დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , , ,

დიდი სტაგირელი ამბობდა, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისიც, შუაცა და  დაბოლოებაცო…

ალბათ, ეს ყბადაღებული პანდემიაც ამ ლოგიკის გარდაუვალი ნაწილია…

მივეჩვიეთ კიდეც, მგონი – პირბადეებს, ლაგამივით რომ ამოგვიდევს პირში… ხელის სტერილიზატორებსა და მის აუტანელ სურნელს…

რაღაც სხვა ოდოროლოგიური ნიშნებიც გვცემს ცხვირში…

დისტანციას… შიშებსაც მივეჩვიეთ…

მივეჩვიეთ, რომ ყოველ დღე ვიღაცასა და რაღაცას ვკარგავთ…

სიკვდილსაც მივეჩვიეთ…

მივეჩვიეთ რჩეულთა წასვლასაც… გლოვასაც… ვიშვიშსაც… პანთეონებში მათ გადასანაწილებელ ტენდერებსაც მივეჩვიეთ…

მივეჩვიეთ…

ბევრი რამე და ვინმეც გადაიყოლა ამ „ლაგამმა“…

თეატრსაც ამოუდო თავისებური „ლაგამი“…

დაადუმა (ისე, დიდად მანამდეც ვერ ხმაურობდა ძველებური რიხით)…

ჩააჩუმა…

ჩააქვესკნელა…

ამასაც მივეჩვიეთ…

მივეჩვით, მაგრამ როგორც კი შეგვიღეს თეატრის კარი, გადმოვალაგეთ მივიწყებული და ნაფტალინის სუნით აშმორებული კოსტუმები…

არადა, როგორ შევეჩვიეთ მუდმივი მოხმარებისგან მობრეცილსა და მოცვეთილ სპორტულებს…

ამოვიცვით…

ნახევრად ამომშრალი სუნამოს სუნებით გადავფარეთ ნაფტალინის ძალა…

იქ რა დაგვხვდა, ამან აზრიც დაკარგა, თითქოს…

მთავარია, კარი გაგვიღეს…

მთავარია, სცენაზე ადამიანებიც დავინახეთ…

მთავარია, ვიღაც… სადღაც… რატომღაც ცოტა ყალბად ლაპარაკობს…

ლაპარაკიც დაგვავიწყა ამ ოხერმა პანდემიამ…

ნიკალაი ევრეინოვი იყო ასეთი უცნაური კაცი – თეატრის თეორეტიკოსი… რეჟისორი… ისტორიკოსი – ეშაფოტი თეატრად რომ გამოაცხადა და თეატრი – ეშაფოტად…

წერდა კარგა ხნის წინ სწორედ ეს მრავალმხრივი ადამიანი  ხელოვნების იდუმალ ზამბარებზე…

ეს ზამბარები მოშალა, ქუთაისის ავეჯივით, პანდემიამ…

ეს მოშვებული ზამბარები გაამჟღავნა ამ „ლაგამმა“ სწორედ…

მორყეულია…

და დაგვრჩა სახელმწიფო თეატრების ეტაბლირებულ სივრცეთა „სევდა წაუბაძველი“ …

პარტერში ალაგ-ალაგ გამოტოვებული სკამებიც დედაბრის ჩაცვენილი კბილებივით ანათებს მიბნელებულ დარბაზში…

მორყეულია…

ხვალ სად უმტყუნებს ზამბარას ბედი, როგორ გაუძლებს „ლაგამს“, არავინ იცის…

ვერავინ გვეტყვის…

რა დაუბრუნებს თეატრს აურას???

ვითომ, ამომშრალი სუნამომების სურნელი???

თუ…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…