ცოტა შეძველებულ გვარდიას კი გვახსოვს, საბჭოთა კავშირის გენსეკს – ცხონებულ ბრეჟნევს – როგორ უყვარდა ახალი „ჩინ-მენდლების“ ჩამოკიდება გულ-მკერდზე. ერთიანად ცმუკავდა და ტუჩებიც უკრთოდა იმ წუთებში; თითქოს გულისცემაც გვესმოდა მისი; არადა, ეს რჯულძაღლი სუსლოვი მუდამ ძალდატანებული ღიმილით უახლოვდებოდა ახალი ორდენის ჩამოსაკიდებლად გენსეკის ქვიჯასავით სხეულს. არც ტუჩებში კოცნას ანებებდა ჯილდოდ არასდროს ლეონიდ ილიჩს. საბჭოთა რუხი კარდინალი ზოგადად იცავდა საკუთარ ტუჩებს და არც ჯილდოზე გიჟდებოდა დიდად. არ იყო უჭკუო კაცი მიხალ ანდრეიჩი; ესმოდა, რომ ზედმეტი ჯილდოც სასჯელია, ცუდის ნიშანი და ზედმეტი უჯილდოობაც… ამ ოქროს შუალედს იცავდა მუდამ.
ბრეჟნევს შუალედი არ სჭირდებოდა; თავად იყო მჩუქებელიცა და გამჩუქებელიც. ჯილდოცა და სასჯელიც. ამიტომ უხვად იყრიდა მედლებს თავზე.
მახსოვს, ლეონიდ ილიჩის დაკრძალვის დღეს სადღაც ნახევარი საათი მოათრევდნენ საბჭოების სასახლიდან წითელ მოედნამდე ხავერდის წითელ ბალიშებზე მიბნეულ ორდენებსა და მედლებს საბჭოთა ჯარისკაცები.
ჯილდოს მომეტებული სიყვარული მხოლოდ „გენსეკების შთამომავლებს“ არ შემორჩათ დღემდე ძარღვებში. ახლაც არაერთი იბრძვის მისთვის – ჩხუბობს. თითებს იქნევს. იქედნურად, მრავალმნიშვნელოვნად, ნიშნისმოგებით იღიმება – ანუ, იმუქრება, ფაქტობრივად. აბა, ჯილდო თავისთვის ხომ არ დაგატყდება თავს, ბრეჟნევი თუ არა ხარ?
ცხონებული ჭაბუას პერიფრაზი რომ მოვიშველიოთ, კაცი უნდა ეყოს ჯილდოს და არა ჯილდო – კაცს… არადა, რამდენი ჯილდოიანი კაცი დააბიჯებს საქართველოში და მათ შორის რა ცოტა ჰყოფნის იმ ჯილდოს კაცობით, საქმით, ნიჭით, სახელით…
ამბობენ, კარლო კალაძეს სამჯერ მისცეს შრომის წითელი დროშის ორდენიო; ბოლოს გადაირია, თურმე, კაცი, სხვა რამე მომეცით; რა ვიშრომე ამდენიო; ა, პატიოსანი ადამიანი; არადა, ისე ჩავიდა სამარეში, ვერც სანუკვარი ლენინის ორდენი მიიღო და ვერც – რუსთაველის პრემია. ასეც ხდება – ხანდახან დაგვცინის ცხოვრება (მხოლოდ ცხოვრება?!); ან სულ სხვა ჯილდოს ვიღებთ, ან ისეთ დროს ვიღებთ საოცნებო ჯილდოს, რომ სასჯელად და სირცხვილად გვექცევა…
კაცმა არ იცის, რა არის ჩვენი ჯილდო და ჩვენი სასჯელი…
სტანისლავ ეჟი ლეცი წერდა, სასჯელი იწვევს დანაშაულსო…
და რას იწვევს ჯილდო? რად უნდა დღეს ადამიანს იგი?
თემურ ჩხეიძის მარჯანიშვილის თეატრში დადგმული ერთი მივიწყებული სპექტაკლი მახსენდება – „აღსარება“. საბჭოთა ჩინოვნიკს – ირაკლი უჩანეიშვილს, ერთი ხელით ჯილდოს აძლევენ და მეორე ხელით სასამართლო უწყებას აწვდიან. ვერც საბჭოთა ნომენკლატურულმა „ვოლგამ“, სცენაზე რომ თეთრი რაშივით იდგა, ვეღარ „უშველა“ პატრონს…
ასეა, მივბაძოთ სუსლოვს… არაა არც კარგი და არც კარგის ნიშანი ნაყვედრი ჯილდო… კბილებს დაგაყრევინებს ადრე თუ გვიან…