ნებისმიერი თეატრის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია უცხო მაყურებელთან შეხვედრა, ეს იქნება რეგიონულ დონეზე, თუ საერთაშორისო მასშტაბით. თუმცა, რიგ შემთხვევებში, გასტროლი ან რომელიმე ფესტივალში მონაწილეობა, განსაკუთრებით საზღვრებს გარეთ, თვითმიზნად არ უნდა იქცეს. მოწვევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რა ტიპის ფესტივალია, რა ეგიდით ან რა სარეპერტუარო პოლიტიკით იმართება, კონკურს-ფესტივალია თუ ფესტივალი – დათვალიერება და ა.შ. და ა.შ.
11 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრთან ერთად, ესპანეთის სამეფოში, ქალაქ სარაგოსაში გამართულ მცირე ფორმატის სპექტაკლების ფესტივალში მონაწილეობდა სპექტაკლით – „ოჰ, ღმერთო“, რომელიც წელს დავდგი ამ ორი თეატრის კოპროდუქციით, ანათ გოვის პიესის მიხედვით. ამ ფესტივალში მონაწილეობა მოზარდ მაყურებელთა თეატრისთვის რიგით 50-ე საიუბილეო საერთაშორისო გასტროლი აღმოჩნდა უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში (პანდემიის ორი წლის გათვალისწინებით).
ამ პერიოდში თეატრის რეპერტუარის 23 სხვადასხვა დასახელების სპექტაკლი იყო ჩასმული 29 სხვადასხვა ქვეყნის საფესტივალო აფიშაში. მათგან 9 ჩემი დადგმული იყო (მათ შორის 2 – გია მარღანიასთან ერთად), 14 სპექტაკლი კი სხვა რეჟისორებმა დადგეს.
სტატისტიკის მიხედვით, მოზარდ მაყურებელთა თეატრმა უცხოეთში 76 წარმოდგენა გამართა. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად რამდენიმე სპექტაკლს, რომელთა შემდგომ ფესტივალებზე მიწვევა დიდწილად პირველმა საერთაშორისო ჩვენებამ განაპირობა. მაგალითისთვის „რწყილი და ჭიანჭველას“ (რეჟ. დ. ხვთისიაშვილი, გ. მარღანია) მოვიშველიებდი, რომელიც თბილისური პრემიერიდან სულ რამდენიმე კვირაში ტოკიოსა და ნაგოიას საერთაშორისო ფესტივალებზე აღმოჩნდა აზიის ასიტეჟის სპეციალური მიწვევით. იაპონიაში ჯერ კიდევ ახსოვდათ ის დიდი ტრიუმფი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გასტროლებმა გამოიწვია, ამიტომაც ინტერესი თეატრისადმი, რომელიც საქართველოდან ჩავიდა, იმთავითვე დიდი იყო. ჩვენც ძალიან ვღელავდით, პატარა მაყურებელთან ტიტრების გარეშე თამაში დიდ გამოცდად გვეჩვენებოდა. პირველივე სპექტაკლმა, რომელიც ნაგოიაში გავმართეთ, ეს შიში გააქრო. ისეთი რეაქციებით მოგვყვებოდნენ იაპონელი ბავშვები, თითქოს ქართული ესმოდათ. ნამდვილი ტრიუმფი კი უკვე შედგა ტოკიოში, სადაც წინასწარ დაგეგმილ 4 წარმოდგენას კიდევ 2 დაამატეს და პატარა სცენაზე დადგმული სპექტაკლი, დიდი თხოვნით, უზარმაზარ სცენაზე გვათამაშეს 1000 ადგილიან მაყურებელთა დარბაზში, სადაც ტევა არ იყო. პრესის გამოხმაურებას ჩვენამდე არ მოუღწევია (თუმცა, შესაძლოა, იყო კიდეც), თუმცა პრესკონფერენციაზე თეატრის სპეციალისტებმა და კრიტიკოსებმა იმდენად მაღალი შეფასება მისცეს სპექტაკლს, რომ ზედიზედ 3 სხვადასხვა ფესტივალიდან იმავე საღამოს მივიღეთ მოწვევა, მათ შორის ხორვატიიდან, სადაც კონკურს-ფესტივალი იმართებოდა. სწორედ ხორვატიაში პირველი საერთაშორისო პრემია აიღო ამ წარმოდგენამ – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, რომელიც ჭიანჭველას, მამლის, კატის როლების შემსრულებელმა ნიკა ნანიტაშვილმა აიღო. სპექტაკლმა 10 ქვეყანაში (იაპონია, ხორვატია, თურქეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, მაკედონია, უკრაინა, ლიეტუვა, ბელორუსია) 18 საერთაშორისო სპექტაკლი დააგროვა. კონკურს-ფესტივალი სულ ორი იყო. ერთი უკვე ზემოთ აღვნიშნე, მეორე კი წელს გაიმართა მაკედონიის ქალაქ ბიტოლაში, სადაც სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა. საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს „რწყილი და ჭიანჭველა“. უკვე 450-ე სპექტაკლიც ვითამაშეთ და მაინც დიდი დეფიციტია ბილეთებზე. საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ 2019 წელს სპექტაკლის რეჟისორებსა და ყველა მონაწილეს შალვა დადიანის სახელობის პრემია მოგვანიჭა.
