ეკა თხილავა - ესე

„წაშალე კვალი!“

, , ,

ანუ  ბერტოლდ ბრეხტის ვნებული ანდერძი

„იზრუნე, როცა სიკვდილს გადაწყვეტ,

რომ საფლავის ქვა არ იდგეს და არ გაგცეს, სად წევხარ,

წარწერით, რომელიც დაგასმენს

და შენი სიკვდილის თარიღით, რომელიც ჩაგიშვებს“….

(ბერტოლდ ბრეხტი – „წაშალე კვალი“)

ყოველ საღამოს მისაღები ოთახის ფანჯარასთან იდგა, თურმე და დიდხანს, დაჟინებით გაჰყურებდა სასაფლაოს გზას ქუჩის მეორე მხარეს.

შემთხვევითობას არასდროს ცნობდა ბრეხტი – 1953 წლიდან   მან სიკვდილისთვის „ზრუნვა“ დაიწყო; როგორც ჩანს, იგრძნო, რომ „მოირყა“. დაიხარჯა. გამოილია.

იქნებ, ამიტომ იყიდა სახლი ბერლინის ცენტრში, საიდანაც ხელისგულივით იშლებოდა  დოროთეენშტადტის სასაფლაოს მინდვრები; სავარაუდოდ, არც ჰელენ ვაიგელთან ერთად გადასულა ახალ სახლში შემთხვევით. თავისი უცნაური და მრავალწახნაგა „ჰარამხანიდან“ სწორედ ის აირჩია მომავალი საფლავის თანამეცხედრედ.  სიკვდილის მეგზურად. იცოდა, რომ ადრე თუ გვიან აქ უნდა შემდგარიყო მათი საბოლოო და ერთგული თანაცხოვრება, რაც ასე აკლდა ვაიგელს სიცოცხლეში…

თუმცა, ბრეხტის სიკვდილამდე ჯერ კიდევ იყო დარჩენილი სამი წელი და ვაიგელსაც  14 ცარიელი, უფერული წელი ელოდა წინ ბერტოლდის აღსასრულის შემდეგაც…

***

1831 წლის 16 ნოემბრის ქარიან დღეს ქოლერის ეპიდემიისგან ფერგაცლილი ბერლინი დიდ ფილოსოფოსს – გეორგ ვილჰელმ ჰეგელს მიაცილებდა დოროთეენშტადტის სასაფლაოსკენ; ანდერძის თანახმად, მეორე დიდი გერმანელი იდეალისტის – იოჰან გოტლიბ ფიხტეს გვერდით დაიდო მან სამუდამო ბინა.

ფილოსოფოსთა არც თუ მოკრძალებულ სამარეებს ჰეგელის მეუღლის – მარია ფონ ტუხერის საფლავზე აღმართული ქვის თეთრი ჯვარი ყოფს ერთმანეთისგან… ქალის საფლავი უხერხულადაა „გაჩხირული“ იდეალისტთა შორის.

იქვე, ფიხტესა და ჰეგელის მეზობლად, წითელი აგურით ამოშენებული კედელი მოჩანს; სიძველისგან ფერდახშული ჯვრებითა და სტელებით სავსე ვრცელ მინდორზე ერთგვარ ამბოხს ჰგავს ეს სიწითლე; ამბოხს – კონსერვატორული საფლავებისა და კონსერვატორული სიკვდილის წინააღმდეგ.

ფერდებშეზნექილი შავი ქვა ვეება მთასავითაა წამომართული კედელთან, რომლის ფონზე კიდევ უფრო ცხადად იკვეთება მისი უსწორმასწორო მარცხენა კიდე, საფეხურებს რომ მიაგავს. არც ეს „მემარცხენეობა“ უნდა იყოს შემთხვევითი. 

არანაირი თარიღი არ არის ქვაზე. არანაირი წოდება. არანაირი ისტორია. არანაირი სურათი. მხოლოდ სახელი და გვარი ამოუტვიფრავთ თეთრად  ზედმეტად მომრგვალებული და მოწესრიგებული ასო-ნიშნებით. არსად წერია, რომ აქ განისვენებს XX საუკუნის უდიდესი ცინიკოსი. მარქსისტი. დიდი რეფორმატორი.  დიდი რეჟისორი. დიდი დრამატურგი. არაორდინალური პოეტი და პროზაიკოსი. მხოლოდ ის სახელი და გვარია ქვაზე, რომელიც ისედაც  ყველაფერს იტევს.

