ანუ პინა ბაუშის მიხაკისფერი ოცნებები
„ოკეანე დუმილია; მდინარე კი – ლაპარაკი“.
ჯალალედინ რუმი
იქნებ, წყლის შვილი უფროა ადამიანი, ვიდრე მიწის?
დაბადებამდე მიწას არც იცნობს და არც – ცნობს.
წყლის ნაწილია.
იქნებ, ამიტომაც ამტკიცებდა თალეს მილეთელიც, რომ წყალია ყველაფერი ანუ ყველაფერიც წყალია.
„და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა“.
მოსეც წყალმა „მოუყვანა“ ფარაონის ასულს იმ დროს.
„წყლისგან გამოვიღე ეგეო“ – ამბობდა მერე ბიჭზე…
ასე „ჩამოატარებს“ ასწლეულში ერთხელ წყალი მოსესნაირებს – დიდებს, ბუმბერაზებს, წყლის ნიშნით დაჭედილებს…
ასე „ჩამოატარა“ 1940 წლის 27 ივლისსაც ომისგან წელგაწყვეტილი მსოფლიოს ყველაზე წყალარეულ ქვეყანაში – გერმანიაში ერთი სიფრიფანა (ძალიან სიფრიფანა) გოგო წყალმა. ზოლინგენი მანამდე მხოლოდ ხმლების, დანების, მაკრატლების წარმოებით იყო ცნობილი.
მოსესნაირებით – არა!
არავის ჩაუჭიდია ხელი ივლისის იმ ცხელ დღემდე ზოლინგელისთვის და არ გაუყვანია რაღაც სხვა, არამიწიერ გზაზე უცნაური რიტმების თანხლებით; ხმებით – მგლისა და გერმანული ნაგაზების სულისშემძვრელ ყმუილს რომ მიაგავს; წყლის ციური წვეთებით, რომელიც ომისგან სახიჩრად ქცეულ გერმანიას განსაწმენდლად ისე სჭირდებოდა, როგორც არასდროს.
არც არავის უფიქრია, ქალაქის ცნობილი კაფეს მეპატრონეების პატარა გოგო, მშობლების გადატვირთული დღეების გამო მაგიდის ქვეშ რომ იზრდებოდა, ზოლინგენის „მოსე“ იყო“.
ან როგორ უნდა მიმხვდარიყვნენ?
სიფრიფანა ისეთი ჩუმი იყო, ისეთი შეუმჩნეველი და ისე ეშინოდა ომის ხმების…
ხანდახან მშობლებსაც ავიწყდებოდათ ამ სიჩუმეში მისი არსებობა. უცნაური და ჩაკეტილი იყო და არც ლაპარაკობდა თითქმის. ზედმეტად მოუხელთებელი გრძელი ხელებიც არასდროს იცოდა სად წაეღო.
მერე, ხუთი წლის რომ იყო და ომიც იწურებოდა, დანგრეულსა და ფერფლადქცეულ გერმანიაში რაღაც ავისმომასწავებელი, გაურკვეველი სიჩუმე ჩამოწვა; იმ წამს (იქნებ, სწორედ იმ წამს), გოგომ ხელები გაშალა.
ასე დაადგა გერმანიასთან და ზოლინგენთან ერთად ახალ გზას, სადაც სიტყვების ადგილი ისედაც აღარ დაეტოვებინა ომს და შინაგანი პროტესტის დრო იდგა.
გოგოს პროტესტისა ჯერ არაფერი ესმოდა, მაგრამ კაფეს ერთ-ერთი ამოჩემებული მაგიდიდან გამოძვრა და აცეკვდა.
ეს იყო სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ცეკვა.
ბავშვის ცეკვა.
ასე აღმოჩნდა ზოლინგენის საბალეტო სკოლაში, სადაც ასწავლეს, ხმა როგორ ჩაენაცვლებინა მოძრაობით; მერე „გამოტყდა“ – „კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს – ყოველთვის მეშინია რაღაცის არაზუსტად გამოთქმის; არასწორად თქმის“.
ცეკვა სიტყვაზე ნაღდი და უღალატო აღმოჩნდა პინა ბაუშისთვის. იცოდა, „მხოლოდ მოძრაობით რომ შეეძლოო საკუთარი თავის გამოხატვაც“.
