ეკა თხილავა - ესე

მე თუ არა – ვინ?

, , ,

„აქ ვერვის ვერ ნახავთ

სხვა ფიქრით მოარეს,

მაშ: ფარდა ასწიეთ!

დავიწყოთ, დრო არის!“

გალაკტიონი

1937 წლის 21 თებერვალს საკუთარი ხელით შეასვენა სტალინმა კრემლის კედელში „რკინის სახკომის“, ზედმეტსახელად „სოსოს ვირად“ წოდებული სერგო ორჯონიკიძის ფერფლი…

სმენადახშულ მარცხენა ყურთან დაუხლია მაუზერი… თითქოს ისიც დასაჯა სერგომ სიყრუისთვის…

უცნაური სამართალი აქვს ბუნებას –  თებერვალმა ორჯონიკიძესაც შეუყენა წყალი..

ხრუშოვი იხსენებდა მერე, სერგომ  მიქოიანს გაანდო, რომ პარტიის წევრების მკვლელობის ატანა აღარ შეეძლოო… დახვრეტილი ძმა მაინც ვერ ახსენა ხმამაღლა. ალბათ, ჯერ არ ჰქონდა საბოლოო  გადაწყვეტილება მიღებული.

თუმცა, იმას კი ამბობენ, რომ 1937 წლის პლენუმზე სტალინის დაგმობას აპირებდა ორჯონიკიძე…

აღარ დასჭირდა.

აღარ დააჭირვეს. საკუთარი ხელითვე მოკლეს და  ოფიციალურ დასკვნაში გულის გაჩერება ჩაუწერეს. მრავალამტან კრემლის კედელთან სიტყვა მისმა დაუძინებელმა მტერმა – ლავრენტი ბერიამაც კი წარმოთქვა.

ვისი სისხლი აწუხებდა, ნეტა, ორჯონიკიძეს სიკვდილის წინ – მხოლოდ თანაპარტიელების თუ საკუთარი მარჯვენით პირდაპირი და თუ ირიბად მოკლულების?

4 წლით ადრე, 1933 წელს, ფაქტობრივად, მან შეიწირა კოტე მარჯანიშვილიც…

აღდგომის მეორე დღეს – 17 აპრილს  ანატოლი ლუნაჩარსკის პირით შეუთვალა –  „რეჟისორ მარჯანოვს ურჩევნია, დაივიწყოს, რომ და ჰყავსო“…

არადა, როგორ უნდა დაევიწყებინა მარჯანოვს და – იღუმენია თამარი?

ვერაფერს აკეთებდა რწმენისთვის გაციმბირებული ქალისთვის… უკანასკნელი იმედიც იმ დღეს დასრულდა.

მძიმე ნაბიჯებით წამოსულა შეხვედრიდან კოტე.

უკვე შევერცხლილ თმებზე ნერვიულად ისვამდა თამბაქოსგან ფერშეცვლილ თითებს.

„დონ კარლოსის“ პრემიერამდე რამდენიმე საათი იყო ლამის დარჩენილი… აღარც ეს ახსოვდა რეჟისორს.

უკანასკნელ წამს მაინც „უღალატა“ თეატრს…

თამარზე ჯავრმა გადაძალა და საკუთარმა უსუსურობამ თუ შიშმა შეიპყრო…

შიშმა იმისა, რომ ყველგან უღალატეს ქართველებმა  – აქაც და იქაც – ცივ მოსკოვში.

სასტუმროს კიბეებზე ჩაჯდა და იქ დასრულდა ამბავი დიდ კაცზე.

სულ რაღაც 61 წლისა იყო კოტე მარჯანიშვილი…

ისტორიას არ შემოუნახავს წამი, რა მოხდა მარჯანიშვილის თეატრში, როცა მასწავლებლის სიკვდილის ამბავმა მოაღწია საქართველომდე…

