დავით ანდრიაძის ესე

ტირესიასის გამოხედვა

, , ,

სამსხვერპლო

უზარმაზარი განსხვავებაა, როგორ ხედავ საგანს ხელში ფანქრის გარეშე და როგორ ხედავ ხატვისას – ფანქრით ხელშიო – პოლ ვალერი წერდა ამას ედგარ დეგაზე.

და ნახატიც, როგორც ასეთი, მუდამ ამ „შორის“-ებში არსებობს.  ხედვა და ხატვა,  დიახაც,  განსხვავებათა  ველზეა გახანგრძლივებული;   გახანგრძლივებულიცა და – გამანძილებულიც…

 ამ „შორის“-ებში, როგორც ინტერვალებში, ცეზურებსა თუ ლაკუნებში, ამ თვალშეუდგამ სიცარიელეებში,  „გარეგანი ნახატი“ (desegno esterno)  „შინაგან ნახატად“ (desegno interno) გარდაიქცევა და მათ შორის (ისევ „შორის“) რაღაც დამაბრმავებელი სინათლე გამოსჭვივის.

აი, სიტყვა „დამაბრმავებელი“ დავწერე და შევყოვნდი…  ჟაკ დერიდას ლანდი წამომეწია. ნახატი და ხატვის ოპერაცია ხომ დერიდასთან – სიბრმავის კონცეპტთანაა დაკავშირებული?! ეს არის კლასიკური მეტაფიზიკის მყარი ონტოთეოლოგიური ტრადიცია: სახელდობრ, „სიბრმავე“ იქცევა აუცილებელ მსხვერპლშეწირვად; აქტად, ფიზიკური თვალიდან სულიერ თვალში გადასვლას რომ მოასწავებს.

ამ მსხვერპლშეწირვას დიდი ოსტატები რაღაც ტრაგიფრივოლური ექსტაზით ახერხებენ. და ესაა „სამსხვერპლო“ ეკონომიკაცა და – იკონომიკაც…

მოკლედ, ნახატი თვალ-ავსილობისა  და თვალ-დავსილობის გაუგონარი სიმბიოზია;

ბრმა მისნის  – ტირესიასის წინასწარმეტყველება!

წინასწარმეტყველებაცა და – წინასწარხედვაც…

ძველმა ბერძენმა იცის, რომ „ხედავდე, ოღონდ არ გახსოვდეს“, იგივეა, არ გესმოდეს; არ გე-ყურებოდეს…

ანდრე ჟიდის „ოიდიპოსში“ ტირესიასი ამბობს – სმენა არ მჭირდება, რომ გავიგონო: ხმებამდე სხვათა ფიქრები უკვე მესმისო…

ტირესიასის ხსოვნა კულტურის ხსოვნაა და მხატვრობაშიც ეს ხსოვნაა სწორედაც ხელდებული. გონება და გაგონებაა დიდ არტისტულ ნატურათა თანმდევი… ახდენილი თუ აუხდენელი ოცნებების ველი; ოცნებებისა, რომლებიც ისე იხატება, რომ არასოდეს უარობს საგანს. ნახატი არის  მხატვრობის წინასწარი გაგებაცა  და ხედვის ჰორიზონტიც… ნახატი  მუდამ ფიგურასა და ფიგურატიულობას შორის არსებულ შუალედში რომ მოიაზრება.

 ეს საცნაური სიტყვა – „ფიგურაც“ – უკვე სულ სხვაგვარ ფიქრებს გვიწეწავს.

არიან მხატვრები, გულგრილობითა და თვითირონიით განზე რომ გადგებიან და თითქოს „სხვათა შორის“ განაგრძობენ ხატვას; „სხვათა შორის“ და „სხვათა“ თან-დასწრებით… და ეს თან-დასწრებულობაც ექსისტენციური ჟესტია თითქოს; ჟესტი, რომელიც ყველას არ უხდება… და რაც უფრო მეტად ვგრძნობთ ამ ჟესტის  უნებურობას, მით უფრო გვაცვიფრებს მისი ტევადობა.

ამ ტევადობას ნივთისმიერ საწყისთან, ანდა პირდაპირ რომ ითქვას – „ნივთთან“ მივყავართ. ასეთ პირველნივთად ჯამს გვთავაზობდა მარტინ ჰაიდეგერი; ფიალას, რომლის ყოფიერებითი პრაფორმაც  „ტევადობაა“.