შეეძლო, რადგან პინა ბაუში იყო!
ჯიუტი!
თავისთავადი!
ერთადერთი!
მეამბოხე!
სიგარეტსაც კი ისე ეწეოდა, როგორც ცეკვავდა – ვნებით, უსასრულოდ და სამყაროს აღსასრულის მოლოდინით!
საათობით დახეტიალობდა მუზეუმებში – ივსებოდა სხვა „მოსეთა“ უდაბნოს გზებით!
„მეტი ღვინო და სიგარეტი, მაგრამ – არა სახლში“! – ასე ცხოვრობდა იგი.
სახლი არასდროს უყვარდა, რადგან, როგორც ჩანს, არასდროს (ან, იქნებ, ვერასდროს) გრძნობდა სახლში თავს.
არც იმ კაფეში იყო მყუდროდ, მშობლების რომ ერქვა.
გაივლის წლები. მრავალი წელი და 38 წლის პინა ბაუში 1978 წელს ვუპერტალის თეატრის სცენაზე „კაფე მიულერს“ დადგამს.
აქ ყველა ბრმაა.
არავინაა თვალხილული.
არც შინაგანი თვალი ჩართვია არავის. შეხებით მოძრაობენ კაფეს დარბაზებში. ცდილობენ, ხელის ცეცებით იპოვონ ერთმანეთი.
ასეთი ბრმათა სახლი იყო პატარა პინას თავშესაფარი. უფრო სწორედ, კაფეს ერთი უსახური მაგიდა, რომელიც ბრმათა დაუდევრობით აყირავდა და გოგოს უკანასკნელი სიმშვიდის ადგილიც გაქრა.
რა უნდა პინას სახლში?
რა დარჩენია?
ან ვინ დარჩენია?
იმ დროიდან თქვა, ალბათ – „მაგრამ – არა სახლი“!
არა იმ სახლს, სადაც არ არის კოცნის, ჩახუტების, სიყვარულის ადგილი.
პინამ იცოდა – იმ დროიდან იცოდა, რომ ამ კაფედან ყველა ვნება სახლს გარეთ იყო გასატანი და გასამზეურებელი. ისიც იცოდა, რომ უმზეობისგან იშრიტებოდა თვალები და ისე ეშინოდა მარადიული სიბნელის, სახლიდან „გარბოდა“ დაუსრულებლად.
ოღონდ თავად კი არ იქცა ამ სირბილში უძღებ შვილად; პირიქით – სახლი აღმოჩნდა ამ როლში. სახლი, რომელიც ცდილობდა, მხრებზე წამოჰკიდებოდა ტვირთად და სევდად.
ამიტომაც „გაიქცა“, ალბათ, ჯერ კიდევ 15 წლისა ესენში და ფოლკვანგის ხელოვნების აკადემიაში გააგრძელა სწავლა.
ასე დატოვა თავისი ბავშვობის კაფე „მიულერი“ და დასაშრეტად განწირული თვალები გადაირჩინა.
მაშინ ჯერ კიდევ ფილიპინა ბაუში იყო და თავისი ხელებივით გრძელი ნახტომებით იკვალავდა გზას პინა ბაუშობამდე.
ბედიც უდავოდ სწყალობდა მუდამ – ოღონდ – სახლს გარეთ.
ნიცშეს ჰქონდა ასეთი ფორმულა – „ისეთი ბედი შეიქმენი, შენვე რომ მოგეწონოსო“.
პინა ბაუში ბედისწერას იქმნიდა კიდეც და სწყალობდა კიდეც.
ისიც ბედის წყალობა იყო, ორ გენიოსს რომ გადაჰყარა ცხოვრებამ – ფედერიკო ფელინისა და პედრო ალმადოვარის…
ასე შემოგვრჩა პინა ბაუში ორი ფილმითაც – ფელინის – „და გემი მიცურავს“ და ალმადოვარის – „ესაუბრე მას“.
იტალიელთან იმ ბრმა პრინცესას როლი შეასრულა, ჭადრაკს რომ ფიგურებზე თითების შეხებით თამაშობს (იცოდა ფელინიმ, რომ პინას გრძელი და უთხელესი თითები მუდამ „ხედავდა“).
ესპანელთან საკუთარი თავი – პინა ბაუში ითამაშა „კაფე „მიულერში“. იქაც, ცხადია, ბრმის.
