„გრიგალმა სოფელს გადაუარა
და ერთ ღამეში
სილამიწის გორაკი დადგა.
საფლავი?
ვისთვის?“
ისიკავა ტაკუბოკუ
„აგერ, ა“, სულ რაღაც 126 წლის წინ დაიბადა თორნტონ ნივენ უაილდერი – ამერიკელი დრამატურგი და რომანისტი.
მაშინაც აპრილი ყოფილა – 17 აპრილი. და მაშინაც აუცილებლად იქნებოდა იქვე, სადმე აყვავებული გლიცინია, თავის ტკივილს რომ იწვევს ხანდახან…
მედისონში დაბადებულა თორნტონი – მენდოტასა და მონონას ტბებს შორის –
ინდიელებივით ტაატითა და საკრალური სიმშვიდით რომ თქაფუნობენ დღემდე…
„აგერ, ა,“ ახლაც ისმის მათი ტალღების ხმა…
ამ ნაპირებთან აიდგა ფეხი ამ რთულ გვარ-სახელიანმა კაცმაც – თორნტონ ნივერ უაილდერმა – სამი პულიცერი რომ მიუმატა – დღევანდელი გაგებით – თავისი CV-ს ჩამონათვალს…
„ჩვენი ქალაქიც“ იყო მათ შორის –
ჩვენი ქალაქი ანუ მედისონი – მონონას ტბის პირას…
ჩვენი ქალაქი ანუ – ქუთაისი – მდინარე რიონის პირას, გამომშრალი და კარიესისგან ყბაატკივებული, გასივებული ქვებით რომაა სავსე…
რითაა ნაკლები ჩვენი ქუთაისი მედისონზე?
გლიცინიები აკლია, ტბები და მდინარეები თუ აგერ, მედისონელების გულის გასაგლეჯად, „მარცხნივ, სოლომონ მეფის ცაცხვი არ შრიალებს“?
(სოლომონ I-ს ვგულისხმობ, ცხადია, თორემ სოლომონ II-ს ბაბუაჩემის ბაბუაც კი მოესწრო – ბასილა…)
დღესაც ცხონებული სოლომონის დარგულ ცაცხვებთან იფიცებს სინდისს ყველა ძველი და ნამდვილი ქუთაისელი…
ძველი, თორემ ახლები, კაცმა არ იცის რატომ და, ცაცხვებს სულაც არ სწყალობენ; მაგრამ ის კი გაუგიათ, იქ, რიონისპირს ყველაზე დიდი ხე რომ ყველაზე უცნაურმა იმერელმა მეფემ ჩარგო სამასი წლის წინ იმის იმედად, რომ ბაგრატიონებივით უსასრულოდ იშრიალებდა ცაცხვიც…
სამეფო გვარზე დიდხანს გაძლო ხემ, ფესვებში რომ საიდუმლო გვირაბი ჩაუკირეს –
აი, ის გვირაბი, პირდაპირ ამერიკაში რომ გადის, მონონას სანაპიროსთან – ბრჭყვიალა და ზედმეტად გათანამედროვებულ მედისონში. არადა, როგორ არ უხდება ამ ქალაქს ეს თანამედროვეობა…
ასეა გადაბმული ერთმანეთს ქუთაისელი ცაცხვი და მედისონელი წითელი ფიჭვი…
აგერ, ორი ომით გადაქანებული მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ამ გვირაბის გაყვანის ამბავი…
ცხონებული თორნტონი შვიდიოდე წლის გარდაცვლილი თუ იქნებოდა მაშინ – 78 წლისა მიიბარა უფალმა 1975 წელს.
