ანუ დღენი ყვარყვარეს ნადირობისანი
არისტოკრატი ქალები და გეიშები ბრინჯის წებოვანი ფხვნილით ითეთრებდნენ სახეს ამომავალი მზის ქვეყანაში.
ბედის ირონიით, თეთრკანიან ევროპელებს ჰბაძავდნენ იაპონელი ქალები.
გეიშები კი – ბრინჯის სქელი ნიღბითა და ნახშირით შეღებილი შავი კბილებით – ჰგავდნენ უცნაურ ჰიბრიდებს – რაღაც ადამიანსა და მხეცს შორის…
ამიტომ იზიდავდათ, ალბათ, საბედისწეროდ მამაკაცებს ეს განსწავლული ადამიან-მხეცები;
ეს იყო ერთგვარი სარეცლის გაყოფა ეშმაკთან თუ ქალთან;
ქალთან და მხეცთან.
ერთგვარი ბრძოლაც იყო სიცოცხლესთან და სიკვდილთან, შავთან და თეთრთან…
ეს იყო მისტიკური და სექსუალური ადრენალინიც, რომელზეც უარს ვერავინ ამბობდა, ვისაც კი ამის ძალა და ძალაუფლება ჰქონდა…
ჩემს წარმოსახვაში სწორედ ამ გეიშას და არა ევროპაზე მოტირალსა თუ მოტრფიალე იაპონელ არისტოკრატს მიაგავდა რამაც ჩხიკვაძის ლეგენდარული, მითური ყვარყვარე….
კბილები არ უჩანდა, ალბათ, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველას უნდა ეგრძნო, შიშისგან დაღმეჭილი ტუჩების მიღმა როგორ ოსტატურად მალავდა ჩხიკვაძე თავისი გმირის შავ, გამურულ „ღრჯოლებს“, ბუხრის კვამლს რომ გამოეჭამა და დაელპო. მალავდა, რადგან „იცოდა“ ყვარყვარემ – „ცხოვრების წესი მე ასე გამიგია, კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე; მაგრამ თუ მაგრადაა, გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს“…
ამიტომ არ აჩვენებდა თავის ძირმომპალ ფესვებს არავის –
მითი ყვარყვარეს „დაუმპალობაზე“ ბოლომდე მითად უნდა დარჩენილიყო…
რამაზ ჩხიკვაძე უცნაური სიზუსტით „ჩაეჭიდა“ ყვარყვარეს ჯიშსა და ჯილაგს. მის აუტანელ ბუნებას. ნიღაბს, რომელიც რთულად მოსარგებიც იყო და კიდევ უფრო რთულად – მოსაცილებელიც…
1974 წლის სეზონის მიწურულს „დაიბადა“ რობერტ სტურუას „ყვარყვარე“; ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ. ანუ თითქმის „თაობელები“ ვართ…
ეს იყო მისი საკვანძო დაბადება თუ ხელმეორედ „გამოცხადება“ – კოტე მარჯანიშვილის „ყვარყვარე თუთაბერის“ მერე (1929)…
45 წელი დასჭირდა მის „მეორედ მოსვლას“.
მაგრამ არავინ შეხვდა რუსთაველის თეატრში მას დიდი სიხარულით. მეტიც, უნდობლად და ცინიკურად განეწყვნენ თეატრის დირექტორის – აკაკი ბაქრაძის სურვილისადმი, „ყვარყვარე“ დაედგათ.
სტურუას თავდაპირველად არ ეყო ალღო. ვერ იგრძნო, რომ თვითონ უფრო სჭირდებოდა იმ ეტაპზე „ყვარყვარე“, ვიდრე – „ყვარყვარეს“ ის.
უარზე იდგა. ვერ ინელებდა, რომ კაკო ბაქრაძემ გაბრიაძის პიესის – „ხანუმა პარიზში“ დადგმა კატეგორიულად არ მოინდომა…
ასე გამოიკვეთა საკმაოდ რთული სამკუთხედი – ბაქრაძე-გაბრიაძე-სტურუა, რომელსაც გია ყანჩელიც „ამაგრებდა“. ბაქრაძემ სამი მეგობრის ტანდემი არ დაუშვა თეატრში. არ სწყალობდა, აშკარად, გაბრიაძეს და ვინ იცის, იქნებ, არც ცდებოდა… გაბრიაძე კინოს უფრო „ერგებოდა“, ვიდრე თეატრს, სადაც მცირე დრამატურგიული ხინჯიც კი „ყვირის“… დრამატურგიული ხინჯისგან კი გაბრიაძე არ იყო დაზღვეული.
