და თუ შენ, ღმერთო, არ მოგვიტევე...

„და თუ შენ, ღმერთო, არ მოგვიტევე“…

, , ,

„და მით უფრო არის მძაფრი

უმიზეზო ნაღველი,

არსაიდან რომ არაფრით

არის ნაკარნახევი“…

არტურ რემბო

 (გივი გეგეჭკორის თარგმანი)

და 1979 წელი იდგა. გაზაფხული.

სკოლის დარბაზში ოქტომბრელებიც შეგვყარეს. ასე მოვხვდი პირველად „საბჭოთა სასამართლოზე“, სადაც თემურ ჩხეიძის ტელესპექტაკლს – „ჯაყოს ხიზნები“ გმობდნენ. სამ კაცს ლანძღავდნენ განსაკუთრებული თავგამოდებით. მათ შორის იყო ჯაყოც… დიდად არც ხიზნების მნიშვნელობა მესმოდა მაშინ და არც გმობის, მაგრამ გავეშებული ხალხის რომ შემეშინდა, ცხადია.

მერე  შავ-თეთრ ტელევიზორში ჯაყოსაც „გადავეყარე“…

საბჭოთა მოძველებული „ჰორიზონტი“ ჩვენების ხარისხით დიდად ვერ დაიკვეხნიდა. წყვეტილი, წვრილ-წვრილი ხაზები ფრანგული მაქმანივით დაჰყვებოდა ეკრანზე და  ლაზათიანი „ალიყურის“ გარეშე არასდროს სწორდებოდა გამოსახულებაც, მაგრამ სკოლის დარბაზში თავგამეტებით დამუნათებული ჯაყო მაინც „ვიცანი“ იმ ხაზებს მიღმა და ვნახე საოცარი გარდაქმნა „ბანჯგვლიანი დათვიდან პირგაპარსულ მაიმუნამდე“…  

მერე მრავალი გარდაქმნის მომსწრეც გავხდი –

მრავალი სახის.

სახელის.

ენერგიის.

ძალისა და უძალობის…

რაღაც მისტიკური კვამლივით ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ ეკრანსა და სცენაზე ჯაყო და ჯაყოს ნაირსახეობანი – მძიმენი. ბოროტები. ძლიერები. დამარცხებულები. გამარჯვებულები. მასხარად ქცეულები. ქრებოდნენ ან აქრობდნენ ამ სახეებს მერე… აქრობდნენ და ისევ  ელავდნენ მაინც სადღაც… ოდესღაც…

***

ანსელმ კიფერს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე 1 თვით ადრე დაიბადა, ასეთი ნამუშევარიც აქვს – ფერწართმეული და თავდახრილი მზესუმზირების ძირში, გვალვისგან ქუსლებდახეთქილ მიწაზე, წელზემოთ შიშველი კაცია გართხმული…

აქცენტი არ არის სიცოცხლეზე. პირიქით –

მზეც კი მკვლელია – ცოცხლად შეუჭამია მიწაცა და მზესუმზირებიც…

კაცი კი, გულივერს რომ მიმსგავსებია გოლიათი მზესუმზირების ქვეყანაში, მიწიდან იწოვს თითქოს დარდსაც და ტკივილსაც. სიცოცხლესაც და სიკვდილსაც.

საკუთარ სხეულსაც მიწას ანდობს მხოლოდ… მას „ებარება“ და მის დახეთქილ ქუსლებთან გრძნობს თავს საიმედოდ. ან – უიმედოდ. ან – საფუძვლიანად საიმედოდ და უიმედოდ…

ბიოლი ამბობს, რომ მხოლოდ ომის დროს დაბადებულ ბავშვებს აქვთ ასეთი გაცხოველებული სიმძაფრე სიცოცხლისა და სიკვდილის მიმართ… არაფრით ჰგვანან არც ომამდე და არც ომის შემდეგ დაბადებულებს… თითქოს დედის მუცლიდან დაჰყვებათ შიშიცა და სიფრთხილეც… უცნაური, უხერხული განცდა გარემოსა და ადამიანების მიმართ…

იქნებ, ავთანდილ მახარაძის „ჯადოსნური გასაღებიც“ მისი დაბადების თარიღშია – 1943 წლის 16 ივლისში…

შუაგული ომის შვილია ისიც და ამითაც მიემსგავსა, ალბათ, კიფერისეულ ტილოებს – სიჩუმე… შინაგანი, ფარული ქვედინებები… ჩრდილისკენ სწრაფვა… დამჯდარი, ჟანგშეპარული ფერები… სიფრთხილე… ან – პირიქით – ზეხმაური რომ დაჰყვება….

