ფერწერის გადა(ა)ვადება

მერე?!

, , , ,

ანუ ფერწერის გადა(ა)ვადება

რა უცნაური რამაა ეს  ტირე…

დერიდასებრ, ტირე – ხიდია, პატარა ხიდი, აბსოლუტურად მშვიდი ჟესტი, ხაზი გრამატ(ოლოგ)იკურ პლანსა და ონტ(ოლოგ)ურ/სივრცობრივ/დიფერანსულ ანუ განმა-სხვა-ვებელ პლანს შორის.

სხვათა შორის, ამ ნიშანს თავის დროზე რუსები „молчанка“”-ს ეძახდნენ; და ეს „молчанка“ начатую речь прерывает либо совсем, либо на малое время для выражения жестокой страсти, либо для приготовления читателя к какому-нибудь чрезвычайному слову или действию впоследствии“ – წერდა ლომონოსოვის მოწაფე – ა. ბარსოვი.

ახლა სქოლიოში სად ჩაგაჭყიტოთ და აქვე მივუთითებ: ციტ. Грунтский И. К. Очерки по истории разработки синтаксиса славянских Языков თ. I. Вып. 1-2. СПб. 1911. с.83. ასე იმოწმებს ა.ნ. პოლიანსკი ბარსოვს (იხ. А. Н. Полянский. Формы и функции неизреченного в текстах художественной литературы. – Филологические науки. 1990. #2. с.62).

ეს  ისე, „მეცნიერული კეთილსინდისიერების“ დასტურად…

ბარემ ა. ჟოლკოვსკისთანაც ჩავიხედოთ.

„Местами образной – теплого дыхания мира. местами коннотативной – в тИре можно прочитать как в тирЕ, тем более, что эти слова взяты в тире, а за ними следует в точку“ (А. Жолковский. Инвенции. М.; 1995, с. 173).

მერე?!

მერე და მერე კიდევ უფრო მკრთალდება; არა, კი არ მკრთალდება, ფითრდება ფერი და…

მერე?!

მერე იწყება  რაღაც გაურკვეველი ლიტერები, სიზმრისეული ასო-ნიშნები, გა-მოგონილი იეროგლიფები…

მერე?!

მერე, ყველაფერ(თუ არაფერ?!) ამას თავად მხატვრები ხშირად „გულწრფელობის ფილოსოფიად“ ნათლავენ (თვალთმაქცობენ?!)… თუმცა; ეს  მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელობით თამაში უფროა.

თორემ ისინი (ვინ?) და „Sacre Coeur“ ისევე განსხვავდებიან, როგორც ცა და მიწა; ან, იქნებ, არც განსხვავდებიან?!

ყოველ შემთხვევაში, გულწრფელობა კარგა ხანია, რაც ხელოვნებაში აღარ ითვლება bon ton-ად; გულწრფელი  კატაცაა,  „მიაუს“ რომ კნავის.

ჩვენს მხატვრებს უმეტესწილად კატობა არა სჩვევიათ; „კატაობა“ – კი ბატონო, „კატაობა“ ბავშვობის ოცნების მანქანებითა თუ მფრინავი ხომალდებით…

ეს ისე, ხუმრობით!

მერე?!

მერე ის, რომ ეს „რიტუალი“ ყოველგვარი ექსტაზისაგან თავისუფალ თვითპრეზენტაციად მესახება და ერთი შეხედვით, თავაზიან ანდა, როგორც პოლ ვალერი იტყოდა „ორგანიზებულად გულგრილ“ თვალთვალად წარმოდგება.

მერე?!

თავიანთ „კროსვორდებში“ მხატვრები არტისტულ-მარკეტინგული „ეგოს“ შეუმჩნეველი მანიპულირებით, საკუთარი ნატურის (კვაზი)ანალიტიკური ეფექტურობის სფეროსაც აფართოებენ, „არაცნობიერის“ პაწია პრივატულ საიდუმლოებებს საჯარო სოციალურ პრაქტიკათა სივრცეში გადააადგილებენ.

მერე?!