1983 წლის 8 თებერვალს კი, დავითობას, თბილისში, ცივსა და სუსხიან ამინდში ასობით ადამიანი მიაწყდა კინომსახიობთა თეატრს მიხეილ თუმანიშვილის უცნაური სპექტაკლის – თორნტონ უალდერისა და რეზო გაბრიაძის მიერ გადმოქართულებული პიესის – „ჩვენი პატარა ქალაქის“ – სანახავად… მანამდე დადიოდა ხმები, რომ იმ კარს მიღმა რაღაც სასწაული იწყებოდა… ან როგორ არ იქნებოდა სასწაული, როცა ერთად გადაიკვეთნენ უაილდერი, გაბრიაძე და თუმანიშვილი… მერე დაიწყო რაღაც არნახული, უცნაური, ტკბილ-მწარე ამბები – თავდავიწყებული სიცილიდან თავდავიწყებულ ტირილამდე…
ამბები მედისონიდან ქუთაისამდე… და ქუთაისიდან მედისონამდე…
მით უფრო, რომ ქუთაისს მედისონივით უყვარს უძღები შვილები.
უფრო მეტიც, ამ ქალაქებში სხვანაირად დგება ეს უძღებობაც – შვილებს კინწისკვრით უშვებენ რიონისა და მონონას ნაპირებიდან… იძულებითაც კი, რომ დაიკარგონ. გადაიკარგონ. იპოვონ. დაკარგონ. მოკვდნენ. გაცოცხლდნენ. მაგრამ არასდროს დაბრუნდნენ შინ… ამ დაუბრუნებლობაშია მთელი მისტიკა… თითქოს მონონასა და რიონის პირას გამოცვლილ კანს ვეღარ ეგუება ვეღარასდროს შინ დაბრუნებული სხეული – ვეღარ ირგებს… და რაც უფრო უძღებია შვილი, მით მეტი ფერი მოაქვს პირველქალაქისთვის – მით მეტი გვირაბი გაჰყავს ქუთაისიდან თუ ძუყნურიდან მედისონამდე თუ ჩიკაგომდე…
ასე „გათხარა“ „არალეგალური“ გვირაბი სოლომონის ცაცხვიდან მედისონის შეჭაობებულ გარეუბნამდე რეზო გაბრიაძემაც. არც ოქროს ჩარდახის ის ტოტებშელანძღული ხე იყო შერჩევითი არჩევანი, ცხადია – მდინარის პირას გადმოპორწიალებული აივნები სწორედ აქედან ჩანს ყველაზე კარგად… კოხტად დაგვილი და დასუფთავებული ეზოებიდანაც აღწევს სულ სხვანაირად აყივლებული მამლების ხმა, რიონის დგაფუნს რომ მიაგავს რაღაცით – ერთი ორს წინასწარ შეემზადებიან ქუთაისელი მამლები – თითქოს აზმორებენო და სხარტად წამოიყივლებენ – გათენდაო… ზუსტად ასეთი მამლებია გვირაბის მეორე მხარესაც – ოღონდ მონონას ტბასავით ხავერდოვანი ხმა ტაატით, სვენებ-სვენებით ამოსდით ყვითელი სიმინდისგან შესუქებული ყელიდან ამერიკელ მამლებს…
იქაც კი იპოვით ზუსტად ისეთ აფთიაქს, საფიჩხიის ასახვევის კუთხესთან რომ არის უხსოვარი დროიდან და ყველაფერი იყიდება – შაკიკის წამლიდან დაწყებული ველოსიპედის ბორბლის გასაბერი ნასოსით დამთავრებული…
იქაც დადის დარბაისლური სიდინჯითა და ოდნავ შელანძღული თეთრი შარვალ-კოსტიუმით ექიმი დიმიტრი – ოდნავ სახე და სახელცვლილი…
