დავით ანდრიაძის ესე

ნივთების მბრძანებელი

, , ,

გუჯი… გუჯი ამაშუკელი… პირველად ეს სახელი და გვარი 70-ან წლებში გავიგე. გასული საუკუნის 70-ან წლებში…

თავიდან გავიფიქრე, ელგუჯა ამაშუკელს ხომ არ გულისხმობენ-მეთქი?! იმხანად ქართულ ქანდაკებაში, დიახაც, ელგუჯა ამაშუკელის   „ხელმწიფობის ხანა“ იდგა… უფრო ზუსტად, მერაბ ბერძენიშვილთან ერთად იყოფდა ელგუჯა ამაშუკელი ქართული მონუმენტური ქანდაკების ტახტს.

ორხელისუფლებიანობის პერიოდი ედგა მაშინ ჩვენს „სახელმწიფო ქანდაკებას“.

მერე მივხვდი, რომ გუჯი ამაშუკელი სულაც არ იყო ელგუჯა ამაშუკელი. ცამეტი წელი ყოფილა მათ შორის ასაკობრივი სხვაობა…

გუჯი ამაშუკელი, ომი რომ დაიწყო, იმ წელს დაიბადა საბჭოთა საქართველოში… თავიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაიწყო სწავლა. მეოთხე კურსზე იყო, მოსკოვში რომ გადავიდა და ასე გახდა დიპლომირებული მოქანდაკე. მოსკოვშივე გაიცნო კატრინ ბარსაკი.

მომავალი მეუღლე საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა. მამამისი – პარიზის განთქმული „ტეატრ-ატელიეს“ მთავარი მხატვარი იყო. სხვათა შორის, კატიას დედას ლეონ ბაქსტი ნათესავად ერგებოდა. ქრისტეს ასაკში ტოვებს გუჯი საბჭოთა კავშირს და მეუღლესთან და ვაჟთან, სტეფანისთან ერთად პარიზში გადასახლდება.

მე მაქვს ნანახი იმდროინდელი ფოტო – გუჯი კატრინთან ერთად. მშვენიერი, ელეგანტური ახალგაზრდა კაცი სულაც არ ჰგავს გაუბედურებულ „სოვოკს“…

და მაინც, საბჭოთა რეალობა (თუ სიურრეალობა), როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა, „ნახევრადდაბადებული ადამიანების“ ზონა იყო… „მეორედ“ ანუ ნამდვილ, თავისუფალ ადამიანებად მოვლინებას ვინ გაცლიდა?! ვისაც გაქცევა შეეძლო, გარბოდა…

ვისაც არა – უნდა ყოფილიყო „გამოჭერილი“ ამ ტოტალიტარულ საპყრობილეში და უკეთეს შემთხვევაში, ადგილზევე უნდა მოეხერხებინა „შინაგან ემიგრაციაში“ ცხოვრება.

გუჯი ამაშუკელმა რეალური ემიგრაცია არჩია. თუმცა, ეს მაინც არ ჩაუთვალეს პოლიტიკურ ემიგრაციად. და სწორადაც „დახუჭეს თვალები“… სადაც ჯერ არს!

დღეს გუჯი მართლაც აღიარებული ხელოვანია; მაესტრო, რომელმაც ხელოსნობის გზით გაიგდო ხელოsant-ის სახელი… მსოფლიო სახელი და დიდება!

გუჯის ხელთქმნილი „საგნებით“ ატარებენ რიტუალებს რომის პაპები… რომის პაპებს ამშვენებთ გუჯის ხელთქმნილი პანაღეა…  გუჯის ნახელოსნევი ჩაქუჩით ამცნობს რომის პაპი კათოლიკურ სამყაროს მესამე მილენიუმის დადგომას… ამ უნიკალურ არტეფაქტებში ოქრო და ვერცხლია დაუნჯებული; ოქრო-ვერცხლი – არა როგორც გარეგანი, არამედ, საკუთრივ, შინაგანი სიმდიდრის ნიშნები… და კიდევ, ქვები; ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვები…

პარიზის „ნოტრდამში“ დაცული საემბაზო და ანალგეიონიც უჩვეულო აურით ციმციმებენ…

ესაა სხივმოსილობა, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ამ ნივთების ფორმასაც და მეტაფორმასაც…

ჰოლოგრამულად ნაგრძნობ ფილიგრანულ მეტაფორ(მ)ას…

იაპონიაში გუჯი „ცოცხალ  ღმერთადაა“ შერაცხილი.