ემერსონი წერდა, ყველა კედელი კარიაო… ამ წითელ კედელსაც თავისი კარი აქვს დოროთეენშტადტის სასაფლაოზე და მას ბერტოლდ ბრეხტის სამარე ჰქვია.

ჰელენ ვაიგელის მიწაზე გართხმული  საფლავის ქვა უხერხულადაა „მიკუჭული“ წითელ კედელთან შავი მთის ჩრდილში.  თითქოს შემთხვევითაა მოხვედრილი აქ და ისიც იცის, რომ ვერასდროს შესწვდება ვეება შავ ქვას. არადა, უპირობოდ გამარჯვებულია ვაიგელი!  ბრეხტის ვნებათა ომს ერთადერთი გადაურჩა და მისი სამარისა და გვარის მარადიულ ნაწილად – ჰელენ ვაიგელ-ბრეხტად დარჩა!

ბერლინის ცენტრში მდებარე სასაფლაოს ბევრი პატივცემული და ვნებული გვამი ახსოვს  – ედუარდ ჰოფმანიდან ჰერბერტ მარკუზემდე… გაგლეჯილი გულისგან ფერშეცვლილი და ვნებაწართმეული 58 წლის ბრეხტის სხეული ჰეგელის გარდაცვალებიდან 125 წლის შემდეგ მიიბარა დოროთეენშტადტის მიწამ. შემთხვევით არ მიუჩენიათ გერმანელი იდეალისტის მახლობლად ბერტოლდისთვის   „ბინა“; გამორჩეულად ჰყვარებია იგი ბრეხტს;  ესეც კიდევ ერთი პარადოქსი – რა ჰქონდა საერთო ჰეგელთან თავზეხელაღებულ მარქსისტს?  რაში ეთანხმებოდა მას და თუ ეთანხმებოდა, რანაირი კომუნისტი იყო მაშინ?

„რამდენი ამბავია ერთად თავმოყრილი?

რამდენი კითხვაა პასუხგასაცემი?“ („მუშა კითხულობს მსოფლიო ისტორიას“)

ფაქტია, რომ უყვარდა და მთელი სიცოცხლე მიილტვოდა მის „სამეზობლოში“ დასახლებისკენ… მოახერხა კიდეც, როგორც ყველაფერი სხვა, რაც კი ოდესმე მოისურვა…

ისტორიას შემორჩა ბრეხტის სამოქალაქო პანაშვიდის ერთი უცნაური ფოტო – ბერტოლდის მოულოდნელი სიკვდილისგან დაზაფრული და გაოგნებული ადამიანების უზარმაზარი რიგი  სასაფლაოს გრძელ გზაზე დგას.   გაყვითლებულ კადრზე აუტანელი სიჩუმეა შეყინული. გვირგვინებითა და თეთრი ყვავილებითაა გადაფარული ახლადამოვსებული სამარე… ჯერ არც წითელი აგურის კედელია. არც – შავი, მთასავით წამომართული ქვა და არც თეთრი ასოებით შესრულებული წარწერა. მხოლოდ მიწაა შემოუსაზღვრელი, რომელმაც მიიბარა XX საუკუნის ყველაზე ექსტრავაგანტური გერმანელი – პარადოქსებით სავსე კაცი; თავისუფლების ერთგვარი სიმბოლო; დიქტატორი; ავხორცი მარქსისტი, რომელიც ქალებზე მეტად მარქსს ერთგულებდა; სიძულვილისა და აღტაცების ობიექტი მემარცხენეების, მემარჯვენეებისა და ცენტრისტებისთვის.

იმ დღეს გრძელ რიგში ჩამდგარ ჭირისუფალთაგან, ალბათ, ბევრს გაახსენდა, როგორ დაწვეს კოცონზე, ჰიტლერის პირადი ბრძანებით,  დიდი ფილოსოფოსების ტომებთან ერთად, ბრეხტის წიგნებიც. ფიურერი, რომელსაც ტუჩის მარჯვენა კუთხე ზიზღით ემრიზებოდა მარქსისტი ბერტოლდის ხსენებაზე, ვერ მიხვდა, რომ იმ კოცონიდან თავადვე დაბადა „ახალი ბრეხტი“ – ცეცხლში კანტთან და ჰეგელთან თანაზიარი.  ბერტოლდი მას  სძულდა; არადა, რამდენი რამ ჰქონდათ საერთო –   ნულიდან დაწყებული ცხოვრება. ქალები. ბრძოლები. თვითმიზანი. დიქტატორის ბუნება… იქნებ, ხანდახან მათი აზრებიც კი ემთხვეოდა ერთმანეთს; მაგრამ ბრეხტმა ფიურერზე უკეთ იცოდა  –  „თუ შენი აზრი სხვასთან იპოვე, უნდა უარყო“. უარყო კიდეც და გერმანიაც სასწრაფოდ დატოვა; ბერტოლდი სულაც არ აპირებდა „გმირობანას“ თამაშს. არც მოწოდებით იყო „გმირი“. თუმცა ოკეანის მეორე ნაპირიდან, სიშორით გულმიცემული, ხმამაღლაც ალაპარაკდა, „ძალაუფლება რომ პატარა ნაძირალებს დიდ ნაძირალებად აქცევს“…

