ეკა თხილავა ესე

„ტალითა კუმი!“

, , ,

ანუ აღსდექ შენ, მარინა აბრამოვიჩ!

„ახალი ქალიშვილი“

იყო ასეთი დრო კაცობრიობის ისტორიაში – მითსა და რეალობას შორის გაჭედილი და გადაჭედილი.

 ასეთი კაციც იყო მაშინ – ყველასა და ყველაფერზე უცნაური  იესო ნაზარეველი – ვიღაცისთვის მედურგლის შვილი და ვიღაცისთვის – უკვე მესია…

მითებსა და სასწაულებს დახარბებული ხალხი ყველაზე მეტად უფრთხის მუდამ განსხეულებულ „დღესასწაულებს“; ეშინიათ! საკუთარ წარმოსახვაში ჩაკარგულები რეალობას გაურბიან და არ იღებენ.

იესო კი მოვიდა და თქვა – „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (მათეს სახარება. 14:6).

და ასე „წაართვა“ საუკუნეებში შეზრდილი და გამოგონილი მითი და სასწაული ადამიანებს.

ასე იქცა ღმერთად.

სისხლისგან და სიკვდილისგან ხელახლაშობილად.

ასე გაირკვა, რომ ჭეშმარიტება განსხეულებულია და სახელიც აქვს.

ასე ვიპოვეთ გზაც და ისიც დავადგინეთ, საიდან იწყება სიცოცხლე სიკვდილის თანაზიარად.

იმ დროში აღრეულ ისტორიებს დღემდე ვეჭიდებით ყველანი; რაღაც ხსნასა და აბსურდს შორის ვიჭედებით. ვიგრიხებით. ვეწამებით.

ყველას ჩვენი „მხსნელი“გვყავს“.

და ყველას ჩვენი პირადი „იესოს სასწაული“ გვაქვს.

ჩემი ეს არის – სინაგოგის წინამძღვრის ერთადერთი ქალიშვილის – 12 წლის ახლადგარდაცვლილი გოგოს ბავშვურ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, მაგრამ ქალობაშეპარულ სხეულს ფრთხილად რომ ეხება და ყურში ჩასჩურჩულებს –

„ტალითა კუმი!“ – „შენ გეუბნები, პატარავ, აღსდეგ!“

და პატარაც აღდგა!

იქვე გაიარ-გამოიარა ფრთხილად ჯერ კიდევ საიქიოსა და სააქაოს შორის ჩამოკიდებულმა.

იესომ დაიბარა – საჭმელი, როგორც სააქაოს სიმბოლო, მიეცათ გოგოსთვის და წავიდა…

ასე დაიწყო ახალი ათვლა სამყაროში სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

ასე დათმო სიკვდილმა სიცოცხლის საპირწონედ თავისი ეგო!

და ასე მოსდევს იმ დღიდან კაცობრიობას ქრისტეს სიტყვებიც!

მოსდევს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დაიბადა კაცობრიობის „ახალი ქალიშვილი“ – მარინა აბრამოვიჩი, რომელსაც ამ 79 წელიწადში არაერთხელ ჩაესმა, ალბათ, ის საბედისწერო „ტალითა კუმი“!

არაერთხელ მოკვდა.

გარდაიცვალა.

გვამური ლაქებით დაიფარა.

მიიცვალა.

და არაერთხელ დაიბადა კიდეც.

გაიშალა.

აენთო.

გაანათა ისევ სიკვდილისთვის.

და სიკვდილმაც არაერთხელ დათმო მისი თავი (რის სანაცვლოდ, ნეტა?).

ასეთად უნდა დაიბადო – სიკვდილის მოყვარედ! მის მდევრად და თანაზიარად!

მძიმე ტვირთია ქრისტეს „ახალი ქალიშვილობა“ XX საუკუნეში… მძიმეც და გაუსაძლისიც იუგოსლავიის „გაბროზტიტოებულ“ წითელ ბუდეში!

