ახალი ათვლა იწყება დედამიწაზე!
მაგრამ „ძველიც“ ენატრება ზოგიერთს –
აი, ის ძველი – ზარ-ზეიმისა და ფარსი კარნავალურობის ელ-ფერი რომ დაჰკრავდა ყოველდღიურობასაც.
მაშინ ყოველდღიურობაც თეატრალიზებული იყო.
დოდო ალექსიძის ერთი ისტორია შემოგვინახა იმ დრომ – ქუთაისის „მომცრო ტანის“ ოპერაში დგამდა დავით თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალს“.
თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო იმხანად.
რეპეტიციებზე „კუკუშკათი“ მიფრინავდა და ყოველ „გაფრენაზე“ აეროპორტიდან აცილებდა პირველი მოადგილე – ოთარ „ნიკალაევიჩი“, ეგაძე – თეატრალური საზოგადოების ამალით ზუსტად ისე, როგორც ბრეჟნევს მიაცილებდა მოსკოვის ვკუკოვოს აეროპორტიდან პოლიტბიურო – პოდგორნის ან სუსლოვის თამადობით.
ითმინა. ითმინა. ითმინა ალექსიძემ და ბოლოს ვეღარ მოითმინა –
მოისროლა ყვავილები და შემეშვითო – იყვირა…
არ იყო „დიდებისთვის“ გაჩენილი ალექსიძე ბრეჟნევივით…
რამდენმა წყალმა ჩაიარა იმის მერე და რამდენს ვუქნიეთ ხელი. რამდენმა აქეთ „დაგვიქნია“…
ახლა ვიღას ახსოვს?
ახალი დრო დგება ახალ დედამიწაზე – ძველი, ტრანსფორმირებული ტრაგიკომედიებით!
„ძველ“ დროს გავუძელით. დაგვღალა. შეგვაშინა, მაგრამ ფარდა აიწია მაინც.
იმ ფარდის მიღმა დრო შეიცვალა თეატრისთვისაც!
ზოგი რამ – ავად! ზოგიც – კარგად! ზოგი – არც ავად და არც – კარგად! მდორედ გაწვა და არ იძვრის. არსებობს მხოლოდ… ასეთებიც „უხდება“ თეატრალურ ცხოვრებას; მათაც ჰყავთ თავიანთი ალხანა-ჩალხანა.
ახალ დროს ისევ მოვყვებით ამბებს სცენიდან; იმედია, ისევ გადავცურავთ ზღვას… ისევ გავიხსენებთ ნეტარხსენებულ ოიდიპოსს, „სადღაც, ამერიკაშიც“ გადაგვისვრის ცხოვრება. „მოჩვენებებიც“ გადაგვეყრება კულისებიდან… გიორგი ერისთავის „ძუნწიც“ გაგვახსენებს ძველ ამბებს ახალი შეფუთვით…
ისევ აივსება პარტერი. ბენუარის ლოჟები. ზედა იარუსები. კიბეები.
მოვლენ. მოვლენ, რადგან ჯერ კიდევ შექსპირმა თქვა, რომ მსოფლიო თეატრია;
არც ვოლტერს შეუცვლია აზრი…
დრომაც დაამტკიცა, რომ მსოფლიოც თეატრია და ადამიანიც, თავისი ბუნებით, მსახიობია.
ყველა არტისტია – ქალიცა და კაციც. დიდიცა და პატარაც. თითოეულს აქვს საკუთარი გამოსვლა, მაგრამ ზოგიერთი არ ან ვერ თამაშობს როლს…
დღეს ამ როლების მიღების დროა მათთვის, ვისაც თავისი „დრო“ გამორჩა სცენაზე!
ამიტომ მოვლენ!
მოვლენ, რომ დაიცალონ!
აივსონ (თუ ამის საშუალებას მისცემს სპექტაკლი)!
იტირონ ან იცინონ!
თეატრის აზრიც უწინარესად ესა ყოფილა! არს და იქნება!