იქაც დასეირნობდა კაბრიოლეტით მერილინ მონრო (ალბათ) და ჩვენშიც გვიქნევდა შემპარავი ღიმილით ხელს გრიშაშვილი ეტლიდან; სხვათა შორის, დაუჯერებელია, მაგრამ, ნატა ვაჩნაძეც კი ესროდა დასიცხულ ქუთაისელებს ქუთაისურ ჩაის ვარდებს იმ ეტლიდან, თურმე…
ამერიკაში თუ იწონებს ქალაქი მედისონი თავს რევოლუციური თაობის ერთ-ერთი პირველი მამის – თომას მიფლინის სახელობის მოკირწყლული ქუჩით, არც ჩვენ გვაკლია რევოლუციონერები თუ ესესელები… აგერ, ახლანდელი სოლომონ პირველის ქუჩამ მოსე ურიცკისა ჩაანაცვლა… რამდენი დამთხვევა და სიმბოლოა ერთად… რამდენი შემთვრალი ქუთაისელის ჩახლეწილი ხმით ნამღერი – „სიცოცხლე ვოროშილოვს“ ახსოვს ესესელის ქუჩის რევოლუციურ წარსულს სოლომონამდე…
ტრიალებს ისტორია და ტრიალებს დედამიწაც…
აგე, ერთი ნიჭიერი კაცი წერდა ამას წინ გაუცნობიერებელ ასოციაციებზე – რეზო გაბრიაძის პერსონაჟები, სცენარები და სპექტაკლები ვუდი ალენისას ჩამოჰგავს დახვეწილი და ექსცენტრული იუმორითო…
არადა, თავიდან სულ არ უჩანდა კარგი პირი ამ გვირაბის გაყვანის იდეას…
უფრო მეტიც – ამ იდეის მთავარ ფიგურანტს – მიხეილ თუმანიშვილს უაილდერი ისე მოსწონდა, ხელის ხლება ენანებოდა, თურმე… წერდა – კიდევ ერთხელ გადავიკითხე „ჩვენი პატარა ქალაქი“. რა კარგია და რა – უბრალო. საჭიროა კი რამის გამოგონებაო?
იყო… როგორ არ იყო –
ამერიკული სიცოცხლეცა და სიკვდილიც რაღაცით ჰგავს და ბოლომდე მაინც ვერ ჰგავს ჩვენსას…
ამერიკული და აქაური ოცნებაც არაა მაინცდამაინც თანხვედრაში…
ამერიკული სახლიც სხვაა…
უფრო სწორედ, სულ სხვაა –
ვერ ვპოულობ ქალაქის სახესო – იტანჯებოდა მიხეილ თუმანიშვილი. „ჭამდა“ ხილვები – ასე ახლოს რომ იყო და ხელიდან უსხლტებოდა…
აგერ, ნისლში ხედავდა ბაღით დაფარულ ნანგრევებს… ბუჩქნარს… შამნარმოკიდებულ სასაფლაოს…
მაგრამ სად იყო ეს საფლავი? ეს დანგრეული სახლი? ეს ქუჩა??? „ოდესღაც აქ ცხოვრობდნენ. საკერავი მანქანა „ზინგერით“ კერავდნენ… ახლა კი ყველა წასულია“…
რა იყო ამ გარემოში ასეთი მშობლიური?
იპოვეს… მიაგნეს… აგერ, ა, აქვე, მწვანეყვავილას სასაფლაოზე ამოყვეს თავი…
გინახავთ ოდესმე მწვანეყვავილას სასაფლაო – ქუთაისის ყველაზე მაღალ გორას რომ შეჰფენია?… აქედან იწყება „ჩვენი პატარა ქალაქი“ – მელიტონ ბალანჩივაძით, ვასილ ამაშუკელითა თუ ვალერიან მიზანდარით… აქაა დამარხული ქალაქის სევდიანი, ცოტა აბსურდული წარსული… გამთენიისას, ნისლი რომ თითქმის ბოლომდე გადაიწმინდება მწვანეყვავილას თავზე, „კათოლიკების ეკლესიის ჟანგიანი სახურავიც“ მოჩანს სასაფლაოდან.