ბაქრაძემ არ გარისკა და, ფაქტობრივად, გადაარჩინა, „ყვარყვარეს“ წყალობით, „რუსთაველის“ იმიჯი, რომელიც ზედმეტად „ატაშფანდურებული“ ეჩვენებოდათ უკვე…
სტურუას არ მოსწონდა პიესა. რატომღაც „სუსტად“ ეჩვენებოდა, თურმე (გაბრიაძის ფონზე?); მაგრამ რამდენიმე დღე მაინც მოითხოვა მოსაფიქრებლად.
კაკო ბაქრაძე იხსენებდა, „მეორე დილით მოვიდა და მითხრა – ვიცი, როგორ უნდა დავდგაო. მართლაც მშვენიერი ფორმა მოძებნა – ბოროტი კეთილის უკანა მხარეა. ქრისტე და ანტიქრისტე“.
სტურუა 36 წლისაა – ახალი „გამცდარია“ ქრისტეს ასაკს. ამბიცია და შიში კლავს ერთდროულად. მეტს ელის საკუთარი თავისგან; „ხანუმამ“ პოპულარობა მოუტანა, მაგრამ „დიდის“ იმიჯი – არა… ხვდება, რომ ბაქრაძე არ ცდება; „ყვარყვარე“ საუკეთესო „თავშესაფარია“; სტურუას ეპოქას დაუდებს სათავეს!
ამბობენ, რომ ქრისტესა და ანტიქრისტეს იდეაც კაკო ბაქრაძემ უკარნახა სტურუას.
არადა, ინსპირაცია, ვფიქრობ, კანადელი რეჟისორის – ნორმან ჯუისონის ფილმია – „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი“ (Jesus Christ Superstar). სკანდალური როკ-ოპერა სულ რაღაც 1 წლისაა… 1973 წელს გამოჩნდა პირველად.
რიგით საბჭოთა მოქალაქეებს ვერ ექნებოდათ წვდომა ფილმზე; მაგრამ სტურუა არაა ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქე; თან ის, ზოგადად, მაყურებელი უფროა, ვიდრე – მკითხველი და ფილმმა აშკარად დიდი გავლენა მოახდინა რეჟისორზე… ამ კვალსაც ნიჭიერად წაშლიდა, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო და სპექტაკლში ყვარყვარე წითელი სპორტული მანქანით შეიყვანა იერუსალიმში სწორედ როკ-ოპერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდის – „ოსანას“ თანხლებით…
საბჭოთა მოქალაქეები, რომელთა ცნობიერებაშიც იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის ამპლუაში ვერ „ჯდებოდა“ და ბევრმა არც ის იცოდა, რას ნიშნავდა სუპერვარსკვლავი, სულშეძრული უსმენდა, თურმე, შეძახილებს –
„Hosanna, heysanna, sanna, sanna
Hosanna, heysanna, hosanna
Hey J.C, J.C
Won’t you smile at me?
Sanna, hosanna, hey superstar“…
დარბაზში უმრავლესობას არც „ოსანა“ ესმოდა დიდად, მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს იყო რაღაც დიდი თუ დიდებული და გარინდული, შეშინებული, შეძრწუნებული უსმენდა როკს იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო… ან კი სად იყო როკის ადგილი საბჭოთა კავშირში, რუსთაველის თეატრში რომ აღმოჩენილიყო?
სტურუა ნიჭთან ერთად ნიჭიერად რისკიანიცაა; „ყვარყვარეს“ გადამღერება, ისიც მარჯანიშვილის მერე, ბევრს ვერაფერს მოუტანდა. სკანდალი სჭირდებოდა. თუნდაც არ „გაეშვათ“ სპექტაკლი საბჭოთა ჩინოვნიკებს, ხმა მაინც გავარდებოდა, რომ სტურუამ დადგა „სასწაული“… სწორედ ის „სასწაული“, რომელიც ასე აუცილებელი იყო ქრისტეს ასაკს გადაცილებული ნიჭიერი რეჟისორისთვის.
