დავით ანდრიაძის ესე

ლავრენტიიი!…

, , ,

ერთ ლამაზმან ქალბატონს ვიცნობდი; ერთ დროს პოპულარულ მსახიობს… თავის დროზე ბერიასთან მეგობრობდა… ბერიაც ზრუნვას არ აკლებდა…

პენსნეიანიო – ასე მოიხსენიებდა ის ქალბატონი – „ოჰ, ის პენსნეიანი“, „ეჰ, ის პენსნეიანი“, „უჰ, ის პენსნეიანი“, „აჰ, ის პენსნეიანი“…

თითქოს, ეშინოდა მისი გვარის წარმოთქმა, ტაბუ ჰქონდა დადებული…

ერთხელაც წამოსცდა: „ვართ მე და ბერია ლოგინშიი“… ყურები ვცქვიტე… ლიკანშიო,- უნდოდა ეთქვა. ენაზე იკბინა… დიახ, დიახ, ალბათ, ლიკანში, თორემ ლოგინი რა შუაშია-მეთქი, შევეშველე… ეჰ, ჭკვიანი კაცი იყო ციურიხელი ფსიქიატრი (ეგ რაღა შუაშია?!).

კარგა ხანია დასრულდა ბერიას ეპოქა…

მადლობა ღმერთს, რომ დასრულდა… ნამეტანი დაგვიანებული ნეკროლოგი კი გამომდის, მაგრამ მაინც ღირს ამ კაცის გახსენება…

დაგვიანებულ ნეკროლოგს მინდა, დავარქვა ლავრენტი, ანდა უკეთ: ლავრენტიი!

რატომ ლავრენტიი?

ცოტა შორიდან დავიწყოთ!

ბერი თევდორეს ამბავი ყველას გაგვიგია.

1609 წელი იდგა. თრიალეთზე გადმოსული ურჯულოთა ლაშქარი თევდორე ბერს გადააწყდა და მეგზურობა სთხოვა. ენდნენ ბერს (ენდე?.. ენდე!), თევდორემ კი თურქებს გზა აუბნია.

მოტყუებულმა მტერმა, რბილად რომ ვთქვათ, შური იძია – ბერი ნაჭერ-ნაჭერ აკუწა და, მგონი, ზედ მარილიც კი მოაყარა…

დღეს თურქები ჩვენი ძმები არიან…

სსრკ სახელმწიფო, რუსთაველის, აფხაზეთის სახელმწიფო, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, ჟიული შარტავასა და ა. შ, პრემიების ლაურეატის, შოთა ნიშნიანიძის ლექსიც გემახსოვრებათ. როგორც ამ გამოცდილ მოლექსეს სჩვეოდა, მის ტექსტში ტექნიკურად ყველაფერი რიგიანადაა დალაგებული, ყველაფერი ბუტაფორიულადაა მოწესრიგებული:

თრიალეთის ტყე-პარკში მშვიდი დღის ილუზია იქმნება და…

„ – თევდორეე!

– თევდორეე!..

– ტირის ერთი ჩიტი.

განა მართლა ჩიტუნაა, სული არის სამოთხისა,

– სულო, სულო, სულეთიდან, რა განგებამ გამოგხიზნა?“

უხერხული და იქნებ, დამაბნეველი შედარებიც კია, მაგრამ 1953 წლის 9 მარტის შემდეგ ბერიამაც აუბნია გზა რუსებს; თევდორესგან განსხვავებული მისია ჰქონდა, მაგრამ იდეა კი იყო გზის არევა –  ვითომ კომუნიზმისაკენ მიმავალ გზაზე მიჰყავდა ქვეყანა. არადა, აღმოჩნდა, რომ სულ სხვა   ჩანაფიქრი ჰქონია – „დიდი მამის“ სიკვდილის შემდეგ „პერესტროიკა“ განიზრახა. ლიბერ(ი)ალური რეფორმები ჩაიფიქრა. დიიდი რეფორმები, მაგრამ ვინ აცალა?!

აი, მაგალითად, სტალინის სიკვდილისთანავე აითვალწუნა მშობლიური კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი; განიზრახა, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განხილულიყო არა  ЦК-ში, არამედ – მთავრობაში.

ЦК! რა მძლავრად ჟღერს! კიდევ უფრო მძლავრად ჟღერდა ЦК ВКП(Б).

