„ყვავილმა თვალი ჰკიდა, თუ როგორ მიდიოდა ქარავანი“…
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ფრენსის ბეკონს აქვს ასეთი ესსე -„ბაღების შესახებ“ – 1625 წელსაა შეთხზული… ესსე იგი ასე იწყება: „ყოვლის მპყრობელმა ღმერთმა პირველმა გააშენა ბაღი“.
სხვაგვარად – ბაღი უნდა ყოფილიყო სამოთხე; ბაღი უნდა ყოფილიყო ედემი; ბაღი უნდა ყოფილიყო პარადიზი…
არსებობს ბაღები, მაგრამ არსებობს მსოფლიო ბაღები, აი, ისეთი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში რომ დაგვიტოვეს რომაელებმა ფრესკად; იმპერატორ ავგუსტუსის მეუღლე – ლივია ტკბებოდა, თურმე, ყოველ დილა-საღამოს პრიმა პორტაში იმ ჭაობისფერი სამოთხით, რომლის მსგავსიც ვერავინ გაიმეორა მერე ვერასდროს მსოფლიოში.
ახლა ეს ფრესკები პალაცო მასიმოს მეორე სართულს ამშვენებს და იმასაც გვახსენებს, რომ მშვენიერება არასდროსაა წარმავალი. უფრო სწორად, თურმე, ყველაფერი წარმავალი არაა – მთავარია, ვიპოვოთ ბაღი, ჩვენი ბაღი, სადაც ასეთი ჩიტები იფრენენ მისტიკური მცენარეების თავზე. ასეთი სივრცობრივი ხალიჩით იქნება შემოღობილი ჩვენი მიწა; ღობის შეჭრილ ნიშებში დავრგავთ იმ ხეებს, ამ მიწის იქეთ რომ არ გვინახავს. მთავარია, რომ ჩვენს საზღვარს ვერავინ დაარღვევს. ჭაობისფერი იქნება ჩვენ მხარეს ყველაფერი – ცაცა და ცის ქვეშეთიც.
კიპარისის, ბროწეულისა და დაფნის მეტი რაა დედამიწაზე, მაგრამ ჩვენს ბაღში ლივიასეული სამოთხის განცდა უნდა იყოს მხოლოდ! ესაა სამოთხე, რომელიც ჩვენ უნდა ვიპოვოთ.
ჩვენ უნდა დავრგოთ! ჩვენ უნდა ვახაროთ. ჩვენ უნდა შემოვღობოთ და უნდა ავაფერადოთ ჩვენი პირველბაღი!
ბეკონი იმასაც დაამატებს, რომ ეს ბაღი, ანდა უკეთესი იქნებოდა თუ ვიტყოდი, პირველბაღი, ადამიანურ სიტკბოებათაგან ყველაზე წმინდა რამაა; ადამიანის სულს ასუფთავებს იგი.
და მართლაც, ბაღის შემხედვარე უფრო და უფრო რწმუნდები, რომ ყოველგვარი სრა-სასახლე, რაგინდ დიადი და ამაღლებული არ უნდა იყოს, მაინც ადამიანის ხელის უხეში ქმნილებაა.
აი, ბაღი კი ადამიანის ხელის, ანდა უკეთ – თითების რაღაც პირველქმნილ ანაბეჭდს ატარებს.
ესაა მიწიანი თითები!
ეტყობა, ჟივერნის ბაღსაც, პარიზთან ახლოს, კლოდ მონეს „მიწიანი“ თითები შერჩა… მიწიანი და არა – საღებავიანი.
მონესეული სამოთხე უფრო მეტია, ვიდრე ადამიანის წარმოდგენა რაღაც ღვთიურსა და მიუწვდომელზე..