შეიძლება მავანს ყოველივე ეს (პოსტ)თანამედროვე ცივილიზაციის მორიგ ჰიპერტროფირებულ „პიარად” მოეჩვენოს, თუმცა, ფაქტია, რომ გუჯის ფენომენზე დღეს სერიოზულად მსჯელობენ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც…

თუმცა, პოსტმოდერნის ეპოქაში „სერიოზული მსჯელობა“ რა ბედენაა?!

და მაინც, გუჯი  გუჯია!

გუჯი ამაშუკელი…

ხელოsant გუჯი; გურჯი გუჯი! ჩვენს პროფანიზებულ დროში ქმნის იგი საკრალურ ხელოვნებას; „საიდუმლო ალებით“ აციაგებულ არტეფაქტებს ჩარხავს… პლასტიკურ სიმბოლოთა გარითმული ფორმებით გამორჩეულ არტეფაქტებს…

გუჯიმ მართლაც რომ, ხელმწიფურად დაიპყრო არა იმდენად თანამედროვე (თუ პოსტთანამედროვე) ხელოვნება, რამდენადაც ამ ხელოვნების „სხვა“… და მისი ხელოsant-ობაც ისეთივე მითოსია, ჩვენს მწირ ჟამში“ (რილკე) გაცხადებული მითოსი, როგორც ბევრი რამ, რაც „ბეჭდების მბრძანებლის ხანაში გვიპყრობს, თავისი ვირტუალური მედიებითა და კიბერტექნოლოგიებით…

გუჯიმ შეუპოვარი გარჯით გამოიმუშავა უნიკალური „ტეხნე“… და ამ მხრივ, ამ „ტეხნეს“ ერთპიროვნული მბრძანებელია… ნამდვილი ტეხნე-კრატორი… პრეციოზული ტეხნეთი გაცხადებული მისი არტეფაქტები სავსებით ხელ-შესახებია; და ამ ხელ-შესახებობაში – მით უფრო ხელ-შეუხებელი… ისინი „ავტორის“ ხელის შესახებაც მოგვითხრობენ; და ესაა ექსისტენციური ნარატივი, რომლის შესახებ, მგონი, გუჯიმაც არა უწყის რა…

ამ ნარატივის ონტოთემატიზება ხელოsant-ის „საქმე“ არაა!

ამ არტეფაქტებში, თითქოსდა, მსოფლიო ისტორიის „ციურ შუქთა კამარა“ იკვრება… და მათში ერთდროულად იღვიძებენ ძველი კოლხებიცა და სკვითებიც, კელტებიცა და გუთებიც… რომაული ვერცხლიც გამოკრთის მათში და ბიზანტიური ოქროც ელვარებს… ყორღანებიდან აფრენილი მისი გნოლები ხელიხელსაგოგმანებ ნივთებად გვეცხადებიან… წარმართული ბრუტალობაც იგრძნობა მათში და ქრისტიანული გრაციულობაც…

გუჯის არტეფაქტები რწმენის ნიშნებია… ოღონდ, არ ვიცი – რწმენისა – სულაც „დიდი სხვისადმი“, სუვერენის პიროვნებისადმი, სახელმწიფოსადმი თუ ღმერთისადმი…

იქნებ, ესაა რწმენა, საკუთრივ, გარჯისადმი; ხელ-გარჯილობისადმი?! ანდა, ალან ბადიუსი („პავლე მოციქული“) არ იყოს, რწმენა, როგორც პერმანენტული მზაობა, რათა ჩაიდინო რაღაც შეუძლებელი?!

