლიერებას, საჭირო მახვილების მკაფიოდ გამოკვეთას…

მთელი სამყარო რომ თეატრია, ამას ავანსცენასა და თავად სცენაზე განთავსებული ორი ამფითეატრის გარდა, სცენის სიღრმეში არსებული ძველებური თეატრალური ლოჟები კიდევ ერთხელ შეგვახსენებდნენ. იქიდანაც მანეკენები იმზირებოდნენ… ეს ლოჟები იერით თბილისის ოპერისა და ბალეტის თუ რუსთაველის თეატრებისას ჩამოჰგავდნენ… ყოველივე ზემოაღნიშნული, დამდგმელის ნებით, თითქოს ერთგვარი ნოსტალგია გახლდათ სახელოვანი, წარმატებული წარსულისა, გარდასული დღეებისა… თუმცა, სცენოგრაფთან ერთად, რეჟისორი კიდევ ერთ სახიერ მინიშნებას გვთავაზობდა. საესტრადო ფიცარნაგთან ნავს ვხედავდით (პიესის მიხედვით, აკი აქვე ახლოს ტბა უნდა იყოს…) და მის გვერდით კი ლაქაშებს… ამ მცენარეს, როგორც წესი, დამდგარი წყალი უყვარს… თუ ილია ჭავჭავაძეს დავუჯერებთ, დამდგარმა წყალმა „ჭია-ღუები“ იცის და ყველაფერი საბოლოოდ უძრაობით მთავრდება ხოლმე… უძრაობიდან ჭაობამდე კი სულ ერთი-ორი ნაბიჯია… როგორც შექსპირი ბრძანებდა, რაღაც დალპაო დანიის სამეფოშიო… მოკლედ, ძალიანაც რომ არ გაგვიგრძელდეს სიტყვა, მოძველებულსა და ლპობაშეპარულს დროზე უნდა შეცვლა… აქვე, კვლავ ისმის რიტორიკული კითხვა – კი ბატონო, შევცვალოთ, მაგრამ – რით?!..

როგორც პიესაშია, ა. ენუქიძის მიერ დადგმულ სპექტაკლშიც, ძველი თეატრის მიმართ კრიტიკულად განწყობილი კოსტია ტრეპლევი, ადრე არსებულის სანაცვლოდ, მხატვრულად ღირებულს ვერაფერს გვთავაზობდა… ჩეხოვთან აკი არკადინა (ცნობილი მსახიობი და მისი დედა) ამბობს – დეკადენტური ბოდვააო… უკიდურესად „განზოგადებულ, სიმბოლისტური“ ტექსტითა და გოგირდშერეული კვამლის ეფექტით…

