ეკა თხილავას ესე

ბაბილონი უნდა დაინგრეს!

, , ,

„ჩემში ჩაიქცა ძველ ქვეყნების მზის მხურვალება.
ბაბილონიდან ქარავნები ქაირს მიდიან…
… ჩემში წარსული მოტრიალდა.
ასე მგონია,
რომ ეს ქვეყანა დასანგრევი ბაბილონია“…
შალვა კარმელი

სამყაროს მუდამ ჰყავს ერთი კატონი ან ერთი სინახერიბი მაინც.

უნდა ჰყავდეს კიდეც, რათა კართაგენიც დაეცეს და ბაბილონიც აღიგავოს პირისაგან მიწისა….

აღიგავოს, რადგან „ეს ქვეყანა დასანგრევი ბაბილონია“ –  ღმერთების კარიბჭეცაა და  -ბოროტების ძალთა სავანეც… 

სამყაროს  ახალი კარიბჭეები და ახალი ბოროტების ყვავილები სჭირდება!

ამიტომ ადამიანში წარსული აუცილებლად უნდა მობრუნდეს ადრე თუ გვიან…

მობრუნდეს, რათა არასდროს დაავიწყდეს –

ბაბილონი უნდა დაიბადოს და უნდა დაინგრეს!

დაბადება

ელფრიდა ელინეკი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დაიბადა -1946 წლის 20 ოქტომბერს.

ბაბილონის ეს დაცემა იშვიათად ძვირი დაუჯდა დედამიწას – 20 მილიონზე მეტი ბაბილონელიც გაიყოლა თან.

ებრაული წარმოშობის ელფრიდა ერთგვარი საზღაური იყო, თავის თანადაბადებულებთან ერთად – იმ 20 მილიონის ჩანაცვლება. სიცოცხლით სიკვდილის დამმარცხებელი. მით უფრო, რომ ებრაელი „ბაბილონელი“  იყო.

არადა, მამა – ფრიდრიხ ელინეკი – გადარჩა… თან – ავსტრიაში…

იქნებ, გამორჩეული ნიჭის ქიმიკოსობამ იხსნა?

ბაბილონის დანგრევა ქიმიკოსთა გარეშე ვერ გამოვიდოდა… იცოდნენ მაშინდელმა მნგრეველებმა, თვალი როდის უნდა დაეხუჭათ და – რის სანაცვლოდ.

ცხადი ერთია, მამა გადარჩა, მაგრამ  ძვირად დაუჯდა –   ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა სიცოცხლე 1969 წელს…

მამა

4 წლიდან უყურებდა ელფრიდა ჭკუიდან შეშლილ მამას – მუდამ სადღაც იყო თვალებით კაცი; ზემოთ, ზეცაში… იშვიათად „უბრუნდებოდა“ მიწას…

ამბიციური დედა – ოლგა ილონა ბუხნერი – ცნობილი ავსტრიული ოჯახიდან – ერთგვარ დესპოტად იქცა – შვილისგან მუსიკალურ ვუნდერკინდს ზრდიდა.

რომაული კათოლიკური გიმნაზია ტანჯვის პირველ გზად იქცა გოგოსთვის; მერე წერდა – სკოლა სიკვდილის ტოლფასიაო…

მუსიკაც ერთგვარი სადო-მაზოხისტური ტანჯვა იყო.

უკრავდა.

უკრავდა  ხუთ სხვადასხვა ინსტრუმენტზე დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე.

ბუღალტერი დედის პრაგმატულ დღეებს უჩუმრად მიჰყვებოდა.

13 წლისა ვენის კონსერვატორიის სტუდენტად იქცა – ფორტეპიანოს ფლეიტა ენაცვლებოდა; ფლეიტას – გიტარა, გიტარას  – ვიოლინო, ვიოლინოს – ალტი…

ნელ-ნელა მუსიკაც ანაკუწებდა ელფრიდას სხეულსა და გონს – დედის ერთგვარ დანამატად აქცევდა.