ეჰ, ვიღას ახსოვს ის ომახიანი აბრევიატურები: НКВД, КГБ, МВД, ВЦСПС… შედარებით უფრო ენის მოჩლექით წარმოითქმოდა ВЛКСМ…

ЦК-ს სულ სხვა ეშხი ჰქონდა…

„Ч т о  ЦК?!  – უხეშად „მოაკეტინა“, თურმე, ხრუშჩოვს – „Пусть Совмин, правительство все решает… А ЦК пусть занимается пропагандой и своими кадрами“…

არ იყო მართალი? რა თქმა უნდა, მართალი იყო. „მართალი“ – როგორც ყოველთვის. თანაც ამ უზურპატორს, თურმე, კარგა ხნის წინ ჰქონია უზურში პარტიის „მეორე ეშელონში“ გადაყვანა.

გრძნობდა, უფრო ზუსტად, კაი ხნის წინ იგრძნო ბერიამ, სტალინის სიკვდილით რომ უნდა გათავებულიყო „ეპოქა დიდი“.

„ეპოქა დიდი“ გათავდა და… ეს ლატენტური ანტისტალინიც მოათავეს.

ახლა ნაციონალური საკითხი ბერიასეული შორსმიმავალი გეგმები ანუ, როგორც ახლა ვეძახით – პროექტები გავიხსენოთ. 53-ის 12 ივნისს  მიაღებინა ЦК-ს დადგენილება მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი კადრების გაძლიერებისა და საქმეთა წარმოების ეროვნულ ენაზე გადაყვანის შესახებ. სხვათაშორის, ბერია „მოძმე“  რესპუბლიკებში ორდენების დაწესებასაც გეგმავდა. და ვინ იცის, კიდევ რამდენ ასეთ „ღვთისნიერ საქმეს“ ეშურვებოდა ლავრენტი. განსაკუთრებით მაინც „ჟანდარმერიის“ რეფორმას ეშურებოდა – სიყვარულის, სათნოებისა და კულტურის სამინისტროდ გარდაქმნას უპირებდა, თუმცა, უშიშროება ისედაც კულტურის გუშაგად იყო ჩაფიქრებული.

გებელსისა არ იყოს, გაიგონებდა თუ არა სიტყვას – „კულტურა“ – ალბათ, ბერიაც ფიშტოსკენ აპარებდა ხელს…

სხვათაშორის, საბჭოთა იმპერიას კულტურის მინისტრი სტალინის სიკვდილის მერე მოევლინა; 1953 წლის 15 მარტს დაინიშნა ამ პოსტზე პანტელეიმონ კონდრატიევიჩ პონომარენკო. სულ ერთი წელი და ექვსი დღე დაჰყო ამ თანამდებობაზე.

ეს ის პონომარენკოა – 1938 წელს საბჭოთა ბელორუსიის პირველი პირი – სტალინს რომ ემუდარება – I კატეგორიის რეპრესირებულთა რიცხვი 2000 კაცით გამაზრდევინე; II კატეგორიისა კი – 3000-თო. I კატეგორია დახვრეტას გულისხმობდა; II – ციხეს ან გულაგს. „მშრომელი“ კაცი იყო. ნოვოდევიჩის სასაფლაოდან მახსოვს მისი სახება. პონომარენკომდე ამ უწყებას სსრკ მინისტრთა საბჭოს ხელოვნების საქმეთა კომიტეტი ერქვა და მას ნიკალაი ნიკალაევიჩ ბესპალოვი მართავდა. ორი წელი იჯდა პირველი კულტუროსნის ტახტზე; კულტურის მეორე მინისტრი ალექსანდროვი იყო; ფილოსოფოსი კაცი. ერთხანს ინსტიტუტსაც დირექტორობდა. 54 წლის 9 მარტს გახდა მინისტრი და ერთი წელი და ერთი დღე ემსახურა საბჭოთა კულტურას.

„გლადიატორთა საქმეს“ შეეწირა – სექსუალურ სკანდალს. ვალენტინოვკაში დრმატურგმა კრივოშეინმა ბორდელი მოაწყო. შეიტყუებდნენ ფილოსოფოს-ფილოლოგ გოგონებს, მომავალ ბალერინებსა და მსახიობებს და…

დაშიფრული ტერმინებიც ჰქონდათ – „დისერტაცია“. „დაცვა“. „რეცენზირება“.

ნოვოდევიჩზე განისვენებს ალექსანდროვიც.