ამიტომაც აღმოჩნდა ბრეხტის წიგნები თავის საყვარელ მარქსთან და სხვა დიდ ფილოსოფოსებთან ერთად ცეცხლში. ბედს ვერც ამ შემთხვევაში დაემდურებოდა ბერტოლდი…

ვინ იცის, იქნებ, მაშინ გადაწყვიტა სწორედ, რომ ოდესმე საბოლოო ბინას დიდი იდეალისტების გვერდით დაიდებდა (მაგრამ რატომ არა – მარქსის?).

სადღაც ორი ათეული წლის მერე დაადგა იმ გზას ბრეხტი; ანდერძის თანახმად, არავის უთქვამს გამოსამშვიდობებელი სიტყვა – მდუმარედ და მდუმარებაში გააცილეს ფათერაკების მაძებარი კაცი, რომელსაც ასე უყვარდა გამყინავი  სიჩუმე.

ფოტოზე გრძელ რიგში თითქმის არსად ჩანს ქალი…

თითქოს დასაჯეს… უარყვეს… მიატოვეს… მარტო დატოვეს უკანასკნელ გზაზე და მხოლოდ იმ სამიოდ ქალს –  „მიუგდეს“ თუ შეაჩეჩეს მისი გახევებული გვამი, რომელთაც დროთა მდინარებაში ღიად და ფარულად დაგლიჯეს, დაწეწეს, აკუწეს ერთმანეთი სწორედ ამ კაცისთვის.

ფოტოზე ისინი არ ჩანან – წინა დღით, 17 აგვისტოს გააცილეს თავიანთი ბერტოლდი, რომელიც ასე უყვარდათ. სტკიოდათ და მზად იყვნენ, მის ნაცვლადაც ჩაწოლილიყვნენ სამარეში.

14 აგვისტოს ზავი გამოაცხადეს ქალებმა, რადგან ომი დასრულდა – ბერტოლდ ბრეხტი მოკვდა.

მაგრამ იმ მოულოდნელად ჩამოწოლილი მშვიდობისაც ეშინოდათ, რომელსაც ასევე ბერტოლდ ბრეხტი ერქვა…

17 აგვისტოს, ალბათ, არც ერთ მათგანს გახსენებია, რომ ბრეხტისთვის უმეტესწილად იდეების წყაროს წარმოადგენდნენ –  „მზად ვარ,  განსაკუთრებული ფიქრისთვის დავთმო ნებისმიერი ქალი. თითქმის ნებისმიერი. მაგრამ ფიქრი, სამწუხაროდ, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქალი“. ამ კაცს ერთგულობდნენ. ამ კაცისთვის კვდებოდნენ. ამ კაცისთვის ანგრევდნენ წარსულსაც და მომავალსაც. უცნაურია, რომ ადრე თუ გვიან ბრეხტი აუცილებლად უბრუნდებოდა თავის რჩეულთ, როგორც უძღები მამრი და უძღები შვილი, რომელსაც დედის სუნი მონატრებია და სხვათა კალთაში ეძებს ფარულად მის ხსოვნას. და ქალებიც თითქმის მუდამ ბრუნდებოდნენ მასთან. რაღაც ქარიზმაზე მეტი ჰქონდა ბერტოლდს; გაუსაძლისი აურა, რომელიც   სამუდამოდ ითრევდა ყველას თავის ველში და გაქცევის საშუალებას აღარ აძლევდა. 