თან გამუდმებით უყურებდა მამას, რომელიც არასდროს იყო დედამიწაზე.

გაქცევა ბაბილონიდან

გამოსაშვები გამოცდებისგან გადაღლილი და გამოფიტული გოგო თითქოს გადარჩენის გზას  ეძებდა და მამას „შეეფარა“ – შიშის შეტევების დიაგნოზით გამოიკეტა ერთი წლით შინ… 

„ბაბილონისა“ და „ბაბილონელებისაგან“ გაქცეული მამა-შვილი ერთად ცხოვრობდა ვენის განაპირა სახლში. არავის ჰგავდნენ… კარგა ხნის შემდეგ დაწერა ელფრიდამ – „არავის რომ არ ჰგავდე, უნდა გადაიხადოო“… („პიანისტი:).

გადაიხადეს მამამაც და შვილმაც – ტკივილით. მარტოობით. გაუცხოებით.

„მცველი“

მაშინ დაიწყო ელფრიდამ „ახალბაბილონელობაც“ – ლექსების წერა…

აღმოაჩინა, რომ ბაბილონელებსა და მუსიკაზე „ერთგული“ იყო სიტყვა. საკუთარი სიტყვა. მაგრამ ხანდახან მისგანაც სჭირდებოდა თავის დაცვა და თავდაცვა – ასე რომ მიეჩვია მთელი სიცოცხლე…

„ეს ძაღლი ენა, მე რომ თავდაცვისთვის  ავიყვანე,

ახლა ქუსლებს მკბენს.

ჩემი მცველი ჩემი კბენისთვის  არის მზად დღეს.

ენამ ის უნდა აღწეროს, რაც მე არა ვარ, არადა, ის რას წერს?

ამიტომაც ვავსებ ამდენ ქაღალდს. რა ვქნა?

ჩემი ერთადერთი მცველი ჩემ წინააღმდეგ განეწყო ახლა…“

ასე იქცა ახალი ბაბილონი ენად და ენა – ძაღლად; ძაღლი – მტრად – ელფრიდას „ამბების გამტანად“ და – „გამტარად“…

პატრონივით „ძაღლის ენა გამოიბა“ ელფრიდას ენამაც…

ასე დაიწყო დიადი ბაბილონის მშენებლობაც…

დიადი ბაბილონი

„ახალბაბილონელობა“ მარტივი არ აღმოჩნდა – ფემინისტობა, თვითირონია, სკანდალურობა, გარიყვა, აღიარება, რომანისტობა, დრამატურგობა, ესეისტობა, პოეტობა ედო საფუძვლად… სიტყვა იქცა ელფრიდას „ახალბაბილონის“ აგურად… რთულ გზად. აღიარებად… ფსიქოთერაპიამ მყარ კედლებამდე მიიყვანა და უფრო მელოდიური აღმოჩნდა, ვიდრე როიალი ან გიტარა და ან – ვიოლინო…

ელფრიდას, იქნებ, ისიც ახარებდა, რომ დედა შეცდა… მისი გზა ვერ  დაინახა და შვილი თავის დანამატად მაინც ვერ აქცია…

ისიც გაიაზრა მამასთან ერთად სახლში გამოკეტილმა და გარე სამყაროსგან შეშინებულმა, რომ „თუ არა გაქვს აწმყო, საჭიროა, დროულად იზრუნო მომავალზე“…

ასეც მოიქცა და შექმნა ელფრიდა ელინეკის „ბაბილონი“, რომელიც არც ერთ მანამდე არსებულ „ბაბილონს“ არ ჰგავდა არც ფორმით, არც – შინაარსით…

„საყვარლებს“ „პიანისტი“ მოყვა… იყო „ლტოლვაც“…

„ბაბილონელები“ შეკრთნენ – ძალადობამ, სექსმა, სექსუალურობამ, გენდერულმა ომებმა დააფრთხო ისინი…

არ იყვნენ მიჩვეულები ხმამაღლა ქალზე ლაპარაკს.