თითქოს თან დაჰყვებოდა წყევლასავით სიბრმავე ან მოსალოდნელი სიბრმავე, რომელსაც გადაურჩა. გაექცა და არ მისცა მიახლოების უფლება.
მთავარია, სახლს გარეთ ყოფილიყო!
მხოლოდ „გარეთ“ იყო მისი ლურჯი თვალები სავსე შუქით!
ესენშიც ასე „ეწყალობა“ ცეკვების სკოლაში კურტ იოსი – ერთ-ერთი პირველი ევროპელი, ვინც თეატრის ელემენტები შეიტანა კლასიკურ ბალეტში.
ასე დაიწყო მზისგან ავსებისა და დაცლის ურთულესი გზა.
ერთხელ უარიც თქვა ერთ-ერთი საცეკვაო ილეთის შესრულებაზე იმის შიშით, რომ ვერ დაძლევდა.
პირველად და უკანასკნელად მოიქცა ასე.
იმ დღიდან დაუძლეველი „სახლს გარეთ“ არ არსებობდა!
ასე დაადგა სახლიდან შორ გზას – ნიუ-იორკისა და ჯულიარდისკენ ჯერ კიდევ 18 წლისა.
არადა, ენაც კი არ იცოდა მაშინ, მაგრამ ახსოვდა, რომ დაუძლეველი არ არსებობს!
დაძლია კიდეც!
სიგიჟემდეც შეუყვარდა ნიუ-იორკი!
იქ იპოვა თავიც – სახლიდან შორს!
ცხრა მთას იქით!
მეტროპოლიტენ-ოპერაშიც ამოყო თავი!
მაგრამ ბედისწერა თავისას ითხოვდა და კურტ იოსმა ისევ გერმანიაში იხმო მოწაფე.
1962 წელი იდგა.
22 წლის პინა ჯერ ესენის საბალეტო თეატრის სოლისტი გახდა, მერე, სულ რაღაც 7 წელიწადში იმავე თეატრს ჩაუდგა სათავეში.
ბედი მაინც სხვა კაფე „მიულერს“ უმზადებდა.
1973 წლიდან დაიწყო „მოსეს“ ახალი გზაც პინასათვის – ვუპერტალის საბალეტო დასის მეთავეობა.
ვუპერტალს არც მანამდე აკლდა პოპულარობა გადარეული რევოლუციონერების „ქვემამის“ (მარქსს „მამობას“ ნუ წავართმევთ) – ფრიდრიხ ენგელსის წყალობით. სწორედ ამ პატარა ქალაქის ერთ ვიწრო ქუჩაზე დაიბადა ფრიდრიხი; იქ, თავის წილ კაფე „მიულერში“ გაატარა ბავშვობა; თუ იმასაც გავითვალისწინებთ, ყველა რომ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, იქნებ, იქაურ ტრავმებს უნდა ეშვა ახალი ჭირი სამყაროსთვის.
ენგელსს თუ დავუჯერებთ, „ბედნიერებისკენ სწრაფვა თანდაყოლილია და ყოველგვარი მორალის საფუძვლადაც ამიტომ უნდა იქცეს“.
ფრიდრიხის ბედნიერება და მორალი შორეული ამბავია, მაგრამ პინამ უდავოდ იპოვა ვუპერტალში თავისი წილი ბედნიერება – თავისი საცეკვაო დასი.
აქ „დაიბადა“ ახალი ბაუში – კიდევ უფრო რთული. წინააღმდეგობრივი. ნოსტალგიური. ჩუმი.
სიტყვებს ჯერ ჩურჩულით წარმოთქვამდა და შემდეგ იმეორებდა ხმამაღლა; თითქოს ებრძოდა მათ. ალაგებდა. ასუფთავებდა და მერე აძლევდა ჯინის ბოთლიდან ამოსვლის საშუალებას.
სიტყვა არასდროს იყო მისი ძლიერი მხარე.
სიჩუმესა და მოძრაობაში პოულობდა მხოლოდ და მხოლოდ თავს.
დამკვირვებლად უფრო იყო უფრო დაბადებული.
