დავით ანდრიაძე - სამოთხე დედამიწაზეც

სამოთხე დედამიწაზეც

, , ,

(რუსუდან ფეტვიაშვილის იმაგინაციური აბსოლუტი)

„ხედავ? მე ვცოცხლობ! როგორ? რისაგან?

არც ბავშვობა და არც მომავალი არა მცირდება…

აურაცხელი ყოფიერება კვირტს ისხამს გულში“…

რაინერ მარია რილკე

„ვის შევუშინდე?

… ვისგან შევძრწუნდე?“ (ფსალმუნი 26:1)

ან რა არის შიში კაცისა და ღმერთის წინაშე?

იქნებ, მიწისა და ცის საწყისების შიში უფროა რუსუდან ფეტვიაშვილის ამ სურათზე, „შიში“ რომ ჰქვია…

ამ შიშს, დიდის გარდა, უჩვეულო თვალებიც აქვს – პრეციოზული,დახვეწილი, ესთეტური…

ცისფერი მზე-დისკოც ამ განცდის ნაწილია –

ვის შევუშინდეთ?

მამაკაცური საწყისი ჩრდილშია და სქესის ნიშანიც წარხოცილი აქვს უფრო…

იქნებ, ამ მკერდსავსე და ვნებისგან დაშრეტილ ქალებშია  შიშის საწყისი…

იქნებ…

ვინ მიხვდება, სად იწყება ქვეცნობიერის ლტოლვა სამყაროსადმი…

ვინ იცის, რატომ დაკარგა სიშიშვლემ ვნება და ვნებამ შიში?

იქნებ, ვნებისგან გაქცევის შიშია აქ და ამიტომაა მასკულინური ენერგია ჩამომხრჩვალი… ან დამაშვრალი…

ვინ იცის?

დიონისურსა და აპოლონურ ბუნებაში – აღვირახსნილობასა და ტანჯვაშია შეხიზნული შიში… შიში სქესისადმი და შიში პირველქმნილ ბუნებასთან დაბრუნების….

მისეული „ოცნებაც“ უსქესოა… უსქესო, მაგრამ ქაოსისგან გამოქცეული.

ოცნებასა და სინამდვილეს შორის გამოკეტილი –

„მწარე გათიშვა ფიქრთა და სინამდვილეს შორის“.

რუსუდან ფეტვიაშვილისთვის სიფაქიზე აკლია სამყაროს…

ასეცაა – სამყარო ველურია. ურცხვი. უტეხი. ფერარეული და ფერწართმეულიც ხშირად.

ამიტომ თავშესაფარი ოცნებაშია, ასეთი ფაქიზი და დახვეწილი რომაა.

და ეს ოცნებაც არ არის იდეალიზებული; პირიქით –  ოდნავ მოშვებული სხეული აქვს და  ათქვეფილია ადამიანური საწყისის სახეებსა თუ ჭრელკუდიან ფასკუნჯებს შორის…

***

ფეტვიაშვილის სამყაროში, თითქოსდა, ესქატოლოგიური ნუდიზმის ატმოსფერო სუფევს; რაღაც ესპირიტუ-სანტრუს კულტისმაგვარი სამოთხისეული სინდრომი, მირჩა ელიადე გაკვრით რომ მოიხსენიებს თავის „აზიურ ალქიმიაში“. ამ ატმოსფეროში გამუდმებით გამოსჭვივის მოუხელთებელი სასიცოცხლო ფლუიდი.

რუსუდანისეულ უტოპოსში ეისლერისეული ღვთაებრივი ემბრიონებიც ლივლივებენ, ტიურო-დანჟენი „ერთგვარ დემონებს“ რომ უწოდებს.  რუსკა კი მეისნერისა და ციმერმანის კვალობაზე ფეტიშებად გვისახავს… ამ სამყაროში ყველანი სამსხვერპლოდ არიან განმზადებულნი.

მხატვარი ქალის არქეტიპული წარმოდგენები და სპონტანური კოსმიური ლიუმინოფანიები სინათლესთან შეხვედრის მისტერიისთვის გვამზადებენ თითქოს.

და კიდევ, ფეტვიაშვილის ინტერტექსტუალურ ამალგამებში ღვთაებრივი ამბივალენტურობაა დასადგურებული – ანუ  კაცობრიობის რელიგიური ისტორიის ლაიტთემა…

მოდარაჯე კაცის თვალს მოულოდნელად შემოეფეთება ვრიტრაცა და ვარუნაც…

ღმერთისა და დემონის კოლაბორაცია უცნაურ ესთეზიოლოგიურ ვარიაციებში ცვლიან ადგილებს და ერთიანი კოსმოგონიური ატრაქციონისკენ მიგვიზიდავენ.

