ადამიანი ყველას ენათესავება:
ცხოველსაც!
ქვასაც!
ყვავილსაც…
ყოველ მათგანს თავისი ადგილი მიეჩინება სამყაროს ორგანულსა და იერარქიულ წესრიგში.
კოსმიურ წესრიგში წინა პლანზე მათი diference უფრო აშკარაა.
მათი სიღრმისეული ერთარსობა დაფარულია ანდა მეორე პლანზეა გადაწეული.
საყოველთაო კატასტროფით განპირობებული ციკლურობის მომენტში, თავის თვითიგივეობრიობაში ყველაფერი იღუპება, ყველაფერი ისპობა, ყველაფერი ნადგურდება.
სიკვდილი, თითქოსდა, თავდაპირველი სახის დაკარგვაცაა;
სიკვდილი ქაოსია.
სიცოცხლე მუდამ საყოველთაო გათანასწორების გადალახვას მიელტვის.
ბოლოს და ბოლოს, ცოცხლობს ის, რაც განსაკუთრებულია;
ანდა უკეთ, საკუთრივია.
ეს „საკუთრივი“, როგორც ყოფიერების სიცოცხლე, აღარ სუფევს გოგი ჩაგელიშვილისეულ „რაჭაში“.
და მისი ფერწერული თუ „ობიექტური“ რაფსოდიაც არასაკუთრივი სიცოცხლის რეკვიემია თითქოს…
რეკვიემი – გარდასული ყოველდღიურობის, ადამიანთა წარმავალი მუნყოფნის შემპარავად სიმპათეტური ონტოთემატიზმებისა…
ამაშია ჩაგელას მთელი მომსყიდველი (ესთ)ეტიკეტი;
და მისი არტბრუტალური „კონფორმიზმის“ მოკრძალებული ხიბლი…
უნარი, ასე იოლად და უმტკივნეულოდ მოი-ტანოს ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე.
„ქვე შენი ჭირიმეთი“ ა-მოხადოს სული ბუნებას, საგნებს, ადამიანებს, ცხოველებს, ფრინველთ…
მერე, მოხადოს თავი ჭურს და გვიმღეროს გაჭიანურებული რაჭული რაფსოდია;
„ლააალე, რატომ არ გამოიარეე, მე რომ დაგიბააარეე! ლალეეეე!“
არადა, წერეთლის არ იყოს, დღემდე ვერ გავიგეთ, რა „დაგვიბარა“ ჩაგელამ…
სიკვდილი პირვანდელი სახის მოპოვებაცაა;
და ამაზეცაა ჩაგელას ნარატივი;
სიკვდილით მოპოვებულ „სახეზე“…
ასეთი იმიჯებია ჩაგელასეული „გროტესკები“.
ჩვენ თვალწინ ორმაგდებიან; მთლიანობის თანამდევი მექანიკური გაორებაა, თითქოსდა „არის და არც არის“.
მოჩვენებითობაც ხომ, გროტესკის ბუნებაა;
და ისიც მარგინალობითაა დადაღული.
ეს გროტესკული იმიჯები – სიკვდილსა და სიცოცხლეს შუაა გამოკიდული;
ყოფნასა და არყოფნას შორის არსებულ ცეზურაშია ჩამალული…
რეალურსა და ირეალურს შორისაა მიმოკარგული.
ეს არარეალური რეალობაა!
ჩაგელასეული მარგინალურობა – ფერწერული გამოთქმის, ქრომატული პრონონსის ფანტაზმატურ ფორმადაც ყალიბდება:
ნატურალობისა და ანატურალობის ზღვარზე მყოფ ფორმებში მუდამ მოიძებნება ერთგვარი გადაცდომა, ანომალია; გროტესკისათვის სახასიათო – რეალობის არაადეკვატურობაზე რომ მიგვანიშნებს.
სხვა ნარატივია გროტესკისა და დროის რელაციები;
გროტესკის ცხოვრება დროში…
ჩაგელას გროტესკში ისტორიული დროის გამოხატვის განჩხრეკა ამაო გარჯა იქნებოდა;
დროისა – თავისი შეუქცევადობით, ხდომილობის უნივერსალობით.
აქ გან-ვითარების კვალსაც ვერ იპოვი – ყველაფერი მეორდება, ჭიანურდება, რაფსოდიული ხანიერებით გვემცნაურება.
ჰოდა (ქვე შენი ჭირიმე!), ეს გროტესკებიც მდგომარეულობებთან მიახლოება-განშორების მუდმივი ციკლივითაა.