„დაკარგული სამოთხის კარზე“

„ო, ჩვენ იმ დღიდან, დაკარგული ქვეყნის შვილები,

ვეპოტინებით სინანულით წარსულზე გლოვას“.

გივი გეგეჭკორი; „დაკარგული ქვეყანა“

დაკარგული სამოთხე ყველაზე მეტად ეწვის ადამიანს.

ახსოვს.

ენატრება.

ენანება.

ეძებს.

მარინა აბრამოვიჩსაც უნდა ახსოვდეს თავისი „დაკარგული სამოთხე“.

ბებია-ბაბუის კალთებქვეშ გატარებული ექვსი წელი.

ავანტიურისტი და ექსცენტრიკული, კარიერისტი მშობლებისგან თავისუფალი ექვსწლიანი უცნაური ამოვარდნა მის ცხოვრებაში.

იქ შემოესმა პირველად სწორედ „ტალითა კუმი“!

იქ იპოვა მორიგი ექსპერიმენტისას გულწასული და თმებგადამწვარი გოგო ბებიამ.

იქ დაიწყო საკუთარი სხეულის დასახიჩრება, რათა ეგრძნო, რა ხდებოდა შიგნით, მიღმიერში.

იქ „დაიბადა“ მარინა აბრამოვიჩად – ქრისტეს „ახალ ქალიშვილად“ სწორედ.

იქ ისწავლა სიკვდილთან თანაზიარობაც – დაკარგულ სამოთხეში; იმ დაკარგულ ქვეყანაში, რუკაზეც რომ არ მოიძიება უკვე ორ ათეულ წელზე მეტია.

არასდროს იხსენებს იუგოსლავიას.

არასდროს ლაპარაკობს ბელგრადზეც.

თითქოს ვერც ერთ სიტყვაში ატევს „დაკარგული სამოთხის“ სევდას…

პირისაგან მიწისგან აღგვილი სამშობლოს დარდს.

მერე, დიდი ხნის მერე, სადღაც 1997 წელს, იუგოსლავიის საბოლოო „გარდაცვალებასა“ და გარდასახვამდე რამდენიმე წლით ადრე, ვერ მოითმინა.

მაინც ალაპარაკდა…

მოიგონა.

იტირა.

ვენეციის ბიენალეზე  დადგა „ბალკანური ბაროკო“ –

თეთრი, ქათქათა სამოსით ჩაჯდა ძროხების 1500 ძვლის გორის შუაში და რამდენიმე დღე 6 საათის მანძილზე სისხლიანი ნარჩენებისგან წმინდა თითოეული ნამსხვრევი. ხორცებს შიშველი ხელებით აგლეჯდა ძვლებს. ალაპარაკდა „დაკარგულ სამოთხეზე“ – თავის ბელგრადზე – ევროპის უძველეს ნაფლეთზე და გაამხილა, რატომ არასდროს ახსენებდა საჯაროდ იუგოსლავიას…

ან სად გაგონილა სამოთხეზე საჯაროდ ლაპარაკი?

ვინ დაგიჯერებს, რომ ის არსებობს?

და რა მოხდება, თუ ამას მართლა დაიჯერებენ?

ვინ დაგიტოვებს შეურყვნელს სამოთხეს?

იქნებ, ესეც აშინებს „ახალ ქალიშვილს“?

ალბათ, ამაზეც ჰყვებოდა მაშინ მარინა აბრამოვიჩი – იუგოსლავიიდან „გაქცეული“ გოგო, რომელსაც ძვირად დაუჯდა სამოთხის დატოვება – ვეღარასდროს მიაგნო უკან გზას. ვეღარ იპოვა. თითქოს სამოთხის კარი აუჭედეს და მარტო დატოვეს.

„ოქროს ლომი“ მოუტანა იუგოსლავიაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილმა წარმოდგენამ ვენეციის 47-ე ბიენალეზე….