მინდა გაგიზიაროთ პეტერ ფრეიზენის შთაბეჭდილებები, გერმანიის ქალაქ ვიტენში საერთაშორისო ფესტივალზე „რწყილი და ჭიანჭველას“ წარდგენის შემდეგ რომ დაწერა: „გუშინ, თეატრალური ფესტივალის „Klein Aber Fein“-ის ფარგლებში ვნახეთ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის შესანიშნავი სპექტაკლი. ეს თეატრალური დასი საქართველოდან, თბილისიდან ჩამოვიდა. წარმოდგენის სათაურია „რწყილი და ჭიანჭველა“, სულ 4 მსახიობი მონაწილეობს და მინდა ოთხივე მათგანს – მელპომენეს თბილისელ მსახურებს – გადავუხადო დიდი მადლობა ამ თბილი, მომხიბლავად ნოსტალგიური და იუმორით აღსავსე სპექტაკლისათვის, რომელიც ვიტენში გაიმართა. ამ წარმოდგენის აღწერისთვის ბევრი დადებითი ეპითეტის გამოყენება შეიძლება – მაგალითად „ახლებური და მახვილგონივრული“. განსაკუთრებით მომეწონა ძროხის წველის ეპიზოდი – როგორ გაბერეს, რძით სავსე ცურად გარდაქმნეს და მოწველეს რეზინის ჩვეულებრივი თეთრი ხელთათმანი. ამ სცენის ტემპი მაყურებელსაც გადაედო, ბავშვებიცა და უფროსებიც იცინოდნენ და აღფრთოვანებულები უკრავდნენ ტაშს. არც მე ვიყავი გამონაკლისი!
სპექტაკლი 7 თუ 8 მიზანსცენისაგან შედგებოდა. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენის ცქერით ისე გავერთე, რომ სცენების თვლა გადამავიწყდა კიდეც. სპექტაკლის მსვლელობისას თითქოს გავიწყდება ყოველდღიური საზრუნავი. „რწყილი და ჭიანჭველა“ ქართულ ენაზე თამაშდება, დიალოგებში ორი სიტყვის გარჩევა მოვახერხე – „გამარჯობა“ და „ბატონო“, მაგრამ, ენობრივი ბარიერის მიუხედავად, მაყურებელმა უდავოდ ზუსტად იგრძნო ამ თოჯინური, კამერული წარმოდგენის ატმოსფერო. სპექტაკლის რბილმა განათებამ, სიმშვიდის მომგვრელმა ფერებმა, ტიპურმა ქართულმა აურამ ნიკო ფიროსმანის ფერწერული ტილოები მომაგონა, რომლებიც თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და ალაზნის ველის პირას, სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში მინახავს.
…წარმოდგენის ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მაყურებლისთვის ენა არ არის აუცილებელი საკვანძო ელემენტი; მეც და სხვა მაყურებლებსაც გვაინტერესებდა, თუ რას ამბობდნენ მსახიობები, თუმცა ჟესტების, მიმიკის, ხმოვანი რიგის, ზოგჯერ კომიკური, ზოგჯერ კი ალბათ სატირული ელემენტების წყალობით მსახიობებმა გააბეს ურთიერთობის ერთგვარი უწყვეტი ძაფი მაყურებელსა და სცენას შორის, რომლის მეშვეობითაც ყველაფერი გასაგები გახდა. შესანიშნავი თბილისელი რეჟისორების, დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას მიერ არაჩვეულებრივად დადგმული 40 წუთიანი წარმოდგენის მსვლელობისას იგრძნობოდა სცენისა და დარბაზის საოცარი ერთიანობა, ურთიერთგაგება. ამ რეჟისორთა დადგმულმა სხვა წარმოდგენებმაც ძალიან დამაინტერესა, ისევე როგორც არაჩვეულებრივი მსახიობების (მ. ხუხუნაიშვილი, ნ. ფაიქრიძე, ნ. ნანიტაშვილი) ნახვასაც ვისურვებდი სხვა პიესებში. ისინი ფლობენ საოცარ შინაგან ელასტიკურობას, ხოლო პლასტიკით პროფესიონალ მოცეკვავეებს არ ჩამოუვარდებიან.“
სანქტ-პეტერბურგის ტრადიციულ თეატრალურ ფესტივალზე „არტ-ოკრაინა“ 2013 წელს წარმოვადგინეთ ახალგაზრდა რეჟისორის – ხათუნა მილორავას სპექტაკლი „დეჟავუ“, რომელიც ალექსეი გელმანის „ბაღის სკამის“ გადმოქართულებული ვერსიაა. სწორედ ამ წარმოდგენით დაიწყო ჩვენი თეატრისთვის 21-ე საუკუნეში საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა. ამ ფესტივალზე მსახიობებმა ნინო ლეჟავამ და კოტე თოლორდავამ, გარდა იმისა, რომ საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლებისათვის განკუთვნილი პრიზები აიღეს, ასევე „მაყურებელთა სიმპათიის“ ჯილდოც დაიმსახურეს.