ჟივერნი აქვეა – სადღაც 6 საათში შეიძლება გავჩნდეთ საქართველოდან იქ… პარიზიდან 60 კილომეტრში იშლება მონეს სამოთხე. მონესეული იასამნისფერში გადახლართული მწვანე ისეთ ილუზიას ქმნის, თითქოს მიწა არც არსებობს… თითქოს ბალახის ქვეშაც ისევ ბალახია. დუმფარას ქვეშ – დუმფარა.. ხიდის ქვეშ – ხიდი. წყლის ქვეშ – წყალი… თითქოს აქ არც არის ადამიანის ადგილი – ადამიანის მიწიანი თითების ადგილი. მაგრამ მონე, იქნებ, არც იყო „ადამიანი“… იქნებ, მეტი იყო, ან – ნაკლები?! განა ვინ გვეტყვის, რა განაპირობებს „ადამიანობას“ – რაღაცის მეტობა, თუ ნაკლებობა…
არის ასეთი ფოტოც მოღწეული ჩვენამდე – ჟივერნის ბაღში დგას მონე. თეთრი წვერი მკერდზე დაჰფენია და გგონია, რომ ისიც შერწყმულია ბაღის მცენარეებს, ხვეულებს… გაგრძელებაა მათი.
სამუშაო კოსტიუმი ჩაუცვამს პირქუშ მაესტროს. გვიბღვერს. თითქოს გვიბრაზდება, ჟივერნის ბაღში რომ „წავასწარით“… თითქოს საყვარელთან ალერსისას დავადექით თავს… თითქოს აქ, ამ რეალობაში, ჩვენი ადგილი არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება. ან კი რა უნდა „სხვა“ ადამიანს კლოდ მონეს ჟივერნის ბაღში? რა დარჩენია იქ? ან რას ეძებს? ან რას იპოვის? ვის შეუძლია მონესეული ნაყოფის ხილვა? უფრო სწორად, აღქმა-დანახვა…
ჟივერნის ბაღი არის და არც არის. ხილულიცაა და უხილავიც. მიწიერიცა და – ზემიწიერიც. იქნებ, ამაღლებულიც…
ჟან ბოდრიარისებულ კონტექსტში, ჟივერნის ბაღები მიწასა და ცას შორის „გამოკერებული“ სიძულვილისა და სიყვარულის პარადოქსული ტოპოსია… აქაურ სამზეოზე გამოსული ნაყოფი შხამსაც შეიცავს და სამსალასაც – მიწისა და ცის სურნელითაა ერთდროულად სავსე… ერთგვარი უტოპიური პარადიზია დედამიწაზე!
აქ, ამ სივრცეში ხვდები, რომ ადამიანი „ჰომო კონსიუმერი“ კი არა, „ჰომო ესთეტიკუსია“… ცოცხალი ვნება მოულოდნელად უთმობს ადგილს ცოცხალი ესთეტიკური ჭვრეტის ნაკადს …
ყველა ერს თავისი კლოდ მონე ჰყავს – ზოგი ხატავს, ზოგი წერს, ზოგი მღერის…
განა ასევე არ ხდება ჩვენს დედაენასთანაც – ამ „იაკობისეულ სახარებასთან“ ზიარება – აი ია!
შეიძლება განვავრცოთ –
აი, მიწა; აი, თითი; აი, მიწიანი თითი!
ეტყობა, ასევე არქმევდნენ სახელებს მიხეილ მამულაშვილის მცხეთური ბაღის სტუმრები ყვავილებს. ეს ლეგენდარული ბაღი გრძნეულ ლანდშაფტურ ესენციალთა თავშესაფრად ევლინებოდა თაობებს… ამ ზღაპრულ წალკოტში, ერთ მუჭა მიწაზე, მოეყარა თავი საქართველოს ფლორის მთელ სიმდიდრეს. ამ მიდამოში ზედაზენის დაბურულ ტყესაც შეიგრძნობდით და ფრანგოეთის ალპების პირქუშ მცენარეებსაც ჰკიდებდით თვალს; მექსიკურ კაქტუსებსაც მოიხილავდით და ბაგინეთის სანახებსაც მიუბრუნდებოდით… დაბალი ღობეწნულით შემოვლებულ საცალფეხო ბილიკს გაუყვებოდით და უცებ აღმოჩნდებოდით რცხილის ჯაგთან.