„ყვარყვარემ“ რაღაცნაირად „გაზარდა“ სტურუას ამბიციები; ეტყობა, აქვს ყვარყვარეს რაღაც თავისებური მაგია, რომელსაც ვერ გაექცევი.
რისკებიც სწორად გაითვალა – თურქეთის ომიდან გამოქცეული ჯარისკაცი ყვარყვარე; მაცხოვრის ჯვალოს კვართით ე.წ. „მოწამებრივ გზას“ შემდგარი ყვარყვარე; ქართულ ჩოხაში „გამოკრული“ ყვარყვარე“…
ანუ ყვარყვარეს „სამება“ და სტურუას სკანდალი შედგა…
ამ „შედგომაში“ ერთ-ერთი უმთავრესი მირონ შველიძისეული სცენოგრაფიაა; ისაა სტურუას „სასწაულისა“ და სკანდალურობის „ფარიცა და მახვილიც“ – აფიშაზე გამოსახული ყვარყვარეც ვალოდია ულიანოვის ბავშვობის ფოტოა, ფაქტობრივად. თან რაღაც უსქესო და უასაკოცაა თითქოს.
ყინწვისის ანგელოზიც არასაბჭოური პასაჟია; ციხის გისოსებში გამომწყვდეული ანგელოზებიც ფრესკებიდან ამ კვალზე გადის სწორედ… დაჭრილი წმინდა სებასტიანე, ჯვალოს პერანგი… ნახევრად ჩამოშლილი ეკლესია… „სარჩობელა“, ჯვრად რომ გარდაისახება ნელ-ნელა, რადგან ყველა „სარჩობელა“ ისედაც ჯვარცმის ადგილია… ძველი ფოტოები კედლებიდან; ეს ის ხალხია, ვინც „სუპერსტართან“ ერთად აცვეს ჯვარს… ან „სუპერსტარისთვის“ აცვეს ჯვარს… ეს ყვარყვარეს „სამრევლო“, ცხადია, არ არის“…
სტურუამ ყვარყვარეს არ მიუჩინა ადგილი ამ კედლებზე. მიწაზე დატოვა – „დაპატიმრებული“ ყინწვისის ანგელოზისგან ძალიან შორს. არადა, საბჭოთა კავშირში უყვარდათ კედლები… განსაკუთრებით – კრემლის კედლები – ძვალშესალაგი „საბჭოთა მოციქულთა“… თუმცა, ისინიც ერთგვარ „პატიმრებად“ დარჩნენ დღემდე – კედლების „პატიმრებად“…
მირონ შველიძისეული „კედელი“ კი „წმინდაა“ და „მირონმდინარე“… იქ მხოლოდ დასჯილ ანგელოზთა ადგილია…
ნიცშეანური მოკლული ღმერთი სტურუასთან უკვე „კედლებზეა“.
ფუკოსეული „ადამიანი მოკვდას“ დროა დამდგარი.
„ყვარყვარეში“ ეს ლოგიკური ხაზია გაბმული – ღმერთიდან ადამიანამდე და ადამიანიდან ღმერთამდე.
ვინც ფეხშიშველაა, ყველა არაა „სუპერსტარი“ და ვინც ჯვარზე აიყვანეს, არც ისინი არიან ახალი ქრისტეები ან ქრისტიანები მუდამ…
სიწმინდეს ხშირად ყვარყვარე ქადაგებს სწორედ.
ყვარყვარეა ღმერთსა და ანგელოზებზე მონადირეც ყველა ეპოქაში.
ყვარყვარე არ არის ღვთიური მოვლენა. უფრო მიწიერია, რადგან ყოველთვის ჩვენ მიერაა შექმნილი; ჩვენ მიერაა გამოგონილი და ჩვენ მიერვეა დასჯილი ბოლოს.
მეტიც, ღმერთზე შემწყრალი ადამიანები „იგონებენ“ ყვარყვარეს მუდამ…
ამიტომ ვერც იმას ვიტყვით დარწმუნებით, როდის არის დამსჯელი თუთაბერი და როდის – დასჯილი.
ვერც იმას ავხსნით გადაჭრით, რატომ შედის ყვარყვარე მაინც და მაინც წითელი სპორტული მანქანით იერუსალიმში.
„წითელი“ აქ არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მინიშნება ეპოქაზე; უფრო დასტურია იმისა, რომ ის, ვინც შედის იერუსალიმში, მუდამ მზად არის ჯვარცმისთვისაც.
