ანუ Tuday-ს მკვლელი
მსოფლიო ხელოვნებამ უმძიმესი, აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა აგერ სულ რაღაც ათიოდ წლის წინ.
2014 წლის 10 ივლისს, 81 წლის ასაკში, გარდაიცვალა თანამედროვეობის დიდი იაპონელი მხატვარი – ონ კავარა.
რატომაა ონ კავარა „დიდი მხატვარი“?
იმიტომ, რომ ყოველდღე ხატავდა თითო სურათს და მერე, შუაღამემდე ანადგურებდა.
ტილოზე კი, იმ დღის აღმნიშვნელ თარიღს ტოვებდა.
ასე შეიქმნა მისი უკვდავი სურათები სერიიდან „Today“.
„Sept.4.1999“, „Oct.12. 2000“, „Mar.30.2001“ და ა.შ.
ყველაფერი კი, 1966 წლის 4 იანვარს დაიწყო.
იმ დაუვიწყარ დღეს დაიხატა (და წაიშალა) ხსენებული ციკლის პირველი „სურათი“.
აი, მესიჯი, რომ სურათი დღესაც უნდა დაიხატოს;
ერთ დღეში დაიხატოს და მეორე დღის გათენებამდე წარიხოცოს…
ჰოდა, სურათები ისევ იხატება…
ზოგი ერთ დღეში, ზოგი ერთ თვეში, და ზოგიც, საერთოდ არ იხატება…
ცხონებული ონ კავარა სურათის დაწერას, წაშლას და მის იკონიკურ ხატად „წერა-წაშლის“ დათარიღებას პერფორმანსად გვთავაზობდა.
ამ იკონიკურ გადატრიალებაში იკონომანიის ნიშნებიც შეიძლება დავლანდოთ.
იკონომანიისაც და იკონოფობიისაც…
ონ კავარა სურათს კი არა, სურათის შექმნის დოკუმენტს ტოვებდა.
ყველაფერი შეიცვალა…
დღეს უკვე სურათის რეპროდუცირებაც შეიძლება და – დამუშავებაც.
ციფრული მედიის ეპოქაში ეს უკვე აღარავის უკვირს…
დღეს, მხატვარი „სურათის დამხატველის“ როლს უფრო ასრულებს;
და რაც უფრო მეტად შედის როლში, მით უფრო გამოდის სურათის აპრობირებული გაგების სივრციდან.
სურათის, როგორც რეალობის „ა-სახვის“ კონსტრუქციასაც, რახანია შერყეული აქვს საძირკველი.
მეტიც, ეს ფუნდამენტი, უბრალოდ, აღარ არსებობს.
ადეკვატურობის იდეაც, „ერთი და იმავე“ რეალობის ასახვის თავისუფალი არჩევანის წინაშე, სულ უკან და უკან იხევს.
„ერთი და იგივე რეალობა“, არც მეტი, არც ნაკლები,_აღარ არის რეალური.
და რეალობაც აღარ უდრის რეალურს…
სურათის, როგორც გამოსახულების კრიზისიც აქედან მოდის.
დღეს რეალობა დამანგრეველი „წარ-მატებით“ ი-წარმოება.
ამ რეალობის კონვეიერული წარმოების წინაშე, სურათის, როგორც ნა-წარმოების მოტივაციაც საეჭვო ხდება.
დღეს სურათი საკუთარი სინამდვილის, საკუთარი რეალობის პროდუცირებითაა დაკავებული.
სურათის დამხატველი იმის ინტერპრეტირებას კი აღარ ახდენს, რასაც ხედავს, არამედ, იმას ხედავს, რასაც წარმოიდგენს.
ესეც_რეალობის ჰაიდეგერიანული წარმოდგენის იკონოგრაფიული გან-ვითარების ვერსია!
თავად ეს „რეალობა“ კი წარმოგვიდგება, როგორც ოდენ არქივი, ანდა საწყობი, საიდანაც არჩევენ და იღებენ არტისტები ხატების წარმოებისათვის აუცილებელ ნედლეულს.
დღეს გამოფენაც ასეთივე არქივად შეიძლება მოვიაზროთ;
გამოფენად სურათებისა_სურათების შესახებ.