ელფრიდამ გაბედა!

იყვირა!

ხმის ჩახლეჩამდე იყვირა და მაინც გააგონა ყურდახშობილ „ბაბილონელებს“, რომ „ქალს ზარავს დამცირებისთვის განწირულობა“….

2004 წელს მისი „ბაბილონი“ ნობელით აღნიშნეს.

გაეღიმა. უცნაურად შეურაცხყოფილიც დარჩა – ჩათვალა, რომ სქესი იქცა მისი ჯილდოს განმსაზღვრელად…

იდარდა კიდეც, პეტერ ჰანდკეს უფრო ეკუთვნოდა ნობელიო..

(არადა, ჰანდკეს ნობელიანტობამდე 15 წელი აშორებდა)

დაჯილდოების ცერემონიალს არც დაესწრო – ვიდეო ზარით ჩაერთო მხოლოდ…

ელფრიდა ენილეკი მხოლოდ თავისი „ბაბილონის ბაბილონელია“ – ვერ დადის კინოში… ვერ ესწრება ცერემონიალებს… ვერ ადის ვერც თვითმფრინავის ბორტზე… შფოთვითი აშლილობა, ალბათ, მხოლოდ მიზეზია – დანარჩენი „ბაბილონისა და ბაბილონელებისაგან“ თავის დაცვის უტყუარი გზა….

სიყვარული

ელფრიდა ენილეკის ბაბილონში „სიყვარულს ყველაფრის უფლება აქვს, ხუმრობის გარდა“.

ასეც იცხოვრა.

ასე იყო 1974 წლის 12 ივნისამდეც –

„მამაკაცებს საკმაოდ ვიცნობდი. სექსუალურობა იყო ერთადერთი სფერო, სადაც ადრევე გავთავისუფლდი“…

დედის მარწუხებში მოქცეული, როგორც ჩანს, სექსუალური თავისუფლებიდან იწყებდა შინაგანი თავისუფლების გზას.

მერე 12 ივნისიც დადგა –

ელფრიდა 27 წლისა იყო; მომავალი კინოკომპოზიტორი – გოტფრიდ ჰიუნგსბერგი – 29-სა.

ელინეკის „ბაბილონში“ სიყვარულიც მას ჰგავდა –

„ჩვენი ქორწინება ორ ქალაქში გაგრძელდა. ეს იყო ერთგვარი ზღაპარი ორი ქალაქის შესახებ. ვენასა და მიუნხენს შორის ვმოგზაურობდი მუდმივად.

ვენა ის ადგილია, სადაც მე ბავშვობიდან ვცხოვრობ. აქ არიან ჩემი მეგობრებიც და არასდროს დავტოვებ აქაურობას.

მიუნხენი ჩემი მეუღლის ქალაქია. ამიტომ მე ყოველთვის ვმოგზაურობდი. ვმოგზაურობდი. ვმოგზაურობდი… და ეს კარგი იყო ჩვენი ქორწინებისათვის…“

ქალი, რომელიც „სხვა ბაბილონში“ წუთითაც ვერ ჩერდებოდა, სიყვარულისთვის გადადიოდა ქალაქიდან ქალაქში; ავიწყდებოდა შფოთვითი აშლილობაც და დაუსრულებელ მოგზაურობებს უძლებდა…

ორი წლის წინ – 2022 წლის 2 სექტემბერს ზღაპარი, სახელად  გოტფრიდ ჰიუნგსბერგი, დასრულდა…

იმ სექტემბრის მერე, ალბათ, აღარასდროს გაუვლია გზა ვენიდან მიუნხენამდე ელფრიდა ელინეკს.

არც გული აჩქარებია მიუნხენის სადგურთან მიახლოებისას. მაგრამ, იქნებ, სიზმრად არაერთხელ უნახავს, როგორ ღელავს მატარებლის ბაქანთან მისი გოტფრიდი…

იქნებ, ის შვილიც დასიზმრებია, რომელიც არასდროს დაბადებულა, ვინ იცის, რატომ? – დესპოტი დედისგან დატოვებულმა ტრავმებმა დააკომპლექსა თუ სულიერად შეშლილი მამის ხსოვნამ? იქნებ, სულაც, ბაბილონელთა სისასტიკის გამო თქვა უარი მასზე?