2016 წელს სანქტ-პეტერბურგში უკვე საბავშვო და საყმაწვილო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი – დათვალიერების ფარგლებში ვმონაწილეობდით მანანა ბერიკაშვილის სპექტაკლით „ჩვენ გველის დიდება“, რომელიც კრისტოფერ გორის კინოსცენარის მოტივებზე შეიქმნა.
მნიშვნელოვან მოვლენად იქცა რეჟისორ ნიკა საბაშვილის სპექტაკლის „ქაღალდის წვიმა“ წარდგენა ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე. ფესტივალის რევიუმ სპექტაკლს 4 ვარსკვლავი მიანიჭა. ნიკა საბაშვილის კიდევ ორი სპექტაკლი იყო წარმოდგენილი სხვადასხვა თეატრალურ ფორუმებზე – „1945“ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ექსპერიმენტული სპექტაკლების ფესტივალზე და „შვლის ნუკრის ნაამბობი“ ერევანში (სომხეთი) გამართულ თოჯინური სპექტაკლების ფესტივალზე.
ერევანში გამართულ მონოსპექტაკლების ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, ჩემი დადგმული თამაზ ბაძაღუას პიესა „ღამე და თუთიყუში“, მსახიობ ნიკა ფაიქრიძის მონაწილეობით. ამ სპექტაკლმა მოიარა შეცინის (პოლონეთი), ჩელიაბინსკის (რუსეთი), იზმირის (თურქეთი), გომელის (ბელორუსია), ტაშკენტის (უზბეკეთი), მინსკის (ბელორუსია) თეატრალური ფესტივალები. ძალიან მახარებს ის ფაქტი და ეს ბუნებრივიცაა, რომ გამოხმაურებებში ძირითადად მსახიობ ნიკა ფაიქრიძის ვირტუოზულ თამაშზე აპელირებდნენ.
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ასევე წარმოვადგინეთ ახალგაზრდა რეჟისორის, ავთანდილ დიასამიძის დადგმული „ოდისეა“, რომელშიც ცოცხალ პლანში მსახიობებისა და ანიმაციური პერსონაჟების სინთეზმა აღფრთოვანებაში მოიყვანა როგორც მაყურებელი, ისე თეატრის სპეციალისტები.