დღევანდელი სურათი, დიახაც, „სურათის სურათი“ უფროა.
პრობლემის ისტორიული კონსენსუსი, ასე თუ ისე, მიღწეულია: პრომოდერნის მიერ მონიშნული ტრანსცენდენტული რეალობა მოდერნმა დესაკრალიზაციის მეოხებით მოინელა; პოსტმოდერნში კი თვითკმარ რეალობად გაფორმდა.
რეალობად, როგორც ასეთად;
რეალობად_ტრანსცენდენტური აღსანიშნის გარეშე…
ვის სჭირდება სურათი დღეს?
იოლი სათქმელია და… საზოგადოებას!
მაგრამ ამ პატივცემულმა საზოგადოებამ იცის ვინაა ამ „სურათის“ დამხატველი? როგორი მხატვრული პრონონსის ტიპია?
აი, ეს ახალი ტიპი_სურათის დამხატველის ახალი მოდელია არსებითი და არა თავად „სურათი VS არასურათი“; „ფერწერა VS არაფერწერა“…
დაიქანცა მხატვრობა; გნებავთ, სიქა გაძვრა.
და ეს ნონენტელექიაც მხატვრის ახალი კულტურული საქციელის კრიზისითაა გამოწვეული.
მოლბერტის წინ მდგომი მხატვრის საქციელის ტიპი_უკვე უცხო დრამატურგიაა;
დღეს, ასეთი „ავტორი“ დიდი-დიდი გასაყიდად თუ ივარგებს.
ეს დრამატურგია კარგა ხანია გათამაშდა და_მისი ადგილი მუზეუმშია.
ამ მდინარეში ხელახლა ვერ შეხვალ.
თუმცა, აქ ერთი „მაგრამ“ არის ჩასაფრებული:
„არაფერი არის დავიწყებული“ – ხომ გახსოვთ სამამულო ომისადმი მიძღვნილი ეს საბჭოური სლოგანი?
კულტურაშიც ასეა;_არაფერია დავიწყებული და არაფერია დამთავრებული…
ყველაფერთან შეიძლებაო დაბრუნება…
სეზანი გავიხსენოთ, პუსენთან რომ უნდოდა დაბრუნება…
ესე იგი, დაბრუნებაც და წასვლაც კიდევ ბევრჯერ იქნება…
მით უფრო, რომ პირწმინდად არც დაბრუნება შეიძლება და არც – წასვლა.
ის, რაც „წმინდა სახით“ მოგვევლინება და ამოიწურება, დასაბრუნებლადაც არ ღირს…
რაც მართალია,_მართალია; ფერწერა და ფერწერული სურათიც სულ უფრო თმობს პოზიციებს კულტურის ისტორიულ ქრონოტოპოსში.
ხატის მსგავსად, სურათიც აღარ არის ონტოლოგიური ეკრანი, ანდა სამყაროს მდგომარეობის, ყოფიერების. კონდიციისა და ამ „კონდიციის სურათის“ პროექცია.
ხელთქმნილებამ დაკარგა ფასი;
ხელთქმნილებამ, როგორც კრეატიულმა რეალობამ.
არადა, რეალობა თავისებურად განაგრძობს ესთეტიკურის სფეროში ცირკულაციას.
ბოდრიარისა არ იყოს, რეალობა ესთეტიკურია, ოღონდ, მეორე ხარისხში აყვანილი…
მოკლედ, ხელთუქმნელი ხატი ხომ გამოვიტირეთ?
რაო, ახლა ხელთქმნილი სურათიც მივაბაროთ მიწას?!
რას იზამ? აჩრდილი დაძრწის ევროპაში; აჩრდილი სურათის მადევარი მიქელ-გაბრიელისა!
ისიც ხომ არ გვეჩვენება ხანდისხან, რომ სურათის კუბოზე ტყუილად მიუყრიათ მიწა.
ანდა, სულაც, ცარიელი კუბო დაუმარხავთ…
რა ვიცი?!
იყო დრო, როცა იუნიორი მარსელ დიუშანი სამყაროს „დაუსახელებლობაზე“ რომ ელეოდა სული და „საგან-სუბიექტის“ მაგია ახელებდა, ხელაღებით უარყოფდა სეზანის სურათოვან ფერწერულ სივრცეს.