ჩვენ მუდამ გვხიბლავენ ოსტატნი, რომლებიც გამოსახულებას არ აჯამებენ(sic) დაბოლოებულ ფორმად და მით უფრო გვიტოვებს „აღუვსებელი საწყაულის“ განცდას.

 მაგრამ, სადამდე უნდა აივსოს მხატვრისა და გამო-მხატველის „მოთმინების ფიალა“, რომ იგი ესთეტიკურად დაჯამებულ ხატში შეიკრიბოს?!

აი, ახლა კი მჭირდება მოდელი; მხატვარი, როგორც მხატველის მოდელი.

პიკასო!… მაინც პიკასო!

საცდური

უკიდურესი (რომ არა ვთქვა – აბსოლუტური) სრულყოფილებით  იცოდა ხატვა ამ საკულტო  მხატვარმა და „ავტოდიზაინერმა“. იცოდა სახვითი კულტურის ეპისტემეთა ისტორიული  თუ ციკლური მონაცვლეობის არხეცა და ტელოსიც – საწყისიცა და მიზანიც.

 გამუდმებით ფხიზლობდა პიკასოში ნახატის, როგორც სახვითობის ყველაზე ძვირფასი, საკრამენტული შრეებისა და პერიოდების ხსოვნა. ნა-ხატობრიობის პერიოდული სისტემა იცოდა. და ყოველივე  ანტიკურობიდან და რენესანსიდან მოედინებოდა… სწორედაც, მოედინებოდა და გზადაგზა ივსებოდა იმ მრავალფეროვნებით, იტალიელები „varieta“-ს რომ ეძახდნენ  და მხატვრობაში მისი მწვერვალი ლეონარდოა.

ხატვა და ხატვის პროცესია პიკასოსათვის ყოფიერების გახსენებაცა და დავიწყებაც;  გნებავთ, თავდავიწყება… და მერე ისევ დაბრუნება ფორმის წიაღში; ანდა იმგვარ პრენატალურ მდგომარეობაში, რომელშიც  მოზრდილი ადამიანის გამოცდილება იღვიძებს… იღვიძებს, ოღონდ ბოლომდე არა ფხიზლდება და ეს ძილ-ბურანიც როგორი ექსტაზით ბორგავს მის ოპუსებში; ისე რომ,  დაუსწრებლობის ან მიტოვებულობის განცდასაც არასოდეს გვიტოვებს…

და ეს მიტოვებულობაც როგორი ელეგანტურობით „იცის“ ?!

ბევრი რამ იცის… იცის და ფლობს…

ეს „ფლობა“ მასთან მუდამ ყოფნას ერითმება; „აქ და ახლა“ ყოფნას ემეზობლება…

გაელვება, ჩქამი, დუმილი, გაყურსვა, მოულოდნელის შემოფეთება და მოსალოდნელის მოხელთება – აი, რით გვაჯადოებს პიკასო!…

ცისფერი პერიოდის ერთი აკვარელი აქვს 23 წლის ბიჭს დახატული – მაგიდასთან  ახალგაზრდა კაცი ზის; პიკასოსაც ჰგავს, ნაპოლეონსაც და პირი ქვისკენ მიქნია, ჰიტლერსაც, რომელსაც ჯერ არავინ იცნობს, რადგან სულ რაღაც 15 წლისაა და მხატვრობაზე ოცნებობს…

და ეს ლოყაზე ხელჩამოყრდნობილი კაცი სურათზე სინანულით დასცქერის მიძინებული შიშველი ქალის სხეულს, რომელიც ნათელშია თითქოს; ყველაფერია მასში – სინაზე, სინატიფე, ავხორცობა; ქალიცაა. დედაც. მეძავიც. რას ნანობს კაცი, რად ჭმუნავს?  იქნება, სულაც, როგორც მამარდაშვილი იტყოდა, პოსტკოიტალური სევდაა (თუ სინანული). პიკასო რას გაგვიმხელს?