ბესო კუპრეიშვილის მიერ დადგმული თოჯინური ოპერის „სევილიელი დალაქის“ პრემიერა თავის დროზე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სხვენზე შედგა, თუმცა ერთი სეზონის შემდეგ, რეჟისორმა ეს წარმოდგენა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე გადმოიტანა. სპექტაკლი დღემდე რეპერტუარშია. 200-ზე მეტჯერ გათამაშდა და კვლავინდებურად აღფრთოვანებაში მოჰყავს პატარა მაყურებელი. შემეცნებითი ხასიათის წარმოდგენა, პატარებში კლასიკური მუსიკისადმი ინტერესს აღვივებს. არაერთი შემოთავაზება მიიღო სპექტაკლმა სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალების ორგანიზატორებისგან ჩაერთოთ პროგრამაში „სევილიელი დალაქი“. ყველგან ვერ მოხერხდა სპექტაკლის ჩატანა გარკვეულ ობიექტურ მიზეზთა გამო, მათ შორის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი ჩაიშალა ისრაელსა და პორტუგალიაში პანდემიის გამო, სადაც „სევილიელი დალაქი“ ძირითად საკონკურსო აფიშაშიც იყო ჩასმული, თუმცა ჩვენს სამეზობლოში თურქეთში, უკრაინასა და სომხეთში გამართულ ფესტივალებზე დიდი წარმატებით ჩაიარა ამ წარმოდგენის ჩვენებამ. ისევე როგორც რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის მიერ დადგმულმა პოპესკუს თოჯინურმა პიესამ „მზის სხივი“, რომელმაც აღაფრთოვანა სომეხი და აზერბაიჯანელი მაყურებელი. საინტერესო იყო ინგლისელი თეატრალური ექსპერტის, როჯერ მაქკეინის მოსაზრება: „ინგლისელ ბავშვებს ჩვენ არ ვუჩვენებთ სპექტაკლებს, რომლებიც „ჰეფი ენდით“ არ მთავრდება. დღევანდელმა წარმოდგენამ კი დამაფიქრა იმაზე, რომ მე მგონი ვცდებით, რადგან ისეთი ადამიანური, გულმხურვალე და სათუთი თემები წამოჭერით პატარა მაყურებლის წინაშე.“
ალბანეთის პატარა ქალაქ სარანდასთან ახლოს არის ტყე-პარკი. ამ ადგილს ბუტრინტი ჰქვია. სწორედ ბუტრინტში, ანტიკური პერიოდიდან შემორჩენილ ამფითეატრში იმართება შექსპირის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ფესტივალის დებულების მიხედვით, ერთსა და იმავე თეატრს ფესტივალში მონაწილეობის უფლება არა აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ფესტივალის სტუმრები ეცნობიან ახალ და ახალ თეატრალურ კოლექტივებს. სწორედ ასეთ ტრადიციულ, საკმაოდ პრესტიჟულ ფესტივალზე მიიწვიეს ჩემი სპექტაკლი „აურზაური არაფრის გამო“. ეს ფესტივალი-დათვალიერება ერთგვარი შოუ-ქეისის ფუნქციის მატარებელიცაა, რადგან აქ თავს იყრიან შექსპირის ფესტივალების პროდიუსერები და დირექტორები. ბუტრინტის ფესტივალზე ჩვენმა წარმატებულმა გამოსვლამ განსაზღვრა კიდეც ამ სპექტაკლის შემდგომი საერთაშორისო მარშრუტი. „აურზაური არაფრის გამო“ წარმოვადგინეთ სალონიკიში (საბერძნეთი), ბელგრადში (სერბეთი), გიულაში (უნგრეთი) და ვერონაში (იტალია) შექსპირის სახელობის ფესტივალებზე. ვერონაში ჩვენს სპექტაკლს დიდი პრესკონფერენცია მიეძღვნა, სადაც მოწვეულნი იყვნენ იტალიის თეატრალური აკადემიის სტუდენტები, რომლებიც არაერთ შეკითხვას უსვამდნენ სპექტაკლის გარშემო ჩვენს მსახიობებსა თუ ქორეოგრაფს (გია მარღანია), ბუნებრივია – მეც. დაუფარავად აღნიშნავდნენ სპექტაკლით მიღებულ დიდ შთაბეჭდილებებზე და უფრო სიღრმისეულად და პროფესიულად ინტერესდებოდნენ ცალკეული ეპიზოდების გადაწყვეტაზე.