ბავშვობაში, როცა ხშირად უწევდა მატარებლით მგზავრობა საბალეტო სკოლიდან შინ, ვაგონის ფანჯრიდან აკვირდებოდა სხვა ადამიანთა ყოველდღიურობის მოციმციმე ნაგლეჯებს, ერთ წამში ნადღაბნად რომ იქცეოდა.
იმ დროიდანაც იქცა დამკვირვებლადაც.
მანამდე, ალბათ, კაფე „მიულერის“ მაგიდის ქვემოდან „უჭვრიტინებდა“ უცხოთ, მის სივრცეში (მის სახლში) რომ გოგოზე შინაურად გრძნობდნენ თავს. ფეხებსაც დააკვირდებოდა ბალერინას მოდარაჯე თვალით – მსხვილ, დაგრეხილ, ლარივით სწორ საცეკვაო ან არასაცეკვაო ფეხებს. რამდენჯერ უნახავს, ალბათ, ფეხთა ფარული „მიჯნურიც“ მრგვალი მაგიდების ქვეშ.
კარგია იყო მოდარაჯე.
საინტერესო.
იქ „იპოვა“, პატარა ფილიპინამ, სავარაუდოდ, პირველად ადამიანი – თავისი სევდითა და და სიხარულით. შიშებით. იმედგაცრუებებით. ერთგულებაც იქ ნახა, ალბათ, და კიდევ უფრო „მოდარაჯე“ გახდა ყოველდღიურობის.
მერე, რომ გაიზარდა და პინად იქცა, მსახიობები დაისვა ირგვლივ.
ჩაჯდა მათ შორის.
რაღაც აბსურდულ, ალოგიკურ კითხვებს სვამდა.
მსახიობებიც იგონებდნენ.
ტიროდნენ.
იმპროვიზირებდნენ.
იცინოდნენ.
იხსენებდნენ, ბავშვობის საყვარელ სუნებს.
ან ცდილობდნენ, გაერკვიათ, რაში იყო მათეული ბედნიერება.
ან რაზე ფიქრობდნენ იმ დილით გაღვიძებისას.
დაძინებისას.
გარდაცვლილი დედის დასიზმრებისას.
ასე „იბადებოდა“ ახალი წარმოდგენა – მარცვალ-მარცვალ კენკავდა პინა პასუხებს და რაღაც ახალს ქმნიდა – ახალ ქაოსს, ახალ სიჩუმეს, სადაც ადამიანები ყვიროდნენ, შველას ითხოვდნენ, იბრძოდნენ შეშინებულები. სადაც ხმაური იყო. სასტიკი ხმაური, რომელიც ბავშვობიდან ასე სძულდა ბაუშს. სძულდა და აშინებდა.
„ცეკვის პიკასოსაც“ ეძახდნენ პინას. ვირტუოზობითა და იღბლიანობით მართლაც ჰგავდნენ ერთმანეთს; ეგ იყო, პიკასოსავით „აღვირახსნილი“ არასდროს ყოფილა.
ერთიცაა, ბაუშის ადამიანი სულაც არ იყო არასდროს უშიშარი და ან – რაინდი. ადამიანის ყველა ვნებასა და ცოდვას ზიდავდა. ისინი ყოველდღიურობის ტკივილში ისე ცახცახებდნენ და იდღაბნებოდნენ, როგორც ვაგონის ჩარჩოდან „ხელიდან დასხლეტილი“ სახლები თუ სასახლეები; ნანგრევებიდან ხელახლა დაბადებული გერმანია.
პინა ყოველთვის ხაზს უსვამდა, მისი წარმოდგენები შიგნიდან გარეთ რომ იზრდებოდა და არა – პირიქით!
გარედან შიგნით ადამიანი მას არასდროს აინტერესებდა.
მართლა უცნაური ქალი იყო პინა ბაუში; ის უფრო აინტერესებდა, რა ამოძრავებს ადამიანს და არა ის – როგორ მოძრაობს იგი. ამ პრინციპით აჰყავდა მოცეკვავეებიც. უნდოდა, ამოეცნო, რა ამოძრავებდა მათ.
გარეგნობა არასდროს ნიშნავდა მისთვის რამეს.
სილამაზის აღქმაც პინასეული ჰქონდა მხოლოდ – „სილამაზე ჩემთვის ის არის, რაც რეალურია – მიწა. ფოთლები. წყალი“. მაგრამ არა – ადამიანი.
