„როცა ვამბობ – „ელისი იზრდება“, ვვარაუდობ, რომ
ის ხდება უფრო დიდი, ვიდრე იყო. თუმცა, ისიც სწორია,
რომ ის უფრო პატარავდება, ვიდრე ამჟამადაა“.
ჟილ დელიოზი. „საზრისის ლოგიკა“
ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი თავის დაუვიწყარ მემუარებში ოქროს სიტყვებს ამბობს:
„დროს არა მარტო განფენილობა, არამედ მოცულობაც აქვს. შეიძლება უმიზნოდ ფლანგო დღეები და საათები, მაგრამ მათი შეკუმშვა, შემჭიდროება, უკიდურესობამდე დატვირთვაც შეიძლება; და მაშინ აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრის გაკეთებას მოასწრებ“.
თავადაც რამდენი რამის გაკეთება მოასწრო ცხონებულმა?!
ჩვენ კი, ჩვენ რამდენ დროს ვფლანგავთ…
ო, როგორ ვკლავთ დროს?!
„არადა, დროს ძალიან არ უყვარს, როცა მას კლავენ“.
ეს ლუის კეროლია – „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“.
და მეც შიგადაშიგ გამოველაპარაკები ელისს; ხუმრობით გამოველაპარაკები…
„ამქვეყნად სერიოზული დამოკიდებულება, რისადმიც არ უნდა იყოს, საბედისწერო შეცდომაა.
– და ცხოვრება სერიოზულია?
– ო, ცხოვრება კი, სერიოზულია! თუმცა, არც – ისე“.
ესეც „ელისიდანაა“…
საბჭოური დრო მართლაც რომ უცნაური ფანტაზმა იყო.
რა საყვარლად ახლობელი და, იმავდროულად, შორეულია ეს სინამდვილე!
სინამდვილე, რომელიც „არ ყოფილა თითქმის“…
არყოფილზე საყვედური არასოდეს ითქმისო, მაგრამ ნუთუ მართლაც არ ყოფილა ეს ყოველივე?!
იყო…
მსოფლიო ისტორიაში სწორედ საბჭოეთში იქცა დრო იმ „სუბსტანციად“, თავის ნებაზე რომ აჩქარებდნენ, ამუხრუჭებდნენ, „ახალ სიჩქარეში აგდებდნენ“…
და ამ დროის მანქანას ძალაუფლების ნება მართავდა: „ხუთწლედი – ოთხ წელიწადში“, ანდა „Время вперёд!“…
ელის, რა იყო ეს?!
დრო, აღბეჭდილი რაღაც მოუცლელი მოცალეობით, რაღაც ზანტი ენთუზიაზმით…
დრო, ქცეული გრანდიოზული მშენებლობის მონაწილედ;
ჯერ ნგრევის, მერე – მშენებლობის… მერე, ისევ ნგრევის მონაწილედ…
არადა, დრომაც სცადა შურისძიება: რაღაც მომენტში, „თვითნებური“ შევსებაც მოახერხა.
სოციუმი მუდამ დროის სიმბოლურ საზღვართა ტყვეობაში განაგრძობს არსებობას.
ასე იყო „გუშინაც“ – წითელი თარიღები, წლის ბოლო, კვარტლის ბოლო, დეკადის ბოლო – ეს კალენდარული აღნიშვნები დამოკლეს მახვილად აღმართულიყვნენ.
წითელ თარიღებს ახლაც აღვნიშნავთ, თუმცა, ეს სხვა წითელია – ენდროსფერი წითელი!
ჩვენც ვიტყუებდით თავს, წითლად ვღებავდით ცხოვრებას და დამდეგი ახალი წლის ხარჯზე უნამუსოდ მივიწერდით იმას, რაც რეალურად მომავალში უნდა განხორციელებულიყო.
ასე აირია აჯაფსანდალივით წარსული, აწმყო და მომავალი…
ასე თანდათან ვკარგავდით წარმოდგენას დროზე…
ახლა კი, საყვარელო ელის, კოლექტიური აღმშენებლობის იდეოლოგიური კვარცხლბეკიდან ყოველდღიურობის პლინტუსზე დავეშვათ.
პრივატული დროის აბსურდულად დაბალ ღირებულებაზე ღაღადებდა ყველაფერი:
საბჭოთა მოქალაქეს საათობით, ზოგჯერ, კი, დღეობით და კვირაობითაც შეეძლო ეყურყუტა რიგებში…
საბჭოთა ავადმყოფს, ამ ყველაზე ჯანმრთელ ავადმყოფს დედამიწის ზურგზე, განუსაზღვრელი დროით შეეძლო მოცდა ექიმის კაბინეტთან, ანდა, თვეობით, უფასოდ (sic) წოლა საავადმყოფოში…
ბიუროკრატიული უწყებების რეალობაც რა საყვარლად აბსურდული იყო?!