ძალაუნებურად, ისევ ბოლო წლების ქართულ თეატრთან გავავლე პარალელი. მკითხველმა უნდა მაპატიოს ეს გაუთავებელი აქეთ-იქით გადახტომა-გადმოხტომა. მაგრამ, ჩემდაუნებურად, ამ სპექტაკლზე საუბრისას მემართება ასე. ვფიქრობ, ჩვენი რეჟისორებიც (ტრეპლევისა არ იყოს) ეძებენ ახალ გამომსახველობით საშუალებებს, ცდილობენ გაუკვალავი გზებით სიარულს, მაგრამ… ჯერ-ჯერობით ის შედეგი არ ჩანს, რომელსაც ყველა ერთად ველით. ვგულისხმობ, მაღალ მხატვრულ თეატრალურ წარმოდგენას, რომელსაც აქტუალურ, მწვავე სათქმელთან ერთად, სათანადო ფორმაც ექნება მოძებნილი. როგორც უკვე ვთქვი, ორ ათეულ წელზე მეტია, ეს ძიება უდავოდ მიმდინარეობს, მაგრამ სასურველი შედეგი კვლავ არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია (ალბათ, ვიღაც, როგორც ყოველთვის, არ დამეთანხმება!..). ჩემი გადასახედიდან, დღეს ასეთი სურათი გვაქვს: სპექტაკლს ან აქვს სათქმელი და არ აქვს მოძებნილი შესაბამისი მხატვრული ფორმა, ან პირიქითაა საქმე. ეს კიდევ უფრო მეტი კატასტროფაა… ასეთ დროს ზღვა ენერგია, დრო და სახსრები წყალშია გადაყრილი… არიან ისეთები, ვინც ყოველთვის, რაც არ უნდა გააკეთონ, პრემიერამდე უკვე თვლიან, რომ „შედევრი“ დადგეს… ზოგი, როგორც საკუთარ აღმოჩენას, მიგნებას ჯიუტად, შეუპოვრად, თავხედურად გთავაზობს იმას, რაც აშკარად სხვისია და მსოფლიომ ოცი და უფრო მეტი წლის წინათ ეს უკვე იხილა. ზოგიერთი ნამუშევარი მართლაც უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს. ხელოვნებაში წარმატება და მარცხი განუყრელად გვერდიგვერდ არსებობენ. შეიძლება, ამ ეტაპზე რაღაც არ გამოგივიდეს… მაგრამ როცა პროფესია არ იცი (ელემენტარულად, უხეშად რომ ვთქვათ, ხელობას ვერ ფლობ), ასეთ შემთხვევაში, ყველაფერ დანარჩენზე (ე.წ. „მაღალ მატერიებზე“) საუბარი აბსოლუტურად ზედმეტად მიმაჩნია.

ბათუმის თეატრის სპექტაკლში, მანეკენებთან და სხვა მოქმედ პირებთან ერთად, წარმოდგენას კიდევ ერთი პერსონაჟი ადევნებდა თვალს. პროგრამაში ის უცნაურ კაცად გახლდათ მოხსენიებული. თანდათან ვხვდებოდით, რომ მსახიობ კახა კობალაძის მიერ განსახიერებული და რეჟისორის მიერ შეთხზული სცენური გმირი თავად ავტორი იყო. მაყურებელთა დარბაზიდან შემოსული მაშა (ანანო იაშვილი) უკმაყოფილო ინტონაციით სწორედ მას ეკითხებოდა: „აღარ ვიწყებთ?!..“ უცნაური კაცი უხერხულად იშმუშნებოდა და მხრების აჩეჩვით, დამნაშავესავით უპასუხებდა, რომ საქმის კურსში არ იყო… ამ კითხვას წარმოდგენის მსვლელობისას სხვა მოქმედი პირნიც სვამდნენ, თუმცა – უშედეგოდ… ა. ენუქიძე ამ გზითაც ერთგული რჩებოდა თამაში ხერხისა, რომელსაც პირობითად „თეატრი თეატრში“ ჰქვია.

განსაკუთრებით დრამატული ის იყო, რომ ყველა მოქმედი პირის სანუკვარი ოცნება უნებლიედ მოკლული თოლიასავით გახლდათ განწირული. ანდრო ენუქიძე გვიჩვენებდა მათ ამაო მცდელობას, რათა თავი დაეღწიათ არსებული რეალობისთვის. ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი… მაგრამ, ამას ძალზე ცოტანი (შეიძლება ითქვას – ერთეულები!..) ახერხებენ… და რა შორს მივდივართ?.. თითქოსდა ყველაზე უახლოეს ადამიანებს (დედა და შვილი) შორისაც კი არ იყო ჰარმონიული, იდილიური ურთიერთობა… რეჟისორი გვიჩვენებდა უამრავ ნიუანსს, რომელიც განსაზღვრავდა ირინა არკადინასა (მაია ცეცხლაძე) და კონსტანტინე ტრეპლევის (მამუკა მანჯგალაძე) ურთიერთდამოკიდებულებას. დედა ის წარმატებული მსახიობი გახლდათ, რომელიც მიჩვეული იყო ყურადღების ცენტრში ყოფნას; თაყვანისმცემელთა არმიას; იმას, რომ მუდამ აღაფრთოვანებდა თავის ირგვლივ მყოფებს. მ. ცეცხლაძის განსახიერებით, არკადინა ის ქალი იყო, რომელსაც სცენური აღიარების გარდა ცხოვრებაშიც სურდა ბედნიერება.