ყვარყვარეც „მზად“ იყო…
ფეხშიშველ „მეფეს“ ორი გზაღა ჰქონდა დარჩენილი – ან მოწამის, ან მაწამებლის.
ყვარყვარე პირველს ირჩევს ყველა ეპოქაში…
მაგრამ ჯვარს აქვს რაღაც ისეთი მისტიკა, რომ არასდროს უშვებს თუთაბერს ახლოს.
სტურუასეული იერუსალიმი საკრალური და სახიფათო ტოპოსია; ტოპოსი, სადაც უნდა მოკვდე! ამიტომ იქ მხოლოდ ქრისტეს ადგილია! ქრისტესი, რომელიც დაბადებულია ჯვარცმისა და ამაღლებისთვის. ყვარყვარე კი, მანქანითა თუ ვირით, ბზითა თუ პალმის რტოებით, უნდა უფრთხილდეს იერუსალიმს, როგორც საკუთარი აღსასრულის, დასასრულის, მიძინების გზას…
ყვარყვარე იერუსალიმის გარეთ „სჭირდებათ“ მის შემქმნელებს მხოლოდ; იცის ეს თუთაბერმაც – „ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყემსე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება… თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა“.
რამაზ ჩხიკვაძის ყვარყვარესაც ხალხმა მისცა ჯოხი; მისცა, რომ ეწამოს. დაისაჯოს რაღაც სადო-მაზოხისტური ძალით შავკბილებიანი და თეთრნიღბიანი ადამიან-მხეცისაგან – ადამიან-ეშმაკისაგან, რათა მერე, როცა ჭკვიანად ვერ მოიქნევს ერთხელაც ჯოხს, დასაჯოს, აკუწოს და ჯვრის გზას გაუყენოს; ანუ, უფლება მისცეს, განიწმინდოს…
დასკვნა ერთია მხოლოდ – ადამიანი ბრიყვია!
უდავოა, ეს იცის სტურუამაც.
თუმცა, ჩვენც ვიცით, რომ სტურუა „საყურებლად“ უფრო საინტერესოა, ვიდრე – „სასმენად“…
მისი „სასწაულიც“ ამიტომ შედგა!
მიუხედავად პარტიული ნომენკლატურის სასტიკი წინააღმდეგობისა (რაც გათვლილი სვლა იყო რეჟისორის მხრიდანაც), „ყვარყვარე“ შედგა.
მაგრამ მაყურებელს დღემდე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს სპექტაკლის მიმართ; ნაწილი კვლავ აღმერთებს; ნაწილი – საეტაპო წარმოდგენად არც კი მიიჩნევს მას. მე ვიტყოდი, რომ „ყვარყვარე“ უფრო „მოულოდნელი“ სპექტაკლი იყო საბჭოთა მაყურებლისთვის; რაღაც ახალი ხილი, რომლის გემო არ იცი, უნდა მოგეწონოს, თუ – არა. მოულოდნელობა, როგორც წესი, მუდამ გადადის „მოდურობაში“… უნდა ნახო, რადგან მოდურია. რადგან ახალია. რადგან განსაკუთრებული, ნიჭიერი რეჟისორის დადგმულია.
მითი შედგა.
მითის იდეის „ავტორი“ – კაკო ბაქრაძე – ნელ-ნელა „ჩააჩოჩეს“ ისტორიიდან.
ფოტო შემორჩა ერთი – ბაქრაძე რუსთაველის თეატრის დასთან ერთად დგას. ყველა პირველ ფლანგზეა; ყველა „მთავარია“; მხოლოდ თეატრის „დირექტორია“ უკანა ფლანგზე „გადაგდებული“… ქუდით თუ იცნობთ ბაქრაძეს… ყველასგან განსხვავებული ღია ფერის იმ ქუდით, ჩრდილად რომ მოჩანს მსახიობთა მხრებს მიღმა…
იმ ფოტოზე ნოდარ გურაბანიძეცაა. ჯერ მისი „მოკვეთის“ დრო არაა დამდგარი. თუმცა უკეთესი დღე არ ელოდება არც მას – „ყვარყვარეს“ მითის უმთავრეს შემქმნელსა და მისი მოდურობის „დამდგენელს“ – თეატრის უპირველეს კრიტიკოსსა და იმდროინდელ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს; მასაც ჩამოიშორებენ ფრთხილად და (ბაქრაძისგან განსხვავებით) შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ დროთა განმავლობაში…
მითის ბედისწერაცა და საბედისწერო იდეაც ესაა – მოწმეები არ უნდა ჰყავდეს. უნდა გააქროს.