არ იყო ბერტოლდი საიმედო კაცი; არც დასაყრდენად გამოდგებოდა არც ერთი ქალისთვის, მაგრამ მაინც თავგანწირულად და უპირობოდ უყვარდათ. კაცმა არ იცის,  რა იყო ამ უპირობის მიღმა. რატომ თანხმდებოდნენ ერთ ჭერქვეშ სასიყვარულო სამკუთხედად თუ ოთხკუთხედად ცხოვრებას ბერტოლდის ცოლიცა და საყვარლებიც. ან რატომ წერდნენ მასთან ერთად თუ მის ნაცვლად პიესებს…  ერთ-ერთი იყო ფინელი მწერალი – გრეტა შტეფინიც, რომელსაც „გალილეის ცხოვრებას“ მიაწერენ. ბერტოლდი დიდხანს დარდობდა, თურმე, მის გარდაცვალებას. ვერ ვიტყვით დანამდვილებით, ჭლექისაგან გარდაცვლილი შტეფინი უფრო ედარდებოდა ბრეხტს, თუ საკუთარი თავი, ასეთი „მარჯვენა ხელი“ რომ დაკარგა 1941 წელს. თუმცა,  გასაოცარი უნარი ჰქონდა, სწრაფად ეპოვა თავისი ახალი „მარჯვენები“ – ფიქრის, წერისა და ვნებისთვის საჭირო კანდიდატები.

და რამდენი ასეთი „მარჯვენა“ ეკიდა მის „სხვენზე“ – მარიანა ცოფი, ჰელენ ვაიგელი, ელიზაბეტ ჰაუფტმანი, რუთ ბერლაუ… და ასე – უსასრულოდ… მეტ-ნაკლები გრძნობითა და დიდი ფიქრით. არც არასდროს დაუმალავს ბრეხტს, რომ –

„ცხოვრებაში ადამიანს მხოლოდ იმით გააქვს თავი,

რომ სხვებს ჩაგრავს, სულს უხუთავს, აწამებს და იხდის მონად“…  („სამგროშიანი ოპერა“).

მიუწვდომლობისა და ხელშეუხებლობის გააზრებული ახირებაც ჰქონდა ბერტოლდს – ფორთოხლისფერ ქალს (როგორც თავად ეძახდა) – კაროლა ნეერს არასდროს უახლოვდებოდა ზედმეტად; არადა, სწორედ ის მოკვდა 1942 წელს საბჭოთა გულაგში, როგორც ბრეხტის აგენტი… იქნებ, იყო კიდეც… ბერტოლდი არასდროს უვლიდა შორი-ახლო ქალს (არ იყო მისი სტილი).  და ეს მიუწვდომლობაც, სავარაუდოდ, იმიტომ „გამოიგონა“, რომ აგენტთან სარეცლის გაყოფა სიკვდილის ტოლფასად შეიძლებოდა ჰქცეოდა. სიკვდილისთვის კი არასდროს ემეტებოდა თავი! ამიტომაც არ დაიცვა სტალინისგან კაროლა ნეერი და არც ქალის უპატრონოდ, ობოლთა თავშესაფარში დარჩენილ შვილზე უდარდია. ზოგადად, დარდი არ იყო ბერტოლდის ძლიერი მხარე. სხვისთვის წუხილისთვის არასდროს ეცალა. არც იმ კითხვებზე პასუხით იღლიდა თავს, გზადაგზა რომ ჩნდებოდა მის ირგვლივ.  დუმდა ნებისმიერ ბრალდებაზე. სიგარას აბოლებდა; ეშმაკურად იღიმოდა და ტყავის ქურთუკის აწეულ საყელოში მოხერხებულად „იჩურთებოდა“.  ბრეხტისეული მდუმარების მიღმა ძნელი იყო პასუხის პოვნა.  ამ გადასახედიდან აზრიც აღარ აქვს იმის გარკვევას, რამდენად იყო იგი საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტი…  იქნებ,  მხოლოდ მარქსის სიყვარულისთვის მიანიჭეს 1954 წელს საერთაშორისო სტალინური პრემია „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისთვის“…  არადა, სულაც არ იყო „მშვიდობის“ კაცი ბერტოლდი; მეტიც, მშვიდობის თავადაც მუდამ ეშინოდა… ომისა უფრო გახლდათ… იქ იყო მისი სტიქია. ცეცხლი. უყვარდა ომის ხმაური, თუმცა ბრძოლის ეპიცენტრს მუდამ ერიდებოდა; ამიტომ „დაიძვრინა“, მამის დახმარებით, პირველი მსოფლიო ომისგანაც თავი – სანიტრად დარჩა აუგსბურგის სამხედრო ჰოსპიტალში. იქ ნახა პირველად კაცის ხორცსა და მიწაში აზელილი სისხლი. დენთის სუნით გაჟღენთილი სამხედროები. მომაკვდავი პირტიტველა ბიჭები. 1918 წელს შეუყვარდა ომი, როგორც ქაოსი, იმედი,  ძალა… მაგრამ პირველად ნანახმა სიკვდილმაც შეაშინა ახალშეღინღლული; ომის სუნით შეშფოთებულს სადღაც „გადამალული“ ღმერთიც კი გაახსენდა. ლექსი – „ლეგენდა მკვდარ მეომარზე“ 20 წლისას დაუწერია… ვინ იყო ის ბიჭი, ასე რომ შეძრა ბერტოლდი მისმა სიკვდილმა, უცნობია. არადა, ბრეხტი იშვიათად ყოფილა შეძრწუნებული სხვისით;  ბოლომდე გაჰყოლია სამგლოვიარო პროცესიას – 