მამუკა მანჯგალაძის მიერ განსახიერებული კოსტია კი უამრავი კომპლექსით გახლდათ დათრგუნული. ის ისე გაიზარდა, რომ დედას არასოდეს ეცალა მისთვის; სურდა, მწერალი გამხდარიყო და ბევრს ვერაფერს მიაღწია; ნინა ზარეჩნაია (ანო ზურაშვილი) უყვარდა და აქაც ხელი მოეცარა… მოკლედ, სცენაზე იდგა არასრულფასოვნების კომპლექსით დათრგუნული, გაღიზიანებული, ჭირვეული, ნერვიული ახალგაზრდა კაცი… ყოველივე ამას ემატებოდა ისიც, რომ მისი სახელოვანი დედის საყვარელი იყო პოპულარული მწერალი ტრიგორინი (დავით ჯაყელი)… დედისა და მისი საყვარლის გვერდით მ. მანჯგალაძის მიერ განსახიერებული სცენური გმირი თავს სრულ არარაობად გრძნობდა… და თან იმ ასაკში იყო, როდესაც ადამიანი საკუთარი თავის ძიების პროცესშია; ნებისმიერ ფასად თვითდამკვიდრება სურდა და მოულოდნელად აუტანელ, გაუსაძლის წნეხში ექცეოდა… რეჟისორი, მსახიობთან ერთად, გვიჩვენებდა იმას, თუ რა ემართება ასეთ დროს ახალგაზრდას. აქედან გამომდინარე, ძალზე ლოგიკური გახლდათ ტრეპლევის ჭირვეულობა, იმპულსურობა, ნევრასთენიულობა…

ხელოვნებაში არც თუ იშვიათია, როდესაც ახალგაზრდა შემოქმედი ხმამაღლა, სკანდალურად, ერთგვარი ეპატაჟით ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას; ებრძვის არსებულს, ცდილობს, შემოიტანოს ახალი ფორმები; დაამხოს ე.წ. „ავტორიტეტები“… ეს პროცესი, ისევე როგორც სხვაგან, ჩვენთანაც ანალოგიურია. არც ყბადაღებული „თაობათა შორის ბრძოლაა“ ჩვენი წარსულისა თუ აწმყოსათვის „უცხო ხილი“. მაგრამ ერთი რამ უდავოა – იმისათვის, რომ არსებული, დამკვიდრებული დაამხო, მოსპო, გაანადგურო და ამ საქმეში წარმატებას მიაღწიო, რამდენიმე ფაქტორია აუცილებელი. პირველი – შენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი უნდა იყო!.. მეორე – რასაც ებრძვი, ის ზედმიწევნით კარგად უნდა გქონდეს შესწავლილი!.. მესამე – ისიც უნდა იცოდე, ძველს რომ დაამხობ, მის ადგილას რას სთავაზობ საზოგადოებას… თორემ მარტო ხმაურით, ყვირილითა და არაფრისმთქმელი, პრეტენზიული პერფორმანსებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწევ…

კინაღამ დამავიწყდა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი სულ წყალში ჩაგეყრება, თუ იმ ერთის გარეშე გაუჩენიხარ განგებას… „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!..“ – როგორც გალაკტიონ ტაბიძე ბრძანებდა… ამიტომ ვერც ვითომ „ორიგინალურმა“ ტექსტმა და ვერც კვამლმა (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, არც ერთი მათგანის ნაკლებობას არ უჩივის დღევანდელი ქართული თეატრი) უშველა კოსტია ტრეპლევის  მიერ დაწერილ პიესას და მის მიერვე დადგმულ წარმოდგენას… სახელგანთქმული არკადინას ვაჟმა კვლავ სრული ფიასკო განიცადა და დედის მხრიდან ისევ დაცინვის ობიექტად იქცა…