მერე, თავიანთ „გულწრფელ“ ოპუსებში ტაქტიანად იძლევიან მესიჯებს, რომელთაც ამ ტიპის ოპუსების თხზვაში გაწაფული, კარგად ტემპერირებული ჟესტებით წარმოგვიდგენენ, ვირტუალურად ნა-რთავენ კროსვორდულ ბადეებს, ოღონდ ამ ბადეებში, ძირითადად, „არაფერს“ გულისხმობენ; და ამიტომაცაა მხატვართა ჟესტები უტოპიური, „გულწრფელად არაგულწრფელი“, „უგულოდ გულითადი“ სუბიექტურობის სარკისებურ მატრიცას რომ აშიშვლებენ.

ყველაფერი (თუ არაფერი?!) ეს აპოფატიკური სიცარიელეებით გართობაცაა… ლაკუნებით გართობა.

ცუდია, როცა ამას თავცარიელი მხატვრები აკეთებენ, თორემ ანტონიო ტაპიესის ტირეებიც ძახილის ნიშნებად ჩანს!

ისე, კითხვის ნიშანიც ძახილისაა, ოღონდ, როგორც მიხეილ სვეტლოვი იტყოდა, დაბერებისგან მოკაკვული ძახილის ნიშანი.

მოკლედ, ტაპიესს ყველაფერი მიეტევება. მიეტევება კი არა, ისეთ ფასცინატურ ჯადოს გიკეთებს, მისი სასვენი ნიშნებიდან იწყებ სამყაროს წა-კითხვას.

მერე და მერე ეს „უგულო გულითადობა“ (თუ გულითადი უგულობა?!) ერთგვარ მორალად, თუნდაც, მორალურ ოქსიმორონადაც უყალიბდებათ…

მერე?!

მერე დღევანდელი მხატვარი  „ფრესკასაც“ ხატავს, კვაზიფრესკასაც; ტილოზე ხატავს ერთგვარ „გრაფიტს“; მერე ამ „ფრესკას“ კედელს მიაზომებს და… ასე „აღმართავს“ ჯერ „სამხრეთის“, მერე კი „აღმოსავლეთის კედელს“… ამ ვირტუალური კედლებით კი ფანჯრებს (თუ ისევ კროსვორდებს) ხსნის; ფანჯრებს  სამყაროში…

ესეც დაუწერელი დაფები, ანუ ფანჯრები, რომელთა მიღმაც სინათლე განივრცობა; თვალისმომჭრელი (და თვალთმაქცი) სინათლე…

წარმოვიდგინოთ, რომ თითოეული ასეთი ოპუსი, როგორც ფანჯარა, თავადაა სინათლე, არტეფაქტულად (და არტეფაქტურულად) მოტივირებული და დესაკრალიზებული სინათლე; კვაზისინათლე…

და ისიც წარმოვისახოთ, რომ ასეთი „სურათებიც“ კვაზიფრესკებია; არა „ფანჯრები სამყაროში“, თუნდაც აბსტრაქტულ ნიშანთა სამყაროში, არამედ თავად ნიშანთა Tabula Rasa, სპეციფიკური სასურათე სივრციდან ამოღებულ/გამოღებულ/შემოღებულ ნიშან-ინდექსთა სისტემა, რომელსაც ჩემი „გამოგონილი“ მხატვარი ისევ და ისევ, არქაული თუ ინფანტილური (ანდა, კვაზიინფანტილური) ნიშნებით „კადრავს“…

მერე?!

მერე ეს ნიშნები თვალსა და ხელს შუა იძენენ სივრცულად მაორგანიზებელ კულტურულ კოდთა მნიშვნელობას და…

მერე?!

მერე ასეთი ოპუსი უჩვეულოდ გვესალბუნება, გვეალერსება გვე(პირ)ფერება, გვეთითლიბაზება, შესაძლოა, იმ არარადიკალური და მეტიც, ანტირადიკალური დისკურსის გამოც, რომელიც, იქნებ, ისევე „გულწრფელად არაგულწრფელია“, როგორც ელასტიკური არტისტის კვაზიინფანტილური თამაშები…

მერე?!