„ყვარყვარეც“ „სუფთა“ შემორჩა საბჭოთა ქართულ კულტურას და ასე მოვიდა ჩვენამდეც…
კიდევ ერთი მითი შეიქმნა წარმოდგენის ირგვლივ – თითქოს ჩაწერილი სპექტაკლი ტელევიზიაში შეგნებულად წაშალეს და კოლმეურნეთა მორიგი გამარჯვების ამბები გადააწერეს ფირს….
ძნელი დასაჯერებელია და თუ სპექტაკლის ჩანაწერი მართლა გაანადგურეს, ესეც მხოლოდ მითად ქცევის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან მითი მუდამ სჯობს რეალობას.
სპექტაკლის „პირველი პირებიც“ თითქმის აღარ არიან უკვე; აღარც კაკო ბაქრაძე და მირონ შველიძე არიან…
თეატრში მთავარი მხატვარია, თორემ სპექტაკლს ყველა დადგამსო – ასეთი რამეც უთქვამს, თურმე, სტურუას. თუმცა, მაინც ფრთხილობს, მხატვრის ამბიციამ არ გადაუსწროს რეჟისორისას. არ „გადაწონოს“.
სტურუას უყვარს, ზოგადად, „ჩამოშორება“. „ჩაჩოჩება“. „ჩასწორება“. რას ვიზამთ, მასაც „იტაცებს“ ძალაუფლება და ფარული დიქტატურა.
ამიტომაც აუღო, იქნებ, ასე კარგად ალღო ყვარყვარესაც…
სტურუას ყვარყვარე ბარონ მიუნჰაუზენის სინდრომითაც იყო ავად…
ბევრი პარალელიც არსებობს მიუნჰაუზენსა და ყვარყვარეს შორის; სტურუას სპექტაკლის დასაწყისში სცენაზე შემორბოდა შეშინებული ყვარყვარე – თურქეთის ომიდან გამოქცეული, თეთრნიღბიანი ჯარისკაცი.
ბარონი მიუნჰაუზენიც ნამყოფია თურქებთან ომში (იქნებ, ყვარყვარესთან ერთადაც) და გვიყვება – „ერთხელ, თურქებთან ფიცხელი ბრძოლის შემდეგ, მტრის სიმაგრე ვიგდეთ ხელთ. მე პირველი შევიჭერი სიმაგრეში, გავრეკე თურქები და წყაროსთან მივედი.“
ხელში ძალაუფლებაჩავარდნილი ყვარყვარეც დიდგულზეა მიუნჰაუზენივით – „თუ ახლავე არ გაფანტულან, ამათი ზარბაზნებით სუყველას გავსრეს. ჯარისკაცებს თავს ვერ ავაგდებინებ“.
ყვარყვარე მიუნჰაუზენის „თანამოაზრეა“ თითქმის; ეგაა, თუთაბერს ბარონის სულიერება აკლია და მიუნჰაუზენს – ყვარყვარეს ჯოხი…
***
იმ რამდენიმე ფოტოდან, რომელიც სპექტაკლიდან შემოგვრჩა, უწმინდურის ფეხების განბანის სცენაა ყველაზე მომნუსხველი.
ყვარყვარე ესპანელ კონკისტადორს ჩამოჰგავს; მის ბინძურ ფეხებს არისტოკრატი „ასუფთავებს“; განმბანელს გახამებულ პერანგზე შეუბამს შავი ბაფთა, რომელიც თითქოს უნდა ჩამოიხსნას და მარია მაგდალინელის თმებივით შეამშრალოს კონკისტადორის „სიწმინდეები“…
ეს არის ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხის განბანის ანტონიმი; კვაზი მესიის „განწმენდის“ აქტი.
ქალი ამ სცენაში არსად ჩანს.
თითქოს არც არის მისი ადგილი აქ.
ეს კაცების სამყაროა.
გულთამზე კი ან რევოლუციურ შეკრებებზეა, ან სექსუალურ თავისუფლებას ითხოვს სადღაც. შორს. მოუსავლეთში და აქ, ამ დროსა და სივრცეში მხოლოდ მაშინ „გაჩნდება“, როცა ყვარყვარე ისურვებს. ოქროს თევზივით, მის სულსა და თავს. ხორცსა და სხეულს.