„ორი სანიტარი უკან მიჰყვებოდა ცხედარს სასაფლაოს გზად.

ფხიზლად დარაჯობდნენ, რომ მეომარი არ ჩამსხვრეულიყო სამარეში მტვრად.

ღმერთო, დაიფარე…“ („ლეგენდა გარდაცვლილ მეომარზე“)

იქ, მეომრის დაკრძალვისას, როგორც ჩანს, ბრეხტიც „მოკვდა“ და ხელახლა დაიბადა უღმერთო, უსისხლო, გულგრილ ბიჭად, რომელმაც იცოდა, რომ ომი მისია, ოღონდ – შორიდან. ძალიან შორიდან, რომ სიკვდილს გარიდებოდა. ღმერთის იმედი იმ დღიდან აღარ ჰქონდა…

მშვიდობას, როგორც უძრაობას, ყოველთვის გაურბოდა ბერტოლდი. თუმცა „ბერლინერ ანსამბლეს“ფარდას მაინც პიკასოს „მშვიდობის მტრედი“ „მიახატა“. ვინ იცის, ეგებ, მტრედზე მეტად ის კვაზიკომუნისტი პიკასო აინტერესებდა,  მასავით ცინიკოსი რომ იყო;  ხმაურის, ომის, ქაოსის კაცი და ქალებით „მოთამაშე“… კიდევ ერთი რამ აერთიანებდათ ბრეხტსა და პიკასოს – 1962 წელს პაბლოც დააჯილდოვეს სახელშეცვლილი საერთაშორისო ლენინური პრემიით – „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისთვის“, მაგრამ ბრეხტი ამას ვეღარ მოესწრო… თავისი ომები მას უკვე დასრულებული ჰქონდა დოროთეენშტადტის სასაფლაოზე. სიცოცხლეში კი, პიკასოსავით, ქალებს იყენებდა ყველა ბრძოლაში ფარად და მახვილად; ძირითადად ისინი იბრძოდნენ და კვდებოდნენ მის ნაცვლად ან მასთან ერთად.

ამოუხსნელია, რატომ ენდობოდნენ ასე ბერტოლდს? ან თუ ენდობოდნენ საერთოდ?

ცხადია, რომ მისი „ტყუილების თეორია“ ალილუიასავით ჰქონდათ გაზუთხული, მაგრამ, როგორც ჩანს, ბრეხტიანული სიცრუე მაინც ბევრად უფრო მომხიბვლელი და უსაფრთხო იყო, ვიდრე -სინამდვილე.

ამიტომ იზილება დღემდე ბრეხტის ირგვლივ რეალური და ირეალური; ნამდვილი და ყალბი. ზნეობრივი და უზნეო. ლეგენდა და ზღაპარი. 

ამბობენ, რომ „მსხვერპლს“ დიდხანს აკვირდებოდა შორიდან ბრეხტი. მტაცებლის ინსტინქტური სიფრთხილით უახლოვდებოდა. კარგა ხანს ფიქრობდა. მისი მასკულინური ქალები ერთმანეთს ჰგავდნენ – ძლიერები და გონიერები იყვნენ მუდამ. სუსტნი და უმწეონი ბერტოლდს პრინციპულად არ სჭირდებოდა. აქეთ ეძებდა თავშესაფარს. აქეთ საჭიროებდა ზრუნვას. თუმცა მისი „ნავსაყუდელი“ არასდროს იყო მარადიული – არავისთან ჩერდებოდა დიდხანს. ყოველთვის  თავგადასავლებისა და თავშესაფრის ძიებაში იყო ახალი იდეებისა და გზების საპოვნელად.  ამ გზებზე კი ქალები – გონიერები და ძლიერები – არასდროს ილეოდნენ…

„არ გააღო, ო, არ გააღო კარი“…

„მოძებნე ბინა და როცა შენი ამხანაგი დააკაკუნებს,

არ გააღო, ო, არ გააღო კარი“…

( „წაშალე კვალი“)

ბრეხტი დახურული კარის კაცი იყო. ერთგული ჯარისკაცივით დარაჯობდა საკუთარი კარის სიმშვიდეს. პირველი მსხვერპლი  მამა აღმოჩნდა – ფრიდრიხ ბრეხტი, რომელსაც თავადაც ასე ჰგავდა მოუსვენრობით.  მიზნისთვის ყველაფრის გაღებით. სიმტკიცით. რთული და წინააღმდეგობრივი ხასიათით. გონით.