არავინაა მოსწავლეებზე სასტიკი… დაუნდობელი…

არც ერთ „შეგირდს“ არ უყვარს, როგორც ჩანს, გულის სიღრმეში თავისი გურუ…

მაგრამ მარჯანიშვილის სიკვდილმა ყველა შეაწუხა… დააფრთხო… უცებ გაშიშვლდნენ თითქოს…

ერთი ასეთი ვიდეოჩანაწერია შემორჩენილი – დიდი ვერიკო ლაპარაკობს მარჯანიშვილზე… ასაკში შესული, ღარებადქცეული, დაჭორფლილი ქალი უცნაურად ღელავს…. თრთის… თითქოს ამდენი წლის მერეც კანკალებს… ასეთი ვერიკო არასდროს მინახავს. სიტყვებს ძლივს უყრის თავს. იმეორებს აზრებს… დაჟინებით იმეორებს, რომ დიდი იყო მარჯანიშვილი. დიდი… დიდი… ხაზგასმით არაფერს ამბობს იმაზე, რომ ენათესავებოდა კიდეც მარჯანიშვილს და მისი დიდი ბებია – მაგდალინა – კოტეს მამიდა იყო..

თურმე, როგორი წუხილი იცის სინდისმა…

როგორი კანკალი…

იქნებ, ისიც აგონდებოდა იმ წამს მსახიობს, დეპეშა რომ აფრინეს მოსკოვში – უჩვენოდ გვამი არ დაწვათო…

რატომ?

ქვეცნობიერად მისი გარდაცვალების არ სჯეროდათ, ალბათ… თორემ ბოდიშს ცხედართან მოიხდიდნენ გულში თუ ფერფლთან, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ეს იყო ერთდროულად სინდისის ქენჯნა და გულიდან ლოდის გადაგდება. თავისუფლებაც კი. თავისუფლება მარჯანიშვილისგან!

არადა, დრო იყო, ხელში აყვანილს დაატარებდნენ.

აღმერთებდნენ.

მისი მიბაძვით პაპიროსსაც კი ეწეოდნენ.

ლანდებივით დაჰყვებოდნენ უკან…

ვიდეოკადრები ინახავს ამ ფაქტებსაც –

შარვალ-კოსტიუმსა და თეთრ, გახამებულსაყელოიან პერანგში გამოწყობილი მარჯანიშვილი დგას თავის დასთან ერთად. თავს გვიკრავს. ბედნიერია. ძალიან ბედნიერი…

მერე თავადაც იგონებდა იმ დღეებს – ბედნიერი ვიყავი, ისეთი ბედნიერი, როგორც შეიძლება ბედნიერი იყოს ადამიანიო…

არ იცოდა, რომ მალე, სულ მალე, მამლის სამჯერ ყივილამდე, გაწირავდა ყველა მოსწავლე…

10 დღეში – 27 აპრილს ჩამოასვენეს მატარებლით  მოსწავლეებმა უარყოფილი გურუს ფერფლი.

სადგურზე უამრავი ხალხი დახვდა.

„შეგირდები“, ალბათ, იქ მიხვდნენ, რომ იმ წამიდან მარჯანიშვილი აღარც გარდაცვლილი იყო მათი…

დოკუმენტური ფილმების ფირსაცავში ეს კადრებიც შემორჩა –  რეჟისორის შავარშიიანი უზარმაზარი სურათი მოაქვთ თბილისის ქუჩებში…  აქაა არტისტიც, მხატვარიც, პოეტიც, მუშაც, ექიმიც…

მთელი თბილისი გამოფენია ქუჩებს.

ყველა სამგლოვიარო შავ შარვალ-კოსტიუმშია გამოწყობილი.

ფერფლით სავსე ურნა არსად ჩანს.

თითქოს კოტეს კი არა, მის უზარმაზარ, ნაღვლიან სურათს კრძალავენ…

არც მოსწავლეები ჩანან კადრში. 

იქნებ, იმალებიან –  ისტორიას გაურბიან.

ფეხით მიიყვანეს იმ თეატრამდე, საიდანაც რამდენიმე წლით ადრე თავადვე გამოაგდეს და მერამდენედ „მოკლეს“.

პეტრე ოცხელს წერდა  ერთხელ – სიკვდილი სულელური სიტყვაა. სიკვდილი არ არსებობსო…

სულელურზე უფრო სასტიკი სიტყვაა. სასტიკიცა და შემზარავიც. მით უფრო, რომ ორ მცირეწლოვან შვილს  – მილიცასა და თამარს საკუთარი ხელით გაუთხარა სამარე ოდინცოვოში…

ალბათ, მაშინ გაჭაღარავდა კოტე მარჯანიშვილი.

მაშინ მოკვდა ორჯერ…

მაშინ უარყო სიკვდილიც.