არც თუ ისე შორეულ წარსულში იმ გორაკზე, მედეასა და იასონის ნაკვალევზე, ნესტანიც დარბოდა (ნინო ბურდული). აი, ის „თვალხატულა გოგო“ „ჩვენი პატარა ქალაქიდან“ – შუასაუკუნეების ევროპის კლასობრივ სტრუქტურაზე რომ კითხულობდა მოხსენებებს სკოლაში და სიტყვები წყაროს წყალივით მოედინებოდა პირიდან… ო, როგორ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მასწავლებლები… როგორ დიადს – ამერიკული და საბჭოთა სინამდვილის სადარს… და თავადაც როგორ სჯეროდა, რომ მთელი სიცოცხლე მოხსენებების წასაკითხად იყო დაბადებული…
ეს უთუოდ გაბრიაძის „საბჭოური“ ოინი იყო, თორემ მონონას ტბის ნაპირებთან რომელი ამერიკელი გოგო იოცნებებდა ან იოცნებებს ისე მომხსენებლობაზე?
თუმცა, ნესტანი მარტო მომხსენებლის პროფესიაზე არ ოცნებობდა… ამერიკელი მოზარდივით მასაც შეუყვარდა ერთი აწოწილი კალათბურთელი და შესაბამისად, ქალაქში ყველაზე პოპულარული ბიჭი – ქუთაისურად გიორგი და ამერიკულად – ჯორჯი (გოგა პიპინაშვილი); მერე რა, რომ მათემატიკაში, მსუბუქად რომ ვთქვათ, მოიკოჭლებდა ბიჭი – კილოგრამებსა და სანტიმეტრებს ურევდა ერთმანეთში… სამაგიეროდ, კარგი ოჯახიშვილი იყო – ცნობილი ექიმის – დიმიტრის (რეზო იმნაიშვილი) უფროსი ვაჟი… და დიმიტრიც განა მხოლოდ ექიმი იყო? როგორც ყველა საბჭოელ ინტელიგენტს, მასაც ჰქონდა პრეტენზია ისტორიკოსობაზე… ისტორიის კარგ ცოდნაზე… სპექტაკლი ისე სრულდება, ბოლომდე გაურკვეველია, მეორე წიგნი პეტრე ბაგრატიონზე დაასრულა თუ არა დიმიტრიმ…
თუმცა, მთავარი ამ ამბავში ფაქტი კი არა, ექიმის აკვიატებული ოცნებაა; არ იყო საფუძველს მოკლებული მეუღლეზე პროვინციულად შეყვარებული ცოლის – ნინას (დარეჯან ჯოჯუა) ღელვა და მღელვარება – დიმიტრის ბოროდინოს ველზე სურს გაგიჟებით წასვლაო – ცხონებული პეტრეს სულის განტევების ადგილზე („აბა, სად მოკვდებოდა სხვაგან ბაგრატიონი?“)… წიგნის დასასრულებლად დიმიტრის მხედართმთავრის უკანასკნელი ამოსუნთქვა უნდა შეეგრძნო რამენაირად…
კაცმა არ იცის, შეეწირა თუ არა ისტორიკოსი ექიმის, საამაყო სიძის აკვიატებულ იდეას სიდედრის სოფლად დანასისხლად გამოზრდილი ღორი… თუმცა, დიმიტრის არც ამ ჩვენს პატარა ქალაქში აკლდა თავისი ბოროდინო და ბოროდინოზე დანთებული ცეცხლი…
თან როგორ უყვარს პატარა ქალაქს ომები… ჭიდილი. ვნებები… ცრემლები… კამათი… დიდი პოეტების ეტლში შებმა – ცხენების ნაცვლად… შერიგება… გადაძახილი… მასკულტურა… ერთად – ერთ ოჯახად ცხოვრება და თანაცხოვრება…
ასეა კი…
ნესტანისა და გიორგის ამბავშიც იყო უთუოდ გარეული ეს სამეზობლო თანაცხოვრების კოდი… მხოლოდ ძუყნურსა და ქუთაისში ბაფთიან გიტარაზე ჩამოწრეტილი „ჩემი გული შენი გული“ არ უნდა ყოფილიყო დამნაშავე მაგ ამბავში… მოხსენებების დათმობა არასდროს ყოფილა იოლი საქმე – არც გვირაბის აქეთა მხარეს და არც იქეთ – მონონას ნაპირებთან…
პატარა ქალაქებში დიდი სიყვარული შეუძლიათ…
აგერ, მხატვარი არჩილი (ზურაბ ყიფშიძე) – პუჩინის თაყვანისმცემელი, ქეთოს (ნინელი ჭანკვეტაძე) ძმა, ნესტანისა და თენგიზის ბიძა – განა სიყვარულმა არ აქცია მაწანწალად? უარი არ ათქმევინა ცხოვრებაზე? არჩილს, გულგატეხილს, პატარა ქალაქში მიტოვებულს, დაუტოვა ვინმემ არჩევანი?
