ეკა თხილავა - ესე

ჩიკაგოს ცრემლების არ სჯერა!

, , ,

მე და კოლუმბს ერთი საკრალური რიცხვი გვაერთიანებს – 3 აგვისტო! ამ დღეს  „აღმოვაჩინეთ“ ორივემ ჩვენი წილი ამერიკა… ოღონდ ის წყლით „შემოვიდა“  აქ… მე კი – ცით…

თვითმფრინავი ჯერ ათუხთუხდა… ახმაურდა… ხრინწიანად ამოიგმინა… წყლიანი სივრციდან დიდედაჩემის ჭრელი წინსაფარივით მოქარგული მიწის ნაფლეთებიც გამოიკვეთა და ნელ-ნელა დაეშვა იმ ადგილისკენ, სადაც ზუსტად 600 წლით ადრე იდგა სწორედ ის  – დაბნეული, ოდნავ გაფითრებული, გადაქანცული და, ალბათ, იმედგაცრუებული კოლუმბი…

ჩიკაგოს აეროპორტში ხვატი იყო… არც ცათამბჯენები ჩანდა ირგვლივ და კოლუმბივით გაფითრებულ-გადაქანცული ჩვენი დელეგაცია, დახუნძლული დიდი და ფერადი ჩემოდნებით, სასოწარკვეთილი ჩანდა…

თუმცა, ნახევარ საათში ჩიკაგო აბრჭყვიალდა… ამოიზიდა… გაფერადდა… დაიწრიტა… აგუგუნდა და ჰორიზონტზე 10 მილიონიანი ქალაქი გამოიკვეთა… გამჭვირვალე ჰაერი დაგვხვდა ქალაქში… რძისფერი და სუფთა…

აქედან დაიწყო ჩვენი ამერიკული თავგადასავალიც… თუმცა, კოლუმბივით მეც მელოდა უცნაური იმედგაცრუება – 17 დღის მანძილზე მხოლოდ ერთი ინდიელი ვნახე ჩიკაგოსთან ახლოს – საუნივერსიტეტო ქალაქში… დიდ ჯიპზე იჯდა ქალი – თავზე ჭრელ-ჭრელი ბუმბულებით და სიგარას აბოლებდა… იყო ამ წამში რაღაც მისტიური…. განსაკუთრებულიც… სულისშემძვრელიც… ჯიპი… სიგარა…. ინდიელი ქალი, დიდად „დაპყრობილსაც“ რომ არ ჰგავდა… იდგა მშვიდად და აუღევებლად… „გაამერიკელებული“ „თეთრკანიანებისაგან“ განსხვავებით, არსად ეჩქარებოდა… არ გარბოდა… არ მისდევდა დროს… ამერიკას აშკარად ის უფრო „გრძნობდა“…

თუმცა 600 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა.. მხოლოდ ბუმბულები დარჩა უცვლელი…

შეიცვალა ჩვენთვისაც – საბჭოელი ბავშვებისთვის, ამერიკას მხოლოდ ატლასებითა და  ისტორიის წიგნებით რომ ვიცნობდით…

არაფერი კარგი არ ეწერა იქ –

 კვდება… ლპება… იშლება… შიმშილით იტანჯება… ჩაგვრა… მონობა… მარწუხი…

გვძულდა ამერიკა საბჭოელ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს…

კრულავდნენ კოლუმბს ამერიკისა და თამბაქოს „აღმოჩენისთვის“…

მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ დიდი ხნის შემდეგ თავად ვნახავდი ჩემი ბავშვობის „ჩამომპალ“ ამერიკას –

ბევრი ბრჭყვიალა ცათამბჯენით…

ერთმანეთში არეკლილ-გადახლართული შენობებით…

ძველისძველი ხიდებით…

უგემრიელესი სანაყინეებით…

იტალიური პიცერიებით…

ბრინჯაოს უზარმაზარი, ძველი საათებით…

მოლივლივე მიჩიგანის ტბით…

ისეთი ამერიკული ღიმილით, რომ თავი იმერეთში გგონია სტუმრად – ბებია-ბაბუასთან… მაგრამ ამერიკული სიყალბე მაინც დაჰყვება  ოდნავ…