ის რამდენიმე საღამო სისხლისგან გათხვრილი, ფერშეცვლილი სამოსით  ტოვებდა დარბაზს არაქათგამოცლილი. თითქოს მთელი იუგოსლავიის დარდს დაატარებდა ძლიერი ბეჭებით. მაგრამ დილით ისევ ჯიუტად იცვამდა ქათქათა სამოსს და  წყლიანი თვალებით ჰყვებოდა ისევ ძველისძველ ისტორიებს. იქნებ, ხვდებოდა, რომ არც ერთ ჩვენგანს „არ აგვცდებოდა სამოთხიდან გამოძევება“ (გივი გეგეჭკორი)… რომ ადრე თუ გვიან ყველა ვკარგავთ მას, რათა ოდესმე ისევ დავბრუნდეთ. მაგრამ მარინა აბრამოვიჩის ტრაგედიაც სწორედ ამაშია – დასაბრუნებელი აღარ არსებობს! იუგოსლავია უკვე მკვდარია! ისე მკვდარი, რომ „ტალითა კუმის“ ხმა აღარ ჩაესმის!  

„ყველაფერი მამისაგან მომეცა მე“

მათეს სახარება (11:27)

„მე მამაჩემი მახსოვს,

თვალდათვალ ვხედავ მამას“.

მურმან ლებანიძე

ასე წერია იოანეს სახარებაში – „მიყვარს მამა და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ“ (იოანეს სახარება; 14:31).

მარინა აბრამოვიჩსაც თავისებურად უყვარს მამა.

მამა ვოიოცა და დედა დანიკაც – იუგოსლავიის ეროვნული გმირები.

მათი სიყვარული ზღაპარსა და ანტიზღაპარს შორის დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს – ორი პარტიზანი. ერთი გზა. ერთი გადაკვეთა. და ოჯახი, რომელსაც პატარა, უცნაური, ხმაურიანი გოგოს დაბადება მოჰყვა 1946 წლის 30 ნოემბერს.

ომის მერე დაბადებულებს დამღა დაჰყვებათ ერთგვარი –

სიცოცხლისა და სიკვდილის სხვაგვარი გაგება; არაერთმა დაამტკიცა ეს. მარინა აბრამოვიჩი ერთ-ერთია.

იქნებ, ესეცაა მისი უცნაურობის, აბსურდულობის, ამტანობის, გამტანობის მიზეზი?

იქნებ, იმ ფაქტმა „შექმნა“ ასეთად, ბებია-ბაბუასთან რომ იზრდებოდა?

სადღაც 6 წლისა დაბრუნდა შინ – მშობლებთან. „დედაჩემს და მამაჩემს საშინელი ქორწინება ჰქონდათო“ – იგონებდა მერე.

მეტს არაფერს ამბობდა, მაგრამ „საშინელი“ ისედაც იტევდა ორი გმირის ერთ ჭერქვეშ ცხოვრების შეუძლებლობას.

სახლის კარის გაჯახუნებამდე 12 ბოთლი შამპანური დაამსხვრია მამამ – გამწარებულმა, თავმობეზრებულმა, თავისუფლებას დანატრებულმა.

იმ დღემ ბევრი რამ განსაზღვრა, ალბათ – იქნებ, ისიც, რომ მარინა აბრამოვიჩი ბოლომდე დაიხარჯა და გაიქცა ყველა სიყვარულისგან.

არც ერთ შვილს მისცა დაბადების, სიცოცხლის უფლება.

სამჯერ გამოიფატრა მუცელი.

3 აბორტით დაიმძიმა მხრები.

„ჩემი საქმისთვის ბავშვების ყოლა საშინელება იქნებოდაო“ – მერე იმართლა თავი.

ან, იქნებ, იმას მიხვდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეა ღმერთის და „დაბადების“ სასწაული არც არის მისი საქმე.

მარინა აბრამოვიჩს არასდროს უყვარდა სხვათა საქმეებში ფათური.

