პირველობის კუბო

პირველობის კუბო

, , ,

„სიკვდილი ტკბილია, მაგრამ მისი შესასვლელია სასტიკი“…

კამილო ხოსე სელა

სერგო ფარაჯანოვმა თავისი უკანასკნელი ფილმის – „აღსარების“ სულ რამდენიმე წუთიანი შემზარავი კადრის გადაღება მოასწრო – ახალგაზრდა გოგოს ცხედარს მოასვენებენ კიბეებზე…

იქნებ, ეს იყო მართლაც ამ უცნაური კაცის პირველი და უკანასკნელი აღსარება… იქნებ, ბავშვობის  უმძიმესი მოგონების – მეზობლის გოგოს დაკრძალვის წამს დაიბადა მისი ყველაზე დიდი მიწიერი ცოდვა – სიკვდილისადმი შიში… შეძრწუნება და უსასოობა…

იქნებ… იქნებ, იმ წამს „მოკვდა იმ ბავშვობაში“…

ან ვინ იცის, რაა სათქმელი აღსარებაში და რა – არა…

საიდან იწყება ცოდვა და სად – მადლი…

ფარაჯანოვი „მადლიანი“ კაცი იყო და, ალბათ, „მადლიანადაც“ მიიღო მისი „აღსარება“ ამ კადრების გადაღებიდან სულ მალე –  1990 წლის ივლისის ცხელ დღეს სამყარომ. მისტიკური ფოტოც „დაგვიტოვა“ უკანასკნელი გზიდან დიდმა ვიზიონერმა – დაკრძალვის წინ ფარაჯანოვი ფოტოგრაფებისთვის „დაუთმიათ“ – ჭრელ, ბალდახინიან ტახტზეა დასვენებული რეჟისორი. ეთნოსამოსი აცვია. მშვიდია. თავთით გადიდებული ფოტო უდევს. ფოტოგრაფებს მიღმა კი – ხეებს შორის – ფარაჯანოვის ლანდი მოჩანს… ამურივით ამოუდევს ხელისგული ლოყის ქვეშ და ცოცხლებს, ცოტა არ იყოს, ირონიანარევი სევდით გადმოჰყურებს… სამი ფარაჯანოვია ერთ კადრში – ცხედარი, ფოტო და ლანდი… რეალური არც ერთია და დაუჯერებლად რეალურია ყველა და ყველაფერი…

ფარაჯანოვი რომ არ იყოს, ვინ დაიჯერებდა, რომ ფოტო მონტაჟი არ არის…

მაგრამ მას შეეძლო… შეეძლო და უფლებაც ჰქონდა, ალბათ, რომ თავისი ბოლო წამები დაენახა მიწაზე…  ვინ იცის, რა მოეწონა და რა – არა ამ „სპექტაკლის“..

როგორც ჩანს, სიკვდილმა „შეუნდო“ ცოდვები… ისიც თავის „ჭკუაზე“ მოაქცია გაცნობისთანავე…

18 წლით ადრე – 1972 წლის 17 აპრილს მთაწმინდის პანთეონს მიუყვებოდა ათასობით ადამიანი მძიმედ…

უამრავი აცილებდა უკანასკნელ გზაზე  სერგო ზაქარიაძეს, რომელმაც 13 აპრილს, მეოთხე ინფარქტის შემდეგ, თქვა თავისი უკანასკნელი აღსარება…

არ ვიცით, რა იყო იმ აღსარებაში მეტი და რა – ნაკლები…

61 წლისა თეატრმა 80 წლისას დაამსგავსა…

ჩამოაბერა…

გული თითქმის აღარც ჰქონდაო – ექიმს უთქვამს…  მის „მაგივრად ფერფლიღა დარჩენილიყო“…

თითქოს ისიც „გამოუჭამა“ თეატრმა…

იქნებ, რომ სცოდნოდა, რა ცოდვა-მადლზე გადიოდა თეატრის გზა, ისევ ფეხბურთელობა აერჩია თბილისის „დინამოს“ ცენტრალურ მცველს… ვინ იცის, თუმცა „იმ გვარის იყო, უკან დახევა რომ არ სჩვევიათ“…

ამ „გვარობამ“ შეაძლებინა, ალბათ, 14 წლის ობოლ ბიჭს ზესტაფონიდან გამოპარვა თბილისში, ასე რომ არ უყვარს „სხვა“ და „სხვისი“ მიღება… ასე რომ ეძნელება „ახლის“ შეთვისება… ქალაქმა აიძულა, ცხადია, „ტყუილიც“ ეთქვა და ასაკი მოემატებინა თეატრალურ სტუდიაში ჩაბარებისთვის, მაგრამ „ბავშვურმა სახემ“ გაყიდა და ვერ მიიღეს…

იმედგაცრუებებსაც იმ წამიდან მიეჩვია და შეეჩვია, ალბათ, სერგო ზაქარიაძე.