გიულაში გამართული სპექტაკლის შემდეგ დიდი ოვაციებით დაგვაჯილდოვეს. მეორე დღესვე უნგრულ გაზეთში „Nepszava“ გამოქვეყნდა გამოხმაურება სათაურით „ცეცხლოვანი და ეროტიკული შექსპირი“. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ სტატიიდან: „ქართველების სპექტაკლში ყველაფერი გასაგები ხდება იმ წუთიდანვე, როგორც კი მსახიობები სცენაზე გამოდიან. სპექტაკლის ფორმა – თეატრი თეატრში – მოხეტიალე მსახიობთა დასი მორიგ ქალაქს ეწვევა და სახელდახელოდ გაინაწილებენ შექსპირის ერთ-ერთი პიესის როლებს. „აურზაური არაფრის გამო“ ისეთი პიესაა, რომლითაც ქართულმა დასმა ბევრი რამის თქმა მოახერხა. ანტრაქტის დროს, ერთ-ერთმა თეატრალმა მაყურებელმა აღნიშნა, რომ ამ წარმოდგენაში „ყველაფერი თავის ადგილზეა“ – მამაკაცი კაცურია, მანდილოსანი კი – ქალური და ეს მართლაც მეტისმეტად ხიბლავს მაყურებელს. პერსონაჟები ღიად გამოხატავენ თავიანთ სურვილებს, ვნებებს, მოსაზრებებს, უშვებენ შეცდომებს, უყვართ და სძულთ… სასიხარულოა ასეთი შეკრული გუნდის ხილვა სცენაზე; მსახიობები ერთმანეთს ავსებენ და, ამავდროულად, დიალოგებსა თუ მონოლოგებში არ კარგავენ საკუთარ ინდივიდუალურობას. აღსანიშნავია, რომ თაობათა შორის განსხვავება თითქმის არ იგრძნობა – შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ტოლს არ უდებენ ახალგაზრდა კოლეგებს. რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი ზომიერად იცავს პროპორციებს – შექსპირის მთავარ ხაზსა და სათქმელს თანამედროვე ენით გვიამბობს, რაც მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებს. სპექტაკლში თანაბარ როლს თამაშობს სიტყვა, მუსიკა, ცეკვა, დეკორაცია. იგრძნობა დასის გუნდურობა – მსახიობები ერთმანეთს ენდობიან, არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევენ, მათი ემოცია გადამდებია და მთელ მაყურებელთა დარბაზზე ვრცელდება. წარმოდგენის მთავარი ღირსებაც ესაა – ყველაფერი ხდება დიდი ემოციით, თამაშით მიღებული სიხარულით. სხვა შემთხვევაში, ეს კლიშე იქნებოდა, მაგრამ „ქართველთა აურზაური“ სულ სხვაგვარია – პირიქით, შექსპირი ამ სპექტაკლში ამომავალი წერტილია და ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. და ეს ბუნებრივიცაა, რადგან მისი სახელობის სპექტაკლზე სწორედ შექსპირი უნდა იყოს მთავარი ფიგურა.“
არ ვიქნებით ორიგინალურები თუ ვიტყვით, რომ უილიამ შექსპირის ნებისმიერი პიესის შემოსვლა რეპერტუარში მოვლენაა, მით უფრო მაშინ თუ პიესა საქართველოში პირველად იდგმება. სწორედ ასეთი იყო ახალგაზრდა რეჟისორის დათა თავაძის მიერ დადგმული „ზამთრის ზღაპარი“. სპექტაკლი პრემიერის დღიდან მოექცა მაყურებლისა და სპეციალისტების ყურადღების ცენტრში. არაერთი გამოხმაურება ჰქონდა საქართველოში და დადგმიდან მალევე მიიწვიეს ბრესტის (ბელორუსია) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც კონკურსში მონაწილეობდა ისეთი დიდი რეჟისორების წარმოდგენები, როგორებიც იყვნენ ეიმუნტას ნეკროშუსი და ოსკარას კორშუნოვასი. მოხდა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და დღემდე აუხსნელი რამ, რომლის შესახებაც საქართველოში საჯაროდ დღემდე არაფერი მითქვამს. სპექტაკლის ჩვენებიდან მეორე დღეს ფესტივალის დირექტორმა თავისთან კაბინეტში გამოგვიძახა მე და სპექტაკლის რეჟისორი დათა თავაძე, მოგვიბოდიშა და გვითხრა, რომ ჩვენი სპექტაკლი კონკურსგარეშედ უნდა გამოეცხადებინა, რადგან ეიმუნტას ნეკროშუსის კომპანიასთან მოლაპარაკებულნი იყვნენ, რომ თუ მისი სპექტაკლი ჩამოვიდოდა ფესტივალზე, მას გრან-პრის გადასცემდნენ. ნეკროშუსის „იობის წიგნს“ ჟიურიმ თქვენი სპექტაკლი არჩია, ამიტომაც მე იძულებული გავხდი და ვიცრუე ეს სპექტაკლი კონკურსგარეშეა ჩამოსულიო – განგვიცხადა ფესტივალის დირექტორმა. უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ჩვენ, რასაკვირველია, გავაპროტესტეთ და არც ფესტივალის დახურვაში მივიღეთ მონაწილეობა და არც შემდგომ წლებში ამ ფესტივალში, მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ კიდევ 5 წლის განმავლობაში სპეციალურ მოწვევას გვიგზავნიდნენ. წლების შემდეგ, „პატივცემული“ ფესტივალის დირექტორი თბილისში შემხვდა გრიბოედოვის სახელობის თეატრის საიუბილეო დღეებში და კიდევ ერთხელ მომიბოდიშა, თუმცა არის საკითხები, როდესაც კომპრომისზე წასვლა არასწორად მეჩვენება.