როგორ ისწავლა მერე ღიმილი და სიცოცხლე, ცოტა რამ ვიცით ამის შესახებ…

თუმცა, ალბათ, სწორედ თეატრმა და ერთადერთმა შვილმა – უმცროსმა კოტე მარჯანიშვილმა გადაარჩინეს…

ყველაზე გადაგებული იყო. ყველა ედარდებოდა და ეფიქრებოდა. პეტრე ოცხელს იმასაც წერდა – შენი ჯანმრთელობა ჩემი ერთ-ერთი ქრონიკული საწუხარიაო…

ასე ქრონიკულად არავის არასდროს უფიქრია მასზე…

არავის უზრუნია…

თეატრის გამო სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში გადაკარგული მარჯანიშვილი მეუღლეს – ნადეჟდა ჟივოკინსაც გაეყარა… არც მეორე ცოლთან – ელენე დონაურთან ჩანდა ბედნიერი…

თუმცა, ორივე ქალმა იცოდა მისი ფასი…

იმასაც ამბობენ, რომ ჟივოკინი სიცოცხლის ბოლომდე აღმერთებდაო ქმარს…

მარჯანიშვილს საბედისწეროდ უყვარდა თეატრი… სხვა სიყვარულის ადგილს არც ტოვებდა.   ასეთი ერთგულება გენეტიკური იყო თითქოს. დის – თამარის საფლავს წარწერა აქვს – „რომელი მრწმენა, ცხონდესვე უკუნისამდე“…

ორივე და-ძმას მხოლოდ ისეთი  „მრწმენა“ შეეძლო, „ცხონება“ რომ უნდა მოჰყოლოდა მხოლოდ და მხოლოდ.

ამიტომ იყო, რომ წერდა მარჯანიშვილი – რაც უფრო მეტს ვიტანჯები თეატრის გამო, მით უფრო მიძნელდება მის შესახებ წერაო.

ცხოვრებაც უჭირდა…

ბუნებით ლაღი და ბობოქარი თეატრის შენობაში შესვლისთანავე თითქოს დესპოტად იქცეოდა. ტირანადაც. გამუდმებით იქნევდა ჯოხს და შეუჩერებლად ეწეოდა. ეწეოდა. ეწეოდა. ყვიროდა.

ვერავინ ახერხებდა, ისე ეცხოვრა და ეთამაშა სცენაზე, მარჯანიშვილს უპირობოდ რომ მოსწონებოდა.

კარ და კარ დადიოდა. კარ და კარ ეძებდა მსახიობებს ქუჩებში. შუკებში. ქალაქებში. მდინარის პირას. ეძებდა და პოულობდა. მოჰყავდა და წვრთნიდა. წვრთნიდა დილიდან დაღამებამდე.

ვერ იღლებოდა.

რა დაღლიდა მარჯანიშვილს? ასი იყო. ათასი. მრავალხელიანი. უამრავი თვალით.

ქვასაც კი აიძულებდა, ეთამაშა…  ეთამაშა საბოლოოდ ისე, მას რომ სურდა.

1925 წელს იოსებ გრიშაშვილმა „ცხვრის წყაროს“ პრემიერის შემდეგ თითქოს იწინასწარმეტყველა მარჯანოვის მომავალი –

„გახეული დრამის ფარდა გაჰკერეთ და აგვირისტეთ,

და მე გიჟად ვინ მომნათლავს, რომ მიგიღოთ ახალ ქრისტედ…“

განა ვინ აპატიებდა „ახალ ქრისტეობას“?

ან ქრისტეს ვინ აპატია?

და დადგება კი ოდესმე ეპოქა, ბრომ  ერთხმად რომ არ შესძახოს –

„ჯვარს აცუ! ჯვარს აცუ ესე!“

არც მარჯანიშვილი იყო გამონაკლისი…

ისიც აცვეს ჯვარს. მერე დარცხვენილებმა შინ „დააბრუნეს“ – თეატრში. თავჩაქინდრული სანდრო ახმეტელი დარბაზის პირველ რიგში იდგა, თურმე, გაუნძრევლად…

არც სხვა „დურუჯელებს“ უნდა ჰქონოდათ მაინცდამაინც თავის აწევის სურვილი იმ დარბაზში.