ეს იყო მამულაშვილის ბაღის ერთგვარი პრელუდია! ვერცხლისფერწიწვებიანი კედრითა და იისფერი კატა-ბარდით მომხიბლავ ქრომატულ მელოსს მოისმენდი და ისევ განაგრძობდი ქვასა და ხეზე გაცისკრონებულ ყოჩივარდათა და ენძელათა სოლოების მიყურადებას… რაც მთავარია, ამ გარდენ-კონცერტის უჩინარი დირიჟორი შვენოდა იქაურობას.
ეს იყო მიშა პაპა – ბატონი მიხეილ მამულაშვილი.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი სტუმრობა ამ პარადიზში. ჩემი მეხსიერების გადამკიდეს, პირველი ვიზიტიდან დამახსომდა მამულაშვილის ბაღის ძვირფასი სტუმარი – მიხეილ ჭიაურელი. დედაჩემმა ჩამჩურჩულა – ესაა კაცი, „გიორგი სააკაძე“ რომ გადაიღოო. თუმცა, ამ დროისათვის საბჭოთა კინოს გადამდგარი გენერალი ჩრდილში ყოფნას უკვე მიჩვეული იყო!
„ბერლინის დაცემის“ ავტორი იღებდა ფილმს სახელწოდებით -„გენერალი და ზიზილები“. მამულაშვილის ბაღში კი თეთრად და წითლად მოღაღანე ზიზილებს ეფერებოდა თვალით; თან ტკბილად ეჟღურტულებოდა რაღაცას მასპინძელს. ჟერმენა დე სტალს უთქვამს, ადამიანის ჭკუა იმაშია, განსხვავებულ საგნებში მსგავსება დაინახოს და მსგავს საგნებში – განსხვავებაო.
მიშა მამულაშვილი, ცხადია, ჭკვიანი კაცი იყო და ისიც გრძნობდა – თუ რა ასხვავებდა ერთმანეთისაგან მავანისთვის ერთნაირ ყოჩივარდებს და რა ამსგავსებდა ერთმანეთს ნუშის ნაყოფსა და იზაბელას მტევანს. და ყველაფერ ამას ერთ ჰარმონიად ჰკრავდა უბრალო ქვა, უბრალო მიწა; უბრალო ფოთოლი… მცხეთის სპექტაკულირებულ წალკოტში ბელტის მიწაც – მინდვრიდან ამოღებული ბელტის მიწაც და ტორფიც, ტყეში დამპალი ფოთლის ნეშომპალაც კი, ის ესენცია იყო – მოდი, ასე ვთქვათ, ლანდშაფტურ-ექსისტენციური ესენცია, საიდანაც უნდა დამზადებულიყო… მიწა! მისი უდიდებულესობა მიწა! ყვავილების მიწა! მიწა, რომელსაც დიახაც ადამიანის თითები გრძნობენ… ეს ბაღი თავისებურ ხსოვნასაც ატარებდა; ანდა ხსოვნის კვალს…
ნათქვამია, ხსოვნა პიროვნებათა კოლექციააო. და ბაღიც ერთგვარი ხსოვნაა; სტიქიურად მოვლენილ მცენარეთა, როგორც პანთეიზირებულ ობიექტთა კოლექცია…
მამულაშვილის წალკოტს ერთობ შვენოდა მებაღის ხმა. და ეს ხმაც აქცევდა ამ წალკოტს მოლაპარაკედ….