შეხსენებებივითაა:
სინკოპირებულ ტაქტთა და ტაქტილურ მო-ნასმთა შეხსენებებივით…
ეს ადგილზე მონასმია; „სტატიკური მოძრაობაა“;
ხატის მოძრაობაზე კი, რა მოგახსენოთ…
ხატში მისი დასაბამიცაა ნაგულისხმევი და წინასწარ გადაწყვეტილი „დასასრულიც“.
ჩაგელას კი მოძრაობის პროცესი კი არა, მოძრაობის შედეგი აინტერესებს;
ეგებ, შეჩერებული მოძრაობის პროცესი…
დასაწყისისა და დასასრულის დამთხვევაა!
ამიტომაცაა, რომ რაფსოდიის პერფორმერი სადაც იწყებს სურათს, იქვე ამთავრებს!
მეორე სურათშიც იმავეს აგრძელებს: მესამეშიც, მეოთხეშიც…
ამოსვლისა და დაბრუნების ერთსა და იმავე წერტილს მოინიშნავს.
და ასეთი სიგნიფიკაციით გვეუბნება, რომ ამ მელოდიური მოძრაობის მეოხი, მისი მედიატორი, ჩვენ წინაშე არსებულ „მელიზმებსა“ და „ქრომატიზმებში“ კი არა, მის მიღმა უნდა ვეძიოთ.
ამ „რაფსოდიაში“ ერთსა და იმავე პუანტებშია თავმოყრილი დასაწყისი და დასასრული.
და მოძრაობაც ჩერდება…
მეტიც, შეუძლებელი ხდება; შეუძლებელიცა და – ზედმეტიც.
აი, რატომაა ეს რაფსოდია დროიდან, ტემპორალობიდან ამოვარდნა! და რაღაც, aeternitas-ში გადაბარგება.
ქათქათა ლანდშაფტში გადაფრენას კი ჩაგელასეული ბრენდის – ძველი ფიცრის ერდოზე შემომჯდარი გროტესკულ-ფანტაზმატური ფრინველებიც უცდიან!
შავი ყორნები ჯერაც არ მოფრენილან; ყორნები, ოდესღაც მადათოვზე გადაფრენას რომ აპირებდნენ…
მარადისობიდან გვიმზერენ ძველი ფოტოებივით გარინდებულ რაჭველთა ხატები.
და ამ მზერაშიცაა რაღაც გარდაუვლად მარგინალური; ადამიანურიც;
ადამიანური, ერთობ ადამიანური…
იქნებ, არაადამიანურიც.
ჩაგელას რაჭა თანატოგრაფიული რაფსოდიაცაა.
აქ ყველაფერი ყველა ფერს ერწყმის.
გა-სცდილდება კიდეც…
ესაა რღვევის – მთლიანობის რღვევის სიგნიფიკაცია, როგორც ძველ ბერძენთა „პირველნივთიერებაში“.
ესეც „ძმობა და თანასწორობა“… სიკვდილში!
კომედიოგრაფი იყო ასეთი – ეპიქარმოსი;
მასთან ამოვიკითხავთ:
„მე გვამი ვარ; გვამი ნეხვია; ნეხვი – მიწაა.
თუკი მიწა ღმერთია, მე გვამი კი არა, ღმერთი ვყოფილვარ!“
ესეც საყოველთაო ერთარსობის სილოგიზმი.
ამ ლოგიკას გრძნობს საცეცებით ჩაგელა.
რაჭულ რაფსოდიაშიც გრძნობს (ქვე შენი ჭირიმე!).
არავითარი ოპტიკურ-ანალიტიკური დისკურსი; „მაღალი ფერწერის“ არანაირი ნიშანწყალი!
ყველაფერი შინა(ა)ურული მგრძნობელობით გვესალბუნება.
ყოველდღიურობის გა-შინაურული ესთეზისით…
არავითარი მისტიფიკაცია; არავითარი ვიზიონები…
ყველაფერი ფხიზელი ნოსტალგიითაა დანახული.
ბევრია პაუზა;
ბევრია ქრომატულად მეტყველი ლაკუნაც.
სიცარიელეც…
მხატვარი ფიგურატიულ ნარატიულობასაც და აბსტრაგირებულ ორგანულ ფორმებსაც მსუბუქად ტემპორალიზებულ სივრცეში ამთლიანებს.
სიფხიზლის „სტაზისი“ აძლევს საშუალებას, ზომიერად დააკალიბროს იკონიკური ელემენტები; უნისონში მოიყვანოს კომპოზიციის „უსისტემო სისტემის“ სეგმენტები და ხსოვნის მექანიზმებით აამუშაოს.