მით უფრო – „მამის“!

თუმცა, დღემდე იმ გზას  მიყვება მაინც – სახლიდან წასული, უარყოფილი და უარმყოფელი მშობლის…

ასე გადაარჩინა მამა და ასე გადაირჩინა ხსოვნა მამის!

სანაცვლოდ მშობლისგანაც მიიღო ერთგვარი „საჩუქარი“ –  მისი შემწეობით იქცა „სასწაულმოქმედად“ – მარინა აბრამოვიჩის „ტალითა კუმი“ ვოიოს დახშულ, დაბზარულ სმენას მისწვდა! მისწვდა და „დაბრუნდა“!

უბინაო

„ო, უბინაო, უგზო, უფულო,

არც სამოსელი, არც ხელთათმანი,

ფეხსაცმელებში მთელი ბათმანი

თოვლი და წვიმა. ღრმა გულისცემა“…

გალაკტიონი

მისი სხეული სამოსსაც ვერ ირგებს თითქოს.

ბოჭავს.

ამიტომ ჩაცმულიც მუდამ შიშველია და შიშველსაც არაერთხელ შეუსრულებია არაერთი საბედისწერო პერმორმანსი;

იქ ნამდვილი მარინა აბრამოვიჩია – გამქრალი იუგოსლავიის სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი.

ასეთი იყო და არის მუდამ.

არც საკუთარი თავი მოსწონდა არასდროს და ბრიჯიტ ბარდოს მოცუცქნულ ცხვირზე ოცნებაც ტანჯავდა შორეულ ბავშვობაში.

უშნო ქვედაბოლოში, ღილებიან პულოვერსა და სქელძირიან ჩექმებში მალავდა საკუთარ სუსტ სხეულს, ასე რომ არ მოსწონდა.

მერე, გაზრდილი, მთლიანად განიძარცვა და ასე გამოუცხადა პროტესტი სხეულს, რომელსაც დიდხანს არ ეღირსა პატრონის სიყვარული.

კაცმა არ იცის, მარინა აბრამოვიჩი უტარებდა სხეულს პერფორმანსს, თუ პირიქით, სხეული – პატრონს.

ერთმანეთის ქიშპობასა და მტრობაში იყვნენ წლები – დაზავებამდე.

არადა, ამ სხეულშია მოქცეული კონცეპტუალისტიც, პერფორმერიც, ფილანთროპიც, მწერალიც, კინორეჟისორიც, არტისტიც…

ბევრი მარინა აბრამოვიჩი ერთ სხეულში.

ამიტომ უჭირთ, ალბათ, დაზავება. შეგუება. ერთმანეთის შეყვარება. ამიტომ ალაპარაკდა ქალი „ტკივილთან, სისხლთან და სხეულის შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაპირისპირებაზეც“.

თუმცა, თავად მარინა აბრამოვიჩისათვის არასდროს არსებობდა შეზღუდული შესაძლებლობა.

ერთადერთია, ვისაც შეუძლია, ისე დატოვოს სხეული, რომ არ მოკვდეს.

ხანდახან როგორი აუცილებელია გაქცევა „ბინიდან“…

მარტოობა.

უარყოფა…

მარინა აბრამოვიჩიც არაერთხელ ყოფილა „უბინაო“.

ხიზანი.

ღრმა გულისცემის ამარა დარჩენილი.

იქნებ, ასეთი  „უბინაობისას“ გადაეყარა სერბ კონცეპტუალისტ მხატვარს – ნეშა პარინოვიჩისაც, რომელზეც მთელი ხუთი წელი იყო დაქორწინებული (1971-1976)…

მაგრამ მერე ისევ „დაუბრუნდა“ სხეულს.

აჯანყდა. და 1976 წელს – 30 წლისა –  ჰოლანდიაში – ამსტერდამში გაიქცა.

სამუდამოდ დატოვა იუგოსლავიაცა და ნეშა პარინოვიჩიც.