და ისევ varieta – ეს უსასრულო მრავალფეროვნება და მრავალსახოვნება, მისი რენესანსული ნატურის დაუძლეველ სურვილთა, წადილთა თუ ხვაშიადთა ფასცინატური  ჯადო… Varieta, რომლის მეოხებითაც ეძიებს ეს კვაზივიზიონერი ჰანს ზედლმაირისეულ  „დაკარგულ შუაგულს“; უფრო ზუსტად, კი არ ეძიებს, არამედ პირდაპირ პოულობს – ინტერტექსტუალური ირონიით კიდეც დასცინის მხატვარი და კიდეც „მისტირის“…  დასაკარგად ენანება ხელოვნების „დაცარიელებული ტახტრევანი“…

პიკასოსეულ „შინაგან ნახატშია“ ის აუცილებელი გადაცდომა, რომელსაც ცდუნების ესტაზიც შეიძლება ვუწოდოთ. ცდუნება – აი, რის ვალორიზაციას ახდენს მხატვარი!

პიკასოს თავად ხიბლავს საკუთარი ცოდვითდაცემა. და სწორედ ამ დაცემულობისას უჩნდება ახალი სურვილი – წადილი სხეულისაგან გათავისუფლებისა.

„და დაცემულის წამოყენება, უკვე პოეზიაა“ – ესე იტყოდა ჟაკ დერიდა.

პიკასო გამოუსწორებელი „სიმულანტია“, ოღონდ, სიმულაციის დისკურსი არც ამჯერადაა  მაინც და მაინც მოტყუება. აქ ისევ ცდუნებასთან გვაქვს საქმე – ცდუნების გათამაშებასთან, სიმულაკრის აფექტის ანდა წადილის სახით რომ გვეძალება და ინვესტირდება სამყაროში, რომელიც მწვავედ განიცდის სურვილთა შიმშილს.

რაღაც წარმოუდგენელი ჟინი ამოძრავებს პიკასოს… ცდუნების ცხოველური ჟინი, რომელიც რიტუალურსაც ემეზობლება. პიკასო სანახევროდ მოსავს თავის პერსონაჟებს და თითქოსდა, იმაზეც მიგვანიშნებს, რომ საკუთრივ ტანისამოსით უქმდება ბუნებასა და კულტურას  შორის  განსხვავება და ბოდრიარისამებრ, თამაშში  ერთვება ანალოგია ცხოველურობასა და ქალურობას შორის.

და საერთოდ, პიკასოსეული  ბესტიალურობაც  იმის გამო ხომ არაა მაცდუნებელი, რომ პრეტენზიული და აროგანტული კაცობრიობის – კოსტიუმირებული კაცობრიობის(sic!)  დამცინავ სტრატაგემას  განასახიერებს?!

გადარჩენისთვის დაკარგული

პიკასო სულ პოლიტიკისა და პოეტიკის საზღვრებზე თამაშობს.

 პიკასოს მუდამ შემო-ნახული აქვს პოლიტიკურისა და ესთეტიკურის   მიჯნებზე განმხოლოებული საგნები… საგნები, რომლებიც მზად არიან, სიტყვებად მოგვევლინონ; სიტყვებში გამოიცადონ და ასე იქცნენ პოიესისის ობიექტებად…

საერთოდ, უყვარს რაღაცის მოყოლა… ამიტომაც უთქვამს ელენ პარმელენისათვის, მე არასოდეს მაშინებდა სიუჟეტიო… კლოდ რუასთან საუბრისას კი უღიარებია,  ყველაზე კარგი  ის სურათებია, რაღაცის შესახებ რომ გვიყვებიან, რაღაცას მოგვითხრობენო…

ესეც გზა… გზა – პლასტიკური რითმებით დასახსრული იკონიკური პოიესისისაკენ მიმავალი… გზა, რომელიც თანდათანობითი, „ვერიფიცირებული“ (და ვერსიფიცირებული) სვლებით მიგვიყვანს ესთეტიკურ კონსენსუსამდე და იმ  ჰარმონიამდე, რომელსაც არა მხოლოდ ელტვის მხატვარი, არამედ  კანონიერი და უკანონო გზების გადახლართვითაც მიეახლება… ესაა თვალის რეფლექსიით გასაგნების გზა, ბილიკი თუ თემშარა… ამ გზაზე შესაძლებელიცაა და საჭიროც, დაკარგო ბევრი რამ… დაკარგო, დაივიწყო… და როგორც პოლ რიკიორი იტყვის, ამ დროს შეიძლება ითქვას რეფლექსიის სუბიექტზე ის, რასაც სახარება გვეუბნება სულზე: გადარჩენისთვის უნდა დაკარგო.