თვალს ვერავინ უსწორებდა ფერფლადქცეულს…

არადა, სულ რაღაც ცხრა წელი იყო გასული იმ დღიდან, სპექტაკლ „ინტერესთა თამაშის“ მსვლელობისას რომ შესძახეს დარბაზს – „ძველი თეატრი დაინგრეს“! „ძველი თეატრი დაინგრეს“!

მარჯანიშვილის სუსტი მხრებით ესეც შეძლეს!

და „გადურუჯებულებმა“ ბოლოს აღმოაჩინეს, რომ ერთადერთი პრობლემაღა დარჩათ – მ ა რ ჯ ა ნ ი შ ვ ი ლ ი!

რას ვიზამთ? ყველამ ვიცით, რომ „ვისაც ჩავაცვით, იმან გაგვხადა“;

ვიცით და მაინც ხან „ჩამცმელის“ როლში ვართ:, ხანაც – „გახდილის“…

მარჯანიშვილს არაერთხელ „გახადეს“.

მდინარე დურუჯს (ღვარცოფებით რომაა ცნობილი) კახეთის დამოკლეს მახვილსაც ეძახიან…

ალბათ, პატარა კოტეს როგორ უყვარდა მის ნაპირებთან თამაში.

რისკიანობა მასში დაბადებიდან იდო.

ვინ იცის, იქნებ, რა ხიფათი არ გადახდენია იქ თავს…

მერე, წლების მერე თბილისშიც „წამოჰყვა“  „დურუჯის“ საფრთხეები. ღვარცოფები და აქაც კოტეს დამოკლეს მახვილად იქცა!

კორპორაციამ დაკარგა თავისი პირველსაწყისი და კოლექტიურ დირექტორად იქცაო – წერდა.

„დიქტატორს“ მოერიდა.

ბოლომდე არ გაწირა მოწაფეები.

ისტორიამ შემოგვინახა ერთი ფოტო, რომელიც რაღაცით  ჩვენი სკოლის გამოსაშვები ალბომის პირველ გვერდს წააგავს – ოღონდ შავ-თეთრია და არც ტუჩები და თვალები აქვთ მსახიობებს „რეტუშით“დამუშავებული.  

სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურაშია „ჩასმული“ 18 „დურუჯელის“ ფოტო.

მარჯვენა კუთხიდან  მარჯანიშვილი და ახმეტელი გადმოჰყურებთ მათ…

ყველა სხვადასხვა მიმართულებით იცქირება. მარჯანიშვილისა და ახმეტელის მზერა კი მსახიობებისკენაა მიმართული.

ამ 20 კაცის მთელი ბედისწერაა ფოტოზე.

ნათელი და სასტიკი მომავალი.

კოტეს თავთან დურუჯელთა სიმბოლოა გამოსახული; ეს სიმბოლოც მარჯანიშვილისეული „ხელწერისა“ უნდა იყოს და  ამიტომ წააგავს ასე ძალიან, ალბათ, ქრისტეს სამსჭვალს…

„დურუჯი“ ოცივესთვის იქცა „სამსჭვალად“…

ოცივეს აჰკიდა  ტვირთი…

ოცივეს წამოეწია სხვადასხვა ეტაპზე „ღვარცოფად“…

მაშინ ვერ მიხვდნენ „დურუჯელები“, რომ „შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით“…

1933 წლის 27 აპრილს კი მდუმარედ იდგნენ ფერფლის წინ.

უხერხულად იშმუშნებოდნენ.

უჭირდათ აღქმა, რომ ეს პატარა ურნა იტევდა იმ ბობოქარ, გადარეულ, მღელვარე კაცს…

ბოთლში გამომწყვდეულ ჯინად იქცა მარჯანიშვილი და ამითაც დასცინა მოწაფეებს – თავს დავაღწევო ამ ურნას ჯინივით.

დავბრუნდებიო…

ასეც მოიქცა – 1964 წელს, როცა ოპერის ბაღიდან მთაწმინდაზე მიასვენებდნენ, ურნა ხელიდან გაუვარდათ; ჯიბრზე ქარიანი დღე ყოფილა თბილისში და მთელ რუსთაველს მოჰფენია მისი ფერფლი.