ადამიანი, რომელიც მიწასაც აერთიანებს, ფოთოლსაც და წყალსაც, მხოლოდ შიგნიდან არის ან არ არის ლამაზი.
ამიტომ იყო, ალბათ, რომ თავის ულამაზეს სხეულსაც ფართო შარვლებსა და შავ ზედებში ფარავდა მუდამ. არც ერთი მისეული ფორმა არ იყო ხელმისაწვდომი ადამიანის თვალისთვის.
ფაქტობრივად, გაიძულებდა, შიგნიდან „შეგეხედა“ მისთვის ისე, როგორც ვაგონის ფანჯრიდან სახლებისთვის. არც ძვირადღირებულ ნივთებს ატარებდა. შორს იყო ელეგანტური სტილისაგანაც. ცხენის კუდივით იკრავდა თმებს, მის გრძელსა და უზადო ხელებს რომ „იმეორებდა“ პირწმინდად.
მამაკაცური, „უხეში“ ქურთუკები და განიერმხრებიანი დიდი ზომის პალტოები არაჩვეულებრივ ჯავშანს უქმნიდა ადამიანებისაგან დასამალად.
ამიტომაც უყვარდა იაპონელი იოჯი იამამოტო – მხოლოდ მას ენდობოდა დიზაინერებისგან. მისეულ შავ ფერსა და მკაფიო, მარტივ ხაზებს ცნობდა მხოლოდ და მხოლოდ. ყველა დაჯილდოებასა და ზეიმზე, რომელზეც კი იძულებული იყო, მისულიყო, იოჯო იამამოტოს ტუნიკის შავი კაბებით ცხადდებოდა; პინას ქალურობასა და გამორჩეულობას მხოლოდ სადად ამოჭრილი სამკუთხედი გულისპირი უსვამდა ხაზს. ეს იყო ერთადერთი შტრიხი, ერთგვარი კარიც, საიდანაც შეიძლებოდა, „შეგეხედათ“ ბაუშის აქაფებულ, ტალღოვან სამყაროში. მხოლოდ შეგეხედათ. იქ „სახლი“ ერთადერთ კაცს – როლფ ბორზიკს ერგო.
ცეკვამ აპოვნინა როლფიც – გამორჩეული და არაორდინალური მხატვარი.
ამ გამორჩეულობამ მიიყვანა ბაუშის დასამდეც; ერთგვარად უნიკალური, განუმეორებელი სახე მისცა მას; ისეთი დეკორაციები შექმნა ვუპერტალის თეატრში, არავის რომ არსად ენახა მანამდე; ადამიანებსა და საგნებს შორისაც წაშალა ზღვარი და ორივე ყოველდღიურობის დრამაში ჩაითრია – პინასთან ერთად…
ასე დაიწყო მაგიდის ქვეშ „ფეხთა ცეკვის“ სულისშემძვრელად ზღაპრული ამბავი ბაუშის ცხოვრებაში.
იყო ამ შვიდ წელიწადში რაღაც დიდი მისტიკაც. დიდი ამბავიც.
დიდი ისტორიაც.
სპექტაკლი „კაფე „მიულერიც“ ერთად დადგეს. ეს იყო რაღაც ძალიან პირადი, უსაზღვრო სიყვარული, რომელმაც ყველა ძველი ტრავმა გადახაზა და რაღაც ახალი შვა. ამბობენ, როცა ორივე სცენაზე ავიდა პირველად სპექტაკლზე მუშაობისა, პინას თვალები დაუხუჭავს და მრგვალი მაგიდებითა და დრომოჭმული სკამებით სავსე სცენაზე აცეკვებულა. როლფი მიმხვდარა, რომ ქალის თვალებად უნდა ქცეულიყო; იმ მზედ, სახლში, რომ ვერასდროს აღწევს და სკამებისა და მაგიდებისაგან დაუწყია გზების „გაწმენდა“ პინასთვის.
„ბრმადქცეული“ პინა ისე ენდობოდა როლფს, რომ თავდავიწყებით, ქაოსურად ცეკვავდა ნივთებისაგან გადაჭედილ სივრცეში.