პიკასოში ერთდროულადაა თავმოყრილი ეპისტემეც და დოქსაც; დოქსაცა და პარადოქსაც… ხატვის ცოდნაცა და ამ „ცოდნის ხატვაც“… თავისი ოპუსების „ავტორადაც“  გვევლინება იგი   და ამ ავტორობისადმი მოქირქილე ოინბაზადაც…

 ავტორიტარული დისკრეციის არანაირი ტონი! არადა,  არც მაყურებელს ანდობს ზედმეტად „გადაწყვეტილებას“ – რაღაც მომენტში შეფასების  გზასაც კი უთმობს თითქოს, ოღონდ – გალანტური თავაზიანობით…

თავაზიანობა ორგანიზებული გულგრილობააო – პოლ ვალერი არ ამბობდა?!

თუმცა პიკასოსთან ესთეტიკური თამაშის ფორმა უფროა ეს „თავაზიანობა“; ზოგჯერ რაღაც მანიერისტული „კონჩეტოს მაგვარი“ ფორმებით თამაშიც, კატეგორიულობასაც რომ ნიღბავს  და  ესთეტიკური ალიბის ფანდადაც  შემოგვეთავაზება…

 პერსონაჟების მთელი კულტურული მასკარადია –  ტარკვინიის „ფრესკებიდან“ ასხლეტილი ლანდებიდან –  ველასკესისეულ „ინფანტებამდე“… მათ შორის კი მუდამ ანტიკურობა და რენესანსია – თავისი varieta-თი და შუაზე გაწყვეტილი ფრაზებით; მომნუსხველი და ელეგანტური ფრაზირების მაესტრიით…

ელეგანტურობა ანუ გემოვნების თავდაპირველობა და კანონიკურობა წამითაც არ ტოვებს… ნამდვილი arbiter eleganciarum! და ამაშიცაა მისი ქარიზმა!

ათასგზის გამოტირებული იდეაციონიზმი პიკასოსთან თვალშისაცემ  „ნატურულობას“ ესაზღვრება, სენტიმენტალური რიტორიკა კი რაღაც მონანავე ილუზიებთანაა  გარითმული. ნატურიდან კი არა, ნატურასთან ერთად ვხატავო – დაჟინებით იმეორებს პიკასო. კონტურული ნახატია მისი სტიქია და ამ ნახატში, თითქოსდა თვალისმომჭრელი სინათლიდან  გამოხშირული ფორმა გამოსჭვივის… არის ამ კონტურში რაღაც იეროგლიფურიცა და იდეოგრამულიც…

სამყარო ისეთად მინდა გამოვსახო, როგორადაც მას მოვიაზრებო – ესეც პიკასოს დევიზია. აი, საზრისის ობიექტივაცია კი, როგორც მისი მეთოდის ქვაკუთხედი, საკუთრივ სხვადასხვა თვალ-საზრისთა  სიმულტანურ სინთეზშია;  თუნდაც ანფასთა და პროფილთა პიკასოსეულად „ბრენდულ“ კონტამინაციაში და საერთოდ, პლასტიკური ინფორმატულობის მთელ იმ თვალშეუდგამ რეპერტუარში, პიკასოსეული პატერნების მთელ სიმფონია-ლექსიკონად რომ  ყალიბდება. 

მარათონელი

ყველაფერი, რასაც  ვაკეთებ  ხელოვნებაში, სიხარულს მგვრისო – თითქოსდა გულუბრყვილოდ ეუბნება   კრისტიან ზერვოსს. არადა,  სიხარული, როგორც ასეთი, პიკასოსთვის – ამ ე.წ. „1898 წლის თაობის“ უმრწმესი წარმომადგენლისათვის უნამუნოსეული „ცხოვრების ტრაგიკული განცდის“ ალტერნატივა არც არასოდეს უნდა ყოფილიყო. სწორედ მიგელ დე უნამუნო და  პიო ბაროხა უწილადებენ თავის დროზე სულიერ ლუკმას  და ისიც დაუყვედრებლად შეირგებს.