ან იქნებ, გარდაუვალი სიკვდილისთვის ვერ გაიმეტა შვილი?

შავი ხარი

დროსთან ერთად კიდევ უფრო ჩაიკეტა ელფრიდა ელინეკის „ბაბილონის“ საზღვრები და კიდევ უფრო სასტიკი გახდა „სხვა ბაბილონები“ მის ნაწერებში.

იქ ადგილი არასდროს არის ზღაპრებისთვის.

სიყვარულიც სასტიკია და – სიძულვილიც.

დაუნდობლები არიან იქაური  „ბაბილონელები“ – ისეთები, თავის დროზე რომ ელფრიდა მამასთან ერთად გაექცა ვენის განაპირა სახლში.

ელინეკის სისასტიკე ხან კინოეკრანებზე „ჟონავს“ და ხან – თეატრში…

2010 წელს პოლონეთში, ქალაქ ბიდგოშჩის იერონიმ კონიეჩკას სახელობის თეატრში დაიდგა მისი „Bambyland“.

რეჟისორი ახალგაზრდა ქალი – მაია კლეჩევსკა იყო…

ბამბილენდი ბაბილონად გადააქცია კლეჩევსკამ.

ერაყი…

ციხის მყრალი სუნი…

სტერილური სივრცეები…

შვილმკვდარი დედების შეძრწუნებული სახეები…

დატბორილი იატაკი…

„მძაფრი ქარტეხილები“…

„ხანი უნდობარი“, უხვად რომ მოაქვს „სისხლი და ცხედრები“…

ცხედრები. ცხედრები. ცხედრები.

ყველგან ელფრიდას მამასავით ცარიელი თვალებია.

ადამიანი აქ ან ცხოველია, ან – მკვდარი…

სიცოცხლეს თითქოს  მხრებიდან ჩამოურეცხავს ყველაფერი ადამიანური.

ამ სივრცეში რწმუნდები, რომ „ნამდვილი ცხოვრება სწორედ ის ცხოვრებაა, რომელსაც თუ არ ჰკითხავ, ჩუმად იქნება“…

კლეჩევსკა-ელინეკის სამყაროში ცხოვრება ნამდვილია. იმდენად ნამდვილი, რომ კითხვის დასმაც კი საჭირო აღარაა.

ყველაფერი ზედაპირზეა – გაუსაძლის სისასტიკეს მოუცავს სამყარო და წარღვნის დროც დამდგარა, მაგრამ აღარც ნოე  არსებობს და არც – მისი კიდობანი… არადა, დატბორილია უკვე ირგვლივ ყველაფერი.

ცხადია, ბაბილონი პირწმინდად უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა!

აქ აღარც მცენარის ადგილია, აღარც ცხოველისა და ფრინველის, რადგან ისინიც წაუბილწავს ადამიანურ სისასტიკეს თითქოს…

არც სიტიტვლეა ამ ბაბილონში სირცხვილი; არა უცოდველობისა გამო, ცხადია! სიბინძურეში მუდამ ურცხვია ადამიანი… ერექტირებული სასქესო ორგანოთი დარბის შიშველი… სისხლით, ძალადობით, სიკვდილითაა აღგზნებული…

ბაბილონის კედელი ერთგვარ მემატიანედ ქცეულა; მასზეა ასახული ერექტირებული მამაკაციცა და – აქაურთა „წმინდა სამებაც“ –

გვირგვინი… ფალოსი… ხარი…

თითქოს ადამიანის დაკარგული სული მიგელ ერნანდესივით მაინც ყვირის –

„წამოდექი, ადექი, გაიღვიძე ესპანეთის ხარო…

გაიღვიძე ყველაფრისგან, შავი ქაფის ხარო…“

არადა, შავი ქაფი კედელსღა შერჩენია…

გაღვიძება რთული პროცესია. შეუძლებელიც კი ზოგიერთ ბაბილონში – იქ, სადაც არც ღმერთის ადგილია და არც – მისი კარიბჭის.