ღალატსაც…

ვიბრძოდით მე, ჩემი ნებისყოფა და ჩემი გაქცეული ნერვებიო – დღიურებში ჩაუწერია…

14 წლიდან იყო ამ წაგებული და მოგებული ბრძოლების „გრძნობების წვერზე“… ჩეკასთანაც აბეზღებდნენ თეატრალები, თითქოს პარტიაში შესვლის განცხადება გაეტანა უკან…

მე ჩემს სიცოცხლეში არასოდეს არც დამიწერია განცხადება პარტიაში მისაღებად და თუ არ დამიწერია, რას გამოვიტანდი უკანო? – დღიურებს ანდობდა ამასაც… წერაც იმიტომ დაიწყო, ალბათ, რომ იქ მაინც ამოეთქვა… გათავისუფლებულიყო… აღსარება ჩაებარებინა…. ფარაჯანოვისგან განსხვავებით, თითქმის ყოველ დღე ცდილობდა ამას – „განწმენდასა“ და სიბინძურისგან გათავისუფლებას…

მარჯანიშვილის ერთგულებისთვის დასაჯეს და ახმეტელის თეატრში „მასოვკის“ იქით თითქმის არ გაახედეს…

მუდამ ბეწვის ხიდზე გადიოდა…

არ უყვარდათ… არასდროს უყვარდათ – არც ახალგაზრდობაში, არც – მერე…

რთულია ამ გადასახედიდან დასკვნების გაკეთება და – მარტივიც…

ერთი ცნობილი მსახიობი ბრალად იმას უყენებდა – ზედმეტად მაღლა აფრინდაო… ზაქარიაძე შეგნებულად არ ახსენებს თავის დღიურებში კოლეგების გვარებს, მაგრამ ისტორიამ მაინც შემოინახა სახელი იმ კაცისა, ირონიული ქირქილით რომ იყო ცნობილი ქართულ თეატრსა და კინოში…

ერთმა დოკუმენტურმა ფილმმაც – „საუბარი ვერიკო ანჯაფარიძესთან“ – შემოგვინახა საინტერესო კადრი – ღრმად მოხუცებულ მსახიობს სახეზე გამომეტყველება ეცვლება სერგო ზაქარიაძის ხსენებაზე… თითქოს რაღაც უხსენებელს, ავს შეეხნენ… სერგო ზაქარიაძეს ყველაფერი  და თეატრიც თავისთვის უნდოდაო – ზიზღით ჩაილაპარაკა… საჭიროც არაა, ამ სიძულვილის მიზეზებს მივყვეთ… ცხადი ერთია, უშანგი ჩხეიძე წუხდა –  ეს ბიჭი ხელში შეიკლესო…

შეიკლეს…

და თავადაც არაერთხელ შეიკლა მერე…

ისწავლა და ასწავლეს, როგორ უნდა ყოფილიყო სასტიკი, თუ საქმე ამას ითხოვდა…

ამ გზაზე მოიმდურა მსახიობი ძმაც…

კოლეგებიც…

ახლობლებიც…

მეგობრები  თეატრს იქეთ უფრო ჰყავდა…

იქ არავის ნდობა შეიძლებოდა…

თეატრი სცენის მიღმა ემოციებს არ ცნობდა…

იქნებ, ამიტომაც იყო მაშინ სულ სხვა…

იქნებ, ასე სჯობს მართლა…

იქნებ, არ უყვარს ამ კედლებს კულისების ემოციები…

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტობამაც ვერ გაიარა „სუფთა წყალზე“ – ან ზაქარიაძეს უნდა მიეღო წოდება, ან – დოდო ალექსიძეს…

მერე გაუხუმრია ალექსიძეს – ჩემს კუბოში ჩაწვაო ზაქარიაძე…

ვის კუბოში აღარ ჩაწვა?