სხვაგვარად განვითარდა გია მარღანიასა და ჩემ მიერ დადგმული „ოტელოს“ საერთაშორისო აღიარება. სპექტაკლმა საუკეთესო რეჟისურის პრიზი აიღო კაიროს (ეგვიპტე), ალმა-ატისა (ყაზახეთი) და ვარნის (ბულგარეთი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე. ვარნაში მსახიობი ვანო დუგლაძეც დაჯილდოვდა პრემიით მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (იაგო), ასევე სპექტაკლმა მიიღო პრემია „კლასიკური ნაწარმოების თოჯინურ ენაზე საუკეთესო ინტერპრეტაციისათვის“. სპექტაკლი მონაწილეობდა ქართული კულტურის დღეებში ლევილში (საფრანგეთი) და კოპენჰაგენში (დანია). ასევე უმნიშვნელოვანესი იყო სპექტაკლის ჩასმა კრაიოვას (რუმინეთი) შექსპირის ფესტივალის პროგრამაში პიტერ ბრუკის, რობერ ლეპაჟის, რობერტ უილსონის, დეკლან დონელანის, ფილიპ პარის და სხვა დიდ რეჟისორთა სპექტაკლებს შორის. ალმა-ატაში ყოველი სპექტაკლის შემდეგ, საჯარო განხილვა მიმდინარეობდა და მახსოვს, როგორი აღტაცებით საუბრობდნენ თურქი, მოლდაველი, ყაზახი და ყირგიზი სპეციალისტები, რომლებიც იყვნენ ჟიურიში – სპექტაკლ „ოტელოს“ შესახებ. ერთ-ერთმა მათგანმა მხოლოდ ერთი ფრაზა წარმოთქვა: „მე ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ თავი მდაბლად დაგიკრათ და კიდევ ერთხელ აღფრთოვანება გამოვხატო თქვენი შემოქმედების მიმართ“. ეგვიპტურ პრესაში, თეატრის კრიტიკოსისა და მსახიობის სომაირა სლეიმის წერილი გამოქვეყნდა, რომლიდანაც რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ: „ამ სპექტაკლში ყველა და ყველაფერი თავის ადგილზეა და ეს, პირველ რიგში, რეჟისორების დამსახურებაა, რომლებიც ტრაგედიის სიუჟეტს ადამიანურ სისუსტეზე, ღალატზე და მის შედეგებზე აგებენ და ხელოვნების მოყვარულ მაყურებელს ამ ყველაფერზე დააფიქრებენ. შთამბეჭდავია თოჯინათა ფორმა, გარეგნობა და სამოსი; მსახიობები მათ ისე ოსტატურად აცოცხლებენ, ისე გამოხატავენ ემოციას, რომ ვერც კი გრძნობ განსხვავებას ცოცხალ ადამიანებსა და უსულო თოჯინებს შორის; ცოცხალი პლანისა და თოჯინას ცვლილება ხდება რბილი, თითქმის შეუმჩნეველი გადასვლით, მხატვრულ სახეებში კი მაყურებელი ღრმა, ფილოსოფიურ მეტაფორებს ამოიკითხავს. ამ შესანიშნავ წარმოდგენაზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება. ქართულმა დასმა თავისი სპექტაკლით ფესტივალის მაყურებელს საოცარი სიამოვნება მიანიჭა და აჩუქა დაუვიწყარი სანახაობა, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდება და ყოველთვის გვემახსოვრება.
…მაყურებელი ტკბება იმით, თუ რა სიმშვიდით ასრულებს ვანო დუგლაძე იაგოს როლს, როგორ იცნობს, გრძნობს იგი თავის პერსონაჟს, სწამს, რომ ღვთაებრივისკენ მიმავალი მისი გზა სატანაზე გადის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მისი თოჯინაც – რადგან ვერც კი მიხვდები, ვინ ვის მართავს – თოჯინა – მსახიობს, თუ პირიქით. რაც შეეხება მთავარ გმირს, ჩემი აზრით, შალვა ანთელავას ოტელოში შესანიშნავადაა შერწყმული მისი ევროპული გარეგნობა და აღმოსავლური ხასიათის თვისებები, ოტელოს სიყვარულის ძალა და არსი. რატი გოგუაძის კასიო – ელეგანტური, მსუბუქი, მიმზიდველი… კასიოს ზუსტად ეს თვისებები გამოიყენა იაგომ, ოტელოს ტვინში ეჭვი აღუძრა და დააჯერა, რომ დეზდემონა (უმშვენიერესი თაკო ჭანუყვაძე) სწორედ კასიოსთან ღალატობდა. თაკო, ისევე როგორც მისი თოჯინა, მანათობელ მთვარეს ჰგავს, სიყვარულსა და სითბოს ასხივებს; მაშინაც კი, როდესაც მსახიობი უკანა პლანზეა, წინა პლანზე კი თოჯინა-დეზდემონაა, ის თაკო ჭანუყვაძის თვალებით იყურება; მსახიობის და თოჯინას მთლიანობას მისი სევდიანი, რბილი, ალერსით სავსე ხმა აძლიერებს. დიდი მადლობა მთელს გუნდს. თქვენ ხართ საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს თეატრი და ერთგულად ემსახურებოდე მას – ხელოვნების მამას!“