გუჯის მიერ გაკეთებული (დიახაც, გაკეთებული) არტეფაქტები ესაა არა იმდენად ოპერაციონალისტური შესრულება საქმისა, ანდა, გნებავთ, ერთგვარი ტექნოლოგიური „და-ლოცვა“, არამედ რწმენა თავად შრომის საზრისულობისა…

საზრისულობისა  შეუძლებლის სახელით…

ჩემი წარმოდგენით, ჭეშმარიტება გუჯის უნდა გა-ეგებოდეს როგორც გამოუხატველის ფიქსაცია.  ასე ხორციელდება ამ საკრალურ საგნებში ადამიანის იდეალური ლტოლვების ორგანიკა, თანაც – „სხვისთვის“ გაზიარების მზაობით…  გაზიარებისა და გადაცემისა… გადაცემისა ხელიდან ხელში… და გულიდან გულში… წმინდა გულიდან  წმინდა გულში…

Sacra coeurდან sacra coeurში გუჯის ხელოვნება ეკუმენისტურია – ქრისტიანთა ერთიანობის მაუწყებელი.

და ეს ეკუმენიზმი მსჭვალავს, თუნდაც, შარტრის ტაძრის გუჯისეულ „საკრალურ დიზაინს“…

ამგვარ „დიზაინში“ კი, თითქოსდა (ისევ „თითქოსდა“!) ყველა დროის კულტურათა დასწრების ეფექტია გარინდებული; მუდმივი dasainის ეფექტი…

ხელობა და ვნება ამ ბიბლიურ (თუ კვაზიბიბლიურ) საგნებში ხელოვნების სასწაულადაა გადამდნარი; ხელოვნებისა, ერთი რომელიმე ცივილიზაციის პროკრუსტეს სარეცელზე რომ ვერ ეტევა… ეს ნივთები, თავიანთი მითოლოგიური სარჩულებით, პირველსაგანთა სემანტიკასთან გვაზიარებენ და ზედროული გულგრილობითაც გვამშვიდებენ.

საკუთარ თავში გარინდებულ ამ „პირველსაგანთა“ მიმეზისით აქანდაკებს პარიზელი ქართველი ხელოsant „მეორე საგნებს“ – ხელოვნების ქმნილებებს; და ისე განსაჯეთ, როგორც იგივე მამარდაშვილი იტყოდა, „მესამე საგნებსაც“ – ამ თავისებურ ფენო(უ)მენებს, არტეფაქტთა მატერიალურ hymen რომ არღვევენ და მათსავე მეტაფიზიკურ ნივთიერებას გვიმჟღავნებენ. მეტაფიზიკურსაც და ალქიმიურსაც…

და ამ ალქიმიური ნივთიერების უხილავი ნამიც „მესამე თვალით“ თუ შეიძლება დავლანდოთ გუჯისეულ არტეფაქტებში… თითოეულ მათგანში ჰაიდეგერისეულ „სამებას“ თუ მოვიხმობ, ნივთიცაა, ხელსაწყოც და ქმნილებაც… ანდა, სამივე მათგანის კვალია… ხელოsant-ის „ხელმყოფობის“ კვალი…

გუჯისეული არტეფაქტები ხელმისაწვდომნიც არიან-მეთქი და ხელმიუწვდომელნიც… ხელმისაწვდომნი იმ ექსტენციალური გაგებით, რომ ისინი ოსტატის ხელის მეოხებით შემოდიან ყოფიერების დაუფარაობაში, საკუთრივ ადამიანში რომ ხორციელდება. მაგრამ ისინი ხელმიუწვდომელნი არიან იმდენად, რამდენადაც საკრალურ ობიექტებს წარმოადგენენ; უფრო ზუსტად, ამ ობიექტთა (კვაზი)საკრალურ რეპრეზენტაციას ახდენენ.

