ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენა მართლაც ორიგინალურ, თვითმყოფად თეატრალურ სივრცეს წარმოადგენს. ვფიქრობ, ის თავად უკარნახებს რეჟისორს არა მარტო ვიზუალურ გადაწყვეტას, არამედ სულისკვეთებას, გამომსახველობით საშუალებებს. არ მინდოდა, ჩვენში ამ ბოლო დროს ასე არაპოპულარული, კლასიკური თეატრალური ტერმინის გამოყენება, მაგრამ ძალაუნებურად გვერდი ვერ ავუარე. დიახ, ყბადაღებულ სტანისლავსკისეულ „გრძნობათა ბუნებას“ ვგულისხმობ! შენც, როცა აქ, მაყურებელთა დარბაზში ხარ, უცნაური ეფექტის მოწმე ხდები. დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ასე გგონია (თუ გეჩვენება), ყველაფერი შენ თვალწინ, გამადიდებელი შუშის ქვეშ, თითქოს ცხვირწინ, ხელისგულზე თამაშდება. ალბათ, ამიტომაც ოდნავი არადამაჯერებლობა უმალ სიყალბედ აღიქმება. ეს სირთულე უდავოდ თან სდევს ბათუმის თეატრის მცირე სცენას. პარადოქსია, მაგრამ თუ ზემოაღნიშნულ ოპტიკურ ეფექტს გადალახავ და სცენაზე დაადგამ ფეხს, არც ისე პატარა სივრცეში აღმოჩნდები. მაყურებელი კიბის მსგავს დარბაზშია განთავსებული. ის ზემოდან დაჰყურებს მსახიობებს, რომლებიც იატაკზე თამაშობენ; ანუ, აქ სცენა სულაც არაა ამაღლებული ფიცარნაგი… მოკლედ, ასეა თუ ისე, ბათუმში მიწვევით ჩასული არაერთი რეჟისორი, საკუთარი სურვილით, სპექტაკლს სწორედ აქ დგამს და არა – დიდ სცენაზე.
სცენის ცენტრში გამჭვირვალე პლასტმასის ფურცლებისაგან შეკრული ერთგვარი ბაროკამერაა; იგი რაღაცით ვეება აკვარიუმსაც ჩამოჰგავს; ერთდროულად ადამიანის საცხოვრებელი ოთახიცაა, პაციენტის პალატაცა და – ტუსაღის საპყრობილეც. სცენის მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში, ზემოთ, მაღლა, ორი მონიტორია დამაგრებული (მხატვარი – თეო კუხიანიძე). ერთზე დროდადრო გამოისახება უცნაური, ფანტასმაგორიული არსებების ოდნავ შესამჩნევი კონტურები. ისინი შეიძლება ტარაკანს ან ხოჭოს (მოკლედ, მწერს, პარაზიტს) მივამსგავსოთ. მეორე ეკრანზე ბაროკამერაში მომხდარი ამბები აისახება. თითქოს, ვიღაც დაჟინებით აკვირდება იქ მობინადრე ადამიანის ყოველდღიურ ყოფას. მაყურებელი უმალ ხვდება, რომ რაღაც გრანდიოზული ექსპერიმენტის შემსწრეა.
ფრანც კაფკას მოთხრობა – „მეტამორფოზა“ რეჟისორმა მარიამ სიხარულიძემ (თავადაა ინსცენირების ავტორი და მუსიკალური გამფორმებელი) დადგა. ეს მისი სამაგისტრო საკვალიფიკაციო ნამუშევარია (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხელმძღვანელი – პროფესორი ავთანდილ ვარსიმაშვილი). ვფიქრობ, მ. სიხარულიძემ სპექტაკლი აქტუალურ პრობლემას მიუძღვნა; ესაა ადამიანებს შორის ტოტალური გაუცხოება. თვით ყველაზე ახლობლებიც (ოჯახის წევრები) კი აბსოლუტურად გულგრილნი არიან ერთმანეთის მიმართ. გვერდით მყოფის სატკივარი გაუზიარებელი რჩება. არავინ თანაუგრძნობს მეორეს. რაიმე სახის ემპათიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ერთმანეთის მიმართ ბრმები და ყრუები გამხდარან. ეს ის საშინელი რეალობაა, რომლის წინაშეც არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი კაცობრიობა დგას.
კაფკას ნაწარმოების სცენასა თუ ეკრანზე გადატანას ყოველთვის ახლავს სირთულე – იგი ერთდროულადაა გროტესკულიც, აბსურდულიც, ფანტასმაგორიულიც. ე.წ. „პატარა ადამიანის“ ცხოვრებისეულ ტრაგედიას მარტოოდენ ფსიქოლოგიური დრამის ელემენტებით ვერ გადმოსცემ. არადა, თითქოს, ასე ნაცნობია, მარადიული და ზოგადსაკაცობრიო ის, რაზეც კაფკა მკითხველს ესაუბრება. ამავე დროს კი კომპლექსურია, სიღრმისეული და ყოვლისმომცველი. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მსახიობ ლია აბულაძის მიერ განსახიერებულმა ქალბატონმა ზამზამ ჩემში ერთგვარი უკმაყოფილება დატოვა. არადა, მის მიერ ამ თეატრის სცენაზე ნათამაშები არაერთი საინტერესო როლი მინახავს. არტისტმა ცადა, დედის განცდები ფსიქოლოგიური სიმართლით მოეტანა ჩვენამდე. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კაფკა სხვა გრძნობათა ბუნების ავტორია. ამიტომაც ვერ მოხდა იდეალური თანხვედრა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ლ. აბულაძემ შეძლო შვილის მიმართ დედის დანაშაულის გრძნობის მაყურებლისათვის სახიერად ჩვენება.