უკვე ცნობილი პერფორმერიც იყო და წინ რაღა ან ვინღა დაუდგებოდა? სამშობლო? დედა, რომელიც მამის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო ტირანად იქცა თუ ნეშა?

აეროპორტში თავისნაირ „უბინაოს“ გადაეყარა – გერმანელ მხატვარს, პერფორმერსა და კონცეპტუალისტს – ფრანკ უვე ლაისიპენს – იგივე ულაის, რომელიც ზედმეტად ლამაზიც კი იყო; იმდენად ლამაზი, რომ იმ წამსვე დაინახა მარინამ –

გრძელი ხორბლისფერი თმები.

ლურჯი თვალები.

დახვეწილი ნაკვთები და უნაკლო სხეული.

აბრამოვიჩი იმდენად მოიხიბლა, ამ სრულყოფილების ნაწილად მოუნდა ქცევა.

იქცა კიდეც.

საკუთარი საზღვრების შესწავლაც დაიწყეს ერთად.

პერფორმანსებიც.

თავგადასავლებიც.

სიკვდილთან თამაშიც.

დაბადების დღეც კი ერთი ჰქონდათ – სამი წლის სხვაობით – და ორივეს სძულდა 30 ნოემბერი.

ერთნაირ სიზმრებსაც ხედავდნენ – „არა ჩვენებურს“.

„ჩვენ ვასრულებდით ერთმანეთის წინადადებებს. ზუსტად ვიცოდით, რას გულისხმობდა მეორე – სიზმარშიც კი. ერთმანეთს ვესაუბრებოდით ძილში; შემდეგ ვიღვიძებდით და საუბარს ვაგრძელებდით. თუ მე მარცხენა თითი მტკიოდა, მას მარჯვენა აწუხებდა. ეს კაცი იყო ყველაფერი – რაც მინდოდა და ვიცოდი, რომ ისიც იმავეს გრძნობდა“…

ასე იგონებდა ულაის წლების მერე მარინა აბრამოვიჩი, რომელიც შეცდა ან შეგნებულად დაუშვა შეცდომა, რადგან, ცხადია, იცოდა, რომ სრულყოფილება ყველაზე სახიფათო რამ არის და უცილობელი „უბინაობისთვისაა“ განწირული.

თუმცა, ცდუნებაც დიდი იყო; „ზოგიერთი წყვილი გეგმავს, როგორი ქვაბი და ტაფა შეიძინოს ერთად საცხოვრებლად გადასვლისას. მე და ულაიმ კი დავგეგმეთ, როგორი ხელოვნების ნიმუშები შეგვექმნა ერთად“ – იგონებდა ქალი.

შექმნეს კიდეც არაერთი არნახული პერფორმანსი – მათ შორის, ალბათ, უპირველესი „სიმშვიდის ენერგიაა“ (1980); 4 წუთი და 20 წამი მოჭიმული ისარი ჰქონდა მიბჯენილი ულაის ქალის მკერდზე.

4 წუთი და 20 წამი სიკვდილს ეძახდნენ.

ვიდეოკადრებშიც იგრძნობა წყვილის დაჭიმულობა. სიკვდილის სიახლოვე. დაძაბული მზერა. ნდობა, რომელსაც ულაი (და არა – სიყვარული) ჰქვია და ცოტა, სულ ცოტა შიში!

სიკვდილის შიში!

მიკროფონებში ისმოდა წყვილის გულისცემა, რომელიც მძაფრდებოდა, რთულდებოდა და იძაბებოდა. ოთხიოდ წუთში ულაის თითები უძლურდებოდა და კიდევ უფრო იმატებდა საფრთხე.

წყვილი მუდამ საბედისწერო ხაზებს კვეთდა; პერფორმანსი „მეს სიკვდილიც“  ერთ-ერთი იყო – კოცნა ჟანგბადის ამოწურვამდე. ფილტვების ნახშირორჟანგისგან დაცლამდე. ეს არ იყო თავდავიწყებული კოცნა; უფრო სასიკვდილო ნომერს მიაგავდა და 17 წუთში ორივეს გონების დაკარგვით სრულდებოდა.