აი, ბერია სად განისვენებს, მხოლოდ ღმერთმა უწყის…

არადა, როგორ „უყვარდა“ ადამიანი… ცოცხალიცა და მკვდარიც… ადამიანის უფლებების ჭეშმარიტი დამცველი გახლდათ. მოწოდებით იყო ომბუდსმენი. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ომბუდსმენის აპარატი ბერიას ყოფილ სახლში იყო დაბინავებული. ბერია პირველი იყო, ვინც ყოფილ საბჭოთა იმპერიაში ხმამაღლა ახსენა მაგიური სიტყვა – „ადამიანის უფლებები“. ეს უკვე დეკლარაცია იყო. სტალინის სამგლოვიარო მიტინგზე  მავზოლეუმის ტრიბუნიდან წარმოთქმული პოლიტიკური დეკლარაცია.

არ იყო „მართალი“? რა თქმა უნდა, ისევ „მართალი“ იყო – „მართალი“, როგორც ყოველთვის.

ვინ დაუჯერა? ვინ აცალა?!

ითმინეს, ითმინეს მისმა ყოფილმა თანამებრძოლებმა, მაგრამ მოთმინების ფიალაც ივსება… უკანასკნელი წვეთი მაინც გერმანიის საკითხი იყო. არადა, რა ეწადა „ბერ“ ბერიას? რა და, გერმანიაში სოციალიზმის შენებას შევეშვათ, დავანებოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთ გერმანიას თავი; ერთ მშვიდობისმოყვარე ბურჟუაზიულ სახელმწიფოდ გაერთიანდესო. მისივე დაჟინებული ზეწოლით იქნა მიღებული ე.წ. „ბერლინის დოკუმენტი“, რომელიც СЕПГ-ს (ესეც შთამაგონებელი აბრევიატურა იყო) რეკომენდაციას აძლევდა, მხარი დაეჭირა ერთიანი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი გერმანიის შექმნის კურსისათვის.

წარმოიდგინეთ, 53-ის ზაფხულში მართლაც რომ მომხდარიყო აღმოსავლეთ ევროპული ხავერდოვანი რევოლუციები?!

ბერიას გულისნადები ისევ ქართველის ხელით აღასრულა ГКЧП-ს (ეს როგორიღა აბრევიატურა იყო, ჰა?) საძულველმა გორბაჩოვმა. შევარდნაძეს დაანგრევინა ბერლინის კედელი.

ო, როგორ ძულდათ ეს „დიდი“ ქართველი! შევარდნაძეს კი არა, ბერიას ვგულისხმობ… ვერ აიტანეს, ვერა, ეს „პოლიტიკური სულის არისტოკრატი“. ისევ ბერიას ვგულისხმობ…

„Он считал нас простаками“. ასე იტყვის მოგვიანებით გეორგი მაქსიმილიანოვიჩი – მალენკოვი…

„Но мы не такими простаками оказалисъ, как он думал“,- რეპლიკას დააწევს პლებეი ხრუშჩოვი.

ო, რგორ ძულდა ნიკიტას ქართველები! სამაგიეროდ, ქართული სამუზეუმი ანტიკვარი მოსწონდა. 62-ში თბილისში ჩამოსულს ბედიის ბარძიმმა დაუვსო, თურმე, თვალები და ჩემს კოლექციას დაამშვენებდა ეს ნივთიო,- უთქვამს. დაფაცურდნენ საგონებელში ჩავარდნილი ადგილობრივი პარტოკრატები, ერთ ღამეში დაამზადებინეს რომელიღაც „პაპუნა ოქრომჭედელს“ ბედიის ბარძიმის ასლი და ისე შეაპარეს იდიოტ ხრუშჩოვს. ეჰ, რომელი ერთი გავიხსენოთ…

ლავრენტის დაღუპვა საბჭოური „რეპრეზენტაციული კულტურის“ (ტენბრუკის ტერმინია!) დაღუპვის სიგნალიც იყო. კულტურის სოციოლოგიაში ამ მოვლენას იდენტიფიკაციის დაკარგვით ხსნიან – იდენტიფიკაციისა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ მეტადონეზე.

ამიერიდან „ჰომო სოვიეტიკუსისათვის“ სამყარომ და თავად „სოვოკისათვის“ საკუთარმა თავმა გამჭვირვალება დაკარგა. ძალაუნებურად ახალი სოციო-კულტურული მოდელების ძიება უნდა დაწყებულიყო…

აი, რა იგრძნო ბერიამ.

ვინ გაუგო? ვინ აცალა?! არადა, ალბათ, სულ იმას გაიძახოდა, გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთო… მაინც არ აცალეს.