ეს იყო მათი ცხოვრების ყველაზე ეროტიკული წუთებიც, ალბათ…
მხოლოდ 7 წელიწადს გასტანა „ბრმა ცეკვამ“ პინას ცხოვრებაში. 1980 წლის 27 იანვარს როლფ ბორზიკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სულ რაღაც 35 წლისა.
იბრძოლა სიცოცხლისთვის, პინასთვის, მაგრამ არ გამოუვიდა.
იმ 27 იანვრის მერე, ალბათ, აღარასდროს უცეკვია პინას „ფართოდ დახუჭული“ თვალებით, რადგან აღარ არსებობდა ბრმად ცეკვის არანაირი საჭიროება.
ასე დაიწყო ტკივილების მარწუხებში მომწყვდეული ყოველდღიურობა.
რა უნდა გაეკეთებინა პინას ამის მერე. ან, საერთოდ, რაღა უნდოდა სახლში? ან რაღად უნდოდა სახლი? კიდევ უფრო მეტს ეწეოდა. მერე იგონებდა – „ვფიქრობდი, რომ აღარასდროს დავდგამდი სპექტაკლებს. …წარმოუდგენელი იყო, რომ ის გარდაიცვალა და მე დავრჩი. თითქოს ხელი ჩავიქნიე“.
„ხელის ჩაქნევიდან“ ზუსტად ერთ წელიწადში, 1981 წელს, 41 წლის პინამ ჩილელი პოეტისგან – რონალდო კეემისგან გააჩინა ერთადერთი ვაჟი – სალომონ ბაუში, რომელიც გადარჩენისა და ტკივილის მარწუხების შემსუბუქების ერთადერთ გზად იქცა მისთვის!
ამ გზიდან ყველა სახლი ისევ გამოჩნდა. აღდგა და ხელახლა გადაიდღაბნა „გაქცეულ სივრცეში“.
თავადაც მატარებლის მოძრაობას იმეორებდა თითქოს; ოღონდ იმ მატარებლის, მაქსიმალური სიჩქარე რომ აუკრეფავს და ფეხქვეშ ლიანდაგებს ვეღარ გრძნობს.
ამ გზებზე ყველგან „სიყვარული“ იყო. ყველა სპექტაკლიც ამ გზას უვლიდა ირგვლივ ან მას ეძღვნებოდა.
ერთგვარი ნოსტალგია კლავდა. მოგონებები, რომელიც სავსე იყო ბედნიერებით – უბედურებისთვის განწირული ბედნიერებით.
იმ ქალაქების შთაგონებითაც დგამდა სპექტაკლებს, სადაც თითო გადადღაბნილი ფანჯარა მაინც დატოვა; ეს იყო ბუდაპეშტი, პალერმო, სტამბოლი, ტოკიო, ლისაბონი, ჰონგ-კონგი, მადრიდი, რომი, ლოს-ანჯელესი, სეული, ვენა…
სპექტაკლი სპექტაკლს ემატებოდა.
ასე მოვიდა „გაზაფხულის რიტუალი“ სტრავინსკის მუსიკის ფონზე“. ველური წარმართული ცეკვები. გაზაფხულივით ვნებააშლილი, სიცოცხლით სავსე ქალები, სხეულზე რომ ხორცისფერი კაბები შემოტმასნიათ; სიცოცხლე, რომელიც გაშინებს, მაგრამ მაინც გიზიდავს. მერე ბრეხტისა და ვაილის ფონზე შექმნილი „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის“ დროც დადგა. რატომ შვიდი? იქნებ, როლფ ბორზიკთან გატარებული 7 წელი იქცა პინას ცხოვრების დაუსრულებელ შვიდ მომაკვდინებელ ცოდვად? იქნებ, ამ გადღაბნილ ფანჯარაშია რაიმე სიმბოლო ჩარჩენილი? ვინ იცის?
პინა ხანდახან აგრესიულიც იყო.
ისეთი ხმაურიანიც, ყურები რომ უნდა დაგეხშო გადარჩენისთვის.
ამიტომ არ უყვარდა ბევრს.
ამიტომაც წერდნენ შიგა და შიგ მუქარის წერილებსაც.
მაგრამ პინა ხომ ადამიანზე მეტი იყო? იმდენად მეტი, რომ არ გატყდა, თორემ არაფრის ისე არ ეშინოდა ომის დროს დაბადებულს, როგორც ძალადობის.
