2019 წელს, ნობელის პრემიის გადაცემისას, ავსტრიელმა რომანისტმა პეტერ ჰანკდემ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა!
ბევრი რამით იყო ეს სიტყვა ნიშანდობლივი!
უამრავი დეტალით!
იგრძნობოდა ისიც, რომ რაღაც დიდი, ტრაგიკული უახლოვდებოდა დედამიწას!
იფხიზლე და დაელოდე ნიშანსო,- გაგვაფრთხილა…
არადა, ადამიანს არც სიფხიზლე შეუძლია და ნიშნებსაც მას მერე ხსნის, როცა ამბავი სრულდება…
ალბათ, რამდენი ნიშანი მოგვცა სამყარომ დღემდე…
რამდენჯერ გაგვაფრთხილა!
რამდენჯერ გვაჩვენა „ყვითელი“ ბარათიც!
რამდენჯერ დაგვცინა…
რამდენჯერ მიგვითითა…
მიგვითითა, რომ დიდი შესვენების დრო იწყება (თუ კარგა ხანია დაიწყო) კულტურაში…
ჰო, ჰო, დიდი შესვენების!
დიდი გამყინვარება ხომ გადავიტანეთ?
ხომ დავკარგეთ უშველებელი მამონტები, დინოზავრები, რეპტილიები?
ახლა ასე ვკარგავთ დიდ ადამიანებს.
დიდ არტისტებს.
დიდ ხელოვანებს.
ნელ-ნელა გვადნება ხელში კულტურა…
ნელ-ნელა გვეფანტება გზებზე…
დიდ გამყინვარებას თუ გაუძლო ადამიანმა, დიდ შესვენებასაც გაუძლებს, ალბათ…
მაგრამ საფრთხე მაინც დიდია…
ძალიან დიდი…
სამყარომ ისწავლა ხელახლა სიცოცხლე – გამოჰყვა მზეს გამოქვაბულიდან… გათბა… დათბა… გაიღიმა…
მაგრამ დედამიწას აღარასდროს დაუბრუნდნენ ის საოცარი მამონტები და რეპტილიები…
დააკლდნენ ჩვენს ყოველდღიურობას…
ჩვენს ისტორიას…
ვაითუ, დიდმა შესვენებამაც შეიწიროს დიდი არტისტები…
ვაითუ, აღარ (ან ვეღარ) დაბრუნდნენ…
ვაითუ, გაჰყვნენ თან გლობალურ დათბობას…
ვინ იცის…
ვინ გვეტყვის…
ვინ აგვიხსნის, რას გვანიშნებს სამყარო?
ვერც – ვერავინ…
იქნებ, დავუჯეროთ ჰანდკეს…
მოვუსმინოთ.
იქნებ, დროა, ვიფხიზლოთ და დაველოდოთ ნიშანს დიდი შესვენების დასრულებისა!