ვფიქრობ, ჭეშმარიტად კაფკასეულია მსახიობ ზაზა ზოიძის მიერ განსახიერებული ბატონი ზამზა. ის აბსოლუტურად გაუცხოებულია ოჯახის წევრებისაგან. მექანიკურად ჭამს, გულგრილად ათვალიერებს გაზეთებს, მთვარეულივით, ანგარიშმიუცემლად გადაადგილდება ბინაში; არანაირ თანაგრძნობას არ გამოხატავს ვაჟის მიმართ, რომელიც ავად არის; მეტიც, სრულიად მშვიდი, უცოდველი გამომეტყველებით შეუძლია, რომ შვილს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს. გროტესკული და შემზარავია ზ. ზოიძის მიერ განსახიერებული სცენური გმირის უადგილო, ხმამაღალი სიცილი; მისი სახე აბსოლუტურად გაყინულ, არაფრისმთქმელ ნიღბადაა ქცეული. ამ უცოდველი, ნეიტრალური მიმიკით ის მექანიკურად მოქმედებს. ამასთან, მსახიობი ახერხებს, იყოს ბუნებრივი, ორგანული, დამაჯერებელი. მაგალითად, ის მართლა მთელი არსებით გებრალება, როდესაც კომპანიის წარმომადგენელს საცოდავად, ლამის ტირილამდე მისული სთხოვს, ვალის გამო წარამარა ნუ აწუხებენ; სახის ზედმიწევნით მიამიტი გამომეტყველებით ზ. ზოიძე გარწმუნებს, რომ ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე წარმოთქვა რამდენიმე წამით ადრე შვილზე საშინელება (ისე, რომ თავშიც არ მოსვლია!..)…
მარიამ სიხარულიძე გვესაუბრება იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიური საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად იბრძვიან; იბრძვიან, რათა ფიზიკურად გადარჩნენ და ამ ბრძოლაში თავისდაუნებურად კარგავენ თავმოყვარეობას, საკუთარი ღირსების გრძნობას, ადამიანურ სახეს; საბოლოოდ კი მწერებად, პარაზიტებად გადაიქცევიან სწორედ ისე, როგორც ეს გრეგორი ზამზას (გიორგი ყურავა) დაემართა. ის მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად შრომობდა. ახლა კი, კომპანიის ექსპერიმენტის გამო, ბაროკამერაშია გამომწყვდეული. მასთან ურთიერთობას დედ-მამა და დაც კი გაურბიან. გრეტა (ანანო იაშვილი) ერთადერთი ნათელი წერტილია გრეგორისათვის. ის ცდილობს, საყვარელი და მაინც გადაარჩინოს დაღუპვას. ამიტომ აჩუქებს ვიოლინოს იმ იმედით, რომ იქნებ, გრეტამ მაინც შეინარჩუნოს ფაქიზი სული და მთელი ოჯახიდან ის მაინც დარჩეს ადამიანად. თუმცა, ეს ყველაფერი ძალზე მიამიტურად გამოიყურება. ცხოვრებას თავისი მკაცრი კანონები აქვს. ის ყველასა და ყველაფერს ხორცსაკეპ მანქანაში ატარებს. დედას ნერვებს უშლის ვიოლინოს ხმა; მამისათვის ყველაფერი სულერთია. გ. ყურავას მიერ განსახიერებული გრეგორი თანდათან ამჩნევს, რომ მის მიმართ ინტერესს ოჯახის წევრები რიგ-რიგობით კარგავენ. ის უკვე საკუთარ თავს ადამიანად კი არა, პარაზიტად აღიქვამს. მსახიობი წარმოგვიდგენს სასოწარკვეთისგან ისტერიულ კულმინაციამდე მისულ არსებას, რომელიც თანდათან მწერად იქცევა. გ. ყურავა, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, თითქოს მართლა ემსგავსება ვიზუალურად პარაზიტს.
ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ერთი შეხედვით სათნო არსება – გრეტაც, დედ-მამასთან ერთად, თანდათან აღიარებს ძმის გამოუსადეგრობას. აქ ასეთი წესია – თუ კომპანიისთვის არ მუშაობ, არავის სჭირდები. შენს მუქთად შენახვას ოჯახის წევრებიც არ ისურვებენ; დაუფიქრებლად გაგრიყავენ ისე, როგორც ეს გრეგორი ზამზას შემთხვევაში მოხდა. ა. იაშვილის მიერ განსახიერებული გრეტაც კვერს უკრავს მშობლებს. ძმა მისთვისაც უსარგებლო, სასწრაფოდ თავიდან მოსაშორებელ პარაზიტად ქცეულა. მსახიობი სახიერად გვიჩვენებს ამ სახეცვლილებას (სათნო გოგონადან შეუბრალებელ მსჯავრმდებლამდე!..).
ფინალისკენ რეჟისორი, გრეგორის ნაცვლად, ბაროკამერასა თუ აკვარიუმში გვიჩვენებს ცოლ-ქმარ ზამზასა და მათ ქალიშვილს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საბოლოოდ ყველას ადგილი სწორედ იქაა.
ასეთ საზოგადოებაში თანდათან ყველანი პარაზიტებად ვიქცევით!