საოცარი კადრი იქნებოდა – როგორ მისდევდნენ „დურუჯელები“ და პარტიული ნომენკლატურები ჰაერში მიმოფანტულ რეჟისორს…

მარჯანიშვილს რას დაეწეოდნენ?

მიწა და მტვერი ჩაუყრიათ ჩუმად ჭურჭელში. გაჩენის დღეს იწყევლიდნენ, ალბათ, და იქნებ, კოტესაც კრულავდნენ – ისევ დაგვცინაო…

იმ დღეს მთაწმინდაზე, ფაქტობრივად, მხოლოდ ურნა დაკრძალეს! ის ურნა, დიდი რეჟისორის ფერფლის ზიდვა რომ იკისრა 31 წლით და შესაბამისად, მთაწმინდელობაც „დაიმსახურა“…

ისტორიამ არ შემოგვინახა, ვინ „წამოჰკრა“ ფეხი ქვას და ვის „გაუვარდა ხელიდან“ მარჯანიშვილი.

ან რაღა მნიშვნელობა აქვს ამას?

მთავარია, რომ „ჯინი“ დაბრუნდა!

რომ ჯინმა „ბოთლს“თავი დააღწია და თავისუფალია!

ეს მისი უკანასკნელი „სპექტაკლი“ იყო დედამიწაზე…

ასე დაასრულა „ინტერესთა თამაში“ მარჯანიშვილმა.

დაამტკიცა, რომ „ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო“.

მარჯანიშვილის გარდაცვალებიდან ბევრად გვიან თქვა ეს ერნესტ ჰემინგუეიმ, რომელიც, ასევე, 61 წლისა წავიდა დედამიწიდან…

***

რაღაც უცნაური ბედი დაჰყვათ მარჯანიშვილებს…

თითქოს თომას მანისეული „ბუდენბროკების“ ბედი გაიზიარეს – „ერთი ოჯახის გადაშენების ამბავია“… დიდი ოჯახის… უცნაური და მბორგავი ადამიანების…

უმცროსმა კოტე მარჯანიშვილმაც, ბუდენბროკების გმირივით, ხაზი გაუსვა თავისი სახელის ქვეშ გენეალოგიის ხეზე და დაასრულა…

ისიც მარტოობაში…

ისიც მიტოვებული…

არადა, მსოფლიოში ცნობილი მათემატიკოსი იყო.

უკანასკნელიც, ვისაც ასე უყვარდა კოტე მარჯანიშვილი…

მამის ხსენებაზე ცრემლები ადგებოდა თვალებზეო…

მისი ბედისწერა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა – სახლმმართველმა გამოიძახა მილიცია. კარი შეანგრიეს და გარდაცვლილი იპოვეს… მამასავით მისი ფერფლიც თბილისში ჩამოასვენეს და დიდუბეში დაკრძალეს…

***

„ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც მთელი მსოფლიო არ ჰყოფნიდა“ – ასეთი წარწერაა მაკედონელის საფლავზე.

მარჯანიშვილისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი.

სწორედ ის, რაც დარჩება შენს შემდეგ, არის გამარჯვება ყოველივეზე, რასაც სიკვდილი, ანუ სამარადისო დავიწყება ეწოდებაო –  წერდა…

იცოდა… იცოდა, რომ მარადიული იყო და ამიტომ ვერ ჩაეტია ვერც ჯინის ბოთლში და ვერც – მიწაში…

მისი ადგილი მხოლოდ იქ იყო –  უსასრულობაში…

მე თუ არა, ვინო? იკითხა ერთხელ… და ძახილის ნიშანიც მიაწერა…

არც არავინ…

ვინ შეძლებდა, მთელი მსოფლიო ერთ დიდ თეატრად ექცია?

ვინ მოახერხებდა, ოთხი ათას კაციანი სპექტაკლი დაედგა?

ვის წარმოდგენას დაესწრებოდა ან დაესწრება ოდესმე 45 ათასი მაყურებელი?

ვის შეუძლია გაფრინდეს ცაში, ადამიანთა ნების საწინააღმდეგოდ?

ძალიან ცოტას… ან – არც არავის…

ურიელ აკოსტა ივდითს ეუბნება – მე აქ მოვედი იმისათვის, რომ შენ ეს გსურდა…

ვინ იცის, იქნებ, მარჯანიშვილიც იმიტომ „მოვიდა“, რომ ჩვენ ეს გვსურდა…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…