რაც უფრო დიდია სურათოვანი მოედანი, მით უფრო თხოულობს ფონით დაუსაზღვრავ ანთროპომორფულ პლანს.
ფერმწერის ეტიკეტითვე მოიხმობს მხატვარი ქრომატულ მატერიას; ოღონდ, მის ექსპრესიულ რესურსსაც ლიმიტირებულად იყენებს.
ფერწერული სუბსტანცია ისევ გაუჩინარებულია.
თუმცა, მაინც შეიმჩნევა ორმაგ კოლიზიაში ჩათრევის ტენდენცია:
პრიმიტიულ, არქაულ კულტურას რეფერენციალურად ეჯახება თანამედროვე არტისტის კულტურა.
არტისტისა, ვისთვისაც თანამედროვეობა (თუ პოსტთანამედროვეობა) ფანტაზმატური პრეზენცის პოტენციაცაა და იმპოტენციაც.
საკუთრივ საგნობრივი რეფერენციები კი მუდამ ძალაშია; ლირიკულ-ინფორმალური ხელოვნებისათვის ტიპური – „ასხლეტილი“ გამოსახულების ფორმატიც „თავის ადგილზეა.“
სურათოვან მოედანსაც ფერი მთლიანად ავსებს. ისრუტავს ნიშანს და ჟესტუალურ ნებას უმორჩილებს.
სურათის ზედაპირთან მომუშავე“ ნებისმიერი პროექტიც ამ ნებით რეგულირდება.
ფერწერის ხარისხი, მისი „გაკეთებულობაც“ სემიოტიკური ნიშნური სტრუქტურის შიგნით განაგრძობს არსებობას და მხატვარიც ანთროპორმორფული საწყისის ერთგული რჩება.
სურათის ბრტყელი ზედაპირიც ისევ ორგანზომილებიანი ველია; გამოსახულების შინაგანი ენერგიებით დანაღმული ველი.
გამოსახულების ამგვარ სტრუქტურაში საკვანძო პუნქტებს, ანდა მკაფიო ორიენტირებს ვერ იპოვით; იგი ჰორიზონტალსა და ვერტიკალზე მიცოცავს; ნახატისა და რეპრეზენტაციის გა-ელემენტარულობისაკენ მიილტვის.
ნიშნები კი იმ უნივერსუმს წარმოგვიდგენენ, სადაც სიმბიოზურად გარდაისახებიან, პირველადი გეო თუ – ანთროპომორფული მარგინალიებისკენ მიიწევენ და თავიანთი უპიროვნო ინტენსიურობით გვაუწყებენ სურათის ემოციური დაძაბულობისაგან დისტანცირებად ირონიზირებად კონტექსტს.
სტილიზური ეკლექტიზმიც უხდება ასეთ ოპუსებს.
ამ ეკლექტურობის წყალობითაა, რომ გამოსახულება ბოლომდე კი არ იდენტიფიცირდება ობიექტთან, არამედ გარკვეული მომენტებისა თუ სტადიების გამჭოლ პლასტიკურ ნარატივად გვეცხადება; ერთგვარი აკუმულაციის პრინციპით მოქმედებს და მუდამ ღიაა მოდიფიკაციებისათვის.
ამ გაგებით, ეს რაფსოდიაც, უმბერტო ეკოსეული „opera aperta“ – „ღია ნაწარმოებია“.
ფერწერულ ზედაპირზე დატანილი ელემენტები ბუნების კუთვნილებაცაა და – კულტურის კუთვნილებაც.
მიწის ნაყოფიდან კულტურის ინსტრუმენტებამდე (გა-არტეფაქტებამდე) ტრანსფერია მათი მოძრაობის დიაპაზონი.
სამაგიეროდ, ამ ელემენტთა ვიზუალური ასამბლაჟი ორგანულ წესრიგს აღარ ემორჩილება და კვლავაც აკუმულაციის პროცესს წარმოგვიდგენს.
ჩაგელა რა ხანია, მიეჩვია (ფერ)წერის „ბრმა“ ავტომატიზმს;
„ჩაგელა“ – ასე აწერს თავის ოპუსებს.
ოღონდ, ეს ხელ(მო)წერა მისი ფერწერის, როგორც სხეულებრივი ჟესტის, ასარკებაცაა.
და კიდევ უფრო მეტად, გრაფიკული სიმბოლო უფროა მისი სხეულებრივი მდგომარეობისა.
და მასში თითქმის შეუძლებელია ხელმომწერი სუბიექტის გამოყოფა.