და, მგონი, ეს „მოხდენაც, როგორც ფუნდამენტურ-ონტოლოგიური კონსტრუქტიც, უხდება გუჯისეულ საგნებს“… „პირველსაგნებსაც“, „მეორე საგნებსაც და მესამე საგნებსაც“…

ლიტურგიული „მოხმარების საგნები“ ასე იქცევიან „საღვთო“ დანიშნულების მეტაობიექტებად; თავისებურ „ბეჭდებად“, საკუთარი ნივთების გამო რომ იწყებენ ფიქრს, თვითგანსჯას, რეფლექსიას… იქნებ, ეს არტეფაქტებიც ავტორის ოცნებაა –  „ოცნება ნაჭედი საგანთა უარით?!

„ნაჭედი ოცნება“…

დიახ, აქ უკვე საგანი, უკეთ – ნივთი, ნაჭედი ნივთი, უარობს თავის ნივთიერებას და საკუთარი პირველარსისკენ მიილტვის…

ეს არტეფაქტები დღეს „კეთდება “ და „დღე კეთდება“… უფრო ზუსტად, „დღისით კეთდება“…

ოღონდ, ისინი ღამღამობით გაიელვებენ, როგორც ნეომითოპოეტური ფენომენები, ანუ „საკუთარ თავში საკუთარი თავის მაჩვენებელნი “… ისინი, დიახაც, საკუთარ ესენციაში – წმინდა არსობაში ჩაძირული ობიექტები არიან; მათი და-ნიშნულება თვალსა და ხელს შუა უქმდება და… რჩება ნიშანი… ნიშან-ინდექსი და ნიშან-სიმბოლო…

აი, საფრანგეთის აკადემიის წევრთა ხელდასხმისთვის განკუთვნილი დაშნები, ათასგზის ნაწრთობი ფორმების წყალობით, მათი მფლობელების „უკვდავობის“ ნივთიერ სერტიფიკატებად რომ ქცეულან!

ასეთი არტეფაქტების შემხედვარე, საგანი სულიერდება და… სული საგნდება… დრო ჩერდება და… მარადისობა მყარდება. ეს საგნები აქსიოლოგიის კანონისამებრ აღარც კი არსებობენ… სამაგიეროდ, მნიშვნელობენ; ძალმოსილებენ… და ამდენადვე – გვიპყრობენ… ამ საგნებს ვენდობით; ანდა, უფრო ზუსტი იქნებოდა – (მი)ვენდობით…

რაღაც ისეთი სუფევს მათში, ჩვენ მინდობას რომ გან-საზღვრავს…

ეს საგნები გამუდმებით ელ(ოდებ)იან შემხვედრს; ელოდებიან, რათა ამ შემ-ხვედრმა არა, უბრალოდ, მიიღოს ისინი, არამედ მოახდინოს მათი მიღება; გადაცემა, მიძღვნა…

ამიტომაცაა გუჯისეული არტეფაქტები არა, უბრალოდ, ძვირფასი ძღვენი, არამედ ძღვენი – ონტოლოგიური…

საშა რეხვიაშვილი მიყვებოდა, ერთხელ, პარიზში, როგორ შეესწრო ფრანსუა მიტერანის ვიზიტს… გუჯისთან – საფრანგეთის პრეზიდენტმა ორი არტეფაქტი შეიძინა მოქანდაკისგან.

გუჯიმ კი ჩვენს დიდ რეჟისორს სახსოვრად საბანკო ქვითარი უწილადა.

ამ ქვითარს სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა საშა.

* * *

გუჯი ტორევტიკის მაესტროა; იგავ-მიუწვდომელი მაესტრო.

ღმერთო, ჩემო, როგორ ფლობს „ბუკლისა“ და „რეპუსეს“, „პუანსონისა“ თუ „ინტარსიის“ ტეხნეს…

ეს ხომ მთელი ტორევტიკული პერფორმანსია. პერფორმანსი, რომელსაც დამსწრე არა ჰყავს… გარდა ღმერთისა…

გუჯი საკრალურ არტეფაქტებს კი არ ქმნის, არამედ – ამზადებს. და ამ დამზადებულობით თვალწინ გვიდგამს ნივთებს – ნივთებს თავის თავში.  არა ნივთებს თავისათვის, არამედ ნივთებს თავის თავში.