მერე ის, რომ ეს „თამაშობები“ გულწრფელად ნიშნურია ანუ არაცნობიერად სემიოტიზირებული, სასურათე სიბრტყეზე დისლოცირებული ბლოკ-სქემები და საერთოდ, მთელი ნიშნური ატრიბუტიკა საიმისოდაა მობილიზებული, რათა გვაგრძნობინოს, ანდა უფრო ზუსტად, ჩაგვაგონოს „ავტორის“ წადილი – დადებითად აღწეროს და გამო-თქვას, ანუ წარმოგვიდგინოს სამყარო, როგორც ნდობის სუბიექტი, სურვილების ეკრანი; სამყარო, როგორც მანქანა, რომელსაც ტენესი უილიამსისეული ტრამვაისა არ იყოს, „სურვილი“ ჰქვია…

კეთილგანწყობა, აი, რის ვუაირებას (და ვუალირებასაც) ცდილობს მხატვარი და არც თუ ზედმეტად გულწრფელად…

ასეა, გულწრფელობაშიც ზომიერებაა საჭირო; და ამაშიცაა „სიბრძნე-სიცრუის“ საიდუმლო!

აი, ასეთია „სიბრძნე (არა)გულწრფელობისა“, თუ გნებავთ, „სიბრძნე“ თვალთმაქცობისა.

დიახ, ყველა ნამდვილი მხატვარი, ბრძენი თუ არაჭკუათმყოფელი მაინც, თვალთმაქცია, Par Excellence –  თვალთმაქცი…

და კიდევ: ასეთია „სიბრძნე შეუძლებლობისა“; და თუ რაიმეში უნდა ვიყოთ გულწრფელი, უპირველეს ყოვლისა, შეუძლებლობის სიბრძნეში და ამგვარი სიბრძნის სიყვარულში – შეუძლებლობის ფილოსოფიაში.

ამ გაგებით, ჩვენი ვირტუალური ავტორის „მსოფლმხედველობა“, გულწრფელობის ფილოსოფიაზე მეტად, „შეუძლებლობის ფილოსოფიაა“; ეს უკანასკნელი – შეუძლებლობის ფილოსოფია კი მუდამ შეუმცდარად გვკარნახობს, ბოლოს და ბოლოს, რა, ანდა, სულაც, რაღა შეიძლება იყოს შესაძლებელი.

რა კარგია, როცა მხატვარი „გულწრფელად“ დაელოდება იმ „საკუთრივ დროს“, როცა ბოლომდე დარწმუნდება ფერწერის შეუძლებლობაში, ფერწერის არა-ფერობაში, ფერწერის არა-რაში, რომლის „მერეც“, დიახაც, არაფრის იმედი შეიძლება ჰქონდეს…

და მაინც, მერე?!

მერე სწორედ ეს არა-ფერი უნდა აქციო ფერ-წერის საგნად; ფერ-წერის შეუძლებლობა კი – ფერ-წერის, თუნდაც პოსტფერ-წერის ერთადერთ შესაძლებლობად.

ასე ხერხდება (დიახაც, ხერხდება!) კვაზიმსოფლმხედველობის გამომუშავება; მსოფლმხედველობისა – ხედვის გარეშე…

ასე ხერხდება შეუძლებელი – ქსელის გაბმა კვანძების გარეშე, ბადის მოქსოვა ნასკვთა გარეშე.

ხედვას მაინც ვერ ასცდები კაცი, მით უფრო, მხატვარი, რადგანაც ხედვა თვალ-საზრისის შეცვლას ნიშნავს…

მერე?!

ასეთი თვალთახედვა სიბრმავეს მოასწავებს; მერედა, განა თვით მზერის ბუნება არ ითხოვს მზერისავე ცვალებადობას?!

ითხოვს, ითხოვს და მერე როგორ?!

აი, ჩემი კვაზიანონიმი კი ჯიუტად ცდილობს, მზერის შე-უცვლელად დაგვანახოს „საგანი“, ჯერ თვალი აგვიბას, დაგვაბრმაოს, მერე კი, ამ ჩვენი „დავსებული თვალებით“ მიჰყოს ხელი მანიპულირებას…

ასეთი „თვალთმაქცობით“ შევყავართ მხატვარს საგანთა წყვდიადში, ხოლო „საგანთა წყვდიადი  უთავბოლო ქსელია“ – ესეც იტყოდა ჩჟუან ცზი…

მერე?!