„დიდი შუშის“ პერიოდში ამტკიცებდა დი-ი-დი მარსელი (sic) – ეს_სივრცეა, ხელს რომ უშლისო ნამდვილი სენ-ვიქტუარის მთის დანახვას.
თითქმის იმავე დროს, პროვინციულ-მისტიკურ ვიტებსკში, კაზიმირ მალევიჩი დეკლარირებს, რომ ფერწერაზე ლაპარაკიც კი აღარ შეიძლება.
რა ფერწერა, რის ფერწერა?!
დღეები რბოდა, ვით კამათელი და ფერწერა მაინც აგრძელებდა ცხოვრებას თავის ნიუ-ტონურ ინერციებში;
ფერწერაცა და ფერწერული სურათიც…
დღესაც ასეა!
თუმცა, „Today“-ს განსვენებული ავტორი სხვაგვარად ფიქრობდა და, იქნებ, არც თუ უსაფუძვლოდ…
ცხოვრებაში ერთადერთხელ ვითამაშე ბილიარდი და ისიც ედმონდ გაბრიელ (მონტე) კალანდაძესთან.
მაშინ ვნახე, როგორ ჩერდება მწვანე მაუდზე ბილიარდის თეთრი ბურთი…
ყოფიერების სურათოვანმა დიმენსიებმაც ასევე შეაჩერეს მოძრაობა.
სურათი ძველებურად აღარ გამოდგება მეტაფიზიკური ღირებულებების ტრანსლატორად და ისიც ძალაუნებურად აჰყვა პოსტმოდერნული ვიზუალობის კაპრიზებს.
ერთობ ჭირვეული ცოლი აღმოჩნდა პოსტმოდერნი_თავისი სიმულაკრებითა და ნანო-ტექნოლოგიებით, თავისი ბანერებითა და გლამურული ჟურნალების ყდებით, ვიდეო და კომპიუტერული მონიტორებით, „ქსეროქსებითა“ და ვიტრინებით…
აი, ვიტრინა ვახსენე და გამოფენაც ვიტრინად არ იქცა?!
კულტურის ვიტრინად, სადაც ცოცხალი რეალობა არქეოლოგიამდე რედუცირდება და „დაკარგული დროის“ რეჟიმში გადაინაცვლებს; ისტორიის გროტესკში ჰპოვებს საბუდარს, ესთეტიზირებულ „წახდენებში“ ცდილობს მოითქვას რელიქტური სული.
დიახ, სურათი არა იმდენად მოხდენილობის, რამდენადაც წახდენილობის ველად ქცეულა.
სურათი ის კი არაა, რაც „მო-ხდენილია“, არამედ ის, რაც „ წა-ხდენილია“.
„გაფუჭებული“ სურათი უფრო ეამება თვალსა…
უჩა ჯაფარიძე ეუბნებოდა, თურმე, მოწაფეებს, სურათი ჯერ კარგად უნდა დახატო და მერე გააფუჭოო.
ცხადია, ქართული სოცრეალისტური სურათის მამა სხვა „გაფუჭებას“ გულისხმობდა…
პარადოქსია, მაგრამ ასეა!
დღეს ასეა!
დღეს, როცა ტექსტუალური ქსოვილის დეფორმაციები უფრო ელამუნება ჩვენს თვალს, როცა პროფანულით გაჟღენთილ საკრალურში უფრო გამოსჭვივის სამყარო… სამყარო_ქცეული ტექსტად;
ტექსტ-სამყაროდ, რომელიც უკვე აღწერილიცაა და – ინვენტარიზებულიც.
მერე და, თუნუქის ოვალური საინვენტარიზაციო ნომრებიც როგორ შვენის ამ შე-ჩვენებულს!
აი, ასე!
სურათი თავად იქცა ფონადაც და იმ მშობლიურ გარემოდაც, თავის დიგიტალიზებულ ენერგიებსა და ენტელეხიებში აღსანიშნის (თავ)დავიწყებით რომ სცდის აღმნიშვნელის ახალ ვერსიებს.
დღეს ფერწერული სურათი ახალ მაგიას, ახალ ჯადოსნობას -_ამ ნეოტრაიბალიზმს ეძიებს.
ნიკო ლორთქიფანიძეს აქვს ერთი მოთხრობა -_„შელოცვა რადიოთი“.