რამდენჯერ შეცვალა იმ „სასახლეში“ სხვა –

რამდენი მსახიობი და რეჟისორი…

თუ ღალატში „გამოგიჭერდა“, მთელი სიცოცხლე „გდევნიდა“ მერე…

შემწყნარებლობა არ იყო მისი ძლიერი მხარე…

ხორავასა და ვასაძესაც ვერ აპატია მარჯანიშვილზე ქირქილი, შემთხვევით რომ შეესწრო ერთხელ… 

არც მათ აპატიეს და ამ უსასრულო უპატიებლობაში მიდიოდა ქართული თეატრის „ცოდვიანი ყოველდღიურობა“…

ზაქარიაძეს ვერც იმას პატიობდნენ, რომ ბოლომდე დახარჯვის აზარტი ჰქონდა – ყოველდღე სცენაზე სიცოცხლეს ვტოვებ. სპექტაკლის შემდეგ სახლში ძლივს მივლასლასებო – წერდა…

ამის გამოც დასაჯეს – 

1947 წლის 17 ივლისს მარჯანიშვილის თეატრიდან გაუშვეს…

ახსნა-განმარტებისა და „მიმოწერის უფლების“ გარეშე გაათავისუფლეს…

მერე ერთი პარტიული მუშაკი უხსნიდა – თქვენ ერთ რამეში გდებენ ბრალს, რომ განზე დგახართ და კოლექტიური არ ხართო

არც კოლექტიური ყოფილა არასდროს და არც თეატრალური კოლექტივის წევრი…

კოტე მარჯანიშვილის ისტორიამ მიახვედრა, რომ გადარჩენისთვის მარტოობა აჯობებდა მუდამ…

ყველა ამოისვი ჩვენს თეატრშიო – ესეც წამოაძახეს. იქნებ, სამართლიანადაც, რადგან საბჭოთა თეატრალურ რეალობაში დასწრებაზე იყო სწორედ „ამოსმის“ პროცესი…

ერთმა ცნობილმა მსახიობმა, იმით გაბრაზებულმა, რომ მთაწმინდაზე კრძალავდნენ სერგო ზაქარიაძეს, შერბილებულად რომ ვთქვათ, ხმამაღლა იყვირა, თურმე – ახლა ზემოდან გადაგვივლისო…

მკვდარიც საშიშად დარჩა…

ამ შიშმა სიყვარული ვერ „შექმნა“, მაგრამ ლეგენდა დატოვა  თინიბეგ უთურგაულზე,  სამსონ ჭაჭიაშვილზე, ქადაგზე, ოიდიპოსზე, ბაყბაყდევზე, ფიროსმანზე, კრეონტზე…

საბჭოთა თეატრი საბჭოთა კავშირს ჰგავდა.

ამიტომ ჯობდა, აქ ლეგენდად დარჩენილიყავი…

სიყვარული და სხვა მისთანანი პრიორიტეტი თეატრის შიგნით არ უნდა ყოფილიყო…

ამიტომ უწევდა „კუბოების“ გათავისუფლება ხშირად სერგო ზაქარიაძეს…

ეს საფრთხე იგრძნო უთუოდ ეროსი მანჯგალაძემაც და „ბოთე დათვიდან“ „ბოროტ ბაყბაყდევად“  გადაიქცა რუსთაველის თეატრში ზაქარიაძის მისვლისთანავე…

რას აღარ ამბობენ „ხმები“…

რა აღარ აკადრებინა პირველობის ამბიციამ საყოველთაო სიკეთითა და სიყვარულით მოსილ თეატრის „პარტორგს“…

იმასაც ამბობენ, სადარბაზოს წინ რას აღარ უტოვებდაო დილაობით ზაქარიაძეს…

ვინ იცის, რა არის ამ ამბავში მართალი და რა – გამონაგონი…

„მქნელი“ იყო, ალბათ…

უმიზეზოდ არ სცემდა ხმას… ზურგს აქცევდა…

ზაქარიაძე „ითმენდა“ და ამ მოთმენით ართმევდა პირველობის „კუბოს“…

ასეა, პირველობის გზას მუდამ ზურგზე კუბოწამოკიდებული უნდა შეუყვე, რომ არ წაგართვან…