თუმცა, შეეძლო, სხვათა წვეულებები ნებისმიერ დროს ჩაეშალა, რადგან არაფერი სძულდა ხალხმრავლობასავით.
რელიგიურ თემებზეც მუდამ ტაბუ ჰქონდა დადებული. თითქოს სიჩუმის აღქმა ჰქონდა მიცემული. რაღაც მარადიულის ძიებაში იყო გატვრინული სცენაზეც და მის მიღმაც. ღმერთი მას ყოველთვის სჭირდებოდა, როგორც „მოკავშირე“ და როგორც – „ლიანდაგი“!
ის ღმერთი, სასწაულებსაც რომ ჩაადენინებდა.
ასეთ „სასწაულად“ იქცა სპექტაკლი „მიხაკებიც“.
8 000 მიხაკით იფარებოდა სცენა სპექტაკლის დაწყების წინ. ადამიანები მათ შორის ლანდებივით მიმოდიოდნენ. ცდილობდნენ, არ დაერღვიათ უცნაური ჰარმონია კაცსა და ყვავილს შორის.
პინას უყვარდა მიხაკი – ბედნიერებისა და იღბლის სიმბოლო, რომელსაც „ზევსის ყვავილებს“ ეძახიან. თავადაც ზევსის ყვავილად იქცეოდა მიხაკთა ზღვაში – იღბლიანი და მაინც იღბლიანი. ზევსის ყვავილივით ჰაეროვანი და მრავალშრიანი. მშვიდი და ადამიანთა ფეხქვეშ გათელვისთვის არაერთხელ განწირული და გადარჩენილი.
ასე „ითელებოდა“ 8 000 მიხაკიც სპექტაკლის ბოლოს ვუპერტალის თეატრის სცენაზე; ვივალდის „წელიწადის ოთხ დროს“ ძლიერი, დაკუნთული მამაკაცები განასახიერებდნენ – ოქროსფერ, ცისფერ, ყვითელ, ვარდისფერ საზაფხულო კაბებში გამოწყობილი მოცეკვავეები. პინასთვის დროს სქესი არ ჰქონდა; სქესწარხოცილად თვლიდა; არც სირცხვილის განცდა გააჩნდა პირველყოფილ ბუნებაში დროს და შიშველი ქალებიც ამიტომაც იყვნენ მიმოფანტულნი სცენის სიღრმეებში; იმ განზომილებაში მამაკაცი ქალი იყო და ქალი – მამაკაცი; დრო ორივე სქესს აერთიანებდა (იტევდა) თავის თავში.
თავისი დროც ბოლომდე დაიტია პინამ.
თავისი იღბლიანი 68 მიხაკის დრო.
უკანასკნელ საპრემიერო სპექტაკლსაც საბედისწერო სახელი ერქვა – „როგორც ხავსი ხეზე“…
თვითონ ამ ხავსზე ჩაჭიდებაც ვერ მოასწრო – პრემიერიდან 18 დღის შემდეგ ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ხუთ დღეში კი – 2009 წლის 30 ივნისს ზევსის ყვავილის მიხაკისფერი ოცნებები დასრულდა.
ვერავინ იჯერებდა.
ვერავინ წარმოიდგინა, რომ ის სიფრიფანა, ჩუმი, გენიალური გოგო, რომელიც ბოლომდე ბავშვად დარჩა – აღარ იყო…
შემორჩა მხოლოდ მოგონება 8 000 მიხაკზე – ზევსის 8 000 წარუწყმედელ ყვავილზე!
Eka Tkhilava – Zeus’s Flower, or Pina Bausch’s Carnation-Colored Dreams
This essay is dedicated to the greatest figure of modern choreographic art – Pina Bausch. The author paints a psychological portrait of the legendary dancer and her charismatic nature in a tangible way and notes that Pina was also called the “Picasso of Dance”. They were indeed similar in virtuosity and luck; just that she was never as “unbridled” as Picasso.
Bausch’s person was never fearless nor knight. She carried all human passions and sins. They creaked and trembled in the pain of everyday life, like houses or palaces “dropped from the palm of the hand”; Germany, reborn from the ruins.
Pina always emphasized that her performances grew from the inside out, and not the other way around!
She was never interested in people from the outside in.
Pina Bausch was a truly strange woman; she was more interested in what moves a person, and not in how they move.