ჰაიდეგერი ნივთის პარადიგმად თასს მოიაზრებს. ოღონდ ეს თასი ჯერ კიდევ არ არის ნივთი. ისეთი ნივთი, როგორადაც გაეგებოდათ იგი რომაელებს, როგორც – res. და არც ens-ის შუასაუკუნეობრივი ინტერპრეტაციით; მით უფრო, ნივთის იმგვარი გაგებით, როგორადაც წარმოგვიდგენს მას ახალი დრო.

თასი იმდენად არის ნივთი, რამდენადაც იგი ნივთობს;

და ნივთის ნივთობრიობაში (ა)ხდება და პირველადი საზრისითვე განისაზღვრება თასის, როგორც მუნმყოფნის ყოფმა – დასწრებულის დასწრებულობა.

გუჯის არტეფაქტებიც, სახელდობრ, მისი „ხელთუქმნელი ბარძიმები“, დიახაც, მათი, როგორც ხელმყოფის ხელმყოფობას ადასტურებს.

ეს არტეფაქტები ერთობ ახლობელნიც არიან და – შორებელნიც. მოკვდავი ხელისათვის მიუწვდომელნი არიან. უკარებელნი… და მათი მოხმარებაც მარტოოდენ საიდუმლო მსახურებისას თუა შესაძლებელი. ლიტურგიის ნივთებად გა(ნ)მზადებულნი მხოლოდ და მხოლოდ რიტუალურ აქტში გამომზეურდებიან და შემდეგ ისევ თვალს მიეფარებიან; შე(ი)ნახებიან, როგორც რაღაც სიწმინდე. ამ არტეფაქტებთან მიახლოება არ ეგების; მათთან ოდენ მიახლების gestus-ით თუ შეიძლება კონტაქტი.

მათი ნივთიერებითი სინჯი თვალშეუდგამია. მათი დამამზადებელი ოდენ გამტარია. საკრალური ეიდოსის გამტარი. რაც უფრო ძვირფასია ამ არტეფაქტის მასალა, მით უფრო მეტი ონტოლოგიური ვალენტობის მატარებელია იგი და ხსენებულ ეიდოსსაც მით უფრო გა(ა)ტარებს.

ხელოsant-ი გუჯი თითქოს უკანა რიცხვით ამზადებს ამ ნივთებს და მხოლოდ დამხადების პროცესშია ამ ნივთების მბრძანებელი.

ეს დიდი ლითონმქანდაკებელი „ცარიელ ნივთებს“ უშვებს, ოღონდ არა კონვეიერულ, არამედ უნიკალურ ნივთებს და ამ უნიკალურობაში მათი სიცარიელეც იგულისხმება – ერთგვარი ონტოლოგიური სიცარიელე; ყოფიერებითი თვითკმარობა.

ეს ცარიელი ნივთები ადგილთა (გამო)შვების, როგორც ონტოლოგიური თამაშის აქტებში იძენენ სიცოცხლეს და საკულტო საგნებად (მო)ქცეულნი ყოველი პოტენციური ნივთის რიტუალიზაციის მოლოდინს მოასწავებენ. დღესასწაულის მოლოდინს. დღესასწაულის, როგორც (მო)ვლენის აპერცეფციას.

გუჯის ხელიდან გამოსული ყოველი ნივთი პ. ფლორენსკისეული სატაძრო ქმედების, როგორც ხელოვნებათა სინთეზის, ანუ რიტუალური თეატრის რეკვიზიტია, ოღონდ მათში საკუთრივ კათოლიკური სიცივე გამოსჭვივის.

სულ სხვაა ოსტატის ხელით მოჭედილი „ვეფხისტყაოსნის“ ყდა; ეს მართლაც „ხელიხელსაგოგმანები“ არტეფაქტი, რომლის „ინაუგურაციაც“ რამდენიმე წლის წინ შედგა მხატვრის სამშობლოში და მას გუჯიც დაესწრო.