ეგვიპტელი დრამატურგი ისრა მაჰბუბი კი წერდა: „…ყველა მსახიობი შთამბეჭდავად ასრულებს თავის როლს, გარდა ამისა, მაყურებელს წარმოუდგენენ, თუ რა ემოციურობის მიღწევა შეიძლება სცენაზე თოჯინებისა თუ საგნების გამოყენებით. სწორედ ამ „მინიატიურული“ მსახიობების ემოციაა უზომოდ გადამდები. ისინი კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენენ შექსპირის პიესის მეტაფორულ საფუძვლებს. თოჯინებით შექმნილი „ოტელო“ ახალ შუქს ჰფენს ამ პიესის დრამატულ პერსონაჟებსა და საბედისწერო სიუჟეტს… თეატრს ჯერ კიდევ შესწევს ძალა, ენობრივი ბარიერის მიუხედავად, დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს მაყურებელზე. ეს იყო ზღაპრული სიურპრიზი, თოჯინები და მსახიობები ჰარმონიულად ერწყმოდნენ ერთმანეთს. თავად თოჯინა იყო მსახიობი! ქართველების მიერ წარმოდგენილი „ოტელო“ გასაოცარი, შემოქმედებითი, ძალზედ თამამი და ჭკვიანური ხედვით დადგმული სპექტაკლია”.
სპექტაკლი „ოტელო“ ბათუმში გამართულ თოჯინური სპექტაკლების მეორე საერთაშორისო ფესტივალშიც მონაწილეობდა, სადაც საუკეთესო ქალისა და მამაკაცის პრემიები დაიმსახურეს მსახიობებმა თამარ ჭანუყვაძემ (დეზდემონა) და ვანო დუგლაძემ (იაგო).
სულ ახლახან პირველი საერთაშორისო ფესტივალიდან დაბრუნდა უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით დადგმული კიდევ ერთი სპექტაკლი „ჰამლეტი“. კიზილორდაში (ყაზახეთი) გამართულ ფორუმში, სპექტაკლმა საუკეთესო წარმოდგენის ნომინაციაში მესამე ხარისხის დიპლომი და ფულადი პრიზი დაიმსახურა.
2025 წელს თეატრის დასს შემოემატა ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტ-მსახიობთა მთელი ჯგუფი. მათ საკურსო სპექტაკლი ჩვენი თეატრის სცენაზე განახორციელეს – პაოლო ჯენოვეზეს „უცნობები“ (რეჟისორი გიორგი სულთანიშვილი) და ძალიან სასიამოვნო იყო და მნიშვნელოვანიც, რომ მათი პირველივე სპექტაკლი მოექცა საერთაშორისო ფესტივალების ყურადღების ცენტრში და მიიღეს მოწვევა ანტალიიდან (თურქეთი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ანტალიაში სპექტაკლს დაესწრნენ იქაური თეატრალური სკოლის პედაგოგები და სტუდენტები. შედგა დისკუსია, სადაც გაირკვა, რომ ქართული თეატრალური სკოლის დიდი თაყვანისმცემლები არიან და სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი ამაში.
გარდა თეატრალური ფესტივალებისა, მოზარდ მაყურებელთა თეატრმა არაერთი საერთაშორისო გასტროლი განახორციელა, როგორც ქართული კულტურის დღეებში ჩართვით, ისე ევროპაში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებთან თანამშრომლობით. სპექტაკლი „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ წარმოვადგინეთ მალტის დედაქალაქ ვალეტაში, ასევე ვაჩვენეთ იტალიაში, ფლორენციასა და რეჯიო ემილიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. მათ შევთავაზეთ აგრეთვე სპექტაკლი „მზიანი გული“, რომელშიც გაერთიანებული იყო ჩვენი რეპერტუარის ორი წარმოდგენა „მე ვხედავ მზეს“ და „ჰელადოსი“, იმავე წარმოდგენით ვესტუმრეთ ათენის (საბერძნეთი) ქართულ დიასპორასაც. ერთი წლის შემდეგ კვლავ დავბრუნდით საბერძნეთში, ათენსა და სალონიკში წარმოვადგინეთ „რწყილი და ჭიანჭველა“. ეს სპექტაკლი ასევე ვუჩვენეთ ბარისა (იტალია) და მიუნხენის (გერმანია) ქართულ დიასპორასაც. სპექტაკლი „სამეფო ძროხა“ (რეჟისორი გურამ ბრეგაძე) ნაჩვენები იყო ბაქოელი (აზერბაიჯანი) მაყურებლის წინაშე. ყოველი ასეთი შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან საკმაოდ ემოციურია და უმნიშვნელოვანესი იმით, რომ უცხოეთში დაბადებულ ქართველ ბავშვებს პრაქტიკულად პირველი შეხება აქვთ ქართულ კულტურასთან.