ფრიდრიხმაც არაფრისგან შეიქმნა თავიცა და კაპიტალიც. არაფრისგან მოახერხა ქაღალდის ფაბრიკის დირექტორობა – დიდძალი კაპიტალის დაგროვება.

ბერტოლდს მეტი უნდოდა. ფულად კაპიტალზე მეტი. ამიტომ აჯანყდა, როგორც სჩვევიათ ხშირად მდიდართა შვილებს. ერეოდა და ვერც ერეოდა მამას. სძულდა თავისი კონსერვატორული ოჯახი, რომელიც ახსენებდა, რომ ასეთად შეიძლებოდა თავადაც ქცეულიყო.

ამიტომ გაიქცა. წავიდა. გაერიდა სახლს და სამუდამოდ გაიხურა მისი კარი. ბერტოლდი მეტისთვის იყო დაბადებული – ჰეგელის გვერდით სამუდამო ბინის დადებისთვის ემზადებოდა;

მაგრამ ბედისწერაც უცნაურად ეთამაშებოდა – მამა მაინც მთელი სიცოცხლე „დაჰყვებოდა“ თან. ყველა ფურცლიდან უყურებდა ქაღალდის ფაბრიკის დირექტორი. თავს ახსენებდა და აწამებდა.  მძიმე სახსოვრად ექცა ბერტოლდს ფურცელი, რომელსაც ვერასდროს გაექცა. ან კი სად უნდა გაჰქცეოდა მამას?

ზნეობრიობა, როგორც კონსერვატორული აზროვნების ნაწილი, ზედმეტი ტვირთი აღმოჩნდა ბრეხტისთვის. ამიტომ ყველაფერს იშორებდა და ტოვებდა გზა და გზა, რაც ხელს უშლიდა სხვა კარში გასასვლელად.

კომუნისტადაც, იქნებ, ამ გზამ აქცია – გზამ, სადაც ნაკლებია მორალი, ღმერთი და მეტია თავისუფლება; რა უფრო ადარდებდა ბრეხტს – სოციალური უთანასწორობა თუ პირადი მორალისგან „განწმენდის“ სურვილი? მდიდართა სიძულვილი თუ ღარიბთა მიმართ ერთგვარი ცინიკური გულმოწყალება?

არ იყო ბრეხტი „წმინდა“ კაცი. ან იმდენად წმინდა იყო, რომ საკუთარი ხელით დაგლიჯა, მოსპო, გაანადგურა თავისი მრწამსი.

ბრეხტი ადამიანს მუდამ სჯიდა. დასცინოდა. კუთხეში ამწყვდევდა.  აწამებდა და მერე რაღაც სადო-მაზოხისტური სიამოვნებით აკვირდებოდა შორიდან… განსაკუთრებით დედებს სწირავდა – შვილებს ან უკლავდა, ან „ღარიბებზე“ უჩუქებდა მათ.

ასე სჯეროდა –

„თუ შენ მშობლებს გადაეყარე ქალაქ ჰამბურგში ან სხვაგან,

ჩაუარე, როგორც უცხომ, კუთხეში მოუხვიე, არ გამოეცნაურო,

ჩამოიფხატე სახეზე ქუდი , რომელიც მათ გაჩუქეს,

არ აჩვენო, ო, არ აჩვენო შენი სახე,

არამედ წაშალე კვალი“…. („წაშალე კვალი“)

იქნებ, არც არავის ისე არ დაუტანჯავს დედა, როგორც ბრეხტს… დახურულ კარში ჩატოვა ისიც… ყველა კვალი წაშალა… იქნებ, ბერტოლდი თავისი „ჰარამხანის“ ქალებისგანაც იმიტომ გარბოდა, ზედმეტად არ შესჩვეოდა მათ. დედური მზრუნველობა არ „გასტკბობოდა“ და უნებლიედ აუგსბურგთან არ დაებრუნებინა მონატრებასა თუ ნოსტალგიას.