აქაც მსხვერპლი უნდა გაგეღო – პრივატული დრო, სახელმწიფო დროის სახელით რომ სწირავდი.
1967 წელს საქართველოს კომპარტიის ცეკას ბიურომ ნახა ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“.
და იცით, როგორ შეაფასა ეს უკვდავი ფილმი ალექსეი ნიკალაევიჩ ინაურმა – კაგებეს შეფმა?!
„Мы потеряли полтора часа нашего рабочего времени!“.
წერტილი…
შენი მექუდის საათს არ ჰგავდა საბჭოური დრო, ელის?!
„რა სასაცილო საათია, თვის რიცხვებს აღნიშნავს, იმას კი არ გეუბნება, რომელი საათია“.
დიახ, დრო სახელმწიფოს ეკუთვნოდა;
სახელმწიფო იყო დროის განმკარგავი; და როგორც მერე გაირკვა – დამკარგავიც…
დაკარგული დროის ქვეყანა იყო, ელის!
არადა, ამ ეპოქაში მარტო სახელმწიფო დრო ფასობდა – ექსისტენციური დრო ნულამდე იყო დაყვანილი.
გულაგი გაგიგია, ელის?!!
ვადა, როდესაც სოციალისტური თემიდა ხუთ წელზე ნაკლებ სასჯელს, აღსაკვეთ დროდ არ თვლიდა!
დროის „გატარების“ სხვა რეჟიმში ვცხოვრობდით!
დროს ვერ გაატარებ, არ წამოგყვებაო, გახსოვს, რას გეუბნებოდა მექუდე, ელის?!
შენ კი ამბობდი – „ბევრჯერ გამიტარებია დრო კარგად, მაგალითად, ჩემი დაბადების დღეს, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება ხოლმე, რომ ვზივარ და არ ვიცი, დრო როგორ მოვკლაო“.
აი, საბჭოურ საოცრებათა ქვეყანაში დროს არავინ მოგაკვლევინებდა!
ეს დრო სახელმწიფოს ეკუთვნოდა!
ეჰ, შენ ხომ არ იცი, როგორ ვ-დღე-სასწაულობდით, ძვირფასო ელის?!
როგორი „მარშიროვკებით“ ვემზადებოდით მონსტრი სახელმწიფოს დე-მონსტრირებისათვის?!
და დე-მენსტრუაციებისთვისაც…
ბუნებრივ ციკლთა საზღვარიც იყო ეს დემონ-სტრაციები…
***
ძვირფასო ელის, მახსოვს, როგორი სასოებით ვკითხულობდი შენს უცნაურ „ტრანსფერებს“ სასარკეთში!
მაგრამ საბჭოურ სასარკეთშიც იყო თავის დროზე ერთი პატარა გოგონა, სახელად მამლაქათი..
შენგან განსხვავებით, მამლაქათი არც იზრდებოდა და არც – პატარავდებოდა.
და ასე, თავისი „ზომებით“ აღმოჩნდა ერთ მშვენიერ დღეს მძლეთამძლე ბელადის ხელებში…
აღმოჩნდა სამყაროში, რომლის რეალობის არაადეკვატურობა კეროლის მიერ აღწერილ სასარკეთსაც კი ბევრად აღემატება…
შენ, ჩემო ელის, შეუსაბამობებით თამაშობდი და ამით იღებდი სიამოვნებას;
შენ თავად იგონებდი ახალ-ახალ განცდებსა და შეგრძნებებს…
აქაც და იქაც… ყველგან და ყოველთვის…
შიგნითაც და გარეთაც…
რაც მთავარია, მუდამ გახსოვდა, საიდან მოდიოდი და სად შეიძლებოდა დაბრუნებულიყავი…
აი, 11 მამლაქათ ნახანგოვა კი მოულოდნელად, სტალინის მკერდზე ჩახუტებული, როგორ მიხვდებოდა, სად აღმოჩნდა, ვის ხელში…
მამლაქათის საოცრებათა ქვეყანა საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა, ელის… შენგან განსხვავებით, სტახანოველიც გახდა ბამბის დაკრეფაში და 11 წლის ასაკში ლენინის ორდენითაც დააჯილდოვეს…
კაცმა არ იცის, ელის, მამლაქათმა დაკრიფა ის ბამბა მართლა, თუ ნახანგოვების მთელმა საგვარეულომ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ზღაპარი „შედგა“…
და ამ შეუსაბამო ლენინის ორდენოსნის როლით უნდა გაემართლებინა მას სახელმწიფო დავალებაც;
უდრტვინველად დამორჩილებოდა მის ნებას და მილიონობით „სხვისთვის“ მიენიჭებინა სიამოვნება…
ასეა, ჩემო ელის, ლენინის ორდენოსნობა და სტალინის ხელში ატატება უფრო დიდი საოცრება იყო, ვიდრე კარგად ჩაცმულ კურდღელთან გაცნობა (კურდღლით დღეს ვიღას გავაკვირვებთ?)…
და ეს საოცრება ყველამ დაიჯერა!