საერთოდ, ჩეხოვის გმირები უმეტესად უიღბლო, ხელმოცარული, არ შემდგარი ადამიანები არიან. ასეა ამ პიესაშიც. ტრეპლევს, ყველა სიკეთესთან ერთად, სიყვარულზეც უარს ეუბნებიან. ანო ზურაშვილის მიერ განსახიერებული ნინა ზარეჩნაია პოპულარული მწერლით, ტრიგორინით გახლდათ გატაცებული… ეს კიდევ ერთი ულმობელი დარტყმა იყო მამუკა მანჯგალაძის სცენური გმირისათვის. ის თანაგრძნობასა და მზრუნველობას მშობლისგან ელოდა… თუმცა, როგორც აღმოჩნდებოდა, ამაოდ… მაია ცეცხლაძის მიერ განსახიერებულ არკადინას საკუთარი პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი. ნინას სახით მას ახალგაზრდა მეტოქე ჰყავდა. მსახიობი გვიჩვენებდა, როგორი თავგანწირვით იბრძოდა მისი პერსონაჟი, რათა კონკურენტი გზიდან ჩამოეშორებინა და ტრიგორინი შეენარჩუნებინა. ამ დროს ჩვენ თვალწინ აღარ გახლდათ ქედმაღალი, ამპარტავანი, სარკასტული, ამაყი ირინა არკადინა. ძუ ლომად ქცეული, ღირსებადაკარგული, მუდარით ფეხებში უვარდებოდა საყვარელს, რომელიც მისგან წასვლას აპირებდა… თავად ტრიგორინი, დავით ჯაყელის შესრულებით, სულაც არ გახლდათ თვალისმომჭრელი „მაჩო“, რომლის ხიბლსაც ვერც ერთი ქალი წინ ვერ აღუდგებოდა… პირიქით, რაღაც უხერხემლო, უსუსური ადამიანი იყო, რომელსაც გულწრფელად უკვირდა, თუ რა მოსწონდათ მასში ქალებს… გარდა ამისა, მიუხედავად პოპულარობისა,  ტრიგორინს ძალიან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ სულაც არ იყო დიადი… სინამდვილეში ერთი საშუალო დონის მწერალი გახლდათ… ეს იყო და ეს… ა. ენუქიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში დ. ჯაყელი თამაშობდა ცხოვრების ხალისდაკარგულ, ყველაფრით დაღლილ ადამიანს. სწორედ ამის გამო,ის ვერც თავისი აღიარებით ტკბებოდა და ვერც ქალებთან არშიყით იღებდა დიდ სიამოვნებას. ბათუმის თეატრის სპექტაკლში ტრიგორინი არც გენიალური მწერალი გახლდათ და არც – მგზნებარე საყვარელი. ა. ზურაშვილის ზარეჩნაია ამიტომაც რჩებოდა დამარცხებული. გარდა ამ კაცთან უიღბლო რომანისა, ნინა (ტრეპლევისა არ იყოს…) დიდი ნიჭით დაჯილდოებული ვერ აღმოჩნდებოდა… თუ კოსტია მწერალი ვერ გახდა, ზარეჩნაიამ, როგორც მსახიობმა, პროვინციულ სცენებზეც კი ვერაფერი დასამახსოვრებელი, ღირებული ვერ შექმნა… უიღბლო, ხელმოცარულ, არ შემდგართა არმიის კიდევ ერთი წარმომადგენელი იყო სორინი (ზაალ გოგუაძე), ირინა არკადინას ძმა და კოსტია ტრეპლევის ბიძა. მსახიობი წარმოგვიდგენდა ალალ, ოდნავ გულუბრყვილო, სათნო და კეთილ ადამიანს, რომელმაც ისე იცხოვრა, რომ თავისი ვერც ერთი ოცნება ვერ აისრულა… მომღერალი უნდოდა გამხდარიყო… ოჯახის შექმნა სურდა… საბოლოოდ კი მარტოხელა, ყოფილი ჩინოვნიკი, თავისი მათხოვრული პენსიის ამარა, სამუდამოდ ჩარჩა მისთვის ასე საძულველ სოფელში… არადა, მთელი სიცოცხლე ქალაქზე გიჟდებოდა… თუმცა, ზ. გოგუაძის მიერ განსახიერებული სცენური გმირი ერთადერთი იყო, ვინც ტრეპლევს თბილად, მზრუნველად ექცეოდა… ყველაზე სათითაოდ არ შევჩერდები, მაგრამ დანარჩენებს მხოლოდ ჩამოვთვლი, რადგან ეს ადამიანებიც არ იყვნენ ბედნიერები: შამრაევი (ზაზა ზოიძე), პოლინა (ქეთევან ეგუტიძე), მაშა (ანანო იაშვილი), დორნი (ტიტე კომახიძე), მედვედენკო (ლაშა კონცელიძე), იაკობი (გიორგი ყურავა)…