8 დოლარიანი სტარბაქსის ყავით (დაუვიწყარი კარამელ-მაკიატო…)…

17 დოლარიანი სიგარეტით…

ცოტა არ იყოს, „უცხო“ კერძებით…

უკალორიო „კოკა კოლებით“…

მუდამ სავსე „მაკდონალდსით“…

 ხელ(ან ფეხ)მოტეხილი უამრავი ამერიკელით (ვერასდროს ამოვხსნი, რა ამტვრევს ამ ხალხს შუაგულ ამერიკაში ასე ხშირად?????)…

თეთრ შარვლებში „გამოწკეპილი“ ზედმეტად ხორცსავსე ქალებით, თვითშეფასებას რომ გიმაღლებენ…

და არაერთი ბომჟით, ცოტა საშიშს რომ ხდიან ღამის ბრჭყვიალა ჩიკაგოს…

ამერიკა ჯერ შოკში გაგდებს… გჭმუჭნის… გითრევს… მერე გალაგებს… თავზე ხელს გისვამს… გოგენით, ვან გოგითა თუ პოლოკით გამშვიდებს… და ბოლოს ისევ გჭმუჭნის თავისი ხმაურით… რიტმით… სისუფთავითა და არალოგიკური ფასებით…

მირაჟი, ალბათ, ყველაზე უკეთ ეს სიტყვა მიესადაგება ამერიკას…

ჩიკაგოც ანიშ კაპურის 10 მეტრიანი ლობიოს ქანდაკებასავითაა – ხან ჯუჯად გაქცევს თავისი უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე… ხან გრძელს, თხელსა და ლამაზს გხდის… ხან ხელისგულსაც გადებინებს თავის პრიალა „სხეულზე“ და მერე უკან იხევს – სახეს გიბრუნებს… ხანაც ქაოსად გარდაგქმნის ათასობით არეკლილ სახეებს შორის…

ამიტომ უყვართ, ალბათ, ადამიანებს ეს ქანდაკება განსაკუთრებით… და ამიტომ ხდება დედამიწაც ერთი მუჭა ყოველ საღამოს ჩიკაგოს ცენტრში…

 „ღრუბლების კარიბჭესთან“ – ამერიკულ ილუზიასთან – ასი ათასობით ადამიანი იყრის თავს… ქამელეონად იქცევა თითოეული მათგანი…. ირღვევა ფორმითაც და შინაარსითაც… მაგრამ „კარიბჭეს“ მაინც ვერ შორდება… ვეღარ ელევა ამ ილუზიას და მსოფლიო მოქალაქე – ამერიკელი – განსხვავებით ევროპელისგან – მყისიერად ხდება… ეს არის, ალბათ, ამერიკის უმთავრესი თავისებურებაც – მირაჟული დედამიწელობა…

***

მონროს ქუჩა გერმანული ქალაქების ქუჩებივით გრძელი და ფართოა. მეტროს ვაგონები დილიდან დილამდე გაბრაზებული ღრიალებს და  ქშინავს… აქვეა ჩვენი სასტუმროც – 1871 წელს აგებული „პალმერ ჰაუსი“ – ამერიკისთვის იშვიათი სიძველის ნიმუში…. ესაა მისი მთავარი ღირსებაც… ჩიკაგოს ჰაერივით რძისფრად შეღებილი კედლებიდან სასტუმროს სტუმრები – კინოსა და ესტრადის ოდესღაც ცნობილი ვარსკვლავები იღიმიან ამერიკულად… უმეტესობას ვერც ვცნობ… სამაგიეროდ, ფოიეში ჩემი ლუი არმსტრონში „მხვდება“ ყოველ დილით. ისიც „პალმერ ჰაუსში“  გაჩერებულა1963 წელს… მოწყენილი და გადაქანცული მეჩვენება… საყვირის ბერვისგან ლოყებიც შეშუპებია ოდნავ… მთელი ამერიკული სევდა აქვს თვალებში… ყველა ვარსკვლავის ფოტო 70-იან წლებამდეა გადაღებული… მერე,  როგორც ჩანს, ცათამბჯენებმა ძველი სასტუმროებიც „მოინელა“ და ამერიკულ „რელიქვიად“ აქცია. ახლა დგას „პალმერ ჰაუსი“ უშველებელ, ერთფეროვან მინის შენობებში ჩაკარგული და ლუი არმსტრონგისა და ყველა მივიწყებული ამერიკელი ვარსკვლავის უსაშველო სევდა დაჰყვება თან…