დაიჯერა და ირწმუნა ის საოცრება, რომ სტალინის სამყარო მართლა არსებობს!
ამ სამყაროს მართლა შეიძლება შეეხო, ტაქტილურად იგრძნო… მიეყრდნო… მიეკარო… ჩაეხუტო… მისი სითბოთი აღივსო…
და ყველაფერი ეს – ამ ცეროდენა მედიატორის მეოხებით…
რაც მთავარია, მთელი ეს საოცრება „კაცთა შორის უბრძნესისა და უნეტარესის“ მიერ იყო დადგენილი…
და კიდევ:
„მამლაქათი სტალინის ხელში“ – ეს მომსყიდველი ფანტაზმა საბჭოური სიმბოლური სამყაროს რეალობის დეფიციტს არ ანაზღაურებდა განა?! მაგრამ მამლაქათის გარდა სტალინის მკლავებში კიდევ ორი საბჭოთა გოგონა აღმოჩნდა – ენგელსინა იგივე გელია მარკიზოვა და ვერა კონდაკოვა… ლექსიც იყო ასეთი – „ტრიბუნაზე დგას სტალინთან ვერა კონდაკოვა“… თუმცა, მამლაქათი მაინც სულ სხვა იყო – საბჭოთა ბავშვის საზოგადო სახელადაც კი იქცა…
სტალინის მძლეთამძლე ფიგურა, თანაც ბავშვით ხელში, განა იმას არ აღნიშნავდა, რომ აწ უკვე აშენებულ სოციალისტურ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია?!
უნიკალური სიგნიფიკაციაა.
განა ამ სასარკეთში ბავშვები იმისთვის არ იბადებოდნენ, რომ ზღაპარი სინამდვილედ ჰქცეოდათ?!
მაგრამ ვის უნდა ექცია?
ვის და – უფროსებს!
არადა, რა საშიში სიტყვაა ეს „უფროსი“!
ეს იყო სასარკეთი, სადაც ყველაფრისთვის შეგეძლო მიგეღწია…
ყველა წადილი აგესრულებინა…
მანამდე კი უნდა შეგესრულებინა დიდი მამის ნებათა ნება…
მისი პასიონარული ენერგიის ველში უნდა აღმოჩენილიყავი… თანაც – მისივე ანონიმური ნებით…
და კიდევ და კიდევ:
შენ, ჩემო ელის, ყველა შენი ტანისეული მეტამორფოზის მიუხედავად, მაინც გრჩება უკან დასაბრუნებელი გზა…
მამლაქათს კი ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა!
მამლაქათი მოიტაცეს და მავზოლეუმის ტრიბუნაზე აიყვანეს;
და იმ სიმაღლეზე აიტაცეს, რათა გაეიგივებინა (ახლა იდენტიფიკაციას რომ ვეძახით!) რეალობა ნებისმიერი შეუსაბამობის შიგნით…
აღევსო მისი დეფიციტი და ეპოვა იმის სუბიექტური ეკვივალენტი, რომლის აქ-ყოფნასთანაცაა დაკავშირებული ყოველივე დანარჩენის სუბიექტურობა…
ძალიან ხომ არ გავართულე, ელის?!
რას იზამ, პოეტისა არ იყოს, „ძნელი არის ცხოვრება,,,შენ კი უნდა ბოლომდე მიიყვანო როლი,სანამ უცებ გაქრები ისე,როგორც ენის ქვეშ ქრება ვალიდოლი“.
ისე, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ მამლაქათი სტალინის ცოლსაც უკვდავყოფს, ნადეჟდა ალილუევას, მეტემფსიქოზისას რომ აღდგება პატარა გოგონას სახით …
სასწაულია, აბა, რაა?!