წარმოვიდგინოთ, როგორი ტეხნესეული დეზებით უნდა იყოს აღჭურვილი მხატვარი ასეთ იმაგინაციურ აბსოლუტში გასაჭენებლად; როგორც მამა პაველ ფლორენსკი ეძახდა, როგორი „ხელის ჭკუა“ უნდა ჰქონდეს… მხატვრის თითებში ამოწვერილა სუბლიმაციური და თუნდაც, ცელიბატური ნერვი; მის „გამჭვირვალე ბლონდებში“ რაღაც კემპური ესთეტიზმიცაა, ფასცინაციური პეწიცა და დაოკებელი პასონარულობის მშვინვიერ რეგისტრებში მომართული ძალისხმევაც, ფანტაზმათა უკიდეგანო ქრონოტოპში რომ მიგვაქანებს და არც დროსა და არც ადგილს აღარ უტოვებს მხატვარს მჭვრეტელობითი ცხოვრებისათვის – Vita contemplativa.

***

რუსუდანში შორეული ბავშვობიდან იღვიძებს  ენიგმატური ხატისქმნადობის უპრეცედენტო ენერგია – უსასრულო გამრავლების (მულტიპლიცირების) ინსტინქტი.

ეს სტერილური ნეიტრალობა აბსურდული და აბსოლუტურად ვირტუალური ობიექტების მოხელთებაში გამოიხატება.

აქედან უნდა მოდიოდეს „ავტორის“ მიდრეკილება სერიული ფორმებისადმი და ერთგვაროვანი სერიებისადმი;

სინგულარობანი და ხდომილობანი აქ ტოტალურ ზმანებად, გნებავთ, „იმაგინაციურ აბსოლუტად“ გვესახება…

აი, ფანტაზმათა რეწვის მთელი ლაბორატორია, მხატვრის გაწაფული ტექნეს მეოხებით, ყოველდღიურობით ხელმისაწვდომი სამყაროს ნაწილადაც რომ ქცეულა.

საიდუმლო კი საიდუმლოდვე რჩება; თუნდაც – „გასაიდუმლოებულ საიდუმლოდ“…

ტიტანური და გიგანტური ერთმანეთშია გადაწნული ფეტვიაშვილის სამყაროში.

გიგანტები მოკვდავნი არიან; ტიტანები – უკვდავნი…

ასე გადაგვიშლიან ვისთვის ფანტასმაგორიულსა და ვისთვის – უცხო, ეგზოტოპიურ რეალიათა მარაოს…

ანამორფოზების თვალშეუდგამი გამაა ამ სურათებში… და ის უცნაური სასარკეთი, ფანტაზიისა და წარმოსახულის მიჯნებზე რომ გვძაბავს; ჩვენ კი ხშირად კომფორტული მზერის ზონა გვგონია.

ფეტვიაშვილი იცნობს მიწიერისა და მიწის სასტიკ ბუნებას. ამიტომ ამბობს უარს მასზე – უხეშზე, ბელტებად ქცეულსა და ყრუზე. ოცნებებში ადგილი არა აქვს მიწიერს – არც ნამდვილ, რეალურ ფრინველებს და არც საკუთარი მამრობითა და სქესის ნიშნით დადაღულ, გამრუდებულ ადამიანებს.

ქაოსი არ უყვარს, რადგან ისიც მიწის ნაწილია, თუმც მის „ბაბილონს“ თან დევს უსწორმასწორო, დროისგან და დღეებისგან ამოვარდნილი ხაზები.

ნიცშე წერდა – ჯერ საკუთარ თავში უნდა გქონდეთ ქაოსი, მოცეკვავე ვარსკვლავი რომ შვათო…

ასეცაა… თუმცა, მიწისგან „დაცლილ“ მხატვარს უჭირს საკუთარი ქაოსის აღიარება… ან, პირიქით, იცის, იცნობს და ამიტომაც უარყოფს მას – როგორც მტერს – როგორც მიწის „მოკავშირეს“.

„გახევებაც“ ამიტომ შესძულებია – მუდამ მინდა, გახევებული არ ვიყოო…

გახევება თავისთავად სიკვდილთანაც ასოცირდება და „მიწის ლუკმობასთანაც“…

ამიტომაც გაურბის სიცოცხლეს, რომ ლოგიკურად გამორიცხოს სიკვდილიც… გახევებაც და მიწასთან მიერთებაც.