***
1983 წელს საბჭოთა კავშირიდან გაქცეული ლექსო თორაძე ამერიკიდან მშობლებს წერდა – „მთელი ამ ხნის განმავლობაში თან მდევდა აზრი, რომ მე კი არა წავედი, ჩემგან წავიდნენო“.
„ჩემგან წასულები“ არ იყვნენ საბჭოთა კავშირში ბევრნი.
გაცილებით მეტია მითი იქ „წაუსვლელებსა“ და აქ დარჩენილებზე… აქ გარჩენილებზე… აქ დასჯილებზე… აქ დაუსჯელებზე…
წაუსვლელობა არც სირცხვილია და არც – დანაშაული. არც გმირობა და პირიქით, არც ლაჩრობა.
უფრო, ალბათ, მდგომარეობაა. მოცემული დრო, რომელსაც უნდა გადაურჩე და რომელიც უნდა გადაირჩინო.
რობერტ სტურუა „ყვარყვარეთი“ გადაურჩა დროს და დროც გადაირჩინა…
„ყვარყვარემ“ სასწაულიც მოიტანა და შაგრენის ტყავადაც იქცა სტურუასთვის…
ამ „ტყავს“ შეეწირა აკაკი ბაქრაძეც, უამრავი მსახიობიც, კრიტიკოსიც, პოლიტიკოსიც, მეგობარიც… ახლობელიც, „შორებელიც“…
ამ „ტყავმა“ „მოიყვანა“ ბრეხტიც, მაგრამ „წაიყვანა“ თავად „ყვარყვარეც“ – ბედის ირონიით, სწორედ ბერტოლდ ბრეხტის ქალიშვილმა და სიძემ უჩივლეს სტურუას სპექტაკლში „არტურო უის კარიერის“ პიესიდან ეპიზოდების გამოყენების გამო და თუთაბერი რეპერტუარიდან მოიხსნა.
200-ჯერ ავიდა რამაზ ჩხიკვაძე-ყვარყვარე ეშაფოტზე. ორასჯერ გადმოეშვა სამი მეტრის სიმაღლიდან და ორასჯერვე გადარჩა, საბედნიეროდ…
იქნებ, ამ გადარჩენისთვისაც უყვარდა თავად მსახიობს ასე თავისი როლი.
ან იქნებ, ყვარყვარემ „ასწავლა“ მასაც როლით „ტკბობა“…
ვინ იცის? ან ვინ იცის, რომელი დასასრული უფრო მოსწონდათ რეჟისორსა და მსახიობს – ეშაფოტიდან თავგანწირვით გადმოშვების, თუ მეორე – ცენზურისგან აკრძალული – თუთაბერის „მეორედ მოსვლის“?..
თუმცა, ყვარყვარე თავად ვერ „აღდგება“ ვერასდროს – ისევ ჩვენზეა დამოკიდებული, გავაცოცხლებთ თუ არა მას; მივცემთ თუ არა ჩვენივე თავების საცემად ჯოხს ხელში; ვუმღერებთ თუ არა მერე – „Won’t you smile at me? Sanna, hosanna, hey superstar“ და გადმოვაგდებთ თუ არა ეშაფოტიდან თავდაყირა საწყალ ყვარყვარეს –
ჩვენ მიერ შექმნილს.
ჩვენ მიერ დასჯილს.
ჩვენ მიერ გამოგონილს…
აუცილებლად გავაცოცხლებთ, როგორც ყოველთვის!
გავაცოცხლებთ, რადგან ადამიანი მუდამ მზად არის ყვარყვარეს „მეორედ მოსვლისა“ და საკუთარი ტყავის „გაძრობისთვის“…
რადგან ადამიანს უყვარს ყვარყვარე – მხეცსა და კაცს შორის გამომწყვდეული მუტანტი.
უყვარს, მაგრამ რცხვენია; არ უტყდება საკუთარ თავს.
იქნებ, არც სტურუა „გამოსტყდომია“ არასდროს თავს ამაში, მაგრამ თუ მაინც სძლია „შაგრენის ტყავმა“, ისიც გაახსენდება, ალბათ, რომ იერუსალიმს დღესაც უამრავი „მანქანა“ მისდგომია…
P.S. „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი შენი“!