„ელისაბედ, ელისაბედ, გოგო“… რა უნდა აქ უშენოდ არჩილს?
სად წახვედი?
ან როგორი იყავი ნეტა? რა ფერის თმა გქონდა? თვალები?..
ალბათ, შენც „უძღებ შვილად“ იქეცი, ელისაბედ… შორს წახვედი რიონისპირიდან და უკან ვეღარ დაბრუნდი… არჩილთან… ვეღარ მოირგე პროვინციისა და პროვინციელის კანი…
თორნტონ უაილდერს რომ დავესესხო, დიდი ქალაქის კანი გადაგეკრა კბილებზე…
უფრო დამშვენდი და უფრო გაიზარდე…
ისე გაიზარდე, რომ არჩილი ჩაიკარგა ამ სიდიდეში… მოკვდა. შენში მოკვდა, თორემ, ისე დიდხანს დაათრევდა ნამეტანი სიყვარულისგან გალეულ გულს ბინძურ დუქნებში…
ნესტანსაც გამოჰყვა, ალბათ, ქვეცნობიერად, ბიძის შიშები – სიყვარულის, მიტოვების შიში… ამიტომაც არ სჯეროდა გიორგის, დაჟინებით რომ უმეორებდა – მე მხოლოდ ის დამაინტერესებს მთელი სიცოცხლე, რა ხდება ჩემს ძველ ქალაქში. როგორ არიან ჩემი ძველი მეგობრებიო…
ახსოვდა… ახსოვდა ნესტანს, რომ ელისაბედიც ამას ამბობდა (ალბათ), როცა ძველი გენერალივით ჩამომხმარი და ასაკისგან „გალახული“ მისი გემი რიონის ნაპირებს სცილდებოდა…
იმ გემმაც გამოიცვალა კბილებზე კანი და უკან აღარც ის დაბრუნებულა, ალბათ…
გიორგის რაღა დააბრუნებდა? ან ვინ დაბრუნებულა უკან, მაინც და მაინც დიმიტრის უფროსი ვაჟი რომ მოქცეულიყო ასე?
აგერ, ებრაელი ისინკაც კი გამქრალა სტეფანე შაუმიანის ქუჩიდან… ისრაელში ჩამომდგარა (თურმე) მისი „გემი“…
საბჭოურმა კორუფციამაც გაიელვა შეფარვით სპექტაკლში – გიორგის, რომელსაც სპორტსმენისთვის დამახასიათებელი თანდაყოლილი გაუნათლებლობა აწუხებს, ნეიტრალური პროფესია – გეოლოგობა შეურჩია ოჯახმა (აბა, ვერმერის „ხელოვნების ისტორიას“ ხომ ვერ ჩაეძიებოდა?) და გავლენიანი ნათესავის წყალობით, დიდ ქალაქში ემზადება წასასვლელად…
მაგრამ დარჩა…
ვერ გაუძლო…
წინასწარ „შეჭამა“ ადგილისა და ნესტანის მონატრებამ…
იქნებ, რამდენჯერ ინანა მერე ეს დარჩენა…
რამდენჯერ იოცნება დროის უკან გადახვევა ორი შვილით მარტო დარჩენილმა… რამდენჯერ დაესიზმრა მმაჩის ბიუროში ხელისმოწერისას ავისმომასწავებლად ხელიდან გავარდნილი საქორწილო ბეჭედი… ზამთრის წუწკ ღამეში რამდენჯერ მოეჩვენა, ალბათ, შეციებულს, რომ დედა ან ნესტანი აფარებდნენ მატყლის საბანს…