არადა, იცის, იცის, რომ დროც მტერია. იქნებ, ყველაზე დიდი მტერიც… ეს მისეულ „კალენდარშიც“ ჩანს – ალაგ-ალაგ ამოწეული სხეულები… მაიას ტომების კალენდარში გამომწყვდეული მთელი მსოფლიო ცივილიზაცია… ათასწლოვანი ეტრუსკების სურნელიც იგრძნობა და მესოპოტამიის ხმაურიც… მზის სხივებად ქცეულად დრო… მასშია თავმოყრილი ყველა ძალა, ყველა საწყისი…

„მზეს შევნატროდით, მზე გვსურდა,

მზე ცხოველსხივებიანი –

თავისუფალი, ძლიერი,

ახალი, განგებიანი“…

მაგრამ სად არის ახალი მზე?

სად არის თავისუფალი მზე?

იქნებ, ცოდვებმა გადაყლაპა გველეშაპივით?

იქნებ, ადამიანზე დარდმა გაუთეთრა „თმები“?

„აღსარებაში“ რვაფეხასავით გამჭვირვალედ ქცეულა და საცეცები  დაბლა დაუშვია… ისეთი ცოდვა აქვს ადამიანს, შიშისგან დნობა დაუწყია მზე-რვაფეხას…

სისხლისფერია სამყარო – დამძიმებული კაცთა ამბებით…

აღსარება მძიმეა…

სად არის ფაქიზი სამყარო? ვინ გადაყლაპა?

მთავარანგელოზები, ეგვიპტური ღვთაებათა სახეები რომ მიუღიათ, თითქოს ცდილობენ, კაცისგან წამოსული ცისფერი სევდა დაიჭირონ, მზეს შეავედრონ  და გადაურჩინონ სულის მიწიერი საწყისი…

იქნებ, ეს კაცი ადამია, რატომღაც ევაზე განრისხებული… ქალზე ცოდვაშეხოცილი…

ან, იქნებ, ადამის შთამომავალია, მუდამ სხვას რომ ეძებს ცოდვათა გადასაბრალებლად…

რა უნდა კაცს?

რის ეშინია?

რამ შეაძრწუნა?

რამ დააღვრევინა სისხლი და რა ელის მზისგან?

რის პატიებას ან არპატიებას?

რუსუდან ფეტვიაშვილთან ცხოვრება ერთი დიდი მატრიცა არ არის…

ცოდვაა… სისხლისღვრა… სიძულვილი…

აქ ყველაფერი მითოლოგიზირებულია და სულ სხვა სურნელი დაჰკრავს – წარსულისა და ზღაპრების სურნელი….

აქ თითქოს არ ცნობენ თანამედროვეობას.

ან კი რა არის თანამედროვეობა?

რა ფერისაა ან რა სურნელი აქვს? არც არანაირი! დღევანდელობას სადა აქვს სუნი და სურნელი?  XXI  საუკუნის  პარფიუმერი მოკლულია მიწის მიერ…

ფეტვიაშვილს ამიტომ უყვარს ის „დრო“! წარსული. დაძველებული. მტვრიან პაპირუსებში ჩაკარგული. ახსოვს – „დროო, როგორ თრთის შენი წამწამი“…

და ის „წამწამი“ უყვარს სწორედ – მიწისგან დაცლილი და ცით სავსე… ამიტომ შემოდის ცისფერი მის სურათებში მუდამ მხსნელად. იმედად. ნუგეშად. რუსუდანი ხატავს საუკუნეებისგან რეინკარნირებულებს, ნისლივით ადამიანებს…

განწმენდილებს.

დროისგან დაბრძენებულებს.

მიწისგან დაცლილებს.

გადაღლილებს…

გადახსნილი ნიჟარის ქოლგებში შეყუჟული მისი გაორებული (თუ გასამებული) გმირები ლამისაა, ათასწლეულებს შორის გაჭედილან.

პირველყოფილი სახეები ნიღბებად „წამოუღიათ“, როგორც სახსოვარი. როგორც საჩუქარი. როგორც ტვირთი…

სამაგიეროდ, „იქ“, იმ წარსულში, იმ მითოლოგემებში დაუტოვებიათ ვნება და სქესი… მიწისგან დაცლილან და ჩაუკლავთ ოდესღაც მფეთქავი ქალი და კაცი საკუთარ რაობასა და ცოდვებში.

უსქესოდ არც ბოროტება აღარ არსებობს და აღარც – სიკეთე…

უსქესოდ მიწა საღადაა, მაგრამ სადღაა ცაც?

ან იმაგინაციები ცასა და მიწაზე?

დარდსა და ტანჯვაზე?

სიყვარულზე?

სადღაა სიყვარული?