ფენომენოლოგიური თვალსაზრისით, იდენტიფიკაციის დაკარგვისას გარე სამყაროს რეაქცია ადამიანის მოლოდინებსა და ღირებულებებს აღარ შეესატყვისება; და იგი ხედავს, რომ მის საქციელზე სამყარო ადექვატურად აღარ რეაგირებს; მას „ვეღარ ცნობენ“ პარტნიორები – ისინი, ვინც უწინ სულაც არ უქმნიდნენ მას პრობლემებს.

ვერც ბერიას ცნობდნენ, ალბათ, ყოფილი პარტნიორები (პარტიულ პარტნიორებზე მოგახსენებთ), თუმცა, როდის ცნობდნენ რო?

მოკლედ, ასე ხდება ადამიანი სამყაროსთვისაც უცხო, უცნობი, გამოუცნობი. საკუთარი თავისთვისაც გამოუცნობი ხდება. ასე ისადგურებს მასში განგაში, ფსიქოსომატური სინდრომები, დეპრესიები, ფსიქოზები…

როგორც წესი, იდენტიფიკაცია სოციალიზაციის პროცესში ყალიბდება. მისი გაუქმება, ანდა უკეთესი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რღვევა, ორი ძირითადი მიზეზით ხდება. პირველი მიზეზი კარდინალური ფსიქიკური ცვლილებებია; მეორე კი – სოციალურ-პოლიტიკური გარემოებების მეტამორფოზები.

ასე რომ, იდენტიფიკაციები ინსტიტუციონალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ინსტიტუციონალური მოთხოვნების შესატყვისი საქციელებისა და თვით ამ ინსტიტუტების კვალობაზე ვლინდება. ამიტომაცაა, რომ ინსტიტუტების რღვევა თუ მკვეთრი შინაარსობრივი ცვლილება იმ ინსტიტუტებისა, რომელშიც ინდივიდები იყვნენ სოციალიზებულნი, მთელი სოციუმის მასშტაბით იწვევს იდენტიფიკაციის მასობრივ დაკარგვას.

ლავრენტიმ თავის თავზე აიღო ეს მტკივნეული პროცესი. მისმა პარტნიორებმაც აიღეს თავზე ხელი და…  როგორც გაუსწორდნენ ამ ქარიზმადაკარგულ სატრაპს, დღეს ყველამ ვიცით, ყოველ შემთხვევაში, ძირითად შტრიხებში მაინც…

ბერიას მოშთობით ყოფილმა „პარტაიგენოსებმა“ უნებურად მისი დეიდენტიფიკაციის პროცესიც დააჩქარეს. არათუ დააჩქარეს, ფორსირებული ტემპით ბოლომდე მიიყვანეს.

ამ პროცესის ყველაზე ტიპური ელემენტი ბიოგრაფიის დაკარგვაა.

ლავრენტისაც წაუშალეს ბიოგრაფია. წარმატებული ბიოგრაფია. მოსწრებული ბიოგრაფია.

დაასწრეს!

ასეთი წარმატებული (მოსწრებული) ბიოგრაფია ნებისმიერ სოციუმში უკვე კულტურის პარადიგმაა, სოციალური ინტეგრაციის იარაღია.

ჯერ კიდევ სსრკ ისტორიის სახელმძღვანელოდან მახსოვს ტევადი ფორმულირება: „კარიერისტი ეჟოვი და პოლიტიკური ავანტიურისტი ბერია“.

ასე დაიყვანეს ხრუშჩოვმა და მისმა ძმებმა ნიკალაი ეჟოვის ბიოგრაფია კარიერიზმამდე; ლავრენტი ბერიასი  კი – პოლიტიკურ ავანტიურიზმამდე. ჰენრიხ იაგოდას სახსენებელი ხომ საერთოდ აღარ იყო. აღარას ვამბობ პლატონ მიხაელოვიჩ კერჟენცევის შესახებ. ბახჩო ქობულოვი და ამაიაკ დეკანოზოვი კი, აბა, რა სუფრაზე მოსატანია?! მერკულოვი – კი ბატონო!

ისე, კაცმა რომ თქვას, მკაცრი გაგებით, ავანტიურისტებს ბიოგრაფია არც გააჩნიათ (კარიერისტებს?); მათი ცხოვრება ყოველ ახალ თავგადასავალთან ერთად ხელახლა იწყება (როგორც ნიშნიანიძის ერთ სტრიქონშია – „ხელახლა, თავიდან“) და ამ თავგადასავალთან ერთად მთავრდება.

ავანტიურისტებს დასაკარგი არაფერი აქვთ რევოლუციებში. ამგვარი მიკროავანტიურისტების, როგორც სოციალური ტიპების, ნაკლებობას პოსტკომუნისტური საქართველოც არ განიცდის.

