(რევაზ გაბრიაძის „ანგელოზების“ კვალდაკვალ…)
და აი, ასე, ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს (ალბათ, იმ ქალაქისთვის ცხელსა და ქარიან ამინდში) დედამიწის პატარა, ძველისძველი ფურცლებივით გაყვითლებულსა და ცოტა მისტიურ-აბსურდულად მოკირწლულ ქუთაისს წილად ხვდა „სჩასტლივი ბილეთი“ – 1936 – 29.06… ანუ – რევაზ გაბრიაძე! იმ წამს „რიონი გაჩუმდა და კარი დაიხურა“… დაიხურა, რადგან სულ სხვა, ახალი კარი იღებოდა ომში ჩასათრევად განწირულ სამყაროში…
კარი, სახელად ჩიტო!
ანუ – ბატონი იაშა!
ანუ – ექიმი იაკობი!
ანუ – „შოსტაკოვიჩის გულობიზა“ გადარეული კაცი!
ანუ – სამტრედიელი „ველოსიპედისტი“ ებრაელი მიშა!
ანუ – ჩიტი ბორია გადაი!!!! – გამოწყობილი აზიაცკებში… მონავარდე ცაში… ქურდი – მიწაზე… მტერი – დარვინის!
ქალაქის გარეუბნის ყველაზე ლამაზ გოგოზე – ნინელზე „ნამეტნავად“ შეყვარებული გიჟი ჩიტი!
ჩიტი, რომელმაც თავისი ჩიტური ცხოვრებით ისიც იცის, რომ „დარვინს არაფერი ესმის“ და ისიც, რომ „დიად საბჭოეთში“ მხოლოდ მეძავები არიან ბედნიერები! ქალები! სექსიც რომ გაუგიათ და მისი გემოც!
ჭკვიანი იყო ჩიტი ბორია – ალექსანდრე ბლოკივით ჭკვიანი…
„მე გავაღვიძებ ლოთ მგოსნის თვალებს
და მოვგვრი სიცილს ზარხოშ მეძავებს“…
ჩვენი ბორიაც ასე ფიქრობდა… და აზიაცკებში „გამოწკეპილი“ აფრიალებდა კაპიტალიზმივით უშნოდ ამწვანებულ ფულებს… ახარებდა ისედაც ბედნიერ მეძავებს… არაფერი ენანებოდა მათთვის… რადგან მეძავისთვის სულერთი იყო, ბორია გადაი ცაში იფრენდა თუ – მიწაზე იფორთხებდა… მწვანე ფული ბორიასაც კაცად აქცევდა… და გალობდა ცაში გადაი „დიადი საბჭოეთის მეძავებზე“, კაპიტალისტურ კანკანსაც რომ ცეკვავდნენ და საბჭოეთის მორალს ამითაც საბოლოოდ კლავდნენ და ასამარებდნენ.
ასე იქცა სიკეთის ძიების გზაზე ბორია გადაი არასაბჭოელ ჩიტად! იდეოლოგიურ მტრად! ეპოქისთვის სექსუალურად „გადახრილ“ ანტიდარვინისტად!