***
ყველა ბაღს თავისი მშენებელი ჰყავს და თავისი – მუზაც… მალტელმა არქიტექტორმა რიჩარდ ინგლანდმაც ააშენა თავისი წილი ბაღი 1982 წელს – „ბაღი მირიამისათვის“. ბაღი ცოლისთვის. ქალისთვის, რომელიც თავადაც იკებანას პროფესორია და თავის დროზე ავანგარდულ იაპონურ სკოლაში სოგეცუს სწავლობდა…
„მირიამის ბაღი“ მუდამ განმარტოებისაკენ (და არა სიმარტოვისაკენ) მოგვიხმობს… მშვიდი, საკრალური გარემო, სადაც არქიტექტურა და ბუნება ერთმანეთს ერწყმის და დე კირიკოს მეტაფიზიკური ფერწერის მელოსივით ჟღერს. იქნებ, ახლაც იკრიბებიან ამ აუზის გარშემო ონტოლოგიური ბაღის დაგვიანებული სტუმრები და ყოფიერების ლაციცში ატარებენ დროს. ვინ იცის? იქნებ, მობეზრდათ კიდეც ქმრის აშენებული ბაღი…
***
იყო ასეთი კაცი, გვარად პარკინსონი, მეფე ჯეიმსის აფთიაქარი; წიგნი დატოვა სათაურით: „paradisi in sole,paradisus terrestris“.
1629 წელს ლონდონში გამოცემულ ამ მივიწყებულ წიგნში პარკინსონი (სახელსაც ნუ დავუკარგავთ -ჯონ პარკინსონ!) თავისი პატრონის სამფლობელოს აღწერს, როგორც „მოლაპარაკე პარადიზს“.
მაგრამ ბაღი ერთგვარი წიგნიცაა; მთელი სამყარო შეიძლება ამოვიკითხოთ ამ წიგნში… მეტიც, ბაღი ყველგან ბიბლიის ანალოგია; მატერიალიზებული ბიბლიაა. სამყარო თავისებური ტექსტია, ღვთაებრივი ნება, რომ იკითხება.
აი, ბაღი კი, საგანგებო წიგნია; იდეალურ არსობათა ერთგვარი კოდექსია… აი, რატომაა ბაღის უზენაესი მნიშვნელობა, ბაღის უზენაესი სემანტიკური კონტექსტი – სამოთხე, ედემი, ედემის ბაღი. ნებისმიერი ბაღი თავის არქეტიპად, თავის პირველ ხატად ედემს მოიაზრებს.
ასეა, ბაღი უნდა „წავიკითხოთ“; და ბაღში უნდა ვიკითხოთ… ასეთი „საკითხავი“ იყო კლოდ მონესა და მიშა მამულაშვილის წალკოტი; საკითხავი ტოპოსი! ეს პარადიზი ჩეხოვისეული „ალუბლის ბაღივით“ გაიჩეხა… და დარჩა სევდა წაუბაძველი. დარჩა (და გადარჩა) ამ ბაღის ხსოვნა; ხსოვნა ამ წალკოტის უებრო სურნელისა; იმ ოლფაქტორული ესენციებისა, ათწლეულები რომ აჯადოებდა ადამი-ანებს…
იგივე ბეკონი წერდა ბაღისეულ მცენარეთა სურნელზე, მუსიკურ ტალღათა მსგავსად რომ განიბნეოდა ჰაერში; მიმოიფრქვეოდა როგორც სუნთქვა ყვავილთა; ის საკრალური არომატი, მოწყვეტისთანავე რომ კარგავდა თავის უწინდელ ენერგიასაც და ენტელექიასაც…
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როცა პატარა ბიჭმა ბოსტანში ლობიო და მწვანილი დაგლიჯა, სანაცვლოდ კი, ყვავილები დარგო. მშობლების პრაგმატულად გლეხურ პროტესტს ბავშვმა იმით უპასუხა, რომ ტირიფის წნელებისგან დაწნულ კალათებში მიწა ჩაყარა, იქ ყვავილები ჩარგო და ხის ტოტებზე ჩამოაკონწიალა. უცნაურ ბავშვზე მეურვეობას მიხა ყაყაჩოველი იკისრებს; პიატიგორსკში წაიყვანს ნათლულს, უნაგირების ხელოსნად მაინც მოვამზადებო… მომავალი მებაღე კი ჩრდილო კავკასიაშიც, მაშუკის მთის ფერდობებსა თუ პროვინციული ქალაქის მომცრო სკვერებში მცენარეებს უჭვრეტს… ისევ სამშობლოში ბრუნდება. ამ ყმაწვილისგან დიდი ადამიანი დადგებაო – ამას ახალგაცნობილი ილია წინამძღვრიშვილი იტყვის მომავალ მცხეთელ მინდიაზე.