მითოსის მიხედვით, ვიდრე დედამიწაზე წესრიგი დამყარდებოდა, სამყარო ქაოსს მოეცვა… ნამეტანი შედარება გამომივიდა, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, ქართულ თეატრშიც დასრულდება ძიების დროში მეტად (უსაშველოდ და გულისგამაწვრილებლად) გაჭიანურებული პროცესი; მღვრიე, ნალექიანი წყალი დაიწმინდება და… რაღაც შედეგამდე უთუოდ მივალთ. მთავარია, ის რაღაც მართლა ღირებული იყოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხარისხია მთავარი და არა – რაოდენობა…

კიდევ ერთი რამაა აუცილებლად აღსანიშნავი – ანდრო ენუქიძე არც ერთ მოქმედ პირს არ დასცინოდა, აბუჩად არ იგდებდა. ყოველგვარი ხელოვნური შელამაზების, ცრუ გაიდეალების გარეშე წარმოგვიდგენდა მათ. აქა-იქ, მართალია, შეინიშნებოდა გარკვეული დოზით (თავშეკავებული) ირონია, მაგრამ საბოლოოდ, რეჟისორი თანაუგრძნობდა მის მიერ დადგმული სპექტაკლის მოქმედ პირებს. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, იყო ყველაფერ ამაში (უპირველეს ყოვლისა, დამდგმელის პიროვნულ, მოქალაქეობრივ პოზიციას ვგულისხმობ!..) რაღაც კლდიაშვილისეული ცრემლიანი სიცილის მსგავსი…

ვხედავდით ნავში განმარტოებულ, თავის ფიქრებში ჩაძირულ ტრიგორინს… სპექტაკლის დასაწყისში, კოსტიას წარმოდგენის მსვლელობისას, ა. ენუქიძემ ზარეჩნაია ლითონის კონსტრუქციაში ჩასვა… „თოლია გალიაში“ – ასე აღიქმებოდა დამდგმელის მიერ შეთხზული სასცენო მეტაფორა (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, მიუხედავად სახიერი ეფექტურობისა, ეს მიზანსცენა ზედმეტად პირდაპირი და იოლად აღსაქმელი გახლდათ. ამიტომ, ცოტა არ იყოს, პრიმიტიულობის ელფერი დაჰკრავდა…)… რეჟისორის ნებით, გარკვეული დოზით ზომიერ ირონიას შეიცავდა ტრეპლევისა და არკადინას ე.წ. „შექსპირული დიალოგი“ („ჰამლეტიდან“, ჰამლეტისა და ჰერტრუდას საუბარი)… სასოწარკვეთილი ნინა საბოლოოდ უკუაგდებდა თავმოყვარეობას, ღირსების გრძნობას და საჯაროდ, ყველას თვალწინ თავის გრძნობებში უტყდებოდა ტრიგორინს… უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი, დარცხვენილი მწერალი, თითქოს უმწეოდ იმართლებდა თავს… აღარაფერი მახსოვსო… ეს საშინელი შეურაცხყოფა, დამცირება და სასიკვდილო განაჩენი გახლდათ ზარეჩნაიასათვის. ამიტომაც სულიერად კლავდა მას რეჟისორი. ა. ზურაშვილის მიერ განსახიერებული ნინა გარდაცვლილივით ეცემოდა სცენაზე…