დღეს, სურათითაც ხდება შელოცვის აქტი.
და ეს ჯადო კულტურის არქეოლოგიურ „პლისეებში“ იმალება; მასობრივი ცნობიერების „თვალსაჩინოდ აგიტირებული“ (და აჟიტირებული) მულტიპლიკაციების ნაოჭებშია ჩანთქმული; ლაიბნიც-დელიოზისეული „ცვიეფალტის“ ლაბირინთებშია მიმოკარგული…
დღეს სურათის მხატველი „ქსლის მბეჭველს“ ჩამოჰგავს, კულტურის ტექსტის ხელახალ მქსოველს.
კონსიუმერული მითოლოგიების ზეობისას ეს პრაქსისი მით უფრო თხოულობს ზედმიწევნით დახელოვნებულ ტეხნეს.
ამიტომაცაა, რომ დღეს სურათის „კეთება“ ისევ რჩეულთა საქმედ რჩება…
ისიც ირკვევა, რომ კულტურა გაცილებით მალე ძველდება, ვიდრე ჩვენ გვგონია.
კულტურის ენთროპია, მართლაცდა, ფიბონაჩის რიცხვებივით იზრდება და ჩვენ თვალწინ მარადისობის მდუმარე უსასრულობაში ილექება…
ეგ კი არა და, ადგილობრივი არჩევნებისათვის გაკრული მერობისა თუ მაჟორიტარობის კანდიდატთა უბადრუკი აგიტპლაკატიც კი პალიმფსესტად გადაიქცევა.
დღეს ყველაფერი იმაზე მალე ძველდება, ვიდრე უწინ.
ძველდება და, სამაგიეროდ, ახალ სიცოცხლეს იძენს.
ადამიანის გარეშე იძენს;
თავისი მიშვებულობით…
მერე კი პოსტმოდერნული ისტორიის ქართაგან თავისით ქუჩდება, თავისით გან-იფინება.
ეს განფენილობაც ყოველი პოტენციური გამოფენის საბაბია და საწინდარი ყოველდღიური კულტურის არქივის გამოფენისა…
გამოფენისა, რომელიც სამყაროს ონტოლოგიურ საფუძველშია გაყურსული, როგორც ყოფიერების გამო-ფენადობის წინასწარი პირობა.
დღეს გამოფენა არტდივერსიის ფორმაცაა და – ჯაშუშობის რეპრეზენტაციაც.
სურათის მხატვარი, როგორც პოტენციური გა-მომფენი, პოეტისა თუ ფილოსოფოსის მსგავსად, იქ აღმოაჩენს ხოლმე თავს, სადაც არ ელიან.
ასეთი არტისტი მუდამ გაგვისხლტება იმ ზონაში, სადაც მას ვეღარ ცნობენ.
იქ, სადაც უძლურია ხელოვნების ყველაზე ნაცნობი განმარტებანი.
აი, რატომაა, რომ მხატვრის აღიარების ინსტიტუტი, მის აქტუალურ მხატვრულ პრაქტიკასთან შედარებით, მუდამ აგვიანებს.
ერთიცაა: არტისტის, როგორც დამსმენის, იდეოლოგია, თუნდაც აკილე ბონიტო ოლივასეული „მოღალატის იდეოლოგია“, პრინციპულად არ გულისხმობს პირადი სარგებლობის მოტივაციას.
დამსმენი არტისტი_ესაა სალოსი, სოციალური სხეულის სახელით რომ ლაპარაკობს და ამ სოციალური სხეულის სახელითვე „გვაბეზღებს“.
დასმენა_სოციალური ჟანრია; დისკურსია;
და – სამძიმარიც…
სალოსი-მხატვარი სამძიმარს უცხადებს სამყაროს და მით უფრო უძლიერებს სხვებს ტკივილს.
ამ „სხვების“ ნებაა, როგორ მიიღებენ ამ სამძიმარს_- როგორც ზრდილობიან ჟესტს თუ როგორც ინიექციას, ჩხვლეტას „თემური სხეულის“ მტკივნეულ წერტილებზე.
დღეს, მომხიბლავი სურათი ჩვენშიაც ბევრი იხატება.