ერთი წელიც და თავად წაიყვანს ტფილისში, სამებაღეო სასწავლებელში. აქ მცენარეთა ლათინური და რუსული სახელებიც უსწავლია მიხეილს; გასაოცარი ჰერბარიუმიც შეუდგენია…
ამასობაში ვარშავაში, მეხილეობის ინსტიტუტიც შეუგულებია სწავლის გასაგრძელებლად.
მოულოდნელად ჯერ მამა მოუკვდება დაჭაბუკებულს, მერე – დედა… მოსავლელი დარჩა ოთხი დაობლებული და-ძმა.
მიხეილი მეფისნაცვლის სასახლის ბაღში იწყებს მებაღეობას. მთავარმართებელი გოლიცინი დაოჯახების ნებას არ დართავს – ბაღს ყურადღება მოაკლდებაო და, სხვა რა ჩარა აქვს, თავის გულისწორზე, მაშო ქართველიშვილზე მალულად დაიწერს ჯვარს. ორიოდ თვეც და ახალშეუღლებული წყვილი მცხეთაში გადასახლდება; ნარეკვავში ვალითა და ვახშით იყიდის 14 ჰექტარ მიწას და… ასე დაიწყებს ბაღის გაშენებას. და-ძმასაც დაასაქმებს, ქვა-ღორღს გაზიდავენ, საგურამოდან მოტანილ მიწას დაყრიან… ბაღს პირველივე წელს სეტყვა მოაშთობს. შემწედ ისევ ილია მოევლინება, წინამძღვრიშვილი და თამამშევის ქარვასლაში ყვავილების მაღაზიის გახსნას ურჩევს -„სოლეილ დ’ორ“ – „ოქროს მზე“ – ასე მონათლავენ.
ყოველ შაბათს სტუმრობდაო მამულაშვილის საყვავილეს აკაკი; მიხეილი ახალ-ახალ ორიგინალურ თაიგულს ახვედრებდა, თურმე… ტიციან ტაბიძის იმიჯის მოუცილებელი ატრიბუტი – წითელი მიხაკიც მამულაშვილისგან მიჰქონდაო გალანტურ ცისფერყანწელს…
***
იყო ასეთი – დავით ციციშვილი-მებაღეობის ჩინებული მცოდნე… ციციშვილების გვარის ამ წინამძღოლს, კინომსახიობისა და განთქმული ლამაზმანის – თამარ ციციშვილის უშუალო წინაპარს უკისრია მამულაშვილის მეცენატობა.
სოფელ ხვედურეთში 400 ჯიშის ვარდი ხარობდაო ციციშვილებისა… აქ დაფრთიანდა მიხეილიც… ციციშვილს ეხმარებოდა ბაღის მოვლაში. დავითმა გაამგზავრა გერმანიაში და შინმობრუნებულს თავად უყიდაო მაღაზია, წეღან რომ გიყვებოდით, ის „სოლეილ დ’ორ“…
1913 წელს მამულაშვილი ჰოლანდიაში დედოფალ ჰილჰელმინას წალკოტსაც მოინახულებს… იქაური ტიტებით მოიხიბლება.