ერთ თეატრმცოდნეს საჩივარიც დააწერინეს, თითქოს ძალადობას აპირებდა ზაქარიაძე მასზე… ამ აბსურდსაც მოაწერა ხელი იმ კაცმა. რა ექნა? მასაც თავისი პატარა  „კუბო“ ჰქონდა სათრევი…

კარგა ხანსაც ათრია… „შეურყვნელად“…

ეროსი მანჯგალაძესაც ცუდ დროს წამოეწია „სასჯელი“, ურმით რომ დადის – სხვამ წაართვა ზაქარიაძის სიკვდილის მერე პირველობა და გადაიყოლა კიდეც…

ისევ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის „ვერმოსხმულმა“ მანტიამ შეიწირა…

თუმცა, ზაქარიაძისთვისაც „საბედისწერო“ აღმოჩნდა  „კაცი მანტიით“ – როლი თუმანიშვილისეულ შედევრში – „როცა ასეთი სიყვარულია“…

ახალი ინტრიგები დაიხლართა…

ახალი ბრძოლები…

საკავშირო ჟურნალშიც დაიწერა, რომ ზაქარიაძეს ვერ მოუტანა იღბალი ამ „მანტიამ“….

ასე იხსნებოდა გზები ერთი ინფარქტიდან მეორემდე…

გოლგოთიდან გოლგოთამდე…

უსასრულოდ…

მეოთხე ინფარქტის მერე „ლეჩკომბინატში“ იწვა… ბოლო და იქნებ, ყველაზე შემაძრწუნებელი ღალატიც იქ „აღსრულდა“  – რაიკომში გადარეკეს თეატრალებმა – შეამოწმეთ, მართლა ავად არის სერგო თუ იგონებსო…

რაიკომს გადამოწმება არ დასჭირდა – ზაქარიაძე 13 აპრილს აღარ იყო…

რუსთაველის თეატრის ერთ ახალგაზრდა მსახიობს, ზაქარიაძის სიკვდილით აღფრთოვანებულს, წამოუძახია – ამოვისუნთქეთო… თურმე, ჰაერიც როგორი უკმარი ხდება დიდი არტისტის ირგვლივ… ასეა – უნიჭო ან საშუალო ნიჭის ადამიანისთვის მუდამ განაჩენია იმ ხელოვანის გვერდით ყოფნა, ჰაერისთვის ადგილს რომ არ გიტოვებს…

არადა, თავად იმ მსახიობს, ღრმად მიხრწნილი რომ გარდაიცვალა აგერ ახლახან,  არც ჰაერი გადაუკეტავს და ბევრი არც არაფერი მიუმატებია ქართული თეატრისთვის… 

***

ზაქარიაძის გარდაცვალების დღეს სპექტაკლი ჩაშლილა რუსთაველის თეატრში…

ბილეთები არავის დაუბრუნებია სალაროში…

თითქოს მკრეხელობად ჩათვალეს იმ დღეს ამაზე ფიქრი…

თბილისში ისეთი ამინდი ყოფილა,  აპრილის რომ სჩვევია – უცბად ჩამომთბარი და გადაპენტილი.

ჩუმად დაშლილა ხალხი. დარდით. სევდით. შიგადაშიგ ქვითინის ხმაც ისმოდაო.

13 აპრილს  თეატრს კი არა – მაყურებელს მოუკვდა სერგო ზაქარიაძე…

რუსთაველის თეატრმა იმ „დამწყები მსახიობი ბიჭუნასავით“ ამოისუნთქა…

17 აპრილს ზღვა ხალხი მიაწყდა, თურმე, რუსთაველის თეატრს.

მარჯანიშვილელები კანტი-კუტად მისულან… ისიც, როგორც ამბობენ, ერთმანეთისგან მალულად…

რუსთაველელებს სხვა გზა არ ჰქონდათ. იქ იყვნენ. თუმცა, ალბათ, კი არ აცილებდნენ ბოლო გზაზე, ამოწმებდნენ, ნამდვილად გარდაიცვალა ზაქარიაძე თუ ისევ თამაშობდა…

მთელ რუსთაველის პროსპექტზე ისმოდა არტისტის მთრთოლარე ხმა დამონტაჟებული რეპროდუქტორიდან. 