გარდა ამგვარი ჰიპოლოგიური უთავბოლობისა, ჩვენს „გულწრფელ“ მხატვართან გარეგანსა და შინაგანს, ზედაპირულსა და სიღრმისეულს შორისაც წაშლილია ზღვარი; და ამიტომაცაა, რომ „გარეგანი არის შინაგანი“.

ესეც თამაშია; ყოფნა-არყოფნის თამაში, ანუ თამაშის შესაძლებლობა.

მერე?!

ასეთი „თამაშის“ შესაძლებლობას მხატვარი ფერ-წერის შეუძლებლობითვე ახერხებს; ესაა თამაში, სადაც „არის“ გადახაზულია – მხატვრის ხელით გადახაზული; თეორიულად (თუ მეტათეორიულად) ასეთი „ფერ-წერა“ თავადაა ფერ-წერის კვალის წაშლა; და (წმინდა) კვალის ძიება; ეს კვალი კი, დერიდასებურად, არის difference, მაგრამ „თუკი difference არის (და მეც გადავხაზავარის), მაშინ ის, რაც შესაძლებელს ხდის ყოფნა-დასწრების პრეზენტაციას, არასოდეს პრეზენტირდება, „როგორც ასეთი“ –  ესე იტყოდა დერიდა!

მერე?!

Difference-თი ხდება შესაძლებელი დასწრება, თუმცა თავად არასოდეს გვევლინება (არ მოტყუვდეთ და ნუ იკითხავთ, „რად“ გვევლინებაო).

აი, ასეთი „რამეები“ ხდება ახლა ფერ-წერაში; და აქაც ფერ-წერისაგან გან-სხვა-ვება ანუ difference ხდის შესაძლებელს სურათის, როგორც ასეთის, პრეზენტაციას, მის მუნ-მყოფობას, დასწრებულობას, როგორც ასეთს, თუმცა, თავად „ეს სურათი“ არასოდეს გვევლინება.

ასე იხატება სურათი – დროში;

ასე იწერება მელოდია – სივრცეში;

ასე ქრება სურათი, როგორც დასწრებულობა, არყოფნის ყოფნა; ყოფნის აბსტრაქცია, მოვლენის მოუვლენობის ნიშანი ანუ დრო… თუნდაც, გადავადება…

„დღევანდელი“ ფერწერაც ასეთი გადავადებაა; და გადა(ა)ვადებაც…

ასეთი ფერწერული დისკურსი ერთი გაჭიანურებული მოლოდინია, ფერ-წერული მო-ვლენის განუსაზღვრელი დროით გადავადებაა…

გადავადებაც განსხვავებაა, იგივეობის ჩარჩოებში მოქმედი განსხვავება, ხოლო, სანამ ეს „ფერ-წერილი“ მხატვარს ერთი დრო-სივრციდან მეორეში გადააქვს, თვით ეს ქრონოტოპი ხდება თვითიგივეობრივი და უქმდება კიდეც, როგორც ქვალიტეტური დრო-სივრცე…

მერე?

ჩემი ნაწერი თანდათან წითლდება და, ახლაღა უნდა გამოვტყდე, რომ არავითარი „მერე“ არ არსებობს; ყოველგვარი „მერე“ თვალთმაქცობაა და მეტი არაფერი…

ამ ჩემს დეკონსტრუირებულ „ანტისურათებში“ არაფრის გარჩევა არ შეიძლება; და თუ მაინცდამაინც მოვინდომებთ, გარჩევა მხოლოდ პირველკვალისა თუა შესაძლებელი, ოღონდ ეს გარჩევა-განსხვავება, როგორც უკვე მომაბეზრებლად ყბადაღებული difference — indifference-დ ანუ განურჩევლობად შემობრუნება…

ესეც გადავადება – მო-ვლენის გადავადება!

მერე?!

მერე – ფერწერის გადა(ა)ვადება; და ფერწერის სიკვდილის გადა-ვადება.