თუმცა მცირე იმედი მაინც ანათებს  მუდამ ყველა კედელზე –

ყვავილის კონა, რომელიც თითქოს ბავშვს მიუხატავს ათასი სიბინძურის მნახველ ფილებზე; ყვავილი, როგორც დიდი სიწმინდე ღორების კოლტში.

მაგრამ რა შეუძლია პატარა ყვავილს? ისიც – დახატულს?

ვინ გადაარჩენს ადამიანს?

სად არის ნოე, წარღვნის შემდეგ ბაბილონის მაშენებელი?

არსად!

იქნებ, არც დაბადებულა?.

ან იმ მამაკაცად გადაიქცა, მხოლოდ სიკვდილის ვნება რომ ახელებს.

ჩანგალი

1971 წელს ნიუ-იორკში ენდრიუ ლოიდ ვებერის გახმაურებული ოპერის – „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავის“ პრემიერა შედგა ბროდვეიზე.

ეს იყო შოკი –

ადამიანებმა ვერ გაიგეს – უნდა მოსწონებოდათ თუ არა ნანახი…

დაიბნენ.

მერე ერთგვარი დევნაც დაიწყო სპექტაკლის, მაგრამ „სუპერვარსკვლავის“ პოპულარობა კიდევ უფრო იზრდებოდა…

იზრდებოდა, რადგან თეატრი სულ სხვა „ბაბილონია“…

კიდევ უფრო რთული და პარადოქსული „ბაბილონი“;

არ იცი, რა მოეწონება იქ შემოსულ „ბაბილონელს“ და – რატომ.

ან რა არ მოეწონება და – რატომ.

იქნებ, ამაზე პასუხი არც თავად „ბაბილონელს“ ჰქონდეს.

მაია კლეჩევსკა წერდა – „თეატრმა ჩანგალი უნდა ჩაგთხაროს თვალშიო“…

უხეშად ნათქვამია, მაგრამ, იქნებ, ასეცაა…

განა, ელფრიდა ელინეკიც ამ „ჩანგლით“ არ გახდა, ერთგვარად, ცნობილი „ახალბაბილონელი“?

განა, მისი ნებისმიერი ნაწარმოები, ლექსი, პიესა, ესე არ არის „თვალის დაშრეტა“?

და, განა, თავად მას, ელფრიდას, არ ასწავლეს კათოლიკურ სკოლაში მათეს სახარება (თავი 18) – „თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე“…

ასწავლეს და არაერთხელ „დაიშრიტა“ კიდეც „ცოდვილი თვალი“! არაერთხელ იქცა ნოედაც! კიდობნადაც და მტრედიც არაერთხელ იყო…

ელინეკი ჩეხურად შველს ნიშნავს, თურმე… უცოდველს. შეურყვნელს.

იქნებ, ამიტომაც არ ჰგავს ფრიდრიხ და ელფრიდა ელინეკების „ბაბილონი“ სხვებს…

იქნებ, ამიტომაც ახსოვთ მუდამ შავი ქაფის ხარი…

Eka Tkhilava – Babylon must fall

Eka Tkhilava’s essay presents a portrait of the Nobel Prize-winning writer Elfriede Jelinek from various angles; it shows the difficult and contradictory path she took. The author notes that “over time, the borders of Elfriede Jelinek’s “Babylon” have become even more closed, and the “other Babylons” in her writings have become even crueler. There is never a place for fairy tales there. Love is cruel, and so is hatred. The “Babylonians” are ruthless – the kind that Elfriede fled from with her father to a house on the outskirts of Vienna at one time.

Jelinek’s cruelty sometimes “leaks” onto movie screens and sometimes into the theater”…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…