და მაინც, რა მალე  ჩაენაცვლება „ცისფერი პერიოდის“ მიუსაფარ პერსონაჟთა გაწამებულ  ყოფნას,  ტანჯვას, ასკეზასა  თუ  ესკაპიზმს   ვარდისფერი სევდა და ირონიული კონტემპლაცია; მჭვრეტელობა,  ტრაგიფრივოლური ფლუიდებით რომ  გაატანინებს მიუსაფარ ადამიანს თავს წუთისოფელში.  აი, თავად  პიკასოს  კი  „თავი  „გასატანი“  არასოდეს ჰქონია:  ანდალუსიაში დაიბადა და 23 წლის ასაკამდე კატალონიაში ცხოვრობდა. აქ  ნახა  პირველად გოიას „Quinta del Sordo – მოცისფრ-მოშავო მოხატულობა და ამანაც უკარნახა მერე  „ცისფერი მანერა“… ბარსელონაში „გადაეყრება“ პიკასო  ანტონიო გაუდის არქიტექ(ს)ტურულ  ფანტასტიკას… ეს ის ქალაქია, ხელახლა რომ აღმოაჩენენ ელ გრეკოს  ფერწერის ექსტატიკურ სპირიტუალიზმსაც და კატალონიური გოტიკის პირქუშ ასკეტიზმსაც…

არიან „მარათონელი“ მხატვრები. და არიან „სპრინტერები“.

პიკასო მარათონელი იყო.

1900 წელს პირველად ჩადის პიკასო პარიზში და 1904-ში საბოლოოდ დამკვიდრდება მსოფლიო მხატვრობის მექაში. აქ დაუმეგობრდება  ჟაკობს, სალმონს, აპოლინერს… მერე, კოკტოს, მოგვიანებით,  ელუარს… მხატვართაგან, მატისს, ვან დონგენს, დიუფის, დერენს, ბრაკს…

მარათონელი პიკასო ყველას გადაასწრებს!

გზად ენგრსაც შემოხვდება და… სეზანსაც… პუსენსაც ჩაუვლის… ფონტენბლოს სკოლასაც შეავლებს მზერას… და ისევ განაგრძობს გზას…

ესპანეთს მაინც ვერ ივიწყებს. და ეს ესპანეთია, პიკასოში მუდმივად რომ ცოცხლობს, ერთი მხრივ, გოიასეული “disparates”-ის ტრაგიფრივოლური  კონვულსია-გრიმასებით, მეორე მხრივ კი, ლორკასეული duende-თი… დიახაც, duende-თი აფრთხობს პიკასო მუზებს და აპანღურებს ანგელოზებს… duende-ს მეოხებით გადალახავს პიკასო ფრანგული esprit-ის ზედმიწევნით  „ჯანსაღსა“  და გამართულ აქცენტს.

პიკასოსათვის მაინც ადამიანია ყოველთა საგანთა საზომი.

და მისი უნივერსალური პლერომაც, ანტიკურობაა; სახელდობრ, მაღალი ანტიკურობა… აქედან დაებედება პიეტეტი პლასტიკური ფიგურისადმი, როგორც დაუდეგარი ენერგემებით დატენილი მოცულობისა და საზოგადოდ, ონტოლოგიური სისავსისადმი.

ფორმათა კონცენტრირებული ტევადობა, პოზათა და ჟესტთა არტისტული ორგანიკა, დენადი პლასტიკური მელიზმატიკა – ესეც ანტიკურობიდანაა!

 ანტიკურობაა პიკასოს მოდერნულობის საზომი და მისი ნატურული შტუდიებიც კი მომსყიდველი ლირიკული  მელოსით სულდგმულობენ – ფრაგმენტულ მონახაზებსა თუ ფრაქტალურ მარგინალიებშიც თვითკმარი ნახატებრივი თვალ-საზრისია ჩაბუდებული…

შიგა და შიგ სულ უფრო მკაფიო კურსივს იძენს  ნახატი, მით უფრო რედუცირებული ხდება ხატი და ნახატის სტილისტურ ელემენტად გვესახება…

პიკასოსეულ ბლიც-ოპუსებში, ტემპის აჩქარების კვალობაზე, მით უფრო კონდენცირებული ხდება ფორმა;  მანუალური  ვიბრაცია  თუ ერთგვარი „პალციპაციაც“  კი სულ სხვა მგრძნობელობით ეხება მოდელის „ეროტიკულ ზონებს“…

რაბლეზიანული გროტესკული სომატიკაც იზიდავს პიკასოს და მსუბუქი სხეულებრივი აქცენტირებაც ხელეწიფება… რაც მთავარია, ის მუდამ ჯანსაღი სიცოცხლის მხარეს დგას…