მაგრამ სად გინახავთ იმ გორაკიდან უკან დაბრუნებული? იქაა ყველა – დედა, აპენდიციტით გარდაცვლილი თენგიზი, ნოტარიუსის ქვრივი – ქალბატონი იანგაროზა (რუსუდან ბოლქვაძე), არჩილი, ნესტანი; დავითიც (პაატა ბარათაშვილი) იქაა – ნესტანის მამა, თავადობა რომ ვერაფერმა წაუშალა ძვლებიდან…
„ყველა წასულია“…
***
„წვიმს…
წვიმს…
წვიმს…“
მიწის ხმა შემაძრწუნებლად გრუხუნებს კუბოს სახურავზე…
მოცარტის რეკვიემიც ისეთი საშიშია… სახიფათო… უტიფრად დამანგრეველი…
რაღაც ზღვარზე ვართ – ჯერ კიდევ ცოცხლები თუ დედამიწას ცოცხლად შემორჩენილები…
„წვიმა მოდის…
წვიმს…
წვიმს…“
„გამარჯობა“ – ისმის პირველი მისალმებაც მიწისქვეშეთიდან… და შიშისგან ხელმეორედ ვკვდებით. მობრუნების გვეშინია, რადგან ვგრძნობთ ყველა გარდაცვლილი ნაცნობ-უცნობის ღრმა, სევდიან ამოსუნთქვას ზურგის მიღმა (თურმე, სულებიც სუნთქავენ…).
დიდხანს, დიდხანს აჭედებენ ლურსმნებს კუბოს სახურავში… თითქოს ეშინიათ, სადმე არ გავიქცეთ… გორაკს არ გავექცეთ…
ჩვენი სხეულები გარდასვლას, გარდასახვას განიცდის…
იმ წამს, იმ ერთ წამს, ნესტანთან ერთად, ყველა საკუთარ თავს ვტირით – მარტო დარჩენილთ მიწაში გვკირავენ… გვეშინია… გვეშინია, რომ ცოცხლად გვმარხავენ… ვდარდობთ, რომ წაუსვლელ შვილებად დავრჩით და იქ, იმ გორაკზე აღმოვჩნდით ბოლოს… აი, იქ, იმ ადგილზე, საიდანაც კათოლიკური ეკლესიის დაჟანგული სახურავი მოჩანს… სადაც მესაფლავეს თითები არასდროს უკანკალებს და „პაპიროსსაც“ მთელი ძალით ექაჩება კმაყოფილი სამუშაოს დასრულების შემდეგ…
***
ჩაბნელებულ სცენას ლამფა ანათებს სუსტად…
ნავთის კინაღამ მივიწყებული სუნი დგას დარბაზში…
თმაშევერცხლილი გოგი გეგეჭკორი – ამ ყველაფერს რომ კრავს და ამთლიანებს – მკრთალად ილანდება ქალაქის სივრცეში; იმ ქალაქისა, ახლა რომ იძინებს… თუ იღვიძებს… ვინ იცის? ან რა მნიშვნელობა აქვს დაძინება-გაღვიძებას აქ და ახლა?
ზარების ხმა ისმის სადღაც. ყრუდ…
ისევ ვიღაცას მიასვენებენ იმ გორაკზე…
გინახავთ ოდესმე მწვანეყვავილას წაუსვლელი შვილების სასაფლაო? სიყვარულისთვის აქ, ამ გორაკზე ჩარჩენილების სამარეები…
ვინ იცის, რას დარდობენ ან რატომ ხავსიანი ქვების ქვეშ გამოკეტილები…
ვინ იცის?
დედამიწა კი ისევ ბრუნავს. ბრუნავს. ბრუნავს. წვიმამაც გადაიღო. დაღამდა.
„ქალაქში უკვე ყველას სძინავს.
ღმერთო მომკალი. თერთმეტს თხუთმეტი წუთი აკლია. აბა, ღამე მშვიდობისა, მეგობრებო… კარგად ბრძანდებოდეთ!“