***

ერთი კვირის მერე აღმოვაჩინე, რომ მეც „ამერიკელად“ ვიქეცი. მათსავით მეცვა. მათსავით აღარ ვატარებდი სამკაულებს. მათსავით „შლოპანცები“ შემიყვარდა. მათსავით ვეძებდი ქუჩაში მოსაწევ მილს (და არა – ურნას…)… მათსავით დავდიოდი ტროტუარებზე და მათსავით ღიმილიც ვისწავლე…

თან უკვე მომწონდა (შემიყვარდა კიდეც) ამერიკული „სიურპრიზები“…

მთავარ სიურპრიზად მაინც დიდი ხნის უნახავ სტუდენტთან და მეგობართან ცრემლიანი შეხვედრა აღმოჩნდა (არადა, არც ამერიკას სჯერა მაინცდამაინც ცრემლების)…

შეხვედრაცაა და შეხვედრაც…. სტადიონზე – 15 000 ადამიანს შორის რომ გიპოვიან, ესაა ამერიკული სასწაული…. ისიც სასწაულია, რომ ამ სტადიონზე  ამერიკაში ჩასვლიდან მეორე დღესვე აღმოვჩნდი… თან პირდაპირ ბარბრა სტრაიზანდის კონცერტზე ამოვყავი თავი…

ამერიკული ზღაპარია ისიც, რომ 300 დოლარიანი ბილეთი, რაღაც სასწაულით, სამი ჭიქა ყავის – კარამელ-მაკიატოს ფასად – 30 დოლარად ჩამივარდა ხელში… და ასე – ისევ კოლუმბივით გაოგნებულ-დაბნეული და ტრიბუნის სიმაღლისგან შეძრწუნებული აღმოვჩნდი საუკეთესო ამერიკულ გაუგებრობაში – უზარმაზარ, გულისგამაჩერებელ, ხახადაღებულ სივრცეში ჩემს მეგობრებთან და სიმინდის ცოტა უგემურ  „ჩიფსებთან“ ერთად… მერე ეს ხახადაღებული სივრცე უფრო დაბნელდა და სცენაზე ის გამოჩნდა – თეთრებში გამოწყობილი „სასაცილო გოგონა“… ისევ ისეთია – არაფერსა და ყველაფერს რომ აერთიანებს – შავსა და თეთრს… იგივე გარეგნობაა… შარმი… უნაკლო სხეულიც კი… „გოგონამ“ უფრო მეტი ილაპარაკა, ვიდრე იმღერა… ხანდახან ხრინწიც შეერია ხმაში… მაგრამ 77 წლის მომღერალს ყველა წამოუდგა ფეხზე… ბარბრამ გაიხსენა ბავშვობა… ობლობა… მარტოობა… ილაპარაკა ბოლო „ტკივილზეც“ – დონალდ ტრამზე, რომელმაც, თუ ამ უბერებელ გოგონას დავუჯერებთ, „იცის ყველაფრის ფასი, მაგრამ არაფრის ღირებულება“… დარბაზმა იხუვლა… წამოიშალა… იკივლა… სტადიონზე ყველა ლიბერალი არ იყო, ცხადია, მაგრამ ბარბრას სიტყვები მისი თავისუფალი ნების ნაწილი იყო და ამერიკა კიდევ ერთხელ წამოუდგა ფეხზე; წამოუდგა, რადგან ეს ამერიკაა!

უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს დელეგაციას ძირითადად ლიბერალებთან გვქონდა შეხვედრები. არც მათ მოსწონთ ტრამპი, ცხადია… ჩიკაგოშიც პირდაპირ „ტრამპ თაუერის“ წინ იყიდება რეზინის ნეხვის გორაზე შემოდგმული პრეზიდენტის ბიუსტები და ამის გამო არავინ ისჯება… პირიქით, აქეთ-იქით ისვრიან ამერიკელები „ნეხვიან“ ლიდერს ხმამაღალი შეძახილებით ჰაერში და ყვითელ ქოჩორზე ეფერებიან; ეფერებიან, რადგან ეს ამერიკაა! მერე რა, რომ ქვეყნის 1/3-ზე მეტი უჭერს მხარს ისევ ტრამპს? ყველაფერს ღიმილით უყურებენ; აკი ვთქვი, ამერიკას ცრემლების არ სჯერა!