სიჯანსაღე – სულიერი თუ სხეულებრივი – მუდამ რაღაც იდეალურ ტიპს შეესაბამება; შეესაბამება და დაესაბამება…

პიკასოსეული კროკიც კი არასოდეს არაა მშრალი და უსიცოცხლო ნედლეული… ოღონდ, არც ზედმიწევნით მოწესრიგებული არტეფაქტია! ყოველგვარი მზა (თუ გამზადებული) სტრუქტურა, მატრიცა თუ პატერნა მისთვის უკვე უგვანობის სინონიმია ანდა  უმსგავსობის მეორე სახელი. თავად მასალა, ტეხნე თუ მედიუმი  აზუსტებს მხატვრის  გეშტალტურ პოეტიკას… ამასობაში კომპოზიცია საფურცლე სიბრტყის წინა პლანზე გადმოინაცვლებს და სილუეტიც  მით უფრო სიბრტყობრივ ხასიათს იძენს; მერე ფერიც ექსპრესიული ტონუსის ასაწევად შემოდის ნახატში და დამოუკიდებელი პლასტიკური თემის სათავედაც გვესახება… ერთი სონორულ-ხაზობრივი აკორდიც საკმარისია, რომ ნახატი დამატებითი ემოციური აზრით განიმსჭვალოს და შტრიხ-კოდად მოგვევლინოს.

ქრომატული აკომპანემენტით გაჯერებული მელოდიის ინვარიანტულობა – ეს ერთგვარი გრაფიკული ოსტინატო, მთავარი და შემეზობლებული იკონემების კონტრაპუნქტი ანდა თემისა და სერიის  შერევა, როგორც პრინციპი, მუდამ უცვლელი რჩება.

himen

რაც  უფრო  ცუდად იცი ხატვა, მით უფრო კარგი ნახატი გამოგდისო – მატისს მიეწერება ეს პარადოქსული „სიბრძნე“. აი, პიკასო კი, მის ამ მისტიფიკაციასაც თუ დავუჯერებთ, რაფაელივით ხატავდა, თურმე,  ბავშვობაში და ათწლეულები დასჭირდა, მართლაც  ბავშვივით  რომ ესწავლა ხატვა! ასეა თუ ისე, პიკასო რაღაც  ამბივალენტური პოზიციიდან იწყებს ხატვას;  ერთი შეხედვით, არასოდეს იცის, რის და-ხატვას აპირებს – ერთადერთი, რაც ნამდვილად იცის,  იცის, რომ… უნდა! „რა უნდა“- მეორეხარისხოვანია! და ესეც  არტისტული ალიბია – ის მხატვრული „არარა“, რომელიც ნებისმიერი (თვალ)საზრისით შეიძლება აღივსოს…

ჰაიდეგერისეული საკითხი, მისი „დიალოგების“ ერთ-ერთ ეპიგრაფად გამოტანილი – „რატომ არის, საერთოდ, რაღაც არარას ნაცვლად“, გარკვეულწილად  პიკასოსეულ კომ-პოზიციათა ფუნდამენტური ინტრიგაცაა…

ბოლომდე მომწიფებული ინტრიგისა და მისი ონტოლოგიური გამზირვის გარეშე ამ დიაპაზონის მხატვრები ხატვას არ იწყებენ!

პიკასო თავის მირიად ნახატში გან-სხვავების მუდმივ კოდს ეძიებს და ამითაც ასაბუთებს იგივეობის შეუძლებლობას.

განსხვავება და გამეორება – აი, უკიდურესი ვარიაციულობის კანონი! განმეორება პიკასოსთანაც  გამოცალკევებულია  გამოსაცნობისაგან.

როგორც დელიოზი იტყოდა, „განმეორება მარტოხელაა“!

აი, ასე, „მარტო ხელით“ ითხზვება მისი აურაცხელი გრაფიკული პარტიტები…

ანდა „გოლდბერგის ვარიაციებივით“ მეორდება „ერთი და იგივე“ კომ-პოზიციები….