ვინ იცის, რამდენს სიცოცხლის ბოლომდე ეშინოდა ამ ხმის და გაურბოდა…

ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი კი, თავის უკანასკნელ კუბოში რომ იწვა გაფერმკრთალებული, ფარაჯანოვის თქმის არ იყოს, ასე მოკვდა…

მოკვდა თუ მოკლეს?

***

მარტივი არ იყო სერგო ზაქარიაძის ცხოვრება… შიმშილი და სიღარიბეც სდევდა თან. დღიურები ამ ამბებსაც ინახავს –  „ამის რჯული არ იყოს, ორგზის ლაურეატი ვარ, სახალხო არტისტი, თითქოს რაღაცის გაკეთება შემიძლია, რაღაც სარგებლობას მოვიტან და რატომ არ უნდა მქონდეს მე ჩემი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი? რატომ უნდა მეშინოდეს, რომ ბიჭი არ გამიცივდეს ცივ ქვაზე ფეხით მოსიარულე? რატომ უნდა ვცოდვილობდე მე თვითონ და ვაჭედებდე ჟანგიან ლურსმანს მაგიდის ფეხს, რომელიც გუშინ წამექცა და რომ ვისადილო, რატომ უნდა ვართმევდე ეფემიას პროცენტზე ფულს?“

არადა, ზაქარიაძეს შეეძლო, პრივილეგირებულთან ერთად, საბჭოთა კავშირში ყველაზე მდიდარ არტისტადაც ქცეულიყო! ბრეჟნევმა „ჯარისკაცის მამის“ ნახვის შემდეგ თავისთან დაიბარა – 20 წუთის ნაცვლად საათნახევრით მიიღო და ნებისმიერი თხოვნის შესრულება აღუთქვა. არტისტმა გენსეკისგან რუსთაველის თეატრისთვის მოითხოვა პირველი კატეგორიის ხელფასები…

მართალი იყო ვერიკო ანჯაფარიძე – „ზაქარიაძეს ყველაფერი თეატრისთვის და თეატრი საკუთარი თავისთვის უნდოდა“…

ასე  გახდნენ ყველაზე მდიდრები საბჭოთა კავშირში  რუსთაველის თეატრის მსახიობები, რეჟისორები, გამნათებლები, მხატვრები… მაგრამ მათ უმრავლესობას ჰაერი მაინც არ ჰყოფნიდა…

40-ან წლებში ზაქარიაძეს დღიურებში ერთი მოქნილი თეატრალის სიტყვები მოუნიშნავს – „დანას ძროხა არ გადავაყოლოთო“… როგორც ჩანს, მოეწონა… დააფიქრა ამ ამბავმა და ისწავლა…  ისწავლა, რომ თეატრალებისგან მოძულებულს მთავრობის მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდებოდა… ამასაც ისე აკეთებდა, რომ არც არაფერს აკეთებდა… მაგრამ მაინც ახერხებდა, არასდროს გადაეყოლებინა დანისთვის ძროხა და მოქნილობაც გაქნილობად არასდროს გადაექცია…

***

გიორგი დანელიას ფილმში – „არ დაიდარდო“ სერგო ზაქარიაძის გმირთან – ლევან ცინცაძესთან,  სიცოცხლეშივე გადახდილ პანაშვიდზე ორი კუბო მოაქვთ  – წითელი და შავი…

თავადი არჩევანს შავზე აკეთებს – ანუ ქაოსზე, ღრმა, უსასრულო წუხილსა და ერთგვარ ანარქიაზე… სხვაგვარ არჩევანს ლევან ცინცაძე ვერ გააკეთებდა! არ იყვნენ წითელი კუბოსთვის დაბადებულები არც ის და არც – სერგო ზაქარიაძე… ვერც „ადამიანურად“ სიცოცხლე და  სიკვდილი შეძლეს… ბედსაც თავად იქმნიდნენ და – უბედობასაც… პირველობის კუბოც ორივემ ბოლომდე მიიტანა – ცინცაძემ – სოფლის განაპირა სასაფლაომდე და ზაქარიაძემ – მთაწმინდამდე, საიდანაც ვინ იცის, რას გადმოსძახის დღესაც თავის თეატრს… 

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…