აი, ჩვენ კი გვჯერა… მიუზიკლ „ჰამილტონზე“ ვერ მოვხვდით… გარედან ვუყურებდით თეატრს – იქვე რომ იყო ჩვენს სასტუმროსთან… შინაგანად თავს ვიმშვიდებდით, რომ უკეთესებიც გვინახავს იქ, ჩვენთან, დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ… უტყვად ბრაზიანებიც ვიყავით და კაპიტალიზმის სუსხსაც ვგრძნობდით იმ წამს… დიდხანს ვიდექით… მანამ, სანამ სპექტაკლი არ დასრულდა. „შლოპანციანები“, აჩაჩულები, ამერიკული წყლისგან თმააბურდულები ყველაფერზე ვლაპარაკობდით, „ჰამილტონის“ გარდა… ესეცაა კაპიტალიზმი – ხანდახან სპექტაკლს, ფინანსური კრიზისის გამო, გარედან უყურო!

გამოდიოდა და გამოდიოდა ხალხი –

გალიცინივით „გამოწკეპილი“…

დაღლილი…

ცოტა დაღრეჭილი…

ფერდაკარგული…

ლაკის ორი ზომით პატარა,  ძველისძველი, პრიალა ფეხსაცმელებით (ეტყობა, იმ ასაკში აქვთ ნაყიდი, ფეხს ზრდაც არ ჰქონდა დასრულებული)…

კოჭლობით…

ვარდისფერი, კაროჟნას კაბიანი ქალებიც მოჰყვნენ ჩიკაგოს ნიავს…

ჩვენ, შლოპანციანები და კმაყოფილები, ვიდექით ტროტუარზე და ირონიულად ვიღიმოდით…

რა ნახეს ასეთი ნეტა????

***

მათ რა ნახეს, ვერასდროს გავიგებ, ალბათ… მაგრამ ჩვენ კი ნამდვილად ვიპოვეთ ჩვენი წილი ამერიკა – გადარეული და ბრჭყვიალა ქვეყანა აგვისტოს ხვატში… ერთმანეთიც ხელახლა „აღმოვაჩინეთ“ კონტინენტს იქეთ და „მიმინოს“ სიუჟეტიც გათამაშდა ერთ წვიმიან დღეს მონროს ქუჩაზე – შემთხვევით გადავეყარეთ ერთ ქართველ ებრაელს… ცრემლმორეული გამოგვედევნა უკან…   ლამის „ჟუჟუნა წვიმაც“ ვიმღერეთ ერთად და ქუთაისის ხიდის ამბავიც მოვიკითხეთ…  ვერ ველეოდით ერთმანეთს…

თურმე, მართლა როგორი პატარაა დედამიწაა… პატარაა, მაგრამ მაინც ისე ვემშვიდობებოდით ამერიკას, თითქოს უკანასკნელად ვეხებოდით მის ეიფორიულ კედლებს… ერთმანეთს…

უზარმაზარი ბოინგი უკვე გველოდა… თუხთუხებდა… ამერიკული ღიმილით გვაცილებდა…

უკან მოგვყვებოდა კიდევ უფრო მძიმე, ჭრელი ჩემოდნები (სავსე, ძირითადად, ჩინური საქონლით)… საქართველოს ოდენა მიჩიგანის ტბა… რეალური ზღაპარი ამერიკაზე და ჩიკაგოს ცრემლებამდე  მონატრება…

თუმცა, რა დროს ცრემლებია????

ჩიკაგოს ცრემლების არ სჯერა!!!

და არც ცოტა დაბნეულ კოლუმბს სჯეროდა (ალბათ) ცრემლების!

P.S. მარკ ტვენი შეცდა (მგონი)! კარგია, რომ კოლუმბმა გვერდი არ აუარა ამერიკას… ძალიან კარგი… სჭირდება დედამიწას ერთი ადგილი, სადაც არა აქვს მნიშვნელობა, ვინა ხარ, რა ხარ და საიდან მოხველ… მთავარია, იცოდე, „საით“   „მიხვალ“… ამერიკა ელის მათ!

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…