ორი „უბინაო“ მხოლოდ 12 წელი ნახულობდა ერთნაირ სიზმრებს.

12 წელი იცხოვრეს ნახშირორჟანგის დაცლამდე. სამი წლის მანძილზე არაერთხელ შემოუარეს მეორადი ფურგონით ევროპას პერფორმანსებით.

მერე ჩინეთის მთავრობას მიმართეს 17-ჯერ თხოვნით, პირველებს გაევლოთ დიდი კედელი ორი საპირისპირო მხრიდან  ფეხით და შუაში შეხვედროდნენ ერთმანეთს. იქ ექორწინათ.

არადა, გასული იყო ვნებისა და ქორწინების დროც უკვე.

უკანასკნელი გაბრძოლების დრო იდგა.

თითქოს ჩინეთის დიდ კედელს უნდა გადაერჩინა მათი სიზმრები…

მთავრობამ მხოლოდ მე-18 ცდაზე მისცა წყვილს თანხმობა.

შეხვედრა შედგა, მაგრამ ულაი უკვე შვილს ელოდა თავისი  თარჯიმნისგან.

„ეს იყო ხანგრძლივი განსაცდელი, რომელიც საბოლოოდ დასრულდა“.

თუმცა, 22 წლის მერე, 2010 წელს, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კიდევ ერთი საბედისწერო შეხვედრა მაინც შედგა – მარინა აბრამოვიჩი 736 საათის განმავლობაში ატარებდა პერფორმანსს – „მხატვრის მუნ ყოფნა“; წითელ, გრძელ კაბაში გამოწყობილი ქალი უსიტყვოდ უყურებდა თვალებში მის წინ ჩამომჯდარ  ნებისმიერ მონაწილეს.

იქ გამოჩნდა ულაიც; უხერხულად შეისწორა პიჯაკი. ფეხებზე კეტები ეცვა – მოხერხებული და ახალგაზრდული; მობერებული კი იყო, მაგრამ თვალები ძველებურად უნათებდა.

ორივემ იტირა იმ დღეს.

მარინა აბრამოვიჩმა პირველად დაარღვია პერპორმანსის პირობა და ხელზე შეეხო ულაის – დაკარგულ „ბინას“; სიყვარულს. სიზმარს.

„შოკისმომგვრელი მომენტი იყო. ჩვენი ცხოვრების 12 წელმა ერთ წამში გამიელვა გონებაში“ – წერდა აბრამოვიჩი დაკარგულ სახლზე, რომლის გზას ვეღარასდროს მიაგნო, ისევე როგორც იუგოსლავიას.

რამდენიმე წლის შემდეგ მაინც იკამათეს…

საბოლოოდ ისევ დაზავდნენ.

2017 წელი იყო. 2020 წლის 2 მარტს კი ულაი გარდაიცვალა.

მარინა აბრამოვიჩს არც უცდია, „ტამიტა კუმის“ სასწაულის გამეორება.

არც ღირდა, რადგან ულაის სიკვდილის დრო იდგა!

„ისწავლეთ ჩემგან“!

მათეს სახარება (11:29)

სერბეთი ოდესღაც რომის იმპერიის ნაწილი იყო; კონსტანტინე დიდიც იქ – ნაისუსში დაიბადა. მერე ბევრი გზა გამოიარა ქვეყანამ და ნაწილ-ნაწილ დაფლეთილი შემორჩა 21-ე საუკუნეს.

