ვერავინ მოთვლის, რამდენჯერ მოკვდა დღემდე მეფე ლირი საქართველოში…
ზოგჯერ, იქნებ, უნიჭოდ… ზოგჯერ – გულწრფელად… ზოგჯერ – ზეამაღლებულადაც…
რამდენჯერ დავიტირეთ მაკბეტიც… ჰამლეტიც… ერიც… ბერიც…
რამდენჯერ „შევაპარეთ“ ქვეყანას – „გვიშველეთ, ამხანაგებო, ციხეში ჩაგვყარეს… დაგვიხსენით“ („ყვარყვარე თუთაბერი“)…
რამდენჯერ დაგვეხმარა „ამხანაგი“ თეატრიც დღემდე…
რამდენჯერ მოგვეშველა იმ მუდრუგანა ბაყბაყდევთან ბრძოლაში, ხუთამდე თვლაც რომ არ შეეძლო და რამდენჯერ გამოგვაცლევინა ძალა მისთვის…
რამდენჯერ გვიმღერია ქართული სცენიდან – „მაღლა ცაში ამაფრინე… ვაი… ვაი“…
რამდენჯერ???
ამბობენ, პარტიულ ნომენკლატურასაც კი უყვარდაო „ჭინჭრაქას“ ისტორიები….
კაცმა არ იცის, რომელ პერსონაჟს უფრო იწონებდნენ – დევს? იმ ქოსიკოს, მის ასაკამდე ვერც პარტიამ რომ ვერ მიაღწია? თუ ჭინჭრაქას – არაფერი რომ არა ჰქონდა და ყველაფრისთვის რომ იბრძოდა…
რამდენჯერ „უწინასწარმეტყველეს“ იმ ცაში აფრინილებს სცენიდან მათი ცხოვრების ფინალი – „ვაი… ვაი…“
„თეატრში იმის სანახავად დავდივართ, რაც ცხოვრებაში გვაკლიაო“ – ჯემალ ქარჩხაძე წერდა…
და თუ ეს ასეა და ეს მართლაც რომ ასეა, დღევანდელი ქართული თეატრის რეპერტუარის „აურზაური სალხინეთშიც“ ნათელი ხდება…
მთავარია, რომ ქართული თეატრი ისევ არის…
მთავარია, რომ მაყურებელიც მიდის იქ, რომ კიდევ ერთხელ დაიტიროს გათანამედროვებული, უფრო ქერქეტა ოფელია, დამაბნევლად თეთრი ოტელო, ისევ გამოაცალოს ჩვენთან, ჭინჭრაქებთან ერთად, ქოსიკოსა და დევს ძალა და ისე აგვაფრინოს მაღლა, ცაში, რომ „ვაი“ „ჰეით“ შეიცვალოს…
ერთი ცნობილი სატირიკოსი ამბობდა – „თეატრი მუზეუმს ჰგავს – იქ არ დავდივართ, მაგრამ გვსიამოვნებს, რომ არსებობსო“… თუმცა, სატირიკოსისგან ბევრი რამ არც დაიჯერება… მით უფრო – ფილოსოფოსისგან…
ქართული თეატრი, საბედნიეროდ, სულაც არა ჰგავს მუზეუმს…
იქ ისევ დგას სცენის მტვრის სუნი და იმ სცენასთან ისევ არაერთხელ მოვლენ ადამიანები დახმარების მისაღებად…
არადა, დახმარება მუდამ იქნება საჭირო…
საქართველოში „ციხეებს“ რა დაცლის???
ქართული სცენა „მაღლა ცაში ასაფრენად“ იქნებ, მზად არის!!!! ან, იქნებ, არც არის…