მაგრამ მრუმე საბჭოეთში ნინელებიც იბადებოდნენ! მშიშრები! მფრთხალები! თუმცა უბედო ჩიტებზე შეყვარებულები და ყველა შეყვარებულივით დარდიანები… „რად მოვისურვე სიყვარულთან გადამტერებაო“ – მოთქვამდა აივნიდან „გადმოპროწიალებული“ ნინელი, მაგრამ რას გაუგებ იმ გრძნობას, „ვერტიკალური რომაა და თან რომ ბრუნავს“…
ყველა ქუთაისელივით, ნინელიც ეჭვიანია… აუჰ, როგორი ეჭვიანი და რა მდუღარედ ტირის: „ეჰ, ბორია, ბორია, მე მეფიცები სიყვარულს და ვივიენ ლი კი გიყვარს“…
არადა, რა ქნას საბჭოეთში ფრთებმოკვეცილმა გადაიმ… უყვარს ფრენა… კაპიტალიზმი და ვივიენ ლი…
ისე, რეზო გაბრიაძის პერსონაჟებს სჩვევიათ კაპიტალიზმის „არაადეკვატური“ სიყვარული და ცხოვრება „კოჯრის ტყის სიზმრებში“, სრულიად არასაბჭოურ ზმანებებში… სადაც ევროპაა სატელეფონო ხაზზე… „ვიღაცისთვის რაია და ვიღაცისთვის – ცენტრალნაია“… სადაც კოჯრის ტყეში „ვახ ტიკო-ტიკო-ტიკოჯან“ ჩაუნაცვლებია საბჭოთა კავშირისთვის შეურაცხმყოფელად დიდმკერდიან ელლა ფიცჯერალდს… გაღივებული ხორბალივით ლუი არმსტრონგიც ინგლისურ-ქართულად მოსთქვამს „ყვავილების ქვეყანაზე“… ასე „გვართმევდა ქართველობას“ რეზო გაბრიაძე და ასე „უნამუსოდ“ გვიყვებოდა იმ ავადსახსენებელ, პროვოკაციულ სიზმრებზე, წყალს რომ აყოლებდნენ ქუთაისში… ან, უკეთეს შემთხვევაში, თუ გაუმართლებდათ და ახალგამოღვიძებულები მდინარის პირას მოხვდებოდნენ, რიონს ატანდნენ მათ…
არადა, რა დროს სიზმარია რიონის ჯებირებთან… აი, იმ ხიდთან, სადაც „იოლად და გემრიელად საცემი ვარლამებიც იბადებოდნენ“… სადაც ომის შემდეგ რიონსაც დაავიწყდა „ხალვა, პაემანი და პადრუჩკი“, თუმცა ქუთაისში „მზე მაინც შტეფსელში ჩართულივით ანათებდა “. აი, იმ ქუთაისში, ბედისუკუღმართობით ცხადშიც რომ აღმოჩნდნენ გერმანელი ტყვეები და „დაბრუნდნენ იმ ქვეყნიდან ამ ქვეყანაში – საქართველოს სსრ-ში, ქელეხზე“… ქელეხზეო…. დიახ, სწორედ ასე თქვა რეზო გაბრიაძემ და კიდევ ერთი „დიდი უნამუსობა“ ჩაიდინა“ – სოციალიზმი „მოუკლა“ საბჭოთა კავშირს… მაგრამ საბჭოთა კავშირი რის საბჭოთა კავშირი იყო, ასე იოლად დანებებოდა ვინმეს? და ხმის ჩახლეჩამდე აბღავლებ-ამღერებდნენ ომში დაინვალიდებულ ქუთაისლებს აბსურდულსა და პოლიტიზირებულ (რატომღაც) გურულ სიმღერას – „სიცოცხლე ვოროშილოვს“… აი, ამ ვოროშილოვს „მიადგა“ ერთ დღეს ფრიად „მაკვარანცხი“ მარშალი დე ფანტიე და ყელი გამოჭრა კიდევ ერთხელ დიად საბჭოეთს.
თუმცა ქართველებს რას გაუგებ???? მათგან რა უნდა გაკვირვებოდა დიად იმპერიას??? „ტუტუც-ვრაცებისგან“… კავკასიის მთებში რომ ბინადრობენ… მსოფლიოში ულამაზეს რასად რომ მიაჩნიათ თავი… სისხლის აღებ-მიცემობით რომ ირთობენ თავს… მხოლოდ მინდვრის ლობიოთი რომ იკვებებიან და ფულად მარილს იყენებენ… და კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი… მეფეები თავიანთ თავებს აქ ერეკლეს უწოდებენ… ანუ იმ კაცის სახელს, „დიდება ივერიისა მასთან რომ მარხია სამარეს“…
ეჰ, მარშალი დე ფანტიეებიც, მათი გამოგზავნილი ბრილიანტებიცა და საქართველოს იმპერიაც კოჯრის ტყის სიზმრებია, ისევე როგორც ლეგენდა ლობიოჭამია ქართველებზე… დიდი ხანია დაინვალიდებული „ტუტუც-ვრაცები“ აღარც იმ სიმღერას მღერიან – „აღზევანს წავალ მარილზედ“….
