დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , , ,

ერთგულებისთვის დასჯილი ადამიანებიც არსებობენ… ყველაზე მწარეა, ალბათ, ეს…

ჯერ ისედაც როგორი ცოტაა კაცისა და საქმის  ერთგული…

ამ გადასახედიდან რომ შევაფასოთ, დიდი კოტე მარჯანიშვილიც ამისთვის გაიწირა…

მოწაფეებმა რომ გაწირეს, ეგ არაფერი.. ჩვეულებრივი ამბავია… რამდენი აღესრულა, პირდაპირ ან ირიბად, მაგათი ხელით…

ეგენი საშიში ხალხია… არ უნდა შემოიჩვიო.

მაგრამ თავად ვერ შეეგუა რეჟისორი ამ აზრს. დამიბრუნეთ, უკან დამიბრუნეთ ჩემი როლებიო – უყვიროდა, თურმე, განდგომილებს. ვინღა დაუბრუნებდა? კარგადაც „შეირგეს“ ნაძარცვი…

თუმცა, არც სიკვდილის მერე ჰქონია დიდად მარჯანიშვილს ბედი…

აგერ, 150 წლისა მოიყარა და აქა-იქ, კანტი-კუნტად თუ გაახსენდათ მისი კუთვნილი 28 მაისი ჩვენში.

რუსეთში – მით უფრო…

დაავიწყდათ?

დაგვავიწყდა?

იქნებ, დავივიწყეთ, უბრალოდ…

ერთგული ადამიანი, გარდაცვლილი თუ ცოცხალი, სამსჭვალივითაა –  გახსენებს, რომ არ გგავს. შენზე უკეთესია…

„აი, მე უკვე გავჭაღარავდი, მოხუცებულობაში შევდგი ფეხი და თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია, რომლისადმიც მე ერთგული ვიყავი, რომლისთვისაც ჩემს სიცოცხლეში არ მიღალატია და არც ვუღალატებ“…

ცალმხრივი ერთგულება ცალმხრივი სიყვარულივით ტრაგიკულია…

თუმცა, ფასადურად თეატრსაც მისი სახელი მივანიჭეთ და მარჯანიშვილის „ბიუსტიც“ „გამოვჭიმეთ“ იქვე ახლოს…

მაგი არაა ჩემი სიდედრიო – ხომ გახსოვთ „არაჩვეულებრივ გამოფენაში?“

ასეა ამ ბიუსტის საქმეც…

არაა ეს თვალებჩაცვენილი, უემოციო, თმაგაძეძილი, ცოტა გამოთაყვანებული კაცი, ორად გადაჭრილი შუბლით, მარჯანიშვილი და მომკალით…

იყო მაშინვე დავა ამ თემაზე.

იცინეს კიდეც – ერთ მაშინდელ პარლამენტარ ქალსაც მიამსგავსეს.

შაპოკლიაკიც გაახსენდათ ცნობილი „ჩებურაშკადან“…

მოკლედ, მართლა არაა ეს კაცი ჩვენი მარჯანიშვილი…

თითქოს დილეტანტმა ითამაშაო.

უნდა ვაღიარო, სინდისი სუფთა მაქვს – იმ კომისიაში ვიყავი, ძეგლის დადგმა-არ დადგმა რომ უნდა გადაეწყვიტა… ორი კაცი აღმოჩნდა წინააღმდეგი – ოთარ მეღვინეთეხუცესი და თქვენი მონა-მორჩილი… მსახიობმა დაიქადნა კიდეც, სანამ მე ცოცხალი ვარ, მარჯანიშვილის თეატრის წინ ამ კაცს არ დაგადგმევინებთო.

იცოცხლე, მოქანდაკის ცოლმა კუდით ქვა გვასროლინა – რა იცით თქვენ მარჯანიშვილიო…

მისმა მეუღლემ რომ იცოდა, ხომ ჩანს?

მაინც დადგეს… ძალადობით, ცხადია! ასე ვუღალატეთ მაშინაც და ახლაც არ ვაყრით კარგ დღეს, თორემ, ბოლოს და ბოლოს, ავიღოთ ეგ ოხერი ბიუსტი  და დავასვენოთ დიდი რეჟისორის სული…

ვინ იცის, როგორ წუხს?..

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…