ყველაფერი მასზე მაღლა დგას…

უფრო მეტია, ვიდრე სიყვარული ან სიძულვილი…

არქეტიპული წარმოდგენებით გადაძეძგილ ამ სამყაროში თითქოს დაკარგული ატლანტიდას ლანდები გველაციცება.

გაწელილთვალებიანი, უსქესო „დედამიწელები“ კი უკვალოდ დაკარგული ცივილიზაციების შვილების დაბრუნებას ჰგავს…

თითქოს საკუთარი „წარსული“ აწუხებთ თუ სტკივათ. ან რცხვენიათ…

სახეს არასდროს გვაჩვენებენ პირდაპირ… თითქმის არასდროს.

პროფილში შეუნიღბავთ სისხლიანი წარსული. თითქოს საგულდაგულოდ გადაუმალავთ გარდასულ დღეთა ქორონიკონი.

ძველი, წამოყოლილი ცოდვებისგან დამძიმებულებს ვერც სამოთხეში უპოვიათ თავიანთი ადგილი  და არაკეთილი, არაბოროტი ადამიანები ჯოჯოხეთიდანაც შორს არიან… ამიტომ მიუჩინეს მათ თითქოს ადგილი აპოკრიფებში – არ იქნენ ცნობილნი ღვთივშთაგონებულებად და არ შევიდნენ ბიბლიურ კანონში…

თუმცა რუსუდან ფეტვიაშვილს კანონიკურობა მოსწონს. კანონიკურობა და კანონიერება…

ამიტომ მოხატა წმინდა ოთხთავის დიდი, უნიკალური ხელნაწერი ეგზემპლარი.

წლების მანძილზე დილიდან საღამომდე – მზიდან მთვარემდე საათობით ჩაჰკირკიტებდა მათეს, მარკოზის, ლუკას, იოანეს სახარებას…

აქ ყველაფერი კანონიკურია.

მომავლის გამარჯვებითა და სიმშვიდით დამუხტული…

პალმის სურნელით სავსე…

დიახ, პალმის…

თუ სხვა სურათებიდან უფრო ძველეგვიპტური ნელსაცხებლის ტკბილი სურნელი მოდის, ოთხთავი უფრო მძიმეა და სავსე, რადგან იქ „ბრძოლებია“ – მარადიული ბრძოლები სიკეთესა და ბოროტებას – ანგელოზებსა და ურჩხულებს შორის…

ფეტვიაშვილისეული ანგელოზები გამჭვირვალეები არიან.

გამჭვირვალენი და სევდიანნი.

ისეთნი, გალაკტიონი რომ წერდა –

„ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,

მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა“…

რუსუდან ფეტვიაშვილის დღენი და წლები სავსეა ამ მწუხარებით. უბრალოებით. სიძველის ელ-ფერით. სიკეთით. ოცნებით – „ნახაზი საგანთა უარით“…

აქ ყველაფერი წესრიგს ემორჩილება.

წესრიგს, რომელიც ქაოსსაც ამარცხებს.

***

„სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილი“… ეს იოანეს სახარებაა… (4:18)

რუსუდან ფეტვიაშვილის „სიყვარულიც“ არ არის მშიშარა. პირიქით…

სიყვარული თეფშზე… გერმანული ბრენდის – „ვილეროი და ბოხის“ შეკვეთით მოხატული…

სიყვარული, როგორც სამოთხე.

როგორც მებადურობა.

თეფში ერთგვარი სიმბოლოცაა – სიმყიფის სიმბოლო! მსხვრევადობის. დასასრულის.

თუმცა, სიმყიფე არც სისუსტეა და არც – შიშის, უიმედობის ნიშანი…

არც დასასრული გულისხმობს მუდამ დასასრულს.

„ცისფერი“ ქალი და „შინდისფერი“ მამაკაცი, დედამიწაზე რომ „თევზაობენ, დასტურნი არიან იმისა, რომ მზე მუდამ იქ არის, სადაც სიყვარულია.

მიწაც წყლად იქცევა, ჭრელდება და თევზებსაც მისტიკური ელ-ფერი დაჰკრავს იქ, სადაც სიყვარულია…

რუსუდან ფეტვიაშვილმა იცის ეს…

იცნობს სამოთხეს დედამიწაზე…

Davit Andriadze  – A heaven on earth as well  (The imaginative absolute of Rusudan Fetviashvili)

With a peculiar iconological interpretation, the author offers us the key to the highly individual world of the famous Georgian artist – Rusudan Fetviashvili; We will enter into the depths of the artist’s religious and mythological layers and see a different reality.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…