რას იზამ, ფერწერას სიკვდილი სჭირს, ოღონდ, „გულწრფელი“ მხატვრები მაინც ეძალავებიან ამ სიკვდილს, ანდა, ეგებ, ფერწერის სიკვდილს კი არა, ტკივილს უფრო აღ-ბეჭდავენ და სწორადაც იქცევიან: ფრანც კაფკასი არ იყოს, გსურდეს სიკვდილი, ხოლო ტკივილი კი არ გსურდეს – უგუნური ჩვევაა…

თუმცა, ვგრძნობ, რომ ნაწერი ისევ მიწითლდება იმ დროს, როცა ჩვენი თვალთმაქცი „ავტორის“ ნაწერიდან სისხლი კვლავინდებურად არ წვეთს; მხოლოდ და მხოლოდ ტკივილის სიმულაციით თუ თამაშობს…

ერთი რამ მაინც აშკარაა: მარადიული შუალედი, მარადიული ტირე, მარადიული პაუზა, მარადიული ცეზურა, მარადიული ინტერვალი…

ასეთი შუალედის უნივერსალობაში კი, იგულისხმება, რომ შუალედური, როგორც ასეთი, მუდამ მიმდინარეობს; იგი „მარადიულია“!

ესე იტყოდა მარკ ტეილორი – პოსტმოდერნული თეოლოგიის ერთ-ერთი მამა.

დიახ, შუალედის „მარადიული დრო“ არც იწყება და არც მთავრდება; შუალედი ღმერთია; და სწორედ ამ „შუალედის დაკარგვას“ მისტიროდა ჰანს ზედლმაირი.

აი, რატომ ჟღერს აბსურდულად კითხვა: რა იქნება „მერე“, თუნდაც, რას იზამს მხატვარი „მერე“…

არც არაფერს!

მიაგნებს თავის წილ „შუალედს“ ანუ იმ პოსტმოდერნიზებულ ღმერთს, რომელიც არც იწყება და… არც – მთავრდება… არც წინ წავა და არც უკან დაბრუნდება…

ამიტომაცაა, რომ difference-ს ენაზე „მერე“ ნიშნავს „არა-ფერს“…

„მერე“ – აი, მაგიური სიტყვა, რომლითაც აღინიშნება შესაძლებლობა, მერე რომ „გადავადდება“.

„მერე, მერე“… ასე ატყუებენ ბავშვებსაც…

მხატვარიც ასე გვატყუებს… „მერე, მერე“…

მერე?!

ხომ გითხარით – არც არაფერი!

„მერე“ „არაფერია“, თანაც, უბრალოდ არაფერი კი არა, „არც არა-ფერი“.

ასეთი „არც არაფერია“ ახლა ფერ-წერა, რომელიც თითქოსდა, გადავადების ფარულ პათაფიზიკასაც გვამცნობს, გადა(ა)ვადებისა, რომლის მერეც, მართლა შეიძლება დაიწყოს ფერ-წერა, როგორც აქყოფნის რეპრეზენტაცია.

მერე?!

მაგრამ ეს „მერე“ აღარ იწყება…

და არც დაიწყება…

იწყება მხოლოდ დაწყება… მუდმივად იწყება…

მხატვრის „გრამოფონის“ ნემსი კი ისევ ერთ ადგილს კაწრავს, მერე(?!) კი, ეს გრამოფონი გადავადების კაკანათად იქცევა და ისევ, ერთსა და იმავე „მუსიკალურ ფრაზას“ იმეორებს: „მერე“…

მერე?!

მერე ასეთი „მხატვრობა“ იქცევა კვაზიინფანტილურ თამაშად ჰაერში ანუ გამოცარიელ სივრცეში, კიდევ უფრო ნათლად: რეპეტიტიულ-სერიული მუსიკასავითაა; მუსიკასავით – სივრცეში სიტყვებს რომ ელოდება… სიტყვებს…

ელოდება… ე-ლო-დე-ბა… უხილავ სიტყვებს, ნიშნებივით რომ წა-იკითხებიან; თვალთმაქცურ კროსვორდებად, რომელთა გზა-კვალიც, იქნებ, ისევ და ისევ ტიბეტში მიდის… სამწერტილი ესაა წერტილი, რომელმაც გასეირნება მოინდომაო – ადორნო ამბობდა.

მაგრამ მერე?!

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…