ემოციური მეხსიერების ცოცხალ დროს ინახავენ ეს ერთი შეხედვით მოცალეობისას ნათამაშევი (თუ გათამაშებული) მოტივები… ანალოგიური სავარჯიშოები, ეგზერსისები, რომელთა და-მატებითობაც მუდამ „ყოფიერების“ მატებას“ (როგორც გადამერი იტყოდა) მოასწავებს…

ეს მატება კი, არც მეტია და არც ნაკლები, არც აქციდენციაა და არც –  ესენცია…

პიკასო არც უფრთხის და არც  ეკრძალვის იმ მთრთოლარე და ხელდაუკარებელ სუბსტანციას, რასაც himen ჰქვია;  აპკს, საგნებს რომ მოსავს… და ეს  hymen არც იგივეობაა და არც – განსხვავება… არც სიტიტვლეა და არც – სიშიშვლე… არც შეგროვებაა და არც – გაფანტულობა… არც ქალწულებრივობაა და არც – სამოსი… არც დაფარულობაა და არც – ხილულობა… არც შინა-განობაა და არც – გარე-განობა…

ურღვეობის  ხსოვნა თავისას აკეთებს!

ურღვეობაა საზღვარი განმხოლოებული არსებობის ლიმინალური მარკერიცაა და

ინტიმურ მეხსიერებად სუბლიმირებული და იდეალიზებული მინიშნებაც… წინასწარი (კვაზი)ვიზიონი… რაღაც თავის-თავში ყოფნისა თუ დასწრებულობის სამხილი..

ასე ირყევა მეხსიერების მანქანა… მნემონური მანქანა…

ამიერიდან პიკასოსეული ფიგურები თავად იმახსოვრებენ თავიანთ თავს და გრძნობადი რეტროსპექციების ფლუიდებს გადასცემენ ერთიმეორეს… მერე ყოველი ასეთი  „რეპეტე“ თავად იქცევა განსხვავების ინსტრუმენტად და კანონიკურ კონტრაპუნქტად – შესაძლებლობათა დაუსრულებელ სერიად ანდა, სულაც, უსასრულობად… არც პროგრესიულ და არც რეგრესიულ ნაკადად… და არც ტრანსგრესიად!

კიდევ რაღაც „სხვად“…

შეუპოვარი ნება – აი, რა არის ხატვაში უმთავრესიო – ამასაც პოლ ვალერი წერდა დეგაზე…  და ეს ნება ამოძრავებს პიკასოსაც, როგორც ნახატის ფანტასტიკურ ოსტატს… ნება და ვნება… თვალიც მუდამ ხელში ჰყავს აყვანილი… ხელში უჭირავს…

გზის დასასრული დასაწყისში

გუგენჰაიმის მუზეუმში, ნიუ-იორკში, პიკასოს ერთი ადრეული ოპუსია – ცისფერი პერიოდის ანარეკლიც რომ იკითხება იქედან.

პიკასო სულ 18 წლისაა ამ დროს.

დასაწყისშია.

გზის დასაწყისში და საბედისწერო გზის დასასრულს ხედავს.

ალბათ, გრძნობს, რომ იმ დასასრულამდე შორი უნდა იყოს, მაგრამ ფარული შიში, თანდაყოლილი, მაინც აწამებს.

მოკუნტული ადამიანები – შიშისგან დაპატარავებულები მიუყვებიან სტიქსის გზას, რომლის ბოლოსაც გაუგებარია, ეშმაკი ჩანს, თუ ანგელოზი’ სქესივით, ცოდვაც წარხოცვია სახიდან.

ყველაზე შემაძრწუნებელი ბავშვებია; პატარები – დიდების თითებს რომ ჩასჭიდებიან და შველას ითხოვენ.

არადა, არავინ იცის, რომელი უფროა საშველი…

უფრო დიდი, ალბათ…

რადგან სამოთხეში ვერავინ შევა ბავშვური გულის გარდა…

და გენანება ყველა სიცოცხლე, ადრე რომ შეჩერებულა.

გეშინია.

თვალს არიდებ.

გაფრთხობს უცნაური წინასწარმეტყველება (თუ ანტიციპაცია) და გირჩევნია, გაექცე გზასაც და დასასრულსაც.

ტირესიასის მისნობასავით არის ეს პატარა სურათიც – ზეგრძნობადი ფლუიდებითაა სავსე.