მისი ხელიდან გამოსული ყოველი ნივთი მაისტერ ეკჰარტისეულად „groz dinc”-ია – „დიადი ნივთი“…

***

ყოფიერების საჩუქარია გუჯის მიერ ნაქანდაკევი ყოველი ნივთი; ყოფიერებისა, ხელ-გაშლილობით რომ გამოირჩევა…

გუჯის მიერ ხელთქმნილი საგნების მიღმა სიტყვებიც იგულისხმება…

მით უფრო, რომ ხელი, როგორც ასეთი, სიტყვასთან ერთად, ადამიანის არსებითი ნიშანია.

ჰაიდეგერისა არა იყოს, მარტოოდენ იმ არსებულს, რომელსაც გააჩნია სიტყვა, როგორც „ეიდოსი“ და ლოგოსი “, შეიძლება ჰქონდეს ხელიც…

ამ ხელით ხდება ყველაფერი… მით უფრო, ამ ხელით ხდება ხელოსნობა; თუნდაც, ხელით მისნობა… და ხელოsant-ის ყოველი ჟესტი ასეთივე მადლით გადაეცემა მის მომავალ ინსტიტუციურ მპყრობელს – რომის პაპი იქნება ეს თუ – უკვდავთა აკადემიის პრეზიდენტი…

ისინი ხელს „ართმევენ“ ხელოsant-ს… სიტყვას კი მაინც არ აძლევენ…

სიტყვა, როგორც ხელის „დერივატი“, გუჯის თავისიც ყოფნის! მთავარი ისაა, რომ ეს არტეფაქტები ჩვენს დამჩვარულ დროში რაღაც გამორჩეული ენერგიით, გნებავთ, ენტელეხიითაც კი სულდგმულობენ… მათი ხელთქმნილობის სიმძიმეს ხელთუქმნელობის სუბტილური სინაზე და სიმსუბუქე გადაწონის.

აი, კიდევ ერთი და შეიძლება უმთავრესი მოწმობა იმისა, რომ ამ საკრალურ ნივთთა ფასეულობაზე მეტი მათივე ღირებულებაა.

და კიდევ ერთხელ გინდა ირწმუნო, რომ კულტურა, მართლაცდა, გან-სხეულებული ღირებულებაა; თუნდაც, უკაცრავად გაცვეთილი სიტყვისთვის, მაგრამ – მარადიული ღირებულება. ხელოვანი კი – მარადისობის ინვესტორი… ხელოვანიც და ხელოsant-იც…

მით უფრო, ხელოsant გუჯი…

P.S. ამას წინ მამია მალაზონიასთან შევყევით საუბარს და გუჯიზე ჩამოვარდა სიტყვა…

ერთი წუთითო, – ადგა ჩემი მასპინძელი, მივიდა წიგნების კარადასთან და პაწია ლარნაკიდან ამოიღო ხის გამხმარი ტოტი…

მერე, მაჩვენებს პარიზულ „ატკრიტკას“ – უმშვენიერეს ხედს სიტეზე, სადაც თავის დროზე მთლად კუნძულის „წვერში“ მიუყვანია გუჯის სტუმარი.

გუჯისთან გატარებული იმ დღის სახსოვარს რუდუნებით ინახავს დღემდე მამია…

ასეა, „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“…

გუჯი კი, მარადიულ სახსოვარს გვიტოვებს…

Section – Diaspora

Davit Andriadze – The lord of the things

This essay is dedicated to the Georgian metal sculptor working in France – Guji Amashukeli. The author notes that “the Popes of Rome perform rituals with the handmade “objects” of Guji… The Popes of Rome are decorated with the handmade Panagea of ​​Guji… The Pope of Rome announces the arrival of the third millennium of the Catholic world with the hammer of Guji… These unique artifacts contain gold and silver; Gold and silver – not as external, but actually internal signs of wealth… and also, stones; Precious or semi-precious stones…

The base and analgeon preserved in “Notre-Dame” of Paris are flashing with an unusual aura…

It is the radiance that, in turn, determines the form and metaform of these things”…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…