ავთანდილ მახარაძეც „ჩრდილქვეშ“ გრძნობს თითქოს მხოლოდ სიმშვიდეს…

იქნებ, ამიტომ გარბის ხშირად ადამიანებისგან.

იქნებ, ამიტომ არ უყვარს ხმაური თავის გარშემო (მახსოვს, „მონანიების“ მორიგი საფესტივალო წარდგენის შემდეგ როგორ უხერხულად იშმუშნებოდა პრესკონფერენციაზე… აღარაფერი იყო მასში არც ვარლამისეული და არც – აბელისეული).

იქნებ, ამიტომ ურჩევნია, იქ იყოს „დაყუდებული“, სადაც ყველაფერი დუღს… მოძრაობს… ხმაურობს… ტრიალებს…

იქნებ, ამიტომ სჯერა 80 წლის ასაკშიც, რომ იმ მდგომარეობაში არაა, საქვეყნოდ თავის თავზე ილაპარაკოს…

და, ალბათ, არც არასდროს დადგება ასეთი მდგომარეობა! რადგან როგორც ჩანს, არც არასდროს ყოფილა აღფრთოვანებული ადამიანებით…

ან კი როგორ შეიძლება, მოგწონდეს ადამიანი, რომელსაც არც მიწასავით ერთგულება შეუძლია?

იქნებ, ამიტომ არ მოინდომა ოჯახის სურვილს დაჰყოლოდა და ექიმობა აერჩია თავის გზად?

იქნებ, სულაც არ სურდა, ადამიანსა და ადამიანისთვის ეზრუნა…

იქნებ, ამიტომაც მუდამ მათ თამაშობდა, ვინც სძულდა –

ანუ ომამდე და ომის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს, რომელთაც მუდამ სდევდათ  თან „მშვიდობის“ შიში…

ტუჩებდაბრეცილ მეფე ედვარდ IV-აც ვერ ეგუებოდა; აღიზიანებდა მისი ბრიყვული, აზრს მოკლებული ბოროტება და სიკეთე.

მიტევება და შურისძიება.

სიყვარული და სიძულვილი…

რაღაცით ფრენსის ბეკონისეულ ინოკენტი X-აც ჩამოჰგავს მახარაძის ედვარდი –  ძალაუფლებაში ჩამხრჩვალი ტირანი, ერთი ხელით რომ ღმერთისა და კაცის სიყვარულს ქადაგებდა და მეორით – საკუთარი ძმის მკვლელობას აწერდა ხელს…

მახარაძე ედვარდივით დაუნდობელია (ომის ბავშვებს ახასიათებთ ასეთი „დაუნდობლობა“ ტირანების მიმართ)… მისეული ედვარდი ბანჯგვლიანი მძორია და რაღაცით მედუზასაც ჩამოჰგავს –  საკუთარი ცოდვებივით გაწებილ-გაწელილსა და ლორწოდ ქცეულს…

მეფე, ადრე თუ გვიან, მუდამ შიშველი რჩება…

შიშველია  სამეფო ტახტრევანზე გაკრული ედვარდიც; მისი „გამჭვირვალე ბლონდებიდან“ ალაგ-ალაგ გამოსჭვივის ხორცის ზეიმი… როგორ არა ჰგავს მეფის გვირგვინი ეკლის გვირგვინს… თითქოს ზედ შუბლზე შეხორცებია ხალასი ოქროსგან ნაჭედი თავსაბური… თითქოს სწორედ  პლანტაგენეტების ამ გვირგვინმა მოუღო ბოლოც – მარწუხივით შემოეჭდო თავზე და გაგლიჯა..