არადა, ბედისწერა ხშირად დასცინოდა  – აუგსბურგში, რაინის 7 ნომერში მდებარე უზარმაზარ, მოსაწყენ ნაცრისფერ სახლში, სადაც ბერტოლდი დაიბადა, მისი მუზეუმია და „ბრეხტის სახლადაა“ ცნობილი… ვინ იცის, სწორედ აქ უნდა იყოს მისი მუზეუმი – შესაძლოა,  ამ ნაცრისფერი კარის მიღმაა შემონახული ის გაცრეცილი ქუდიც, ოდესღაც რომ საშობაო საჩუქრად დახვდა ნაძვის ხის ქვეშ პატარა ბერტოლდს… იქნებ, მაშინ ისწავლა „დამალვა“ ბიჭმა მშობლების სახსოვარში…

ვინ გაუგებს ბრეხტს – კომუნისტიც რომ (ალბათ) მამის დასაცინად გახდა. ვერც ვერავინ. თუმცა, მთავარია, არ დაგვავიწყდეს, ნუ დავაკაკუნებთ ბერტოლდის კარზე. მას ეს არ მოსწონს…

ქუდი

„ნებისმიერ სახლში შედი, როცა წვიმს და დაჯექი ნებისმიერ კარზე,

რომელსაც იშოვი, მაგრამ ნუ იჯდები დიდხანს! და ქუდი არ დაგრჩეს!“

(„წაშალე კვალი“)

ახალგაზრდობაში შავ კეპს ატარებდა ბრეხტი, მაგრამ არა როგორც სინდისის  ქუდს. ასეთ ტვირთს დიდად არ საჭიროებდა;  უფრო მარქსისტული „იმიჯისთვის“ თუ მოირგო სიგარა, ტყავის ლაბადა და კეპი. 

ბრეხტი რთული „გამოსაცნობია“. ძნელი გასარკვევია, სად იწყება მისი ტყუილი და სად – სიმართლე… მხოლოდ ლექსებშია გაბნეული ალაგ-ალაგ  „ნამდვილი“ ბერტოლდი; იქ ყველა ფრაზა, სიტყვა, ამოსუნთქვა მისია; აგრესიულია, შეუწყნარებელი და მოძალადე. ბრეხტიანულად უხეშიცაა, გარყვნილიცა და შოკისმომგვრელიც… მდაბიოთა უბნის მძაღე სუნი ასდის. 

ნამდვილი მარქსისტივით სძულს ყველაფერი ღვთიური და ებრძვის მას –

„სულაც არ არის ადვილი ანგელოზის ცდუნება.

მიდი, სადარბაზოში შეათრიე.

… და ღვთის გულისათვის,

შეეცადე, ფრთა არ მოსტეხო“… („ანგელოზის ცდუნების შესახებ“)

ბრეხტი თან ძალადობს და თან დასცინის „მსხვერპლს“, რადგან რეალურად არაფერი ისე არ ართობდა, როგორც სხვათათვის „ფრთების“ დამტვრევა.

არადა, იმ კაცსაც „ეძინა“ ბერტოლდში, ნიუ-იორკის ძველ უბანში „ყოველ საღამოს რომ დგას ზამთარში და აგროვებს საწოლებს უსახლკაროებისთვის“… თუმცა, დიდხანს არასდროს აძლევდა სისუსტის უფლებას თავს; იქვე ასამარებდა საკუთარ გულმოწყალებას –  „ეს ვერ შეცვლის სამყაროს. ეს ვერ გარდაქმნის ურთიერთობებს ადამიანთა შორის“ („ღამის საწოლი“).

ეპიკური თეატრის შემქმნელმა ბრეხტმა მაინც იპოვა სამყაროს შეცვლის გზა „ბერლინერ ანსამბლესთან“ ერთად.  „სამგროშიანი ოპერით“, „კორიოლანოსით“, „არტურო უის კარიერით“, „სეჩუანელი კეთილი ადამიანით“,  „დედა კურაჟითა“ თუ „კავკასიური ცარცის წრით“ ახალი მორალი დაამკვიდრა, ახალი ზნეობა, ახალი იდეალები და ახალი ურთიერთობები ადამიანთა შორის…

დღემდე მნიშვნელოვანწილად კვლავ ამ ურთიერთობებზე დგას  მსოფლიო თეატრი;  ბერტოლდი ისევ ახსოვთ. ისევ ბრენდულია მისი პოლიტიკური თეატრი; ისევ ცდილობენ, ახალი კუდები მოაბან მოუხელთებელი კუდიანის „თეატრალურ პოეტიკას“, ისევ ჩაჰკირკიტებენ მისეულ „პატარა ორგანონს თეატრისათვის“, ისევ იმტვრევენ თავს ანტიარისტოტელური თეატრის ბრეხტისეულ მეთოდზე, ისევ უყვართ ან სძულთ.  ისევ დგამენ. ისევ აქცევენ ზურგს  და  ისევ გარბიან  მისგან. 