საავტორო ხელმოწერა დამწერლობისა თუ გრაფიკის სახეობაა;
ისეთი სახეობა, რომელიც სულაც არ არის მიდრეკილი გაფართოებისაკენ და აქედან: რეპრეზენტაციულობის უარყოფამდე.
ასეთი ხელ(მო)წერა ცხოვრების უშუალო ნაკვალევია.
ჩაგელა ბუნების „განჯადოებაზე“ უფრო მუშაობს, ვიდრე ამ ბუნებით „მოჯადოებაზე“!
და მისი არტისტული ტეხნეც გულმოდგინედ ერთვება ყოვლისმომცველი ენერგიის უნივერსალურ ციკლში.
ბუნების ენერგიაა ის სუბსტანცია, რომლითაც მხატვრობა ფორმასაც იძენს და – სტრუქტურასაც; ნიშანთა და ფერთა მეოხებით იძენს…
იკონემათა პრიმიტივიზებული ინვერსია კი სამყაროსთან თანხმობა-უთანხმოების, შერიგება-შეურიგებლობის, კადანს-დეკადანსის ბრუტალური მეტაფორებია; გნებავთ, არტ-ბრუტალური მეტაფორ(მ)ები.
ამგვარი არტ-ბრუტი, დიახაც, თავისი უმი, ნედლი, უხეში, ხმელი, გაურანდავი ესთეზისით გვხიბლავს.
ასეთ პარაფერწერას ლისირებისა თუ ფლეიცირების ლამინირებული ზედაპირი კიდევ უფრო კიჩურად აალაპლაპებდა.
ჩემ მიერ ინვერსიის წესით გა-მოგონილი რაჭა და მისი პარაფერწერული რაფსოდიაც, კლოდ ლევი-სტროსისეულ ოპოზიციას – „უმი/მოხარშული“ თუ მოვიხმობ, ამ ბინომის პირველ წევრს უფრო შეესაბამება.
მთავარია, რომ ყველაფერი ორგანულადაა „გამოყვანილი“; რაჭული ლორივით…
ფერიც ზომიერი აქვს, სურნელებაც, გემოც; ხორციც არ აკლია, ქონიცა და – კანიც…
კანი ცხოვრების ზედაპირია.
ისტორიათა შეჩერებული დროის შეგრძნებაც ხელშესახებია.
დღევანდელ დღეს მედია კი არ განსაზღვრავს, არამედ – ჰაერი; ტემპორალობის აურა…
ჩვენს კანსა და სამოსზე მისი აურა დამჩნევია.
ასეთ „რაჭასაც“ ეს ჰაერი უხდება; ჰაერიცა და – მიწაც;
მიწის მიმზიდველი ძალაც;
მწვანე საფარქვეშ გარინდებული მიწის გაჭიანურებული ტექტონური ბიძგები, რომელიც, ასე ვთქვათ, de Profundis ანუ სიღრმიდან მოდის.
„რაჭულ რაფსოდიაში“ ჩაგელა წარსულში მოგზაურად წარმოგვიდგება.
ჩვეული (ესთ)ეტიკეტით რომ მიგვიძღვება თავისი genius loci-ს მიტოვებულ სანახებში.
ეთიკა კი არა, ეტიკეტი ცვლის ცხოვრების ქსოვილს;
მისი Fashin-ის თარგს…
კაი ხანია, ჩაგელა არც ამ თარგს იცვლის და არც – კანს…
დროის კანს…
ცხოვრებაში მას „ზედაპირი“ უფრო აინტერესებს.
და ამ ზედაპირითვე ხატავს „თავის“ რაჭას.
მით უფრო, რომ სამყარომ იმდენად დაკარგა სიღრმე, ისტორიოსოფიული „შიგნეულის“ ნაცვლად იმდენად გააშიშვლა ეტიკეტის კანი, რომ ახლა, ისევ უხეში ძალა თუ გვიშველის!
უხეში და თანაც – დამყვავებელი (ქვე შენი ჭირიმე!)…
David Andriadze – Racha Rhapsody
The protagonist of this metacritical essay is contemporary Georgian painter Gogi Chagelishvili, whose series the critic dubs “Racha Rhapsody” and explores its inventions.
The author notes that “the elements layered onto the pictorial surface belong both to nature and to culture.
From the fruits of the earth to the instruments (artifacts) of culture, this is the range of their motion.
However, the visual assemblage of these elements no longer obeys organic order and continues to represent a process of accumulation. Chagela has long grown accustomed to the ‘blind’ automatism of (color) writing.”