ლავრენტის მიერ  КПСС-ის დასუსტების განზრახვა არა მხოლოდ ერთი მუჭა პოლიტბიუროს წევრების (ერთი მუჭა უძახეთ!), არამედ პარტიის მილიონობით მუშტადშეკრული წევრის დეიდენტიფიკაციასა და დეზინტეგრაციას მოასწავებდა; კომუნიზმისაკენ სავალი გზიდან აცდენას ნიშნავდა. ამიტომაც დაასწრეს…

ბიოგრაფიების წაშლის საფრთხე იგრძნეს და… იქით წაუშალეს ბიოგრაფია…

მიხაილ ბულგაკოვი ამბობდა, ხელნაწერები არ იწვისო…

ეტყობა, არც ბიოგრაფიები იწვის…

აი, ერთადერთი, რაშიც ბერი-ა ცოდავდა, ქალები იყო…  თუმცა, „წმინდა ლავრენტის ვნებანი“ პერვერსიაში არასდროს გადაზრდილა. მთავარი ისაა, რომ ბილ ქლინთონივით არ გაუმჟღავნებია თავისი სექსუალური ნეგატივი; მიშელ ფუკოსეული სექსუალური დისპოზიტივი იყო მისი „საიდუმლო საქმე“!

კარგი დღეები არ დაუდგა ბერიას.

ნათელი წაიშალა მისი ბიოგრაფიიდან სამუდამოდ…

რას ვიზამთ? სადღაც ბაღში

  • ლავრენტიი!
  • ლავრენტიი!

ტირის ერთი ჩიტი…

ამ ბაღში მეგულება სადისტი ბერიას განსასვენებელი; არადა, სინამდვილეში, კაცმა არ იცის, ხრუშჩოვის ქილერების მიერ წირვაგამოყვანილო ქართველო, გააპატიოსნეს თუ არა შენი სხეული.

თამარ აბაკელიას ჰქონდა ერთი მშვენიერი სურათი – „ბერია დედასთან ერთად“. ზის უკვე მოხუცებული, ნაჯაფარი დედა. ბერიას დედა. თავზე პენსნეიანი ვაჟიშვილი ადგას. უკვე გმირი მარშალი. დედის მილეულ მხარზე უდევს ხელი. სათუთად უდევს და ვინ იცის, რაზე ფიქრობს მისი დაღლილი ტვინი…

ეს სურათი ცხონებულ კარლო კალაძესთან მაქვს ნანახი – მაჩაბელზე.

ნეტა, ახლაც იმ სახლშია? (სურათი, თორემ კარლო სადაცაა, ვიცი).

ბერიას სამაგალითო დასჯას 68 წელი გვაშორებს. არადა, ამდენი ხნის განმავლობაში მაინც ვერ მოვახერხეთ მისი „გამოსახლება“ ჩვენი ცხოვრებიდან;

რას ნიშნავს მიცვალებულის გამოსახლება?

ისტორიული ნაწერი სწორედ მიცვალებულთა „გამოსახლებაა“.

სხვაგვარად ცოცხლებს აღარ გვეყოფა საცხოვრებელი ადგილი. ეს გარდუვალი აქტია ენაში – ცოცხალთა დაუსწრებლობას და სახლში – მიცვალებულთა დაუსწრებლობასთან რომ აერთიანებს.

საზოგადოება სწორედ ამგვარი ისტორიული e’criture -თი იჯილდოვებს თავს აწმყოთი, – იტყვის მიშელ დე სერტო…

წინამდებარე კვაზინეკროლოგური ნაწერითაც ჩვენი პოსტტოტალიტარული სოციუმის „დაჯილდოვება“ მეწადა; აწმყოთი დაჯილდოვება. აწმყოთი და კიდევ უფრო ბედნიერი მომავლით.

იმ თვალწარმტაც ბაღში კი ისევ დღეა მშვიდი –

– ლავრენტიი!

– ლავრენტიი!

ტირის ერთი ჩიტი,

განა, მართლა ჩიტუნაა, სული არის სამოთხისა.

სულო, სულო, სულეთიდან რა განგებამ გამოგხიზნა?

– ლავრენტიი!

– ლავრენტიი!

ეს რა ძალამ გასულდიდა;

მომავალი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს წარსულიდან.

– ლავრენტიი!

– ლავრენტიი!

შენისთანა მეკვლე გვინდა.

შენი ერი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს ლეგენდიდან…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…