„დამშვიდებული წავა ჩემი სული ზეცად“ – ასე ეგონა ედვარდს…

ასე სჯეროდა და სწამდა…

ეს დაუმშვიდებლობაა, ასე რომ კლავს ავთანდილ მახარაძის ყველა სულარეულსა და დაღლილ პერსონაჟს…

ედვარდი დაღლილია… დაღლილია ტიბალტიც („რომეო და ჯულიეტა“)… მოამბეც გადაქანცულა („ოიდიპოს მეფე“) და გლოსტერიც („მეფე ლირი“); ბორის გოდუნოვიც („ივანე მრისხანეს სიკვდილი“) ეძებს „ჩამოსაჯდომს“; უკეთეს დღეში არ არიან კენტერბერის არქიეპისკოპოსი და ნაპოლეონის ფორმაში გამოწყობილი მასხარა („რიჩარდ მესამე“)…  არც მასხარასა და ნაპოლეონის პარალელია  შემთხვევითი – „ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი“ – ნებისმიერ მასხარასა და ტირანს აერთიანებს.

ავთო მახარაძე იცნობს ტირანებს. მასხარებსაც.

გრძნობს მათ.

თანაცხოვრობს კიდეც მათთან და მათ შიშებთან… ტირანთა აფორიაქებულ, დაქანცულ სულებთან.

ავთო მახარაძემ მთელი თავისი არსით იცის, რას გრძნობს დიქტატორი, როცა სასოწარკვეთით გაჰყვირის –

„ადამიანის საქმეს არ უნდა ვენდოთ. ადამიანის სიტყვას არ უნდა ვენდოთ“.

იცის და უფრთხის თავადაც ყველას, ვინც არც მას ენდობა და არც – მის სიტყვას…

კეთილი ადამიანი ტირანის როლშიო, მერე წერდნენ უცხოელი კრიტიკოსები მასზე…

მაგრამ მახარაძის ტრაგიზმი იმაშიცაა, რომ მაყურებელს (მით უფრო, ქართველ მაყურებელს) ტირანები ეკრანებზე უფრო აფრთხობთ, ვიდრე – ცხოვრებაში.

ისიცაა, რომ ოვიდიუსის არ იყოს – „სხვათა მინდვრებში მოსავალი მუდამ უფრო უხვი ჩანს“… მახარაძის „სიუხვეს“ შეუძლებელია, არ გაეღიზიანებინა არაერთი – უფრო მეტი რომ ჰქონდა და უფრო ცოტად რომ ეჩვენებოდა… შურს შიშივით დიდი თვალებიც აქვს, თურმე.

პრემიერობას ვინ დაეძებს, რამდენიმე ათეული წელია როლიც არ ჰქონია თეატრში…

არადა, როგორ სჭირდებოდა და სჭირდება იმ თეატრს ავთო მახარაძე… თუმცა, რაღა დროს…

კინოშიც ისეთი აღარაფერი უთამაშია, რომ ისევ ელაპარაკათ მასზე… ეკამათათ… ეხმაურათ…

თითქოს სჯიდნენ… თითქოს ხელოვნურად ართმევდნენ ბიოგრაფიას…

ართმევდნენ, რადგან ნიჭი ხანდახან სასჯელიცაა…

ცოდვილია ადამიანი…

ჰაინრიხ ბიოლს შემთხვევით არ აურჩევია „უკაცო სახლის“ სარეფრენო  ფრაზად – „და თუ შენ, ღმერთო, არ მოგვიტევე, ვინღა დარჩება ქვეყნად უბიწო“…

ადამიანს სჭირდება მიტევება…

სჭირდება, რადგან ცხვრის ქურქში გახვეულ მგელსაც დასდევს და მგლის ქურქში გახვეულ ცხვარსაც…

***

ყველაფერი ბათუმიდან დაიწყო 80 წლის წინ…

ზაფხული. ომი. პატარა, თეთრი ქალაქის დათალხული ქუჩები… და სიჩუმე…

იქნებ, შემზარავი სიჩუმეც კი…

მაშინ ყველაზე მეტად ახალშობილთა ხმები აკლდა ბათუმსაც და ქვეყანასაც…

ივლისის ცხელმა  დღემ  მაინც „მოიყვანა“ ის „ომის ბიჭი“ ჯერ თავის ქალაქში, წლების მერე კი რუსთაველის თეატრში… საქართველოში. მსოფლიოში…

ბიჭი, რომელსაც ავთო მახარაძე ჰქვია…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…