ნეტა, პიკასოს თუ გაახსენდა ეს ოპუსი სიკვდილის წინ; ახსოვდა კი საერთოდ? თუ დაივიწყა, რომ აღარასდროს დაჰბრუნებოდა იმ გზის დასასრულს…

***       

გიიომ  აპოლინერი  ხშირად  მოიხმობს  სიტყვას – „bonté“; ესაა განცდა – თანაც, არაერთგვაროვანი, სიქველესაც რომ გულისხმობს და ადამიანურ თანალმობასაც… ამგვარი  განცდაა,  გზას რომ გაგვიყენებს; თუნდაც – თემშარას…

ამ გაგებით, „bonté“; – გზის განცდაა.

პიკასოს თვალი სწორედაც ასეთ გზას მიეშურება; სახეტიალოდ მიეშურება, ხელი კი „გზას უკეტავს“ – ამრგვალებინებს ფორმას… აიძულებს, გადაუხვიოს ხოლმე  გზიდან და ასე მივიდეს ფორმასთან, როგორც ესთეტიკურ გეშტალტთან… თვალი ცდილობს, გაექცეს ხელს, რომელიც ყველაფრისგან ემანსიპაციას ცდილობს… ლოკალური თავისუფლება საყოველთაო თავისუფლებას უნდა შეეწიროს!

ეს უკვე არტისტული ხელის უფლების  საკითხია; საკითხი, რომლის ტეხნესაც აბსოლუტური თავისუფლებით ფლობს პიკასო; ეს ტეხნე ამჯერადაც, როგორც ძველ ბერძნებთან, ჭეშმარიტებას – ანუ ალეთეიას ერითმება.

ასე ითხზვება პიკასოს ვირტუოზული გრაფიკული კონტრაპუნქტები.

აქ კვლავ იღვიძებს ხსოვნა… ხსოვნა ამოძრავებს გამოსახულებას, „ჩუმი შრიალით“ გვახსენებს მინავლულ იმპრესიებს; მატერიისა და მეხსიერების სინთეზურ (თუ სინესთეზიურ)  რკალებად  შემოწერს  მოუსვენარ  ამალგამებს. და ეს ყოველივეც ლირიკული ხედვის საცერს გაივლის; თვალშეუდგამი ხანიერების წამებს გამოსტაცებს მსუბუქი ხელით.

სხეულის სიშიშვლე/სიტიტვლის ინტერვალებში გამოკრთიან ვნებით ატეხილ მამრთა თუ მდედრთა გეშტალტები, ხორციელებით გამაძღარი და მერე, იმავ ხორციელებას გამოქცეული მათი ტანები… პიკასოსეული ეროტიზმი კი  კვლავაც არტისტული ნებისა და ვნების დაზავებაშით გვატყვევებს – იმ „არქიტექტონიკური საქციელით“, ეს დიადი „ერეტიკოსი“ რომ უწესებს საკუთარ მოდელებს და საბოლოოდ, მაინც „ვნებული ხორცისაგან“ (არნოლდ გელენი) განრიდების ეთოსით მოსავს.

ამ ვნებული ხორცის მიღმა ილანდება ის ესპერპენტული მშვენიერება, პიკასოს მოუხილავ ფესვს – ამ რაღაც რიზომატულ ხატებასაც  რომ იმარხავს  და ტირესიასისეული ფლუიდითაც  მაცდურად გვმსჭვალავს…

David AndriadzeThe Gaze of Tiresias

In this metacritical essay, David Andriadze discusses the charismatic figure of modern art—Pablo Picasso, the greatest Spanish painter of the twentieth century.

According to the author, “Picasso constantly plays on the boundaries of politics and poetics. He always finds objects isolated on the borders of the political and the aesthetic… objects ready to become words; to be tested within words and thus to turn into objects of poiesis… Picasso loves to tell something. He admitted that the best paintings are those that tell us something, narrate something… This too is a path—a path toward iconic poiesis completed by plastic rhythms… a path that, through gradual, ‘verified’ (and versified) steps, leads us to aesthetic consensus and to that harmony toward which the artist aspires, approaching it through the intertwining of both lawful and unlawful ways. It is a path traced by the memory of the blind prophet Tiresias. Along this path, it is both possible and necessary to lose much… to lose, to forget… and as Paul Ricoeur would say, of the subject of reflection one may say what the Gospel tells us about the soul: in order to save it, one must lose it. In this sense, Picasso’s method is a tragically frivolous spectacle staged through gestalts of loss.”

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…