იცის ეს რეზო გაბრიაძემ… ოდესღაც, ალბათ, ქუთაისის ქარმა უამბო… აი, იმ ქარმა… „აღარც ქარი რომაა და არც – ნიავი. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი…“ რეზო გაბრიაძის ნება რომ იყოს, ლიზოკო გაბუნიას დაარქმევდა მას და ქუთაისის პედინსტიტუტშიც ჩარიცხავდა ფრანგული ენის ფაკულტეტზე – უგამოცდოდ, ცხადია… რატომ ლიზიკო???? რატომ გაბუნია??? გვარისა და სახელის მშვიდი სინთეზის გამო… ალბათ, ლიზიკოს თეთრი ბაფთაც კი უმშვენებს კეთილშობილურსა და დახურულ გულ-მკერდს, ნიავი რომ ვერ მიეკარება… ასეთი ნიავ-ქალები მხოლოდ ქუთაისური ფრანგულით საუბრობენ და სხვანაირად იღიმიან. აი, ისე… „ცოცხლად რომ დაგმარხავს“…
ნინელივით ქალია ნიავი ლიზიკოც… იშვიათი ქუთაისისთვის… აქაურობას უმეტესწილად ქარები და გრიგალები უყვარს… ასეთ რჩეულთა ხვედრია ჩიტი ბორიას სიყვარულიც… მერე რა, რომ გადაი ტრაგიკულად აღესრულა თავისი გაზაფხულის შემოდგომისას… გაივლის ხანი… ნინელ მხოლოდ იმიტომ გათხოვდება, რომ აღასრულოს მიჯნურის უკანასკნელი სურვილი – მწარედ იქვითინებს საკურთხეველთან, სადაც მის გვერდით იდგება კაცი, სახელად, ალბათ, „გავძეხი“… გაჩნდება პატარა ბიჭი – ბორია გავძეხის ძე (იქნებ, გარდაფხაძე) და ის თავის სეხნიასავით იფრენს ჰაერში… მოუსმენს ფიცჯერალდს… იტირებს „შოსტაკოვიჩის გულობიზა“… ეცოდინება მეძავების სიყვარული და არ ეყვარება დარვინი… არ დაგვავიწყდეს, რომ გავძეხის ძე მხოლოდ ლიზიკო გაბუნიასნაირ ქალებს შეიყვარებს და ბორია გადაისავით რომანტიკოსად დარჩება სიცოცხლის ბოლომდე…
ის იქნება ჩიტოც… ბიბლიური პერსონაჟივით გულთმისან-გულდათუთგული ექიმი იაკობიც („საცხა გადაკარგულში“ რომ ირბენს ავადმყოფებთან და „უკაპეიკოდ“ უმკურნალებს დახეიბრებულ „ტუტუც-ვრაცებს“) და ნამდვილი „ქუთეისელი ანგელოზიც“, ყველაზე კარგად რომ იცის ქუთაისურ-ფრანგულად მორატრატე ნიავს რა უნდა….
იცის, რადგან რეზო გაბრიაძემ უამბო ეს ყველაფერი მასაც და ჩვენც… უხვად მოგვასხა ყველას „სიცოცხლის წყალი“ და საბჭოეთში უფიცჯერალდოდ ამოხუთულებს არ მოგვცა „გახმობის საშუალება“…
ანტიდარვინისტი ბორია აუცილებლად დაიბადება!!!!!
გადაის უკანასკნელ სურვილს ასრულება უწერია!