დიდი სემი
რამდენჯერ გვინახავს საბჭოთაიმპერიაგამოვლილებს „ქარწაღებულნი“, ვინ მოთვლის…
ამერიკული უცნობი სიო მოჰყვებოდა ამ ფილმს.
ამერიკული ფარული ვნებებიც…
ამერიკული ქარწაღებული და ქარწაუღებელი ოცნებებიც…
და ყოველ ნახვაზე რაღაც ახალი „ამერიკული“ დეტალიც იბადებოდა და იბადება დღემდე იმ კადრებიდან…
ამას წინაც სრულიად უნებლიედ „შემოყურებულ“ „ქარწაღებულნში“ კიდევ „გამოჩნდა“ სადღაც 5 წამიანი სცენა – მონობიდან გათავისუფლებული აფროამერიკელი დიდი სემი რომ ბრუნდება „შინ“ – ო’ ჰარებისას და სკარლეტს სთხოვს – მიმიღეთ, დამაბრუნეთ. რად მინდა თავისუფლება. ვიცხოვრებ თქვენთან. გემსახურებით და ისევ თქვენგან მოწოდებულ ლუკმას მივიღებ წყალობადო…
დაახლოებით ასეთია სემის დიალოგის არსი, რომელიც დღემდე ჩაკარგული მქონდა იმ საოცარ 238 წუთში…
ჰოდა, იმის მერე ამეკვიატა დიდი სემი.
დიდი სემი – როგორც საქართველო, რომელმაც იმ სემივით მოულოდნელად მიიღო ერთხელაც (თუმცა, რატომ ერთხელ?) თავისუფლება…
დიდი სემივით „გაიქცა“ „ძველი ორბიტიდან“.
იწანწალა.
ვერ შედგა.
ვერ შეირგო ეს თავისუფლება.
ვერც თავი იპოვა ამ რთულ გზაზე და მით უფრო, ვერც – უფალი…
დაიკარგა…
დაიჟანგა.
იქცა კოროზიაშეპარულ სადგურებად. ქარხნებად. სახლებად. კუთხეებად.
საბჭოური „ბრჭყვიალიც“ გამოეცალა დრო-ჟამისგან ყველაფერს.
ვერც კულტურა ასცდა ამ „კოროზიულ“ პროცესებს.
„სამანიშვილის დედინაცვლის“ „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვლად“ ქცევამაც ვერ უშველა ვერაფერს.
პირიქით, დააჩქარა კიდეც ჟანგვის პროცესი.
ანტიკოროზიული კი ჯერ არაფერი გამოგვიგონია.
უფრო მეტიც – უმეტესობა ან ძველის მაწყევრად იქცა, ან – ძველის მძევლად.
„განჯადოება“ გაგვიჭირდა და ორივე მხარეც – „ძველის“ მოძულეებიცა და -მოყვარულებიც – რეალურად მაინც იქ „ჩარჩა“ თუ „დარჩა“…
მივხვდით, რომ ძნელი ყოფილა „ო’ჰარებისგან“ შორს ყოფნა და უძღები შვილივით დავაპირეთ ან უკან დაბრუნება, ან ახალი „სკარლეტის“ პოვნა…
არადა, ძველ ორბიტას უკვე მოწყვეტილნი ვართ (საბედნიეროდ). აღარც უძღებშვილობა გვშველის და ახალი ორბიტაც ისე შორსაა, არ ვიცით, იქამდე თუ მივაღწევთ, ან თუ მიგვაღწევინებენ მშიერ-მწყურვალებს ოდესმე…
ასეა, „ქარის მოტანილს (თავისუფლებას) ქარი წაიღებს“ მუდამ; გინა კონტინენტს აქეთ იყავი და გინა – კონტინენტს იქეთ…
რა რთული ყოფილა, იყო დიდი სემი…