***
მაინც რა იყო ეს საბჭოური „დღესასწაული“?
რა და, დროის შკალის ერთი „მონაკვეთი“, სოციალისტურ ქცევას წითლად (იგივე – სისხლით) რომ ფერავდა.
ხომ გახსოვს, ელის, „ბაღის შესასვლელთან ვარდის დიდი ბუჩქი იდგა. მას თეთრი ვარდები ესხა, მაგრამ ფუნჯმომარჯვებული სამი მებაღე აქეთ-იქიდან მისდგომოდა და დიდი გულმოდგინებით წითლად ღებავდა ყვავილებს…
– „იცით რა, საქმე ის გახლავთ, რომ აქ წითელი ვარდის ბუჩქი უნდა დაგვერგო, ჩვენ კი დიდი შეცდომით თეთრი დავრგეთ. ეს რომ დედოფალმა შეიტყოს, ყველას თავებს დაგვაყრევინებს. ასე რომ, ჩვენ ახლა, რაც შეგვიძლია ვცდილობთ, მის მოსვლამდე, როგორმე…“
უხსოვარ დროში დღესასწაულები წელიწადის დროთა მონაცვლეობას უკავშირდებოდა; მიწათმოქმედი ციკლის ფაზებს…
აგრარული დღესასწაულები ინახავენ კულტურულ ხსოვნას მიწათმოქმედთა და მეცხოველეთა ცივილიზაციების შესახებ;
იმ გამოზომილი, მყარი, სტაბილური სამყაროს შესახებ, სადაც დრო ყოველწლიურად კრავდა წრეს – სიცოცხლის დაბადებიდან გარდაცვალებამდე; სიკვდილიდან – აღდგომამდე!
პარადოქსია, მაგრამ ჩვენი განსვენებული აგრესიულ-უღმერთო და იმავდროულად, პრეტენზიულ-რაციონალური წყობილება, თავისი „წითელი თარიღების“ დადგენისას მაინც „უხსოვარი ხსოვნით“ სარგებლობდა.
8 მარტს, 1 მაისს, 9 მაისს, 7 ნოემბერს ბუნებრივ-აგრარული სუბსტიტუტებიც იღვიძებდნენ.
მიწისმიერ კულტურათა გენეტიკური ხსოვნა, დღესასწაულთა სისტემებითურთ, ძალაუნებურად საბჭოურ რეჟიმსაც გადმოეცა ტრადიციით…
ტრადიციით ანუ კულტურით…
ამ ტრადიციის შე-მნახველებად გარინდებულა კოლმეურნეობის უღელში შებმული გლეხობა;
ადამიანის სახე-დაკარგული, გაპირუტყვებული და მაინც ადამიანობის რაღაც პირველყოფილი მზერით მომლოდინე სახეები…
საქვეყნო მამითადით გათანგული ადამიანების აქ-ყოფნის, როგორც დასწრების ეფექტით გვიპყრობენ ეს ფოტოპორტრეტები.
საბჭოურ დღესასწაულთა ეს რედუცირებული სისტემა რახანია გადაშენდა, მათი ძირეული იდეოლოგემები და მითოლოგემებიც წარსულს ჩაბარდა.
სამაგიეროდ, ბევრი რამ დაგვიტოვეს მოსაგონებლად, მათ შორის, ისტორიული დროის შეფასების უუნარობაც, ესტაფეტასავით რომ გადმოგვილოცეს „წინაპრებმა“.
პოსტსაბჭოთა სისტემაშიც ტოტალიტარული მითებისაგან დესაკრალიზაცია წარმოშობს ახალ საკრალურობას.
ასე ვირგებთ ახალ მითებს, რომლის ელემენტებადაც ხან საბაზრო ეკონომიკა გვევლინება, ხან – ევროინტეგრაცია, ხან – ხალხის არჩეული პარლამენტი…
ასე არაა, ელის?!
საოცრებათა ქვეყანა რახანია აღარ არსებობს…
მართალი ყოფილა ძვირფასი ლეონიდ ილიჩი – დროის უკიდურესობამდე დატვირთვა შესაძლებელი ყოფილა…
მთავარია, მოინდომო!
მო-ინ-დო-მო!
და მაშინ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრის გაკეთებას მოასწრებ, ელის!
შენი არ იყოს, ჩვენც უცნაური სიზმარი ვნახეთ, საყვარელო.
მაგრამ ახლა უკვე გვიანაა. გაიქეცი. შინ ჩაი გელოდება…