მომაჯადოებელი -_იშვიათად!
დღეს სიმპათიური სურათიც საკმაოდაა ჩვენში; თანაგრძნობით რომ აგავსებს, ისეთი… მაგრამ სამძიმარს რომ გამოხატავს, სამყაროს მიმართ სამძიმარს, იშვიათად!
დღეს, ჩვენშიც დასმენის დეფიციტია.
არ ყოფილა აგრე იოლი ჯაშუშობა ხელოვნებაში.
ჯაშუშობა, როგორც აუტანელი სინამდვილის ჩვენამდე მო-ტანა…
სინამდვილისა, გულზე რომ მოგხვდება.
სინამდვილისა, რომელიც ჩვენ შეგვეხება;
სხვას კი არა, ჩვენ!
და ეს „უჩვენობა“ კლავს დღეს არა მარტო მხატვრობას, რომელიც ყოველდღიურობის ვნებებშია, მწერლობასაც… თეატრსაც… მუსიკასაც, ცხადია.
ანუ, ზოგადად კულტურას…
უჩვენობ-უჩემობა კარგა ხანია შემოეჩვია ქართულ თეატრს.
ვერ მოინელა ყოველდღიურობა.
ვერ ელევა „დასახევად“ ვერაფრით Tuday-ს.
განა ბევრი ჰყავს მსოფლიოს ონ კავარა – საკუთარი დღის დახევა-დაფხრეწაში რომ გადაიარა თავისი წუთისოფელი 1964-დან 2014-მდე – ანუ აღსასრულამდე.
განა არის კიდევ სადმე ვინმე, ვისაც ძალუძს, მოკვდეს ყოველდღე სიკდილამდე?
არ ჰყავს…
ქართულ კულტურას – მით უფრო…
გურამ ასათიანი წერდა ერთ (ზე)ცნობილ ჩვენებურ მწერალზე – მძიმე საყურეებით გადატვირთულ ქალსა ჰგავსო…
ანუ, უგემოვნობა დასწამა.
თუმცა, რაღა დასწამა ან დააბრალა?
უგემოვნოაო – აღნიშნა.
ესაა უჩვენობის პრობლემაც – უგემოვნობა; დიდ, ბრჭყვიალა იაფფასიან საყურეებზე უარის თქმა და ბიჟუტერიისგან გათავისუფლება არ შეგვიძლია.
არ გვქონია ბედი და ვერ გაგვიმართლა იაპონიასავით.
თუმცა, იაპონური კულტურა ისეთი მოვლენაა, სწორედ მას უნდა ეშვა ასეთი ონ კავარა. თავზეხელაღებული ტიპი, რომელსაც ვნებად აქვს ქცეული არა სხვისი, არამედ საკუთარი თავის „დაგლეჯა“…
„დაუხეველ“ სპექტაკლებს ძნელია, გაუძლო…
ძნელია, კარგ ჯაშუშად მოგევლინოს ის, ვისაც არ ძალუძს ნაბან წყალს ბავშვიც ანუ ყოველი დღეც გადააყოლოს და ახალი დაბადოს.
ამიტომ „ვბერდებით“ „მოხუც ბავშვებთან“ ერთად.
ამიტომ გახდა კულტურა „უნაყოფო“.
ამიტომაც არ გვიყვარს ისინი, ვინც ცდილობენ, „ბავშვი“ საბანაოდ მიიტყუონ…
აქამდე მივედით შიგა და შიგ…
მტერიც გავიჩინეთ.
მოყვარეც მოვიკელით…
მაგრამ „ბავშვი“, ქართულ გარემოში დაბადებული, იაპონელზე ჭკვიანია და წყლამდე არ მოგვყვება…
ვინ გატეხს ნავსს?
ან თუ გატეხს ვინმე ოდესმე ნავსს?
თუ გამოჩნდება ქართველი ონ კავარა?
თუ შეველევით მძიმე საყურეებს და ჩვენს ყოველდღიურობას სცენაზევე, ტილოზევე, მელოდიაშივე მოვკლავთ?
ვინ იცის?
ან რატომ უნდა ვიცოდეთ?
განა ონ კავარას სიკვდილიდან 10 წლის თავზე გამოჩნდა სადმე მსოფლიოში Tuday-ს მკვლელი?