დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , , ,

არქიტექტორი გუსტავ გელრიხი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ შენობა, რომელიც  ფქვილით მოვაჭრე კოჩერგინის მაღაზიის ადგილზე ააშენა 1912 წელს, ასეთი პოპულარული გახდებოდა ნახევარ საუკუნეში (ნეტა, განთქმულ სცენოგრაფ ედუარდ კოჩერგინისა ხომ არა იყო რა ის ვაჭარი?)…

1964 წლის იანვრიდან კიდევ უფრო „დაივარცხნა“ გელრიხისეული კედლები… უფრო „გადაიფქვილა“….

უზარმაზარი რიგებიც „წამოიჭიმა“ კედლებს შიგნით შესაღწევად და ბილეთების მოსახელთებლად…

საბჭოთა გადამყიდველების ახალი კასტაც იშვა იმ ავადსახსენებელ კრემლთან არც თუ ისე ახლოს –

50 მანეთად იყიდებოდა ხროშჩოვისეული ახალი ერის ახალი კულტურული პროდუქტები…

50 მანეთი ახლა ჟღერს იაფად, თორემ მაშინ, 60-ანებში, საბჭოელი საშუალო მოქალაქის მთელი თვის ხელფასი გახლდათ…

ხალხი შიმშილს არჩევდა რაღაც უფრო დიდი, დაგროვილი შიმშილისა და ადრენალინის გამოყოფის სანაცვლოდ…

იური ლუბიმოვის „ტაგანკამ“ ყველა საბჭოური რეკორდი „მოხსნა“…

ასე იცის დაგუბებულმა კულტურულმა შიმშილმა…

თუმცა, იმ „ტაგანკაზე“ რიგითი საბჭოთა მოქალაქეები ვისოცკისა და მისი თაობის მოსასმენად და სანახავად მიდიოდნენ –

ხმაჩახლეწილი და ახალი ერის ახალი ჰამლეტი უნდა ენახათ…

აბა, ის იყო ჰამლეტი, თუ იყო…

მოკლედ, „ტაგანკამ“ უცნაური ჰაერით „გამოკვება“ სოცრეალისტური კულტურისგან დაქანცული საბჭოთა მოქალაქე –

მოულოდნელად მოვარდნილმა თავისუფლებამ და შიშისგან თავის დაღწევამ გაათამამა…

გრძელ რიგებში „დაიბადა“ რაღაც სხვა და სხვანაირი კულტურა…

ა, ბატონო, დღევანდელი საქართველოც ამის დასტურია…

უცებ მოვარდნილმა ახალმა ერამ აქაც „შვა“ ცოტა დაბნეული და გაბნეული „პოსტმოდერნული მაყურებელი“ –

კარგა გვარიანად განსხვავებული ძველისგან…

აქაც „დადგა“ რიგები „ონლაინ სალაროებთან“ და აქაც „დაიბადა“ გადამყიდველთა თანამედროვე კასტები…

თუმცა, ახლა მთავარია არა ის, რა ხდება თეატრის სივრცის მიღმა, არამედ ის, შიგნით რა იბადება…

რა უნდა ახალ ქართველ ოტელოს ან ახალ  ქართველ ოიდიპოსს –

ვის ხელში ჩავარდებიან…

თორემ შენობა გინა გუსტავ გელრიხის აშენებული იყოს და გინა – გაბრიელ ტერ-მიქელოვისა, ცალკე აღებული, ვერც ერას შექმნის და ვერც –  კულტურას…

„დამშეულ“ ხალხს დიდხანს სატყუარით ვერ „ვაცოცხლებთ“ –

კულტურის ზღვას ვეღარ გადაცურავენ და ან უკან მობრუნდებიან, ან ისევ ბუნკერში ჩაბრუნდებიან…

ასეა – როცა „ხალხს ესთეტიკური წყურვილი აწუხებს, ხშირად ამღვრეულ წყალს სვამს“…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…