ჩეხოვის პიესის გმირები, თითქოს, ერთი შეხედვით, ფაქიზი სულის მქონე, ინტელიგენტი, დახვეწილი ადამიანები არიან. მიუხედავად ამისა, მათაც არ ესმით ერთმანეთის. თვით უახლოესნიც კი (სისხლით ნათესაობას ვგულისხმობ!..) რაღაცნაირად გაუცხოებულნი არიან ერთმანეთისაგან. არავის უნდა (ან, არ შეუძლია!..), გაიგოს, თუ რა აწუხებს გვერდით მყოფს. ყველა გათითოკაცებული მარტოსულია. ამიტომაც არავინაა მათ შორის ჭეშმარიტად ბედნიერი. ამ ადამიანებს ძალზე იოლად, ზედმეტი ძალისხმევისა და დაფიქრების გარეშე შეუძლიათ ერთმანეთს გული ატკინონ… როგორც უკვე აღვნიშნე, ანდრო ენუქიძემ განსაკუთრებით გამოყო ხელოვანთა ხაზი. ჩეხოვის „თოლიაში“ აკი არკადინა და ზარეჩნაია მსახიობები არიან, ტრიგორინი და ტრეპლევი – მწერლები… მ. მანჯგალაძის მიერ შექმნილი სცენური გმირი განადგურებული ამბობდა, ყველაფერი ჩემი პიესის წარუმატებლობიდან დაიწყოო… ქალი მარცხს არასოდეს გაპატიებსო!..  ამ ცხოვრებასთან საბოლოო ანგარიშის გასწორება მას მხოლოდ თვითმკვლელობითღა შეეძლო…

ანდრო ენუქიძის მიერ ბათუმის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლში, სხვა დანარჩენთან ერთად, ჩემი აზრით, კიდევ ჟღერდა ერთი დრამატული მოტივი. მართალია, ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენ, ადამიანები, უფრო შემგუებლები, კონფორმისტები ვხდებით; ახალგაზრდულ „მეამბოხეობას“ ვივიწყებთ, მაგრამ საბოლოოდ არც ამას მოაქვს ასე ნანატრი ბედნიერება… ყოველივე ამის შედეგად კი როგორც პიესაში, ისე სპექტაკლში, დასახულ მიზანს ვერც ერთი თაობა ვერ აღწევს; ყველა სანუკვარი მისწრაფება, დიდი იმედები ნათელ მომავალზე, საბოლოოდ „ოცნებების სასაფლაოდ“ იქცევა…

წარმოდგენის ფინალური სცენა რაღაც აპოკალიფსურ კოშმარს მოგვაგონებდა. მოქმედი პირები ამფითეატრსა და ლოჟებს ბარბაროსებივით შეესეოდნენ. გზად ყველაფერს სპობდნენ, ანადგურებდნენ. მანეკენებს სკამებიდან მოისროდნენ. მოკლედ, სრული ანარქია, ქაოსი და ბაკქანალია ისადგურებდა… უნებლიედ მეხსიერებაში წლების მანძილზე ჩარჩენილი რეალური კადრები ამოგიტივტივდებოდა… მიტინგები, მანიფესტაციები, გადატრიალებები, რევოლუციები… და ხვდებოდი, რომ ეს სულაც არ გახლდათ სპექტაკლის დამდგმელის ფანტაზია… ჩვენ თვალწინ კაცობრიობა ადამიანურ სახეს კარგავდა და თავისივე მცდელობით, გარჯით მოპოვებულ ცივილიზაციას თავადვე დაუნდობლად, უმოწყალოდ სპობდა, ანადგურებდა… ეს სცენები ადრეც, წარსულს ვგულისხმობ, არაერთხელ გვინახავს და სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ მომავალშიც ვნახავთ!..

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…