მარინა აბრამოვიჩი რაც უფრო ჩუმად არის, მით უფრო ენატრება, ალბათ, თავისი დაკარგული სამოთხე, სადაც კეთილმოსაგონრად მხოლოდ სამშობლო დატოვა. სხვა არაფერი – რთული ურთიერთობები მშობლებთან. არშემდგარი ოჯახი. იქ „დარჩა“ პირველი პერფორმანსები. „საბჭოთა სხეულიც“ იქ ჩამოირეცხა, თუმცა კარგა ხანს ატარებდა უცნაურ აქციას მერეც – მუცელზე საბჭოთა ხუთქიმიან ვარსკვლავს იკაწრავდა დანით და ჯვრის ფორმის ყინულზე წვებოდა. ეს იყო საბჭოთა ჯვარცმა; საბჭოური განსაცდელი, რომელიც ყველა სხეულს სწვდებოდა; ყველას აშიშვლებდა, ასახიჩრებდა და აკრავდა ყინულის ჯვარზე.

ღმერთი აბრამოვიჩის უმეტესი პერფორმანსის თანამონაწილეა.

არტისტი მუდამ დაატარებდა თავისი დაშანთული მუცლით ქრისტეს.

მისი პიეტები „დაუჯერებლად ადამიანურია. ერთობ ადამიანური“.

თავად არტისტიც კი სისხლისფერია ჟოლოსფერ კაბაში.

ზოგიერთ პერფორმანსში ქრისტეს საფენში ვხედავთ.

თითქოს ბავშვია, რომელსაც უფლება არ მისცეს, დიდი გამხდარიყო.

თითქოს აკვანშივე ჩაკლეს.

სხვა შემთხვევაში ქრისტე ტილოს თეთრ სამოსშია და კიდევ უფრო სულისშემძვრელად ანათებს მარიამად ქცეული აბრამოვიჩის ჟოლოსფერი კაბის ფონზე.

იცვლება ქრისტე.

სახეს არ იცვლის მხოლოდ არტისტი;

ის „იგივეა მარად და მარად“ – ღმერთის სიცოცხლისა და სიკვდილის მოდარაჯე.

ჯვარზე გაკვრაც გადაიარა საკუთარ სხეულზე და ღმერთის დედის აუზიდავ ტვირთსაც მოერია.

ამიტომ მარინა აბრამოვიჩი მშობელიცაა – ისიცაა ღმერთის დედა და შესაბამისად, არც უშვილოა.

ვისწავლოთ მისგან – ვისწავლოთ სიცოცხლისა და სიკვდილის გზა!

სიყვარულისა და სიძულვილის პარალელები!

უბინაობა და ბინაში ყოფნა!

ტკივილი და სიხარული!

ყვირილი!

ისეთი ყვირილი, ღმერთსაც რომ ასწვდება და გააგონებს ხმას!

ვისწავლოთ „დედობა“ – თავგანწირული ბრძოლა შვილებისთვის!

იქნებ, ასეც გვითხრა სამყარომ მისი დაბადებით 79 წლის წინ – „აჰა, მე ვაგზავნი ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე“ (მათეს სახარება (11:10)

ვინ იცის?

მისი ასაკშეპარული, ნაგვემი და ნაწამები სხეულის ისტორია გრძელდება, რადგან ახსოვს, იცის, როგორც კი დაიღლება სიკვდილთან მარადიული ბრძოლით, მაშინვე მოაგონებენ – „აღსდექ, მარინა აბრამოვიჩ! სიკვდილის გზა არრა არის!“

Eka Tkhilava – “Talitha Kumi!” or Arise, Marina Abramović!

This essay is dedicated to the legendary artist of our time – the emblem of performance art – Marina Abramović. The author presents her mythologized artistic persona from unexpected perspectives, and through the performativity of the text itself, seeks to enter Abramović’s metasomatic reality and reimagine the facets of her dramatic destiny.

Special emphasis is placed on the pain of the artist’s vanished homeland, and the author writes:

“Sooner or later, we all lose our homeland so that we may someday return. But Marina Abramović’s tragedy lies precisely in this – there is nowhere left to return to! Yugoslavia is already dead! So dead that it can no longer hear the voice of ‘Talitha Kumi’!”

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…