გიორგი გეგეჭკორი
საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე
„შკოლა“
ილია სხვანაირად უყვარდა თეატრი; იცოდა, „შკოლა“ რომ იყო სცენა – „შკოლა“ ადამიანობისა, პატრიოტიზმისა, ქართველობისა, განათლებისა და კულტურისა. ამიტომაც ჩაება თბილისში დაბინავებისთანავე „სათეატრო საქმეებში“. ჩაება და 1881 წელს ახლადჩამოყალიბებული „დრამატიული“ საზოგადოების პირველ თავმჯდომარედაც იქნა არჩეული!
როგორია? ილია! და თან რასაც მისი ხელი ეხებოდა, ყველაფერი „შკოლად“ და წარმატების კერად იქცეოდა მართლა.
თეატრს კიდევ უფრო დიდი „შკოლის“ ფუნქციაც ჰქონდა მაშინ – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცოცხალ მექანიზმად უნდა ქცეულიყო. ამიტომაც წერდა ილია – „თეატრი ერთადერთი რამაა, საცა ჩვენი ენა ჩვენამდე ცოცხლად მოდისო“…
ილიას გეგმა იყო ზუსტი და ნათელი – წერა-კითხვამდე ქართული ენა თეატრით უნდა მიეტანა „ცოცხლად“ ქართულ საზოგადოებამდე, რომელსაც ასე სჭირდებოდა წინსვლისათვის წერაცა და კითხვაც; კითხვაცა და – ანალიზიც.
ასე იქცა ილია ქართული თეატრის სახედ და ასე „შეინახა“ ქართული ენა „ცოცხლად“ იმდროინდელმა თეატრმა…
„ცოცხალი სურათები“
ჩვენი, ქართველების, უპირველესი და უმთავრესი „შკოლა“ „ვეფხისტყაოსანია“ მაინც. ისაა დასტური, რომ „ესე ენაი შემკული და კურთხეული არს სახელითა უფლისაითა“…
ილიაზე უკეთ არავინ იცნობდა იმ საიდუმლოს, „დამარხული რომ არს“ ჩვენს ენაში; ამიტომ შეიქმნა, მისივე თაოსნობით, პოემის გამოსაცემად საგანგებო კომისია; ამიტომ მიმართეს ცნობილ უნგრელ მხატვარს – მიხაი ზიჩს პოემის დასურათებისთვის.
ზიჩიც „აენთო“. ჰონორარზეც უარი განაცხადა; ერთადერთი, რაც მოითხოვა, მხატვრისთვის გასაგებ ენაზე მიეწოდებინათ მისთვის „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანი.
ილიამ ფრანკოფონ იონა მეუნარგიას მიმართა თხოვნით, პოემის ფრანგული პწკარედული თარგმანი შეექმნა.
1884 წელს გაუგზავნეს თარგმანი ზიჩს. 2-ის ნაცვლად 34 ესკიზი შექმნა მხატვარმა.
ეშხში შევიდა. ვერ ჩერდებოდა – მე ბედნიერად ვრაცხ თავს, რომ თქვენის ჩინებულის აზრის განხორციელება შევძელო“ – მერე წერდა ზიჩი.
პოემის ესკიზებისთვის მხატვრისთვის პოზირება პრესტიჟულად იქცა.
რჩეული ქართველი თავად-აზნაურები, ულამაზესი ქალ-ვაჟები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
სხვადასხვა ქალაქში „ცოცხალი სურათების“ პერფორმანსებიც გაიმართა. ერთგვარი თეატრალური წარმოდგენები – ცოცხალი სცენები. ეს რაღაც სხვა იყო – სხვა ენა; სხვა კულტურა. სხვაგვარი თეატრი. სულ სხვა „ვეფხისტყაოსანი“ გახდა სცენიდან ხელმისაწვდომი.
შედეგი საოცარი დაიდო!
ი. მარტიროსიანცის სტამბაშიც „დაიბადა“ ზიჩის დასურათხატებული „ვეფხისტყაოსანი“ და კიდევ ერთხელ „გაცოცხლდა“ ენა ქართული.
ილიას „სვლები“, ლიტერატურული და თეატრალური, როგორც ყოველთვის უტყუარი აღმოჩნდა!
მეცენატენი
რომ არა დიდი (უდიდესი) ქართველი მეცენატები, ქართული თეატრი (და მხოლოდ თეატრი?) ვერ იარსებებდა და ვერც ენა „მოაღწევდა“ ჩვენამდე ცოცხლად…
დავით სარაჯიშვილი და აკაკი ხოშტარია უპირველესი გულშემატკივარნი იყვნენ მუდამ – ქართული თეატრისა და კულტურის სადარაჯოზე იდგნენ.
მათ შექმნეს სწორედ ქართული კულტურის ის რეალური კაპიტალი, რომელზეც „დაშენდა“ დღევანდელობის მყარი საძირკველი. ქართული თეატრი კი იქცა იმ სიმბოლურ კაპიტალად, რომელმაც შეადუღაბა მინავლებული ეროვნული ცნობიერება.
საძირკველი
ამ საძირკვლის მემკვიდრეები ვართ დღეს – ახალი თეატრის! ახალი ხმის! ახალი კულტურის!
ახლა დროა, გადარჩენილი, დღემდე „ცოცხლად“ მოტანილი ენა გავუზიაროთ თეატრის თანამედროვე მაყურებელს; დავუბრუნოთ დასახიჩრებული, „შელანძღული“ ღირსება ენას; გავაღვიძოთ საზოგადოებაში თანაგანცდის უნარი და ის ღირებულებები, რომელიც მარადიული იყო, არის და იქნება! მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ „თეატრი შკოლაა“! დიდი შკოლა, რომელსაც მუდამ ვჭირდებით და მუდამ გვჭირდება!
Giorgi Gegechkori – Living Language
The chairman of the Theatrical Society, Giorgi Gegechkori, once again recalls the significance of Ilia Chavchavadze’s founding of the Georgian Dramatic Society. He emphasizes that the Society’s role was not limited to art alone; it also functioned as a living mechanism for spreading literacy. That mechanism was theatre.