ცნობილმა რეჟისორმა – თეოდორ თერზოპულოსმა ექვსჯერ დადგა ბრეხტი. მერე ისიც დაიღალა ბრეხტითა თუ ბრეხტის ენერგეტიკით და მიატოვა. გაუბრაზდა – შექსპირისა და სოფოკლეს ღალატიც დააბრალა. ინანა, რომ ახალგაზრდობაში მზად იყო, მისთვის მომკვდარიყო.

ასეა – დიდ სიყვარულს მუდამ მოჰყვება იმედგაცრუებისა და გაქცევის სურვილი.

თუმცა, ვის არ მიუტოვებია ბერტოლდი და ვინ არ დაბრუნებულა მერე მასთან? ვის გაუძლია ბრეხტის გარეშე?

„გეუბნები მე შენ – წაშალე კვალი!“

„ახალგაზრდობაში ვეძებდი მოხუცს,

რომელიც დამთანხმდებოდა, ჩემთვის ესწავლებინა;

მაგრამ რაც დავბერდი, ვეძებ ახალგაზრდას,

რომელიც დამთანხმდება, რომ მე მასწავლოს.“..

(„მასწავლე მე“! )

სიცოცხლის ბოლო წლებში უცნაურად „ჩამოიშალა“ ბერტოლდი. ჩამობერდა. ხელჯოხითაც უჭირდა სიარული. მარცვლისოდენა თვალებშიც იკლო ცეცხლმა. ჰელენსაც თითქმის ვერ ხედავდა – სახლის სხვა ფლიგელში ცხოვრობდა ქალი – ცალკე შესასვლელით. ბრეხტი ამაზეც დასთანხმდა, რადგან აღარც მარტოობა ტანჯავდა და ჰელენიც იქვე იყო – ხელის გაწვდენაზე. ერთ ჭერქვეშ ცალ-ცალკე ცხოვრება მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ ორივესთვის მოიტანდა სიმშვიდეს. სასადილო ოთახში წერილობით იწვევდა, თურმე, ბერტოლდი ჰელენს; ისიც წერილობით სცემდა პასუხს. პაემნებისგან შორს იქნებოდა ეს „შეხვედრები“ – ვნებებისა და გიჟური აღმაფრენებისგან დაცლილი. მაგრამ ჰელენ ვაიგელი განთქმული მზარეულიც იყო. იქნებ, ბერტოლდთან, რომელთანაც მხოლოდ კედელს იყოფდა, სამზარეულოს ვნებები მაინც აკავშირებდა ბოლო წუთებამდე, რომელიც უკვე ახლოვდებოდა.

ბრეხტის სასიკვდილო გზა, ბედის ირონიით, „გალილეის ცხოვრების“ რეპეტიციიდან დაიწყო და 14 აგვისტოს ღამით დასრულდა 5 წუთით ადრე შუაღამემდე. დიდი მეამბოხე  თავის კელიასავით უბრალო, პატარა ოთახში აღესრულა.

17 აგვისტოს, ანდერძის თანახმად, მხოლოდ „ბერლინერ ანსამბლეს“ მსახიობებმა და უახლოესმა მეგობრებმა მიაბარეს მიწას ბრეხტი. მისი არც ცხედარი და არც კუბო არავის უნახავს მათ გარდა. სამოქალაქო პანაშვიდი მხოლოდ მეორე დღეს გაიმართა დოროთეენშტადტის სასაფლაოზე – ორასწლოვანი კარი ასობით ბრეხტიანელსა და არაბრეხტიანელს გაუღეს. თუმცა, იქ  ბევრი აღარაფერი იყო სანახავი –

გაშლილ ველზე, უამრავ გვირგვინთა შორის, ბერტოლდ ბრეხტს თავისი კვალი უკვე წაეშალა…

P.S.  ბრეხტის სამარესთან თაყვანისმცემლები კალმებს ტოვებენ. თუ თქვენც გადაწყვეტთ  ოდესმე დოროთეენშტადტის ძველისძველი ჭიშკრის შეღებას, არ დაგავიწყდეთ, წაუღოთ ბერტოლდს ფერადი კალმები! მას ისინი უთუოდ სჭირდება…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…