ემოციური და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თეატრის რეპერტუარის კიდევ ერთი სპექტაკლის „საუკუნის მკვლელობა“ (რეჟისორი გიორგი სავანელი) გასტროლი ალიბეგლოში. იქ მოქმედი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული თეატრის შენობაში დიდი ილიას მკვლელობის შესახებ შექმნილ სპექტაკლს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ამ გასტროლის შემდგომ ალიბეგლოს თეატრი ჩვენ გვეწვია და წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“.
ჩვენი თეატრი აქტიურად მუშაობს კოპროდუქციის მიმართულებითაც. გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მოქმედ საბავშვო თეატრთან თანამშრომლობით, რეჟისორმა იულე კრაფტმა და მხატვარმა ნინო ჩიტაიშვილმა წარმოადგინეს სპექტაკლი „სპლიყვი-ფანტი“, რომელშიც გერმანელ მსახიობებთან ერთად ჩვენი თეატრის ორი არტისტი – სოფო ახუაშვილი და გიორგი ჯიქურიძე მონაწილეობდნენ. იყო წარმოდგენილი, როგორც მსახიობთა შერეული ვერსია (ერთი ქართველი და ერთი გერმანელი მსახიობის მონაწილეობით), ასევე სრულად ქართული და გერმანული ვერსიები. პრემიერები გაიმართა როგორც ლაიფციგში, ისე თბილისში. შერეული ვერსიით სპექტაკლი მონაწილეობდა თელ-ავივის (ისრაელი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, სადაც ქართულ მხარეს მსახიობი გიორგი ჯიქურიძე წარმოადგენდა.
ამას გარდა, შედგა მემორანდუმი თბილისისა და მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრებს შორის, სადაც გაცვლითი გასტროლების გარდა, რომელიც ორივე ქალაქში გაიმართა სამხატვრო ხელმძღვანელების გაცვლითი დადგმებიც განხორციელდა. მე მინსკში დავდგი „მე ვხედავ მზეს“, ხოლო მინსკის თეატრის ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ვოლოდიმირ სავიცკიმ ბელორუსული იგავებით განახორციელა (ქართულ და რუსულ ენებზე) სპექტაკლი „თეთრი კაჭკაჭი“. ეს სპექტაკლი ქართულ ენაზე წარმოვადგინეთ გომელის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც საუკეთესო რეჟისურისათვის ბატონი ვოლოდიმირი დააჯილდოვეს კიდეც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი გაიმართა მინსკში, როდესაც ჩემ მიერ იქ დადგმულ „მე ვხედავ მზეში“ სოსოიასა და ბეჟანას როლებს ჩვენი თეატრის მსახიობები – ნიკა ფაიქრიძე და შალვა ანთელავა ასრულებდნენ ქართულ ენაზე.
ასეთია ჩვენი ორმოცდაათი საერთაშორისო გასტროლის მოკლე მიმოხილვა. მომავალი წელი უკვე ვგრძნობ, რომ საკმაოდ დატვირთული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე. წინ ახალი გამოწვევები გველოდება, ახალი შემოთავაზებები, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჩვენთვის კვლავ განსაკუთრებულ პრიორიტეტად რჩება სტაციონარზე მუშაობა და ჩვენი ქვეყნის რეგიონებისათვის ჩვენი შემოქმედების ხელმისაწვდომობა.
Dimitri Khvtisiashvili – The Theatre for Young Audiences on the International Stage
The director of the Nodar Dumbadze Theatre for Young Audiences reviews the theatre’s touring history and achievements. He notes: “The Theatre for Young Audiences has held 76 performances abroad. Several productions achieved particular success, with invitations to festivals largely prompted by their first international showings. For example, The Flea and the Ant (dir. D. Khvtisiashvili, G. Margania) appeared at international festivals in Tokyo and Nagoya just weeks after its Tbilisi premiere, by special invitation of ASSITEJ Asia.”
The author offers a brief overview of 50 international tours, adding: “For us, working on our home stage and ensuring access to our work for the regions of our country remains a special priority.”