საქართველოში დაბრუნებულს სიურპრიზი ელის – 33 ჯიშის ტიტის ბოლქვები! ესეც მამულაშვილის ბიოგრაფიული ნარატივის კიდევ ერთი პასაჟი!
1921 წელი ჩამოდგება… საქართველოს „გააწითლებენ“.
სადღაა ნარეკვავის ბაღი?! ნაციონალიზაციას შეეწირება! „სოლეილ დ’ორიც“ მანთაშევის ქარვასლასთან ერთად აღიგავება პირისაგან მიწისა…
მამულაშვილი ისევ თავის პატარა პარადიზს მიაშურებს და ამ მინიატიურულ ედემში დააშენებს პატარ-პატარა ორანჟერეებს; „უცხო სამოთხეებს“… ესაა, როგორც ახლა ვიტყვით, ინსტალაციების მთელი ბლოკები, საქართველოს ცალკეულ კუთხეთა ლანდშაფტური თემატიზმებითა და მინიატიურიზებული სტიქიონებით… აქ წყალ-ჩანჩქერთა კამერულ მუსიკასაც გადააწყდებოდა კაცი და ჩიტების გალობასაც მიაყურადებდა – ამ ორნითოლოგიურ მელოსს, ისევ და ისევ მამულაშვილისეული წყალ-ჭალის ხმებში რომ უჩინარდებოდა და ადგილს უთმობდა არაგვისპირულ ნიავს…
წმინდა ფრანცისკ ასიზელი ქადაგებდა – ძმანო, გეთაყვა, იყავით ბრძენნი, ვითარცა ძმობილი თქვენი ბაბუაწვერაო…
მიხეილ მამულაშვილსაც ასეთი სიბრძნე ამშვენებდა… და ესაა მისი ნატურ-კულტურული ჰაბიტუსის ემბლემა!
მიხეილ მამულაშვილი ყველაზე დიდ, ყველაზე ღრმა, ყველაზე ძვირფას საიდუმლოს ბუნებაში ხედავდა; ბუნებასა და ბუნიობაში… ეს იყო ყვავილფერთა ესთეტიკური პოლიფონია; ის ონტოლოგიური წონასწორობა, ის ჰომეოსტაზი, ტონს ტონთან რომ შეაფერებდა; ყვავილს ყვავილთან დააწყვილებდა, მერე რაღაც მოულოდნელი კადანსით გათიშავდა, რათა ისევ აღეძრა პასიონარული წადილი… და იყო რაღაც ანტიპარკული, ანტიკულტურიზებული ამ პროცესში…
ამ კვაზიპარადიზით იგონებდა მოხუცი მებაღე დაკარგულ სამოთხეს…
***
მამულაშვილის ბაღი რახანია ქართული ნატურკულტურის ერთ ნოსტალგიურ ნარატივად იქცა.
რას იზამ… ეტყობა, ბაღებიც ზეზეურად კვდებიან; მებაღესთან ერთად კვდებიან… მებაღეები ვეღარ იბადებიან…
არადა, ეგზიუპერი წერდა, იმისთვის გავჩნდი, რომ მებაღე ვიყოო. ისიც ერთგვარი ონტოლოგიური მებაღე იყო და ისიც გაქრა… გაქრა, მაგრამ ბაღის იდეოგრამა მაინც დარჩა; ანდა, შემო-რჩა, როგორც კვალი… ნაშთი ძველი დიდებისა; როგორც მტვრად და ნაცრად ქცეული წარსულის ხიბლი… ხიბლი ყოფიერებისა და არარაისა… და მაინც, ასეთი ბაღებიც ჩვენივ ყოფიერებითი უსაფრთხოების ზონებია;
ზონები, რომლებიც გაცილებით უსაფრთხონი არიან, ვიდრე ქალაქის გაცოფებული ქუჩები…